არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
პარტიების დევალვაცია დადებითი პროცესია ისევე, როგორც ლარის დევალვაცია, ორივე ხელოვნურად მყარდებოდა, რისი გაგრძელებაც შეუძლებელი იყო
12:55 26-12-2016
პარტიების დევალვაცია დადებითი პროცესია ისევე, როგორც ლარის დევალვაცია, ორივე ხელოვნურად მყარდებოდა, რისი გაგრძელებაც შეუძლებელი იყო 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 2016 წელი იწურება და მისი შეჯამების ტრადიცია წელსაც არ გვინდა დავარღვიოთ. როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის 2016 წელს?
- ამ წელს მოულოდნელობების წელს დავარქმევდი, ზოგისთვის უსიამოვნო და ზოგისთვის სასიამოვნო სიურპრიზებისას. ქვეყნის მოსახლეობა არჩევნებამდე თვლიდა, რომ „ნაცმოძრაობის“ თემა აღარ იყო აქტუალური, რადგან სააკაშვილი უკრაინაში წავიდა და ბევრი პარტია შევიდოდა პარლამენტში. აღმოჩნდა, რომ უკრაინიდან საქართველოში რევოლუცია იგეგმებოდა. ამ სიურპრიზის გამო მოსახლეობამ უყურადღებოდ დატოვა მცირე პარტიები და მანდატების დიდი წილი გადასცა „ქართულ ოცნებას“. პარტიები ელოდნენ, რომ „ოცნებით“ და „ნაციონალებით“ უკმაყოფილების ფონზე ისინი მიიღებდნენ მანდატებს და მოსახლეობის არჩევანი უსიამოვნო სიურპრიზი იყო მათთვის. ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი „წავიდა სახლში“, ზოგი სცენას დაუბრუნდა, ზოგი თანაპარტიელებს დაუპირისპირდა. მმართველი პარტიისთვის დიდი უპირატესობით გამარჯვება სასიამოვნო, მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო.
ამ წელს მოულოდნელობების წელს დავარქმევდი, ზოგისთვის უსიამოვნო და ზოგისთვის სასიამოვნო სურპრიზებისას

მოულოდნელობისგან პირველად ღიმილის მომგვრელი განცხდებებიც გააკეთეს მიღებული კონსტიტუციური უმრავლესობის გამართლებისთვის - პარლამენტის ადგილი და პრეზიდენტის არჩევის წესია გადასაწყვეტიო. ბოლოს კი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის უსიამოვნო სიურპრიზები შემოგვთავაზეს დოლარმა და ლარმა. ჯერჯერობით, ვართ ამ სიურპრიზებიან წელიწადში, ეკონომიკით და პოლიტიკით დაღლილები ველოდებით შინაურ საახალწლო სასიამოვნო სიურპრიზებს, რისთვისაც მადლობას ზოგი თოვლის ბაბუას გადაუხდის, ზოგი - სანტა კლაუსს.
- რას მიიჩნევდით ამ წლის მთავარ მოვლენად და რატომ?
- ზემოთქმულიდანაც ცხადია, რომ არჩევნებს მივიჩნევ მთავარ მოვლენად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ბევრ რამეზე დაფიქრების საბაბს იძლევა იმ ფონზე, რომ ქვეყანას გაუჩნდა ახალი კონსტიტუციის იოლად მიღების შანსი. ამ ერთი არჩევნების შედეგად უხარისხო საღებავით დახატული სურათივით ჩამოიშალა ქართული პარტიული სპექტრი. დამაფიქრებელია, ასეთი არამყარი პარტიების მქონე ქვეყანა შეიძლება თუ არა დაადგეს საპარლამენტო რესპუბლიკის გზას, სადაც დემოკრატია პარტიების სიმრავლით მიიღწევა.
საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას პარლამენტი აკომპლექტებს (საპრეზიდენტო რესპუბლიკაში - ირჩევს ხალხი). ეს ნიშნავს, რომ თუ პარტიების სიმრავლე არ იქნა, ერთი პარტია დააკომპლექტებს პარლამენტს, მთავრობას და მუდამ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც გვქონდა კომუნისტების დროს. ასეთი ქვეყანა უნდოდა სააკაშვილს და ამიტომ გადავიდა საპარლამენტო მოდელზე. ამ რისკზე უნდა დაგვაფიქროს განვლილმა არჩევნებმა. ჩვენთან იმდენად დაბალია მოსახლეობის და პოლიტიკოსების პოლიტიკური კულტურა, რომ თითქმის ყველა პარტია თავისი ლიდერის გვარს უწერეს პარტიის დასახელებას, რათა ხალხისთვის იყოს ცნობადი. ასეთ კომიკურ მდგომარეობაში, ასეთი პოლიტიკური სიღატაკის და პარტიების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის ფონზე საპარლამენტო მმართველობის ფორმა ნაადრევი მეჩვენება ქვეყანისთვის.
არჩევნები მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. ოღონდ, თუ არჩევნები არაფერზე არ დაგვაფიქრებს, რისი ნიშნებიც უკვე არის, მაშინ, ბუნებრივია, იგი უმნიშვნელო, რიგითი მოვლენა იქნება

მეტიც, ვთვლი, რომ საქართველოსთვის მიზანშეწონილია ამერიკული მართვის სისტემა, რომელმაც თავისი მდგრადობა დამაჯერებლად დაამტკიცა. ჩვენი ადრინდელი საპრეზიდენტო მართვა პოლიტიკოსებზე მორგებული ვარიანტი იყო, როგორიც აფრიკის და ლათინური ამერიკის საპრეზიდენტო ქვეყნებშია. გამართული სისტემაა გასაკეთებელი, ოღონდ მორგებული ქართულ პოლიტიკურ კულტურას. აი, ამდენ ფიქრს აღძრავს ამ არჩევნების შედეგები და ამ დროს, ახლად შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ უკვე გადაწყვიტა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ამ ფუნდამენტურ საკითებზე რომ ითხოვს დაფიქრებას ეს არჩევნები, ამიტომ მიმაჩნია იგი მნიშვნელოვან მოვლენად. ოღონდ, თუ არჩევნები არაფერზე არ დაგვაფიქრებს, რისი ნიშნებიც უკვე არის, მაშინ, ბუნებრივია, იგი უმნიშვნელო, რიგითი მოვლენა იქნება. თავისთავად, ნებისმიერი მოვლენა არც მნიშვნელოვანია და არც უმნიშვნელო, მას ადამიანის ფიქრი ხდის მნიშვნელოვნად. უფიქრელად კი ისევ შევიფერებთ ძველ კითხვას: „ამისთანა ბედნიერი (бедный+ერი), განა არის სადმე ერი?“.
- წლის დასრულებამდე კიდევ შეიძლება მოხდეს რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო, მაგრამ რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკაში 2016 წლის ყველაზე პოზიტიურ და უარყოფით მოვლენად?
- პოზიტიურად მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების სასიამოვნო სიახლე იყო ენერგიული და კომპეტენტური ახალი ფიგურები, რომლებმაც გაიმარჯვეს მაჟორიტარულ არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური რესურსით, ფქვილის და შაქრის ტომრების გარეშე. ესე იგი მაჟორიტარული არჩევნები ზედმეტი არაა, შეიძლება პირიქით - პროპორციული სისტემაა ზედმეტი და უპრიანია არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს, როგორც ეს, ისევ, აშშ-შია.
უარყოფით მოვლენად მიმაჩნია ის, რომ არც ერთხელ დამაჯერებელი კომუნიკაცია არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ლარის გაუფასურებას, დასაწყისში გამაღიზიანებელი განცხადებებიც კი ჭარბად იყო

უარყოფით მოვლენად მიმაჩნია ის, რომ არც ერთხელ დამაჯერებელი კომუნიკაცია არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ლარის გაუფასურებას, დასაწყისში გამაღიზიანებელი განცხადებებიც კი ჭარბად იყო.
- 2016 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებული პროცესებიდან რამ გაგაკვირვათ, რა იყო მოულოდნელი?
- იმან, რომ ერთ დღეში გადაწყვიტა საკონსტიტუციო კომისიამ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არა მარტო ახალი პარლემენტი, არამედ ბევრი თვალსაზრისით მრავალმხრივ შეცვლილი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ. საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოავლინა. თქვენი დაკვირვებით, რა თავისებურებებით ხასიათდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობა?
- ამ პოლიტიკურ რეალობაზე უკვე ვილაპარაკე. მოკლედ რომ ვთქვა, მოხდა პარტიების დევალვაცია.
ერთი არჩევნების შედეგად უხარისხო საღებავით დახატული სურათივით ჩამოიშალა ქართული პარტიული სპექტრი
პარტიების დევალვაცია დადებითი პროცესია ისევე, როგორც ლარის დევალვაცია. ორივე ხელოვნურად მყარდებოდა, რისი გაგრძელებაც შეუძლებელი იყო. დღევანდელი კრიზისი პარტიებსაც და ლარსაც აიძულებს, რომ იპოვნონ ის ადგილი, რომელიც ბუნებრივად შეესაბამება მათ მნიშვნელობას ქვეყნის ცხოვრებაში.
- იმაზე, რომ 2012-2016 წლებში ”ქართული ოცნების” მმართველობა ეფექტური და ბევრი თვალსაზრისით წარმატებული არ იყო, ბევრი ითქვა და დაიწერა. როგორ დაახასიათებდით ”ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესებს, რით განსხვავდება 2016 წლის ”ქართული ოცნება” 2012 წლის ”ქართული ოცნებისაგან” და რას მიიჩნევდით 2016-2020 წლებში მმართველი გუნდის მთავარ პრობლემებად?
- განსხვავებით 2012 წლისგან „ქართული ოცნება“ უფრო მრავალწახნაგოვანი, პროფესიული და გაბედული გახდა კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში. ეს ბუნებრივია, 2012-ში „ოცნებას“ საბრძოლო ერთიანობა სჭირდებოდა, ახლა ესაჭიროება პროფესიონალიზმი და გაბედულება ყველა დონეზე, მათ შორის - კონსტიტუციაზე მუშაობაში. ვთვლი, რომ ამ გამოწვევაზე სრულფასოვანი პასუხი იქნება მმართველი გუნდის მთავარი პრობლემა.
- რამდენად აქვს მმართველ გუნდს თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემების დაძლევის რესურსი?
- უკვე აღვნიშნე, რომ საინტერესო ახალგაზრდები შემოემატა ამ გუნდს. თუ მათაც და უფროს თაობასაც განვითარების პირობები ექნებათ, მმართველ გუნდში ჩანს სერიოზული პრობლემების გადაჭრის რესურსი. პოლიტიკოსის განვითარების პირობა კი არის მის წინაშე პრობლემის მკაფიოდ დასმა, თავისუფლების მინიჭება პრობლემის გადაჭრაში და შედეგების პირუთვნელი შეფასება. ვთვლი, რომ ამ რეჟიმის დაკანონება შეუძლია დღევანდელ პრემიერს.
თუ ”ნაცმოძრაობა” წარსულისგან მოწყვეტას და ახალი პლატფორმის შექმნას შესძლებს, მან შეიძლება შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ სცენაზე. მეტ-ნაკლები ხარისხით განახლების ამგვარი ამოცანა ყველა პარტიას უდგას

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არსებული არა ერთი პრობლემა გამოაშკარავა. თქვენ რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად?
- მთავარი პოლიტიკური პრობლემა ისევე ძველია, როგორც უმუშევრობის სოციალური პრობლემა, იგი 25 წელია თან გვდევს. ვერ ხერხდება საკითხების თამამად დასმა, მათი გადაჭრის სხვადასხვა კონცეფციების წამოყენება, ხშირია სტერეოტიპების ამოჩემება, შემოქმედებითობის და სიახლის გაუბედავობა. ეს პრობლემები დგას როგორც სახელმწიფოს მართვის, ასევე პარტიების მართვის დონეზე.
- საპარლამენტო არჩევნების შედეგად უცნაურად განვითარდა პროცესები არჩევნებში დამარცხებულ პარტიებში. რესპუბლიკელების რიგები დატოვა დავით უსუფაშვილმა. ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ რჩება ირაკლი ალასანია, მაგრამ არჩევნების დამთავრებისთანავე მან პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღების შესახებ განცხადება გააკეთა. ცალკე საუბრის თემაა ”ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები. თქვენი დაკვირვებით რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და სავარაუდოდ, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ ძველ აქტორებს?
- მათ იგივე პერსპექტივა აქვთ, რაც ყოველ ადამიანს გარდამავალ ასაკში - ზრდის პერსპექტივა. გარდამავალი ასაკის მტკივნეული ტრანსფორმაცია ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ პროცესებში.
მმართველ გუნდში ჩანს სერიოზული პრობლემების გადაჭრის რესურსი

ზოგიერთმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ მოკვდაო. შეიძლება პირიქით, იგი ახლა დაიბადოს - დაიბადოს, როგორც ახალი პარტია, რომელიც ნულიდან დაიწყებს მოქმედებას. ეს მისთვის ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ თუ წარსულისგან მოწყვეტას და ახალი პლატფორმის შექმნას შეძლებს, მან შეიძლება შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ სცენაზე. მეტ-ნაკლები ხარისხით განახლების ამგვარი ამოცანა ყველა პარტიას უდგას.
- უცნაური, მაგრამ შესაძლოა, კანონზომიერი პროცესები ვითარდება ოდესღაც ძლევამოსილ ”ნაცმოძრაობაში.” თუ ადრე ამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა, ახლა მისი ლიდერები ერთმანეთის საჯაროდ კრიტიკას არ ერიდებიან. რა ხდება ”ნაცმოძრაობაში” და სავარაუდოდ, რით დასრულდება ”ნაციონალებში” შიდაპარტიული დაპირისპირება?
- ეს დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ნაციონალებს რომც გაემარჯვათ 2012-ში, ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდებოდნენ (ერთმანეთით უკმაყოფილების მუხტი აბა სად წავიდოდა?!) და სამოქალაქო ომის საფრთხეს შეუქმნიდნენ ქვეყანას. ახლა მხოლოდ შიდაპარტიული ომია. საჯარო კრიტიკა, ალბათ, უფუნქციო არაა. მათ სურთ, რომ საზოგადოებამ მათი პოზიცია დაინახოს. მე მგონია, რომ დაშლა გარდაუვალია, მაგრამ ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება? თუ - კი, სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკური ძალა შეიძლება აღმოჩნდეს იგი?
- ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის ალბათობა დამოკიდებულია ძველი პოლიტიკური ძალების მოქმედებებზე. თუ ძველებმა ვერ ივარგეს, ახალი გამოჩნდება, მაგრამ ასეთ პირობებში გაჩენილ პოლიტიკურ ძალას ავანტურისტული სტილი აქვს ხოლმე. მე ვამჯობინებდი ძველი ძალების განვითარებას, თუ კი ეს შესაძლებელია.
- შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები უცნაურადაც კი ვითარდება. დიდია იმის ალბათობა, რომ ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებულმა რეალობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოს. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს? და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე?
- თქვენთან ადრე გაკეთებულ ინტერვიუში მეც, ისევე როგორც ბევრმა ანალიტიკოსმა, ვთქვი, რომ იზრდება კონსერვატიზმის გავლენა ლიბერალიზმის გავლენის შემცირების ხარჯზე.
ეს ტენდენცია მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის გაპრეზიდენტებაში. მოსალოდნელია, რომ ანალოგიური პროცესები განვითარდეს ევროპაშიც. კონსერვატიზმის გამარჯვება გაამყარებს პუტინის პოლიტიკას და შემცირდება დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. სავარაუდოა, რომ ეს ყოველივე ძალთა ახალ გადანაწილებას გამოიწვევს, რაც მოგვიანებით მნიშვნელოვან პრობლემებს გაუჩენს ამერიკას. ალბათ, ახალ პოლიტიკურ პასიანსში თავისი ადგილის მოპოვებას ეცდება ჩინეთიც.
- სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე?
- თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება შემცირდება, შეიძლება ეს ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რადგან დასავლეთისკენ ჩვენი სწრაფვა რუსეთმა საფრთხედ შეიძლება აღარ აღიქვას. ამის ნიშნები უკვე გაჩნდა უვიზო რეჟიმის პუტინისეულ შეფასებაში.
მნიშვნელოვანი იქნება ამ მომენტის მაქსიმალურად გამოყენება, რათა უმტკივნეულოდ მივაღწიოთ დასავლეთთან სრული ინტეგრაციის მიზანს იქამდე, სანამ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა არ გაჩნდება
მნიშვნელოვანი იქნება ამ მომენტის მაქსიმალურად გამოყენება, რათა უმტკივნეულოდ მივაღწიოთ დასავლეთთან სრული ინტეგრაციის მიზანს იქამდე, სანამ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა არ გაჩნდება.
- იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ხდება, თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას? რას მიიჩნევდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად და თვალშისაცემ წარუმატებლობად?
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის დიდი წარმატებაა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის იდგმება ნაბიჯები ისე, რომ ამის საზღაურის გადახდა არ გვიწევს რუსეთისათვის. ამავე დროს, წარმატებად მიმაჩნია კონტაქტების გაზრდა აღმოსავლეთთან.
- როგორ შეაფასებდით რუსეთში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის აქტიურობას?
- ეს საკითხი თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი გახდა, რაც უკვე არის რუსეთის წარმატება. დასავლეთის ბევრი ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ეკონომიკურად სუსტმა რუსეთმა მოახერხა შეუსაბამოდ მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მსოფლიო პოლიტიკაში.
ეს ყოველივე ხდება დღეს, მაგრამ საეჭვოა, რომ მანევრირების ამ უნარმა რუსეთს შეუქმნას მყარი პერსპექტივა სამომავლოდ. ჩინეთს რუსეთის ტერიტორია სურს. ისლამური სამყაროც რუსეთს უყურებს, როგორც თავისი გავლენის მომავალ ასპარეზს. დასავლეთს, რომლის გეოპოლიტიკური ამოცანები რუსეთისას ემთხვევა, ჯერჯერობით თავად რუსეთი უპირისპირდება. ამდენად, რუსეთი პოტენციური მტრებითაა გარშემორტყმული და საკმარისია წაიფორხილოს, მას ბევრი მხრიდან შეუტევენ. საეჭვოა, რომ არსებული საგარეო კონტექსტის და შიდა ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რუსეთმა საერთაშორისო პოლიტიკაში დომინირების შენარჩუნება მოახერხოს.
- თქვენი აზრით, 2016 წელს რა შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდი საფრთხე და გამოწვევა?
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევები ემთხვევა გამოწვევებს, რომლებიც დგას ევროპის წინაშე - რუსეთის და ისლამური რესპუბლიკის აგრესია, მიგრაციული პროცესები აღმოსავლეთიდან. სპეციფიკური შეიძლება ის იყოს, რომ საქართველო ევროპის საზღვარზეა და ყველა ამ პროცესის სატრანზიტო გზად შეიძლება იყოს გამოყენებული. ამდენად, დასავლეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. ამიტომ, დღეს „ობოლი ქვეყანა“ აღარ ვართ.
- მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ახლა როცა რუსეთი არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპულ, ამერიკულ და ახლო აღმოსავლეთის მოედნებზე აქტიურობს, რა ტიპის საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რუსეთისაგან?
- რაც უფრო გაიზრდება რუსეთის მოქმედების არეალი, მით ნაკლებად მოიცლის ის პატარა საქართველოსთვის. საქართველოსთვის რუსეთის საფრთხე გაიზრდება, თუ რუსეთს თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე დარჩება. სანამ რუსეთი ევროპისა და ამერიკის პოლიტიკაშია ჩართული, ახლო აღმოსავლეთში ათამაშებს კუნთებს და ცდილობს ურთიერთობა ააწყოს ჩინეთსა და იაპონიასთან, საქართველოსთვის მას არ ეცლება. ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია რუსეთის შიშის გარეშე გავიმაგროთ პოზიციები მსოფლიოში.
სანამ რუსეთი ევროპისა და ამერიკის პოლიტიკაშია ჩართული, ახლო აღმოსავლეთში ათამაშებს კუნთებს და ცდილობს ურთიერთობა ააწყოს ჩინეთსა და იაპონიასთან, საქართველოსთვის მას არ ეცლება. ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია რუსეთის შიშის გარეშე გავიმაგროთ პოზიციები მსოფლიოში

ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, რადგან შეიძლება არც ისე შორს არ არის დრო, როცა დასავლეთი, რუსეთის „ოქროს თევზი“, შეძლებს შეამციროს მსოფლიოზე გავლენის რუსული სწრაფვა და იგი ისევ დააბრუნოს პოსტსაბჭოთა სივრცის „გატეხილ გობთან“. იმ დროისთვის გახდება ჩვენთვის რეალურად საჭირო ნატოც, ევროკავშირიც და ჩინეთის მხარდაჭერაც. ასეთი მყარი მხარდაჭერის შექმნის პერსპექტივა ჩანს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში.
ზოგადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვცადე, რომ ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი მეჩვენებინა. თუ მოვახერხე, ეს ინტერვიუ ჩემთვის გამართლებულია, თუ ვერ მოვახერხე - უფრო ღრმა მსჯელობა გადავდოთ შემდეგი ინტერვიუსთვის. ახლა კი ყველას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს, სიხარულს და ყველა ამბიციური სურვილის ასრულებას მამლის წელიწადში.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები