არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს
11:11 20-12-2016
ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს 2016 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2017 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, "ინტრეპრესნიუსი" საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი მიიღო. ხელისუფლება ამტკიცებს მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გავიდეს. მეტიც, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დოკუმენტს? იძლევა თუ არა იგი იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და პასუხობს თუ არა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?
- ჩემი მოკრძალებული აზრით, ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია არა ფორმალურ დოკუმენტზე, რომლის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია, არამედ მთავრობის გეგმებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზე. ამ თვალსაზრისით, მე მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომელიც შემდგომში უნდა მედგრად და წარბშეუხრელად განახორციელოს. ბოლოს და ბოლოს, მთავრობები იცვლება, ჩვენ კი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენზე მეტად მის განვითარებაში არავინ არ არის დაინტერესებული.
იქმნება პარადოქსული სიტუაცია: თითქოს ჩვენ მთავრობას ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთი დღე ვჭირდებით და როგორც კი ჩვენ ხმას საარჩევნო კომისია დაითვლის, ჩვენ ოთხი წლით ყველას ვავიწდებით. როგორი დემოკრატიულიც არ უნდა იყოს არჩევნები, ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ყოველდღიური დიალოგი არ არის მოგვარებული, ევროპული ტიპის დემოკრატია არ არსებობს. ამიტომ, თუკი მთავრობა ასეთი ფართო დიალოგისგან თავს შეიკავებს, ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, მას მკაცრად უნდა მოვკითხოთ. და ამ თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, აშკარად არასაკმარისია.
მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომელიც შემდგომში უნდა მედგრად და წარბშეუხრელად განახორციელოს

დისკურსში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უნდა ჩაერთოს, რისთვისაც შესაქმნელია სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ინსტიტუტები: ჭეშმარიტად თავისუფალი და არა კომუნისტური ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებული პროფკავშირები, პროფესიული ასოციაციები, ინტერესთა ჯგუფები, თუნდაც ინგლისური ან ამერიკული მოდელის კლუბები და სხვა.
რას აკეთებს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, სხვა აკადემიები? მე მათი კომპეტენტური აზრი არ მომისმენია. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით მე ჩემ თავსაც, როგორც საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, ვემდური და პირობას ვიძლევი, რომ გამოვსწორდები.
- ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღრული. რამდენად სამართლიანია ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნა და რამდენად შესრულებადია 2017 წლის ბიუჯეტი?
- ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოს. მაგრამ ასეთი კრიტიკა პროფესიული, რაციონალური და კეთილმოსურნე უნდა იყოს. ჩვენთან კი ვინც უფრო მწარე სიტყვებით აგინებს მთავრობას, მით უფრო „მაგარი ბიჭია“. ამიტომ იქმნება ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ.
სხვათა შორის, დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალა ცხრა წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა და სავსებით შეეძლო ეს დრო ქვეყნის განსავითარებლად გამოეყენებინა. მაგრამ ის ხან გაუგებარ სიმინდს თესავდა, ხან მეღვინეებს ერჩოდა, უფრო ხშირად კი უძრავ ქონებას ეპატრონებოდა და „ბარამბოს“ გარდა პრაქტიკულად არც ერთი საწარმო არ შეუქმნია. კონსტიტუციასა და კანონმდებლობას კი ცუდად მოჭრილ კოსტუმს ამსგავსებდა და თავის თანზე ირგებდა.
დღევანდელ მთავრობას კი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმა მაინც აქვს.
ჩვენთან კი ვინც უფრო მწარე სიტყვებით აგინებს მთავრობას, მით უფრო „მაგარი ბიჭია“. ამიტომ იქმნება ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ

ამიტომ ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას არავითარ ყურადღებას არ აქცევს. მისთვის გაცილებით უფრო მგრძნობიარე იქმნება პროფესიული, გათვლებით დასაბუთებული შენიშვნები. ვეცდები, რომ, შეძლებისდაგვარად, ასეთი შენიშვნები გამოვაქვეყნო.
თქვენს ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა კი მე დღეს არ შემიძლია - კანონი ბიუჯეტის შესახებ ჯერ არ შესულა ძალაში, მისი ქოლგის ქვეშ არც ერთი ღონისძიება არ გატარებულა, ამიტომ არ ვიცი, შესრულდება ბიუჯეტი თუ არა. მკითხეთ სამ თვეში.
- 2017 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას უმრავლესობის წარმომადგენლები მთავარ ყურადღებას ამახვილებდნენ პრემიერის 4-პუნქტიან გეგმაზე და ერთხმად აღნიშნავენ, რომ იგი ქვეყნის სწრაფი განვითარების სწორი გზაა. ამას წინათ ამ თემაზე საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მხოლოდ 4-პუნქტიანი გეგმაზე საუბარი როგორც მინიმუმ არასაკმარისია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ვერანაირად ვერ ჩაეტევა 4-პუნქტიან გეგმაში. რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვერ ხედავს თუ ვერ იცლის ხელისუფლება ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებისთვის?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობამ მსოფლმხედველურად ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი აირჩია და ამ მოდელში საკმაოდ სუსტი ეროვნული ვალუტის პოლიტიკას ატარებს. ამით მას ექმნება ილუზია, რომ ჩვენ გლობალიზებულ სამყაროს შევერწყმებით.
ნოამ ჩომსკის სიტყვებით, გლობალიზაცია არის ნეოლიბერალური ეკონომიკის გლობალური გავრცელება. საუბედუროდ, მე ვიცი, რომ ასეთი მიდგომა ტრაგიკული შეცდომაა. მართლაც, ნეოლიბერალური მიდგომა გულისხმობს სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკაში და საბანკო სექტორის არაადექვატურ განვითარებას. ნახეთ, როგორაა განვითარებული ჩვენთან საბანკო სექტორი, რომელმაც თავისი რვაფეხას საცეცები სადაზღვევო, სამშენებლო, საბროკერო, დეველოპერულ და სხვა ბიზნესებში ჩაყო, რაც პერსპექტივაში მომავალში მხოლოდ ზიანის მომტანია.
მეტიც, ზუსტად ბანკირები განსაზღვრავენ ბიზნესის თამაშის წესებს და კაპიტალის დაგროვებას უმაღლეს იმპერატივად განიხილავენ. რით შეიძლება ეს დასრულდეს, ჩვენ უკვე ვიგემეთ 2008-2009 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მაგალითზე. მეორეც. მოსახლეობას ფული არ აქვს და უამრავი პირამიდისებრი საფინანსო ჯგუფი მას კრედიტებსა და განვადებებს სთავაზობს, მათ შორის - ონლაინ კრედიტებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა ჯგუფებს , ამ ჯგუფებზე კი სხვა დროს ვილაპარაკოთ, სურს ჩვენი მოსახლეობა მთლიანად მოაქციოს გადაუხდელი და უიმედო დავალიანებების წნეხის ქვეშ. აი, ასეთია სოციალური ფონი, რომლის გათვალისწინებითაც მთავრობამ თავისი განვითარების გეგმები უნდა განახორციელოს.
ოთხპუნქტიანი გეგმა კი შემდეგს მოწმობს: ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ მაკროეკონომიკური ბერკეტებით შეგვიძლია ეკონომიკა განვავითაროთ, რომელიც ბიძგის შემდეგ თვითგანვითარების გაზას დაადგება. არ, დაადგება, ბატონებო. ნეოლიბერალური ეკონომიკა კარგია პოსტინდუსტრიული სახელმწიფოსთვის, რაც ნათლად გამოჩნდა განვითარებად ქვეყნებში. რა, რომელიმე მათგანი მართლაც განვითარდა? გაიხსენეთ, რა მოხდა ერაყში, ეგვიპტეში, ლიბიაში, რა ხდება სირიაში. ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელია სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ასეთი უხისტესი ჩარევის შედეგად - მარშალის გეგმით - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა ევროპა, თუნდაც, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია.
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ მაკროეკონომიკური ბერკეტებით შეგვიძლია ეკონომიკა განვავითაროთ, რომელიც ბიძგის შემდეგ თვითგანვითარების გზას დაადგება. არ, დაადგება, ბატონებო. ნეოლიბერალური ეკონომიკა კარგია პოსტინდუსტრიული სახელმწიფოსთვის, რაც ნათლად გამოჩნდა განვითარებად ქვეყნებში

ევროპაში სახელმწიფო სექტორი ეხლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. სხვათა შორის, იგივეს დონალდ ტრამპიც გაიძახის და აშშ-ს განსავითარებლად პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას აპირებს.
სუსტი ეროვნული ვალუტის პოლიტიკის გატარება კი სახარბიელოა ორ შემთხვევაში: პირველი, როცა შენი ვალუტაა აშშ დოლარი და მის გაცვლით კურსზე დამოკიდებულია მსოფლიო საფინანსო ბაზრები და ნედლეულის, თუნდაც ნავთობის, გლობალური ფასი. და მეორე, როცა ქვეყანა ხისტად იმართება ცენტრალური ხელისუფლების მიერ და იგი ექსპორტზეა ორიენტირებული. ასე განვითარდნენ ირანი და თურქეთი. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არც ერთ ამ პირობას არ პასუხობს და მისი იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის სუსტი ლარის პოლიტიკა მხოლოდ საზიანოა.
- ლარის კურსის ვარდნა კვლავაც აქტუალურ თემად რჩება. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ლარის კურსის შენარჩუნებას? რამდენად მართებულია მტკიცება, რომ მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა?
- რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ლარის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ მაჩვენებელზე: მიმოქცევაში მყოფი უცხოური და ეროვნული ვალუტების მასების ფარდობაზე. გაიხსენეთ, თუ როგორ შეაჩერა 1998 წელს ირაკლი მანაგაძემ ლარის კურსის ვარდნა. სამაგიეროდ, ეკონომიკის სრული ნგრევის ფონზე მთავრობა ეროვნული ბანკიდან კრედიტებს ვერ იღებდა და მას უგროვდებოდა სახელფასო და საპენსიო დავალიანებები. ამიტომ, ყოფილი კულტურის მინისტრის, ბატონი გურამ ოდიშარიას საყვარელ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ, უნდა გამოინახოს ოქროს კვეთი: დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში ლარის მასა უნდა იყოს საკმარისი და აუცილებელი. ეს არის და ეს.
ლარის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ მაჩვენებელზე: მიმოქცევაში მყოფი უცხოური და ეროვნული ვალუტების მასების ფარდობაზე…დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში ლარის მასა უნდა იყოს საკმარისი და აუცილებელი. ეს არის და ეს

ეროვნულმა ბანკმა კი ამ მასის გაზრდაზე კი არა, არამედ მის კარგ მიმოქცევაზე უნდა იზრუნოს. ამისთვის მას ყველა ბერკეტი გააჩნია, თუნდაც საკმაოდ დიდი რეზერვები უცხოურ ვალუტებში. საქმე მხოლოდ პროფესიონალიზმზე და არჩეულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზეა. ხსენებულიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ წინააღმდეგობას სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ყოველ სექტორს თავისი ადგილი უნდა მიეჩინოს, ეს კი ჩვენი საზოგადოების სტრუქტურულ რეფორმირებას მოითხოვს.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით. თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის დედოლარიზაციისა და გალარების გეგმას? რამდენად განხორციელებადია იგი და რეალურად რა სარგებელს მოუტანს ლარის კურსის ვარდნით შეწუხებულ მოსახლეობას?
- რამდენიმე ინტერვიუში უკვე განვაცხადე, რომ მე ეს გეგმა მომწონს, მაგრამ არა ეკონომიკური, არამედ მსოფმლმხედველური თვალსაზრისით. ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია და ნებისმიერი ანგარიშგება მხოლოდ ლარში უნდა წარმოებდეს. ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული სიამაყის ნაწილი, არამედ კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნილებაცაა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ, მაგალითად, ფრანგული ან გერმანული ან ბრიტანული ან შვეიცარული ბანკი კრედიტს დოლარში დაგიფიქსირებთ, ხოლო ამ ქვეყნის დეველოპერული კომპანია ბინას დოლარში მოგყიდით? ასეთივე სიტუაცია საქართველოშიც უნდა დაწესდეს.
- როგორ შეფასებდით 2016 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით?
- ალექსანდრე ჭავჭავაძის სიტყვებისა არ იყოს: „მე იგივე ვარ მარად და მარად“...
- რას მიიჩნევდით 2016 წელს უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ მოვლენად?
- ასეთები ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემზე 2016 წელს ავტომაგისტრალების დაჩქარებულმა მშენებლობამ მოახდინა შთაბეჭდილება.
- რას მიიჩნევდით 2016 წლის ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ ეკონომიკურ ფაქტად?
- ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ლარის კურსის მსხვრევაა. ყველაზე იმედისმომცემი, და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეს სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური ქარხნების მშენებლობის დაწყებაა.
ყველაზე იმედისმომცემი და არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეს სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური ქარხნების მშენებლობის დაწყებაა

- რას მიიჩნევდით იმის მიზეზად, რომ "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ქვეყანაში არ შექმნილა ახალი საწარმოები, არ გაზრდილა დასაქმებულთა რაოდენობა და ქვეყანას არ დაუწყია იმგვარი პროდუქციის წარმოება, რომლის გატანა ექსპორტზე იქნებოდა შესაძლებელი...
- ჩემის აზრით, ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე საწარმო ამუშავდა. რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია და მთავრობა აქ არაფერ შუაშია. საქმე გვაქვს ქართველი რიგითი მეწარმეების დაბალ სამეწარმეო კულტურასთან და ორიოდე წლის განმავლობაში ამ ხარვეზის გამოსწორება აშკარად უტოპისტური იყო. იმედია, ქართველები ნიჭიერი ერი ვართ და ევროპული დონის მეწარმეობასაც მალევე შევისწავლით.
- ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცუდ თანამშრომლობას საყვედურობს, რის შედეგადაც ქვეყანა იმ გრანტებსაც ვერ იღებს, რაც მაგალითად წინა წელს იყო დაგეგმილი. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება პროექტების დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით ვერ საქმიანობს?
- მეჩვენება, რომ ეს ბრალდება უსამართლოა. საერთაშორისო დონორებს უამრავი ახალი გაუთვალისწინებელი გამოწვევა დახვდა: ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში, ჰუმანური კატასტროფა სირიაში, დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული დეფოლტის ხიფათი საბერძნეთსა და პორტუგალიაში და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი.
საერთოდ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ რაც წინ წავალთ, მით ნაკლები იქნება საერთაშორისო ფინანსური დახმარება. აბა, ხელგაშვერილი მათხოვარივით ხომ სულ არ უნდა შევყურებდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას?
- პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 26 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობა "საქართველოს რკინიგზისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25%-ის გასხვისებას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკება უკვე გამართა და კომპანიათა აქციების საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად ხელსაყრელ პერიოდს ელის. პრესაში პოტენციური მყიდველებიც უკვე დასახელდნენ - "სოკარი" და "გაზპრომი". თუ დასახელებული აქციები ან ერთმა, ან მეორე კომპანიამ შეიძინა, ეს რისი ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს?
- ამაში ვერავითარ ხიფათს ვერ ვხედავ, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ თუ თქვენს მიერ დასახელებულ კომპანიებს ევროპელი კონკურენტებიც შეუერთებოდნენ. აქციების განთავსებაც საფონდო ბირჟებზე ჩვეული პრაქტიკაა, მაგრამ აქ მინდა, რომ ერთ თავისებურებას მიაქციოთ ყურადღება: ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზების გამო, ჩვენ ეს აქციები გაგვაქვს საზღვარგარეთ.
ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ქვაკუთხედი: ეროვნული კაპიტალური ბაზრის განვითარება და ამ მიზნისთვის აუცილებელი ინსტიტუტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შექმნაა. აი, ჩემი პირველი რჩევაც მთავრობისთვის

ნორმალური ქვეყნები კი უცხოელ ინვესტორებს თავის საფონდო ბაზრებზე იზიდავენ ხოლმე. აქ იკვეთება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ქვაკუთხედი: ეროვნული კაპიტალური ბაზრის განვითარება და ამ მიზნისთვის აუცილებელი ინსტიტუტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა. აი, ჩემი პირველი რჩევაც მთავრობისთვის.
- სავარაუდოდ, როგორია 2017 წელს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა? და კიდევ, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ 2017 წელს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვან წილად საგარეო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული?
- ფიზიკურად ძლიერი და კარგი იმუნიტეტის მქონე ადამიანი გრიპის ეპიდემიას არ უშინდება და არ ეგუება. ასეა ეკონომიკაშიც. თუ ძლიერია შენი ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, საგარეო ფაქტორებიც ვერაფერს დაგაკლებენ. იმედია, პრემიერ-მინისტრის ენერგიის ლომის წილი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის გაჯანსაღებას დაეთმობა.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები