არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ აქტიურობას გაცილებით ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია
17:37 01-08-2017
 დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ აქტიურობას გაცილებით ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტის სავარაუდო შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

- ბატონო ბაკურ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოში შედგა. ვინაიდან უმაღლეს დონეებზე შეხვედრების შემდეგ განცხადებებიც გაკეთდა, უკვე შესაძლებელია ამ ვიზიტის შედეგებზე საუბარი.
- ჩემი აზრით, პენსის ვიზიტის მთავარი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა საქართველოსთვის, აშშ-ს პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და თავად ამერიკის კონგრესისა და სენატისთვისაც, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია პრინციპულად იზიარებს პოლიტიკურ კურსს, რომელიც კონგრესსა და სენატს მათ შორის რუსეთთან მიმართებაში აქვს. ამის დემონსტრირებისთვის იყო ამ დონის ეს მაღალი ვიზიტი, რაც ჩვენთან მიმართებაში იშვიათად თუ მომხდარა.
პენსის ვიზიტის მთავარი აზრი გახლდათ იმაში, რომ ეჩვენებინა საქართველოსთვის, აშშ-ს პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და თავად ამერიკის კონგრესისა და სენატისთვისაც, რომ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია პრინციპულად იზიარებს პოლიტიკურ კურსს, რომელიც კონგრესსა და სენატს მათ შორის რუსეთთან მიმართებაში აქვს

მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ ვიზიტმა რაიმე ახალი მოიტანა, პირიქით, ეს იყო საქართველოს მიმართ აშშ-ს ძველი პოზიციებისა და დამოკიდებულების განმტკიცების მცდელობა. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, თუ რა ბრალდებები ისმის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მისამართით რუსეთთან დაკავშირებით. ანუ, სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში აშშ-ს პოზიციები არ შეუცვლია.
- აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში განაცხადა - ”საქართევლო აშშ-ს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიგვაჩნია”... ”თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირე, ჩვენ ვართ და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად”... ამ ზოგადი და დიპლომატიური განცხადებების მიღმა თქვენ თუ დაინახეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გარკვეული კონტურები, თუ - კი, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები?
- როგორც ვთქვი, ამ განცხადებებში არაფერი ახალი არ იყო გარდა იმისა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრა საქართველოს, რაც თავისთავად საკმაოდ დიდი მოვლენაა. აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე პრესკონფერენციებზეც არაფერი ახალი არ გაჟღერებულა. თუმცა, ზოგმა შესაძლოა ახლად ჩათვალოს ის, რომ პენსმა ტრამპის სახელით საკმაოდ მკაცრი და პრინციპული პოზიციები დააფიქსირა რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სანქციებზე საუბრისას.
პენსმა თქვა - მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს სურდა რუსეთთან ჰქონოდა კარგი თანამშრომლური ურთიერთობები, ამის მიღწევისათვის ერთადერთი გზა არის იმ მიზეზების მოსპობა, რომლის გამოც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გახლდათ და ეს ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ სიახლედ.
საქართველოსთან მიმართებაში ასევე ძველ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს პენსის განცხადება-დადასტურება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ-ს ყველა პრეზიდენტი ამავეს აცხადებდა. ნატო-სთან მიმართებაში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული განცხადებების ფონზე, ეს განცხადებაც შეიძლება გარკვეულ სიახლედ მივიჩნიოთ.
პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან მიმართებაში ისეთივეა, როგორც თეთრის სახლის სხვა პრეზიდენტების დროს იყო

პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან მიმართებაში ისეთივეა, როგორც თეთრის სახლის სხვა პრეზიდენტების დროს იყო.
- ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის გადაწყვეტილებას რუსეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ სანქციების გამკაცრების შესახებ.
მართალია, პრემიერ კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბატონმა პენსმა დიპლომატიურად აუარა გვერდი კითხვას პასუხზე რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში აშშ-სთვის რა შეიძლება აღმოჩნდეს ე.წ. წითელი ხაზი... თუმცა შემდგომ განმარტა - ”ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ”.
თქვენი აზრით, მოსკოვისათვის გაჟღერებული ეს გზავნილი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კრემლმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას გადახედოს ან კორექტივები შეიტანოს?

- მე იმედი მაქვს, უფრო მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ აქტიურობას გაცილებით ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია და ეს პრესკონფერენციებზე აისახება. იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის საქართველოს საკითხზე არსებობს სერიოზული მოლაპარაკებები, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთანხმება არ არის მიღწეული და ახლა ორივე მხარე ცდილობს დაპირისპირებიდან მეტი მიიღოს. მხედველობაში მაქვს მათ შორის საქართველოში რუსეთის მიერ ახალი საზღვრების დაწესების საკითხი.
ვიმეორებ, რაც ამ თემაზე ბატონმა პენსმა თქვა, გამეორებაა იმისა, რასაც აშშ-ს ყველა ადმინისტრაცია ამბობდა - აშშ არასოდეს არ აღიარებს საქართველოს დანაწევრებას, არ აღიარებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას როგორც ლეგიტიმურს და ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს საქართველოს გამთლიანებაში. იმავდროულად, გაიჟღერა ფრაზამაც, რომ თუ საქართველო იქნება ეკონომიკურად განვითარებული და სასურველი ქვეყანა, ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციას საქართველოში. ეს, პრაქტიკულად კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებაა თუკი გავითვალისწინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსეთის წარმოუდგენლად დიდ გავლენას. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს რეალურად არ აქვს შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაშიც კი მოახდინოს საქართველოსთან ინტეგრაცია.
ეს ფრაზა აშკარად ძველი სასაუბრო ენიდან დარჩა. არ იყო არაფერი ნათქვამი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ამიტომაც დავიტოვე იმედი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კულისებს მიღმა ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელზეც, როგორც წესი, არ საუბრობენ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში გარკვეულწილად საქართველოც იყოს ჩართული. შესაძლოა, სწორედ ამ ფარგლებში იქნას შეჩერებული ის მცოცავი ოკუპაცია, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით.
ბატონმა პენსმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ქმედებებზე, როგორც მადესტაბილიზებელ ფაქტორზე. მართალია, მას მცოცავი ოკუპაცია არ უხსენებია, მაგრამ ისაუბრა იმ ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე, რომელიც ბელორუსში იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ს ძალიან მაღალი თანამდებობი პირი ღიად აცხადებს, - რუსეთი ახორციელებს დესტაბილიზაციის მომტან ქმედებებს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გზავნილია.
რუსეთსა და ამერიკას შორის საქართველოს საკითხზე არსებობს სერიოზული მოლაპარაკებები, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთანხმება არ არის მიღწეული და ახლა ორივე მხარე ცდილობს დაპირისპირებიდან მეტი მიიღოს

იმავდროულად პენსმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე აშშ საქართველოს გვერდით იდგა, როგორც პარტნიორთან და მეგობართან და მომავალში იმედი გვაქვს, - როგორც მოკავშირესთან. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მართალია, საქართველო აშშ-ს პარტნიორი და მეგობარია, მაგრამ მოკავშირე ჯერ არ არის. ჩემი აზრით, ეს ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველოში ემსახურებოდა პარტნიორების იმაში დაჯერებას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ არ მიატოვებს. იგი ასევე არის გზავნილი კონგრესისა და სენატისათვის, რომ აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება ისევე პრინციპულია საგარეო პოლიტიკაში, როგორც ამ ქვეყნის კანონმდებლები.
პენსმა თავად თქვა, რომ თეთრ სახლს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ჰქონდა გარკვეული კითხვები იმის გამო, რომ არც სენატს და არც კონგრესს კონსულტაციები სახელმწიფო დეპარტამენთან არ გაუვლია. პრაქტიკულად, მან თქვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩამოშორებული იყო საგარეო პოლიტიკას მისადმი უნდობლობის გამო. ეს ვიზიტი ნაწილობრივ იმასაც ემსახურება, რომ თავის მოკავშირეებს სენატსა და კონგრესში აჩვენოს, რომ თეთრი სახლი პრინციპულად დაიცავს აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს. ამის გაკეთება კი მას შეუძლია.
- თქვენ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის თემა ახსენეთ. სწორედ ამისთვის ტარდება სამხედრო სწავლება ”ღირსეული პარტნიორი-2017”. იმთავითვე იყო ჩაფიქრებული, როგორც იგი მორიგი დემონსტრირება იქნებოდა იმ პოლიტიკის გაგრძელებისა, რომელსაც თბილისი და მისი დასავლელი მოკავშირეები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ატარებენ.
„სტრატეგიული მოთმინება“ და ძალის ტოტალური გამოუყენებლობა წითელ ხაზად გასდევს ვაზიანში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო წვრთნას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით - „არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“ და „რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“ ემსახურება.
მაგრამ, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცება შეუძლებელია იმ ქვეყანასთან კონფრონტაციის გარეშე, რომელიც დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა.
რუსეთის სამხრეთ ოსეთში, ამერიკის საქართველოში გააქტიურება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სულაც არა გამორიცხული საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების მოედნად იქცეს. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების მოედანი უფრო ადვილია აღმოჩნდეს უკრაინა და არა საქართველო. უკრაინაში პრაქტიკულად მიმდინარეობს ცხელი კონფლიქტი. მათ შორის დაპირისპირებისათვის უფრო მეტ ლეგიტიმაციას უკრაინის პროცესებში ჩარევა შექმნიდა, ვინაიდან საქართველოში ამ დროისათვის პრაქტიკულად არანაირი კონფლიქტი არაა.
აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების მოედანი უფრო ადვილია აღმოჩნდეს უკრაინა და არა საქართველო, ვინაიდან საქართველოში ამ დროისათვის პრაქტიკულად არანაირი კონფლიქტი არაა

ამის გათვალისწინებით, საქართველოში აშშ-რუსეთის დაპირისპირების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის არის უკრაინა. თუ უკრაინაში მასშტაბური დაპირისპირების ექსკალაცია მოხდა, მერე არ არის გამორიცხული ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხოს და ჩაერთოს ამ ორომტრიალში. მაგრამ, მე მაინც არა მგონია, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს. ჩემი აზრით, დღეისათვის აშშ-რუსეთს შორის დაპირისპირების ყველაზე დიდი რისკის მქონე რეგიონი საქართველო ნამდვილად არ არის.
- ახლა, როცა რუსეთს საერთაშორისო ურთიერთობებში გართულებული აქვს მდგომარეობა, ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონი აშშ-ს მხრიდან რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შესახებ მას ვითარებას ქვეყნის შიგნითაც გაურთულებს და ამ ქვეყანას შიდა პრობლემების გარეთ გადატანის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მას შემდეგ, რაც ვაზიანში წვრთნები დასრულდება და ნატო-ს ტექნიკა საქართველოს დატოვებს რუსეთი საქართველოს მიმართულებაზე გააქტიურდება და შეეცდება იგივე გორი-თბილისის ავტომაგისტრალის დაკავებას?
- ჩემი აზრით, რუსეთი საქართველოს მიმართულებით კარგა ხანია გააქტიურებულია. მცოცავი ოკუპაციის სახით ბოლო გააქტიურება ერთი კვირის წინ იყო. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან არ ჰქონოდა დისკუსია. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ ის კითხვები, რომელიც ჩვენ ლეგიტიმურად გვიჩნდება, მათაც არ გასჩენოდათ და ჩვენივე პარტნიორებისგან არ მიეღოთ ისეთი პასუხი, რომელზეც არ არის აუცილებელი პრესკონფერენციებზე საუბარი.
ვიმედოვნებ, რომ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები თბილისს პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე აქვს განხილული და არსებობს გარკვეული მექანიზმები ამ პოტენციური საფრთხის დასარეგულირებლად

ვიმედოვნებ, რომ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები თბილისს ჩვენსავე პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე აქვს განხილული და არსებობს გარკვეული მექანიზმები ამ პოტენციური საფრთხის დასარეგულირებლად. სხვათა შორის, იგივე წარმატებით გორი-თბილისის მაგისტრალის დაკავება რუსეთს ორიოდე თვის წინ შეეძლო, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარისკაცები არ იმყოფებოდნენ და არც სამხედრო წვრთნები იყო დაწყებული. ალბათ სჯობია აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ ხშირად ქვეყნებს შორის არის დიპლომატიური მოლაპარაკებები იმ დონეზე, რომლის შესახებაც საჯაროდ მსჯელობას მხარეები ნაადრევად მიიჩნევენ.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები