არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ერევანს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხები მოსკოვთან შეთანხმებული რომ არ ჰქონდეს, ევროპის მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამდა
16:51 06-07-2017
ერევანს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხები მოსკოვთან შეთანხმებული რომ არ ჰქონდეს, ევროპის მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამდა 5-6 ივლისს, სასტუმრო ”კოპალაში” საქართველოსა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა დიალოგი თემაზე - ”კონკურენტი ინტეგრაციული პროცესები სამხრეთ კავკასიაში - გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები”. დიალოგის თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” ეკონომისტს, ერევნის ყოფილ მერს 1992-1995 წლებში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იურიდიულ კვლევათა ცენტრის თანადამფუძნებელსა და ვიცე-პრეზიდენტს, ვაგან ხაჩატრიანს ესაუბრა.

- ვიდრე სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთის კონკურეტული ინტეგრაციული პროცესების პირობებში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა სომხეთის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ თქვენეული შეფასება...
- ამ დღეებში სომხეთის პარლამენტი სომხეთის 2016 წლის ეკონომიკურ შედეგებს, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობასა და ცენტრალური ბანკის ანგარიშს განიხილავს. ვიდრე ამ თემებზე ჩვენი პარლამენტარები იმსჯელებენ, მე შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელი სომხეთის ეკონომიკისთვის აშკარა ჩავარდნის წელი იყო. თუნდაც იმიტომ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 0,2% შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ეკონომიკური ზრდა სომხეთს 2016 წელს არ ჰქონია.
2016 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 0, 2% შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ეკონომიკური ზრდა სომხეთს 2016 წელს არ ჰქონია

1995 წლის შემდეგ სომხეთს ეკონომიკური ზრდის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წელს ჰქონდა, როცა მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში იყო და ბუნებრივია, სომხეთი გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
გასული წლის სექტემბრში ჩვენთან შეიცვალა მთავრობა. სომხეთის ახალი პრემიერი გახდა პიროვნება, ვინც ადრე ”გაზპრომ-სომხეთს” ხელმძღვანელობდა, შემდეგ ქალაქ ერევნის მერი იყო, შემდეგ მოსკოვში, ”გაზპრომში” მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ კი პრემიერად იქნა არჩეული. პრემიერი სომხეთის მთავრობაში ახალი სახე კი იყო, მასზე ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეძლებდა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, მაგრამ, სამწუხაროდ, სომხეთის ეკონომიკაში არაფერი შეცვლილა. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან თუ სომხეთის ეკონომიკას რეალურ დიაგნოზს დაუსვამთ, მიხვდებით, რომ ეკონომიკა პრემიერის შეცვლაზე და პიროვნებებზე არ არის დამოკიდებული.
სომხეთის პრემიერი გახდა პიროვნება, ვინც ადრე ”გაზპრომ-სომხეთს” ხელმძღვანელობდა, შემდეგ ერევნის მერი იყო, შემდეგ მოსკოვში, ”გაზპრომში” მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა

პრობლემა იმ ეკონომიკურ სისტემაშია, რომელიც დღევანდელ სომხეთშია და რომელშიც სომხეთის მოქალაქეები და ეკონომიკაც არსებობენ. ამ ტიპის ეკონომიკურ სისტემას ბანდოკრატია ჰქვია. სომხეთის მთელი ეკონომიკა იმ ერთი მუჭა ხალხის გამდიდრებაზე და მათი ინტერესების მომსახურებაზე მუშაობს, ვინც რეალურად მართავს როგორც ეკონომიკას, ისე ქვეყანას. თუ ამ სისტემას კარგად დავაკვირდებით, იგი ძალიან ეფექტურია, ვინაიდან ეს სისტემა მხოლოდ იმათზე მუშაობს, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ბიზნეს-სექტორებს სრულად აკონტროლებს. ამგვარ ეკონომიკურ სისტემაში ხელისუფლება მდიდრდება, თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით შევაფასებთ ვითარებას, ვნახავთ, რომ სახელმწიფო სუსტდება.
ეს ეკონომიკური სისტემა, მართალია, ე.წ. არჩევნების საშუალებით არსებობს, მაგრამ, სახელმწიფოს სასარგებლოდ კი არა, არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ჯგუფის სასარგებლოდ. ეს სისტემა ქვეყანაში აგერ უკვე 20 წელია არსებობს. ასეთ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ხალხი გარბის ქვეყნიდან. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქვეყანას საშუალოდ 45 ათასი ადამიანი ტოვებს. ძირითადად, რუსეთში მიდიან, მაგრამ მიდიან ასევე ევროპის რიგ ქვეყნებსა და ამერიკაში.
2016 წლის ეკონომიკური შედეგების ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში მოსახლეობის 29% სიღარიბეში ცხოვრობს. რამდენადაც მახსოვს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 12%-ია. ოფიციალურად, სომხეთში უმუშევრობა 18,3%-ს შეადგენს. შარშან სომხეთის მთავრობამ სახელმწიფო ვალის 900 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა მოახერხა. ახლა სახელმწიფო ვალი თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარია. ეს კი საკმაოდ კრიტიკული ზღვარია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც სომხეთია, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 10 მილიარდი აშშ დოლარია. ანუ, საგარეო ვალი მშპ-ს თითქმის 60%-ია.
მიუხედავად ამისა, სომხეთი იძულებულია საგარეო ვალის დასაფარად ყოველწლიურად 240-250 მილიონი აშშ დოლარი იხადოს. ეს ბიუჯეტის სარჯვითი ნაწილის მესამე მუხლშია გაწერილი. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უდიდესი ნაწილი ჯარის შენახვაზე, სოციალური პროგრამის ხარჯებისა და ბიუჯეტის ხარჯების დაკმაყოფილებას ხმარდება.
შარშან სომხეთის მთავრობამ სახელმწიფო ვალის 900 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა მოახერხა. ახლა სახელმწიფო ვალი თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარია. ეს კი საკმაოდ კრიტიკული ზღვარია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 10 მილიარდი აშშ დოლარია. ანუ, საგარეო ვალი მშპ-ს თითქმის 60%-ია

ასეთ ვითარებაში სიტუაციის შეცვლის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში, მიმდინარე წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყანაში არსებულმა სახელისუფლებო სისტემამ შეძლო თავისი თავის არჩევა და ხელისუფლებაში არა მარტო დარჩენა, არამედ პოზიციების გაძლიერებაც. ეკონომიკური სისტემა, რომელზეც საუბრის დასაწყისში ვახსენე შენარჩუნებულია, შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ სომხეთში ეკონომიკური ვითარება არ იცვლება.
ასეა იმიტომ, რომ სომხეთში არსებული ეკონომიკური სისტემა მოწოდებულია მოემსახუროს იმათ ინტერესებს, ვინც ხელისუფლებაშია. სომხეთში დღეისათვის არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია და სამწუხაროა, რომ ისევე როგორც სხვაგან, ჩვენთანაც წარმატებით მუშაობს.
- ორ წელზე მეტია, რაც სომხეთი ევრაზიული კავშირისა და ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრია. შესაბამისად, ალბათ უკვე შესაძლებელია ამ კავშირში ქვეყნის გაწევრიანების პლუსებსა და მინუსებზე საუბარი...
- უნდა ითქვას, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთის გაწევრიანება პოლიტიკური და არა ეკონომიკური გადაწყვეტილება იყო. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომელიც რომელიმე კავშირში შედიოდეს და მას საზღვარი არ ჰქონდეს ამ კავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანასთან მაინც. ასეთ ვითარებაში რა სარგებელი შეიძლებოდა მიეღო სომხეთს? ეს არც არავის დაუთვლია - არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ ჰქონია, არამედ იმიტომ, რომ თავიდანვე შეუძლებელი იყო სომხეთს დიდი სარგებელი მიეღო ევრაზიულ კავშირსა და ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შედეგად.
მიუხედავად ამისა, სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია, სარგებლობს იმ პრივილეგიებით, რასაც ეს კავშირი იძლევა. მაგალითად, გაზსა და დიზელის საწვავზე დაბალი ფასები, მოქალაქეების, კაპიტალისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. სომხეთის მოქალაქეებს ეს საკმაოდ ეხმარება. თუ მანამდე მათ, ვინც რუსეთში მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება დიდ პრობლემებს უქმნიდა, ახლა ამ თვალსაზრისით ამ ტიპის პრობლემები აშკარად შემცირებულია.
დემოგრაფიული პრობლემების გამო სომხეთიდან რუსეთში სომხეთის მოქალაქეების უპრობლემოდ გადაბარგება ქვეყნისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პლუსად ვერ ჩაითვლება

მე როგორც ლიბერალს, მესმის, რომ ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს სად იცხოვროს და იმუშაოს, მაგრამ, იმის გამო, რომ ქვეყნის მოსახლეობა საგრძნობლად მცირდება, ახლა სომხეთისათვის ყველაზე დიდი და ნომერ პირველი პრობლემა დემოგრაფიული პრობლემაა. ოფიციალური სტატისტიკით სომხეთში 2 მილიონ 900 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზედაპირული ანალიზითაც კარგად ჩანს, რომ რეალურად სომხეთში დღეს ამდენი ადამიანი არ ცხოვრობს. დემოგრაფების მტკიცებით, მომავალი წლიდან სომხეთში იმაზე ნაკლები დაიბადება, ვიდრე გარდაიცვლება. ამიტომ, სომხეთიდან რუსეთში სომხეთის მოქალაქეების უპრობლემოდ გადაბარგება ქვეყნისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პლუსად ვერ ჩაითვლება.
იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი ორი წელი თავად რუსეთისთვს კრიზისული იყო მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, ობიექტურად შეფასება იმისა, თუ რა შეიძლება მიეღო სომხეთს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისგან და ვერ მიიღო, ვფიქრობ, შეუძლებელია და ამ თვალსაზრისით შეფასებები სუბიექტური იქნება. ალბათ, კიდევ 6 თვე ანუ წლის ბოლომდეა საჭირო მოცდა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ თემაზე კონკრეტული და ობიექტური შეფასების გაკეთება. ანუ, ეკონომიკური თვალსაზრისით თუ რამდენად კარგი თუ ცუდი გადაწყვეტილება იყო სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება.
სხვათა შორის, ამ თემაზე ჩვენ აქამდე არ გვინახავს არანაირი ეკონომიკური გათვლები. მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ თუ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდებოდა, მაქსიმუმ 5 წელიწადში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1%-ით გაიზრდებოდა.
გადაწყვეტილება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ იყო გამართლებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის გამო, თუ რა ვითარებაა ჩვენს რეგიონში და ყარაბაღის პრობლემის გამო რა ურთიერთობებშია სომხეთი აზერბაიჯანთან

როცა სომხეთს უნდოდა საქართველოსთან ერთად იმ გზაზე დადგომა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირთან დააკავშირებდა, არსებობდა გათვლები, რომ სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით გაიზრდებოდა. ამაზე ღიად იყო საუბარი, მაგრამ, ამ გეგმის მიხედვით სომხეთს უნდა აეშენებინა ახალი ატომური ელექტროსადგური, გაემართა ჩრდილოეთ-სამხრეთის საავტომობილო კორიდორი, გაეუმჯობესებინა მდგომარეობა მართლმსაჯულების სფეროში და ასე შემდეგ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძნელია იმსჯელო რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ცხადია, გადაწყვეტილება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ იყო გამართლებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. მხედველობაში მაქვს ის ვითარება თუ რა საფრთხეები არსებობს ჩვენს რეგიონში და ყარაბაღის პრობლემის გამო რა ურთიერთობებშია სომხეთი აზერბაიჯანთან.
- სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ორი, ევროპული და ევრაზიული ინტეგრაციული პროცესების განვითარების პირობებში რა ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა სომხეთი ერთი მხრივ საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
- საბედნიეროდ, ჯერ ასეთი პრობლემები არ გვაქვს. ჯერ ცოტა დროა გასული. გარდა ამისა, სომხეთმა შეძლო მიეღწია შეთანხმებისთვის, რომლის თანახმადაც ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს ექნება პრივილეგიები 7 ათასი სახის საქონლისათვის, რომელსაც არ შეეხება საბაჟო გადასახადები. სომხეთს პრობლემები მაშინ შეექმნება, როცა საბაჟო გადასახადის ოდენობა გაიზრდება. ევრაზიულმა საბაჟო კავშირმა თავისი თავი შეზღუდა სწორედ საბაჟო გადასახადებით. იმ საქონელზე, რომლის იმპორტი სომხეთში ხორციელდება, ჩვენ იძულებული ვართ გამოვიყენოთ გაზრდილი საბაჟო გადასახადები, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოქალაქეებს. ჯერ ეს არ ხდება და იმედი გვაქვს ოთხი წელი არ მოხდება.
საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სომხეთს ეკონომიური ურთიერთობების თვალსაზრისით დამატებითი პრობლემები არ შეექმნას

რაც შეეხება საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. უნდა ითქვას, საბედნიეროდ, სომხეთსა და საქართველოს შორის მოქმედებს ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ახალ პირობებში ჯერ სომხეთს დამატებითი პრობლემები არ შექმნია. რამდენადაც ვიცი, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სომხეთს ეკონომიური ურთიერთობების თვალსაზრისით დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.
თუ საზღვარზე რამე ტიპის პრობლემები წარმოიქმნება, ისინი წყდება. მაგალითად, სომეხ კერძო ფერმერებს შეუძლიათ საკუთარი მანქანებით გაიტანონ თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები რუსეთში და რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას ივაჭრონ. საქართველოს შეეძლო ამ პროდუქციის გატარებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან საქართველოს ასეთი შესაძლებლობა თავად არ აქვს. მაგრამ, მოიძებნა გამოსავალი - როცა ამ ტიპის პროდუქცია კვეთს საქართველოს საზღვარს, ეს პროდუქცია იფუთება, შტამპი ერტყმება და ასე აღწევს რუსეთის საბაჟო გამშვებ პუნქტებს, სადაც მათ პრობლემები აღარ ექმნებათ.
ევრაზიული საბაჟო კავშირის და ევრაზიული კავშირის ლოგიკა იმგვარია, რომ ადრე თუ გვიან, ევრაზიული ქვეყნების გარდა, სომხეთს ექნება ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემები

იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და სომხეთის პასუხისმგებლობის მქონე პირები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სომხურ ბიზნესსა და კერძო ფერმერებს თავისი პროდუქციის რეალიზაციისათვის დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. მაგრამ, ევრაზიული საბაჟო კავშირის და ევრაზიული კავშირის ლოგიკა იმგვარია, რომ ადრე თუ გვიან, ევრაზიული ქვეყნების გარდა, სომხეთს ექნება ეკონომიკური ურთიერთობებში პრობლემები.
- ფაქტია, რომ რაც უფრო მეტად იქნება საქართველო ინტეგრირებული ევროკავშირის ინტეგრაციულ პროექტში, მით მეტი პრობლემები შეექმნება სომხეთს. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში კონკურენციაში მყოფი ევროპული და ევრაზიული ინტეგრაციული პროექტები კონფლიქტში არ აღმოჩდნენ?
- ამაში სომხეთს ახლა ევროკავშირი ეხმარება. ევროკავშირსა და ერევანს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც მაისში დასრულდა. უკვე მზადაა ხელმოსაწერად შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის, რომელზეც ხელმოწერა ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. ჯერ არ ხმაურდება თუ რაზეა კონკრეტულად საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ მასზე თანხმობა ყველა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვას.
ეს არ გახლავთ ევროკავშირში სომხეთის ასოცირებული წევრობის დოკუმენტი, მაგრამ შინაარსობრივად და იმით, რის შესაძლებლობა ექნება სომხეთს გარე სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც ასოცირებული წევრობა. რამდენადაც ვიცი, იგი მოიცავს რამდენიმე პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას, რომელიც სომხეთმა უნდა შეასრულოს. ისინი დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხება, მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა კი სომხეთმა თავის თავზე აიღო.
ევროკავშირი ავლენს დაინტერესებას, რომ სომხეთს საქართველოსთან და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის დამატებითი პრობლემები არ ჰქონდეს

თავის მხრივ, ევროკავშირმა თავის თავზე აიღო სომხეთისთვის GEES+-ის უზრუნველყოფა, ანუ, ნულოვანი საბაჟო გადასახადის რეჟიმის შექმნა, რაც სომხეთს თავისი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე უპრობლემოდ გატანას გულისხმობს. იმის თქმა მინდა, რომ ევროკავშირი სომხეთს დამატებით პრობლემებს არ უქმნის, პირიქით, ავლენენ დაინტერესებას, რომ სომხეთს საქართველოსთან და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის დამატებითი პრობლემები არ ჰქონდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირის მიმართ სომხეთის დამოკიდებულებას ევრაზიული კავშირის ქვეყნებიც გაგებით მოეკიდებიან.
- იმის გამო, რომ უკრაინას სურდა ევროკავშირთან დაახლოება, უკრაინის დედაქალაქში მოხდა ”მაიდანი”, ხელისუფლების ცვლილება. რაზეც მოსკოვის რეაქცია ასეთი იყო - მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასში დაიწყო საომარი მოქმედებები, რომელიც დღემდე გრძელდება. თქვენი დაკვირვებით, რა რეაქცია აქვს კრემლს სომხეთის ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობაზე?
- კრემლმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო - სომხეთმა ერთ დღეში თქვა უარი ევროპულ ინტეგრაციაზე ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ. თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმურია.
არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ ნოემბერში სომხეთი კიდევ ერთხელ არ იტყვის უარს იმ შეთანხმებებზე, რაც ბრიუსელსა და ერევანს შორის უკვე მიღწეულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები ევრაზიული კავშირიდან გაითვალისწინებენ იმ ვითარებას, რომელშიც სომხეთია.
ვინაიდან ევრაზიული კავშირი სომხეთს ვერ აძლევს იმას, რასაც ახლა ევროკავშირი დამატებით სთავაზობს, სომხეთმა უნდა ისარგებლოს როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული კავშირის შესაძლებლობებით

ვინაიდან ევრაზიული კავშირი სომხეთს ვერ აძლევს იმას, რასაც ახლა ევროკავშირი დამატებით სთავაზობს, სომხეთმა უნდა ისარგებლოს როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული კავშირის შესაძლებლობებით. არა მგონია, ჩვენმა პარტნიორებმა ევრაზიული კავშირიდან სომხეთისაგან ულტიმატიურად მოითხოვონ საკითხების გადაწყვეტა.
- ამ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პატრიარქმა კირილემ სომხეთზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი რომ არ ყოფილიყო, სომხეთი არ იარსებებდა. რუსეთმა დაიცვა არამართლმადიდებელი სომეხი ერი ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებისაგან, ყველაფერი გააკეთა სომხების გადასარჩენად, ახლა კი სომხეთი იმ ევროპისკენ იყურება, რომლებმაც ისინი მაშინ მიატოვა, როცა სომეხ ხალხს გადარჩენა და მფარველობა სჭირდებოდა.
თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება რუსეთის პატრიარქ კირილეს ეს განცხადებები ევროკავშირსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონსულტაციებს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ?

- შესაძლოა. იმდენად გულუბრყვილო ადამიანი არ ვარ, დავიჯერო ის, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობები მოსკოვში ყველას მოსწონს. მეტიც, დარწმუნებული ვარ რუსეთში საკმაოდ ბევრი არიან ისინი, ვინც სიამოვნებით იხმარდა ყველა ღონეს საიმისოდ, რომ ხელი შეეშალა ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის ხელისუფლებას მის მიერ ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მოსკოვთან და ევრაზიული კავშირის ფარგლებში ჩვენს სხვა პარტნიორებთან შეთანხმებული აქვს. სომხეთის ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხები მოსკოვთან შეთანხმებული რომ არ ჰქონდეს, ევროპის მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამდა.
ახლა ბრიუსელი სომხეთს თითქმის იმას სთავაზობს, რაც საქართველოსა და მოლდოვას უკვე მისცა

ფაქტია, რომ ევროკავშირი სომხეთს საკმაოდ ბევრ პრივილეგიას სთავაზობს. მეტსაც გეტყვით, მე გაკვირვებულიც ვარ იმით, რომ ევროკავშირმა სომხეთის მიმართულებით იმ ტიპის შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, რასაც ახლა გვთავაზობს. გვულისხმობ სომხური პროდუქციის ევროკავშირის სივრცეში პრობლემების გარეშე მოხვედრას. ეს თითქმის ისეთივე რამაა, რაც ბრიუსელმა საქართველოსა და მოლდოვას მისცა. შესაძლოა, ევროკავშირი სომხეთს ახლა გარკვეული პროექტების განსახორციელებლად თანხებს არ აძლევს, მაგრამ აძლევს სომხეთს დამატებით შესაძლებლობებს გამოიყენოს ევროავშირის ეკონომიკური სივრცის შესაძლებლობები. ამაზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლება. მით უმეტეს გაუგებარი იქნებოდა სომხეთისათვის ამის ხელისშეშლა.
- გაუგებარი იქნებოდა ნამდვილად. მაგრამ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ბუნებიდან გამომდინარე სულაც არაა გამორიცხული, რომ სწორედ ახლა ჩაერიოს უფრო აქტიურად სომხეთის საშინაო საქმეებში. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პატრიარქი კირილე პოლიტიკური განცხადებების კეთებისას კრემლის დამოკიდებულებას ახმოვანებს...
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ვითარება, მათ შორის ეკონომიკური იქნება ნოემბისათვის სომხეთში, როდესაც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ურთიერთობები ევროკავშირსა და სომხეთს შორის.
რეალურად, სომხეთში ახლა ასეთი ვითარებაა - ხალხს მოთმინება დაკარგული აქვს ან მოთმინების ფიალა ეწურება. ხალხისთვის იოლი არაა საკუთარი ქვეყნისა და სახლის, მეგობრებისა და ნათესავების დატოვება იმისათვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ახლა სომხეთს აქვს. ეს პრობლემა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე გარედან სხვადასხვა ფორმით ზეწოლა.
ახლა, როცა სომხეთისთვის უმნიშვნელოვანესი რამ წყდება, ექნება თუ არა ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ხელისუფლებას ხალხისაგან უნდა ჰქონდეს ნდობა, არა ისეთი ილუზორული, რაც მან საპარლამენტო არჩევნების დროს მიიღო, არამედ რეალური.
ხელისუფლებისადმი უნდობლობა განსაზღვრავს ქვეყნიდან ხალხის წასვლას, სომხეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ნაკლებობას და იმას, რასაც ხელისუფლების არაეფექტურობა ჰქვია. ამიტომაცაა, რომ მოსახლეობას დაკარგული აქვს იმედი თავისი მომავალი სომხეთს დაუკავშიროს.
ახლა, როცა სომხეთისთვის უმნიშვნელოვანესი რამ წყდება, ექნება თუ არა ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ხელისუფლებას ხალხისაგან უნდა ჰქონდეს ნდობა, არა ისეთი ილუზორული, რაც მან საპარლამენტო არჩევნების დროს მიიღო, არამედ რეალური

ხელისუფლებას არ ესმის, რომ ხალხს დაკარგული აქვს იმედი, ლოდინით დაიღალა და აღარ იცის რა აკეთოს და აღარ უნდა სულ მოლოდინის რეჟიმში იყოს. ახლა, როცა გაცილებით იოლია სომხეთიდან სხვა ქვეყანაში წასვლა, თან საკმაოდ იაფად, 20 დოლარად შეიძლება ავტობუსში ჩაჯდომა და 10 საათში როსტოვში, კრასნოდარსა და სტავროპოლში აღმოჩენა. რუსეთში მილიონნახევარი სომეხი ცხოვრობს.
- ვიცი, რომ თქვენ საკმაოდ რთულ, 1992-1995 წლებში ერევნის მერი იყავით. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი თბილისური შთაბეჭდილებები...
- ყველა ქალაქში, სადაც კი ჩავდივარ, სწორედ რომ როგორც ყოფილი ჩინოვნიკი ვაკვირდები ყველაფერს. ვხედავ, რომ თბილისი უკეთესობისკენ იცვლება, რაც მახარებს. მე თბილისში ხშირად ჩამოვდიოდი. ვმეგობრობდი თბილისის მერებთან. ნანახი მაქვს დანგრეული რუსთაველის პროსპექტი. უშუქო თბილისიც ნანახი მაქვს. ახლა კი მახარებს ახალი მშენებლობები და მომღიმარი თბილისელების სახეები.
ძალიან მინდა, რომ თბილისში ქალაქელების ყოფნას ვგრძნობდე და ვხედავდე. 80-ან წლებში არათბილისელებისა და არაერევნელების თბილისსა და ერევენში ყოფნა კი იგრძნობოდა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ახლა. ამ თვალსაზრისით, ერევანს თბილისზე ბევრი მეტი აქვს დაკარგული. ერევანში ახლა არაერევნელი გაცილებით მეტია, ვიდრე ერევნელი. ანუ, ადამიანები, ვინც თავს ქალაქელად და თავისი ქალაქის ბატონ-პატრონად თვლის.
ჩემი დაკვირვებით, ახლა თბილისში ერევანზე მეტი ქალაქელი დადის. მე როგორც ძველი ერევნელი თბილისელს სიარულზე ვცნობ. უკნიდანაც რომ ვაკვირდებოდე, მაინც ვცნობ.
- მესმის, რასაც ბრძანებთ, მაგრამ, ამ თვალსაზრისით, ახლა თბილისშიც დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, როგორც ერევანში...
- შესაძლოა, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს ერევანში უფრო იგრძნობა, ვიდრე თბილისში. მთავარია, როცა მე თბილისში ვხვდები ხოლმე, მაქვს სურვილი რაღაც ახალი ვნახო. ბევრი რამ, რაც გაკეთებულია თბილისში უკანასკნელ წლებში, გულწფელად მახარებს. შარშან ფეხით მარტოკამ შემოვიარე რეკონსტრუირებული უბნები და ძალიან გამახარა იმან, რაც ვნახე. ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი იმიტომ, რომ მე ასეთი თბილისი მომწონდა ყოველთვის და ახლა მით უფრო.
მაგრამ, არ შემიძლია რომ არ გითხრათ. ვერაფრით ვერ მივეჩვიე ქალაქის ცენტრში შუშის მაღალსართულიან შენობას. მე კი არ ვამბობ, რომ ის ცუდი შენობაა, ან ჩემთვის სიახლეები მიუღებელია, არა, უბრალოდ, ვერ ვიგებ, რატომ შეიძლებოდა ვინმეს თავში მოსვლოდა ასეთი შენობის აშენება. შესაძლოა, მე დავბერდი და არ მესმის, ვერ გეტყვით. არაუშავს, მე იმდენად მიყვარს თბილისი, რომ ალბათ დროთა განმავლობაში ამ შენობას მეც მივეჩვევი და შემდეგ ჩამოსვლებზე სწორედ მას შევავლებს თვალს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები