არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გასაგებად რეფერენდუმია საჭირო, რაც წერტილს დაუსვამდა საკონსტიტუციო პროცესს
14:54 29-06-2017
საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გასაგებად რეფერენდუმია საჭირო, რაც წერტილს დაუსვამდა საკონსტიტუციო პროცესს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვითარებაში, როცა მას მხარს პრაქტიკულად არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უჭერს, რჩება შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორი მოსმენის კენჭისყრის შემდეგ ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაშია. ამ რეალობას ოპოზიციური სპექტრი არ ეთანხმება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ არსებული მოცემულობის შეცვლა არ შეუძლიათ.
შიდა პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური რეალობა რომ უკვე არსებობს და იგი უფრო ხელშესახებ კონტურებს იძენს, ფაქტია. თქვენ როგორ დაახასიათებდით მმართველი გუნდის მიერ ორი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ჩამოყალიბებულ, ან ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ახალ პოლიტიკურ რეალობას?

- კონსტიტუციით ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობა, არსებითად, იქნება ის, რომ ბარიერის დაწევის გამო პარლამენტში მოხვდება სხვადასხვა პარტიის მეტი წარმომადგენელი. ეს დიდ პოლიტიკურ სიახლეს ვერ შექმნის, რადგან 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგი განუწყვეტლივ ეცემა, ოღონდ უფრო ძლიერ ვარდნას განიცდის ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, ვიდრე სახელისუფლოსი.
მოსახლეობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო არ მოსწონს ოპოზიცია

რეიტინგების ვარდნის ერთერთი ფაქტორია პარტიების დაყოფა, ლიდერების წასვლა პარტიებიდან და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ოპოზიცია ახალ იდეებს არ სთავაზობს საზოგადოებას, მხოლოდ ერთი რიტორიკა ტრიალებს - ხელისუფლება ცუდიაო. თანაც, ამ რიტორიკის ძირითადი ავტორი არის ის ჯგუფი, რომელიც ათი წელი იყო ხელისუფლებაში და ხელისულების ცუდად გამოყენების მაგალითად დარჩა მეხსიერებაში.
შედეგი ისაა, რომ ოპოზიციისადმი ნდობა დაბალია. ამიტომ, სავარაუდოა, რომ დღეს ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 10-15%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნებათ. რეიტინგების დაცემის ამგვარი სურათი მიანიშნებს, რომ მოსახლეობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო არ მოსწონს ოპოზიცია. ოპოზიციას რეიტინგი სჭირდება, რისი მოპოვების ერთადერთ გზას იგი ხედავს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომპრომისებზე ლაპარაკი არარეალურია, ურეიტინგობამ უკომპრომისობა გააჩინა და მივიღეთ ის რეალობა, რაც არის

ამ მოჯადოებულ წრეში მოექცა კონსტიტუციის საკითხიც, რომელიც კონსენსუსს მოითხოვს. ოპოზიციური პარტიები არ წავლენ დათმობაზე, რათა დაპირისპირება შეინარჩუნონ. ისინი ბარიერის დაწევას არც ახსენებენ და მხოლოდ შეუთანხმებელ პუნქტებზე აქვთ აქცენტი. ამგვარ ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომპრომისებზე ლაპარაკი არარეალურია. ურეიტინგობამ უკომპრომისობა გააჩინა და მივიღეთ ის რეალობა, რაც არის.
- ბატონი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ ”საკონსტიტუციო პროცესი და შესაბამისი კონსენსუსის ძიების პროცედურები კარიკატურულად გამოიყურებოდა”... და ”პარლამენტში კონსენსუსის მისაღწევად სივრცე საერთოდ არ შექმნილა”.
საქართველოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ეწვია. მართალია, იგი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის, მაგრამ მას ჰქონდა შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებებიც გამოთქვა.
თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბატონ ბუკიკიოს შენიშვნების შემდეგ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კორექტივები შეიტანოს?

- ვენეციის კომისია ცდილობს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია იყოს, რაც გულისხმობს იმასაც, რომ მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სტაბილურობას და ნავთი არ დაასხას შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ამიტომ, ბუკიკიო ხაზს უსვამს, რომ მისი დამოკიდებულება პოზიტიურია.
აქედან გამომდინარე მგონია, რომ იგი გაგებით მოეკიდება მაჟორიტარების „ჯანყის“ რისკს. ეს რისკი რეალურად არსებობს, რადგან მაჟორიტარებს პრაგმატული ინტერესი აქვთ, პარტიული დისციპლინა არ აწუხებთ და უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე მთელ ოპოზიციას. ყოველივე ამის გამო მგონია, რომ ბუკიკიო დაკმაყოფილდება კონსტიტუციის იმ რედაქციით, რაც ამ ეტაპზე არის დღის წესრიგში.
რაც შეეხება კომპრომისისკენ მოწოდებას, უკვე ვთქვი, რომ ეს გასაგები, მაგრამ არარეალური სურვილია. კიდევ ერთი მომენტი. თუ ოპოზიციაც და ნაწილობრივ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე თვლიან, რომ პარტიების კონსენსუსის უქონლობა ნიშნავს საზოგადოებაში კონსენსუსის არ არსებობას, არაა სწორი. პარტიებს საზოგადოების მცირე ნაწილი უჭერს მხარს, რაც აჩვენა 2016 წლის არჩევნებმა. საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გასაგებად მართლაც რეფერენდუმია საჭირო, რაც წერტილს დაუსვამდა საკონსტიტუციო პროცესს.
თუ ოპოზიციაც და ნაწილობრივ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე თვლიან, რომ პარტიების კონსენსუსის უქონლობა ნიშნავს საზოგადოებაში კონსენსუსის არ არსებობას, არაა სწორი. პარტიებს საზოგადოების მცირე ნაწილი უჭერს მხარს, რაც აჩვენა 2016 წლის არჩევნებმა

რაც შეეხება ბოლო საკამათო საკითხს, შერეული სისტემის შენარჩუნებას, აქაც არაა დამაჯერებელი ოპოზიციის აღშფოთება, რომ ეს დემოკრატიის ღალატია. ამერიკა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ირჩევს ხელისუფლებას, მაგრამ დემოკრატიისგან გადახვევად ეს არ ითვლება.
ბუკუკიომაც აღნიშნა, რომ არსებობის უფლება ორივე სისტემას აქვს. მას არ მოსწონს სისტემების შერევა, რაც იურიდიულად ნაკლებად დახვეწილია. შანსის მხრივ კი შერეული სისტემა მეტ შანსს აძლევს ოპოზიციას, რადგან მხოლოდ პროპორციული სისტემით ამ რეიტინგის მქონე ოპოზიცია სახელმწიფოს ხარჯზე ქუთაისში ვერ მოხვდება. მან თუ მობილიზება მოახერხა, შერეულ სისტემაში მანდატების ნახევარი შეუძლია აიღოს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია ოპოზიციის თავგამოდებული ბრძოლა მხოლოდ პროპორციული სისტემისთვის.
- საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას თქვენ გაზეთ ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში მეტად საინტერესო მოსაზრება გამოთქვით - ”დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არ აქვს”. ვითარებაში, როცა ქვეყანაში რეალურად არის კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტიების არარსებობის პრობლემა, გაუგებარია რატომ ვიჩქარეთ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა? არგუმენტი რომ ეს პროცესი სააკაშვილმა დაიწყო, არ გამოდგება.... მმართველი გუნდის წევრები ისე შესციცინებენ მთავრობის წევრებს ,რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უმრავლესობას არ აქვს გაცნობიერებული, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში სწორედ მათ ეკისრებათ არა მარტო მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი, არამედ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა...
- თქვენთან ადრინდელ საუბრებშიც მე დავადასტურე ჩემი პოზიცია, რომ გაუმართლებლად მიმაჩნია ეს თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა საპარლამენტო მოწყობისკენ, რადგან სუსტია პარტიული სტრუქტურები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დემოკრატიის მოთხოვნებს ამერიკული საპრეზიდენტო მმართველობა უფრო პასუხობს, ვიდრე ევროპული საპარლამენტო მმართველობა.
საპარლამენტო რესპუბლიკაში, საპრეზიდენტოსგან განსხვავებით, ხელისუფლების შტოები მკაფიოდ გაყოფილი არაა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს მთავრობას და ეს უმრავლესობა ვერ განახორციელებს მის მიერ არჩეული მთავრობის პირუთვნელ კონტროლს, რასაც თქვენ ითხოვთ ჩვენი პარლამენტისგან.
გაუმართლებლად მიმაჩნია თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა საპარლამენტო მოწყობისკენ, რადგან ჩვენთან სუსტია პარტიული სტრუქტურები... დემოკრატიის მოთხოვნებს ამერიკული საპრეზიდენტო მმართველობა უფრო პასუხობს, ვიდრე ევროპული საპარლამენტო მმართველობა

საპარლამენტო რესპუბლიკაში, რეალურად, მთავრობაა მთავარი მომქმედი პირი, რომლის „კრიშას“ წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობა. ამდენად, თქვენს მიერ გაკეთებული შენიშვნა საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემური ხარვეზია და მხოლოდ ჩვენი პარლამენტის ნაკლად ვერ ჩაითვლება.
- ახლა საზოგადოებაში დამკვირებულია აზრი, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობამ არ გაამართლა. სამწუხაროდ, იმ რესურების გათვალისწინებით, რაც ჩვენს პოლიტიკურ კლასს აქვს, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენში არც საპარლამენტო მმართველობის მოდელი არ გაამართლებს.
თუ მართლად ასე აღმოჩნდა, მერე ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს მონარქიის აღდგენის მომხრეთა გააქტიურება, აქაოდა - ხომ ხედავთ ყველაფერი ვსინჯეთ, მაგრამ მონარქიის აღდგენის იქეთ სხვა გზა არ გვაქვს. მართლა ამგვარი შედეგის მიღებაზე ხომ არაა გათვლილი ჩვენში პოლიტიკურ ექსპერიმენტების ასე უხეშად და რაც მთავარია, გაუაზრებლად გატარების მცდელობები?

- ჩვენ, როგორც ჩანს, არასერიოზული ერი ვართ. „არასერიოზული კაცი“ ჩვენთან ხომ დადებითი პერსონაჟია. თუ ყველა არა, ამ ერის პოლიტიკური კლასი ნამდვილად არ ტოვებს სერიოზულის შთაბეჭდილებას. პოლიტიკური კლასი უკმაყოფილოა საპრეზიდენტო მმართველობით, რომლის სერიოზული გააზრება არც კი მოუხდენია. პრეზიდენტები არ მოეწონა და მმართველობის ამ წესზე ამიტომ თქვა უარი. ასევე არ მომხდარა სერიოზული გააზრება საპარლამენტო სისტემის ავ-კარგის.
გეთანხმებით, რომ ცოტა ხანში არც საპარლამენტო რესპუბლიკა მოგვეწონება, რადგან ჩვენ პირობებში იგი ერთი პარტიის დიქტატურად გადაიქცევა. გეთანხმებით იმაშიც, რომ მერე ატყდება ყაყანი საკონსტიტუციო მონარქიაზე ისე, რომ არავის გაახსენდება, რომ ესეც საპარლამენტო მმართველობაა, სადაც უფუნქციო პრეზიდენტის მაგივრად არის უფუნქციო მონარქი.
ემოციებს აყოლილი არასერიოზული ადამიანების ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, საპარლამენტო მოდელზეც უარის თქმის, მონარქიის აღდგენისა და მონარქის ძებნის სცენარი, საკმაოდ რეალურად გამოიყურება

თუ მონარქს ვიპოვნით (ესეც პრობლემაა), მერე ისიც არ მოგვეწონება, რადგან აღმოვაჩენთ, რომ მონარქი არაფერს წყვეტს. ამას დაემატება, რომ მონარქს ვერ გადაირჩევ და თუ ცუდი ზნე აღმოაჩნდება, უნდა ითმინო უზნეობა მისი სიცოცხლის ბოლომდე.
ამასაც ვერ ავიტანთ, მოვახდენთ რევოლუციას და გადავალთ ერთადერთი წყობაზე, რაც არ გაგვისინჯავს - ანარქიაზე. ასე გავხდებით მსოფლიოში პირველი ანარქიული სახელმწიფო. ის ნამდვილად აღარ მოგვეწონება, რადგან სახელმწიფოში იქნება ქაოსი და ყველაფერს დავიწყებთ თავიდან. ემოციებს აყოლილი არასერიოზული ადამიანების ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, საპარლამენტო მოდელზეც უარის თქმის, მონარქიის აღდგენისა და მონარქის ძებნის სცენარი, საკმაოდ რეალურად გამოიყურება.
- სამწუხაროდ, სოციალური ფონი შესამჩნევად მძიმდება, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს - ”ასეთი იზოლირებული არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა”. გია ხუხაშვილის მტკიცებით, ”სერიოზული კრიზისის ჩამოყალიბება გარდაუვალია”. ვითარებაში, როცა რეალურად დგას ინსტიტუციური ბალანსის შენარჩუნების ამოცანა, თქვენი აზრით, აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ იმოქმედოს ეფექტურად სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად და აიცდინოს კრიზისის საშიში ტრანსფორმაციის ალბათობა, რაზეც ყურადღებას არა ერთი თქვენი კოლეგა ექსპერტი ამახვილებს?
- ჩემი კოლეგები არ მიწყენენ, თუ მათ არ დავეთანხმები. დღევანდელი ხელისუფლება იზოლირებულია პარტიებისგან, მაგრამ ოპოზიციური პარტიების მცირე რეიტნგის გამო ხელისუფლებისთვის პარტიებისგან იზოლაცია სახიფათო არაა.
ასევე ვერ ვხედავ სერიოზული კრიზისის ნიშნებს საზოგადოებაში. ხუთი წლის თავზე ”ნაციონალების” რეჟიმის წინააღმდეგ უკვე უამრავი საპროტესტო აქცია იყო ჩატარებული. მას შემდეგ ”ნაციონალები” კიდევ ხუთ წელს იყვნენ ხელისუფლებაში. 2012 წლის შემდეგ საპროტესტო აქციები არაა. ამდენად, სავარაუდოა, რომ ხელისუფლებისთვის სახიფათო დონეს საზოგადოების უკმაყოფილება კიდევ დიდ ხანს არ მიაღწევს, თუ, თუ არ გამოჩნდა ახალი ქარიზმატული ლიდერი. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი საფრთხე მოდუნებული ცხოვრებაა, რაც ნოყიერი ნიადაგია ქარიზმატულებისთვის.
ხელისუფლებისთვის სახიფათო დონეს საზოგადოების უკმაყოფილება კიდევ დიდ ხანს არ მიაღწევს, თუ არ გამოჩნდა ახალი ქარიზმატული ლიდერი. ხელისუფლების ყველაზე დიდი საფრთხე მოდუნებული ცხოვრებაა, რაც ნოყიერი ნიადაგია ქარიზმატულებისთვის

რაც შეეხება არსებული პრობლემების მოგვარებას, აქ ორი გზაა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაშიც გამოიკვეთა დღეს. ერთია ლიბერალური ხაზი და მეორეა კონსერვატული. სააკაშვილზე უარის თქმით და ივანიშვილის არჩევით ქართულმა საზოგადოებამ, რეალურად, განვითარების კონსერვატულ ხაზს დაუჭირა მხარი. ამ გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა მით უფრო, რომ ამერიკაში ტრამპის არჩევით მსოფლიოც კონსერვატიზმისკენ გადაიხარა.
ჩვენთან დღეს ამ ხაზის გამოვლენა იყო ის, რომ მიწის გაყიდვაზე ითქვა უარი. მგონია, რომ შემდგომი განვითარებაც ამ მიმართულებით მოხდება, რაც შესაბამის იდეოლოგიასაც მოამწიფებს, ეროვნულობაზე ორიენტირებულ იდეოლოგიას. ყველა მკაფიო იდეოლოგია ხელს უწყობს ხოლმე კრიზისების დაძლევას, ეს ვიცი, როგორც ფსიქოლოგმა. ხოლო კრიზისების დაძლევის ეკონომიკურ ასპექტებზე, ალბათ, ეკონომისტები უკეთესად იმსჯელებენ.
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. თქვენი დაკვირვებით, როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან, ან შემოდგომაზე შეხვდებიან ამ არჩევნებს ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები? რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” ფალავანი კახი კალაძე იქნება?
- როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რეიტინგების სასწორი „ქართული ოცნების“ მხარეს იხრება. მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს ტენდენცია არ შეიცვლება.
თბილისის მერობის კანდიდატად კალაძის დასახელება იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნება“ საკადრო შედომების გამოსწორებაზეა ორიენტირებული და თანაც, ძლიერი ფიგურების დაწინაურების არ ეშინია

რაც შეეხება კალაძის წამოყენებას, ეს საინტერესო ფაქტია, რომელიც მიუთითებს, რომ „ოცნება“ საკადრო შეცდომების გამოსწორებაზე არის ორიენტირებული და თანაც, ძლიერი ფიგურების დაწინაურების არ ეშინია. კალაძე ენერგიული ფიგურაა, რომელიც მერის თანამდებობიდან მეტ დინამიზმს შეიტანს „ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
- დამკვირვებელთა უმეტესობა თბილისის მერის არჩევნებზე საუბარისას მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების შედეგები ოთხ კითხვას გასცემს პასუხს - 1. რა რეიტინგი აქვს დედაქალაქში ”ქართულ ოცნებას”, 2. რა რეიტინგები აქვთ ”ნაცმოძრაობასა” და ”ნაციონალებს” გამოყოფილ ”ევროპელ დემოკრეტებს” 3. ამომრჩეველთა რა ნაწილი მისცემს ხმას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს და მისი შედეგი რისი ნიშანი შეიძლება იყოს და 4. თუ კალაძემ პირველივე ტურში ტრიუმფით გაიმარჯვა, იგი მომავალ საარჩევნო ციკლში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კონკურენტი იქნება თუ არა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ კითხვებზე ოქტომბრისათვის დაგეგმილი არჩევნების შედეგების პასუხები?
- რეიტიგებზე არჩევნების გარდა მსჯელობენ სოციოლოგიური გამოკვლევებით. მათი შედეგები ცნობილია და, როგორც უკვე ვთქვი, რეიტინგების სასწორი „ოცნებისკენ“ არის გადახრილი.
ძველი და ახალი „ნაციონალები“, ალბათ, 2016 წლის 18%-იან რეიტინგს შუაზე გაიყოფენ. ალეკო ელისაშვილს საკმაოდ დიდი შანსი აქვს იმ ამომრჩეველზე დაყრდნობით, რომელსაც არცერთი პარტია არ მოსწონს, მაგრამ პარტიული მანქანა მაინც გამარჯვების ძლიერი ფაქტორია.
კალაძის პოლიტიკური მომავალისთვის არჩევნებში გამარჯვება არაა საკმარისი. მან თავის მერობით უნდა გაიმარჯვოს და შემდეგ შეიძლება სხვა პერსპექტივაზე მსჯელობა.
- გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა მოახლოებულ არჩევნებზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ოპონენტებს სურდათ გაერკვიათ ივანიშვილი იქნება თუ არა პარტია ”ქართული ოცნებისა” და კალაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში. ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციებიც კი გავრცელდა. როგორც გაირკვა, ივანიშვილი ”მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია”. თქვენი ვარაუდით, ივანიშვილი ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში? და თუ არ ჩაერთო, ეს რისი ნიშანი შეიძლება იყოს?
- ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ პოლიტიკაში იგი გააქტიურდება, თუ შეატყობს, რომ ცუდად არის საქმე. თუ არ ჩაერთო საარჩევნო მარათონში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ივანიშვილი კმაყოფილია მიმდინარე პროცესებით.
- თუ მანამდე ოპოზიცია ითხოვდა მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საპარლამენტო კომისიის შექმნას, ახლა ამგვარი კომისიის შექმნას მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ. თქვენი აზრით, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? და კიდევ, დემირელის კოლეჯის პარტნიორმა სკოლებმა ხელისუფლებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შეჩერება სთხოვეს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორია ის გაკვეთილები, რომელიც საქართველომ, როგორც ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ მუხთარლისა და ემრე ჩაბუქის საქმეებთან დაკავშირებით მეზობელი აზერბაიჯანისა და თურქეთისაგან მიიღო?
- მძიმე გაკვეთილია ორივე შემთხვევა, მაგრამ მათ ვერ გავაერთიანებ. მუხთარლის და მის ოჯახს მადლობა არ წამოსცდენია იმაზე, რომ საქართველო აქამდე მათ იფარებდა. სამაგიეროდ, საყვედურები საქართველოს მიმართ არ დაიშურეს.
ჩაბუქი საქართველოს ყველა პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის ომში, მონაწილეობდა. ახლაც მისი ოჯახი ქართველობს და საქართველოს მიმართ სიყვარულის მეტს არაფერს ავლენს. ადამიანურად ამ ორი პიროვნების მიმართ შეუძლებელია, რომ ერთნაირი დამოკიდებულება გქონდეს.
მუხთარლის და მისი ოჯახის საქციელმა ცხადი გახადა, რომ პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური ოპონენტების შეკედლება სახიფათოა

მუხთარლის და მისი ოჯახის საქციელმა ცხადი გახადა, რომ პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკურად აქტიური ოპონენტების შეკედლება სახიფათოა, მათთვის ყველა ხელისუფლება მტერია საქართველოს ხელისუფლების ჩათვლით. ანალოგიური პრობლემები ხშირად გაჩნდება მომავალშიც.
ჩამოსაყალიბებელია მკაფიო საემიგრაციო პოლიტიკა, სადაც გაიწერება მექანიზმები, რომლითაც მოხერხდება როგორც მიგრანტებით წარმოქმნილი სირთულეებისგან ქვეყნის დაცვა, ასევე მათი კონსტრუქციული შრომით ქვეყნის გამდიდრება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები