არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
დაჩქარებული კონსტიტუციური პროცესი ძალიან სახიფათო და საშიშია
11:30 25-01-2017
დაჩქარებული კონსტიტუციური პროცესი ძალიან სახიფათო და საშიშია საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო და პარლამენტს ”მოტივირებული შენიშვნები” გადაუგზავნა. ცხადია, პრეზიდენტმა იცის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ”ქართულ ოცნებას” ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ მან სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე თავისი პოზიციის დაფიქსირება ამჯობინა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას?
- ჩემთვის, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ის სათანადოდ აფასებს მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას და ცდილობს მასზე პოზიტიური გავლენის მოხდენას, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის სახელმწიფოსა და ქვეყნისათვის კარგი მართლმსაჯულების მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა იცის, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია ვეტოს დაძლევა, ეს არ აბრკოლებს მას გადადგას ასეთი ნაბიჯი, რაც, ჩემი აზრით, დადებით მოვლენას წარმოადგენს.
“ქართულ ოცნებაში” მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ადეკვატურად აღიქვამენ პრეზიდენტის ამ ვეტოს, ყურადღებით გაეცნობიან შენიშვნებს და მთლიანობაში ეს ამბავი წაადგება როგორც მართლმსაჯულების რეფორმას, ისე პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებას

სასამართლო სისტემა და მთლიანად მართლმსაჯულება ყველასთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ საკითხის მიმართ აქტიურობის თვალსაზრისით და ამ კუთხითც მისი ქმედება გამართლებულია.
პრეზიდენტის ვეტო კანონის მიმართ საზოგადოების და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის ყურადღებასა და რეაგირებას გულისხმობს. ვფიქრობ, “ქართულ ოცნებაში” მოიძებნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადეკვატურად აღიქვამენ პრეზიდენტის ამ ვეტოს, ყურადღებით გაეცნობიან პრეზიდენტის შენიშვნებს და მთლიანობაში ეს ამბავი წაადგება როგორც მართლმსაჯულების რეფორმას, ისე პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობას განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებსა და სუბიექტებს შორისაც კი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- როგორ შეაფასებდით კონკრეტულად იმ შენიშვნებს, რის გამოც მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტო დაადო?
- კონკრეტულად შეიძლება ამ საკითხებზე უფრო მეტად ვიმსჯელოთ მას შემდეგ, რაც გვექნება თავად პრეზიდენტის დოკუმენტი, მისი შენიშვნები და წინადადებები.
- რამდენიმე დღის წინ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე ვეტოს დადებას სთხოვა. თავის განცხადებაში ბატონი ხატიაშვილი ამტკიცებდა, რომ თუ პრეზიდენტი წინ არ აღუდგა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ამოქმედებას, ქვეყანაში საბოლოდ გაფორმდება სასამართლო სისტემის ”მურუსიძიზაცია”. იგი აპროტესტებდა იმას, რომ ახალი კანონით უარი ითქვა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობაზე, სრულად იქნა შენარჩუნებული მათი დანიშვნის მექანიზმი და განსაზღვრული არ არის რამდენჯერ შეიძლება იყოს არჩეული ადამიანი სასამართლოს თავმჯდომარედ ; ასევე იმას, რომ იუსტიციის ახალი კანონით უმაღლესი საბჭო მთლიანად დაკომპლექტდება სასამართლოების თავმჯდომარეებით, ეს მაშინ როცა, მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა. რამდენად საფუძვლიანია ზაზა ხატიაშვილის მტკიცება, რომ ახალი კანონით სასამართლო სისტემას ”მურუსიძიზაცია” ელოდება?
- ყველა ჩვენგანისთვის სამწუხაროდ, “მურუსიძიზაცია” კარგა ხანია დამკვიდრებულია და ამიტომ ამის წინააღმდეგ ქმედითი მოქმედებაა საჭირო, ამიტომ პროფესიული წრეების პოზიციის გამყარება პრეზიდენტის ქმედებით სრულიად გამართლებულია.
ერთის მხრივ, პრეზიდენტი გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის სრულიად სამართლიან მოსაზრებებს და ასევე, ვფიქრობ, გამოხატა საკუთარი პოზიციაც, რაც მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოსთვის.
მოსამართლეობის შესაფერისი კანდიდატის შერჩევის და დანიშვნის არც კულტურა, არც გამოცდილება და რაც ყველაზე საწყენია, არც პოლიტიკური ნება ჯერაც არ არსებობს

ჩვენი სამწუხარო რეალობის, დღევანდელი პარლამენტის მისწრაფებების გათვალისწინებით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ამიტომ, ამგვარი თანამშრომლობა, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქმეს.
მართლაც, ამდენი ხნის მანძილზე სასამართლო რეფორმის პროცესმა, ვფიქრობ, კარგთან ერთად ბევრი ცუდი მოგვიტანა და არა და არ გვეღირსა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ხილვა. ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენი სახელმწიფო 1998 წლიდან ატარებს. მოისინჯა ბევრი რამ და სამწუხაროდ, ბევრმა ინსტიტუტმა, რაც სხვა ქვეყნებში წარმატებულია, ჩვენთან არ გაამართლა. ჩვენი რეფორმა, ჩემი აზრით, საკმარისად არ ფოკუსირდება მთავარი, მოსამართლის, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალის მნიშვნელობაზე, რაც გადამწყვეტი ფაქტორია.
მოსამართლეობის შესაფერისი კანდიდატის შერჩევის და დანიშვნის არც კულტურა, არც გამოცდილება და რაც ყველაზე საწყენია, არც პოლიტიკური ნება ჯერაც არ არსებობს. ჯერაც არ გვყავს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სრულად აცნობიერებს სასამართლოსა და მოსამართლის მნიშვნელობას და ჯერაც ვერ გაუგია დამოუკიდებელი მოსამართლე და სასამართლო რისთვის არის საჭირო.
ჩემი დაკვირვებით, ბევრი მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი დღემდე ფიქრობს, რომ დამოკიდებული მოსამართლე მოსახერხებელი და ხელსაყრელია და ავიწყდება, რომ დამოკიდებული და პოლიტიკურ ნებას დამყოლი მოსამართლე სახელმწიფოსთვისააა პირველ რიგში დამღუპველი და დროებითი ღონისძიებებითა და ნაბიჯებით შეუძლებელია მართლმსაჯულების დამკვიდრება. რეალობა ასეთია, დღეს მოსამართლედ ნიშნავენ ადამიანებს, მათ შორის სამიდღემჩიოდ და არ აძლევენ უფლებას საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის. ასეთი დამოკიდებულების პირობებში წარმოუდგენელია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი.
ჯერაც არ გვყავს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სრულად აცნობიერებს სასამართლოსა და მოსამართლის მნიშვნელობას და ჯერაც ვერ გაუგია დამოუკიდებელი მოსამართლე და სასამართლო რისთვის არის საჭირო

- საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობას შეუდგა. საკონსტიტუციო კომისიის ორი სხვადასხვა ჯგუფის სხდომა უკვე გაიმართა. კომისიისა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთეს განცხადებები, რომ საქართველო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის კონსტიტუციას მიიღებს. გასულ კვირას თბილისს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიოც სტუმრობდა. მიუხედავად ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებისა, თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება ახალ კონსტიტუციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღებს?
- მე მინდა არა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, არამედ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის, მისი განსაკუთრებულობის, ტრადიციის, არსებული რეალობისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით სახელმწიფოს ხერხემალი იქნება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ან მისი ელიტის სურვილისა და მისწრაფების გამომხატველი და დამაკმაყოფილებელი.
დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ უკვე მესამე მოდელი შევიცვალეთ, - სახელმწიფო საბჭოდან და საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან დაწყებული, შემდეგ სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკითა და ბოლოს შერეული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით დამთავრებული, რაც ჩემთვის, დამოუკიდებლობის სულ რაღაც 25-26 წლის მანძილზე მეტისმეტად ნაჩქარევი, უმწიფარი და შეიძლება ითქვას ვერშემდგარი სახელმწიფოსა და მისი ლიდერების დადასტურებას წარმოადგენს.
დღეს მოსამართლედ ნიშნავენ ადამიანებს, მათ შორის სამიდღემჩიოდ და არ აძლევენ უფლებას საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის. ასეთი დამოკიდებულების პირობებში წარმოუდგენელია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი

ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებს და პოლიტიკური ელიტის სათავეში მყოფთ არც კი ესმით ხეირიანად კონსტიტუციის დანიშნულება და მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ჰგონიათ, რომ კონსტიტუცია საკუთარ ტანზე მორგებული კოსტუმივით უნდა ჭრან და კერონ.
როცა ასეთი დამოკიდებულება და ასეთი პოლიტიკური კულტურაა, გასაკვირი აღარაა, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გამოცხადების და მათ შორის ასეთი დაჩქარებული წესით მიღების გამო შეშფოთდეს ბატონი ჯანი ბუკიკიო და საჩქაროდ თბილისს ეწვიოს, რომ გაიგოს ემანდ კიდევ რა კონსტიტუციურ ნახტომებს უნდა ელოდეს ვენეციის კომისია. არადა, ასეთი ნახტომების შედეგად, ჩვენც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში დახტომის ნაცვლად, შეიძლება ისეთ ადგილას აღმოვჩნდეთ, რომ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად იქცეს ავტორიტარული რეჟიმისა და დიქტატურის პირობებში.
- ფაქტია, რომ საკონსტიტუციო კომისია, თქვენი თქმის არ იყოს, ახალი კონსტიტუციის რედაქციაზე დაჩქარებული ტემპებით მუშაობს. ხელისუფლებამ კარგა ხნის წინ დაანონსა, რომ საკონსტიტუციო კონსტიტუცია მუშაობას 30 აპრილისთვის დაასრულებს. ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა მართლაც დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, თქვენ კომისიას რა საკითხებზე ურჩევდით უფრო მეტად დაფიქრებას? ამ საკითხებში თუ მოხვდებოდა პარლამენტის ქუთაისში დატოვების, ან მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხები?
- დაჩქარებული კონსტიტუციური პროცესი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან სახიფათო და საშიშია. ნაჩქარევად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მალევე იწვევს ახალი ცვლილებების საჭიროებას და ამასობაში პროგრესისა და სტაბილურობის ნაცვლად, ვიღებთ არასტაბილურ სახელმწიფოს, რაც გამორიცხავს წინსვლას და ქვეყნის განვითარებას.
კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალია და თუკი არსებას არა აქვს განვითარებული და სწორად ჩამოყალიბებული ხერხემალი, ხომ წარმოუდგენელია ასეთი არსების გადაადგილება, მით უფრო მისი სწრაფად მოძრაობა და მოქნილობა. დაახლოებით ასეთია ჩვენი საკონსტიტუციო ვითარება.
გასაკვირი აღარაა, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გამოცხადების და მათ შორის ასეთი დაჩქარებული წესით მიღების გამო შეშფოთდეს ბატონი ჯანი ბუკიკიო და საჩქაროდ თბილისს ეწვიოს, რომ გაიგოს ემანდ კიდევ რა კონსტიტუციურ ნახტომებს უნდა ელოდეს ვენეციის კომისია

ამასთან, კონსტიტუცია უნდა იყოს ყველა პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებისა და კონსენსუსის საგანი, ხოლო ნაჩქარევი საკონსტიტუციო პროცესი, რომელშიც ყველა თავიდანვე არ არის ჩართული და მონაწილე, ბუნებრივია, ვერ იქნება სრულყოფილი და არასრულყოფილი პროცესით მიღებული პროდუქტიც ძალიან შორს იქნება სრულყოფილებისაგან. ძალზე საწყენია, რომ ამ დონეზეც კი არ არიან ჩვენი კანონმდებლები გათვითცნობიერებულნი, ისინი, ვინც თავს უფლებამოსილად თვლიან შეგვიცვალონ კონსტიტუცია.
- პარტიათა გარკვეული ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს კონსტიტუციაში მუხლის დაფიქსირებას, რომლითაც საქართველოს არამოქალაქეებზე მიწა არ უნდა გაიყიდოს. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული მიწის საკითხში კონსტიტუციაში რა ნორმასა და რა ფორმულირებით მოახვედრებდით?
- რაც შეეხება კონსტიტუციაში მუხლის დაფიქსირებას, რომლითაც საქართველოს არამოქალაქეებზე მიწა არ უნდა გაიყიდოს, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოს კონსტიტუციაში არ შეიძლება მსგავსი დისკრიმინაციული მუხლის არსებობა.
არსებობს კარგად აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც არადისკრიმინაციული კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით ისეა გართულებული მიწისა და უძრავი ქონების შეძენა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მისი შეძენა უცხოელების მიერ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საკითხის ამგვარად დაყენებაც კი არ არის მართებული, რომ კონსტიტუციური ნორმით ავკრძალოთ მიწის უცხოელზე გასხვისება.
ნაჩქარევი საკონსტიტუციო პროცესი, რომელშიც ყველა თავიდანვე არ არის ჩართული და მონაწილე, ბუნებრივია, ვერ იქნება სრულყოფილი და არასრულყოფილი პროცესით მიღებული პროდუქტიც ძალიან შორს იქნება სრულყოფილებისაგან
- ამას წინათ ცნობილმა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა - ” თუ ამჯერად მაინც გვინდა ახალი კონსტიტუცია მივიღოთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური შესწორებები ძალაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შევა”. შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ”ქართული ოცნების” უმრავლესობა გაითვალისწინებს ბატონ ვახტანგ ძაბირაძის რჩევას?
- ჩემი აზრით, მთელი ეს საკონსტიტუციო აჩქარება გულისხმობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა ახლავე მოახდინოს მისთვის სასურველი ცვლილებები. მათთვის, მგონი, წარმოუდგენელია 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ცვლილებების ამოქმედება.
იქმნება ცხადი შთაბეჭდილება, რომ ისინი აქამდე მოცდას არ აპირებენ. ამიტომ, მგონია, რომ ბატონ ვახტანგის ეს მოწოდება უნდა გახდეს მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ როგორმე ეს აჩქარება ერთობლივად დავამუხრუჭოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამგვარ აჩქარებას გადაჰყვეს ქართული დემოკრატია და საჯაროობა.
- საკონსტიტუციო კომისიაზე საუბარმა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება გამახსენა. კერძოდ - ”კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ .” ვითარებაში, როცა აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც ოკუპირებულია, თქვენი აზრით, სამართლებრივად რამდენად გამართლებული იქნებოდა ახალ კონსტიტუციაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაჩენა?
რაც შეეხება კონსტიტუციაში მუხლის დაფიქსირებას, რომლითაც საქართველოს არამოქალაქეებზე მიწა არ უნდა გაიყიდოს, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოს კონსტიტუციაში არ შეიძლება მსგავსი დისკრიმინაციული მუხლის არსებობა

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა ასახავდეს ჩვენს საკონსტიტუტციო და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ამ ტერიტორიებისა და მასზე მცხოვრები ადამიანებისადმი.
ჩვენ კი, ჩემი აზრით, ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს ამ მიმართულებით, არ გაგვიაზრებია და გაგვითვალისწინებია როგორ ვხედავთ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი სამომავლო ურთიერთობას. ასეთ ვითარებაში აჩქარება კიდევ უფრო დაგვაშორებს ამ საკითხის ცივილიზებული გზით მოგვარებისა და გადაწყვეტისაგან.
მე მტკივა აფხაზეთი და ოსეთი და ის რაც ჩემთვის უდიდეს ტრაგედიასთან არის დაკავშირებული და მგონია, რომ მხოლოდ სტატუსამდე საკითხის დაყვანა თავად საკითხისა და სამშობლოსადმი უპატივცემულობაა. ასეთი აჩქარებისა და დაუფიქრებლობის შედეგია ის ჭირი, რაც გვჭირს და არ შეიძლება მუდმივად მოჯადოებულ წრეზე ვიაროთ.
- თუ მმართველმა უმრავლესობამ ამ მიმართულებით ნაბიჯი მაინც გადადგა, სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა ხელისუფლების ამგვარი ქმედების თქვენეული პოლიტიკური შეფასება?
- კონსტიტუციაში კვლავინდებურად ღიაა საკითხი საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, რაც მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთის საკითხსაც მოიცავს და გულისხმობს. ამასთან, აუცილებელია ითქვას, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში პრაქტიკულად შეწყდა საუბარი და შესაბამისად, მეჩვენება, რომ შეწყდა ფიქრიც ოკუპირებული ტერიტორიებისა და ეროვნული სატკივარის შესახებ.
ბატონ ვახტანგ ძაბირაძის ეს მოწოდება უნდა გახდეს მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ როგორმე ეს აჩქარება ერთობლივად დავამუხრუჭოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამგვარ აჩქარებას გადაჰყვეს ქართული დემოკრატია და საჯაროობა

ჩემი აზრით, ამ საკითხის ძირფესვიანად განსჯისა და ფართო განხილვის გარეშე ნებისმიერი მოძრაობა რაიმე მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზური და ოსური მხარის მონაწილეობის გარეშე გაუგებარია. ასეთი დაჩქარებული საკონსტიტუციო პროცესის ნაწილად აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსის გაცხადება, მეტი რომ არ ვთქვათ, მეტისმეტად სახიფათოდ გამოიყურება, განსაკუთრებით ყოველდღიურად ცვლადი საერთაშორისო გარემოსა და გლობალური პროცესების ფონზე.
- მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ქალბატონი მანანა კობახიძე წარადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ისევე როგორც ქალბატონი მანანა კი აცხადებენ, რომ მისი კანდიდატურა არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული ნიშნით იქნა შერჩეული, მაგრამ მოქმედი პოლიტიკოსის მიუკერძობელი მოსამართლეობა რომ ძნელად წარმოსადგენია, ფაქტია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
ასეთი დაჩქარებული საკონსტიტუციო პროცესის ნაწილად აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსის გაცხადება, მეტი რომ არ ვთქვათ, მეტისმეტად სახიაფათოდ გამოიყურება. განსაკუთრებით ყოველდღიურად ცვლადი საერთაშორისო გარემოსა და გლობალური პროცესების ფონზე

- ქალბატონ მანანას უფრო ხანგრძლივი პოლიტიკური ე.წ. ბექგრაუნდი რომ ჰქონდეს, ნაკლები საფუძველი ექნებოდა ყველას მისი პოლიტიკური აფილირების თემაზე სასაუბროდ. თუმცა, მაინც არ შეიძლება უახლესი პოლიტიკური წარსულის პირი დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
მოსამართლე უნდა შეირჩეს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის სტატუსით პირველ რიგში და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ პროფესიული ნიშნით. ამის გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, პროფესიულ ნიშნამდე მიღწევა შეუძლებელიც კია. მით უფრო, რომ საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც ერთადერთი და განსაკუთრებული სასამართლოა და რომლის წევრებზე კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტი ვრცელდება, ვიდრე საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე.
მხოლოდ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ვიწრო წრესთან სიახლოვე არ უნდა იყოს გადამწყვეტი კრიტერიუმი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისათვის. ამით ძირი ეთხრება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მით უფრო თუ გავიხსენებთ, რომ ეს სასამართლო სულ 9 მოსამართლისაგან შედგება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები