არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
ლადო პაპავა - ოპოზიციის ინიციატივის რეგისტრაციაში გაუტარებლობით პარლამენტმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა
17:39 19-10-2010
ლადო პაპავა - ოპოზიციის ინიციატივის რეგისტრაციაში გაუტარებლობით პარლამენტმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა რამდენად რეალურია საქართველოს თანხმობის გარეშე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება, როგორია ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი, რამდენად მართებულად მოიქცა პარლამენტი, როცა 8 პარტიის შემუშავებული ინიციატივის ოფიციალურ რეგისტრაციაზე უარი თქვა და ასევე იმაზე, რამდენად სავარაუდოა ქვეყანაში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, `ინტერპრესნიუსი~ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლადო პაპავას ესაუბრა.

_ ბატონო ლადო, აშშ-მ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი ღიად დაუჭირა.
გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში თეთრი სახლი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით დაინტერესებულია, მაგრამ ამ ორგანიზაციის წესდებით რუსეთის გაწევრიანებისათვის საქართველოს თანხმობა აუცილებელია. წესდებაში ცვლილებას შეიტანენ? და კიდევ, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ამ საკითხში ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისი კომპრომისსზე წასვლა აიძულა?

_ წესდებაში რომ არანაირი ცვლილება არ შევა, ეს გასაგებია. ამ შემთხვევაში მთავრი ის კი არ არის, რომ წესდებაში ცვლილებები შევა თუ არა, არამედ შემდეგი- თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ამ ორგანიზაციის საბოლოო სხდომაზე მაინც გაიტანეს, ეს საკითხი შეიძლება კენჭისყრით გადაწყდეს. ასეთია პროცედურა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პრინციპულად მოითხოვს საქართველო თავისი პოზიციის დაცვას. სხვადასხვა სცენარებია შესაძლებელი, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობა პოზიციას არ შეცვლის და მე ამას მივესალმები.

_ რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ამ საკითხში ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისი აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტის დროს კომპრომისსზე წასვლა აიძულა?

_ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს უფრო მკითხაობას ჰგავს. მაგრამ ერთი კია, იმავე  შინაარსის განცხადებას პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში უფრო მოკრძალებულ ტონში აკეთებდა. აქცენტები აღარ იყო ისეთი მწვავე, მაგრამ მან რუსეთისაგან კვლავ მოითხოვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესება.

_ მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონში თავისი პოზიცია დააფიქსირა, მაინც უცნობი რჩება, რა მოხდება. განვიხილოთ ორივე შემთხვევა. ვითარება, როცა  ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას თბილისმა მხარი დაუჭირა და ვითარება, როცა საქართველომ თავისი პოზიციის დაცვა შეძლო. ორივე შემთხვევაში როგორ პოლიტიკურ შედეგებთან გვექნება საქმე?

_ პირველი შემთხვევა ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან ოპოზიცია ამას გამოიყენებს და ხელისუფლება ავტორიტეტს კიდევ უფრო დაკარგავს. ხოლო თუ არ დათმო, ქართული მხარის პრინციპული პოზიცია უფრო ზომიერი ფორმით იქნება წარმოდგენილი, რაც ამერიკას საშუალებას მისცემს, გააკეთოს ის, რაც მას სურს. ასეთ ვითარებაში საქართველოსაც ექნება საშუალება, შეინარჩუნოს აბსოლუტურად დასაბუთებული პოზიცია.

_ როგორც შეაფასებდით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს? წარმოდგენილი პროექტი ოპოზიციის ლიდერთა კრიტიკის საგანი გახდა. მრავალ შენიშვნათაგან ალბათ უმთავრესია მტკიცება,  რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებზე პასუხიმგებლობა პრაქტიკულად მოიხსნა. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია 2001 წლის ბიუჯეტის ამგვარი შეფასება?

_ გავეცანი ირაკლი ალასანიას მოსაზრებებს ბიუჯეტთან დაკავშირებით, მისი კრიტიკული შენიშვნები აბსოლუტურად სწორია და  სრულად ვეთანხმები, მაგრამ აქ ერთი ასეთი მომენტია  -  ბიუჯეტის პროექტს ამ ეტაპზე არ შეიძლება შეხედო, როგორც სერიოზულ დოკუმენტს. ეტყობა ის მართლაც ნაჩქარევად არის შედგენილი, , რომ ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში შეტანის კონსტიტუციური ვადები არ დარღვეულიყო. თუ არ ვცდები, ამაზე ყურადღება ”ქრისტიან-დემოკრატებმაც” გაამახვილეს. ასე რომ, ეს დოკუმენტი ჯერ არ არის ის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ბიუჯეტი ეწოდოს და სერიოზულ განხილვას საჭიროებდეს. ასეთი რამ პირველად არ ხდება. ეს ხდებოდა შევარდნაძის დროსაც და შემდგომაც, როცა 30 ოქტომბრისთვის ვერ ესწრებოდა ბიუჯეტის პროექტის სათანადო დონეზე მომზადება. ასეთ ვითარებაში ხდებოდა ბიუჯეტის პროექტის ფორმალურად წარდგენა, რომლის შემდეგაც ხდებოდა მისი გადამუშავება, დეპუტატების შენიშვნების გათვალისწინება. ამიტომ, არა მგონია, ეს ის დოკუმენტი იყოს, რომელსაც თავად მთავრობა სერიოზულად უყურებს.
ვერ გეტყვით, რამდენად უკეთესი იქნება ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასში აუცილებლად შევა ცვლილებები და დამატებები მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებში. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ სოციალური თემატიკა ბიუჯეტში სათანადოდ არ აისახოს.

_ პარლამენტმა რეგისტრაციაში არ გაატარა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 8 პარტიის მიერ შემუშავებული ინიციატივები. არადა, ამ პარტიებმა ამ საკითხებში ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი ღიად დააფიქსირეს. თქვენი აზრით, იურიდიული თვალსაზრისით რამდენად სწორად მოიქცა პარლამენტი და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს?

_ იურისტი არ გახლავართ და პარლამენტის გადაწყვეტილებას სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, მაგრამ პოლიტიკურად პარლამენტმა ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა იმ საკითხების განხილვის მიუღებლობა, რაც 8 ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებას საარჩევნო კანონისა და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შესთავაზა. მაგრამ აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მექანიზმები. რადგან ინიციატივის შემმუშავებელი 8 პარტია საკმაოდ ძლიერია, მათ შეიძლება გააქტიურონ მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აშშ-სთან, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა აიძულონ საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ქვეყნის საარჩევნო კოდექსი და ქვეყანაში საარჩევნო გარემო. ოპოზიციის ინიციატივის რეგისტრაციაში ოფიციალურად გაუტარებლობით პარლამენტმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

_ ოპოზიციის ლიდერთა ერთმა ნაწილმა ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის შექმნის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა ქვეყანაში რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება?

_ რევოლუციური სიტუაცია გარემოებათა გამო იქმნება. დღეს ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს. ამის საუკეთესო დასტურია,  თუ როგორ იქნა მიღებული კონსტიტუცია. ხელისუფლება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასაც არ დაელოდა, არ გაიზიარა ჰილარი კლინტონის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ემუშავათ ვენეციის კომისიასთან და მხოლოდ მის ფორმატში მიეღოდ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. ეს ყველაფერი ხელისუფლებამ არ გააკეთა. ამას ოპოზიციის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, საზოგადოება ინდეფერენტულად არის განწყობილი თავისივე მომავლის მიმართ, ხოლო ოპოზიციურ ძალებს ჯერჯერობით არ ძალულთ მოსახლეობის გამოფხიზლება. სხვა მიზეთა გარდა, მიზეზი იმაშიც არის, რომ თავად მოსახლეობას არ სურს გამოფხიზლება. ამის კარგი მაგალითია ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის პრაქტიკულად უხმაუროდ მიღება.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები