არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
პუტინი შეეცდება ტრამპის გამოუცდელობაზე ითამაშოს
10:03 21-01-2017
პუტინი შეეცდება ტრამპის გამოუცდელობაზე ითამაშოს უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს კიევმა და თბილისმა აშშ-სთან მიმართებაში ”ინტერპრესნიუსი” უკრაინელ პოლიტოლოგს, კიევის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელსა და კიევის უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, უკრაინული რადის დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა - ”თუ უკრაინას დონბასის დაბრუნება სურს, უნდა ”შეეგუოს” ყირიმის რუსეთისთვის ჩაბარებას.” თქვენი დაკვირვებით, რა რეაქცია ჰქონდა და როგორ შეაფასა სავჩენკოს ეს განცხადება უკრაინის პოლიტიკურმა კლასმა, საზოგადოებამ და ზოგადად, შეიცვალა თუ არა მისადმი დამოკიდებულება?
- რამდენჯერმე წავიკითხე უკრაინულ ენაზე სავჩენკოს მიერ გაკეთებული ეს განცხადება. მას პირდაპირ ასე არ უთქვამს. ამგვარი აზრი მან გამოთქვა რუსეთთან ურთიერთობებზე მსჯელობისას, რომლის დროსაც გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი დონბასში მშვიდობასა და კიევის კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიების დაბრუნებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ უკრაინა ყირიმის საკითხში დათმობაზე წავა და ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე დათანხმდება.
ნადეჟდა სავჩენკოს განცხადებები მეტადაა თანხვედრაში იმასთან, რაც მოსკოვს უნდა და არა კიევს... შესაძლოა, სავჩენკომ თავადაც არ იცის, რომ მისით მანიპულირებენ

მას არ უთქვამს, რომ კიევი დათმობაზე უნდა წავიდეს. მან თქვა - თუ მოსკოვი გვპირდება მშვიდობიანი მოლაპარაკებებით დააბრუნოს დონბასის ნაწილი, რუსეთი ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ უკრაინა ყირიმს დათმობს.
არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა ამ განცხადებით სავჩენკოს, მაგრამ იგი ახლა იმგვარ ძალიან გაუგებარ და გაუაზრებელ განცხადებებს აკეთებს, რომ უკრაინელ ექსპერტებს უჭირთ მათი გაგება. ამის კარგი მაგალითია ის ფაქტიც, რომ მან ამას წინათ გამოაქვეყნა ტყვეობაში მყოფი უკრაინელების სია და ”ყველას ყველაზე” გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ამ სიის გასაჯაროება ბევრად გაართულებს ტყვეების გაცვლის პროცესს. ტყვეების გაცვლის საკითხი არ წყდება მათი სიის პრესაში გამოქვეყნებით.
და კიდევ, ყველა ექსპერტები ასევე თანხმდებიან იმაში, რომ სავჩენკოს არ ესმის მოლაპარაკებათა რეალური პროცესი, რომელიც კარგა ხანია მიმდინარეობს. მეტიც, ნადეჟდა სავჩენკოს განცხადებები მეტადაა თანხვედრაში იმასთან, რაც მოსკოვს უნდა და არა კიევს. რა მიზეზით ხდება ეს ასე, თქმა რთულია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებენ, დელიკატურად და დიპლომატიურად საუბრობენ იმაზე, რომ სავჩენკო ფსიქოლოგიურად არამდგრადი პიროვნებაა. მას ახლა გაუჩნდა განცდა, რომ მან ყველაფერი იცის და ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია და მესიის კომპლექსი აქვს. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ თვისებების გამო მისით მანიპულირება შესაძლებელია. შესაძლოა, სავჩენკომ თავადაც არ იცის, რომ მისით მანიპულირებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას მანიპულაციისთვის იყენებენ.
ახლა უკრაინაში სავჩენკოს განცხადებებს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, იგი პოლიტიკური საქმიანობისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა

და ბოლოს, რაც ამ თემაზე მინდა გითხრათ: ახლა უკრაინაში სავჩენკოს განცხადებებს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სავჩენკო, პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა და პოლიტიკოსად არ იქცა. იგი პოლიტიკური საქმიანობისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
- სწორედ ამიტომ მიიღო უკრაინულმა რადამ გადაწყვეტილება და გამოიყვანა იგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობიდან?
- დიახ, ამის გამო. მაგრამ, რადამ ამ გადაწყვეტილების მიღება დაუკავშირა იმას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციაში ფრაქციებს აქვთ კვოტები. იგი მასში ფრაქცია ”ბატკოვშინიდან” იყო წარდგენილი, მაგრამ მან ეს ფრაქცია დატოვა. ახლა იგი არც ერთი ფრაქციის წევრი არაა.
გარდა ამისა, რადის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, რომლის რიგითი წევრიც სავჩენკო იყო, გამოვიდა ინიციატივით, მას უარი ეთქვას ამ კომიტეტის წევრობაზე. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ კომიტეტის წევრებს სამსახურეობრივად, ხშირად დახურულ და სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველ ინფორმაციებზე წვდომის საშუალება აქვთ. სხვათა შორის, დაახლოებით ერთი თვის წინ იგი გაემგზავრა მინსკში და სეპარატისტებთან მოლაპარაკებებში ისე ჩაერთო, რომ ამის რწმუნება არ ჰქონდა. ანუ, ამგვარი უფლებამოსილებებით იგი კიევში არავის აღუჭურვია.
- რა კრიტიკული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს სავჩენკოს განცხადებების მიმართ, იგი ამტკიცებს რომ ახლა დონბასის დნესტრისპირეთიზაცია ხდება. მართლაც ხდება თუ არა დონბასის დნესტრისპირეთიზაცია და თქვენ როგორ შეაფასებდით დონბასის იმ ნაწილში ვითარებას, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული?
- დონბასის ნაწილი უკრაინის შემადგენლობაშია და მშვიდობიანად ცხოვრობს, დონბასის მესამედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, იქ დგანან რუსეთის რეგულარული ნაწილები. მართალია, ამას რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინის ამ ნაწილში აგრძელებს ჰიბრიდულ ომს.
ვითარება დონბასის ოკუპირებულ ნაწილში იმაზე ბევრად უარესია, რაზეც ამბობენ ხოლმე - არც ომია და არც მშვიდობა. მუდმივადაა სროლები, იღუპებიან როგორც რუსი და უკრაინელი სამხედროები, ისე უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები

ვითარება დონბასის ოკუპირებულ ნაწილში იმაზე ბევრად უარესია, რაზეც ამბობენ ხოლმე - არც ომია და არც მშვიდობა. მუდმივადაა სროლები, იღუპებიან როგორც რუსი და უკრაინელი სამხედროები, ისე უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები. სროლები სადღესასწაულო დღეებშიც არ შეწყვეტილა. თქვენ ქართველებს გაქვთ კონფლიქტური რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ თქვენ ის მაინც იცით, რომ იქ ერთმანეთს გამუდმებით არავინ ესვრის. ჩვენთან სროლებით ძირითადად რუსი სამხედროები და ე.წ დნრ-ისა და ლნრ-ის წარმომადგენლები არიან დაკავებული.
- შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია?
- ახლა ექსკალაციის ისეთი დონე აღარაა, წინათ რომ იყო. საუბარია არა ფართომასშტაბიან საომარ ოპერაციებზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები შენარჩუნდა. მინსკის ბოლო მოლაპარაკებებზე მცდელობის მიუხედავად, პუტინმა ვერ შეძლო ვერავის მოტყუება. გასული წლის ბოლოს ევროპამ და ამერიკამ რუსეთს 2017 წლის ივლისამდე გაუგრძელა დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
- თქვენთან დაკავშირებამდე თვალი გადავავლე რუსულ საინფორმაციო საიტებს. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ რუს სამხედროებს, რომლებიც ახლა დონბასის მესამედს აკონტროლებენ, ხელმძღვანელობამ აუკრძალა უკრაინის ტერიტორიის დატოვება?
- გამიჭირდება რამის თქმა. ვინაიდან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ნაწილებში იმყოფებიან, ბუნებრივია, მათ ნებართვის გარეშე გადაადგილების უფლება არ ექნებათ.
- დაახლოებით ორი კვირის წინ რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება...
- რაც შეეხება რუსი ექსპერტის ვარაუდებს. პუტინის ქმედებების პროგნოზირება საკმაოდ რთულია. პუტინს შეუძლია როგორც კონფლიქტის გამწვავება, ისე თავისი ”მშვიდობისმყოფელობის” დემონსტრირება. ახლა რაც დონბასში ხდება, ფართომაშტაბიანი ექსკალაცია არაა, მაგრამ ყოველდღე ხდება სროლები, რომლის შედეგადაც კვდება ხალხი.
- კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ უკრაინა თავად დაიშლება. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია კრემლის პროპაგანდისტთა პროგნოზები? თუ ამგვარ ტენდენციებს მართალც აქცს ადგილი, უკრაინის დესტაბილიზაციაში რა როლს ასრულებს რუსეთი და რამდენად სახიფათოა იგი უკრაინისთვის?
- მოდით, ნუ გავიმეორებთ იმას, რასაც კრემლი გვახვევს თავზე. თქვენ, ქართველებმა კარგად იცით თუ რისი თქმა შეუძლია და რა ფასი აქვს რუსული მედიასაშუალებების სიცრუეს. არ არის საჭირო თვალყური ვადევნოთ რას ამბობენ კრემლის პროპაგანდისტები.
რაც შეეხება რუსეთის მუქარებს. 2014 წელს პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში ”რუსული გაზაფხული” შედგებოდა. უკრაინაში მცხოვრები რუსები მოითხოვდნენ უკრაინის ნაწილების რუსეთთან მიერთებას. ეს გეგმები ჩაიშალა. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს. ასეთი კურსი აქვს რუსეთის ხელისუფლებას და ამას ადგილი კვლავაც ექნება.
ყველაზე კრიტიკული ეტაპი 2014 წელს იყო. მაშინ უკრაინული არმია და უსაფრთხოების სამსახურები ფაქტობრივად იყო დაშლილი... ყველაზე რთული ეტაპი უკრაინამ გადალახა და გაიარა

მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე კრიტიკული ეტაპი 2014 წელს იყო. მაშინ უკრაინული არმია და უსაფრთხოების სამსახურები ფაქტობრივად იყო დაშლილი. მიუხედავად ამისა, უკრაინამ გაუძლო. მაშინ იყო პატრიოტიზმის ზეობის ხანა, მოხალისეებმა სამხედრო ნაწილებში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ყველაზე რთული ეტაპი უკრაინამ გადალახა და გაიარა.
- იმის გათვალისწინებით, რომ ჰაკერებმა გაასაჯაროვეს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის სურკოვისეული გეგმა, მე მაინც გკითხავთ - სურკოვის გეგმა უკრაინაში მუშაობს? მხედველეობაში მაქვს ვალანტიორებში ”თავისი ხალხის” ჩანერგვა, რეგიონებში სეპარატისტული და პრორუსული განწყობების პროპაგანდა...
- სურკოვის გეგმით უკრაინა 2014 წელს უნდა დაშლილიყო. მან არ იმუშავა და ვერც განხორციელდა. უკრაინის არც ერთ რეგიონში, მათ შორის დონბასის ოკუპირებულ ნაწილში, რუსეთის სასარგებლოდ საზოგადოების განწყობები არ შეცვლილა.
ამიტომაც გახდა იძულებული რუსეთი დონბასში რეგულარული ჯარები შეეეყვანა. რუსეთი ვითარების დესტაბილიზაციას ყველა ქვეყანაში ცდილობს. არც უკრაინა, არც საქართველო და არც მოლდოვა და არც საფრანგეთია გამონაკლისი. ამისათვის ის საფრანგეთში ლე პენსაც კი აფინანსებს. ჩვენ გულუბრყვილო ხალხი არ ვართ და ვხედავთ, რომ რუსეთის მოქმედების საბჭოური მეთოდოლოგია სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ შეცვლილა.
- ამას წინათ რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა ფრაქცია კომუნისტებიდან, ყაზბეგ ტაისაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სულ მალე თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო უკრაინის ლიდერი იქნება. მოვლენათა განვითარების ამგვარი ალბათობა რამდენად დიდია?
- გთხოვთ, რუსული პროპაგანდის სისულელეებზე არც დრო დავკარგოთ და არც გავიმეოროთ.
- აშშ-ში ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა უკრაინის მიმართ?
- თუ როგორი იქნება ტრამპის საგარეო პოლიტიკა, ლამის მთელი მსოფლიო მარჩიელობს. ეს ეხება არა მარტო უკრაინას, არამედ ვაშინგტონის პოლიტიკას ევროპისა და ნატოსადმი, იგივე რუსეთისადმი. ასევე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთისადმი. თუნდაც ისრაელისა და ჩინეთისადმი. ჩვენ არ ვიცით ამ საკითხებში რა პოლიტიკას გაატარებს აშშ.
მიუხედავად ამისა, ის ადამიანები, რომლებიც საკვანძო პოზიციებზე არიან წარდგენილი, ყველა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები გამართლებულია. აშშ-ს თავდაცვის მომავალი მინისტრის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი გახლდათ. მისივე თქმით, აშშ-მ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება. აშშ არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, კონგრესში არის რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა, ისინი უკრაინას ტრადიციულად უჭერენ მხარს. ტრამპი წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს, რის გამოც ჭირს იმის თქმა, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს თეთრი სახლი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ.
დასავლელ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა აცხადებს, რომ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს
- უკრაინელ ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ კიევმა ვაშინგტონს თავად უნდა შესთავაზოს რუსეთთან ურთიერთობების ფორმები, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივაზე კიევის ზურგს უკან არ მოილაპარაკონ. თქვენც ასე თვლით?
- უკრაინას მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინის სირიის საკითხზე გაცვლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა შენარჩუნდეს. მათი მოხსნის საფუძველი არ არსებობს. რუსეთი აგრძელებს აგრესიას სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მინსკის პროცესი უნდა გაგრძელდეს. უკრაინა მზადაა შეასრულოს მინსკის შთანხმებები. მაგრამ, დონბასში მათი შესრულებისათვის უნდა არსებობდეს უსაფრთხოების პირობები. უნდა შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება. რუსეთი კი ამას არ აკეთებს.
პუტინი შეეცდება ტრამპის გამოუცდელობაზე ითამაშოს, მაგრამ თუ განცხადებებით ვიმსჯელებთ, აშშ-ს ძალოვანი უწყებების სავარაუდო ხელმძღვანელებს კარგად ესმით თუ რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის ნაწილში.
რა თქმა უნდა, კიევი ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე თავისი პოზიცია მიიტანოს. კონგრესში უკრაინას ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს.
- რაც შეეხება ევროპას, გაქვთ იმედი, რომ ევროკავშირი 2017 წლის ივლისში კვლავაც დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს?
- ევროპაშიც რთული ვითარებაა. ევროპის პოზიცია ბევრად იქნება დამოკიდებული ბევრ სხვადასხვა მომენტზე, - მათ შორის არჩევნების შედეგებზე საფრანგეთსა და გერმანიაში. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მერკელი პოზიციებს ინარჩუნებს, საფრანგეთში გამოკითხვების თანახმად მეორე ტურში ლე პენი ვერ გაიმარჯვებს. იქ ალბათ ფიიონი გაიმარჯვებს. ევროპაში ვითარება მარტივი არაა, მაგრამ ევროპაში ვითარება მანამდეც არ იყო მარტივი. ბევრი წინასწარმეტყველებდა, რომ რუსეთს სანქციებს მოუხსნიდნენ, მაგრამ სანქციები რუსეთს გაუგრძელეს და ისინი 2 წელია რაც მოქმედებს.
პუტინი შეეცდება ევროპაში გამოიყენოს თავისი ლობისტები. საფრანგეთის ნაციონალური ფრონტი, რომელსაც ლე პენი ლიდერობს, პუტინისგან იღებდა დაფინანსებას.
უკრაინას ხელები არ ჩამოუშვია და ცდილობს ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშაოს. დასავლეთში უკრაინას არა მარტო მთავრობები უჭერენ მხარს, არამედ ჩვენ მხარს გვიჭერს დასავლეთის საზოგადოებრი აზრიც

გასული წლის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული რეზოლუციები მიიღო. მათში პირდაპირაა ნათქვამი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და რუსულ ოკუპაციაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო გაეროს ასამბლეამ ადამიანის უფლებებზე ყირიმში. ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი, მათ შორის ყირიმის ანექსიას. უკრაინას ხელები არ ჩამოუშვია და ცდილობს ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშაოს. დასავლეთში უკრაინას არა მარტო მთავრობები უჭერენ მხარს, არამედ ჩვენ მხარს გვიჭერს დასავლეთის საზოგადოებრი აზრიც.
- უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მომხდარს კრემლი და რუსეთის საგარეო უწყება საკმაოდ თავშეკავებით გამოეხმაურა. გაქვთ იმის იმედი რომ ჰააგის სასამართლო იმგვარ გადწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კიევს სურს?
- მთელმა მსოფლიომ იცის თუ რა მოხდა ყირიმში და რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ნაწილში. დასავლელ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა აცხადებს, რომ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს. რუსეთის ნაწილად ყირიმს არავინ აღიარებს. ამ თემებზე რა კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჰააგაში, ამის პროგნოზირება საკმაოდ ძნელია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჰააგაში პროცესები საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
- და ბოლოს, მინდა გკითხოთ უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებზე. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორია საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ადმინისტრაციის ექს-ხელმძღვანლის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე?
- სამწუხაროდ, სააკაშვილმა არ გაამართლა ის იმედები, რომელიც უკრაინის პოლიტიკაში მის გამოჩენას უკავშირდებოდა. სხვათა შორის, თავიდანვე ბევრი გამოთქვამდა სკეპტიციზმს უკრაინაში მის წარმატებულ საქმიანობაზე, მაგრამ ჩვენთან ბევრი, მათ შორის მეც, ვიმედოვნებდით, რომ სააკაშვილი რეფორმებს გაატარებდა ოდესის ოლქში, სადაც იგი გუბერნატორი იყო. მაგრამ, ახლა საერთო აზრი ასეთია - სააკაშვილი უფრო მეტად დაკავებული იყო პიარით, ვიდრე ყოველდღიური რეალური საქმეების კეთებით.
განცხადებები, რომელსაც სააკაშვილი გადადგომის შემდეგ აკეთებს, დიპლომატიურად თუ ვიტყვით, პოპულიზმია. ახლა უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები უფრო მეტად პროცესების დესტაბილიზაციის კატეგორიაში ხვდება

სამწუხაროდ, განცხადებები, რომელსაც სააკაშვილი გადადგომის შემდეგ აკეთებს, დიპლომატიურად თუ ვიტყვით, პოპულიზმია. ახლა უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები უფრო მეტად პროცესების დესტაბილიზაციის კატეგორიაში ხვდება
რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ პერსპექტივას, ძალიან ძნელია პროგნოზირება, მაგრამ, ახლა, ჩემი აზრით, უკრაინაში მისი პოპულარობა საკმაოდ შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც უკრაინის პოლიტიკაში მისი გამოჩენის დასაწყისში იყო. რამდენადაც ვიცი, იგი ახლა რაღაც ახალი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. სამწუხაროდ, ეს იქნება კიდევ ერთი პოპულისტური პარტია. ყოველ შემთხვევაში, ახლა მის პოლიტიკურ აქტიურობას ასეთი პირი უჩანს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები