არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოთხი მთავარი კანდიდატიდან, მხოლოდ ერთი, მაკრონი არ არის პრორუსულად განწყობილი
15:34 21-04-2017
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოთხი მთავარი კანდიდატიდან, მხოლოდ ერთი, მაკრონი არ არის პრორუსულად განწყობილი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ განწყობებზე, საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილე კანდიდატთა პოლიტიკურ გეგმებსა და მისწრაფებებსა და ასევე მათ შანსებზე ”ინტერპრესნიუსი” საფრანგეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის დოქტორს, გიორგი მამულიას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლისა და ევროკავშირში არსებული პრობლემების, აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების, საერთაშორისო ასპარეზზე და მეზობლებთან რუსეთის ხისტი და არაკონსტრუქციული ქცევის ფონზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ რომ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, ფაქტია. თქვენ როგორ დაახასიათებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ საფრანგეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, იმ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, რომელმაც თავისი არჩევანი 23 აპრილს უნდა გააკეთოს?
- პირველი რამ, რაც განსაკუთრებულ განცვიფრებას იწვევდა აქამდე საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიაში - ფრანგულ საზოგადოებაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია. 11-დან 8 კანდიდატი მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური წესრიგის დამხობის მომხრეა. მხოლოდ ორი კანდიდატი, ემანუილ მაკრონი და ბენუა ამონი ღიად უჭერენ მხარს გაერთიანებულ ევროპას ევროკავშირის სახით.
11 კანდიდატიდან 8 კანდიდატი მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური წესრიგის დამხობის მომხრეა

ასევე მხოლოდ ორი კანდიდატი, მაკრონი და ფრანსუა ფიიონი გვთავაზობს გონივრულ ეკონომიკურ პროგრამას. ოთხი მთავარი კანდიდატიდან, რომლებსაც ძალუძთ გამარჯვება, მხოლოდ ერთი, მაკრონი არ არის პრორუსულად განწყობილი. დანარჩენი სამი კამდიდატი, - მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი და ჟან-ლიუკ მელანშონი ღიად აფიქსირებენ საკუთარ პრორუსულ პოზიციებს.
- ფაქტია, რომ ევროპაში რადიკალი ისლამისტების გააქტიურების, არა მარტო სირიიდან დევნილთა ნაკადებისა და ევროკავშირის ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის გამო ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი საზოგადოების განწყობებში, როგორც ერთიანი ევროპის ანუ ევროკავშირის, ისე მიგრანტების მიმართ. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში დაპირისპირება გლობალისტ-ლიბერალებსა და როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოპულისტებს შორის იქნება. ვინაიდან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 5 კანდიდატი; ფიიონი, ამონი, ლე პენი, მაკრონი და მელანშონი იღებს მონაწილეობას, რომელი მათგანია გლობალისტ-ლიბერალი და რომელი მათგანი მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტი?
- თქვენს მიერ ჩამოთვლილ ხუთ კანდიდატს შორის ერთადერთი გლობალისტ-ლიბერალი - ემანუილ მაკრონია. ფრანსუა ფიიონი მემარჯვენე ლიბერალ-სუვერენისტია, რომლის კრემლისადმი სიმპათიები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ერთგულება ევროკავშირის მიმართ. გამარჯვების შემთხვევაში ის არ დატოვებს ევროკავშირს, მაგრამ, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს გერმანიაზე, რათა აიძულოს ბერლინი ისევ დაუახლოვდეს რუსეთს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის მთავარი ბირთვი საფრანგეთ-გერმანიის ტანდემია, რის განადგურებისკენაც ესწრაფვის პუტინი. ან, საფრანგეთის მეშვეობით სურს მოახდინოს გავლენა ბერლინზე ევროკავშირის კრემლისადმი ვასალიზაციის მიზნით.
უკიდურესად მემარჯვენე პოპულისტი მარინ ლე პენი, რომელიც გაუთავებლად იყენებს და ამოფარებულია საფრანგეთის სუვერენიტეტის ლოზუნგს, ასევე დაუფარავად ესწრაფვის მოსკოვთან ალიანსისკენ. იმის მომხრეც არის, რომ საფრანგეთმა დატოვოს ნატო და ევროკავშირი და სტრატეგიული ალიანსი პუტინის რუსეთთან დადოს, რასაც საფრანგეთის კრემლისადმი სრული ვასალიზაცია მოჰყვება.
ერთადერთი მემარცხენე პოპულისტი კანდიდატი, რომელსაც პუტინის რუსეთისადმი ნათელი და ობიექტური ხედვა აქვს, სოციალისტი ბენუა ამონია, რომლის ეკონომიკური პროგრამა, სამწუხაროდ, მემარცხენე პოპულიზმს ემყარება.
ფიიონი მემარჯვენე ლიბერალ-სუვერენისტია, რომლის კრემლისადმი სიმპათიები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ერთგულება ევროკავშირის მიმართ. გამარჯვების შემთხვევაში ის არ დატოვებს ევროკავშირს, მაგრამ, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს გერმანიაზე, რათა აიძულოს ბერლინი ისევ დაუახლოვდეს რუსეთს

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჟან ლიუკ მელანშონი, რომლის რეიტინგიც, სამწუხაროდ, ასევე იზრდება და რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ფიდელ კასტროს და შავეზის ფრანგულ ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი იდეოლოგიით ახლოს დგას ლათინურ-ამერიკული ყაიდის მარქსიზმთან. მელანშონს იმდენად პრორუსული პოზიცია უკავია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი იქნება ევროპული კონფერენციის მოწვევის ინიციატორი, რომლის მიზანიც პოსტსაბჭოურ სივრცეში საზღვრების რევიზია უნდა იყოს. ეს კი დიდად გაუადვილებდა პუტინს მის მიერ უკვე ანექსირებული ტერიტორიების იურიდიულ გაფორმებას და საბოლოო ჯამში, რუსეთის იმპერიის აღდგენას.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს - მიუხედავად იმისა, რომ 5 კანდიდატიდან 3 გლობალისტ-ლიბერალია და ორი ე.წ. პოპულისტი, 23 აპრილის არჩევნებზე პოპულისტების გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია. პოპულისტები საზოგადოებას გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლასაც კი ჰპირდებიან. თქვენი აზრით, საფრანგეთის არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვთ გლობალისტ-ლიბერალებს და ე.წ. პოპულისტებს? უკანასკნელი გამოკითხვებით გლობალისტებ-ლიბერალებში ყველაზე მეტი შანსები აქვთ მაკრონსა და მემარჯვენე ლე პენს. მაკრონი აცხადებს - ”მე არ მინდა პუტინთან კომპრომისზე წასვლა.” ლე პენი კი არა მარტო არ მალავს პუტინთან ახლო ურთიერთობებს, არც იმის თქმას მორიდებია, რომ მას საარჩევნო კამპანიის წარსამართად კრემლთან დაახლოებული ბანკიდან 9,5 მილიონი ევრო აქვს ნასესხები. თქვენი დაკვირვებით, თუ მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი გავიდნენ, საფრანგეთი პუტინის მეგობარ ლე პენს აირჩევს თუ იმას, ვისაც პუტინთან კომპრომისებზე წასვლა არ უნდა?
- უნდა აღინიშნოს შემდეგი ორი რამ: 1) საგარეო პოლიტიკური პრობლემები თითქმის არ შეინიშნება კანდიდატთა დებატებში, რადგან ფრანგ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის მთავარი ყურადღება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე: - არალეგალურ ემიგრაციაზე, ფრანგული საზოგადოების ისლამიზაციისა და ტერორიზმის საფრთხეზე არის გადატანილი.
რუსული პროპაგანდის წარმატება იმით აიხსნება, რომ არწმუნებს პოპულიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს, თითქოს ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ანტისისტემური რევოლუციით - ანუ არსებული ევროპული გეოპოლიტიკური წესრიგისა და ევროპის ქვეყნებში ლიბერალური დემოკრატიის განადგურებით არის შესაძლებელი. ეს გასაგებიცაა, რადგან კრემლის მთავარი ამოცანა ევროკავშირის დაშლა და მისი ცალკეული ქვეყნების ვასალიზაციაა. იმ დროს, როდესაც სინამდვილეში, მსგავსი პრობლემები მხოლოდ ევროკავშირის ყველა ქვეყნის საერთო ძალისხმევით, საერთოევროპულ დონეზე შეიძლება გადაიჭრას.
მთავარია, მეორე ტურში დაპირისპირება სწორედ ლიბერალ-გლობალისტსა და პოპულისტს შორის მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, პირველს გაცილებით მეტი შანსი ექნება გამარჯვების... მთავარია, არ მოხდეს მეორე ტურში ორი პოპულისტის, ვთქვათ, ლე პენის და მელანშონის გასვლა

2) რაც შეეხება თქვენს კითხვას მეორე ტურის შესაძლო შედეგებზე, ჩვენთვის მთავარია, რომ მასში დაპირისპირება სწორედ ლიბერალ-გლობალისტსა და პოპულისტს შორის მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, პირველს გაცილებით მეტი შანსი ექნება გამარჯვების, რადგან ფრანგი ამომრჩეველი, როგორც წესი, ორთქლს პირველ ტურში უშვებს, ხოლო მეორეში კი უფრო ცივი გონებით აზროვნებს. მთავარია, არ მოხდეს მეორე ტურში ორი პოპულისტის, ვთქვათ, ლე პენის და მელანშონის გასვლა.
- ფაქტია ისიც, რომ საფრანგეთში 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებითაც ხასიათდება. პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად განიხილება ემანუილ მაკრონი, რომელიც მემარცხენეა და პრეზიდენტ ოლანდის მთავრობის მინისტრიც იყო. მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ იგი უმოკლეს დროში ”ცალკე ძალად” ჩამოყალიბდა, მაგრამ ამაში მას მისი პარტია და პრეზიდენტი ოლანდიც დაეხმარნენ. მაკრონის გაპრეზიდენტების შანსები მაღალია მიუხედავად იმისა, რომ ფრანსუა ფიიონი აცხადებს - „ოლანდის გუნდი ემანუელ მაკრონთან დგას. მაკრონი იგივე ფრანსუა ოლანდია“. ოლანდის გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფიიონი დაეძირა. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანსუა ფიიონი ლე პენის მსგავსად პრეზიდენტ პუტინის მეგობარია, რომელიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში არ აპირებს მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, რა შანსები აქვს ფრანსუა ფიიონს? თქვენი აზრით, აშშ-ს მიერ სირიაში ასადის, შესაბამისად პუტინის წინააღმდეგ ძალის გამოიყენებამ 23 აპრილის არჩევნებში უფრო მეტად ვისი შანსები გაზარდა - გლობალისტების თუ ე.წ. პოპულისტების?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფრანგული სოციალისტური პარტია დიდი ხანია დაყოფილია მოდერნიზატორულ-ლიბერალურ და დოგმატიურ-იდეოლოგიურ ფრთად. ემანუილ მაკრონი სწორედ მოდერნიზატორულ-ლიბერალური ფრთის წარმომადგენელია, რომელიც ცენტრისტებთან მჭიდრო კავშირში გამოდის პოლიტიკურ სარბიელზე. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მთავარი ძალა, რადგან, როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ წმინდა მემარჯვენე ძალებს საფრანგეთში არ ძალუძთ ქვეყანაში საჭირო რეფორმების გატარება. როგორც წესი, მათი ეს მცდელობები მყისიერად იწვევს ფრანგ მემარცხენეთა მკვეთრ წინააღმდეგობას. ამრიგად, რეფორმების გატარების საშუალება მხოლოდ ცენტრისტებთან კავშირში მყოფ ზომიერ მემარცხენეებს აქვთ.
რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოლიტიკის გაძლიერება გავლენას იქონიებს და თავის დაღსაც დაასვამს საფრანგეთში ძალთა შინაგან კონფიგურაციას

ფრანსუა ფიიონს კი, რომელიც ამ ბოლო დროს მთელ რიგ კორუფციულ სკანდალებში გაეხვა, ჩემი აზრით, ნაკლები შანსი აქვს გახდეს საპრეზიდენტო კამპანიის ფავორიტი. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ამერიკელთა საჰაერო დარტყმებმა სირიაში მართლაც უჩვენა ფრანგ მოსახლეობას, რომ პუტინის სირიაში ადრინდელი ე.წ. ”ეფექტურობა” პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა ამ რეგიონში ამერიკელთა ყოფილ პასიურობასთან პრეზიდენტ ობამას დროს. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოლიტიკის გაძლიერება გავლენას იქონიებს და თავის დაღსაც დაასვამს საფრანგეთში ძალთა შინაგან კონფიგურაციას.
- მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი ჰიჯაბების აკრძალვის წინააღმდეგია, ის ტერორისტებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას უჭერს მხარს და ეკონომიკურ პრობლემებზე მეტად საუბრობს, ფიიონსაც საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები. შესაძლოა იმის გამო, რომ მისი განცხადებები საკმაოდ კრიტიკული და შთამბეჭდავია მათთვის ვინც თვლის, რომ "დღეს ევროპა მერყეობს. ევროპელები არ ენდობიან ევროპას. ევროპელები აღშფოთებულნი არიან გაუგებარი რეგულაციების სიმრავლით. მათ არ სურთ დაუცველი ევროპა. მათ არ სურთ მიამიტი ევროპა, რომელიც გაბედულად ვერ იცავს თავის ინტერესებს". თქვენი აზრით, როგორი ევროპა სურს საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების რიგით მოქალაქეებს?
- დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მოცემულ ეტაპზე ევროპელთა უმეტესობას სურს ევროპული ევროპა, ანუ ევროპა, სადაც გამორიცხული იქნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უკონტროლო ემიგრაცია. მაკრონის განცხადება ტერორისტებისადმი საფრანგეთის ჩამორთმევის შესახებ სრულიად აქტუალურია.
- ვითარებაში, როცა აშშ რუსეთს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, გერმანიის სპეცსამსახურები გერმანიაში კანცლერის არჩევნების წინ ასევე საუბრობენ ამ ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე, ბევრი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროპაში გააქტიურებული ემიგრანტებისა და ისლამიტების უკან რუსული სპეცსამსახურების კვალი ჩანს, ამას წინათ ოსლოში ყუმბარით ხელში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე აქტიურად ჩართული არიან რუსული სპეცსამსახურები?
- უნდა ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა ფრანგულ საზოგადოებას. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, საუბრობენ კიდეც.
ჩვენთვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისთვის, ყველაზე მომგებიანი გლობალისტ-ლიბერალ მაკრონის, ან მემარცხენე პოპულისტ ამონის გამარჯვებაა

არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსულ ჩარევაზე უფრო დაწვრილებითი ცნობებიც კი იყოს გამოქვეყნებული. მაგალითად, საკმაოდ იწერებოდა ყალბ სიახლეებზე, რომლებსაც პუტინისადმი დაქვემდებარებული სოციალური ქსელები მაკრონის წინააღმდეგ აქვეყნებდნენ...
- სავარაუდოდ, რა პოლიტიკას გაატარებს პარიზი საქართველოს მიმართ თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ვთქვათ გლობალისტ-ლიბერალი, ან ვთქვათ რომელიმე ე.წ. პოპულისტი გახდა? ჩვენთვის რომლის გამარჯვება უფრო მომგებიანია?
- ჩვენთვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისთვის, ყველაზე მომგებიანი გლობალისტ-ლიბერალ მაკრონის, ან მემარცხენე პოპულისტ ამონის გამარჯვებაა. ლე პენის, ფიიონის ან მელანშონის გამარჯვება კი - კრემლის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.
- ჰოლანდიაში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებსა და მიგრანტებს, მათ შორის მიგრანტების შთამომავლებს შორის კონფრონტაციული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომლის ლიდერი აცხადებდა - ”ისლამი ტოტალიტარული რელიგიაა, ისლამი და დემოკრატია შეუთავსებელია. ნიდერლანდების პარლამენტში პირველად მიიღო 3 ადგილი მიგრანტების პარტია - ”დეკ”-მა. ნიდერლანდებში დარწმუნებული არიან, რომ ”დეკ”-ს თურქეთის მთავრობა და ერდოღანი აფინანსებს. პარტია ”დეკ”-ი ქვეყნისგან, რომელმაც შეიფარა ძალიან ბევრ ითხოვს, მათ შორის იმათ აღწერას, ვინც ისლამის მიმართ არატოლერანტულია, მაგრამ არაფერს ამბობენ სახელმწიფოს წინაშე თავის ვალდებულებებზე. რა საფრთხეებს შეიცავს ერთიანი ევროპისათვის ევროპის რიგ ქვეყნებში მიგრანტთა და მიგრანტთა შთამომავლების პოლიტიკური აქტიურობა?
- ძალიან დიდს - საქმე იმაშია, რომ თუ ემიგრანტთა პირველი თაობა, რომელიც საფრანგეთში რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოვიდა, როგორც წესი მადლობელი იყო ფრანგთა მიერ მათი მიღებისათვის, ემიგრანტთა ზოგი შთამომავალი, რომელმაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს რადიკალი ისლამისტებისათვის და ტერორისტებისთვის. ასეთ კონტექსტში კი მაკრონის განცხადება ტერორისტებისადმი ფრანგული მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ქვეყნის საზოგადოების თვალში სრულიად ადეკვატურ ელფერს იძენს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები