არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
კიევი კრემლის პირობებით ოკუპირებული დონბასის რეგიონებს არ დაიბრუნებს
15:49 31-07-2017
კიევი კრემლის პირობებით ოკუპირებული დონბასის რეგიონებს არ დაიბრუნებს უკრაინული პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვლადიმერ, ვინაიდან სააკაშვილთან დაკავშირებული თემები თქვენთან, ჩვენთან და საეთაშორისო მედიაშიც აქტიურად განიხილება, საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ - თქვენი აზრით, პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ როგორ აისახება უკრაინის შიდა პოლიტიკაზე?
- პრაქტიკულად, არანაირად. შესაძლოა, ამას მოჰყვეს უმნიშვნელო შედეგები, კერძოდ, ის, რომ უკრაინაში პრაქტიკულად დაიხურება პროექტი, რომელსაც ”სააკაშვილის პოლიტიკური პროექტი” ერქვა.
უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში პრაქტიკულად დაიხურება პროექტი, რომელსაც ”სააკაშვილის პოლიტიკური პროექტი” ერქვა

მიუხედავად სააკაშვილის განცხადებისა, რომ იგი შეეცდება უკრაინაში დაბრუნებას, ჩემი აზრით, ის ამას ვერ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვეღარ შეძლებს იყოს უკრაინული პოლიტიკური პროცესის მონაწილე და უკრაინულ პოლიტიკაში ასრულებდეს გარკვეული მოთამაშის როლს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ”ახალი ძალების მოძრაობა” შეწყვეტს არსებობას. შესაძლოა, ეს ასე მალე არ მოხდეს, შესაძლოა, მათ ფორმალურად გააგრძელონ არსებობა, მაგრამ იმის გამო, რომ სააკაშვილი უკრაინაში ვერ ჩამოვა, მისი აქტივისტები აქტიურობის მოტივაციას დაკარგავენ.
აქვე უნდა ითქვას, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევამდე არც სააკაშვილი და არც მისი მოძრაობა არ ახდენდნენ მნიშვნელოვან გავლენას უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სივრცეში, კერძოდ, სხვადასხვა ტელევიზიებში სააკაშვილი ხშირად ჩანდა. მას ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო პროგრამა, ხშირად აკეთებდა ხმაურიან განცხადებებს. ვიმეორებ, ჩემი დაკვირვებით, იგი უკრაინულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ ახდენდა. მისი პარტიის რეიტინგი 2%-ზე მეტი არ იყო და ბოლო პერიოდში მისი რეიტინგიც საკმაოდ დაცემული გახლდათ.
მოქალაქეობის ჩამორთმევამდე არც სააკაშვილი და არც მისი მოძრაობა არ ახდენდნენ მნიშვნელოვან გავლენას უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე
- თუ პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილი პოროშენკოსათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თქვენი აზრით, მაშინ რას უკავშირდება პოროშენკოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალქეობის ჩამორთმევის შესახებ?
- პოროშენკოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონოდა პოლიტიკური მოტივაცია. ჩემი აზრით, აქ შესაძლოა იმოქმედა სხვა ფაქტორებმა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, როცა იგი საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ კიევში დაბრუნდა. ვფიქრობ, ამ ვიზიტის ფარგლებში ეს თემა იყო განხილული. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ თემაზე სიგნალები მანამდეც იყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოში სააკაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა და აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას.
სააკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ იგი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა. ვიდრე სააკაშვილი პოროშენკოს გუნდის წევრი იყო, იგი პოროშენკოს დაცვის ქვეშ იყო. გარდა ამისა, ამ საკითხში სხვა ფაქტორებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. მხედველობაში მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა - სააკაშვილი ან საქართველოსთვის გადმოეცათ ან მას დაეტოვებინა უკრაინის ტერიტორია.
ფაქტია, რომ სააკაშვილმა ე.წ. ”წითელი ხაზი” გადაკვეთა. იგი თავის სატელევიზიო გადაცემაში პოროშენკოს უხეშად მოიხსენიებდა. ვფიქრობ, ამ გადაცემებისაგან მიღებულმა უარყოფითმა ემოციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის მიმართ პოროშენკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
სააკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ იგი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა. ვიდრე სააკაშვილი პოროშენკოს გუნდის წევრი იყო, იგი პრეზიდენტის დაცვის ქვეშ იყო... სააკაშვილმა ე.წ. ”წითელი ხაზი” გადაკვეთა. იგი თავის სატელევიზიო გადაცემაში პოროშენკოს უხეშად მოიხსენიებდა

და კიდევ ერთი გარემოება - სააკაშვილი აღმოჩნდა ერთ-ერთი სახელისუფლებო პარტიის - ”სახალხო ფრონტისათვის” მტრების რიცხვში მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ”სახალხო ფრონტის” რამდენიმე ლიდერის მიმართ. ”სახალხო ფრონტმა” ამ საქმეში ე.წ. ”ქართული გუნდი” დაადანაშაულა. მთავარი ქართველი უკრაინაში კი სააკაშვილი გახლდათ, რომლის ერთ-ერთი თანამებრძოლი ბატონი უგულავა, ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ვფიქრობ, რომ ”სახალხო ფრონტის” მოთხოვნამ - სააკაშვილს დაეტოვებინა უკრაინა, ასევე მოახდინა გავლენა სააკაშვილის მიმართ პოროშენკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ჩემი აზრით, პოროშენკოს ვიზიტი ამ გადაწყვეტილების მიღების კატალიზატორი იყო და ამისათვის შეირჩა ოპტიმალური დრო - სააკაშვილი უკრაინაში არ იმყოფებოდა, იყო აშშ-ში და ამით ისარგებლეს.
- სააკაშვილის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდეს მისი ქვეყანაში დაბრუნება...
- ვფიქრობ, ამ თემაზე თბილისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ იქნებოდა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე. არა მგონია, თბილისს ასეთი მოთხოვნა წაეყენებინა პოროშენკოსთვის. ვფიქრობ, იყო მოთხოვნა იმაზე, რომ სააკაშვილს დაეტოვებინა უკრაინა და აღარ ყოფილიყო პრობლემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
- სააკაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტი პოროშენკო ოლიგარქ ახმეტოვის გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს, რომელიც კრემლთან მჭიდროდაა დაკავშირებული...
- მეც გავეცანი უკრაინული გაზეთისათვის სააკაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს. ამგვარი მტკიცება საკმაოდ დიდ გაზვიადებად მიმაჩნია. ახმეტოვს აქვს გავლენა არა პოროშენკოზე, არამედ უკრაინული ხელისუფლების გარკვეულ წევრებზე. ახმეტოვი უკრაინულ პოლიტიკაზე თავის გავლენას რამდენიმე არხით ახორციელებს. ახმეტოვს აქვს გავლენები ოპოზიციურ ბლოკზე. უფრო სწორად, ფრაქციაზე, რომელშიც იანუკოვიჩის ყოფილი თანაგუნდელები შედიან. ამ ფრაქციის ნახევარი ახმეტროვის ხალხია. მას ასევე აქვს გავლენა ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია ოპოზიციაშია, იგი ხშირად უჭერს მხარს სამთავრობო გადაწყვეტილებებს. ყველაზე დიდი გავლენა ახმეტოვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაცენიუკზე აქვს.
მტკიცება, რომ პოროშენკო ახმეტოვის გავლენის ქვეშაა, საკმაოდ დიდ გაზვიადებად მიმაჩნია... პირიქით უფროა - ახმეტოვია პოროშენკოს გავლენის ქვეშ და პოროშენკო ახდენს ახმეტოვის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას

გასული წლიდან პოროშენკოსა და ახმეტოვს ურთიერთობები ”ზავის რეჟიმშია”. შესაძლოა, საუბარი იყოს ტაქტიკურ კავშირზეც, მაგრამ, იმის თქმა, რომ პოროშენკო ახმეტოვის ზეგავლენის ქვეშაა და მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ და ვერ იღებს, ვიმეორებ, ეს ძალიან დიდი გაზვიადება და რეალობის არაადეკვატური შეფასებაა.
არ არსებობს მიზეზი, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის ძალოვანი უწყებები ექვემდებარება, ახმეტოვის ზეგავლენის ქვეშ იყოს და მას ემორჩილებოდეს. ჩემი აზრით, პირიქით უფროა - ახმეტოვია პოროშენკოს გავლენის ქვეშ და პოროშენკო ახდენს ახმეტოვის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას.
- ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ პოროშენკოს მეორეჯერაც უნდა პრეზიდენტობა. წინა არჩევნებზე მან კი მიიღო ხმათა 54, 79%, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე მას არჩევნების მოგება გაუჭირდება და იგი ახლა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ცდილობს საერთო ენის მოძებნას...
- 54, 79% პოროშენკოს შედეგია და არა მისი ბლოკის. მისმა ბლოკმა საპარლამენტო არჩენებზე მხოლოდ 22% მიიღო. ახლა პოროშენკოს რეიტინგები გაცილებით ნაკლებია. ახლა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, სხვადასხვა შეფასებებით პოროშენკო ხმათა 12%-ს მიიღებს. მაგრამ ამ შედეგითაც იგი აუცილებლად მოხვდება მეორე ტურში. იმავე რეიტინგებით, პოროშენკოს პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 10%-ის მიღების შანსები აქვს. პოროშენკოს მთავარი კონკურენტი სააკაშვილი ვერანაირად ვერ იქნებოდა, ვინაიდან შემდეგ არჩევნებში იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
- თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პოროშენკოს მთავარი კონკურენტი, სავარაუდოდ, ვინ იქნება?
პოროშენკოს მთავარი კონკურენტი იულია ტიმოშენკოა... ჩვენთან ახლა არ არის არც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩეველთა 20% მაინც უჭერს მხარს. ამ ეტაპზე ყველაზე რეიტინგულებად პოროშენკო და ტიმოშენკო რჩებიან

- იულია ტიმოშენკო. ჩვენთან ახლა არ არის არც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩეველთა 20% მაინც უჭერს მხარს. ამ ეტაპზე ყველაზე რეიტინგულებად პოროშენკო და ტიმოშენკო რჩებიან.
- თქვენ გამორიცხავთ, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ახმეტოვმა პოროშენკოს დაუჭიროს მხარი?
- რაც შეეხება ახმეტოვს, მასთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ”სახალხო ფრონტს”. არჩევნებზე ამომრჩევლების მობილიზაციის თვალსაზრისით, ახმეტოვი ”სახალხო ფრონტსაც” ვერ ეხმარება იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ამომრჩევლები და არა მარტო ახმეტოვი.
ახმეტოვის მხარდაჭერა არანაირად არ იმოქმედებს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე. ახმეტოვი ივანიშვილი არაა. ჩვენთან სხვაგვარადაა - ოლიგარქია საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ ახდენს.
მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მედიასაშუალებებზე, მაგრამ უკრაინის აღმოსავლეთის ამომრჩეველი არც ”სახალხო ფრონტს” და არც ახმეტოვს მხარს არ დაუჭერს. რაღაც ნაწილი კი, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ამ რეგიონის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილია. ამიტომ ვამბობ, სააკაშვილი ან სიმართლეს არ ამბობს, ან არაადაკვატურად აფასებს ვითარებას.
ახმეტოვის მხარდაჭერა არანაირად არ იმოქმედებს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე. ახმეტოვი ივანიშვილი არაა
- ჩათვალეთ, რომ სააკაშვილის თემა ამოვწურეთ. ბევრი თქვენი უკრაინელი კოლეგა უკრაინული პოლიტიკის ტენდენციებზე საუბრისას მიიჩნევს, რომ უკრაინაში ვითარება იმ თვალსაზრისითაა რთული, რომ ქვეყანაში კონტრრევოლუციისათვის ნიადაგი მზადდება. ერთიანდებიან მაიდნის იდეის მოწინააღმდეგე ძალები, მეტიც - კონტრრევოლუციის აქტიური ფაზა დაწყებულია. რამდენად შეესაბამება რეალობას ამგვარი შეფასებები და თუ მართლაც ასეა, რაში ვლინდება, რომ უკრაინაში კონტრრევოლუცია მზადდება?
- მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ თეზისს იმის გამო, რომ იგი რეალობას არ შეესაბამება. თუ კონტრრევოლუციაში ვიგულისხმებთ ხელისუფლებაში იანუკოვიჩის რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნებას, ეს შეუძლებელის გარდა წარმოუდგენელიცაა.
უპირველესად შეუძლებელია ელექტორალური თვალსაზრისით. ყირიმის ანექსიისა და დონბასში განვითარებული პროცესების შემდეგ, იანუკოვიჩის რეგიონების ოპოზიციური პარტია გაიხლიჩა. შემდეგ არჩევნებზე ამ მიმართულების პოლიტიკური ჯგუფები ყველანი ერთად ამომრჩეველთა ხმების 10%-ზე მეტს ვერ მიიღებენ. შესაძლოა, მათ ნაკლებიც მიიღონ. ამ პოლიტიკური ჯგუფიდან შესაძლოა პარლამენტში ასევე გავიდეს პარტია ”ზა ჟიზნ”, რომელსაც ოპოზიციური ბლოკიდან ყოფილი დეპუტატი, ოლიგარქი ვადიმ რაბინოვიჩი ხელმძღვანელობს.
ახლა იგი პოპულარული გადაცემის წამყვანია. სხვათა შორის, მისი გადაცემა სააკაშვილის გადაცემაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამ გადაცემის წყალობით მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუ რაბინოვიჩის პარტიაც გავიდა პარლამენტში, რომლის ელექტორატი რეგიონების პარტიის ამომრჩეველია, ისინი იანუკოვიჩის სხვა მხარდამჭერ პარტიებთან ერთად იმაზე ნაკლებ ხმებს მიიღებენ ვიდრე ვინმეს ჰგონია. ასე რომ, მომავალ რადაში მათი სიტყვა გადამწყვეტი ნამდვილად არ იქნება.
უკრაინას კონტრრევოლიციის საფრთხე არ ემუქრება... თუ კონტრრევოლუციაში ვიგულისხმებთ ხელისუფლებაში იანუკოვიჩის რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნებას, ეს შეუძლებელის გარდა წარმოუდგენელიცაა

უნდა ითქვას, რომ ახლა ჩვენთან ქუჩაში მეტი გავლენა ნაციონალისტურ, პატრიოტულ და რადიკალურ პარტიებს აქვთ. სწორედ ისინი წაართმევენ ხმებს იანუკოვიჩის მხარდამჭერ დანაწევრებულ პოლიტიკურ ჯგუფებს. მეტსაც გეტყვით, რეგიონალების ყოფილი მხარდამჭერების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. ვიმეორებ, მაქსიმუმი, რაც წინა ხელისუფლების მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა შეიძლება მიიღონ საერთო ჯამში 15-17%-ზე მეტი არანაირად არ იქნება. ეს კი რევანშისათვის საკმარისი ნამდვილად არაა. ამიტომ, საუბარი კონტრრევოლუციაზე აშკარად გადაჭარბებულია.
თუ სერიოზულად მიუდგებით ამ თემას და თან საფრანგეთის რევოლუციასაც გავიხსენებთ, ალბათ უფრო სწორი იქნება ვისაუბროთ არა კონტრრევოლუციაზე არამედ ”თერმიდორზე” - როცა მებრძოლი რევოლუციონერების შემდეგ ხელისუფლებაში მოდიან ისინი, ვისაც უნდა სტაბილურობა და ვისაც ძალაუფლების ფულში კონვერტირება უნდა.
ჩემი აზრით, სინამდვილეში სიტუაცია გაცილებით რთულია. შემდეგ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე დომინანტური როლი არა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ან ლიბერალებსა და მებრძოლ-პატრიოტებს ექნებათ, არამედ პოპულისტურ პარტიებს და მათ ლიდერებს. ასე რომ, კონტრრევოლუციის წინაპირობებს ვერ ვხედავ.
სინამდვილეში ჩვენში პოლიტიკური პროცესი გაცილებით უფრო რთული და ბევრად წინააღმდეგობრივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუ მაინცდამაინც კონტრრევოლუციაზე ვსაუბრობთ, უკრაინას არა ნამდვილი კონტრრევოლუცია, არამედ პოპულისტური კონტრრევოლუცია ელოდება.
პოპულისტებს შორის ძალიან ბევრი ადამიანია მაიდნიდან. იგივე ლიაშკო, ტიმოშენკო, რუსულენოვანი პოპულისტი ვადიმ რაბინოვიჩი. ახლა უკრაინულ პოლიტიკურ ტრენდში პოპულისტური ტალღა საკმაოდ მაღალია. კონტრრევოლუციის თვალსაზრისით ის გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე კონტრრევოლუცია იმ ადამიანებისგან, ვინც იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.
უკრაინას არა ნამდვილი კონტრრევოლუცია, არამედ პოპულისტური კონტრრევოლუცია ელოდება... ის გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე კონტრრევოლუცია იმ ადამიანებისგან, ვინც იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული
- შეიძლება ასე ითქვას - პოპულისტებზე მოთხოვნა გაჩნდა იმის გამო, რომ პოროშენკოს ხელისუფლებას არ გაუტარებია ქვეყანაში რეფორმები, რომელთა გამოც მოხდა მაიდანი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი ჰქონდა?
- არა, ამგვარ შეფასებას არ ვეთანხმები. სხვათა შორის, პოპულისტების უმრავლესობა, რომლებიც ახლა იხვეჭენ პოპულარობას, პოლიტიკურ ასპარეზზე მაიდნამდე იყვნენ გამოსული. პოპულისტების საკმაოდ დიდი ნაწილი თავად იღებდა მონაწილეობას მაიდნის პროცესებში. პოპულისტების პოპულარობის ზრდა იმასთან არ არის დაკავშირებული, რომ საზოგადოების მოლოდინები არ გამართლდა. სხვათა შორის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა მოლოდინები ჰქონდა და იგი საკმაოდ აბსტრაქტულად გამოიყურება. ადამიანებს ჰქონდათ ცხოვრების გაუმჯობესების მოლოდინი, მაგრამ არ ელოდნენ, რომ ომი დაიწყებოდა. ომის დაწყებამ ღრმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხს ჰქონდა ლიბერალური რეფორემების გატარების მოლოდინი, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საზოგადოებაში ხელისუფლებაზე უკმაყოფილების ზრდა დაკავშირებულია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის ზეწოლით მიიღო. კომუნალური ტარიფების ზრდამ ყველაზე მეტად აზარალა პოროშენკოს ხელისუფლება და იაცენუკის მთავრობა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო. სწორედ ამან გამოიწვია მაიდნის ხელისუფლების რეიტინგის დაცემა და არა იმან, რომ ლიბერალური რეფორმები არ ტარდებოდა.
საზოგადოება თუ რამით არის უკმაყოფილო, ეს არაპოპულარული რეფორმების გატარებაა, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუარესდა მათი ცხოვრება

ახლა გროიზმანის ხელისუფლება ცდილობს სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში საკმაოდ ლიბერალური რეფორმის გატარებას, ნაწილობრივ საპენსიო რეფორმის გატარებას. პარლამენტის უმეტესობა ამ რეფორმების გატარებას მხარს არ უჭერს. სხვათა შორის, მათ მხარს არც საპრეზიდენტო პარტიის დეპუტატთა ნაწილი უჭერს. ამიტომ, ჩვენთან ასე მარტივად არაა საქმე, როგორც ზოგიერთი ჩემი კოლეგა თვლის.
საზოგადოება თუ რამით არის უკმაყოფილო, ეს არაპოპულარული რეფორმების გატარებაა, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუარესდა მათი ცხოვრება. უკრაინაში რეფორმების გაუტარებლობის ბრალდებები პოპულარული სტერეოტიპებია, მათ შორის დასავლეთში. არადა, ისინი ჩვენთან, მართალია რთულად, ზოგჯერ არათანმიმდევრულად, შეცდომებითაც კი, მაგრამ მაინც ტარდება.
- რამდენად მზადაა უკრაინული საზოგადოება და ხელისუფლება დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას დონბასში, რომელსაც ბოლო არ უჩანს? ფაქტია, რომ კრემლს არა თუ არ აქვს უარი ნათქვამი დონბასზე, არამედ სულ უფრო მეტად ახდენს ამ ტერიტორიების რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირებას...
- დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრირების პროცესი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება. ცხადზე უცხადესია და ჩვენ ვიცით - რუსეთი არ აპირებს უკრაინისათვის დონბასის ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას. თუ მოგვცა - მხოლოდ კრემლის პირობებით. კიევი კრემლის პირობებით ოკუპირებული დონბასის რეგიონებს არ დაიბრუნებს. უკრაინამ რომ დონბასის ოკუპირებული ნაწილი კრემლის პირობებით დაიბრუნოს, ეს იქნება კონტრევოლუცია, ვინაიდან ეს კრემლის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასი ქმედება იქნებოდა.
უკრაინამ რომ დონბასის ოკუპირებული ნაწილი კრემლის პირობებით დაიბრუნოს, ეს იქნება კონტრრევოლუცია, ვინაიდან ეს კრემლის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასი ქმედება იქნებოდა

უკრაინის ამ ხელისუფლებამ შეძლო რუსეთის აგრესიას დაპირისპირებოდა. ჩვენ რომ რუსეთის აგრესიისათვის დაპირისპირება ვერ მოგვეხერხებინა, უკრაინა, როგორც სახელმწიფო და ქვეყანა შეწყვეტდა არსებობას. ჩვენ დღესაც ვუპირისპირდებით რუსეთს უკრაინაში. სხვა საქმეა, რომ უკრაინა რუსეთს პრაქტიკულად მარტო უპირისპირდება. ამ საქმეში დასავლეთის დახმარება მინიმალურია.
- თქვენ საინტერესო აზრი გამოთქვით, კერძოდ, - კიევი კრემლის პირობებით ოკუპირებული დონბასის რეგიონებს არ დაიბრუნებს...
- დიახ, უკრაინა მოსკოვის პირობებით დონბასის იმ ნაწილის დაბრუნებას არ აპირებს, რომელიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული. საუბარია დონბასის ნაწილზე. დონბასის უმეტეს ტერიტორიებს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებზე მოსკოვმა კარიკატურული დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები შექმნა. უკრაინა არასდროს დათანხმდება მოსკოვის პირობებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრირებას.
- ბრძანეთ, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო იბრძვის. რამდენადაც ვიცით, ამ საქმეში უკრაინას ევროპაცა და აშშ-ც ეხმარებიან. აშშ-მ თავის სპეციალურ წარმომადგენლად ელჩი ვოლკერიც კი დანიშნა...
- ამ ბრძოლაში უკრაინას დასავლეთისა და იგივე აშშ-ს მხარადჭერა აქვს, მაგრამ იგი მინიმალურია. კურტ ვოლკერი არ განსაზღვრავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ივლისის დასაწყისში დაინიშნა თანამდებობაზე, უკვე ორჯერ იყო უკრაინაში, მათ შორის კონფლიქტის ზონებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას და ცდილობს გაანალიზოს.
მან უკვე გამოთქვა მოსაზრება იმის სასარგებლოდ, რომ აშშ-მ გაზარდოს უკრაინისადმი დახმარება. სამწუხაროდ, ახლა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და არა კურტ ვოლკერი. აშშ უკრაინას მხარს უჭერს, დაველოდოთ თუ როგორ განვითადება პროცესები მას შემდეგ, რაც რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრ გადაწყვეტილებებზე პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები