არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ტრამპსა და პუტინს ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობები კი ექნებათ, მაგრამ ეს არ იმოქმედებს აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე
18:32 08-07-2017
 ტრამპსა და პუტინს ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობები კი ექნებათ, მაგრამ ეს არ იმოქმედებს აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს აღმოსავლეთმცოდნეს, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, ჰამბურგში GE-20-ის ფარგლებში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. მის შედეგებზე მხარეები უკვე გამოთქვამენ შეფასებებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპსა და პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს?
- ამ შეხვედრაზე მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა. საუბრები იმაზე, რომ ჰამბურგში ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ისტორიული გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. სამწუხაროდ, იმ ექსპერტთა პროგნოზები გამართლდა, ვინც ამბობდა, რომ ამ შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობებში ანდა აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლებოდა.
საუბრები იმაზე, რომ ჰამბურგში ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ისტორიული გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული

თუნდაც ის ფაქტი, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა GE-20-ის ფარგლებში შედგა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე მასშტაბური სკანდალი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მოლოდინიც იყო. ასეა თუ ისე, იგი შედგა და ორივე მხარე იმავე პოზიციებზე დარჩა, რა პოზიციები მათ შეხვედრის დაწყებამდე ჰქონდათ. ანუ, შეხვედრის შედეგად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
სხვათა შორის, მის შედეგებზე მხარეები განსხვავებულ ინტერპრეტაციებს აკეთებენ. ამ თემაზე მოსკოვში საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ისმის და ეს მაშინ, როცა ვაშინგტონში ბევრად ერთმნიშვნელოვნად თავშეკავებული შეფასებები კეთდება.
ამ შეხვედრაზე რუსეთისათვის ყველაზე აქტუალური ეკონომიკური სანქციების თემა იყო. ასევე რუსი ხაკერების, უკრაინის, სირიისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები. სანქციებთან დაკავშირებით ვაშინგტონს პოზიცია არც შეუცვლია და არც შეურბილებია. ასე რომ, შედეგების თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ ისეთს ვერაფერს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყოს მტკიცება, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა რუსეთისათვის შედეგის მომტანი იყო.
ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე მოსკოვში საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ისმის და ეს მაშინ, როცა ვაშინგტონში ერთმნიშვნელოვნად ბევრად თავშეკავებული შეფასებები კეთდება

მიუხედავად ამისა, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებებია მომხდარი ახლო აღმოსავლეთის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებში. პირველ რიგში ვგულისხმობ სირიაში არსებულ ვითარებას.
- იმას ხომ არ გულისხმობთ, რომ სირია-იორდანიის საზღვარზე, სადაც ამერიკელები დგანან, რუსული სამხედრო პოლიცია ჩადგება...
- არა, მხედველობაში მაქვს ის, რომ სირიის საკითხებში ერთი მხრივ მხარეებს შორის იქნება კონტაქტები და გარკვეული ძალისხმევა ოთხ ზონად დაყოფილ სირიაში ვითარების დეესკალაციისათვის, მაგრამ დღეისათვის სირიაში ისეთი სიტუაციაა, რომ არაბიპოლარული მსოფლიოს პირობებში მათი განხორციელება პრობლემატური იქნება.
მსოფლიოში ბიპოლარული სისტემების არსებობაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ ახლა აღარაა ის დრო, როცა ვაშინგტონსა და მოსკოვს შეეძლოთ რაღაცაზე შეთანხმება და ყველაფერი სწორედ ისე იქნება. ახლო აღმოსავლეთში არის ირანი, თურქეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, იქაა ”ისლამური სახელმწიფო”, რომელიც ჯერჯერობიოთ გარკვეული ძალის ცენტრს წარმოადგენს. თუ ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ ორ პრეზიდენტს ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია, ამგვარი პოზიცია უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. კარგია ის, რომ ისინი თუნდაც ამ თემებზე ცდილობენ კონსენსუსის მიღწევას.
მსოფლიოში ბიპოლარული სისტემების არსებობაზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ ახლა აღარაა ის დრო, როცა ვაშინგტონსა და მოსკოვს შეეძლოთ რაღაცაზე შეთანხმება და ყველაფერი სწორედ ისე იქნება

თუმცა, ტრამპმა კვლავაც გაიმეორა, რომ ადრე თუ გვიან ბაშარ ასადს მოუწევს წასვლა. კრემლი ბაშარ ასადის მხარესაა, ვაშინგტონი მის წინააღმდე, კრემლი მის ალტერნატივას ვერ ხედავს, ეს სირიის საკითხში მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციების საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება, მხარეების სურვილს ერთობლივად ებრძოლონ საერთაშორისო ტერორიზმს ახლო აღმოსავლეთში, ამის შესახებ განცხადებებს ჩვენ ტელევიზიით თითქმის ყოველდღე ვისმენთ.
- მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ტრამპმა და პუტინმა მოილაპარაკეს ერთობლივად მოხდინონ ზეწოლა უკრაინაზე... ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ჯერ ერთი, ეს თქვა ლავროვმა. არა მგონია, ვაშინგტონი მოსკოვთან ერთად გეგმავდეს უკრაინაზე ზეწოლას, თან ერთობლივად. თუ ამერიკულ-რუსულ ერთობლივ ზეწოლაზეა საუბარი, საკითხავია, ეს ზეწოლა რომელი მიმართულებით უნდა განხორციელდეს? თუ დონბასზეა საუბარი, მაშინ, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა იყოს, რომ დონბასში დასრულდეს ის, რაც ახლა ხდება.
საერთოდ, უკრაინისა და დონბასის საკითხები კომპლექსურ პრობლემებს უკავშირდება. უკრაინის საკითხების მოგვარებაში ამერიკაზე მეტად ევროპაა ჩართული. ამერიკისთვის უკრაინა არ გახლავთ ყველაზე მტკივნეული თემა.
- სხვათა შორის, GE-20-ის მეორე დღე გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამხრივი შეხვედრით დაიწყო. თუ ადრე აშშ ავლენდა სურვილს ნორმანდიულ ოთხეულში მიეღო მონაწილეობა, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ უკრაინის გარეშე ნორმანდიული შემადგენლობის სამმხრივი შეხვედრის გამართვა. ხომ არ შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ვაშინგტონი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და აშშ-მ უკრაინის საკითხის მოგვარება ევროპას გადაულოცა?
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ტრამპს უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობა არც არასოდეს აუღია. აშშ-სთვის უკრაინის საკითხი პრიორიტეტული არ გახლავთ. უკრაინა თავის დონბასიანად ევროპის ნაწილია. ტრამპი თვლის, რომ უკრაინის საკითხში უპრიანი იქნებოდა რუსეთთან ერთად ევროპის ქვეყნები იყვნენ ჩართული და არა ამერიკა.
აშშ-ში ტრამპზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და იგი ცდილობს აიცილოს ზეწოლა, რომ თავი აშშ-ს სრულფასოვან პრეზიდენტად იგრძნოს. ტრამპს კიდეც რომ არ უნდოდეს უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება, ამას ვერ გააკეთებს

თუ იქიდან ამოვალთ, რომ ევროპამ უნდა შექმნას თავისი შეიარაღებული ძალები, ეს ფაქტობრივად გახლავთ დადასტურება, რომ ამერიკა ზესახელმწიფოა, მაგრამ არ აპირებს ევროპაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღებას. სხვათა შორის, ტრამპის ეს პოზიცია მართლაც იმსახურებს პატივისცემას.
ევროპისადმი მისი დამოკიდებულება აბსოლუტურად ჯდება იმ კონცეფციაში, რომელიც მას, როგორც აშშ-ს პრეზიდენტს აქვს. ასე რომ, ამას არ ჰქვია ”უკრაინაზე ერთობლივი ზეწოლა”, მე ასე ვიტყოდი - აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობს გააგრძელოს უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში აშშ-ს მონაწილეობაზე ნებაყოფილობით უარის თქმის პოლიტიკა.
- ამას წინათ, აშშ-ს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება აღმოუჩინოს დახმარება უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში. საუბარია იმაზე, რომ აშშ უკრაინას სამხედრო ტექნიკასაც მიაწვდის...
- მერე რა? ეს გარკვეულწილად სიმბოლური მოქმედებებია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი ბევრადაა დამოკიდებული აშშ-ს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე და სადღეისოდ არსებულ ვითარებაზე.
აშშ-ში ტრამპზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და იგი ცდილობს აიცილოს ზეწოლა რომ თავი აშშ-ს სრულფასოვან პრეზიდენტად იგრძნოს. ტრამპს კიდეც რომ არ უნდოდეს უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება, ამას ვერ გააკეთებს.
- მიიჩნევა, რომ GE-20-ის დაწყებამდე ტრამპმა ევროპას ”რევოლუციური შეთავაზება” გაუკეთა. მხედველობაში გვაქვს რუსული გაზის სანაცვლოდ ამერიკული გაზის მიწოდების შესახებ გაკეთებული განცხადება. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
- ეს მართლაც ძალიან კარგი კითხვაა. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ პიკანტურ სიტუაციასთან. ეს ერთდროულად პოლიტიკაცაა და ეკონომიკაც. ამერიკელებისთვის საკმაოდ მომგებიანია ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდება. ამ შემთხვევაში ტრამპი მოიქცა როგორც ბიზნესმენი.
ტრამპის წინადადება რუსული გაზის სანაცვლოდ ევროპისათვის ამერიკული გაზის მიწოდების შესახებ სრულ თანხვედრაშია ამერიკის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიუკურ ინტერესებთან. სხვათა შორის, ასე საკმაოდ იშვიათად ხდება

პირველ ყოვლისა, იგი ყურადღებას ამახვილებს ევროპაში ეკონომიკურ სიტუაციასა და პრობლემებზე. მართალია, ეს რუსეთს ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ იმის გამო, რომ ამერიკელებისთვის ევროპისთვის გაზის მიწოდება მომგებიანია, მან საქმეში ჩართო პოლიტიკაც. არც კი ვიცი, ამ იდეასა და წინადადებაში რა უფრო მეტია - ეკონომიკურ-ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესები... ტრამპის წინადადება რუსული გაზის სანაცვლოდ ევროპისათვის ამერიკული გაზის მიწოდების შესახებ სრულ თანხვედრაშია ამერიკის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიუკურ ინტერესებთან. სხვათა შორის, ასე საკმაოდ იშვიათად ხდება.
- ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე, ბევრი თქვენი რუსი კოლეგა თვლიდა, რომ ჰამბურგის შეხვედრაზე აშშ და რუსეთი არა მარტო არსებული ჩიხიდან გამოსვლას, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვნად გადაფორმატებას შეძლებდნენ. თქვენ ბრძანებთ, რომ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა...
- როგორ გითხრათ, ისინი, ვინც ამას ამბობდა, ჩემი კოლეგები სულაც არ არიან. ჩემს კოლეგებს მსგავსი არაფერი არც უთქვამთ და არც დაუწერიათ.
ვინც ასე მიიჩნევდა, ისინი ექსპერტები კი არა, კრემლის აგიტბრიგადის ჩვეულებრივი წევრები არიან. არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო პოლიტიკის, მათ შორის აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გადაფორმატირებაზე საუბარი არასერიოზულია.
- ახლა მოსკოვში იმაზეც ბევრს საუბრობენ, რომ ტრამპთან შეხვედრა ძალიან სჭირდებოდა პუტინს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა 30-40 წუთში უნდა დასრულებულიყო, იგი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. თქვენი აზრით, შეხვედრის ხანგრძლივობა გაამყარებს პუტინის პოზიციებს ქვეყნის შიგნით? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რუსეთის საკმაოდ გავლენიან წრეებში პუტინის მისამართით შიგადაშიგ გამოითქმის პრეტენზიები. მმართველ კლასს ლიდერად ისეთი პიროვნება სურს, რომელსაც დასავლეთთან და აშშ-სთან პრობლემები არ ექნება და სადღეისოდ დღის წესრიგით არსებულ პრობლემებს მოაგვარებს...
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, პუტინის პოპულარობა და ავტორიტეტი ემყარება იმას, რომ მას სურს რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს როგორც ზესახელმწიფო. ხალხმა სიხარულით აიტაცა ლოზუნგი - ”ყირიმი ჩვენია”, ჩვენ დონბასშიც ვართ და სირიაშიც. მას ისეთი დიდი და მყარი ავტორიტეტი აქვს, რომ იგი მის გაძლიერებას არ საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის თემა უკვე ყველას მოსწყინდა, ხალხს მაინც ახარებს ჩვენი სირიაში ყოფნა.
ჩემი აზრით, ამ თემების აქტუალიზაციით და ამ საკითხებში რუსეთის დღევანდელი პოზიციებით პირადად პუტინს არაფერი მოუგია. ვინაიდან რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და უარესდება.
არსებულ სიტუაციაში, საერთაშორისო პოლიტიკის, მათ შორის აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გადაფორმატირებაზე საუბარი არასერიოზულია

რაც შეეხება იმას, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა დროში მართლაც გაგრძელდა, ეს არა მარტო პუტინისთვის იყო წარმატება, არამედ ტრამპისთვისაც. იმიტომ, რომ ორივეს აქვს შესაძლებლობა ამ შეხვედრის შედეგების თავისი ინტერპრეტირება მოახდინოს. ეს აშკარა და ცხადია.
ასევე ცხადია, რომ ორივე საკმაოდ აფასებს პირად ურთიერთობებს. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში მათ გარკვეული პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის უკეთ იცნობენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობაც აქვთ - ორივე მათგანმა იცის ერთმანეთის ფასი
ჩვენთან ხომ უმეტესობა, მათ შორის ანალიტიკოსებიც კი, ბიპოლარული მსოფლიოს კატეგორიებით აზროვნებენ. არის ვაშინგტონი და არის მოსკოვი. დანარჩენზე არც არავინ ფიქრობს და არც არაფრად მიიჩნევს. თუ GE-20-ის ქვეყნებს დავაკვირდებით, ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, ამერიკა პირველ ადგილზეა, ხოლო რუსეთი მეათე-მეთერთმეტეზე.
რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ მსოფლიოში პირველი ეკონომიკა აშშ-ს აქვს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეათეა და პირველი და მეათე ეკონომიკების მქონე ქვეყნების პრეზიდენტებს შორის საუბარი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მათ შორის დიალოგი თანაბარი ვერანაირად ვერ იქნება. ტრამპი მართლაც არის ზესახელმწიფოს პრეზიდენტი, პუტინი კი მხოლოდ ბირთვული ზესახელმწიფოს პრეზიდენტია. და მეტი არაფერი. ჰო, შეიძლება დავამატოთ რუსეთი ბირთვული იარაღის და გაზის მქონე ზესახელმწიფოა.
კარგია, რომ პრეზიდენტებმა ერთმანეთს ჩახედეს თვალებში. ვიმეორებ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპსა და პუტინს ერთმანეთთან საკმაოდ ნორმალური ადამიანური ურთიერთობები კი ექნებათ, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს აშშ-სა და რუსეთის შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
არ მიყვარს ეს შედარება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობები ხრუშჩოვსა და ეინზენჰაუერს შორის ურთიერთობებს მაგონებს. ხრუშჩევი პატივს სცემდა ეიზენჰაუერს, როგორც საბრძოლო გენერალს, სხვათა შორის, ეიზეიჰაუერიც ხრუშჩოვს პატივს სცემდა როგორც გენერალს და არაპროგნოზირებად ადამიანს, რომელიც ორიგინალურად იქცევა. ერთმანეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობები საკმაოდ ცუდი იყო.
მსოფლიოში პირველი ეკონომიკა აშშ-ს აქვს, ხოლო რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეათეა. პირველი და მეათე ეკონომიკების მქონე ქვეყნების პრეზიდენტებს შორის საუბარი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მათ შორის დიალოგი თანაბარი ვერანაირად ვერ იქნება

პრეზიდენტებს შორის ნორმალური ადამიანური ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის ურთირეთობების გაუარესებისა და ვითარების დაძაბვის შემაკავებელი ფაქტორია. მაგრამ, ისევე როგორც ხრუშჩევ-ეიზენჰაუერის შემთხვევაში, იგი ტრამპი-პუტინის შემთხვევაშიც ვერ გამოდგება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძვლად. ვინაიდან, ამერიკაში პრეზიდენტის გარდა არსებობს კონგრესი, სენატი. გარდა ამისა, გაურკვეველია დარჩება თუ არა ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტად თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, თუ - არა, რა ენაზე ილაპარაკებს პუტინთან აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი.
- რას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე უკრაინის საკითხი იქნა განხილული, მაგრამ საქართველოზე არ უსაუბრიათ?
- როდესაც სსრკ იშლებოდა მეტად პოპურალური იყო ამერიკული თუ ქართული ანეგდოტი - ზუსტად არ მახსოვს - სსრკ ახალი დაშლილი იყო და ქართული სამთავრობო დელეგაცია პირველად ჩავიდა აშშ-ში. ამერიკელი მებაჟე კინაღამ გადაირია, მას ქართველები ამერიკული ჯორჯიას შტატიდან ეგონა... სხვათა შორის, საინტერესო იქნებოდა ტრამპისთვის კითხვის დასმა - უკრაინა საფრანგეთზე დიდია თუ პატარა? მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მას ამ კითხვაზე აქვს სწორი პასუხი. ტრამპი ხომ სულ სხვა ტიპის ადამიანია.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას საერთოდ არ ეცოდინება თუ სად არის სამხრეთ ოსეთი. ამაზე ნებისმიერთან შემიძლია დავდო სანაძლეო ერთ ბოთლ კონიაკზე.
- ბატონო ალექსეი, ჩათვალეთ რომ სანაძლეო მოგებული გაქვთ და ერთი ბოთლი ქართული კონიაკი ჩემზეა...

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები