არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მის ოპონენტებს ხისტი პოზიციები აქვთ და მათ შორის კონსენსუსის მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს
14:46 29-04-2017
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მის ოპონენტებს ხისტი პოზიციები აქვთ და მათ შორის კონსენსუსის მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ ცხრება სკანდალი, რომელიც ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტს უკავშირდება. ევროსაბჭოში გამოთქვამენ ეჭვს, რომ პედრო აგრამუნტი გადადგომის შესახებ განცახდებას არ გააკეთებს. მანამდე მან კი განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ვიზიტი განახორციელა მოსკოვში და რუსულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა სირიაში. თქვენ როგორ შეაფასებდით ევროსაბჭოში განვითარებულ მოვლენებს და თუ პედრო აგრამუნტმა არც განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და იგი ვერც ევროსაბჭომ გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან, ეს რისი ნიშანი შეიძლება იყოს და როგორ აისახება ამგვარი რამ ევროსაბჭოს ასამბლეაზე?
- ეს არის საკმაოდ სერიოზული დარტყმა ისეთი ცნობილი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა ევროპის საბჭო, რომელიც, შეიძლება ითქვას, გამონაკლისიც კი იყოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელსაც ყოველთვის ეკავა მორალურად გამართლებული პოზიცია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. პედრო აგრამუნტთან დაკავშირებული ისტორია რეალურად აყენებს ჩრდილს ევროსაბჭოს პრესტიჟს.
სწორედ ამას უკავშირდება ის მკვეთრი რეაქციები, რომელიც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენებლებმა გამოთქვეს. ჩვენ ვნახეთ, რომ მათთვის მომხდარი სერიოზული შოკისმომგვრელი რამ იყო.
აგრამუნტთან დაკავშირებული ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ მუშაობს რუსული დიპლომატია და რუსული სადაზვერვო სამსახურები იმისთვის, რომ ყველაზე კრიტიკულ ორგანიზაციებში შეცვალონ კლიმატი თავიანთ სასარგებლოდ

რაც შეეხება თავად აგრამუნტის მომავალს. ასამბლეის რეგლამენტში არ არის გაწერილი მისი გადაყენების პროცედურა. მაგრამ თუ იგი თავისი ნებით არ გადადგა, არსებობს სხვა მექანიზმები, რომლებიც უკვე დაანონსა ასამბლეის რამდენიმე წარმომადგენელმა. კერძოდ, ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მას. მას არ ექნება უფლება ისაუბროს ორგანიზაციის სახელით, ასევე არავინ არ დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს. რაც ფაქტობრივად მის მიმართ ბოიკოტს ნიშნავს. ასეთ პირობებში ის რაც არ უნდა გაჯიუტდეს, არა მგონია დიდი არჩევანი ჰქონდეს. ჩემი აზრით, პედრო აგრამუნტს მაინც მოუწევს გადადგომა.
პედრო აგრამუნტთან დაკავშირებული ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ მუშაობს რუსული დიპლომატია და რუსული სადაზვერვო სამსახურები იმისთვის, რომ ყველაზე კრიტიკულ ორგანიზაციებში შეცვალონ კლიმატი თავიანთ სასარგებლოდ.
- ევროპელ, ამერიკელ და სხვათა შორის, რუს ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული მიზანია ნატოსა და ევროკავშირის დაშლა. რის გამოც რუსეთი გააქტიურებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, აქტიურად ერევა საფრანგეთისა და გერმანიის საშინაო პოლიტიკაში, რომ გავლენა მოახდინოს ამ ქვეყნების როგორც საპარლამენტო, ისე საფრანგეთში საპრეზიდენტო და გერმანიაში კანცლერის არჩევნებში. იმავე დამკვირვებელთა ვარაუდით, ახლა პუტინი ელოდება, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან ან ირანთან ექნება სამხედრო კონფლიქტი, შემდეგ კი იმის გამო, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები აქვს მოსაგები, პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავად გააქტიურდება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ევროპის ქვეყნების საშინაო საქმეებში პუტინის ჩარევა ნატოსა და ევროკავშირის დაშლის მიზნით და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ მან ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის ან საქართველოს მიმართულებით უხეში ძალის გამოყენებით აუცილებლად გააქტიურდება?
- ასეთი ალბათობა საკმაოდ მაღალია. ბუნებრივია, ნატოსა და ევროკავშირის დაშლა საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მათი დასუსტება რომ რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ასეა თუნდაც იმიტომ, რუსეთი თავად ვერ სთავაზობს ვერავის განვითარების ალტერნატიულ მოდელს, ის ვერ გახდა მიზიდულობის ძალა როგორც პოსტსაბჭოთა, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
მოსკოვი დაინტერესებულია დასუსტდეს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მოდელი და რუსეთმა შეუქმნას მას გარკვეული პრობლემები. კრემლი ამ მიმართულებით იმიტომაც აქტიურობს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც იგი თავის სივრცის ნაწილად მოიაზრებს, არ ჰქონდეთ მიმზიდველი არჩევანი. სწორედ ამ კუთხით არის მათთვის მნიშვნელოვანი დაკნინდეს ნატოსა და ევროკავშირის როლი.
მოსკოვი დაინტერესებულია დასუსტდეს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მოდელი, რუსეთმა შეუქმნას მას გარკვეული პრობლემები და იმ ქვეყნებს, რომლებსაც იგი თავის სივრცის ნაწილად მოიაზრებს, არ ჰქონდეთ მიმზიდველი არჩევანი

მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში რუსეთი შეეცდება გააძლიეროს ზეწოლა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოზე, რომლებსაც საკუთარივე აღიარებით, დიდი ხანია მიიჩნევს მისი გავლენის სფეროს სივრცეებად. აქედან გამომდინარე, რომ მას აქვს საკუთარი ევრაზიული კავშირის პროექტი, იგი ცდილობს ამ პროექტის მეშვეობით გახდეს მსოფლიო პოლიტიკაში მიზიდულობის ერთ-ერთი ალტერნატიული ცენტრი.
- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა რუსეთში მისი ვიზიტი, რომლის ფარგლებში იგი მისსავე კოლეგას სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, ასე შეაჯამა - ”ამ შეხვედრაზე ჩვენ არანაირი გადაწყეტილება არ მიგვიღია”... ”რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა მას მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაში დადებითი როლის შესრულება”. ის რომ პუტინმა მერკელი რუსეთში ვიზიტზე დაითანხმა, ერთი მხრივ კი ნიშნავს იმას, რომ კრემლი თითქოს შეეგუა იმას, რომ მერკელი არჩევნებში გაიმარჯვებს და მას სწორედ მასთან მოუწევს თანამშრომლობა, მაგრამ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კრემლმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება გლობალურ პოლიტიკაში დადებითი როლი შეასრულოს? თუ - კი, შეიძლება კიევს და დანარჩენ მსოფლიოს ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს მიმართ კონსტრუქციული იქნება?
- ძალიან მინდა ამ საკითხში ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა და რეალური სიტუაცია არ იძლევა ამის საშუალებას. თუნდაც ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში ადასტურებს იმას, რომ რუსეთის იმედები იმაზე, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთს ექნებოდა საშუალება ევაჭრა გარკვეული საკითხებით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბედით, ფაქტობრივად ეს სცენარი არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, მოსკოვში გარკვეულწილად გულაცრუებულებიც არიან.
რაც შეეხება ევროპაში არსებულ მდგომარეობას და მერკელთან დაკავშირებულ საკითხებს. ბუნებრივია, რომ რუსეთი დაინტერესებულია ევროპის ქვეყნებში ხელი გაუხსნას ალტერნატიულ ძალებს, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. საფრანგეთში ამას წინათ ჩატარებულმა არჩევნებმა ეს დაადასტურა. ჩემი აზრით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთთან მიმართებაში გარდატეხა უკვე მოხდა. აშშ-სა და საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც ჩარევას რუსეთი შეეცადა, ყველამ გააცნობიერა რუსული  საფრთხე. ამ თვალსაზრისით წყალგამყოფი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთთან მიმართებაში გარდატეხა უკვე მოხდა. აშშ-სა და საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელშიც ჩარევას რუსეთი შეეცადა, ყველამ გააცნობიერა რუსული საფრთხე. ამ თვალსაზრისით წყალგამყოფი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იყო

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო კონსტრუქციულობას, ამას არ უნდა ველოდეთ. შესაძლოა, რუსეთი იძულებული გახდეს გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები. მაგრამ, რუსეთისაგან ამგვარი სცენარით მოქმედება ნაკლებად მოსალოდნელია. ახლა რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პრაქტიკულად იზოლაციაშია. რუსეთს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, მაგრამ არა მგონია ეს მოხდეს მოკლევადიან პერსპექტივაში.
- გავრცელდა ცნობა ტრამპი-პუტინის მაისში შეხვედრის შესახებ. რა შედეგით შეიძლება იგი დასრულდეს?
- იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და რუსეთის ხედვები საკმაოდ ბევრ საკითხებში, იგივე აღმოსავლეთ ევროპის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რთული სათქმელია, რით დასრულდება ეს შეხვედრა.
ტილერსონის ვიზიტით დასტურდება, რომ მან მოსკოვში ჩაიტანა ის ხედვა, თუ როგორ ხედავს თეთრი სახლის ადმინისტრაცია და დასავლური სამყარო რუსეთის როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. თუ ეს ხედვა პუტინისთვის მისაღები აღმოჩნდა, მაშინ მას მოუწევს გარკვეულ პირობებზე დათანხმება. თუ არა, მაშინ უნდა ველოდოთ აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაგრძელებას, ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაცია, ობამას ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, თავს არ შეიკავებს ხისტი პოლიტიკისგან. ამის მაგალითია აშშ-ს მიერ სირიის დაბომბვა და ჩრდილოეთ კორეისადმი ვაშინგტონის დამოკიდებულება. უფრო მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრინტაციული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება.
- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა რეგიონებში უკვე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეთანხმებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციის რეგიონებში განხილვასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება და მისი ოპონენტები შეძლებენ საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესი?
ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაცია, ობამას ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, თავს არ შეიკავებს ხისტი პოლიტიკისგან, უფრო მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება
- იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მის ოპონენტებს საკმაოდ ხისტი პოზიციები აქვთ, მათ შორის კონსენსუსის მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს. ყველაფერი ეს სერიოზულ ზიანს აყენებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რომელიც ჩვენში კარგა ხანია დაწყებულია.
კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კონსენსუსს არ ეფუძნება, განწირულია იმისათვის, რომ მან სრუფასოვნად და სრულყოფილად არ იმუშაოს.
არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ბოლო ცვლილებები იქნება. ჩვენთან უკვე დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ასე ხდება იმიტომ, რომ 25 წლის მანძილზე კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები არასოდეს ეფუძნებოდა საერთო ეროვნულ თანხმობასა და კონსენსუსს.
ვეჭვობ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მომდევნო ხელისუფლებაც მიუბრუნდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხს და ისევ დაიწყება ჭრა-კერვის პროცესი, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან შეუყვარდა როგორც პოლიტიკურ ელიტას, ისე საზოგადოებას.
- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ემხრობა, არაერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გამოთქვა პროტესტი ახალი კონსტიტუციით მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. თქვენი კოლეგა, პოლიტოლოგი და ”ჯიპას” პროფესორი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს - ”სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას ალტერნატივა არა აქვს”. ამ საკითხზე თქვენ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ?
- თეორიულად, ასეთი მიდგომა ალბათ სწორია, მაგრამ საკმაოდ ბევრი მკვლევარი, რომელიც ამ თემებს იკვლევს, ვერ ამბობს ცალსახად რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია. ალბათ ამიტომაცაა, რომ იგივე ევროპულ ქვეყნებს სხვადასხვა სისტემები აქვთ. აქედან გამომდინარე ამ თემაზე საუბრისას მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი.
ვემხრობი იმას, რომ იყოს ორივე - პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ექნება ორპალატიანი სისტემა, რომლის შექმნა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ განიხილება

თეორიულად არსებობს შანსი პროპორციული უკეთესი იყოს, მაგრამ პირობებში, როცა საქართველოში არ გვაქვს ძლიერი და სტაბილური პარტიების პოლიტიკური სისტემა, მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სახიფათოც კია.
მე უფრო ვემხრობი იმას, რომ იყოს ორივე, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება ორპალატიანი სისტემა, რომლის შექმნა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ განიხილება.
- პარლამენტის ექსსპიკერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ და დაინტერესებულ პირებს ”კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მდგარი” ადამიანების ახალი პოლიტიკური ძალის, ცენტრისტული ტიპის პარტიის დაფუძნება შესთავაზა. თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი გუნდით დავით უსუფაშვილის გამოჩენა რა კორექტივებს შეიტანს ოპოზიციურ ფლანგზე და სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მას?
- საზოგადოებაში არსებობს ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის მოლოდინი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული როგორც ”ქართულ ოცნებასთან”, ისე ”ნაცმოძრაობასთნ”. ეს რომ ასეა, ეს ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმაც დაადასტურა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებს უსუფაშვილი გახდეს მიმზიდველი მიზიდულობის ცენტრი, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ალბათ იმაზე, თუ ვისთან ერთად შექმნის იგი პოლიტიკურ გუნდს, რას შესთავაზებს იგი საზოგადოებას და მოახერხებს თუ არა იგი პოლიტიკურ პარტიებზე გულაცრუებული ამომრჩევლების გულის მოგებას.
პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების აგრეგაციას პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამის გამოცაა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი საკმაოდ დაბალია

საუბარია იმაზე, იქნება თუ არა ამ პოლიტიკური ძალის პროგრამა მორგებული სხვადასხვა ინტერესის მქონე ამომრჩევლთა ინტერესებზე. პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების აგრეგაციას პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამის გამოცაა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი საკმაოდ დაბალია. თუ ამას ახალი პოლიტიკური ძალა მოახერხებს, მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული შანსი ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარი ნიშის დაკავებას ბევრი სხვა პარტია, მათ შორის ”ევროპული დემოკრატები” და სხვა ლიბერალური პარტიებიც ცდილობენ. დრო გვიჩვენებს, რომელი მათგანი მოახერხებს ამ ნიშის დაკავებას.
- პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების დღეს ბატონი დავითი არაერთი მედიასაშუალების სტუმარი გახლდათ. ერთ-ერთში სტუმრობისას მან განაცხადა - ”მე არსად მითქვამს, რომ შედგებოდა პარტიის პრეზენტაცია”. თქვენ როგორ აღიქვით ბატონ უსუფაშვილის ეს განცხადება?
- ეს ნიშნავს იმას, რომ მან რეალურად თავის სამპუნქტიან პროგრამაში შემოგვთავაზა თავისი ხედვა, რაც შეიძლება იყოს საწყისი და საფუძველი მომავალი პარტიისა თუ მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად. ფაქტია, რომ იგი ამ წამოწყებას სიფრთხილით ეკიდება. რაც შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ჯერ არ იცის რა გამოვა ამ წამოწყებისგან და შეძლებს თუ არა იგი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების თავის გარშემო შემოკრებას.
უსუფაშვილის განცხადება შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ თუ პროცესები მის ახალ პოლიტიკურ წამოწყებასთან დაკავშირებით ისე არ გამოვიდა, როგორც მას წარმოუდგენია, მან უკანდასახევი გზა დაიტოვა.
უსუფაშვილისგან, როგორც პოლიტიკოსისგან საზოგადოება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანალიზს კი არა, არამედ ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას ელის
- დავით უსუფაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ქართულ პოლიტიკაზე საკმაოდ საინტერესო დაკვირვებების შესახებაც გააკეთა განცხადება. კერძოდ, იმაზე რომ, ქართული პოლიტიკა ”დესტრუქციული პოლიტიკური ველია”. პოლიტიკური დისკურსი ნეგატივზეა აგებული და მისი გამოსწორება ზეპარტიული ამოცანაა, რისთვისაც, თუ სახელმწიფოებრიობის განმტკიცება გვინდა, სამოქალაქო პარტნიორობაა საჭირო. ბატონმა დავითმა რომ საზოგადობას და პოლიტიკურ კლასს მართლაც რომ საგულისხმო დაკვირვება და დასკვნა მოგვაწოდა, ფაქტია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ დავით უსუფაშვილის ამ შეფასებასა და ზეპარტიულ მოწოდებას საზოგადოება და პოლიკური სუბიექტები?
- უსუფაშვილისგან, როგორც პოლიტიკოსისგან საზოგადოება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანალიზს კი არა, არამედ ალტერნატიულ სამოქმედო გეგმას ელის. ის ანალიზი, რომელიც მან შემოგვთავაზა, საინტერესო და სწორია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მას როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, ყოველთვის ზომიერი პოზიცია ჰქონდა, საზოგადობა მისგან ხელისუფლებისა და სხვა პარტიებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ ალტერნატივას ელოდა.
უსუფაშვილის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების გათვალისწინებით ძალიან მნიშვლელოვანია ის, თუ როგორ მოახერხებს იგი მისგან დისტანცირებას

თუ უსუფაშვილის წამოწყება მხოლოდ შორეულ მომავალზეა გათვლილი, მაშინ მას ამ ეტაპზე არა პარტია და მოძრაობა, არამედ საზოგადობრივი ფორუმი სჭირდება, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მოეწყობოდა განხილვები.
შესაძლოა, მან ამ თვალსაზრისით, წინაც გაუსწრო მოვლენებს. დარწმუნებული ვარ, ბატონ დავითს გააზრებული ექნება მოქმედების სხვადასხვა გეგმა ჩვენს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.
ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო უსუფაშვილის განცხადება, რომ მის პოლიტიკურ ძალას თბილისის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატი ეყოლება. უსუფაშვილის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების გათვალისწინებით ასევე ძალიან მნიშვლელოვანია ის, თუ როგორ მოახერხებს იგი მისგან დისტანცირებას. ვინაიდან ამომრჩეველთა გარკვეული კატეგორიისათვის ეს შესაძლოა მასთან დამოკიდებულებაში წყალგამყოფიც აღმოჩნდეს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები