არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება იყო და არის როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა
09:29 15-12-2016
სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება იყო და არის როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 2016 წელი იწურება და მისი შეჯამების ტრადიცია წელსაც არ გვინდა დავარღვიოთ. როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის 2016 წელს?
- მოკლედ რომ გიპასუხოთ, ხელისუფლებისათვის მიმდინარე წელი იყო წარმატებული, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციასა და საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო ქვეყნისათვის - უფრო წარუმატებელი, თუნდაც ლარის ინფლაციის გამო.
- რას მიიჩნევდით ამ წლის მთავარ მოვლენად და რატომ?
- ცხადია, საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ლეგიტიმაცია, შინ თუ გარეთ, ყველა ნეიტრალურმა დამკვირვებელმა აღიარა და ვიზალიბერალიზაციას.
ხელისუფლებისათვის მიმდინარე წელი იყო წარმატებული, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციასა და საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო ქვეყნისათვის - უფრო წარუმატებელი, თუნდაც ლარის ინფლაციის გამო

პირველი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გრძელდება, შესაძლოა, არა იმ ტემპით, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მაინც. ხოლო მეორე, საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და საკუთარი თვალით ნახონ, თუ რას ნიშნავს დემოკრატია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- 2016 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებული პროცესებიდან რამ გაგაკვირვათ, რა იყო მოულოდნელი?
- მოულოდნელი აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ვთვლიდი, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა საარჩევნო ბარიერს 4-5 პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავდა. სამწუხაროდ, შევცდი, ამომრჩეველმა არჩევანი ისევ „ნაციონალების“ წინააღმდეგ გააკეთა.
- 2016 წლის საპარლემენტო არჩევნების შედეგად არა მარტო ახალი პარლამენტი, არამედ ბევრი თვალსაზრისით მრავალმხრივ შეცვლილი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ. საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოავლინა. თქვენი დაკვირვებით, რა თავისებურებებით ხასიათდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობა?
- გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ჩვეულ რეალობას დავუბრუნდით - პარლამენტში ფაქტიურად ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „პატრიოტთა ალიანსი“ მცირერიცხოვნების გამო პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
თუმცა, ”ქართულ ოცნებას” და ”ნაცმოძრაობას” მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ხელისუფლება“ და „ოპოზიცია“, რადგან, მათ არა თუ კონსენსუსის ძიების, ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც კი არ გააჩნიათ. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტი ორ მტრულ ბანაკადაა გაყოფილი, ისევე, როგორც მათი ელექტორატი.
”ქართულ ოცნებას” და ”ნაცმოძრაობას” მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ხელისუფლება“ და „ოპოზიცია“, რადგან, მათ არა თუ კონსენსუსის ძიების, ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც კი არ გააჩნიათ

რაც შეეხება პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს, აქ გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს, განსაკუთრებით დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებში, მაგრამ საბოლოო კონფიგურაცია ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.
- იმაზე, რომ 2012-2016 წლებში ”ქართული ოცნების” მმართველობა ეფექტური და ბევრი თვალსაზრისით წარმატებული არ იყო, ბევრი ითქვა და დაიწერა. როგორ დაახასიათებდით ”ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესებს, რით განსხვავდება 2016 წლის ”ქართული ოცნება” 2012 წლის ”ქართული ოცნებისაგან” და რას მიიჩნევდით 2016-2020 წლებში მმართველი გუნდის მთავარ პრობლემებად?
- ძირითადი და ჩემი აზრით, ფუნდამენტალური განსხვავება 2012 წლის „ქართულ ოცნებასა“და 2016 წლის „ქართულ ოცნებას“ შორის არის ის, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებული მანდატების რაოდენობა იყო, ხოლო 2016-ში უფრო მეტი მანდატები მიიღო, ვიდრე ამომრჩევლის მხარდაჭერა ჰქონდა. ვგულისხმობ პროპორციული სისტემით მიღებულ ხმებს.
2012-ში ამომრჩეველი ხმას აძლევდა “ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ წინააღმდეგ და იმ იმედით, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდებოდა. 2016-ში ხმა მისცეს ისევ „ნაციონალების“ წინააღმდეგ და იმის გამო, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. 2012-ში გამარჯვებას ზეიმობდა „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი, 2016-ში მხოლოდ პარტიული აქტივი და სახელისუფლებო ბიუროკრატიული ვერტიკალი.
შესაბამისად, 2012 წლის არჩევნების შემდგომ „ქართული ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ ვერ აკონტროლებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, სახელმწიფო ბიუროკრატიულ ვერტიკალს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, მაინც შეძლო ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება, რადგან მისი ძალაუფლების საყრდენი მოსახლეობა იყო.
ამჟამად „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, მაგრამ მისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს , რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით შეეცდება, (რაც ჩვენი უახლესი ისტორიის სამწუხარო „ტრადიციაა!“) და არა მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებით.
იმედი მაქვს, პოლიტიკური პროცესი „ტრადიციულად“ არ განვითარდება და კვლავაც ქუჩიდან, რევოლუციის ზღვარზე არ მოგვიწევს ხელისუფლების შეცვლა და რომ ხელისუფლება შეეცდება ძალაუფლება მოსახლეობის მხარდაჭერით შეინარჩუნოს და არა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით.
- რამდენად აქვს მმართველ გუნდს თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემების დაძლევის რესურსი?
- მოსახლეობისათვისაც და, ზოგადად, ქვეყნისათვისაც უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ, ხელისუფლების განაცხადი „სწრაფი ეკონომიკური განვითარების“ შესახებ, ნამდვილად ეხმიანება საზოგადოების მოთხოვნებს. მაგრამ, საკითხავია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება არსებულ გარემოში, არსებული სახელმწიფო სტრუქტურებით, მექანიზმებით ეკონომიკის სწრაფ განვითარებას?
ნუთუ მხოლოდ ბიზნესის სახელმწიფო ტერორისაგან გათავისუფლება და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, არის საკმარისი, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს? იქნებ საჭიროა პრობლემას უფრო კომპლექსურად მივუდგეთ. შევისწავლოთ და გავიაზროთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც უკვე გაიარეს გზა ტოტალიტარიზმიდან - დემოკრატიამდე, ეკონომიკური სიდუხჭირიდან - ეკონომიკურ კეთილდღეობამდე?!
ხელისუფლების გადაწყვეტილებით ახალი წლიდან ე. წ. „ესტონური მოდელი“ ამოქმედდება; მაგრამ, დიდი ალბათობით, ის ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორიც ესტონეთში იყო, რადგენ ესტონელებმა ჯერ სახელმწიფო მართვის სისტემა შეცვალეს, რამაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო შეცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ, თავისივე სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიმუშავეს ეკონომიკური განვითარების „ესტონური მოდელი“.
ანალოგიურად განვითარდა პროცესები პოლონეთში - ბალცეროვიჩის „შოკური თერაპია“ შედეგიანი მხოლოდ რეფორმირებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოში აღმოჩნდა, ჩვენს სინამდვილეში მისი გადმოტანის მცდელობამ მხოლოდ „შოკები“ გამოიწვია ყოველგვარი „თერაპიის“ გარეშე!
კარგია, რომ ხელისუფლებას აქვს „ნება“ არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ცუდია, რომ ეს „ნება“ აქციზების გაზრდით, დედოლარიზაციით, ონლაინსესხების რეგულაციითა და ბიუროკრატიული აპარატის 10%-იანი შემცირებით შემოიფარგლა და სახელმწიფო სისტემის რეფორმირებაზე არ გავრცელდა.
არსებულ ვითარებაში, რომ მოხდეს სასწაული და ხელისუფლებამ 4-პუნქტიანი გეგმა სრულად განახორციელოს, რიგითი მოქალაქის რეალური შემოსავალი ამით არ შეიცვლება.
და კიდევ ერთი უცნაურობა - ყველა თანხმდება, რომ სამუშაო ადგილებს სწრაფად და დიდი რაოდენობით ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. აქედან გამომდინარე, თითქოსდა ლოგიკური უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისადმი ხელშეწყობა. სინამდვილეში, ხელისუფლება ხელს უწყობს მსხვილი ბიზნესის განვითარებას. შედეგად ხდება ბიზნესსექტორების მონოპოლიზება, რაც იწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის შემცირებას.
სადღაც კვლავ ცოცხლობს საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა, ოღონდ, თუ ადრე მ. სააკაშვილი მის რეალიზებას რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობდა, ამჟამად იგივეს მონოპოლიური ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებით ცდილობენ

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სადღაც კვლავ ცოცხლობს საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა, ოღონდ, თუ ადრე მ. სააკაშვილი მის რეალიზებას რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობდა, ამჟამად იგივეს მონოპოლიური ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებით ცდილობენ.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არსებული არა ერთი პრობლემა გამოაშკარავა. თქვენ რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად?
- თავიდათავი ჩვენი ყველა უბედურებისა, რაც გვჭირდა და გვჭირს, არის ის, რომ ვერ შევძელით თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თავი ვერ დავაღწიეთ ავტორიტარიზმს მორგებულ მართვის სახელმწიფო სისტემასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოს. ვერ მოვახერხეთ ისეთი საარჩევნო კოდექსისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა არჩევნებზე სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, სხვადასხვაგვარი ე.წ. „კარუსელების“ მოწყობას და ა.შ..
ვერ განვახორციელეთ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი, ცენტრალური ხელისუფლებისაგან კომპეტენციით გამიჯნული და ფინანსურად დამოუკიდებელი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბება.
ვერ შევქმენით მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა პოლიტიკაში ახალი სახეების თავისუფალ შემოდინებას, ხელს შეუწყობდა რეგიონული მასშტაბის ლიდერების ჩამოყალიბებასა და მათ გამოყვანას ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე.
ამდენად, სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტალური რეფორმირება იყო და არის როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა.
- საპარლამენტო არჩევნების შედეგად უცნაურად განვითარდა პროცესები არჩევნებში დამარცხებულ პარტიებში. რესპუბლიკელების რიგები დატოვა დავით უსუფაშვილმა. ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ რჩება ირაკლი ალასანია, მაგრამ არჩევნების დამთავრებისთანავე მან პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღების შესახებ განცხადება გააკეთა. ცალკე საუბრის თემაა ”ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები. თქვენი დაკვირვებით რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და სავარაუდოდ, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ ძველ აქტორებს?
- როგორც ჩანს, არჩევნების შედეგები მარტო ჩემთვის არ აღმოჩნდა მოულოდნელი. ოპოზიციის ასეთ კატასტროფულ მარცხს არც თავად პოლიტიკოსები ელოდნენ და არც საზოგადოება. სრულიად ნათელი გახდა, რომ იმ ფორმით და იმ რესურსებით, რაც დამარცხებულ პარტიებს გააჩნდათ, არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავდა.
ამ ფაქტის გაცნობიერებამ პოლიტიკურ ელიტაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და თვითგამორკვევის პროცესის დაწყებას შეუწყო ხელი. შედეგად, ზოგმა საერთოდ უარი თქვა პოლიტიკურ კარიერაზე და საქმიანობის სხვა სფერო აირჩია, ნაწილმა ჩათვალა, რომ პარტიის შიგნით გადაჯგუფება საკმარისი იქნებოდა დამატებითი რესურსების მოსაზიდად და ამომრჩევლის მოსახიბლად, სხვებმა კი ახალი ორგანიზაციის ფორმირება და ამ გზით ახალი რესურსების მოძიება გადაწყვიტეს.
ნიშანდობლივია, რომ თვთგამორკვევის პროცესი ძირითადად იმ პარტიებში დაიწყო, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციით, ლიბერალური ღირებულებების დეკლარირებითა და მეტნაკლებად გუნდური მმართველობით გამოირჩევიან.
ნიშანდობლივია, რომ თვთგამორკვევის პროცესი ძირითადად იმ პარტიებში დაიწყო, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციით, ლიბერალური ღირებულებების დეკლარირებითა და მეტნაკლებად გუნდური მმართველობით გამოირჩევიან

ხმაურიანი განცხადებებისა და გადაჯგუფებების მიუხედავად, ოპოზიციური ფრთის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის სურათი უფრო გამოიკვეთება. მაგრამ, საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს ოპოზიცია და როგორ გადაჯგუფდება ან რა როლს შეასრულებენ ძველო თუ ახალი აქტორები, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, გახდება თუ არა ქუჩა პროცესის ნაწილი და ხელისუფლებასთან დაპირისპირების არენა.
- უცნაური, მაგრამ შესაძლოა, კანონზომიერი პროცესები ვითარდება ოდესღაც ძლევამოსილ ”ნაცმოძრაობაში.” თუ ადრე ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა, ახლა მისი ლიდერები ერთმანეთის საჯაროდ კრიტიკას არ ერიდებიან. რა ხდება ”ნაცმოძრაობაში” და სავარაუდოდ, რით დასრულდება ”ნაციონალებში” შიდაპარტიული დაპირისპირება?
- „ნაცმოძრაობაში“ მომდინარე პროცესი განსხვავდება სხვა პარტიებში განვითარებული მოვლენებისაგან. ამ შემთხვევაში დაპირისპირების რეალური მოტივი პარტიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაა და არა არჩევნების შედეგები.მ. სააკაშვილის მიმართვაც პარტიისადმი, რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე, პარტიაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით იყო მოტივირებული, რადგან საპარლამენტო ჯგუფი, ნებსით თუ უნებლიეთ, პარტიის წევრებისათვის ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი ხდებოდა, ხოლო პარლამენტის ტრიბუნა საშუალებას აძლევდათ პარტიის წევრები გავლენის ქვეშ მოექციათ. არც ის იყო გამორიცხული, რომ უმრავლესობასთან დებატებში პარტიაში ახალი ლიდერი გაჩენილიყო, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა მ. სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას. ხოლო თუ მანდატებზე უარს იტყოდნენ, ისინი არაფრით იქნებოდნენ გამორჩეული. სამოქმედო ასპარეზად კი ქუჩა და „რუსთავი-2“-ის ტრიბუნა შერჩებოდათ. რაც იმას ნიშნავდა, რომ მ. სააკაშვილი კვლავაც რჩებოდა პარტიის ერთპიროვნულ მმართველად და უპირობო ლიდერად.
მეორე მხრივ, სრულიად ნათლად ჩანდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია „ნაციონალებისადმი“ მოსახლეობაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ააგო და ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ, თუ მხარს „ოცნებას“ არ დაუჭერდა, ხელისუფლებაში „ნაციონალები“ დაბრუნდებოდნენ.
ალბათობა იმისა, რომ ყრილობის შემდგომ „ნაცმოძრაობა“ ერთიანობას შეინარჩუნებს, თითქმის ნულის ტოლია

როგორც ჩანს, ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა სწორად შეაფასა სიტუაცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. სააკაშვილის წინადადების მიღება, მისადმი უსიტყვო მორჩილებასა და გაურკვეველ პოლიტიკურ მომავალს ნიშნავდა. ამიტომ უარყო მ. სააკაშვილის წინადადება, რამაც შიდაპარტიული დაპირისპირება გამოიწვია.
პარტიაში უმალ გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც მ. სააკაშვილის პოზიცია გაიზიარა და ბოკერია-ბაქრაძის გუნდს დაუპირისპირდა, ხოლო დისკუსიამ პარტიული კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა.
როგორც წესი, შიდაპარტიული ბრძოლა ყოველთვის ბელადის ან მისი იდეების დაცვის მოტივით მიმდინარეობს, განურჩევლად იმისა, ბელადი ცოცხალია თუ არა. ჯგუფი, რომელიც ამ მოტივით იბრძვის, რეალურად პარტიაში ძალაუფლების მოპოვებას და მოწინააღმდეგე გუნდის პარტიიდან განდევნას ცდილობს. ამიტომ, ალბათობა იმისა, რომ ყრილობის შემდგომ „ნაცმოძრაობა“ ერთიანობას შეინარჩუნებს, თითქმის ნულის ტოლია.
ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყრილობაზე უმრავლესობის მხარდაჭერას მ. სააკაშვილი და მისი მომხრეები მოიპოვებენ. სხვათა შორის, მოვლენათა ამგვარი განვითარება, მისაღებია ხელისუფლებისათვისაც.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება? თუ - კი, სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკური ძალა შეიძლება აღმოჩნდეს იგი?
- თუ არჩევნების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ და საარჩევნო კამპანიის პროცესსაც გავიხსენებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ დაპირისპირების იმდენად მძაფრი სურათი შექმნეს, რომ ამომრჩევლის ყურადღება მხოლოდ მათზე იყო კოცენტრირებული. არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური სუბიექტები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დამკვირვებლის ფუნქციით შემოიფარგლნენ.
დარწმუნებული ვარ, მესამე პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად შეიქმნება

მიუხედავად ამისა, არჩევნების პერიოდში უკვე იგრძნობოდა მოთხოვნილება მესამე ძალაზე. ვფიქრობ, მომავალში მესამე ძალის მოთხოვნილება კიდევ უფრო გამძაფრდება. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რა ფორმით მოხდება მისი ჩამოყალიბება - მოხდება არსებული ოპოზიციური ძალების გაერთიანება, თუ შეიქმნება რაღაც ახალი ძალა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მესამე პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად შეიქმნება.
- შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები უცნაურადაც კი ვითარდება. დიდია იმის ალბათობა, რომ ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებულმა რეალობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს? და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე?
- ჩემი აზრით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობა უკვე შეიცვალა, თანაც რამდენჯერმე. პირველად მაშინ, როდესაც რუსეთმა თვითნებურად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეუთანხმებლად 2008 წლის აგვიტოში ჯერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მეორედ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებით, როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.
ამჟამად სახეზეა თითქმის ყველა პარამეტრი, რაც „ცივი ომის“ პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი: შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ახალი სამხედრო ტექნიკით აღჭურვა, ევროპის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განლაგება, დიქტატორული რეჟიმებისადმი სამხედრო მხარდაჭერა და ა. შ. სანაცვლოდ, დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
ტრამპს რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ უნდა, ბუნებრივია. ასეთივე მცდელობა ჰქონდა მის ორ წინამორბედ პრეზიდენტს, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან თავად რუსული იმპერიული პოლიტიკა არ იძლევა ამის საშუალებას

ერთი ნაბიჯიღა რჩება გამალებული შეიარაღების პროცესის დაწყებამდე. ასეთ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა საზოგადოებრივ-პილიტიკური ვითარებაა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ძირითადად, მათი მხარდაჭერა განაპირობებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დ. ტრამპის გამარჯვებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა პირველ რიგში თავად აშშ-ი. არ ვიცი, პრეზიდენტის არჩევას ოდესმე მოჰყოლია თუ არა საპროტესტო გამოსვლები ან ამდენი კითხვა გაჩენილა თუ არა როგორც თავად პიროვნების, ასევე საარჩევნო კამპანიის და მასში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიმართ, ინაუგურაციამდე და ოფიციალურად საქმიანობის დაწყებამდე უკვე გაჩნდა საკმაოდ ფრთხილი და კრიტიკული დამოკიდებულება.
განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავენ ყოველ კანდიდატს, რომელსაც დ. ტრამპი თეთრ სახლში პოსტს სთავაზობს. ამ მხრივ საინტერესოა რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, რომელსაც, როგორც აღინიშნა ვ.პუტინთან 15-წლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. მიუხედავად ამისა, არა მგონია ამ ურთიერთობებმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
დ. ტრამპს რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა (ვის არ უნდა?!), ბუნებრივია, მაგრამ ასეთივე მცდელობა ჰქონდა მის ორ წინამორბედ პრეზიდენტს, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან თავად რუსული იმპერიული პოლიტიკა არ იძლევა ამის საშუალებას. რაც შეეხება საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს, არც ამ მიმართულებით იქნება რაიმე კარდინალური ცვლილებები, გაგრძელდება პარტნიორული თანამშრომლობა როგორც სტრატეგიული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
- იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ხდება, თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას? რას მიიჩნევდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად და თვალშისაცემ წარუმატებლობად?
- ჩემი აზრით, ჩვენი საგარეო პოლიტიკა სამ ძირითად სექტორს მოიცავს: ევროიტეგრაცია, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან ყველაზე წარმატებული ევროინტეგრაციის მიმართულებაა - გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება და დასრულდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი. გარკვეული წინსვლაა უსაფრთხოების მიმართულებით - ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები აშშ-სთან.
ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ, კრემლში გარკვეული მოლოდინები გააჩინა. რამდენად რეალურია ეს მოლოდინები, მომავალი გვიჩვენებს

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ მხრივ სიტუაცია ფაქტობრივად უცვლელია. გასაგებია, რომ ეს პრობლემა უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება, მაგრამ ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მუდმივად უნდა ცდილობდეს ამ თემის აქტუალიზაციას.
- როგორ შეაფასებდით რუსეთში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის აქტიურობას?
- ვფიქრობ, რუსეთში არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. ამიტომ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ კრემლის პოლიტიკაზე და ისიც საერთაშორისო ასპარეზზე.
სანამ კრემლი ცდილობს დასავლეთთან დიალოგში ყირიმის ანექსიის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს, ეკონომიკური სანქციები მოხსნას და აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, მისგან რაიმე ხიფათი მოსალოდნელი არ არის

ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარკვეულად იზოლირებული აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დაიშალა დიდი რვიანი და დაუწესდა ეკონომიკური სანქციები. რუსეთი ცდილობს ეს იზოლაცია გაარღვიოს და ამისათვის სირიის კონფლიქტი გამოიყენოს, თუმცა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს. აშშ-ში დ. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ, კრემლში გარკვეული მოლოდინები გააჩინა. რამდენად რეალურია ეს მოლოდინები, მომავალი გვიჩვენებს.
ერთი რამ ცხადია, სანამ კრემლი ცდილობს დასავლეთთან დიალოგში ყირიმის ანექსიის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს, ეკონომიკური სანქციები მოხსნას და აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, მისგან რაიმე ხიფათი მოსალოდნელი არ არის.

P.S.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა - ახალი წელი!

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები