არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
თუ საქართველოში აშშ-ის სრულფასოვანი სამხედრო ბაზა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდა გარდაუვალი იქნება
13:28 13-05-2017
თუ საქართველოში აშშ-ის სრულფასოვანი სამხედრო ბაზა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდა გარდაუვალი იქნება მინისტრ სერგეი ლავროვისა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტების შედეგების ფონზე აშშ-რუსეთისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ უკრაინისა და სირიის საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, ფიოდორ ლუკიანოვს ესაუბრა.

- ბატონო ფიოდორ, აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის შედეგებზე როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში განსხვავებული შეფასებები კეთდება. საკმაოდ ინფორმირებულ დასავლელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს,”ცივი ომი-2” სრულდება. თქვენ როგორ შეაფასებდით ლავროვის ვიზიტს ვაშინგტონში და აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივას?
- ლავროვის უკანასკნელ ვიზიტს მე შევაფასებდი როგორც სრულიად სიურეალისტურს. არა თავად ვიზიტის, არამედ იმ ატმოსფეროს გამო, რომელიც აშშ-ში სუფევს რუსეთთან მიმართებაში.
აშშ-რუსეთის ურთიერთობები აშშ-ს შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემებისა და შიდა გარჩევების აბსოლუტური მძევალია

მე არ ვიცი, რატომ გაანთავისუფლა პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ ლავროვის ვიზიტის წინ ფე-ბე-ერ-ის ხელმძღვანელი, მაგრამ ამ თემაზე აშშ-ს საჯარო სივრცეში დისკუსია გარე დამკვირვებლისთვის ატარებს სრულიად უცნაურ ხასიათს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ თემაზე კომენტარების გაკეთებისას სრულიად სერიოზულად მსჯელობდნენ იმაზე, შეათანხმა თუ არა ტრამპმა პუტინთან ფე-ბე-ერ-ის შეფის, ჯეიმს კომის გათავისუფლება. როცა ამგვარ რამეს ისმენ, გიჩნდება ხელების გაშლის სურვილი. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ეს რაღაც თამაშია, თუ აშშ-ს პოლიტიკური სამყარო ამდენად გაგიჟდა?
ვშიშობ, რომ ახლა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს რუსეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. იგი ბევრადაა დამოკიდებული აშშ-ს შიდა პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე -აშშ-რუსეთის ურთიერთობები აშშ-ს შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემებისა და შიდა გარჩევების აბსოლუტური მძევალია.
მხედველობაში მაქვს ტრამპზე შეტევები, იდეალში მისი გადაყენების სურვილი, ან უკიდურეს შემთხვევაში ისეთ ჩარჩოებში ჩაყენება, როცა მას არ შეეძლება შედარებით თავისუფლად მოქმედება. აშშ-ს ისტებლიშმენტისათვის იმდენად შოკისმომგრველი იყო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება, რომ ამგვარი ტენდენციები არჩევნებში ტრამპის გამარჯვებისთანავე დაიწყო. ფაქტია, რომ მის გამარჯვებას ბევრი დღემდე არ შეგუებია. ნაწილობრივ სუბიექტური და ნაწილობრივ ობიექტური მიზეზების გამო ისე აღმოჩნდა, რომ აშშ-ში სწორედ რუსეთი გახდა განხილვის მთავარი თემა და დღემდე ასე გრძელდება.
შესაბამისად, განურჩევლად იმისა, უნდა ეს ტრამპს თუ არა, სხვათა შორის, ესეც გაუგებარია, მისი კურსი საკმაოდ ზიგზაგისებრი და არამკაფიოა. მიუხედავად ამისა, იმ პირობებში, რომელშიც ტრამპი მოქმედებს - ანუ როცა მას ნებისმიერი ნაბიჯის, მით უფრო იმგვარის გაკეთების ეშინია, რომელიც აშშ-რუსეთის ურთიერთობებში წინსვლას გამოიწვევდა - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლებელია.
როგორც ჩანს, თავისთავად ლავროვის ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. ის, რომ ლავროვი ტრამპმა მიიღო, გახლავთ მოსკოვთან მუშაობის სურვილის დემონსტრაცია. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა. მაგრამ მთლიანობაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აშშ-ში დღეს არსებული ვითარება სრულიად არ უწყობს ხელს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებების მოხდენას.
ლავროვის ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. ის რომ ლავროვი ტრამპმა მიიღო, გახლავთ მოსკოვთან მუშაობის სურვილის დემონსტრაცია... მაგრამ, აშშ-ში დღეს არსებული ვითარება სრულიად არ უწყობს ხელს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებების მოხდენას
- მიუხედავად ამისა, სირიასთან დაკავშირებით მაინც იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული. ლავროვის მტკიცებით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ექპერტები 10-12 დღეში ყველა იმ პარამეტრებს განიხილავენ, რომლებშიც სირიაში დეესკალაციის ზონებმა უნდა იფუნქციონირონ საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩათვლით. თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონში აშშ-სა და რუსეთს შორის სირიასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას?
- სირია რეგიონში ყველასათვის დიდი პრობლემაა, გასაგებია, რომ რუსეთი და ირანი დაინტერესებული არიან სირიაში პოლიტიკური პროგრესის მიღწევაში თუნდაც იმიტომ, რომ სულ საომარ მდგომარეობაში ყოფნა არ გამოვა.
თურქეთს აქვს თავისი, საკმაოდ რთული ინტერესები სირიაში. ანკარისთვის სირიაში მთავარი პრობლემა ქურთების თემაა. მათი მიზანია ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში შეინარჩუნონ ის ვითარება, რაც დღეისათვის არსებობს. ანუ, ვითარება, როცა ქურთები არ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები და ანგარიშგასაწევი ძალა.
სწორედ ამ გარემოებებმა გახადა აუცილებელი დეესკალაციის ზონების შემოღება. ეს გახლავთ სამი არაარაბული ქვეყნის მცდელობა, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართული, გარკვეულწილად როგორღაც მოაახლოვონ სირიაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა.
- როგორ ფიქრობთ, სირიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონების შექმნა არ გამოიწვევს სირიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს საბოლოოდ დაშლას?
- რას ნიშნავს საბოლოოდ დაშლა? სირია დღეს ფრაგმენტირებული სახელმწიფოა, იგი ფაქტობრივად ერთიანი ცენტრიდან დე-ფაქტოდ არ იმართება.
შეუძლებელია სირიის ისეთ ქვეყნად შენარჩუნება, როგორიც იგი კონფლიქტის დაწყებამდე, ან ვთქვათ ჰაფეზ ასადის დროს იყო

ზონების შექმნა შეამცირებს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას. საერთოდ, შეუძლებელია სირიის ისეთ ქვეყნად შენარჩუნება, როგორიც იგი კონფლიქტის დაწყებამდე ან ვთქვათ ჰაფეზ ასადის დროს იყო. ასე რომ, საბოლოო დაშლა შესაძლოა არა, მაგრამ სირიის ფრაგმენტაციის ტენდენციები სულ უფრო რომ ძლიერდება, ფაქტია. დიდია იმის ალბათობა, სირია იგივე გზით წავიდეს, როგორც ერაყი, ეს სრულიად ნათელია.
- შეიძლება ასეც ითქვას - სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნით ამ ქვეყანაში გაჩნდება რუსეთის, ირანისა და თურქეთის გავლენის ზონების კონტურები? თუ ასეთ რამეზე საუბარი ნაადრევია...
- არა, მართლაც ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ამგვარი კონტურები გაჩნდება. ის, რაც ახლა ხდება გახლავთ მცდელობა მისაღები კონტურები გაჩნდეს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის მისაღწევად. თურქეთი, რუსეთი და ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ არიან ამავე რეგიონში ერთადერთი ქვეყნები, ვინც სირიის საკითხებში შეიძლება თავისი სიტყვა თქვან.
პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ სირიის გადანაწილება არ შეუძლიათ არაარაბულ ქვეყნებს. ახლა ისე გამოდის, რომ არაბული სამყაროს პრობლემას სამი არაარაბული ზესახელმწიფო წყვეტს. ასე არ გამოვა. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ საუდის არაბეთი და ეგვიპტე და მათი ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული.
უკანასკნელ კვირებში გაჩნდა კიდევ ერთი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს აშშ. ვაშინგტონმა სირიაში საჰაერო დარტყმებით თქვა, რომ იგი არ აპირებს ამ პროცესს შორიდან უყუროს. მაგრამ ამერიკელებმა არ იციან, სირიაში რა აკეთონ. პრეზიდენტ ტრამპს როგორც არ ჰქონდა სირიასთან მიმართებაში არანაირი სტრატეგია, ახლაც არ აქვს. მიუხედავად ამისა მან ყველას საკმაოდ მკაფიოდ აგრძნობინა, რომ იგი ამ თამაშში მონაწილეობს და ვაშინგტონის გარეშე სირიაში არაფერი გამოვა.
ამერიკელებმა არ იციან სირიაში რა აკეთონ. პრეზიდენტ ტრამპს როგორც არ ჰქონდა სირიასთან მიმართებაში არანაირი სტრატეგია, ახლაც არ აქვს. მიუხედავად ამისა, მან ყველას საკმაოდ მკაფიოდ აგრძნობინა, რომ იგი ამ თამაშში მონაწილეობს და ვაშინგტონის გარეშე სირიაში არაფერი გამოვა
- ამერიკელებმა განაცხადეს, რომ აშშ საბრძოლო იარაღს მიაწვდის ქურთებს, რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად იბრძვიან. თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინტონის ამგვარ გადაწყვეტილებას?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ასე წარმოუდგენია სირიის საკითხებში მონაწილეობა აშშ-ს ადმინისტრაციას. ანუ ქურთები წარმოადგენენ იმ ძალას, რომლის მხარდაჭერა აშშ-სთვის მომგებიანია. ეს ეწინააღმდეგება თურქეთის ინტერესებს, რომელიც აშშ-ს მოკავშირეა.
ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ან მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ცდილობენ სირიის პრობლემების გადასაწყვეტად მარტივი გზები იპოვონ. მათ ჰგონიათ, რომ ქურთების მხადაჭერა მარტივი გამოსავალია. მე მგონია, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.
- თქვენთან დაკავშირებამდე წავაწყდი ცნობას, რომ ერაყში შემოდგომაზე ჩატარდება რეფერენდუმი სუვერენული ქურთული სახელმწიფოს შექმნის შესახებ. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებისას დღის წესრიგში დადგეს სუვერენული ქურთული სახელმწიფოს შექმნის საკითხი?
- ვფიქრობ რომ, სუვერენული ქურთული სახელმწიფოს შექმნა გარდაუვალია. ეს დღეს თუ არა ხვალ მაინც მოხდება. მაგრამ, არა მგონია იგი შეიქმნას მხოლოდ ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის საფუძველზე, რომლის ჩატარებას აპირებენ. არც ისე მარტივადაა საქმე, ვინაიდან სხვა ქვეყნების ინტერესი უფრო იმაშია, არ დაუშვან ქურთული სახელმწიფოს შექმნა.
სუვერენული ქურთული სახელმწიფოს შექმნა გარდაუვალია...ახლა როცა ქურთები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, ვფიქრობ, რომ ისინი ადრე თუ გვიან თავის მიზანს მიაღწევენ

მაგრამ პროცესებმა, რაც ერაყსა და სირიაში და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ქურთების საკითხი დააყენა დღის წესრიგში. ქურთები მსოფლიოში სახელმწიფოს არმქონე ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია. ზოგადი პროცესების გათვალისწინებით, ეს მართლაც გახლავთ ისტორიული უსამართლობა. მუდმივად იმ ვითარებისთვის მხარის დაჭერა, რომ ქურთული სახელმწიფო არ არსებობდეს, არ გამოვა. ახლა, როცა ქურთები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, ვფიქრობ რომ ისინი ადრე თუ გვიან თავის მიზანს მიაღწევენ.
- თურქეთში საკმაოდ ბევრი ქურთი ცხოვრობს, თან კომპაქტურად. გამოდის ანკარას მოუწევს დაუთმოს ქურთებს?
- ვფიქრობ, ანკარას არ შეუძლია დაუთმოს ქურთებს, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად თურქეთის დაშლა იქნება. თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ გახდეს შესაძლებელი ქურთული სახელმწიფოს გაჩენა ნებისმიერი სახით. შესაბამისად, ეს თემა იქნება მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ძალიან მტკივნეული დაპირისპირებების საფუძველი. სამწუხაროდ, ეს თითქმის გარდაუვალია.
- ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა და ტილერსონმა უკრაინაზეც გააკეთეს მოკლე განცხადებები. თქვენი აზრით, რაზე შეთანხმდნენ ვაშინგტონი და მოსკოვი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით?
- უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი ახალი შეთანხმებები არ ყოფილა მიღებული. მეჩვენება, რომ აშშ-სთვის დღემდე გაუგებარია, რა ადგილს იკავებს უკრაინა ვაშინტონის პრიორიტეტების სისტემაში. მგონი ისინი ამ საკითხში თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული. სრულიად ნათელია, მოსკოვს ჰქონდა იმედები, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში შეძლებდა აშშ-სთან გარიგების მიღწევას, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამგვარ მოლოდინებს საფუძველი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ამგვარი გარიგების მიღწევა არ იგეგმება.
მოსკოვს ჰქონდა იმედები, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში შეძლებდა აშშ-სთან გარიგების მიღწევა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამგვარ მოლოდინებს საფუძველი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ამგვარი გარიგების მიღწევა არ იგეგმება

იმის გამო, რომ აშშ-ში ჩიხური საზოგადოებრივი ვითარებაა, ვფიქრობ, უკრაინასთან მიმართებაში ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ანუ, ყველა გაიმეორებს ”მანტრას” მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობის შესახებ.
- დიახ, ტილერსონმა ამ თემაზე განაცხადა - ”ეკონომიკური სანქციები მანამდე არ მოიხსნება, ვიდრე იარსებებს მიზეზები, რის გამოც ისინი დაწესდა და ისინი არ იქნება ლიკვიდირებული” ...
- ეს გახლავთ განცხადება, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. იგი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - როგორც იყო აქამდე, ისე იქნება.
- ამას წინათ მოსკოვს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნატოს გენმდივნის ყოფილი მოადგილე, მანამდე კი ასევე რუსეთში ყოფილი ელჩი, ვერშბოუ სტუმრობდა. მოსკოვში ყოფნისას მან გაახმოვანა ვაშინგტონის სურვილი უკრაინის საკითხებზე მომუშავე ”ნორმანდიულ ოთხეულში” აშშ-ც იყოს ჩართული. რამდენად რეალისტურად გამოიყურება ამგვარი პერსპექტივა?
- მე არ ვიცი რამდენად სურს აშშ-ს ”ნორმანდიულ ოთხეულში” მონაწილეობა. სხვათა შორის, ეს მართლაც სერიოზული საკითხია. შესაძლოა, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში ეს ვიღაცას უნდა, მაგრამ ვიღაცასაც არ უნდა.
ობიექტურობიდან გამომდინარე, ვინაიდან ბოლო სიტყვა მაინც ვაშინგტონს ეკუთვნის, ბუნებრივიც იქნებოდა აშშ იღებდეს მონაწილეობას ”ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში. უგუნურება იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ისეთი პრეზიდენტის პირობებშიც კი როგორც ტრამპია, უკრაინის მსგავს საკითხებში საკონტროლო პაკეტი ვაშინგტონს არ აქვს.
ვინაიდან ბოლო სიტყვა მაინც ვაშინგტონს ეკუთვნის, ბუნებრივიც იქნებოდა აშშ იღებდეს მონაწილეობას ”ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში
- ვერშბოუს დიპლომატიური ბეგრაუნდის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მოსკოვში ყოფნისას მან მხოლოდ თავისი სურვილი გაახმოვანა...
- რა თქმა უნდა, ვერშბოუს თავის სურვილი არ გამოუთქვამს. მაგრამ, თუ დავუკვირდებით აშშ-ში არა კერძო პირების, არამედ ოფიციალური პირების განცხადებებს, იმავე სირიის საკითხზე, მათი პოზიციები ყოველ დღე იცვლება.
ამიტომ, ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა. თუ ვისი მოსაზრებები და შეხედულებებია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, - ალბათ, უფრო არავისი.
- ინტერვიუს ჩაწერის დაწყებამდე ბრძანეთ, რომ ნაკლებად ადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, არ გამოგრჩენიათ ლავროვის ვიზიტამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დასრულებული საკმაოდ წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შედგა ტრამპი-კვირიკაშვილისა და ტილერსონ-კვირიკაშვილის შეხვედრები.
ამის პარალელურად თბილისში თავდაცვის მინისტრმა იზორიამ გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ს დახმარებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაიწყება ისეთივე სამხედრო სასწავლო ცენტრის მშენებლობა, როგორი ბაზაც აშშ-ს გერმანიაში აქვს. არც კვირიკაშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში, არც საქართველოში აშშ-ს დახმარებით სამხედრო ცენტრის მშენებლობაზე რუსეთს რეაქცია ჯერ არ ჰქონია. რა უნდა ვიფიქროთ - რუსეთი შეეგუა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას თუ რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია?

- ეჭვი მეპარება, რომ ამგვარი ბაზა აშენდება. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობა დააბრუნებს რუსეთის მოტივაციას იმ დისკურსში, რომლისგანაც ჩვენ ბოლო წლებში, საბედნიეროდ, გამოვედით. მხედველობაში მაქვს საქართველოს დასავლური ვექტორის ინტერპრეტაცია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო საფრთხე.
რატომღაც მეჩვენება, რომ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობა არაა დაინტერესებული გამოიწვიოს რუსეთთან დაძაბულობის ახალი სპირალი. თუ საქართველოში აშშ-ს სრულფასოვანი სამხედრო ბაზა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდა გარდაუვალი იქნება.
ამიტომ, მეჩვენება, რომ ქართული მხრიდან ეს საუბარი გახლავთ დასავლური ვექტორისადმი, როგორც განზრახვისადმი ერთგულების დემონსტრირება. თუმცა, არა მგონია, ისინი მეტნაკლებად ახლო მომავალში განხორციელდეს. აშშ-ს ადმინისტრაცია თავად უნდა გაერკვეს თუ რამდენად სჭირდება ეს მას. სხვათა შორის, არჩევნებამდე ტრამპის ლოზუნგი იყო სამხედრო ხარჯების შემცირება და არა გაზრდა. ამ პროცესს რუსეთი ყურადღებით დააკვირდება და თუ ეს პროცესი კონკრეტულ კონტურებს მიიღებს, ვფიქრობ, მოსკოვის რეაქციაც არ დააყოვნებს.
- რას იტყოდით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სადღეისოდ არსებულ ვითარებაზე?
- ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ პრაქტიკულად, არც არაფერი ხდება.
- როგორც ვიცით თითქოს დათბა ურთიერთობები, გაიზარდა ორ ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა ორივე მიმართულებით. ასევე სხვა გარკვეულ სფეროებში ღრმავდება ურთიერთობები...
- კი, ასეა, ეს უკანასკნელი წლების ნორმალური და კარგი ტენდენციებია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მე არანაირ მოძრაობას ვერ ვხედავ.
რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს და შესაბამისად, ეს საკითხები მის წინაშე არ დგას

- 2012 წელს, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა დაიწყო, ითქვა, რომ მხარეებს ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა დაეწყოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემების გვერდის ავლით. თუ სხვა სფეროებში არის წინსვლა, იქნებ დროა დაიწყოს ამ საკითხების განხილვაც?
- ჯერ ამის დრო არ მოსულა. მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებისადმი დაბრუნებას და მათ სერიოზულად განხილვას არავინ არ აპირებს. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს და შესაბამისად, ეს საკითხები მის წინაშე არ დგას.
საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები აქტუალურია, რუსეთისთვის არა. არსებულ რეალობაში ცვლილებების შეტანისათვის არანაირი ტენდენცია და საფუძველი არ არსებობს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები