არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
სრულიად ნათელი და გასაგებია, რომ პუტინი საქართველოს ვერ აკონტროლებს
12:26 29-03-2017
სრულიად ნათელი და გასაგებია, რომ პუტინი საქართველოს ვერ აკონტროლებს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიღების პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობასა და რუსეთში მოქალაქეების პოლიტიკური გააქტიურების მიზეზებზე ”ინტერპრესნიუსი” რუს პოლიტოლოგს, დიმიტრი ორეშკინს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიიღეს. ბალტიის ქვეყნებისა და მოლდოვას შემდეგ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო აღმოჩნდა შემდეგი ქვეყანა, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე გარკვეული წინსვლა აქვს. თქვენ როგორც რუსი პოლიტოლოგი, როგორ შეაფასებდით მომხდარს?
- ევროლიბერალიზაციის მიღება საქართველოსთვის დიდი წარმატებაა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს.
ევროლიბერალიზაციის მიღებით საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცესთან დასაახლოებლად

სხვათა შორის, მე როგორც პროფესიით გეოგრაფმა უნდა ავღნიშნო ის, რომ ფორმალურად ევროპასა და აზიას შორის საზღვარი კავკასის ქედზე გადის. მთელი ჩრდილოეთ კავკასია, ვლადიკავკაზი და სტავროპოლის მხარე ევროპად ითვლებოდა, ხოლო სამხრეთ კავკასია აზიად. ვფიქრობ, ქართველები ამაზე არ დაფიქრებულან, თუ დაფიქრებულან, ალბათ არ იზიარებენ ამგვარ მოსაზრებას.
ევროლიბერალიზაციის მიღებით საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცესთან დასაახლოებლად. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ამის გამო ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს. ვითარება ტრადიციულია. რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში სამშობლოში ჩამოუსვლელად 90 დღე შეეძლებათ ყოფნა, ხოლო წელიწადში 180 დღე. შრომითი მიგრაციისთვის ეს მაინცდამაინც კარგი არაა, თუმცა, ამ პირობებშიც ხალხი შეძლებს თუნდაც 90 დღის მანძილზე დასაქმებას. ასე იქცევიან ბალტიის ქვეყნების მოქალქეები, ვინაიდან ევროპის ქვეყნებში ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირში არცთუ ისე დიდი ხნის გაწევრიანებულ ქვეყნებში.
დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან თუ საქართველოს მოქალაქეებმა მოახერხეს ევროპის ქვეყნების მოქალაქეებთან კონტაქტების დამყარება, თავის კარგად წარმოჩენა, დამსაქმებლები ყოველთვის მისცემენ მათ დასაქმების საშუალებას, რაც მათ საკმაოდ კარგი ანაზღაურების საფასურად დასაქმების საშუალებას მისცემს.
- რაც შეეხება მომხდარის პოლიტიკურ შემადგენელს?
- რაც შეხება პოლიტიკურ შემადგენელს. ჩემი აზრით, ახლა მომხდარის პოლიტიკური შემადგენელი მეორეხარისხოვანია. გასაგებია, რომ ევროპული ღირებულებები ყველგან აღწევს, ნელ-ნელა ხდება მათი გავრცელება. ფაქტია ისიც, რომ ამ პროცესს წლები დასჭირდება.
ის, რაც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება კანონზომიერი, პროგნოზირებადი და ჯანმრთელი პროცესია

აქ გასაგებია სხვა რამ, კერძოდ, სრულიად ნათელი და გასაგებია, რომ პუტინი საქართველოს ვერ აკონტროლებს. ისიც გასაგებია, რომ მას საქართველოს მიმართულებაზე წინსვლა არ ექნება. თუ საქართველო ნატოს მიმართულებითაც გადაწყვეტს მოძრაობას, პუტინი იძულებული იქნება ესეც გადაყლაპოს. ჩემი აზრით, ის, რაც ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება კანონზომიერი, პროგნოზირებადი და ჯანმრთელი პროცესია.
- ფაქტია, რომ რუსეთი თვალს ადევნებდა საქართველოს ევროპისკენ ცურვის პროცესსა და ევრონიტეგრაციის სასარგებლოდ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. საინტერესო ისაა, რომ როგორც კი უკრაინამ დაიწყო ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა, სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყება. პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში წასასვლელად ვიზების მიღებას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა. იყო ისეთი განცდაც, რომ პუტინი ევროპას დაასწრებდა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, მაგრამ მოსკოვს ამგვარი ნაბიჯი არ გადაუდგამს. თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ კრემლი მშვიდად ადევნებდა თვალს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს? თუ მას უნდოდა ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მას ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს?
საქართველოს გაუმართლა, რომ უკრაინაში დაიწყო ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესები. უკრაინაში არსებული პრობლემების გამო მოსკოვმა საქართველოსთვის ვერ მოიცალა. ფაქტია ისიც, რომ უკრაინა პუტინის საგარეო პოლიტიკის ფართომასშტაბიანი ჩავარდნაა

- ყველაფერი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეს უკავშირდება, პუტინისა და მისი გარემოცვისათვის ძალიან მტკივნეული თემაა. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან განიცდიან, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება. მათთვის ყველაფერი ეს გეოპოლიტიკურ ჭიდილში დამარცხების ტოლფასია.
ჩემი აზრით კი, ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალური ტრენდია. რადგან ევროპული ღირებულებები ეკონომიკის განვითარებისათვის, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა. ადამიანებს ეძლევათ თვითრეალიზების საშუალება. პუტინის ტრენდი უპირველესად იარაღის გამოყენებაა. ანუ, იარაღისა და ძალის გამოყენებით გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაა, რაც ამ ტერიტორიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ასე იმიტომ ხდება, რომ რუსეთის რესურსები შეზღუდულია.
ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ უკრაინაში დაიწყო ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესები. უკრაინაში არსებული პრობლემების გამო მოსკოვმა საქართველოსთვის ვერ მოიცალა. ფაქტია ისიც, რომ უკრაინა პუტინის საგარეო პოლიტიკის ფართომასშტაბიანი ჩავარდნაა.
პუტინს სურდა უკრაინის ჯერ ევრაზიულ საბაჟო კავშირში შეყვანა, შემდეგ კი ევრაზიულ კავშირში როგორმე შეთრევა. ამის ნაცვლად, პუტინმა მიიღო უკრაინა, რომელიც, როგორც არასდროს, მტრულადაა განწყობილი რუსეთის მიმართ და როგორც არასდროს, მკაფიოდაა ორიენტირებული ევროპასა და ნატოზე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ანექსია. უკრაინაში დაწყებულმა პროცესებმა პუტინის ევრაზიული კავშირის იდეა შეიწირა. შემდეგ რაც უკრაინაში ხდებოდა და ახლაც ხდება, ყველაფერი ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება ამ იდეის კრახის გამართლებას. ამისათვის დაიხარჯა ქვეყნის უამრავი რესურსები, როგორც ფინანსური და სამხედრო, ისე ინტელექტუალური.
სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოს ევროპისკენ დაჩქარებული ტემპებით სვლას. კრემლმა როგორც კი დაიწყო უკრაინის პრობლემების გადაჭრა, მოსკოვის თვალსაზრისით ”თავი წამოყო” ბელორუსმა თავისი პრობლემებით. მოსკოვმა დაიწყო კიდეც ბელორუსთან ურთიერთობების დალაგება, მაგრამ ამასობაში საქართველო გაექცა ხელიდან. ეს ნორმალური პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ იშლება სსრკ-ს სამხედრო-პოლიტიკური სივრცე.
უკრაინაში დაწყებულმა პროცესებმა პუტინის ევრაზიული კავშირის იდეა შეიწირა. შემდეგ რაც უკრაინაში ხდებოდა და ახლაც ხდება, ყველაფერი ემსხურებოდა და ახლაც ემსახურება ამ იდეის კრახის გამართლებას
მისი დაშლა ლოგიკური გახლავთ, რადგან იგი მხოლოდ ძალასა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებზე ზეწოლას ეფუძნებოდა. ეს კი მხოლოდ იმათ ინტერესებში აღმოჩნდა, ვინც კრემლში იჯდა და კრემლის პოლიტიკას ატარებდა.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მიერ ევროლიბერალიზაციის მიღება კრემლისთვის არასასიამოვნო ახალი ამბავია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი ამის მისაღებად პრინციპში მენტალურად მზად იყო. კრემლში ესმოდათ, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ევროლიბერალიზაციას მიიღებდა, მალე უკრაინაც მიიღებს. მას ახლა სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმის მტკიცებისა, რომ ქართველებს ექნებათ საშუალება ლონდონში წავიდნენ და იქ რეცხონ უნიტაზები. ქართველებს ღმერთმა ხელი მოუმართო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამის საშუალება რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ.
- რამდენიმე დღის წინ რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. ისინი საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს ? უკმაყოფილების ქუჩაში მასობრივად დემონსტრირებით, სავარაუდოდ, რა პროცესი დაიწყო რუსეთში?
- ამ მოვლენებზე საუბრისას მე ყურადღებას არ გავამახვილებდი იმაზე, რაზეც უმეტესობა საუბრობს. მხერდველობაში მაქვს ის, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უმეტესად ახალგაზრდობა იღებდა.
დიახ, სწორია, ასეც იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივი აქციები, თუნდაც ახალგაზრდების მონაწილეობით, სიმპტომია საზოგადოებაში არსებული უფრო ღრმა პრობლემების, რაც კრემლისთვის საზოგადოებრივ განწყობებში აშკარა ცვლილებების შემაშფოთებელი სიგნალია.
- ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, გავეცანი ინფორმაციას ავტოგადამზიდავების უვადო აქციის დაწყების შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ მილიონამდე რუსეთის მოქალაქე იღებს მონაწილეობას. ასევე იმას, რომ მათი ლიდერი ანდრეი ბაჟუტინი 14 დღით დააკავეს. კრასნოდარში დაიწყო უკმაყოფილო ტრაქტორისტების მარში. ფაქტია, რომ რუსეთში უკმაყოფილო მოქალაქეები გააქტიურდნენ. უცნაურია ის, რომ ხელისუფლების პირველ პირები მომხდარზე განცხადება-შეფასებებით არანაირად არ რეაგირებენ. რა ხდება?
- ხელისუფლება იძულებულია ამ პროცესებზე ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია. მე ზემოთ ვსაუბრობდი, რომ კრემლს ხან უკრაინის, ხანაც ბელორუსის, ხანაც საქართველოს პრობლემა დაუდგა. აქაც ასეა, ქუჩაში ხან ახალგაზრდები გამოდიან, ხან მძღოლები და ხანაც ტრაქტორისტები.
საქართველოს მიერ ევროლიბერალიზაციის მიღება კრემლისთვის არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი ამის მისაღებად პრინციპში მენტალურად მზად იყო

ის რაც ვიხილეთ, ვგულისხმობ მასობრივ საპროტესტო აქციებს, მათი დაწყება მოსალოდნელი იყო. ქვეყანაში უამრავი პრობლემა და დაუსჯელი დანაშაული დაგროვდა. როცა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, იგი ხარისხში გადადის. ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება თვალს ხუჭავს უამრავ პრობლემასა და დანაშაულზე.
ყველა ხვდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაკარგა, ამერიკასთან თავი მოგვეჭრა, ქვეყანას საერთაშორისო სტატუსი დაკარგული აქვს. ფული სულ უფრო ცოტაა. რუბლის ღირებულება დაცემულია. ფასები იზრდება. ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან ხალხი ამ კითხვებს დასვამდა.
ხელისუფლება ამ კითხვებზე პასუხს არ სცემს. შეიძლება ითქვას, რომ ხალხს ამ კითხვებზე პასუხი ნავალნიმ შესთავაზა. იგი საკმაოდ მარტივი და გასაგებია - ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე. რუსეთში რევოლუციური სიტუაციის შექმნა კი არ დაწყებულა, არამედ დაიწყო ქვეყნის უკიდურესად მძიმე და კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენაში პუტინისა და მედვედევის როლის, ასევე პუტინის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლებო ვერტიკალის გადაფასება.
აქციები თუნდაც ახალგაზრდების მონაწილეობით სიმპტომია საზოგადოებაში არსებული უფრო ღრმა პრობლემების, რაც კრემლისთვის საზოგადოებრივ განწყობებში აშკარა ცვლილებების შემაშფოთებელი სიგნალია
- თქვენი კოლეგა რუს ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლების უმაღლეს დონეზე დაპირისპირების შედეგია. გეხსომებათ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა - ”მედვედევი კარგად არ არის, გაცივდაო”, რის შემდეგაც მედვედევმა განაცხადა - ”კარგად ვარ, ახლახან თხილამურებზე ვისრიალეო”. იმასაც ამბობენ, რომ მარტო ნავალნი ვერ შეძლებდა 100-ზე მეტ ქალაქში მასობრივი აქციების ორგანიზებას და ამ პროცესში რუსული სპეცსამასახურების მონაწილეობას არ გამორიცხავენ...
- ფაქტია, რომ თუ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი კორუმპირებულობის გამო მხოლოდ მედვედევის გადადგომას მოითხოვდა, მეორე ჯგუფის ლოზუნგი იყო - ”პუტინი ქურდია”. პუტინსა და მედვედევს შორის რომ გარკვეული სახისა და ტიპის დაპირისპირებაა, კარგა ხანია ცნობილია. ცხადია, რომ კრემლთან დაახლოებულ ელიტებში ორივეს ჰყავს მხარდამჭერთა ჯგუფები, მაგრამ ახლა რომ მედვედევი პუტინის კონკურენტი ვერანაირად ვერ იქნება, ეგეც ცხადია.
ვერ გეტყვით, აქციების ორგანიზებაში რამე ფორმით იღებდნენ თუ არა მონაწილეობას სპეცსამსამსახურები. ჯერ ვხედავთ იმას, რომ ამ აქციების გამო ხელისუფლება საკმაოდ შეშფოთებულია. გრძელდება აქციაში მონაწილეთა დაკავებები. გაუგებარია მათი დაკავების მოტივიც. მოქალაქეებმა ქვეყანაში კორუფციის არსებობა გააპროტესტეს - თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად ებრძვის კორუფციას, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აკავებენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ანტიკორუფციოულ აქციებში მონაწილეებს.
რუსეთში რევოლუციური სიტუაციის შექმნა კი არ დაწყებულა, არამედ დაიწყო ქვეყნის უკიდურესად მძიმე და კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენაში პუტინისა და მედვედევის როლის, ასევე პუტინის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლებო ვერტიკალის გადაფასება

როგორც უკვე ვთქვი, პუტინისა და მედვედევის საქმიანობის გადაფასების პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. საკმაო დრო დასჭირდება იმის გარკვევას, რამდენად სერიოზულადაა განწყობილი საზოგადოება მართლაც კრიტიკულად გადააფასოს პრეზიდენტ პუტინისა და პრემიერ-მინისტრ მედვედევის საქმიანობა. საჯარო სივრცეში ხელისუფლების მასობრივად კრიტიკა მხოლოდ ახლა დაიწყო. დრო დასჭირდება იმის გარკვევას თუ რა ფორმებს მიიღებს ეს პროცესი და რამდენად იღებს მასში მონაწილეობას ხელისუფლება პუტინ-მედვედევის ჩათვლით.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები