არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ბოლო წლებში აფხაზური პოლიტიკა სულ უფრო ძალადობრივი გახდა, შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ
18:33 10-03-2017
ბოლო წლებში აფხაზური პოლიტიკა სულ უფრო ძალადობრივი გახდა, შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ აფხაზეთში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსსა და პოლიტიკურ გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურ განსხვავებულობაზე, აფხაზეთში ეთნიკური სომხების მდგომარეობასა და პოლიტიკურ როლზე, ასევე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობასა და იმაზე, მოახლოებულ არჩევნებში დაუჭერენ თუ არა გალელები მხარს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ”ინტერპრესნიუსი” კავკასიური სახლის დირექტორს, პოლიტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 12 მარტს აფხაზეთში თვითგამოცხადებული აფხაზეთის სახალხო კრების - პარლამენტის მე-6 მოწვევის არჩევნები ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პარტიები ”აინარი”, ”ამცახარა”, ”სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის” და ”აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი”. 35 სადეპუტატო ადგილისათვის 126 დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს. თქვენი დაკვირვებით, არჩევნების წინ როგორია აფხაზეთში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება?
- სოციალურ-ეკონომიკური ვითარება აფხაზეთში საკმაოდ რთულია. რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა რომ არა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. მაშინ როდესაც რაულ ხაჯიმბა ოპოზიციაში იყო, იგი ხელისუფლებას ძირითადად ამ კუთხით აკრიტიკებდა. ხაჯიმბა ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ იგი უკომპრომისო იქნებოდა კორუფციასთან და კრიმინალთან მიმართებაში მისი წარსულიდან გამომდინარე. ხაჯიმბას საკმაოდ მკაცრი და პრინციპული კაცის ხასიათი აქვს, შესაბამისად, ბევრმა მართლა დაიჯერა, რომ იგი იყო ის პიროვნება, რომელიც დასახულ ამოცანებს თავს გაართმევდა. თუმცა, გავიდა წლები და სიტუაცია პრინციპულად არ შეცვლილა.
თუ არჩევნების დღეს რამე განსაკუთრებული დარღვევები არ დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მხარეები შედეგების გაპროტესტებაზე და სიტუაციის ესკალაციაზე არ წავლენ

ამასთანავე იგი ანქვაბს ადანაშაულებდა, რომ რუსული ფული იხარჯებოდა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც აფხაზურ ეკონომიკას დიდად ვერ აძლიერებდა, რომ საჭირო იყო ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებითაც რამე მნიშვნელოვან ცვლილებები არ მომხდარა. ზუსტად ზემორე ხსენებულმა მდგომარეობამ გამოიწვია რიგი საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში ბოლო ხანია სულ უფრო იძაბებოდა. საქმე, როგორც გახსოვთ, ძალისმიერ დაპირისპირებამდეც მივიდა. მაშინ ბევრი თვლიდა, რომ ხაჯიმბა საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა.
თუმცა, 2016 წლის შემოდგომის მიწურულს, დეკემბრის დასაწყისში, ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობებზე წავიდა, რიგ თანამდებობებზე ოპოზიციის მიერ წარდგენილი კადრები დაინიშნა, ამან დაძაბულობა მნიშვნელოვნად დასწია.
წინასაარჩევნო კამპანიამ საკმაოდ მშვიდ პირობებში განვლო, კანდიდატები ხვდებოდნენ პოტენციურ ამომჩევლებს, აგებდნენ ასფალტს, ამონტაჟებდნენ განათებებს და მოსახლეობის მიმხრობის სხვა არანაკლებ დამაჯერებელ ხერხებს მიმართავდნენ.
შესაბამისად, თუ უშუალოდ არჩევნების დღეს რამე განსაკუთრებული დარღვევები არ დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მხარეები შედეგების გაპროტესტებაზე და სიტუაციის ესკალაციაზე არ წავლენ. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში აფხაზური პოლიტიკა სულ უფრო ძალადობრივი გახდა, შესაბამისად, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ.
- თქვენი შეფასებით, რა შეიძლება ითქვას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გეგმებზე? რეალურად ვის ინტერესებს ახმოვანებენ ისინი? სავარაუდოდ, როგორია არჩევნების წინ მათ შორის ძალთა ბალანსი და მათივე პოლიტიკური და ფინანსური რესურსები?
- ტრადიციულად, აფხაზეთში ორი დიდი კლანი უპირისპირდებოდა ხოლმე ერთმანეთს. პირობითად ეს იყო არძინბას გარშემო შემოკრებილი დაჯგუფება და ყველა სხვა. არძინბას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს არ დაუკარგავს პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტები და ხაჯიმბა ამ კლანის ნაწილია. მისი ალტერნატივაა ანქვაბი, რომელიც პირობითად მეორე დიდი დაჯგუფების ლიდერს წარმოადგენს. ამ ორს შორის ბალანსი საკმაოდ მყიფეა და აგერ უკვე ოც წელზე მეტია, რაც ხელისუფლებაში ისინი ცვლიან ერთმანეთს.
არძინბას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს არ დაუკარგვას პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტები და ხაჯიმბა ამ კლანის ნაწილია. მისი ალტერნატივაა ანქვაბი, რომელიც პირობითად მეორე დიდი დაჯგუფების ლიდერს წარმოადგენს. ამ ორს შორის ბალანსი საკმაოდ მყიფეა და აგერ უკვე ოც წელზე მეტია, რაც ხელისუფლებაში ისინი ცვლიან ერთმანეთს

თუმცა, დრო გადის და გამოჩნდნენ ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ეტაპზე არც ერთ ამ ერთობას არ მიეკუთვნებიან. ე.წ. „აინარის“ დაჯგუფება ზუსტად ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც მესამე ძალად ყალიბდება. ეს არის შედარებით ახალგაზდა ადამიანებისგან დაკომპლექტებული პოლიტიკური პოლუსი, რომელიც საკმაოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი რუსეთთან მიმართებაში და უფრო მკაცრი პოზიციები აქვს რიგ საკითხებთან მიმართებაში. მათ შორის საკუთრების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი პოლიტიკური წონით იგი მესამეა აფხაზეთში.
მეოთხედ შეგვიძლია გამოვყოთ, ყოფილ ე.წ. საგარეო მინისტრთან სერგეი შამბასთან დაკავშირებული ჯფუფი. ბატონ შამბას, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს ბატონ სურკოვთან და ამჟამად აფხაზეთში რუსეთის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე აშკარა გამტარებლად მიიჩნევა. იგი თვითონაც იყრის კენჭს და გამარჯვების შანსებიც აქვს. თუმცა, მას საკმაოდ ძლიერი ოპონენტი ჰყავს ნაირა ამალიას სახით, რომელიც, აფხაზეთში კარგად ცნობილი აქტივისტია.
ამ ოთხ პოლიტიკურ ჯგუფს შორის ნაკლებია დისკუსია მემარჯვენე თუ მემარცხენე იდეოლოგიაზე, ეკონომიკური განვითარების მოდელებზე, თუ სხვა კონცეპტუალურ საკითხებზე. ძირითადი დისკუსიები მაინც მიმართულია იმ ყოფით პრობლემებზე რაც წლებია აფხაზეთში ვერ წყდება, ესენია: კორუფცია, კრიმინალი, დაბალი ხელფასები და სხვა ამ რიგის საკითხები.
- თუ შეიძლება ასე ითქვას, რაში მდგომარეობს აფხაზეთში 2017 წლის 12 მარტისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა?
- ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა ალბათ მაინც ისაა, შეძლებს თუ არა არსებული ხელისუფლება პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვებას. ალბათ, ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების ბედი.
ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა ალბათ მაინც ისაა, შეძლებს თუ არა არსებული ხელისუფლება პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვებას
საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში მაინც ერთგვარი პრელუდიაა საპრეზიდენტოსი, შესაბამისად, 12 მარტს მოხდება ძალთა ბალანსის მოსინჯვა.
- არჩევნებამდე გარკვეულმა პარტიებმა და მოძრაობებმა ღია წერილით მიმართეს ალექსანდრე ანქვაბს დაბრუნებულიყო აფხაზურ პოლიტიკაში. ამ იდეას მყისიერად გამოუჩდნენ მოწინააღმდეგები რაულ ხაჯინბას მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების სახით, რომლებმაც ასევე მიმართეს მას უარი ეთქვა პოლიტიკაში დაბრუნებაზე. მოგვიანებით, სამმა საინიციატივო ჯგუფმა სამ ოლქში დაარეგისტრირა დეპუტატობის კანდიდატად ალექსანდრე ანქვაბი. იღებს თუ არა ექს-პრეზიდენტი ანქვაბი არჩევნებში მონაწილეობას და რა შანსები აქვს მას კვლავ დაბრუნდეს აფხაზურ პოლიტიკაში?
- შეგვიძლია ვთქვათ, ანქვაბი პოლიტიკაში უკვე დაბრუნდა. იგი, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერია. სავარაუდოდ, მისი განდევნის შემდგომ, ამ დაჯგუფებამ კონსოლიდირება ვერ მოახერხა, არ გამოიკვეთა იმგვარი ლიდერი, რომელიც შეძლებდა ანქვაბის ჩანაცვლებას. ზუსტად ამის გამო გახდა აუცილებელი, მისი მოსკოვიდან დაბრუნება.
იგი კენჭს მშობლიურ გუდაუთაში იყრის და დიდი ალბათობით პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა ამგვარ განვითარებას ქადაგებს აფხაზ ანალიტიკოსთა სრული უმრავლესობა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანქვაბი პოლიტიკაში უკვე დაბრუნდა... იგი კენჭს მშობლიურ გუდაუთაში იყრის და დიდი ალბათობით პირველივე ტურში გაიმარჯვებს

- თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვთ ანქვაბის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში?
- სავარაუდოდ, ანქვაბის მხარდამჭერები, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რაოდენობით პარლამენტში მეორე ადგილს დაიკავებს. თუმცა, საკუთრივ ანქვაბის დაბრუნებამ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გააქტიურება გამოიწვია და არ არის გამორიცხული, მათ ხელისუფლების მცირედი უპირატესობით დამარცხებაც კი მოახერხონ.
თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, ანქვაბის დაჯგუფებას შესაძლოა, გაუჩნდეს ცდუნება ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდებისა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ანქვაბის გაძევებისას და მას შემდეგაც, მისი მხარდამჭერები პროცესუალური დემოკრატიის მხარდამჭერებად გამოდიოდნენ ანუ რევოლუციებს არჩევნების გზას ამჯობინებდნენ. ეს თითქოს ამცირებს ზემოთ ნახსენები სცენარის ალბათობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხშირად გვინახავს რაოდენ სწრაფად იცვლიან გუნებას პოლიტიკური ჯგუფები სიტუაციისდა მიხედვით, შესაბამისად, დარწმუნებით ვერაფერს გამოვრიცხავთ.
ანქვაბის დაბრუნებამ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გააქტიურება გამოიწვია და არ არის გამორიცხული, რომ მათ ხელისუფლების მცირედი უპირატესობით დამარცხებაც კი მოახერხონ... თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, ანქვაბის დაჯგუფებას შესაძლოა, გაუჩნდეს ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდების ცდუნება

- 28 თებერვალს ვეტერანების ერთი ნაწილი მდინარე გუმისთანთან შეიკრიბა და მოითხოვა ანქვაბის წინააღმდეგ 1994 წელს სისხლის სამართლის იმ საქმის ბოლომდე გამოძიება. მათი მტკიცებით, საქმე ეხება 1992 წლის 18 აგვისტოს, მას შემდეგ რაც 14 აგვისტოს საომარი მომედებები დაიწყო და არძინბას მოწოდების ბევრმა აფხაზმა დაუჯერა, სოხუმი დატოვა და თავი გუმისთის იქეთა აფხაზეთს შეაფარა, აფხაზეთის შსს-ს მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში დარჩა. შსს-ს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა იმხანად აფხაზეთის უშიშროების უფროს ავთანდილ იოსელიანს გადასცა. თუ გაქვთ ინფორმაცია აფხაზეთის პროკურატურამ მოიძია 1992 წლის 18 აგვისტოს ანქვაბის მიერ იოსელიანასთვის იარაღის გადაცემის საქმე, რომელიც ანქვაბის წინააღმდეგ თურმე 1994 წელს აღუძრავთ?
- ამ საქმეზე და ზოგადად ანქვაბის პიროვნებასთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად იყო აფხაზურ საზოგადოებაში. თუმცა, მე არა მგონია ამ მიმართულებით წავიდეს სცენარი, რადგან, სავარაუდოდ, ხელისუფლება ხვდება, რომ ამან შესაძლოა, აფხაზეთში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.
როდესაც მხარეებს შორის გარკვეული ძალთა პარიტეტი, ბალანსი არსებობს, არც ერთი ძალა არაა დარწმუნებული ამგვარი დაპისირსპირების საბოლოო შედეგში. რაც, ვფიქრობ, დღემდე შემაკავებელი ფაქტორის როლს თამაშობდა. თუ საქმე მაინც აქეთკენ წავიდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბატონ ხაჯინბას გარკვეული გარანტიები აქვს მიღებული გარე ძალებისგან, ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან. თუმცა, კიდევ ერთხელ დავძენ, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდო და ფრიად სარისკოა ორივე მხარისთვის.
თუ პროცესები ვითარების გამწვავებისკენ წავიდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხაჯინბას გარკვეული გარანტიები აქვს მიღებული გარე ძალებისგან, ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან

- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით აფხაზეთში სომხების თემას. ომამდე, თუ სწორად მახსოვს, სომხებს პარლამენტში 3 დეპუტატი ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ აფხაზეთში სომხების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ზოგი მონაცემებით მათი რიცხვი აფხაზებისასაც კი აჭარბებს, სომხებს აფხაზეთის პარლამენტში კვლავ 3 თუ 4 დეპუტატი ჰყავს. თქვენი აზრით, რატომ? და აქვე, თქვენი დაკვირვებით, რა როლს ასრულებენ აფხაზეთის სომხები დღევანდელი აფხაზეთის ცხოვრებაში?
- დიახ დღეს პარლამენტში ეროვნებით სამი სომეხი დეპუტატია. ზოგადად არსებობდა დაუწერელი შეთანხმება, ეთნიკური კვოტების შესახებ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში უნდა ყოფილიყო ორი ან სამი სომეხი, ორი ქართველი, ერთი რუსი და ერთიც სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. თუმცა, ბოლო პარლამენტში მხოლოდ სამი სომეხია. სავარაუდოდ, მომავალშიც ჩვენ ვიხილავთ აფხაზების სრულ დომინაციას, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.
საქმე ისაა, რომ აფხაზეთში დღეს დაახლოებით თანაბარი რიცხოვნობის სამი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: აფხაზები, სომხები და ქართველები. მეოთხე, რუსული, შედარებით მცირერიცხოვანია, თუმცა ზრდის პერსპექტივით.
ამ ჯგუფებიდან აფხაზური სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებელი მხოლოდ ეთნიკური აფხაზები არიან. გალის მოსახლეობა და ზოგადად აფხაზეთის ქართველობა, მეტწილად, საქართველოს ლოიალურია. სომხებისთვის კი, რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, ბევრად უფრო პრაგმატულია, ვიდრე აფხაზეთში მეორეხარისხოვან მოსახლეობად დარჩენა. მით უმეტეს, თუ გავითვალიწინებთ ეთნიკური სომხების ძლიერ პოზიციებს კრასნოდარის მხარეში, ვაჭრობის შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს, სომხების პოზიციები სრულიად გასაგები ხდება.
აფხაზები არც ერთ სხვა ჯგუფს არ ენდობიან და არც უშვებენ პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში იმ პროპორციით, როგორიც ამ ჯგუფებს ეკუთვნით მათი რაოდენობიდან გამომდინარე

ამიტომ აფხაზები არც ერთ სხვა ჯგუფს არ ენდობიან და არც უშვებენ პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში იმ პროპორციით, როგორიც ამ ჯგუფებს ეკუთვნით მათი რაოდენობიდან გამომდინარე. აფხაზური ნაციონალური პროექტის აქილევსის ქუსლი, ზუსტად ეს დემოგრაფიული მოზაიკაა და გამოსავალიც ჯერჯერობით არ იკვეთება.
- სხვადასხვა მონაცემებით, სოხუმის აფხაზური ხელისუფლება სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით ცდილობს ეთნიკური სომხების იმ რაიონებში შევიწროებას, სადაც ეს გასდით, რის გამოც იმ სოფლებიდანაც კი, სადაც აქამდე სომხები მრავლად ცხოვრობდნენ, შეიმჩნევა მათი რუსეთში გადასვლა. მიუხედავად ამისა, თუ სწორად მახსოვს, აფხაზეთში სომხური სკოლების რაოდენობა 50-ზე მეტია და მათ ფუნქციონირებას აფხაზეთის ხელისუფლება აფინანსებს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესამჩნევია აფხაზეთიდან სომხების გადინება და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
- სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვან მიგრაციაზე საუბარი მე მგონი გადაჭარბებულია. პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, იმის შესახებაც, რომ არათუ გადინება, არამედ მატება ხდება შემოდინების ხარჯზე. ვფიქრობ, რამე მნიშნელოვანი ცვლილება სომხურ მოსახლეობაში არ მომხდარა და თუ რამე არაპროგნოზირებულ მოვლენებთან არ გვექნება საქმე, ესეც დარჩება.
- რამდენადაც ვიცი, თქვენ აქტიურად ადევნებდით თვალს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს. რა გეგმები აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს საქართველოსთან მიმართებაში? პოლიტიკოსთა ძველი გვარდიიდან ცოტა ვინმე თუ მონაწილეობს არჩევნებში. ძველი გვარდიიდან ახლა უცებ სერგეი შამბა და ლეონიდ ლაკერბაია მახსენდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასპარეზზე პოლიტიკოსთა ახალი თაობა გამოდის, რომლებსაც არც საქართველოს თემა აინტერესებთ და არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობების პერსპექტივები...
- სწორედ აღნიშნეთ, საქართველოს თემატიკა 2008 წლიდან მოყოლებული აფხაზეთში ნაკლებად განიხილება. მიუხედავად ამისა, საქართველოში მიმდინარე პროცესები აფხაზური პოლიტიკური ელიტიკის ყურადღების მიღმა მაინც არ რჩება. ხშირად ღიად თუ დახურულ ფორმატებში განიხილება საქართველოს მოდერნიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი.
აქ აფხაზებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ დააგროვა კორუფციათან და კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, ინფრასტუქტურული პროექტები, ახალი სატრანზიტო შესაძლებლობები, უვიზო მიმოსვლა და მრავალი სხვა.
ჩვენდა შეუმჩნევლად, 2004 წლიდან მოყოლებული, საქართველო მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებდა წარმატების მოდელად, რომლისადმი ინტერესს არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იჩენენ.
- ჩვენთვის აქტუალურია გალის მოსახლეობის თემა. ხაჯიმბას ხელისუფლებამ მათ ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში დარიგებული ე.წ. აფხაზური პასპორტები ჩამოართვა, მაგრამ სულ ახლახანს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ გალელებს ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთების გაცემა დაიწყება. თქვენი აზრით, რატომ შეცვალა ხაჯიმბამ გალელებისადმი დამოკიდებულება? სოხუმის ეს ნაბიჯი გალელების მიმართ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 12 მარტის არჩევნებზე გალელები ხაჯიმბას სახელისუფლებო პარტიას დაუჭერენ მხარს?
- გალთან და ზოგადად ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავებაზე აფხაზეთში დისკუსიები დღემდე მიდის. სხვადასხვა ჯგუფები განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. ერთია ანქვაბის ჯგუფთან დაკავშირებული კონცეფცია, რომლის თანახმადაც აფხაზურმა „სახელმწიფომ“ ეტაპობრივად უნდა მოახდინოს ქართველების ინტეგრაცია. ზუსტად ამ მიდგომის ფარგლებში დაურიგდათ მათ ე.წ. აფხაზური პასპორტები, ხელი ეწყობოდა გალელების საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას, კერძოდ, სოხუმის უნივერსიტეტეში მათთვის დაწესდა კვოტები და ა.შ.
ხაჯიმბა უფრო მკაცრი მიდგომებით ხასიათდება. მისი მოსაზრებით, გალელებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება რამე სახის ინტეგრაციაზე საუბრის დაწყება. ბაღაფშიცა და ანქვაბიც, გალელების მიერ საქართველოს მოქალაქეობის ქონაზე თვალს ხუჭავდნენ.
ამ პოზიციებიდან გამომდინარე, გალის მოსახლეობა ხაჯიმბას მთავრობისადმი ანტაგონისტურად იყო და არის განწყობილი და ზუსტად ამის გამო ჩამოართვეს მათ პასპორტები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არჩევნებს გარანტირებულად წააგებდა.
გალის მოსახლეობა ხაჯიმბას მთავრობისადმი ანტაგონისტურად იყო და არის განწყობილი და ზუსტად ამის გამო ჩამოართვეს მათ პასპორტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არჩევნებს გარანტირებულად წააგებდა

ანუ, როგორც ვხედავთ საქმე გვაქვს, როგორც კონცეფციათა ჭიდილთან, ასევე კონკრეტულ საარჩევნო ციკლთან დაკავშირებულ პოლიტიკურ თამაშებთან.
- და ბოლოს. სოხუმის ხელისუფლებამ აფხაზეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა არაოფიციალური გადასასვლელი დახურა. მათი მტკიცებით, ხელისუფლება ასე ებრძვის აფხაზეთში საქართველოდან განუბაჟებელ საქონელსა და ტვირთბრუნვას. თქვენი აზრით, მომხდარს კამპანიური ხასიათი ექნება თუ ყველაფერი შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს? ბევრი თვლის, რომ ამგვარი ნაბიჯებით სოხუმს სურს აფხაზეთს რაც შეიძლება ნაკლები აკავშირებდეს საქართველოსთან. ამის პარალელურად, უცნაურად გამოიყურება მოსკოვის მტკიცება, რომ კრემლი ევროკავშირის წინაშე ჟენევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მოითხოვს...
- როგორც უკვე აღვნიშნე, აქ საქმე გვაქვს როგორც გრძელვადიან დაპირისპირებასთან აფხაზური პოლიტიკური ელიტის შიგნით, ასევე ძალიან კონკრეტულ მიმდინარე მოვლენასთან. სიტუაციას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის დასავლეთისა და რუსეთის დაძაბული ურთიერთობები, რის გამოვლინებასაც წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის „დახურვის“ მცდელობები.
გამოკვეთილი ტენდეცნიაა, რომ ენგურზე კონტროლი სულ უფრო მკაცრდება, რაც გალის მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გადაადგილების კუთხით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა მოდით დაველოდოთ, როგორც არჩევნების შედეგებს აფხაზეთში, ასევე საერთაშორისო კონტექსტის განვითარებას, რომელმაც შესაძლოა რეგიონში გარკვეული სიახლეები მოიტანოს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები