არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
2017 წელს რუსეთს ძალიან ბევრი ვერბალური ამბიცია ექნება
13:26 04-01-2017
2017 წელს რუსეთს ძალიან ბევრი ვერბალური ამბიცია ექნება სირიაში რუსეთის, თურქეთისა და ირანის აქტიურობის პერსპექტივებზე, თუ როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი და სირიის თემა როგორ აისახება რუსეთთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობებზე, ასევე იმაზე, ტრამპის პრეზიდენტობისას სავარაუდოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ”ინტერპრესნიუსი” მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან სპეციალისტს, აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, სირიის საკითხზე მოსკოვი, ანკარა და თეირანი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეთანხმდნენ. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა სცენარით დასრულდება სირიის კრისიზი? მოსკოვში მიიჩნევენ, რომ სირიის კრიზისი რუსული სცენარით გადაწყდება...
- მოსკოვის სცენარის ამოსავალი პოზიცია ბაშარ ასადის ხელისუფლებაში გაურკვეველი ვადით დარჩენაა და ჯერ ეს სცენარი არაა გამსვლელი. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ გაჩენილია იმედების მორიგი რაუნდი. საუბარია იმაზე, რომ გამორიცხული არაა ეს შესაძლებელი გახდეს.
კრემლმა ბევრი გააკეთა მოსკოვი-ანკარა-თეირანის სამკუთხედის ფორმატის შექმნისა და გაძლიერებისთვის. მართალია, ამ სამკუთხედის ერთიანობა მყიფეა, მაგრამ ეს კავშირი რომ უფრო ხელშესახებ ფორმას იძენს - ფაქტია. ამ წარმატების სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ანკარაში რუსეთის ელჩ კარლოვის მოკვლის მიუხედავად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლივ ჩამოფრინდა მოსკოვში რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ მხარეები მომხდარის მიუხედავად მზად აღმოჩდნენ გაეგრძელებინათ სირიის საკითხზე კონტაქტები და მოლაპარაკებები.
კრემლმა ბევრი გააკეთა მოსკოვი-ანკარა-თეირანის სამკუთხედის ფორმატის შექმნისა და გაძლიერებისთვის. მართალია ამ სამკუთხედის ერთიანობა მყიფეა, მაგრამ ეს კავშირი რომ სულ უფრო ხელშესახებ ფორმას იძენს, ესეც ფაქტია

მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სირიის საკითხში რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის შეუთანხმებლობები კვლავაც არსებობს. ეს პირველ ყოვლისა ეხება წინააღმდეგობებს ირანსა და თურქეთს შორის. იგივეს თქმა შეიძლება რუსეთისა და თურქეთის პოზიციებზე. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ანკარის მიმართულებაზე მოსკოვს პრობლემები არ აქვს. თურქები ასადზე არაფერს ამბობენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ანკარა ხელისუფლებიდან მის წასვლას დიდი ხანი ითხოვდა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ სირიის საკითში რუსეთს გარკვეული წარმატებები აქვს.
ჩემი აზრით, სირიის საკითხში მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აშშ თავს არიდებს სირიის კონფლიქტში მონაწილოებას და კრიზისის გადაჭრის გზების ძიებას. ტრამპს კარგად ესმის, რომ სირიაში ამერიკის მხრიდან სრული წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. მას ეს არც სჭირდება, იგი სირიის საკითხზე ვერაფერს მოიგებს, ვერც ავტორიტეტს და ვერც პოპულარობას ვერაფერს შემატებს.
ახლა სირიის საკითში აქტიურად არიან ჩართული რუსეთი, თურქეთი და ირანი, მაგრამ მათაც ყველა საკითხში არ აქვთ თანხმობა. მათ გარდა, კიდევაა სხვა საგარეო ფაქტორები. მე ვსაუბრობდი სირიის საკითში აშშ-ს დისტანცირებაზე, მაგრამ ეს არ გახლავთ სრული დისტანცირება. ვაშინგტონს მაინც ექნება ის პოზიციები, რაც მას სირიის საკითხში მანამდე ჰქონდა. უბრალოდ, შექმნილ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთს და სირიის საკითში მის პარტნიორებს - თურქეთსა და ირანს.
სირიის საკითხში მნიშვნელოვანია ის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აშშ თავს არიდებს სირიის კონფლიქტში მონაწილეობას და კრიზისის გადაჭრის გზების ძიებას. ტრამპს კარგად ესმის, რომ სირიაში ამერიკის მხრიდან სრული წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სირიის საკითხში დაინტერესებული კიდევ ერთი ქვეყანა - საუდის არაბეთი. საუდის არაბეთი გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას თურქეთთან, მაგრამ ბაშარ ასადთან დაკავშირებით საუდის არაბეთს საკუთარი პოზიცია ექნება. შესაძლოა, ეს არ იყოს მათ შორის დაუძლეველი წინააღმდეგობის საფუძველი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ბაშარ ასადს მხარს ერთმნიშვნელოვნად არ დაუჭერენ.
ფაქტია, რომ სირიაში სამოქალაქო ომია. გასაგებია რომ ომის ტემპერატურა ისეთი მაღალი აღარაა რაც იყო, არც ისეთი დიდი მსხვერპლია, მაგრამ მაინც სამოქალაქო ომია. მე ასეთი იმედი არ მექნებოდა, რომ მოსკოვს, ანკარასა და თეირანს შორის სირიის საკითხში საყოველთაო კონსენსუსი იქნება და ყველაფერი ამით დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ სამოქალაქო ომი ძალიან სერიოზული რამაა. საზოგადობა დაღლილია, ბაშარ ასადის მომხრეებიც დაიღალნენ და ოპოზიციაც დაიღალა. მიუხედავადა ამისა, ყოველთვისაა რეციდივების შესაძლებლობა. მიუხედავად ალეპოში მომხდარისა და იმისა, რომ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს.
მე არ მექნებოდა ისეთი იმედი, რომ მოსკოვს, ანკარასა და თეირანს შორის სირიის საკითხში საყოველთაო კონსენსუსი იქნება და ყველაფერი ამით დასრულდება - უნდაც იმიტომ, რომ სამოქალაქო ომი ძალიან სერიოზული რამაა

- და მაინც რომ დავუბრუნდეთ თემას - სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება პროცესები სირიაში?
- ძნელად წარმომიდგენია ბაშარ ასადის ხელისუფლებაში იქამდე დარჩენა, სანამ იგი სირიაში რუსეთს სჭირდება. მე იმის წარმოდგენაც მიჭირს, სავარაუდოდ, თუ როგორი შეიძლება იყოს სატრანზიტო კოალიცია, ვთქვათ, ბაშარ ასადის მონაწილეობით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სირიულ ოპოზიციაში არიან რადიკალები, რომლებსაც არ უნდაც მონაწილეობა მიიღონ ბაშარ ასადის მონაწილეობით რამე სახის კოალიციაში, თუნდაც ეს კოალიცია ტრანზიტული იყოს. ტრანზიტული კოალიცია კიდეც რომ შედგეს, ბაშარ ასადს მასში ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეები ეყოლება.
თუ დავუშვებთ, რომ ყველაფერი რუსული სცენარით მიდის, ანუ ბაშარ ასადი რჩება, დღის წესრიგში დადგება სირიის აღდგენის საკითხი. ეს კი კოლოსალურ თანხებს მოითხოვს. ვინ შეიძლება ეს თანხები გასცეს? რუსეთს ფული არ აქვს. რუსეთი ისედაც ბევრს ხარჯავს ყირიმზე, დონბასზე, ევრაზიულ კავშირზე. თურქები ფულს არ გადაიხდიან. შესაძლოა, გარკვეული თანხები ირანმა მოიძიოს, მაგრამ ირანი თავად არ გახლავთ ძალიან მდიდარი ქვეყანა. რჩება საუდის არაბეთი. რა პირობებზე შეიძლება დათანხმდეს საუდის არაბეთი მხარი დაუჭიროს სირიაში კოალიციაში კოალიციურ რეჟიმს? ეს ჯერ კიდევ უცნობია.
ახლა სირიაში ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, რომლის მთავარი ინტრიგაა თუ რა იქნება მომავალში? მე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დე-ფაქტო სირია დაყოფილი იქნება გავლენის სფეროებად

ჩემი აზრით, ახლა სირიაში ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, რომლის მთავარი ინტრიგაა თუ რა იქნება მომავალში. მე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დე-ფაქტო სირია დაყოფილი იქნება გავლენის სფეროებად.
- თქვენ ადრეც გაქვთ ნათქვამი, რომ სირიის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია...
- სირიის ერთიანობა ნომინალური იქნება. სირიის გარკვეულ რეგიონებზე მეტად გავრცელდება რუსეთის გავლენა. მხედველობაში მაქვს დასავლეთის მხარე და ასევე ჩრდილო-დასავლეთი. გარკვეული რეგიონები თურქეთის გავლენის ქვეშ მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბაშარ ასადი დარჩეს, მას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს თავისი ტერიტორიების გაკონტროლება არ შეეძლება. მე ჯერ არაფერი მითქვამს არც ქურთებსა და არც ”ისლამურ სახელმწიფოზე”.
- ახლა სწორედ ქურთებზე მინდოდა მეკითხა, ვინაიდან სირიის სამოქალაქო ომში ისინი აქტიურად და დამასკოსაგან საკმაოდ დამოუკიდებლად მონაწილეობენ და ყველაზე მეტად წარმატებულად ეწინააღმდეგებიან ”ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებს...
- სხვათა შორის, ქურთები და ”ისლამური სახელმწიფო” ასევე ითხოვენ მათთვის ტეროტორიების განსაზღვრას. მეტიც, გარკვეულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის მინიჭების უფლებას. თუ სირია გავლენის ზონებად იქნება დაყოფილი, როგორც ამას ყველა გარდაუვლად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ”ისლამური სახელმწიფოსთვის” შეიძლება გაჩნდეს გარკვეული სივრცე. თუ სირიის რუკას დავაკვირდებით, რომლის ნაწილები სხვადასხა ფერებშია გაფერადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ისლამური სახელმწიფო” სირიის სხვადასხვა რეგიონებში თავისუფლად გადაადგილდება და მოძრაობს. გაუგებარია კოალიციის შემთხვევაში სად წავა ”ისლამური სახელმწიფო.” ვფიქრობ, რომ სირიის საკითხში იწყება მძვინვარე და მძაფრი ინტრიგების პერიოდი. შესაძლოა, იგი არ იყოს სისხლიანი, მაგრამ რეციდივები გამორიცხული არაა.
სირიაში რუსეთის გეგმა გახლავთ გეგმა რუსეთისა და ბაშარისათვის. ყველა დანარჩენისთვის იგი მხოლოდ კონტურებია, რომლის ირგვლივაც ბრძოლა იქნება

ასე რომ, სირიაში რუსეთის გეგმა გახლავთ გეგმა რუსეთისა და ბაშარისათვის. ყველა დანარჩენისთვის იგი მხოლოდ კონტურებია, რომლის ირგვლივაც ბრძოლა იქნება.
- ბევრი თქვენი რუსი კოლეგა მიიჩნევს, რომ მსოფლიო პოლიტიკა რუსული სცენარით ხორციელედება. მაგრამ თქვენი კოლეგა მოსკოვის კარნეგის ცენტრიდან, ანდრეი კოლესნიკოვი თვლის რომ - ”ადრეა ზარების შემოკვრა იმის აღსანიშნავად, რომ მსოფლიო კრემლში დახაზული გეგმით იცვლება”...
- ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მექნება - ხომ ყველას ეგონა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს ტრამპი ვერ მოიგებდა. არჩევნები რომ ჰილარი კლინტონს მოეგო, სირიაში მოვლენების რუსული სცენარით განვითარებაზე ახლა არავინ ისაუბრებდა. ტრამპს სირია არ სჭირდება - ამ თვალსაზრისით, რუსეთს გარკვეულწილად გაუმართლა.
არჩევნები რომ ჰილარი კლინტონს მოეგო, სირიაში მოვლენების რუსული სცენარით განვითარებაზე ახლა არავინ ისაუბრებდა

- სწორედ ამიტომ ფიქრობთ რომ სირიაში პროცესები რუსული სცენარით განვითარდება?
- მოდით, ასე დავსვათ კითხვა - ვითარდება თუ არა უკრაინაში პროცესები რუსული სცენარით? რა თქმა უნდა არა. ვერ დამისახელებთ მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო ვექტორებს, რომლებიც რუსული სცენარით ვითარდება. აბრეშუმის გზა? ევრაზიული კავშირი? ბრიკსი? ყველა ამ პროცესში მონაწილე ქვეყნები ასე თუ ისე მხოლოდ თავისი ქვეყნისა და რეგიონალური ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობენ. თუ რომელიმე მათგანი რუსულ ამბიციებს ემთხვევა, ეს რუსეთისთვის კარგია.
- სირიის საკითხში ემთხვევა თუ არ ემთხვევა?
- მე კითხვას ასე დავსვამდი - რაში მდგომარეობს სირიაში რუსეთის გამარჯვების არსი? იმ შემთხვევაშიც კი თუ სირიაში პროცესები რუსული სცენარით განვითარდა რუსეთი რას მოიგებს? ვთქვათ, ბაშარ ასადმა ძალაუფლება შეინარჩუნა, მერე რა? რუსეთს სირიაში კონკრეტული ნაციონალური ინტერესები აქვს სირიის ეკონომიკაში? რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ რა? რა რუსეთი შეძლებს სირიის გამოყენებას თავისი ინტერესებისთვის? გაზსადენებისა თუ ნავთობსადენების სახით რაიმე სარგებლის მიღებას? თუ დარჩა ასადი ხელისუფლებაში, რუსეთი ამით რას იგებს? არც არაფერს.
თუ დავუშვეთ, რომ ბაშარ ასადი დარჩა სირიის ხელისუფლებაში, პირველ რიგში ის დაიწყებს ფულის თხოვნას. ვინც მას ფულს მისცემს, ის იქნება სირიაში ვითარების დამლაგებელი და ქვეყნის რეალური მეპატრონე.
- რამდენადაც შესაძლებელია თვალს ვადევნებთ რუსეთში განწყობებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სირიაში გარკვეული წარმატების გამო გარკვეული ოპტიმიზმია საზოგადოებაში გაჩენილი. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ სირიაში პროცესები კრემლის სცენარით განვითარდა, მოსკოვმა შესაძლოა კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყოს საუბარი ”იალტა-2-ის” კონფერენციის ჩატარების აუცილებლობაზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის განსაკუთრებულ უფლებებზე?
- პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკისაგან აღფრთოვანებული არ არიან თავად პოსტსაბჭოთა სივრცეში. დსთ-ს ქვეყნებიდან ვინმემ ყირიმის ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა? არც არავინ აღიარებს. უკრაინა განსაკუთრებული შემთხვევაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუა აზიის მახლობლად ჩინეთია, რომელსაც არც არაფერი უღიარებია და არც აღიარებს. ჩემი აზრით, 2017 წელს რუსეთს ძალიან ბევრი ვერბალური ამბიციები ექნება.
2017 წელს რუსეთი თავის ამბიციებს არ დამალავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასავლეთის პოზიცია საკმაოდ მკაფიო და მკაცრი იქნება

- თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2017 წელს რუსეთმა შეძლოს თავისი ვერბალური ამბიციების მატერალიზაცია?
- ჩემი აზრით, ზოგადად, რუსეთის ამბიციების განხორციელებას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ხომ არაპროგნოზირებადია. საქმე ისაა, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პიროვნულ ფაქტორსა და პრეზიდენტ პუტინის ამბიციებს. მაგრამ საქმე ასევე ისაა, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთის მოგებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. კი ბატონო, ყირიმი რუსეთმა გადაყლაპა, მაგრამ თუ აქამდე ყირიმითან დაკავშირებულ ლიტერატურას გადავხედავთ, რუსეთის მოსახლეობა სავსებით სამართლიანად თვლიდა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და იგი უკრაინის შემადგენლობაში საკმაოდ შემთხვევით აღმოჩნდა.
ვთქვათ, იგივე აფხაზეთი. მე ბავშვობაში აფხაზეთში საკმაოდ ხშირად დავდიოდი ბაბუასთან და ვიცი, რომ ჯერ კიდევ 50-იან წლებში აფხაზები აწყობდნენ დემონსტრაციებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის მოსახვედრად. შესაძლოა, რუსეთს ესეც აპატიონ. ყველაფერი დანარჩენი კი არ გამოვა.
თუ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები იმ დონეზე შენარჩუნდა, როგორც ახლაა, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა თურქეთმა აღიაროს

რა, შესაძლებელია ყაზახეთის, უზბეკეთის გადაყლაპვა? ამ ქვეყნების კი არა, რუსეთს მოლდოვას გადაყლაპვა აღარ გამოუვა. თუ ამჩნევთ, ახლა რუსეთში კბილებს ლუკაშენკოზე ილესენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შუალედური სიტუაცია იქნება.
2017 წელს რუსეთი თავის ამბიციებს არ დამალავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასავლეთის პოზიცია საკმაოდ მკაფიო და მკაცრი იქნება. ამ შემთხვევაში სირია მაგალითად არ გამოდგება, ვინაიდან იგი დიდი თავის ტკივილია. სირიის საკითხში ვაშინგტონის პოზიცია ასეთია - უნდათ რუსეთს იყვნენ დაკავებული სირიის საკითხით, ჰოდა, კი ბატონო, იყვნენ!
- ბრძანეთ რუსეთს შესაძლოა აფხაზეთის მიერთება ეპატიოს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ანუ, ფიქრობთ, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთს არასოდეს დაუბრუნებს?
- ეს შესაძლოა, მაშინ მოხდეს, თუ რუსეთში დაშლის პროცესი დაიწყება. მე რომ პუტინი ვიყო, საქართველოს აფხაზეთს დაუყოვნებლივ დავუბრუნებდი და საქართველოს მშვიდ ცხოვრებაში ხელს შევუშლიდი - გაუგებარია ვის სჭირდება აფხაზეთი?
ადრე თუ გვიან, ტრამპთან დაკავშირებით რუსეთს დაუდგება იმედების გაცრუების დრო

თუ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები იმ დონეზე შენარჩუნდა, როგორც ახლაა, შესაძლოა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა თურქეთმა აღიაროს. არ ვამბობ, რომ ეს სწრაფად მოხდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ეს ასე 20-30 წლის, შესაძლოა, 50 წლის შემდეგ მოხდეს. ანაც, აფხაზეთის საკითხი ყარაბაღის კონფლიქტს დაემსგავსოს, რომელიც ყველა მხარეს შორის განხეთქილების ვაშლია. ფაქტია, რომ აფხაზეთის საკითხში აბსოლუტურად გამოუვალი ვითარებაა.
- ვიდრე ტრამპს აშკარად ანტირუსული განცხადებები არ გაუკეთებია, მოსკოვი ტრამპის წინაშე ქედის მოხდას აგრძელებს. თქვენი აზრით, მას შემდეგ, რაც 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია შედგება და იგი თეთრ სახლში შევა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?
- ვფიქრობ, რომ ტრამპთან დაკავშირებით ხმამაღალი და იმედიანი განცხადებები გაივლის. ტრამპი რესპუბლიკელია, იგი აშშ-ს ინტერესების დასაცავად თავისი შეხედულებების შესაბამისად იხელმძღვანელებს. მისი ადმინისტრაცია ჯერ აშშ-ში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე იქნება კონცენტრირებული. მერე რა იქნება, ჯერ არავინ იცის.
ახლა კრემლს საქართველოსთვის არ სცალია. რადგან ასეა, არ გამოვრიცხავ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ზედმეტი აფიშირების გარეშე გაუმჯობესდეს კიდეც

ტრამპი უარს ვერ იტყვის აშშ-ს ზესახელმწიფოს სტატუსზე. ადრე თუ გვიან, ტრამპთან დაკავშირებით რუსეთს დაუდგება იმედების გაცრუების დრო. ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადი და განაწყენებისკენ იოლად მიდრეკილი ადამიანია. მოსკოვში კი ბევრი ხალხია, რომლებსაც შეუძლიათ ტრამპს აწყენინონ. მე არ მჯერა, რომ ტრამპსა და პუტინს სიყვარული ორმხრივი იქნება.
- 2017 წლის ივლისში რთული დრო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირმა რუსეთს უნდა გაუგრძელოს უკრაინის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები. თქვენი აზრით, გაუგრძელებს თუ არა ევროკავშირი სანქციებს რუსეთს და ამ საკითხში როგორი იქნება იმ დროისთვის ვაშინგტონის პოზიცია?
- ეს კომპლექსური პრობლემაა, იგი ერთნაირად ეხება ტრანსატლანტიკურ და ევრაზიულ ურთიერთობებს. ბევრი იქნება დამოკიდებული თავად რუსეთის მოქმედებაზე და არაპროგნოზირებად ფაქტორებზე. იგივე ტრამპი, ორიგინალური ადამიანია და ჩვენ არ ვიცით თუ როგორ იმოქმედებს იგი ვაშინგტონის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე. პროგნოზების კეთებას აზრი არ აქვს.
მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთს სანქციებს გაუგრძელებენ. იმისათვის, რომ სანქციები გაუქმდეს ან ნაწილობრივ მაინც შერბილდეს, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა უნდა მოხდეს და მან კარდინალურად უნდა შეცვალოს ვითარება. დღევანდელ ვითარებაში ასეთი ორი რამაა - ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება, რაც შეუძლებელია, ან დონბასში უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული. მაგრამ რა?
დონბასის უკრაინისთვის სრულად დაბრუნება და დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების არსებობის შეწყვეტა? მაგრამ წავა ამაზე პუტინი? პუტინი არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც რაღაცაში თავის სისუსტეს გამოავლენს და თავის შეცდომებს აღიარებს. კიევის მიმართ ნებისმიერი დათმობა აღიქმება პუტინის სისუსტის გამოვლინებად. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა გავითვალისწინოთ პუტინის ფსიქოლოგია. ჩვენ ვცდილობთ პოლიტოლოგიური მოდელებითა და კონცეფციებით ცხოვრებას, არადა ამ პროცესში ფსიქოლოგიას, - განსაკუთრებით იმ პირველი პირებისას, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, - უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- იმ ფსიქოლოგიის გათვალიწინებით, რომელიც რეალურად აქვს პრეზიდენტ პუტინს, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს 2017 წელი რუსეთის საშინაო პოლიტიკისათვის?
- ყველაფერი აბსოლუტურად ისე იქნება, როგორც აქამდე იყო. ვერ ვხედავ კარდინალური ცვლილებების წინაპირობებს. რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება? არც არაფერმა. უაზრო და დაუნდობელი რუსული ბუნტი გამორიცხულია. არც პუტინის სტალინად ქცევაა შესაძლებელი. 2016 წელმა რამე შეცვალა? არა არ შეუცვლია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო. შენარჩუნდება ყველა ინ ტენდენცია, რაც აქამდე იყო. შესაძლოა, მათი გამოვლინება იყოს სხვადასხვაგვარი.
- თქვენი კოლეგის, რუსი ექსპერტის ეკატერინა შულმანის აზრით, ”2017 წელს რეჟიმი შეეცდება ტრანსფორმირებას უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს”. რამდენად დიდია ამგვარი ალბათობა?
- ეს პროცესი კარგა ხანია დაწყებულია და არაერთი წელია გრძელდება. რეჟიმი თავის ”შვილებს ჭამს” - უმაღლეს ეშელონებში გარგა ხანია ერთმანეთს შორის მიმდინარეობს ურთიერთობების გარკვევა. ვიმეორებ, ერთი და იგივე ტენდენციებთან გვაქვს საქმე. ამიტომ, კარდინალური ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რა მნიშვნელობა აქვს ერთ გუბერნატორს დაიჭერენ კორუფციისათვის თუ ორს? ანაც კორუფციულ სქემებში მონაწილეობისთვის ერთ მინისტრს დაიჭერენ თუ ორს? არც არაფერი.
- ყოველივე ამის ფონზე, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?
- ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთისათვის საქართველოს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ახლანდელი ურთიერთობები ისეთი არაა, რომლის ინტერპრეტირება შესაძლებელი იყოს როგორც ფანტასტიკური წარმატების. არც იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველო აგრესიულად იქცევა და რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ალბათ, კრემლის დღის წესრიგში საქართველოს თემა მეოთხე ანდა მეხუთე საკითხი თუ იქნება. ახლა ყველაზე აქტუალურია სირია, უკრაინა, ევრაზიული კავშირი, არის ”ბატკა” ლუკაშენკო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თემა რუსეთის საგარეო პოლიტიკის პერიფერიაზეა.
ახლა კრემლს საქართველოსთვის არ სცალია. რადგან ასეა, არ გამოვრიცხავ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ზედმეტი აფიშირების გარეშე გაუმჯობესდეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ყველა ტელეარხებზე ”ბორჯომი” წარმატებით რეკლამირდება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები