არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
დასავლეთს სააკაშვილისთვის ყურის აწევაზე უარი აქვს ნათქვამი
15:48 09-07-2011
დასავლეთს სააკაშვილისთვის ყურის აწევაზე უარი აქვს ნათქვამი კოალიცია "თავისუფალი არჩევანის" გეგმების სავარაუდო შედეგებსა და ხელისუფლება-საპატრიაქოს დაპირისპირების მიზეზებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გიორგი, "ექვსიანმა" პოლიტიკური კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" შექმნა და საზოგადოებას არჩევნებამდე ეროვნული მასშტაბის კამპანია "მახსოვს" დაწყების შესახებ აუწყა, რომელიც "არა მარტო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, არამედ სასიცოცხლო სივრცის შეცვლისათვის იბრძოლებს". კოალიციის ერთ-ერთ მთავარ მიზნად უნდა მივიჩნით "რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილის განაცხადება _ "არჩევნებს იგებს მილიონი ამომრჩეველი და არა მილიონი ლარი". თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს კოალიცია ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებას და საზოგადოების მხარდამჭერის მოპოვებას?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამოსავალი პირველ რიგში არის იმაში, რომ ადეკვატურად იქნეს გააზრებული ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩვენი სახელმწიფო იმყოფება. დღეს ნამდვილად არა ვართ არც დემოკრატიული სახელმწიფო და არც რბილი ავტორიტარული რეჟიმიც გვყავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც მიდრეკილია თანამედროვე ტოტალიტარული მმართველობის განხორციელებისაკენ. მეტიც, სულ უფრო მეტად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტოტალიტარიზმის ეს ფორმა, ამა თუ იმ ფორმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი იქნება.
შესაძლებელია, საერთაშორისო კონტექსტში დემოკრატიის დღის წესრიგი სიმშვიდისა და სტაბილურობის დღის წესრიგმა გადაფაროს. ამ ვითარებაში, პოლიტიკურ სცენაზე მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიზანი შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. ჩვენ საბჭოთა კავშირის ტოტალიტალურ რეჟიმში გვიცხოვრია და გვახსოვს, რომ ცხოვრების მიზანი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და არა სახელმწიფოს დონეზე ეროვნული ინტერესების გატარება იყო.
თუ კოალიციას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს დონეზე დემოკრატიის განხორციელება რამე ფორმით შესაძლებელია, მაშინ ამოსავალი უნდა იყოს ამ ეტაპზე არა იმდენად ამომრჩეველთან, როგორც თანამედროვე დემოკრატიის სუბიექტთან მუშაობა, არამედ მოქალაქესთან მუშაობა და მისთვის ჩვენება _ თუ რა არის ამ ეტაპზე გადასარჩენი ჩვენი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის რა ტაქტიკას შეარჩევს კოალიცია. ჩემი აზრით, დღეს მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ახლა მთავარია, ვინ შეძლებს თვითმყოფადობის და ეროვნული ინტერესების დაცვას. ამის დამცველი დღეს არც დემოკრატიის ფორმით, არც ტოტალიტარიზმის და არც ლიბერალიზმის ფორმით, ქვეყანას აღარა ჰყავს. შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებით კოალიციის მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ახლა მთავარია, რისთვის არის საჭირო ამომრჩეველთა მხარდაჭერით არჩევნებში მონაწილეობა. თუ კოალიცია ხელისუფლებაში მოვა კიდეც, ეს სულაც არ იქნება იმის გარანტია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გადაწყდება. ახლა მთავარია მოსახლეობის ინფორმირება და მათი რეალურად ჩართვა თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ჩემთვის მაისის შემდეგ ნათლად დადგა იმის რეალობა, რომ ჩვენ 25 წლის წინანდელ ქვეყანაში დავბრუნდით. მაშინ ჩემთვის მთავარი იყო არა ის, თუ ვინ იქნებოდა კომკავშირის მდივანი, არამედ ის, თუ რამდენად შევძლებდი დავით გარეჯის შენარჩუნებას ანდა ვთქვათ, ქართული ენის დაცვას. მესმის, რომ ჩემი პასუხები შესაძლოა სხვა რეჟიმშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ემოციურად პროცესებს მე ასე ვხედავ.
_ დავუშვათ, გამართლდა ირაკლი ალასანიას განცხადება და კოალიციამ "სააკაშვილს დაუდასტურა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებულ პირობებს არ იღებს". რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გახდება საარჩევნო კანონისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საფუძველი?
_ არ გახდება. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე საქართველოში დემოკრატიის ადვოკატირებას დასავლეთი ახორციელებდა. მაისის მოვლენებამდეც შეიმჩნეოდა, რომ დასავლეთისთვის უფრო მისაღები იყო სააკაშვილისვე განცხადება _ ჯერ სტაბილურობა და მერე დემოკრატია. ფაქტობრივად, დასავლეთმა სააკაშვილის დაიჯერა და მისივე პირობები მიიღო. დასავლეთი აღარ არის საქართველოში დემოკრატიის მაადვოკატირებელი ძალა. ძალა არის თავად ქართველი ხალხი, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს დემოკრატია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მოითხოვა, მას არც დასავლეთი და არც რუსეთი მხარს არ დაუჭერს. სამწუხაროდ, ქართულ დემოკრატიას გარე მოკავშირე აღარა ჰყავს. რეალობაში, როცა ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას არც აპირებს და ამ თვალსაზრისით მასზე დასავლეთი ზეწოლას არ ახორციელებს, ძნელი სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნით საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო გარემო გააუჯობესოს.
ხელისუფლება იმავე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არ თვლის ვალდებულად საზოგადოებასთან დიალოგში შესვლას; როცა ვინმე მის წინაშე საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებს პრინციპულად აყენებს, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ასე იმიტომაცაა, რომ დასავლეთს სააკაშვილისთვის ყურის აწევაზე უარი აქვს ნათქვამი. დასავლეთი იმის კონსტატირებით კმაყოფილდება, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და იმავე ყაზახეთთან შედარებით საქართველოში დემოკრატიის თვალსაზისით უკეთესი მდგომარეობაა. როცა დასავლეთი ყურადღებას ამაზე ამახვილებს, ცხადი ხდება, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით დასავლეთს საქართველოში არაფრის შეცვლა არ უნდა. შესაძლოა, უნდა კიდეც, მაგრამ თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარი არ ღირს. მესმის, რომ კოალიციას შესაძლოა, დასავლეთის იმედი ჰქონდეს, მაგრამ ვწუხვარ, რომ ასეთ მხარდაჭერას დასავლეთისაგან იგი ვერ მიიღებს და არც ხელისუფლება გააკეთებს რამეს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.
_ იმავე ალასანიას განცხადებით, "ახალი ერთობა საზოგადოებაში ბრძოლის ჟინს გააჩენს, მაგრამ არჩევნებამდე პოლიტიკური ბლოკის შექმნა დღის წესრიგში არ დგას". თქვენი აზრით, ერთიანი პოლიტიკური ბლოკის არარსებობა ხომ არ იქნება იმის საბაბიც და საფუძველიც, რომ საზოგადოებამ კოალიციისადმი ნდობა სრულად არ გამოხატოს?
_ ვფიქრობ, რომ კი. კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთთან თემატურად თანამშრომლობენ. ხელისუფლება სტაბილურობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის კარტს ათამაშებს, ოპოზიცია კი დემოკრატიისა და ქართული ინტერესების დაცვას ანიჭებს უპირატესობას. ასეთ ვითარებაში, ოპოზიციის "მემარჯვენეებად", "მემარცხენეებად" ანდა ცენტრისტებად დაყოფა აბსურდულად ჟღერს. თუ ოპოზიცია იდეოლოგიურად გაერთიანებას შეძლებს, ეს ამომრჩეველს საქმეს გაუიოლებს და მოქალაქეებს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის, თუ ვის გვერდით უნდა დადგნენ. "რვიანის" პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ სუბიექტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ენერგეტიკისა და განათლების რეფორმაზე და ამის გამო დაიშალნენ. ამიტომ, კოალიციის წარმოდგენილი სახით გაერთიანება მე ლოგიკურად მიმაჩნია და თუ ამ გაერთიანების ლიდერი ალასანია იქნება, ეს იმავე დასავლეთისთვის ძალიან კარგი მესიჯი იქნება. მაგრამ, რასაც მე ვუყურებ, კოალიციაში გაერთიანებულ პარტიებს იმედი აქვთ, რომ ისინი არჩევნებში ცალ-ცალკე გავლენ და ჩვენთან ისეთივე არჩევნები გაიმართება, როგორც - შვეიცარიაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კოალიცია რეალობას მოწყვეტილია.
_ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ `უსისხლო რევოლუცია იწყება~. გასაგებია, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რამდენად ჩათვლის საზოგადოება `თავისუფალ არჩევანს~ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად, მაგრამ უკვე შეიძლება კითხვის ასე დასმაც - კოალიციის აქტიურობის შედეგად რამდენად სავარაუდოა საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, რაც პრაქტიკულად `უსისხლო რევოლუციის~ ტოლფასი იქნება?
_ მთავარი მიზანი რეალობის ადეკვატურ აღქმაშია. თუ კოალიცია ხალხს პირდაპირ ეტყვის, თუ რა რეალობაშია ქვეყანა, შესაძლოა, მოქალაქეთა გააქტიურებამ სურათი მნიშვნელოვნად შეცვალოს. თუ კოალიცია იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანდა და ისინი შეძლებენ საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ ისინი რეალურად ახალ საქართველოს ქმნიან, ეს ის რესურსია, რითაც მათ შეუძლიათ კონკრეტული შედეგის მიღწევა. სხვა თვალსაზრისით ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად სრული კარტბლანში აქვს. ეს ეხება დასავლეთის მხარდაჭერას, ფინანსებს და არჩევნების მენეჯმენტს. რასაც დღეს ვაკვირდები, სრული სიმშვიდეა და ასე გაგრძელდება კიდეც. ჯერჯერობით, საქართველოში `უსისხლო რევოლუციის" წინაპირობას ვერ ვხედავ.
_ საპატრიაქოსა და პარლამენტს შორის დაპირისპირებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვითარებაში, როცა თავად საპატრიაქო არ იყო წინააღმდეგი სხვადასხვა კონფესიებისათვის იურიდიული სტატუსის განსაზღვარის, გაუგებარია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას უკვე მიღებულ კანონში საპატრიაქოს პოზიციის გაუთვალისწინებლობა და ნებსით თუ უნებლიეთ საპატრიარქოსადმი უპატივცემულობის საჯაროდ დემონსტრირება?
_ ჩემი აზრით, საკითხი იმაში კი არაა, თუ რა სტატუსი ექნება რომელიმე კონფესიას ან რა იურიდიული სტატუსია ადეკვატური ამა თუ იმ კონფესიისათვის. ეს სულაც არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია, გვაქვს თუ არა ჩვენ იმის თავი, რომ საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები თავად გადაწყვიტოთ. გვქვს თუ არა ჩვენ, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ამაზე მსჯელობისა და ასეთ მნიშვნელოვან თემებზე კონსენსურად შეთანხმების მიღწევის უნარი.
სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ხელისუფლებას მარტო კონსენსუსის მიღწევის ნების არქონა კი არა, სხვა პრობლემებიც აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ხელისუფლება იმდენად დიდი პრესის ქვეშაა, რომ მათ წინააღმდეგობის გაწევა გარკვეული შიშის გამოც ვერ შეძლეს. არ ვიცი, ისინი ვისგან არიან პრესის ქვეშ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ საპატრიარქოსთან დაპისპირება არ სურდათ. როცა ასე სწრაფად წყვეტ საკითხს და თანაც საპატრიარქოს იმხედრებ, ჩნდება კითხვა - რატომ?
რატომ გახდა პრობლემატური ჩვენი ტოლერანტობისა და მართლმადიდებლობის გაფრთხილება. ხომ შეიძლებოდა ამ საკითხის საჯაროდ განხილვა და საზოგადოებრივი თანხმობით კონსენსუსის მიღწევა. ჩემი აზრით, ხელისუფლებას არანაირად არ სურდა საპატრიარქოსთან დაპირისპირება, მაგრამ უფრო სერიოზული მოთხოვნის შიშით გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ითვალისწინებდა. ეს ჩვენ გვგონია, რომ სააკაშვილი საქართველოს ტოტალიტარული მმართველია, მაგრამ როცა ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა, მმართველობის ტოტალიტარულ სისტემას ინარჩუნებს, უნდა ვხვდებოდეთ, რომ მას სხვა პატრონი ჰყავს. შეიძლება ბევრი პატრონი გყავდეს, შეიძლება ერთი, მაგრამ შენ გიწევს შენივე ტოტალიტატიზმის დაბალანსება, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. ეტყობა, კონფესიებთან დაკავშირებული კანონის მიღებისას მას სხვა გზა არც ჰქონდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი დემეტრე თავდადებული არაა, რომ ურდოში წასულიყო და ქვეყნის ინტერესებისთვის თავი დაედო.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები