არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
„თიბისი დაზღვევაში“ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის 850 კვ.მ-ია დაზღვეული
16:52 04-07-2017
„თიბისი დაზღვევაში“ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის 850 კვ.მ-ია დაზღვეული 2 ივლისს, თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2500 კვ.მ-მდე ფართობი დაიწვა. მიყენებული ზარალი, როგორც შენობის კონსტრუქციას, ასევე იქ განთავსებული მაღაზიების მარაგებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ასევე ჯერ არ არის დადგენილი იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მიადგათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენობის გარკვეული ნაწილი დაზღვეულია „თიბისი დაზღვევაში“. კონკრეტულად ტერიტორიის რა ნაწილია დაზღვეული, რას მოიცავს დაზღვევა და რა აუნაზღაურდებათ დაზარალებულებს - ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ “თიბისი დაზღვევის“ დირექტორის მოადგილეს დავით კიღურაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, ელიავას ბაზრობის რა ნაწილი იყო დაზღვეული “თიბისი დაზღვევაში“, ეს დაახლოებით, რამდენი პროცენტია დამწვარი ტერიტორიის?
- ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული შენობა დაყოფილია ოთხ პავილიონად. ჩვენ მიერ დაზღვეული ფართი მე-2 პავილიონი იყო, კერძოდ, დაახლოებით, 850 კვ.მ-ზე არსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ტერიტორია კერძო კომპანია „გუჯუჯის“ მფლობელობაშია, რომელიც შემდეგ ამ ქონებას მოიჯარეებზე გასცემს. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ მიერ დაზღვეული 850 კვ.მ ტერიტორიიდან ნახევრამდეა დამწვარი, რაც დაახლოებით, 300-400 კვ.მ-ის ფარგლებში მერყეობს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შენობაში შესვლის, დათვალიერების და სრულყოფილად შეფასების საშუალება არ გვაქვს, რადგან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი ჯერ ზარალის გამომწვევი მიზეზების დადგენას ახდენენ.

- რამდენ მაღაზიას აერთიანებს შპს „გუჯუჯის“ 850 კვ.მ. ფართის ტერიტორია?
- შპს „გუჯუჯი“ აერთიანებს დაახლოებით, 30-მდე მცირე ზომის მაღაზიას. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია მანამდე სხვაგან იყო დაზღვეული, ხოლო „თიბისი დაზღვევაში“ ის რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, ამა წლის მაისში გადმოვიდა. ჩვენთან დაზღვეულია შენობის მხოლოდ კონსტრუქცია, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება. მარაგები და მეპატრონის სხვა რაიმე საკუთრება „თიბისი დაზღვევაში“ დაზღვეული არ არის.

- როდის გაირკვევა ზარალის ზუსტი ოდენობა, დაახლოებით, რა ვადები დასჭირდება აღნიშნულ პროცესს?
- ჩვენთან აღნიშნული ქონება დაზღვეულია ჯამში, 750 000 ლარად. ხოლო ამ შენობაზე ზარალის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც გამოძიება დამთავრდება. ჩვენ შევძლებთ შენობაში შესვლას, ექსპერტების შეყვანას და დათვლას, თუ რა ტიპის და თანხობრივად რა ოდენობის სამუშაოებია ჩასატარებელი. იმედია, ამ კვირის განმავლობაში ტერიტორიაზე შესვლისა და იმ ზარალის დათვლის საშუალება მოგვეცემა, რაც შენობას მიადგა.

- ბოლომდე დაიფარება ზარალის თანხა, მაღაზიებში არსებული გასაყიდი მასალების თანხა თუ ანაზღაურდება?
- ჩვენთან დაზღვეულია მხოლოდ შენობის კონსტრუქცია და არა მარაგები, ან იქ არსებული სხვა მოწყობილობები. შესაბამისად, ავანაზღაურებთ შენობის კარკასთან დაკავშირებულ ზარალებს. ასევე შპს „გუჯუჯს“ დაზღვეული ჰქონდა ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ფარგლებში იმ შემოსავლის ანაზღაურებასაც, რაც ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის გამო დაიკარგა. ამასთან, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შენობაში არსებული მარაგები დაზღვეული ყოფილიყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს.

- როგორი სქემით ანაზღაურდება ზარალი - ეტაპობრივად თუ ერთბაშად?
- თავდაპირველად უნდა დადგინდეს ზარალის ოდენობა. ჩვენ დავითვლით, თუ რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ შენობა დაუბრუნდეს იმ პირვანდელ სახეს, როგორც მას დაზღვევამდე ჰქონდა. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ ჩაატარებს სამუშაოებს. თუ დამზღვევს ექნება სურვილი, რომ ჩვენ ჩავატაროთ, ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას დავიქირავებთ, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და ანგარიშსწორებას მასთან მოვახდენთ. თუ დამზღვევს ექნება სურვილი, რომ ეს ყველაფერი თავად გააკეთოს, მაშინ ჩვენ თანხით ავუნაზღაურებთ და შემდეგ შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციას მესაკუთრე განახორციელებს. ეს ყველაფერი შეთანხმებით ხდება.

- თქვენი ვარაუდით, ზარალის რამდენი პროცენტის ანაზღაურებას შეძლებს „თიბისი დაზღვევა“?
- პირველ რიგში, არ ვიცით და ჯერჯერობით შეფასებული არ გვაქვს, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა. ზოგადად, ანაზღაურებას ექვემდებარება თანხა სრულად, გარდა იმ ფრანშიზისა, რომელიც ამ კონკრეტულ ობიექტზე იყო განსაზღვრული. შესაბამისად, შენობასთან მიმართებაში ზარალის სრულად ანაზღაურება მოხდება, ანუ რა თანხაც დასჭირდება კონსტრუქციული ელემენტების აღდგენას, თუმცა არსებობს გარკვეული ლიმიტიც, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული და რომელიც ამ შემთხვევაში 750 000 ლარს შეადგენს. რა თანხა იქნება საჭირო ამ შენობის აღსადგენად, ჯერჯერობით ბუნდოვანია, იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე არ გაქვს საშუალება, შევიყვანოთ ჩვენი ექსპერტები და შევაფასოთ, რა მდგომარეობაშია შენობა. ამ ყველაფერს, ალბათ, მომდევნო ერთი-ორი კვირის მანძილზე დავადგენთ.

- რას მოიცავს ზოგადად ქონების დაზღვევევის პაკეტი, შეეძლოთ თუ არა მეწარმეებს ზარალის 0-მდე დაყვანა და ზოგადად, რა შეთავაზებები აქვს „თიბისი დაზღვევას“ წვრილი მეწარმეებისათვის?
- „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს, როგორც შენობების, ასევე რემონტისა და მარაგების დაზღვევასაც. „თიბისი დაზღვევაში“ ქონების დაზღვევისას ბიზნესს შეუძლია შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. როგორც უკვე აღვნიშნე, მარაგების დაზღვევა ამ კონკრეტულ ობიექტზე არ განხორციელებულა. ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე მაღაზიებს ვუზღვევთ შიგთავსს, ეს შეიძლება იყოს, როგორც კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. ასევე ის მარაგები, რომელიც ამ კონკრეტულ ტერიტორიაზეა განთავსებული. უკვე გვქონია პრეცედენტები, როდესაც საკმაოდ დიდი ზარალიც აგვინაზღაურებია. ასევე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას სტიქიური მოვლენების შედეგად, ან სხვა მიზეზით ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.

ნათია რუხაძე
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები