არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ხელისუფლებას ხშირად ავიწყდება იმის გათვალისწინება, თუ როგორ გამოიყურება ამომრჩევლის თვალში
15:48 10-05-2017
ხელისუფლებას ხშირად ავიწყდება იმის გათვალისწინება, თუ როგორ გამოიყურება ამომრჩევლის თვალში საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან ახლა ჩვენთან ყველაზე განხილვადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტია, უპრიანიც იქნება საუბარი ამ თემით დავიწყოთ. მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების ნაწილთან და პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას იღებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში აქამდე გამართულმა შეხვედრებმა?
- განხილვები სხვადასხვა ფორმატისაა და შთაბეჭდილებასაც სხვადასხვანაირს ტოვებს. მაგალითად, მოწესრიგებულია საპარლამენტო განხილვების ფორმატი. განხილვის მონაწილეები ხალხმა აირჩია და ამიტომ სხედან დარბაზში. ყველა მონაწილე იცავს ამა თუ იმ პოზიციას, რაც აისახება საბოლოო კენჭისყრაში. რომელი პოზიციაც მეტ ხმებს მიიღებს, იმას იზიარებს პარლამენტი. ამ განხილვის ყველა ელემენტს მკაფიო ფუნქცია აქვს და მე ეს მომწონს.
წლევანდელი განხილვა წინამორბედებთან შედარებით იმითაა უკეთესი, რომ განსხვავებულ პოზიციებს ეცნობა ხალხი. ოღონდ, გაუგებარია, მერე ხალხმა როგორ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ პოზიციების მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ასეთ პირობებში საერთო სახალხო განხილვას უფრო დიდი ხმაური ახლავს, ვიდრე შედეგი

სახალხო განხილვებში გაუგებარია რა პრინციპით არიან დარბაზში მოწვეული ისინი, ვინც არიან. პოზიციების თაობაზე კი არის მსჯელობა, მაგრამ პოლიტიკოსების მხრიდან, რაც უფრო ხალხის ინფორმირებას წააგავს, ვიდრე ხალხის მიერ კონსტიტუციის განხილვას. არადა, ინფორმაციის მიღებისთვის მასმედია არსებობს. საკონსტიტუციო მუშაობაზე განხილვის გავლენის მექანიზმიც არაა, - არც გადაწყვეტილება მიიღება, არც რეფერენდუმი ტარდება მოგვიანებით. ამით განხილვა კარგავს ფუნქციას. მე ასეთი უფუნქციო განხილვები, საზოგადოდ, არ მომწონს. სამწუხაროდ, კონსტიტუციის განხილვა ჩვენთან ყოველთვის ასეთი გაუგებარი ფორმატით მიდის. არავინ არ ცდილობს მის ისე აწყობას, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს მნიშვნელოვანი ფუნქციაც ჰქონდეს.
რაც შეეხება წლევანდელ განხილვას, იგი წინამორბედებთან შედარებით იმითაა უკეთესი, რომ განსხავავებულ პოზიციებს ეცნობა ხალხი. ოღონდ, გაუგებარია, მერე ხალხმა როგორ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ პოზიციების მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ასეთ პირობებში საერთო სახალხო განხილვას უფრო დიდი ხმაური ახლავს, ვიდრე შედეგი.
- პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ”კანონპროექტი, რომელსაც ვიხილავთ, არის ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი”, მაგრამ რეალობა ასეთია - ”ქართულ ოცნებას” აქვს სრული შესაძლებლობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორც სურს. არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს, თუ მას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა. თქვენი დაკვირვებით, მოქმედების რა სავარაუდო სცენარს აირჩევს ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით, თუ ამგვარ მცდელობას საერთოდ არც უნდა ველოდოთ?
- პარტიული კონსენსუნსი მართლაც ნულოვანია, მაგრამ ეს უფრო მცირე მნიშვნელობის ფაქტია, ვიდრე მას ანიჭებენ პროექტის ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, მათი უკმაყოფილება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხალხის უკმაყოფილების ტოლფასი იქნებოდა და იქნებოდა ანგარიშგასაწევი.
დღეს კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ნულს უახლოვდება და მათი უკმაყოფილება მხოლოდ ლიდერების უკმაყოფილებაა. მოთხოვნებიც პარტიების მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს და არა - ხალხისას. რამდენადაც პარტიები გულგრილი არიან ხალხის მიმართ, იმავე გულგრილობით პასუხობს მათ ხალხი.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარტიული კონსენსუსის უქონლობას საზოგადოების დიდი ღელვა არ მოჰყვება და ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნის

ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარტიული კონსენსუსის უქონლობას საზოგადოების დიდი ღელვა არ მოჰყვება და ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნის. ამ ფონზე მეეჭვება, რომ ვინმეს აღელვებდეს პარტიების კონსენსუსის უქონლობა თავად პარტიების გარდა.
- ოპოზიციის ერთი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების გარკვეულ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებას გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ”თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ ბონუსი არის უსამართლო, ჩვენ გადავსინჯავთ ჩვენს გადაწყვეტილებას.” თქვენ რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ თუ ვენეციის კომისიამ არა მარტო ბონუსთან დაკავშირებით მმართველი გუნდისაგან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში სერიოზული კორექტივების შეტანა მოითხოვა, ”ქართული ოცნება” მათ სრულად გაითვალისწინებს?
- თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ არაა საკუთარი პოზიციის მართებულობაში დარწმუნებული. ის თავის თავში დარწმუნებული რომ იყოს, არავის არ შეეპუებოდა თავისი სიმართლის დაცვაში. რადგან ის ითქვა, რაც თქვენ ბრძანეთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება არაა დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, დამთმობია ავტორიტეტების მიმართ და, ალბათ, გაითვალისწინებს უცხოელების რეკომენდაციებს.
ეს ფრაგმენტი კიდევ ერთ მომენტს მოიცავს. ქვეყნის მოქალაქეს ღიად თუ ფარულად ყოველთვის სურს, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენელი, მით უმეტეს ლიდერი, იყოს სხვებზე კომპეტენტური, ჭკვიანი, ძლიერი და ა.შ. სასურველია, რომ მათი ეს სურვილი გათვალისწინებული იყოს და ქვეყნის ლიდერები საჯაროდ არ უცხადებდნენ უსიტყვო მორჩილებას უცხოელებს. ამ კონტექსტშიც უნდა ზრუნავდნენ თავიანთ იმიჯზე პოლიტიკოსები.
ვთვლი, რომ საერთოდ, უნდა დაწესდეს კონსტიტუციის შესწორებების მიღება რეფერენდუმით... ალბათ ამ წესის დამკვიდრებისთვის სხვა ფორმებია მოსაძებნი

რაც შეეხება რეფერენდუმს, ვთვლი, რომ, საერთოდ, უნდა დაწესდეს კონსტიტუციის შესწორებების მიღება რეფერენდუმით. მაშინ სახალხო განხილვებსაც ექნება აზრი. ოღონდ რეფერენდუმის მოთხოვნას თუ ოპოზიციური ჯიბრის სახე ექნება, ჯიბრითვე არ გაიზიარებენ. ალბათ ამ წესის დამკვიდრებისთვის სხვა ფორმებია მოსაძებნი.
- გასულ კვირას ჯერ იყო აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება. შემდეგ შედგა პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საკმაოდ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი ტრამპი პრემიერ კვირიკაშვილს შეხვდა. ამ ვიზიტის შედეგებზე უახლოეს დღეებში ალბათ მეტს შევიტყობთ, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უკვე მომხდარს და აშშ-ს დედაქალაქში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს?
- პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ იყო გამოთქმული ვარაუდები ამ ვიზიტის მიმართ არსებულ მოლოდინებზე. ფაქტია, რომ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვაღიაროთ, რომ აშშ-ს კანონიც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საქართველოსთვის.
როგორც ჩანს, ამერიკის ახალი პოლიტიკური ელიტა საგარეო ურთიერთობების ახალ სტრატეგიას აგებს. ამით აიხსნება, რომ იდგმება მოულოდნელი პოლიტიკური ნაბიჯები. სასიამოვნოა, რომ როგორც ჩანს, აშშ-ს ახალ სტრატეგიაში გარკვეულ ფუნქციებს იძენს საქართველო. სავარაუდოა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის დაცვა რუსეთისგან თავად ამერიკას სჭირდება რუსეთის ამბიციების დასაოკებლად.
როგორც ჩანს, აშშ-ს ახალ სტრატეგიაში გარკვეულ ფუნქციებს იძენს საქართველო. სავარაუდოა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის დაცვა რუსეთისგან თავად ამერიკას სჭირდება რუსეთის ამბიციების დასაოკებლად

რა თქმა უნდა, ამ მოტივს ხელს უწყობს ის, რომ საქართველოს მკაფიო დასავლური ორიენტაცია აქვს. ახლა ბრძოლას უცხადებს ამერიკა რუსეთს და „ხელთათმანის სროლა“ იყო ჯერ საქართველოს თაობაზე კანონი და შემდეგ მიღება თეთრ სახლში. აღსანიშნავია, რომ ამ „სროლის“ ბაზა ძალზე კარგად მოამზადა ქართულმა დიპლომატიურმა კორპუსმა.
- ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრის მესამე დღეს ვაშინგტონში შედგა ტრამპ-ლავროვის, ტილერსონ-ლავროვის შეხვედრა. გასაგებია, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში დღეისათვის აქტუალური თემებია სირია, უკრაინა, ირანი, მაგრამ თქვენი აზრით, ქართულ-ამერიკული შეხვედრების შემდეგ ტრამპ-ლავროვის, ტილერსონი-ლავროვის შეხვედრები რა გავლენას იქონიებს ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობებზე?
- მე მგონია, რომ საქართველოს თემა უფრო იქონიებს გავლენას ლავროვის ამერიკულ შეხვედრებზე, ვიდრე პირიქით. დიპლომატიის ხერხია, რომ როცა მეორე მხარის დაყოლიება სურთ ერთ სადავო საკითხში, ყველა სადავო საკითხებს წამოწევენ, რომ მათზე დაუთანხმებლობის შემდეგ გაადვილდეს მეტოქის დათანხმება იმაზე, რაც საჭიროა.
ამერიკულმა მხარემ, რომელიც ემზადებოდა ლავროვის ვიზიტისთვის, ბოლო პერიოდში ქართული თემა წამოწია. სავარაუდოა, რომ ეს თემა პრეტენზიად წაეყენება ლავროვს. მერე, ალბათ, სხვა საკითხში მოსთხოვენ მას დათმობას, რადგან საქართველოზე უფრო მწვავე კონფლიქტები არის დღის წესრიგში. ოღონდ ჩვენ ამგვარი როლიც გვაწყობს.
თუ პროცესი ასე წავიდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემა მუდმივ ადგილს დაიკავებს ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ წაყენებული პრეტენზიების ნუსხაში. ამის შედეგად რუსეთი აქ არსებულ ტანკებს არ გაიყვანს, მაგრამ ახალი ტანკების შემოყვანას მოერიდება

თუ პროცესი ასე წავიდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემა მუდმივ ადგილს დაიკავებს ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ წაყენებული პრეტენზიების ნუსხაში. ამის შედეგად რუსეთი აქ არსებულ ტანკებს არ გაიყვანს, მაგრამ ახალი ტანკების შემოყვანას მოერიდება.
- საქართველოს მიმართულებით ვაშინგტონის აქტიურობა რა აზრის მატარებელი გზავნილია ერთი მხრივ თბილისის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთისა და ევროპისათვის და თუნდაც საფრანგეთში ახლად არჩეული პრეზიდენტ მაკრონისათვის? სხვათა შორის, მაკრონის წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ მისი არჩევის შემდეგ პარიზი საჭიროების შემთხვევაში, ფინეთისა და შევედეთის, ასევე რიგი ბალკანეთის ქვეყნების წევრობის გარდა, მხარს არ დაუჭერს ნატოს შემდგომ გაფართოებას...
- მაკრონმა დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დიდი პოლიტიკისთვის ის მაინც ახალბედაა. თუმცა ფაქტია, რომ იგი საკმაოდ ელასტიური ადამიანი არის, რაც პოლიტიკაში სასარგებლოა. მეორე ტურის წინ ის ლე პენის ტექსტებითაც კი გამოდიოდა. სავარაუდოა, რომ სანამ საკუთარ ფეხებზე მყარად დადგება, მაკრონი გააგრძელებს წინამორბედის კურსს. ოღონდ, ასევე სავარაუდოა, რომ მაკრონი ადვილად დათმობს აღებულ კურსს, თუ სიტუაცია მოსთხოვს ამას. საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციის ფორმირებაში კი ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აშშ-ს პოზიციაზე. ამიტომ ვთვლი, რომ წინასაარჩევნო განცხადებებით მაკრონის სამომავლო პოლიტიკაზე მსჯელობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს.
- თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა - ”აშშ-სთან ერთად ვიწყებთ ძალიან ამბიციურ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. მისივე თქმით, ვაზიანში დაიწყება საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა, რომელსაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად ააშენებს და იგი იქნება გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის ანალოგი. თქვენ როგორ შეაფასებდით მინისტრ იზორიას განცხადებას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება მოსკოვს საქართველოში პრაქტიკულად აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობაზე?
- მოსკოვის რეაქციები, საერთოდ, საინტერესო თემაა. ბოლო პერიოდში ჩვენთან ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაზეც მოსკოვს შეიძლებოდა ჰქონოდა მისთვის ჩვეული აგრესიული რეაქცია. ევროპისკენ გახედვისთვის რუსეთმა მისი მთავარი პარტნიორი უკრაინა დაშალა და აგრძელებს ამ საქმეს. ჩვენ მხოლოდ კი არ გავიხედეთ, არამედ დიდი სისწრაფით მოვრბივართ კიდეც დასავლეთისკენ, ხოლო ჩვენს მიმართ მოსკოვი, შედარებით, წვრილმანი უსიამოვნებებით კმაყოფილდება.
შესაძლებელია, რომ მოსკოვი უკვე შეეგუა საქართველოს გასვლას მისი გავლენის სფეროდან, რასაც ხშირად აღნიშნავენ რუსი პოლიტოლოგები. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ მას განზრახული აქვს საქართველოს გამოყენება „ტროას ცხენად“, ანუ მისი შეშვება დასავლურ სტურქტურებში და შემდეგ ამ სტრუქტურებზე ზეწოლა აფხაზური და ოსური მძევლებით. ისიც შეიძლება, რომ მას აღარ უნდა ახალი ფრონტის გახსნა უკრაინის თუ ახლო აღმოსავლეთის პროცესებისა და ეკონომიკური კრიზისის დამთავრებამდე.
ბევრი რამ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ, საბედნიეროდ, რუსეთი ჩვეულებრივზე უფრო პასიურია საქართველოს მიმართულებით

ბევრი რამ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ, საბედნიეროდ, რუსეთი ჩვეულებრივზე უფრო პასიურია საქართველოს მიმართულებით. მოსკოვის სტილის ამ ზოგადი ცვლილების გამო არა მგონია მას სერიოზული ღია რეაქცია გაუჩნდეს ამერიკასთან ერთად ვაზიანის ცენტრის შექმნაზე. მით უმეტეს, რუსეთს განცხადებული აქვს, რომ არ დაუშვებს ნატოს ფაქტორის გაძლიერებას თავის საზღვრებზე. ამერიკის ფაქტორის თაობაზე ამგვარი რამ, რამდენადაც მახსენდება, არა აქვს დეკლარირებული. თუ მას საკუთარი განცხადებებიც არ აიძულებს რეაგირებას, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ გამოიღოს ხელი.
- მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვისა და ”ღამის მგლების” რამდენიმე წევრის სტუმრობას საქართველოში საზოგადობის საკმაოდ დიდ ნაწილში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სამართლიანადაც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ლუჟკოვისა და მისი მილიარდერი მეუღლის საქართველოში შემოსვლის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მილიარდერი ქალბატონის გადაადგილების უსართხოების უზრუნველსაყოფად ზომები იქნებოდა მისაღები. შესაბამისად, შსს-ს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგივე ეხებათ ”ღამის მგლებაც”. შსს მინისტრი აცხადებდა, რომ ისინი ვერ შემოვიდოდნენ...
- ზემოთ უკვე გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებას ხშირად ავიწყდება იმის გათვალისწინება, თუ როგორ გამოიყურება ამომრჩევლის თვალში. „მგლების“ და ლუჟკოვის ოჯახის ვიზიტი ბევრ სხვა საკითხთან ერთად ამ საკითხსაც აყენებს. რამდენადაც ცნობილია, ლუჟკოვს არ ჰქონდა პასპორტში აფხაზეთის ყოფნის აღნიშვნა და მესაზღვრეებს არ ჰქონდათ მისი შეჩერების საბაბი. ეს საკითხის ფორმალური ასპექტია. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ლუჟკოვი აქტიურად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული აფხაზეთში.
ამ ფონზე პარადოქსულია, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას უხაროდეს ამერიკის მკაცრი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, და მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლება დათმობაზე მიდიოდეს მათ წინაშე, ვინც ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად თვლის. გამოდის, რომ სხვების ხელით გვინდა ყველაფრის კეთება და ჩვენ თავად უმწეო ვართ ბაიკერების და ლუჟკოვების მიმართაც კი. ამ შემთხვევაში თითოეული მოქალაქე თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ამ გრძნობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
პარადოქსულია, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებას უნდა უხაროდეს ამერიკის მკაცრი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლება დათმობაზე მიდიოდეს მათ წინაშე, ვინც ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად თვლის

ოკუპაციის კანონის მიუხედავად, ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ლუჟკოვის შესაჩერებლად. კანონგარეშე გამოცხადებაც უფრო მისაღები იქნებოდა მოსახლეობისთვის, ვიდრე ხელების გაშლა - რა გვექნა, შეჩერების საბაბი არ გვქონდაო. ლუჟკოვის მიერ საზღვრის გადმოლახვა ყველა ჩვენგანის, და მით უმეტეს, ხელისუფლების დაკნინებაა, რაც ლუკოვმა „მუჟიკური“ პირდაპირობით ინტერვიუშიც თქვა. ლუჟკოვების ვიზიტი ცუდ სამსახურს უწევს ხელისუფლებას და სამწუხაროა, რომ მან ეს ვერ იგრძნო.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ლუჟკოვის მასპინძლები, ნებსით თუ უნებლიეთ, დაეხმარნენ ბატონ ლუჟკოვს ჩვენთვის ხმამაღლა ეთქვა - აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების გარეშე უკეთესად იცხოვრებს. ლუჟკოვი რომ ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებდა, მისი პოლიტიკური ბეგ-რაუნდიდან გამომდინარე იოლად დათვლადი იყო. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მსგავს პროვოკაციებზე ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების რეაქცია?
- საზოგადოების რეაქციაზე ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. იგი უმწეობის იმიჯს მიაწებებს ხელისუფლებას, რაც ყველაზე ცუდია პოლიტიკური გუნდისთვის. შეიძლება ამან ამჟამად არ იჩინოს თავი, მაგრამ მოგვიანებით გამოვლინდება.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, რეცეპტი მარტივია ამ და სხვა ანალოგიური სიტუაციისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიზანშეწონილია იმოქმედონ ისე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებად ყოფნის დროს ენდომებოდათ, რომ მოქცეულიყო მათი ხელისუფლება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები