არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ერევნის საგარეო პოლიტიკა არ იქნება მხოლოდ რუსეთზე ორიენტირებული
16:41 03-04-2017
ერევნის საგარეო პოლიტიკა არ იქნება მხოლოდ რუსეთზე ორიენტირებული სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსა და ოფიციალური ერევნის ახალი ევროპული პოლიტიკის მიზეზებზე ”ინტერპრესნიუსი” გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, რა შედეგებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, სადაც 101 დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 1600 დეპუტატობის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას?
- მე ასე ვიტყოდი, არჩევნების შედეგები საკმაოდ პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ამ არჩევნებს სუპერინტრიგა არ ჰქონია. ამის მიზეზი რამდენიმეა.
სომხეთი სახელმწიფოს მართვის ნახევრად საპრეზიდენტო მოდელიდან გადავიდა საპარლამენტო მართვის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები 2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ განხორციელდა. ამავე ცვლილებებით პრეზიდენტი 2018 წლის აპრილამდე შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
იმის გამო რომ საარჩევნო კანონში არჩევნების მაჟორიტარული სისტემაც იქნა ჩადებული, ამან პრაქტიკულად წინასწარ განსაზღვრა არჩევნების შედეგები და მასში მმართველი გუნდის უპირობოდ გამარჯვებაც

საარჩევნო კანონი, რომელიც 2016 წლის სექტემბერში იქნა მიღებული, საკმაოდ რთულ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას ითვალიწინებს და იგი არ შეესაბამება იმ ქვეყნების საარჩევნო კანონს, სადაც საპარლამენტო მმართველობის მოდელებია.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემაში დიდი როლი ენიჭება პარტიებს, მათ სიძლიერეს, ვინაიდან პარლამენტია ერთადერთი არჩევითი ორგანო, რომელიც ამტკიცებს მთავრობას და განსაზღვრავს პოლიტიკას, ჩვენს კონსტიტუციაში ყველაფერი ეს კარგადაა გაწერილი, მაგრამ საარჩევნო კანონში საუბარია არა მხოლოდ მრავალპარტიულ სისტემაზე, რომელსაც ჩვენ პროპორციულ სისტემას ვუწოდებთ, არამედ მკაცრადაა მიბმული ე.წ. რეიტინგული სისტემა. ხელისუფლებამ რესპუბლიკური პარტიის სახით ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ იმისათვის, რომ სურდა გაეხანგრძლივებინა მისივე ხელისუფლებაში ყოფნა.
ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში ხელისუფლებას გაუჭირდებოდა არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება. ხელისუფლების შესანარჩუნებლად მათი ინიციატივით მოხდა საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადასვლის ინიცირება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ საარჩევნო კანონში მოიგონა ე.წ. ხმის მიცემის რეიტინგული წესი, რაც მაჟორიტარულ სისტემას ითვალისწინებს. იმის გამო რომ საარჩევნო კანონში არჩევნების მაჟორიტარული სისტემაც იქნა ჩადებული, ამან პრაქტიკულად წინასწარ განსაზღვრა არჩევნების შედეგები და მასში მმართველი გუნდის უპირობოდ გამარჯვებაც.
არჩევნებს მოიგებდა ის, ვისაც აქვს სახელისუფლებო რესურსი და ფული. სწორედ ამას ვგულისხმოვდი როცა ვთქვი, რომ არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო. ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არაა, მაგრამ მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკურ პარტიას ხმათა 50-%-ზე მეტი აქვს აღებული და უკვე შეუძლია სხვა პარტიების დაუხმარებლად დააკომპლექტოს მთავრობა.
არჩევნების შედეგებით მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი ”წარუკიანი”, რომელშიც პატარ-პატარა პოლიტიკური გაერთიანებიც იყვნენ გაერთიანებული. მისი ლიდერი მილიარდერი ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი, როგორც მინიმუმ, კავკასიაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება.
5%-იანი ბარიერი გადალახეს პარტია ”დაშნაკცუტიუნმა,” რომელსაც დღეის მონაცემებით ხმათა 6% უკვე აქვს მიღებული. ბარიერი ასევე გადალახულია აქვს ბლოკ - ”გამოსავალს”. ისინი დემოკრატიულ და დასავლეთზე ორიენტირებულ პარტიებად ითვლებიან.
არ მგონია სერჟ სარგსიანი პრემიერი გახდეს. მას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, იგი ფორმალურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება, მაგრამ რეალურად იქნება სახელმწიფოს მმართველი

სომხეთის მომავალ პარლამენტში წამყვანი ძალა იქნება მმართველი რესპუბლიკური პარტია, შემდეგ ბლოკი ”წარუკიანი”, რომელიც არა იმდენად პოლიტიკური პარტიაა, რამდენადაც იმ მდიდარი ადამიანების კონგლომერატია, ვინც ქველმოქმედებითა და ძირითადად სოციალური პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული. არა მგონია, მათ მონაწილეობა მიიღონ სომხეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრაში. საინტერესო ისაა, რომ პარტია ”დაშნაკცუტიუნი” ახლაც სახელისუფლებო ბლოკში შედის, მაგრამ მომავალ პარლამენტში მას თავისი ფრაქცია ექნება. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს მთავრობის დასაკომპოლექტებლად არ დასჭირდება ვინმესთან კოალიციის შექმნა, პარტია ”დაშნაკცუტიუნი” სამთავრობო კოალიციაში მაინც შევა.
- უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნების წინ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აცხადებდა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია გაიმარჯვებდა, იგი არ გამორიცხავდა იმას, რომ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. როგორია პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მას შემდეგ რაც სარგსიანს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურება, იგი პრემიერი გახდება?
- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ერთ წელიწადში. ჩემი პროგნოზი ასეთია - არ მგონია, სერჟ სარგსიანი პრემიერი გახდეს. მას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, იგი ფორმალურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება, მაგრამ რეალურად იქნება სახელმწიფოს მმართველი.
იმის გათვალიწინებით რომ მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, ძალაუფლება ისედაც მათ ხელშია, სულაც არ არის იმის აუცილებლობა რომ სარგსიანი პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის სავარძელში აღმოჩნდეს.
სომხეთში ისეთივე მართვის მოდელი იქნება, როგორც კომუნისტური მმართველობის დროს იყო... სომხეთის რეალური მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებული სერჟ სარგსიანი იქნება

ვფიქრობ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში ისეთივე მართვის მოდელი იქნება, როგორც კომუნისტური მმართველობის დროს იყო. მისი არსი მნიშვნელოვნად განსხვავებული კი იქნება, მაგრამ მართვის მოდელი რომ კომუნისტურის მსგავსი იქნება, ეჭვიც არ მეპარება. სომხეთის რეალური მმართველი რესპუბლიკური პარტიის სავარძელში მოკალათებული სერჟ სარგსიანი იქნება.
- პრემიერ-მინისტრად ვინ მოიაზრება?
- კარენ კარაპეტიანი, რომელსაც დღესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკავია. რატომ? საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხშირად ისმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ თუ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში გაიმარჯვებდა, სომხეთის პრემიერად დარჩებოდა კარენ კარაპეტიანი.
რა იქნება ერთი წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტი დღევანდელი უფლებამოსილებებით გაუქმდება და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, ძნელი სათქმელია, მაგრამ მას შემდეგ რაც ახლად არჩეული პარლამენტი საქმიანობას შეუდგება, იგი სომხეთის პრემიერად კარენ კარაპეტიანს აირჩევს.
- პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს საკმაოდ შეკვეცილი უფლებამოსილებები ექნება?
- დიახ. მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები ექნება. მას შემდეგ რაც პრეზიდენტ სარგსიანს საპრეზიდენტო უფლებამოსილებები ამოეწურება, სომხეთი საპარლამენტო მართვის სისტემაზე სრულად გადავა.
- ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 72 წლის სომხეთის ექს-პრეზიდენტმა ლევონ ტერ- პეტროსიანმა, რომელიც ”სომხეთის ნაციონალური კონგრესის” ლიდერია. მან წინა არჩევნებზე ასაკის გამო თქვა უარი არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თქვენი აზრით, რატომ მიიღო მან არჩევნებში მონაწილეობა წელს და რა შედეგი მიიღო ექს-პრეზიდენტის პარტიამ?
- წინასწარი მონაცემებით ”სომხეთის ნაციონალურ კონგრესს” მიღებული აქვს ხმათა 2-3%. ამჯერად ტერ-პეტროსიანის კონგრესში გაერთიანებული იყო სომხეთის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივნისა და შემდეგ ვიცე-სპიკერ დემირჭიანის შვილის, სტეფან დემირჭიანის მემარცხენე პარტია.
ჩემი აზრით, მათაც ჰქონდათ ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ ლევონ ტერ-პეტროსიანს ამ არჩევნებზე ჰქონდა ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყეტის თავისი იდეეები და წინადადებები. ისინი ღიად აცხადებდნენ რომ საჭიროა აზერბაიჯანთან საერთო ენის მოძებნა ტერიტორიების დაბრუნების ხარჯზე. დღევანდელ ვითარებაში, როცა ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული რიტორიკა სულ უფრო შესამჩნევი ხდება, სომხეთის ამომრჩეველმა მათი ეს ინიციატივები არ გაიზიარა. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ”სომხეთის ნაციონალურმა კონგრესმა” პარლამენტში შესასვლელად საჭირო ხმები ვერ მიიღო.
ლევონ ტერ-პეტროსიანი ამომრჩეველს სთავაზობდა საზოგადოებას ესწავლა მეზობლებთან საერთო ენის გამოძებნა და ყარაბაღის კონფლიქტის დათმობების გზით მოგვარებაზე სერიოზულად ეფიქრა... მათ გარისკეს და საზოგადოებისგან ნდობის მანდატზე უარი მიიღეს

ექს-პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ამომრჩეველს სთავაზობდა საზოგადოებას ესწავლა მეზობლებთან საერთო ენის გამოძებნა და ყარაბაღის კონფლიქტის დათმობების გზით მოგვარებაზე სერიოზულად ეფიქრა. საკმაოდ უშიშარი ადამიანი კი ვარ, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შარშანდელი სამხედრო მოქმედებების ფონზე მე ამგვარი იდეებით არჩევნებზე გამოსვლას ვერ გავრისკავდი. მათ გარისკეს და საზოგადოებისგან ნდობის მანდატზე უარი მიიღეს.
- იღებდა თუ არა არჩევნებში მონაწილეოაბს სომხეთის კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი?
- კოჩარიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. იყო ეჭვი, რომ იგი ირიბად მხარს უჭერდა ოსკანიან-ოჰანიან-რაფის ბლოკს, რომელშიც გაერთიანებული არიან ორი ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი და ერთიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ჩემი მონაცემებით მას ამ არჩევნებში არანაირი მონაწილოება არ მიუღია. მეტიც, რობერტ კოჩარიანი არჩევნების დღეს სომხეთში საერთოდ არ ყოფილა - იგი მოსკოვში გახლდათ.
ჩემი აზრით, მისი არჩევნებში არმონაწილეობა შესაძლოა იმას უკავშირდება, რომ მას დასაკარგი საკმაოდ ბევრი რამ აქვს. სხვადასხვა შეფასებებით რობერტ კოჩარიანი 3-დან 5-მილიარდამდე დოლარის მფლობელია. ამიტომ მას არ ჰქონია სურვილი დაპირისპირებოდა სერჟ სარგსიანს. ჩვენთან ვინც ხელისუფლებას უპირისპირდება ქონებას ართმევენ ხოლმე.
- კარგა ხანია სომხეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყარაბაღიდან გამოსული პოლიტიკური ფიგურები, რაც ერევნის პოლიტიკური წრეებისათვის მისაღები მაინცდამაინც არასდროს ყოფილა. უკანასკნელი არჩევნების შედეგებით რა შეიძლება ითქვას - ყარაბაღის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში პოზიციები შეინარჩუნა თუ აქამდე არსებულ ძალთა კონფიგურაციაში გარკვეული ცვლილებები მოხდა?
- ჩემი აზრით, ყარაბაღელთა პოლიტიკურმა ჯგუფმა სომხურ პოლიტიკაზე გავლენა შეინარჩუნა. ასეა არა მარტო რობერტ კოჩარიანის, სერჟ სარგსიანისა და თავდაცვის ექს-მინისტრ ოჰანიანის გამო, რომლებიც ყარაბაღელები არიან. სომხეთის პოლიტიკაში მონაწილე ყარაბაღელთა სია საკმაოდ დიდია. სხვათა შორის, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანიც წარმოშობით ყარაბაღიდანაა. იგი, ვიდრე პრემიერი გახდებოდა, მოსკოვში საქმიანობდა და ერევანში იქიდან ჩამოიყვანეს.
ყარაბაღელთა პოლიტიკურმა ჯგუფმა სომხურ პოლიტიკაზე გავლენა შეინარჩუნა. ასეა არა მარტო რობერტ კოჩარიანის, სერჟ სარგსიანისა და თავდაცვის ექს-მინისტრ ოჰანიანის გამო, რომლებიც ყარაბაღელები არიან. სომხეთის პოლიტიკაში მონაწილე ყარაბაღელთა სია საკმაოდ დიდია

ომის შემდეგ ყოფილი მებრძოლებისა და საველე მეთაურების როლი სომხურ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი იყო. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდში. სერჟ სარგსიანის დროსაც ასეა, ბევრი მინისტრი ყარაბაღელია, მაგრამ ახლა ამგვარი საკადრო პოლიტიკა უფრო შეუმჩნევლად ტარდება.
- იმის გათვალისწინებით, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიამ, რომელიც სომხურ საზოგადოებას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობაინ გზას სთავაზობდა და ხმები ვერ მიიღო, ყარაბაღის საკითხში რამე სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ასეა?
- დიახ, ასეა. ”სომხეთის ნაციონალურ კონგრესს” ჰქონდა შანსი პარლამენტში მოხვედრილიყო, მაგრამ ხალხისთვის მათ მიერ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შეთავაზებული გზა მიუღებელი აღმოჩნდა.
ყარაბაღის საკითხზე მმართველი რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ასეთია - ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აზერბაიჯანისგან ულტიმატუმს არ მივიღებთ. ბაქოს პოზიცია ამგვარია - ჯერ გაანთავისუფლეთ ტერიტორია და მერე ვისაუბრებთ.
- რადგან სომხეთში ძალაუფლება რესპუბლიკურ პარტიას დარჩა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გაგრძელდება სომხეთის ევრაზიულ კავშირსა და ევრაზიის საბაჟო კავშირში მეტი ინტეგრაციის პოლიტიკა...
- მადლობა ამ კითხვისთვის. სერჟ სარგსიანის რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების საკმაოდ დიდი ნაწილი იმის გამო მიიღო, რომ თებერვალში სარგსიანი იმყოფებოდა ბრიუსელში, შეხვდა ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობას. სომხეთმა ბრიუსელში ევროკავშირსა და სომხეთს შორის ახალ შეთანხმების პარაფირება მოახდინა. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე სომხეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერევნის საგარეო პოლიტიკა არ იქნება მხოლოდ რუსეთზე ორიენტირებული.
ერევანმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. სხვადასხვა გამოკითხვებით სომხეთის პროდასავლურ კურსს მოსახლეობის 30%-ზე მეტი უჭერს მხარს. მმართველმა გუნდმა დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ იგი პროდასავლურ კურსს გაატარებს.
- ბატონო სტეპან, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა, მე მაინც გკითხავთ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სომხეთის მმართველი გუნდის დასავლეთის მიმართულებაზე გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა წინასაარჩევნო პიარ-კამპანიის ნაწილი? ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ მიჩნეული სომხეთი საერთაშორისო ასპარეზზე კრემლისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს...
- მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და სომხეთს შორის ახალი შეთანხმების პარაფირება მოხდა, ჩვენთანაც ბევრი თვლის, რომ სომხეთის ხელისუფლება ნოემბერშიც იტყვის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. მე ასე არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, ამჯერად სომხეთი ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
ასე მოხდება იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სომხები გულუბრყვილოები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ საბაჟო კავშირში შევიდა, სომხეთის ეკონომიკა სულ მეტად ინგრევა. მოქმედება დაიწყო მექანიზმებმა, რომლებიც ევრაზიულ საბაჟო კავშირს უკავშირდება.
ერევნის კითხვაზე რუსეთის მიმართ - თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? - მოსკოვის პასუხია - ვერაფრით დაგეხმარებით, ეკონომიკური თვალსაზრისით თავად გვიჭირს

სომხეთის ეკონომიკა წარმატებით ყოველთვის მაშინ ვითარდებოდა, როცა ურთიერთობდა ევროპის ეკონომიკურ სტრუქტურებთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. რაც ევრაზიული საბაჟო კავშირი ამოქმედდა, ყველაფერმა ამან ნგრევა დაიწყო. სომხეთის ხელისუფლებამ დასავლეთისკენ ნაბიჯები იმიტომ გადადგა, რომ ახლა იგი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა.
- გინდათ თქვათ, რომ ერევნის დასავლურ კურსს მოსკოვი მშვიდად მიადევნებს თვალს?
- რამდენადაც ვხვდები, მოსკოვი ამას მშვიდად შეხვდება და იცით რატომ? ჩვენები რუსეთს უხსნიან იმ პრობლემების არსს, რაზეც მოგახსენეთ და ცდილობენ არსებულ ვითარებაზე კრემლის პოზიცია ადეკვატური იყოს. ერევანი მოსკოვს სთხოვს დახმარებას, მოსკოვის პასუხი ასეთია - ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით. ასეთ ვითარებაში ერევანმა რუსეთისაგან თავისუფლად მოქმედება მოითხოვა. რუსეთი ჩვენი პრობლემების საქმის კურსშია, უმაღლეს დონეზე ეს საკითხები განიხილებოდა და მათ იციან თუ რა ნაბიჯები გადადგა ოფიციალურმა ერევანმა ევროპის მიმართულებით.
საქმე ისაა, რომ ერევნის კითხვაზე რუსეთის მიმართ - თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? - მოსკოვის პასუხია: ვერაფრით დაგეხმარებით, ეკონომიკური თვალსაზრისით თავად გვიჭირს. ცხადია, ეკონომიკური სანქციების პირობებში რუსეთს ახლაც უჭირს და სავარაუდოდ, ახლო მომავალშიც საკმაოდ გაუჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სომხეთის მმართველი გუნდის ნაბიჯები ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო ხელშესახები იქნება.


კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები