არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ძალიან არ მინდა, რომ სამხრეთ კავკასია ერაყს ან სირიას დაემსგავსოს
09:45 20-04-2017
ძალიან არ მინდა, რომ სამხრეთ კავკასია ერაყს ან სირიას დაემსგავსოს სოხუმში მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტზე, აშშ-რუსეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორს, ”რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს” (რომლის პრეზიდიუმის წევრი რუსეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი იგორ ივანოვია) ექსპერტს, ალექსანდრე კრილოვს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვინაიდან თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი სოხუმში აქტიურად განიხილება, ჩვენი საუბარის დაწყება სწორედ ამ თემით მინდა გთხოვოთ. აფხაზეთის დედაქალაქში ვიზიტისას სერგეი ლავროვმა გარკვეული განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი უფრო დასავლეთის გასაგონად გაკეთდა. თქვენი აზრით, სოხუმში ლავროვის ვიზიტი რა შინაარსის მესიჯი იყო ოფიციალური თბილისისათვის?
- ამ თემაზე შეიძლება ბევრი საუბარი და ფანტაზიორობა. მე გავეცანი ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ქართული მხარე თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ, მე ვიტყოდი რბილი ფორმითაც კი. ასე იმიტომ ვთვლი, რომ ქართული პოზიციით აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ საგარეო უწყების განცხადებაში საუბარია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. თუ ეს ტერიტორია უკვე ოკუპირებულია, საუბარი მხოლოდ ხელყოფაზე აშკარად არასაკმარისია. თუმცა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიება საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანად მიმაჩნია - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი არჩევნები არ ტარდება. ადგილობრივი ხელისუფლება თავად ახორციელებს მმართველობას.
ლავროვის ვიზიტი სოხუმში არ გახლავთ მესიჯი არც დასავლეთისა და მსოფლიო თანამეგობრობისთვის და არც საქართველოსთვის... მოსკოვს აფხაზეთში დიდი პრობლემები აქვს

ლავროვის სოხუმში ვიზიტზე საუბრისას ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რაზეც არ საუბრობენ, მაგრამ მე მაინც მთავარი მგონია. ჩემი აზრით, ლავროვის ვიზიტი სოხუმში არ გახლავთ მესიჯი არც დასავლეთისა და მსოფლიო თანამეგობრობისთვის და არც საქართველოსთვის. იგი პირველ ყოვლისა შედეგია იმისა, რომ ახლა აფხაზეთში საკმაოდ რთული შიდაპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. აფხაზეთში სულ ახლახანს დასრულდა საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი აფხაზეთში დაბრუნდნენ რიგი წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც აფხაზეთში განვითარებული დრამატული მოვლენების შედეგად ძალადობრივად იყვნენ განდევნილები - მხედველობაში მაქვს აფხაზეთის მესამე პრეზიდენტის ანქვაბის ძალადობრივად განდევნა. ახლა აფხაზეთს მეოთხე პრეზიდენტი ჰყავს. მოსკოვს აფხაზეთში დიდი პრობლემები აქვს.
- გასაგებია, რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს მხოლოდ რუსეთი აღიარებს. საერთაშორისო თანამეგობრობა მას ლეგიტიმურად იმის გამო არ ცნობს, რომ მასში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზეთიდან დევნილ ქართულ მოსახლეობას, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდა. სხვათა შორის, ეუთო-ს ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტებზე რუსეთიც დაეთანხმა იმას, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით წმენდა ჩატარდა... ამიტომ, იმის თქმა, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმურია...
- მე არ მითქვამს, რომ აფხაზეთში დღევანდელი ხელისუფლება ლეგიტიმურია. ქართულ მხარის პოზიციაც ასეთია, მაგრამ მას ლეგიტიმურად რუსეთი მიიჩნევს. ასეა დაფიქსირებული კარგა ხანია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომი იყო სააკაშვილის ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგი. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მართლაც იყო ოფიციალური თბილისის ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგი. ამ თემაზე კამათს აზრი არ აქვს...
- გასაგებია, რომ აფხაზეთში პოლიტიკური ვითარება რთულია, მაგრამ მე მაინც შევეცდები დავაზუსტო ლავროვის ვიზიტი სოხუმში თბილისისათვის რა გზავნილის შემცველი შეიძლება ყოფილიყო?
- არაფრის თქმა არ უნდოდა. ჩემი აზრით, ლავროვი სოხუმში წყვეტდა რუსეთისათვის მნიშვნელოვან ამოცანას - ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მძიმეწონიანი პოლიტიკოსი და რუსეთის ინტერესებში არაა, რომ აფხაზეთში ისევ გამწვავდეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, კონფლიქტი გაღრმავდეს და ვითარება აირიოს. ასეთი შემთხვევები აფხაზეთში იყო 2004 წელსაც, მას შემდეგაც. მე ვიხსენებ იმ ვითარებებს, როცა აფხაზეთში შეიძლება დაწყებულიყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიდი სროლა - აფხაზური სიუჟეტებია.
ახლა ანქვაბს და ლაკერბაიას და სხვა პოლიტიკოსებს აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნების საშუალება მიეცათ. ჩემი აზრით, ამგვარი ვითარება რუსეთის გარკვეული ქმედებების შედეგიცაა. ახლა ლავროვისათვის მთავარი ამოცანა გახლდათ უკვე არსებული ტენდენცია - დაპირისპირებული ჯგუფების თანამშრომლობა უპირატესი გახდეს. მოსკოვს აფხაზეთში პრობლემები არ სჭირდება.
ლავროვი სოხუმში წყვეტდა რუსეთისათვის მნიშვნელოვან ამოცანას - ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მძიმეწონიანი პოლიტიკოსი და რუსეთის ინტერესებში არაა, რომ აფხაზეთში ისევ გამწვავდეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, კონფლიქტი გაღრმავდეს და ვითარება აირიოს

ჩემი აზრით, ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში ამ თვალსაზრისით არ იყო შემთხვევითი. მას უნდა გაემყარებინა ის შეთანხმებები, რომლებიც შესაძლოა წინ უძღოდა აფხაზურ პოლიტიკაში მძიმეწონიანი აფხაზი პოლიტიკოსების დაბრუნებას. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო საელჩოს ახალი შენობის გახსნაში. ეს ყველაფერი შიდააფხაზური სიუჟეტებია. ვიმეორებ, ლავროვის ვიზიტი არ გახლდათ მესიჯი არც დასავლეთისა და არც საქართველოსათვის.
- მინისტრ ლავროვს სოხუმში ახლდა მისი პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი. ალბათ ხშირად არ ხდება, როცა მინისტრი და მისი პირველი მოადგილე ვიზიტს სადმე ერთად ახორციელებდნენ. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ბატონი კარასინი მეოთხე წელია ბატონ ზურაბ აბაშიძესთან, როგორც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუნჯობესებლად, ძნელი დასაჯერებელია, რომ ლავროვ-კარასინის სოხუმში ვიზიტით მოსკოვს თბილისისთვის არაფრის თქმა არ უნდოდა...
- ბატონი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებს კურირებს, ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. რაც შეეხება კარასინ-აბაშიძის ფორმატს, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მხარეები შეთანხმდნენ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისე, რომ პოლიტიკურ საკითხებს არ შეეხებოდნენ. მაშინ ასე იმიტომ გადაწყდა, რომ მაშინ მხარეებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, რაც დღესაც ნარჩუნდება. კარასინის ყოფნა სოხუმში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პოზიციას არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ესმის ისიც, რომ საქართველო არ წავა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
- როგორც ვიცი, თქვენ ამას წინათ თქვენივე კოლეგა რუს ექსპერტებთან ერთად საქართველოს სტუმრობდით. ქართველ ექსპერტებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და საქართველოში რამდენიმე დღე ყოფნის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ვითარებას?
- საქართველოში ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებთან ვიყავით შეხვედრაზე, რომელთანაც გულახდილად ვსაუბრობთ ხოლმე და ასევე გულახდილად ვმსჯელობთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ უთანხმოებებზე. ვიცით, რომ ამ ვითარებიდან გამოსავლის ძებნა საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეულ საკითხებში წინსვლაზე საუბარი მაინც შესაძლებელია. ამიტომ ამგვარი შეხვედრები სასარგებლოა. სასარგებლოა ასევე საქართველოს ნახვა.
ჩემი აზრით, ვითარება საქართველოში წინაღმდეგობრივია, მაგრამ ბევრი რამ მაინც გვახარებს. თბილისის აეროპორტი საუცხოოდ მუშაობს. აშკარაა, რომ იგი მზადაა უპრობლემოდ მიიღოს ტურისტების ნაკადი. არ ვიცი, ასე გამართულად შეძლებენ თუ არა ისინი მუშაობას საზაფხულო სეზონის პიკზე, მაგრამ ის, რომ ახლა თბილისის აეროპორტში ყველაფერი გამართულად მუშაობს, ეს ფაქტია.
კარასინის ყოფნა სოხუმში ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხში პოზიციას არ იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ესმის ისიც, რომ საქართველო არ წავა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე

სასტუმროების მდგომარეობაც შთამბეჭდავია. თუ ყველაფერი მთლად უმაღლეს დონეზე არაა, - მხედველობაში მაქვს ის რომ წყალი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს, -მაგრამ ეს წვრილმანებია. იმედია, საზაფხულო არდადეგებისთვის ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში რუსეთიდან ტურისტების ნაკადიც გაიზრდება. იზრდება არა მარტო ტურისტების რისცხვი, არამედ იმ ადამიანთა გამოხმაურებები, რომლებიც საქართველოში იყვნენ და აღფრთოვანებას არ მალავენ. სხვათა შორის, ასეთი გამოხმაურება ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს ზახაროვას, რომლის მეგობრებმა დაისვენეს საქართველოში და იგიც სიამოვნებით გაემგზავრებოდა საქართველოში. ტურიზმის განსავითარებლად საქართველოს მართლაც კარგი პერსპექტივები აქვს.
- გითხრათ სიმართლე, მე უფრო მეტად ჩვენში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე თქვენი აზრი მაინტერესებდა...
- არჩევნები დასრულებულია. საპარლამენტო უმრავლესობა მყარია. ჩემი აზრით, საკურორტო სეზონის წინ საქართველოში მოულოდნელობების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სააკაშვილმა უკრაინაში ისე მკაფიოდ წარმოაჩინა თავისი თავი, რომ არა მგონია, იგი საქართველოში ტრიუმფით დაბრუნდეს. სხვა საქმეა, რომ საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა ქვეყანაში. ეს ჩანს გზებზეც და საცხოვრებელი ფონდის მდგომარეობითაც. მანქანით გავლაც საკმარისია ამის მისახვედრად.
თუ საქართველო თავის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს არ გადაწყვეტს, რუსეთის გარეშეც მას წინ დიდი პრობლემები ელის

რბილად რომ ვთქვათ, გასაგებია, რომ საქართველო ევროპაში კეთილდღეობით გამორჩეული ქვეყანა არაა. ნათელია, რომ აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. საქართველოს ამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით. მხედველობაში მაქვს რუსეთიდან ტურისტების მასიური ნაკადების საქართველოში ჩამოსვლა. ამას ხელს ისიც შეუწყობს თუ რა ხდება ეგვიპტეში, თურქეთში. თუ საქართველო თავის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს არ გადაწყვეტს, რუსეთის გარეშეც მას წინ დიდი პრობლემები ელის.
- ალბათ, მოსკოვში ყოფნისას და საქართველოში ჩამოსვლისასაც შეამჩნევდით, რომ საქართველოს მყარად აქვს აღებული კურსი ევროინტეგრაციაზე, ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ თემებზე თქვენი მოსაზრებები როგორია?
- შეგვიძლია გაგვიხარდეს საქართველოს გამო, რომ მან მიიღო ასე სასურველი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროპასთან. საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ექნება საშუალება უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში საკმაოდ მაღალი ფასებია. ის, რომ ევროპამ საქართველოს მოქალაქეებს არ მისცა ევროპის ქვეყნებში მუშაობის უფლება, ამის გამო მოსალოდნელი არ არის, რომ ევროპაში დიდი მიგრაციული ნაკადი იქნება. სწორედ ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის საშუალება.
რაც შეეხება ნატოს. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რომლებიც ამ პროცესს ხელს უშლიან. ჩემი აზრით, ეს არარეალურია, ვინაიდან მე ძნელად წარმომიდგენია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ტიპის მესიჯები შეიძლება სულ ტყუილად საუბრებს მივაკუთნოთ.
საქართველოს დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრიანებას, რომლებიც ამ პროცესს ხელს უშლიან. ეს არარეალურია, ვინაიდან, ძნელად წარმომიდგენია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ტიპის მესიჯები შეიძლება სულ ტყუილად საუბრებს მივაკუთვნოთ
- რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობით? რა იყო მათთვის თქვენი მთავარი გზავნილი?
- ჩვენ არანაირი გზავნილებით არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ვიმსჯელეთ რუსულ-ქართული ურთიერთობების თემებზე, რომელიც ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არაა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ურთიერთობები ისეთი არაა, როგორიც შესაძლოა, ბევრად უარესი ყოფილიყო. ეტაპობრივად ხდება ურთიერთობების გაუმჯობესება. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს. იმედი უნდა ვიქონით, რომ ეს ურთიერთობები თავის ნაყოფს მოიტანს.
მე 20 წელია ვამბობ, მთავარია საქართველომ გაიგოს, - კონფლიქტი იმაში კი არაა, რომ რუსეთმა მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ იმაში, რომ იქ იყო კონფლიქტები. ეს კონფლიქტები შეიძლება გადაიჭრას იმ მოსახლეობასთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მათი გადაჭრა საქართველოსთვის ყველაზე ადვილი კვიპროსის მოდელით იქნებოდა. კვიპროსის ბერძნული ნაწილი ყვავის, თურქულ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები მხარს უჭერენ კუნძული-სახელმწიფოს გაერთიანებას, მაგრამ ახლა ბერძნები არიან წინააღმდეგი, ვინაიდან, მათ არ აწყობთ ის პირობები, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გაერთიანება, რომლის გეგმა ევროკავშირმა შეიმუშავა. გირჩევთ, გაეცნოთ ამ მასალებს.
- ვიცი, რაზეც საუბრობთ, თან საკმაოდ კარგადაც ვიცნობ ამ მასალებს. ეს თემა აქტუალური იყო 2008 წლის ომამდე. მაგრამ ახლა, როცა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებია, აფხაზეთის ბიუჯეტის 80% მოსკოვური სუბსიდიაა, მდინარე ენგურზე რუსეთის მესაზღვრეები და მებაჟეები დგანან, ამ გეგმაზე საუბარი და მისთვის ხელშწყობა დაგვიანებული ხომ არაა...
- ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიები არაა და ამ ტერიტორიებზე ყველაფერს რუსეთი არ წყვეტს. თუ თქვენ შეძლებთ საერთო ენის მოძებნას ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან, ამას რუსეთი მხოლოდ მიესალმება.
- კითხვას სხვაგვარად დავსვამ - თქვენი აზრით, რას უნდა ეფუძნებოდეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება?
- საქართველომ ხაზგასმით უარი უნდა თქვას გამომწვევ ქმედებებზე. კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ხელს მოაწერდნენ შეთანხმებას, რომელიც მათ დაავალდებულებდა ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას. ეს ხელს შეუწყობდა სამშვიდობო პროცესს. დროა გაიგოთ, რომ სამხედრო ძალით ამ რეგიონებში არაფერი გადაწყდება. უნდა ეძებოთ გზები დაიბრუნოთ არა მიწა, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ეს სრულიად შესაძლებელია. იმიტომ, რომ აფხაზებს და სამხრეთელ ოსებს რუსეთზე იდეალისტური წარმოდგენა სულაც არ აქვთ. ამ ორივე რეგიონში, განსაკუთრებით აფხაზეთში ძალიან ბევრი პრობლემაა. ბევრი აფხაზი სამკურნალოდ დადის საქართველოში და ამას არანაირი კონფლიქტი ხელს არ უშლის. თუ საქართველო ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხების თვალში აყვავებული ქვეყანა იქნება, ეს სხვა სასაუბრო თემაა, თუ საქართველოს არ შეეძლება საკუთარი პრობლემების გადაჭრა, მაშინ არ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ ამ ხალხს საქართველოსთან ცხოვრება მოუნდება.
შესაძლოა, საქართველოს ჰქონდეს იმის იმედი, რომ მას კონფლიქტების მოგვარებაში დასავლელი პარტნიორები ძალის გამოყენებით დაეხმარებიან, მაგრამ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება რუსეთისთვის მოუღებელია

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. რუსეთს არ სჭირდებოდა ამ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ბაზების ყოფნა. ისინი იქ 2008 წლის შემდეგ გაჩდნენ. ეს ამ რეგიონებს აძლევს იმის გარანტიას, რომ 2008 წლის ამბები არ განმეორდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ისე ვითარდება, რომ ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაჩდნენ ბომბდამშენები. შესაძლოა, საქართველოს ჰქონდეს იმის იმედი, რომ მას კონფლიქტების მოგვარებაში დასავლელი პარტნიორები ძალის გამოყენებით დაეხმარებიან, მაგრამ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება რუსეთისთვის მოუღებელია.
- არ ვიცი, თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, მაგრამ რამდენადაც ვხედავ, საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას ძალის გამოყენებით არავინ გეგმავს. ბრძანეთ - თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამას მოსკოვი თბილისისგან დიდი ხანია ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზები დგანან, თბილისის პასუხიც ლოგიკურია - თუ ვინმესთან უნდა მოაწეროს თბილისმა ხელი ეს რუსეთია და არა სოხუმი და ცხინვალი...
- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და საქართველომ სწორედ მათთან უნდა მოაწეროს ხელი. უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა აფხაზეთი რუსეთს სთხოვს აფხაზეთიდან სამხედრო ბაზების გაყვანას. როცა აფხაზეთს საშიშროება არ ექნება, არც სამხედრო ბაზების იქ ყოფნის აუცილებლობა იარსებებს.
არ უნდა გქონდეთ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის იმედი. როცა 2008 წლამდე ჩვენ თქვენებს ვეუბნებოდით, რომ საქართველო უნდა იქცეს აყვავებულ და მიმზიდველ ქვეყნად, თქვენები ამბობდნენ, ჩვენ გვჭირდება კონფლიქტების სწრაფად მოგვარება, ჩვენ მოცდა არ შეგვიძლია. 2008 წლის შემდეგ სიტუაცია ბევრად დამძიმებული და გართულებულია. სამწუხაროდ, ამ კონფლიქტების სწრაფად მოგვარების მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. უნდა გვქონდეს იმის იმედია, რომ მომავალში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. შესაძლოა, შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში სიტუაცია ძალიან მკვეთრად შეიცვალოს და საერთოდაც - გლობალურად.
უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა აფხაზეთი რუსეთს სთხოვს აფხაზეთიდან სამხედრო ბაზების გაყვანას. როცა აფხაზეთს საშიშროება არ ექნება, არც სამხედრო ბაზების იქ ყოფნის აუცილებლობა იარსებებს

საჭიროა საკუთარი სახლის უსაფრთხოდ მოწყობა. რუსეთსაც სჭირდება ქვეყანაში წესრიგი და ამის შემდეგ შეეძლება მას სხვა რამეზე ფიქრი. როცა რუსეთი ქვეყანაში წესრიგს დაამყარებს, მაშინ სხვადასხვა რეგიონებში კონფლიქტების მოგვარების პირობებიც გაჩნდება. მანამდე კონფლიქტების სწრაფად მოგვარების იმედი არ უნდა გვქონდეს.
- ბრძანეთ, შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში და გლობალურადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. თუ შეიძლება დააზუსტეთ, რას გულისხმობდით?
- მხედველობაში მაქვს ის, თუ რაც ხდება ერაყში, სირიაში, საერთაშორისო ტერორიზმი და ასე შემდეგ. ასევე მხედველობაში მაქვს თურქეთი. თუ როგორ განვითარდება პროცესები ამ ქვეყანაში და როგორ განვითარებას ჰპოვებს ქურთთა პრობლემა.
სამხრეთ კავკასიას ფეთქებადსაშიში რეგიონი ესაზღვრება. ფაქტია, რომ ამ რეგიონის მდგომარეობა პროგრესირებადად არამდგრადი და დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველია. უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შესაძლოა მოვიდეს ისეთი საფრთხე, რომლის წინაშეც ყველაფერი დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვნად მოგვეჩვენება. ძალიან არ მინდა, რომ სამხრეთ კავკასია ერაყს ან სირიას დაემსგავსოს... და ამ მიმართულებითაც საჭიროა ფიქრი.
- ყველანი ვხედავთ, რაც ამ რეგიონში ხდება, მაგრამ ის, რომ სამხრეთ კავკასიაში დიდია ტერორიზმის მოღწევის ალბათობა, ამგვარი პერსპექტივაზე საუბარი ცოტა გადაჭარბებული ხომ არაა...
- შესაძლოა, თქვენ ახლა ვერ ხედავთ, მაგრამ როცა იგი გაჩნდება, უკვე გვიანი იქნება. თუ სირიაში კიდევ უფრო გართულდა ვითარება და სირია დამარცხდა, სად შეიძლება წავიდეს ეს დევნილი ხალხი, თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ხალხი სამხრეთ კავკასიას არ მიადგება - თანაც იმ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების დაცვის საკითხებში არც ისე ძლიერები არიან და არც ისე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ. ისინი სამხრეთ კავკასიას თუნდაც იმიტომ მოადგებიან, რომ უსაფრთხოების სტრუქტურები ამ ქვეყნებში არც ისე ძლიერია.
უნდა გვქონდეს იმის იმედია, რომ მომავალში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. შესაძლოა, შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში სიტუაცია ძალიან მკვეთრად შეიცვალოს და საერთოდაც - გლობალურად
- სულ ახლახანს შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში რამე სახის გარღვევაზე საუბარი ზედმეტია. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს ვიზიტის შედეგებს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებსა და პერსპექტივას?
- რადიკალურად ახალი არაფერი მომხდარა. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და მდგომარეობაში, რომ მას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში, ახალი პოლიტიკის გატარება არ შეუძლია. იგი იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, იძულებულია ძველი პოლიტიკა გაატაროს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები თავად ამერიკაში. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა ამერიკულ ელიტაში იმ კურსისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ტრანსნაციონალური ბიზნესკორპორაცია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე. აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე კონფლიქტი იყო ნაციონალურად ორიერინტირებულ ელიტასა და ტრანსნაციონალურ ელიტას შორის. მათ შორის დაპირისპირება ღრმავდება, ჩვენ არც ვიცით და ვერც წარმოვიდგენთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მათ შორის ურთიერთობები და საერთოდ აშშ-ში პოლიტიკური პროცესები.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება ფართომაშტაბიან ომზე გადასვლას ნიშნავს. მოვლენათა ამ სცენარით განვითარება შეუძლებელია. ახლა სხვა დროა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა რუსეთს ეუბნებოდნენ - ეს თქვენი საქმე არაა და ხმა ჩაიწყვიტეთო

მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ პანიკაში. რუსეთისთვის და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია მთავარია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვაწესრიგოთ საქმეები ჩვენს სახელმწიფოებში. ასეთ შემთხვევაში რუსეთის პოზიციები საერთაშორისო არენაზე გაძლიერდება და შესაძლებელი იქნება როგორც სხვადასხვა სახის კონფლიქტების მოგვარება, ისე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი სახელმწიფოების სტაბილურად განვითარების უზრუნველყოფა.
რაც შეხება აშშ-რუსეთი ურთიერთობებს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ საით წავა ამერიკა. აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება ფართომაშტაბიან ომზე გადასვლას ნიშნავს. მოვლენათა ამ სცენარით განვითარება შეუძლებელია.
ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავალში. ღმერთის წყალობით ახლა სხვა დროა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა რუსეთს ეუბნებოდნენ - ეს თქვენი საქმე არაა და ხმა ჩაიწყვიტეთო. მოუსმინეთ იმათ, ვინც მართლაც აყვავებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნების ჭკვიანი ლიდერები არიან! ის, რომ ახლა რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა, ამაზე აღარავინ დავობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი თამაში უნდა ითამაშოს და ნაკლებად ჰქონდეს იმის ილუზიები, რომ დემოკრატიულ დასავლეთთან მეგობრობა შესაძლებელია. ამ ილუზიებით დასავლეთი ჩვენს ელიტას საკმად დიდი ხანი კვებავდა.

კობა ბენდელიანი
”იინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები