არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
პუტინის მთელი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ მან არ იცის რა უნდა აკეთოს
09:13 03-08-2017
პუტინის მთელი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ მან არ იცის რა უნდა აკეთოს საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტის სავარაუდო შედეგებსა და შექმნილ ვითარებაში ამერიკულ გამოწვევაზე, ასევე შექმნილ ვითარებაში კრემლის სავარაუდო ნაბიჯებზე ”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს პოლიტოლოგს, პროფესორ ლილია შევცოვას ესაუბრა:

- ქალბატონო ლილია, დარწმუნებული ვარ, თქვენც მიადევნებდით თვალს თბილისში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს და ამ ვიზიტის ფარგლებში მის მიერ გაკეთებულ არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები...
- დიახ, მე დავაკვირდი პენსის ვიზიტს ესტონეთსა და თბილისში და სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული დავრჩი მისი საკმაოდ შეურიგებელი ტონით, რომლითაც მან ესტონეთისა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. გაკვირვებული დავრჩი იმ მკაცრი ტონით, რომლითაც პენსმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
გაკვირვებული დავრჩი იმ მკაცრი ტონით, რომლითაც პენსმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას

ჩემი გაკვირვება იმას ეფუძნება, რომ ჯერ თეთრ სახლს არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია. სახელმწიფო მდივანი ტილერსონი არის ადამიანი, რომელიც ჯერ ცდილობს ლავირებას და სხვადასხვა მხარეებს შორის მერყეობს.
მე გამაკვირვა იმანაც, რომ ტილერსონმა თეთრის სახლის საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სიიდან ფაქტობრივად ამოშალა აშშ-ს მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის თეზისი. ეს პირველად მოხდა, რითაც საფრთხე შეუქმნა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს და მთელ მსოფლიოში ლიბერალების გაკვირვება გამოიწვია. მაშინ, როცა ტილერსონი მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დაცვაზე უარს ამბობს, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილიში ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მტკივნეული ადგილია.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დიდი ხანია აღებული აქვს კურსი ნატოს წევრობაზე, საქართველოსა და ქართველებისთვის პენსის ვიზიტი პოზიტიური მოვლენაა. ჩვენ ვიცით, რომ ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს დემონსტრაციულად აფიქსირებს. მიუხედავად ამისა, პენსის ვიზიტი მაინც განსახილველია აშშ-ში მიმდინარე პროცესების კონტექსტში. მხედველობაში მაქვს, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა არამდგრადი, ბოლომდე გაუფორმებელი და ძიების მდგომარეობაშია. ამგვარი ვითარების მთავარი მაპროვოცირებელი თავად პრეზიდენტი ტრამპია.
პენსმა თბილისში ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მტკივნეული ადგილია

დარწმუნებული ვარ, პენსის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს დიდი ყურადღებით სწავლობენ კრემლსა და მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში. ვფიქრობ, კრემლის ადმინისტრაციას პენსის განცხადებებზე აშკარა გაღიზიანების გარდა სხვა განცდა არ ექნებოდა.
- რუსეთის საექსპერტო წრეებში ბევრს კი საუბრობენ აშშ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ ბრძოლაზე, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ აშშ-ს სენატმა და შემდეგ კონგრესმა პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისა და ასევე სხვა ქვეყნების მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბრძოლაზე საუბარი, ისევე როგორც მტკიცება, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული და განსაზღრული არ აქვს, აშკარად გადაჭარბებულად გამოიყურება...
- მესმის თქვენი არგუმენტი, მაგრამ მოდით, ამ საკითხში არც აშშ-ს ისტებლიშმენტისა და პოლიტიკური კლასის ერთიანობას ნუ შევაფასებთ გადაჭარბებულად. ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესმა და სენატმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ აქამდე არნახული სანქციების პაკეტს, რომლითაც რუსეთი შეყვანილია კეთროვანი ქვეყნების სიაში, რომელშიც არიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს ისტებლიშმენტის უმრავლესობას რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში აქვს ერთიანი პოზიცია. მათი მიზანია ერთის მხრივ, მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერება, ხოლო მეორე მხრივ, მისი დასჯა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვის.
კონგრესმა აშშ-ს პრეზიდენტს ხელიდან გამოგლიჯა საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში კონტროლი, მაგრამ თავად კონგრესს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტები არ გააჩნია

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ აშშ-ს ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში საგარეო პოლიტიკის განხორციელების ყველა ინსტრუმენტი თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშია და არა სენატისა და კონგრესის.
დიახ, კონგრესმა პრეზიდენტს ხელიდან გამოგლიჯა საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში კონტროლი, მაგრამ თავად კონგრესს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტები არ გააჩნია. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ, რომ ამერიკის ამ ორ ინსტიტუტს შორის იქნება ბაგირის გადაწევის პროცესი. ეს უკვე ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის იმიტომ, რომ მხოლოდ ტრამპს აქვს სრული კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტზე ანუ იმ მექანიზმებზე, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვისაა საჭირო. ამიტომ, თუ როგორი პროცესები წარიმართება აშშ-ს ისტორიაში აქამდე არნახულ ვითარებაში, დრო გვიჩვენებს.
ახლა იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვაგონებს იმას, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა. მაშინ პრეზიდენტმა შეძლო საგარეო პოლიტიკაზე კონტროლის დაბრუნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით ამას შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი.
ვიმეორებ, აშშ-ს ისტებლიშმენტს რუსეთის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი პოზიცია, მაგრამ ასევე ურყევია თუ არა იგი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ტრამპისეულ თეზისებში, ჯერ გაურკვეველია.
ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რომ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკა განსაზღვული და ჩამოყალიბებულია

ამის თქმის საფუძველს იძლევა სულ ახლახანს ტილერსონის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯერ მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს სანქციების პაკეტს, მაგრამ მას შემდეგ რაც ტრამპმა ხელი მოაწერა მას, ტილერსონმა განაცხადა - ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტი ჩვენ დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში”.
პრაქტიკულად, ეს პარადოქსია, ვინაიდან აქამდე ამგვარი რამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარატამენტის, ასევე სხვა ქვეყნებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ახლა თავს იკატუნებენ იმის გასაგებად, ტილერსონის განცხადების შემდეგ თუ როგორ იმოქმედონ თავად ეკონომიკური სანქციების პოლიტიკის გატარებისას. ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რომ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, თეთრ სახლს ესტონეთსა და საქართველოში პენსის ვიზიტით სურდა კონგრესისთვის ენახებინა, რომ იგი მას არ ჩამორჩება საგარეო პოლიტიკის გატარებაში იმ ფორმატში, რაც კონგრესმა მიიღო და რაზეც ტრამპმა ხელი მოაწერა.
თუ ჩვენ ისევ პენსის თბილისში ვიზიტს დავუბრუნდებით, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - თუ პენსის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, სახეზე გვაქვს სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება. იგულისხმება ის, რომ ვაზიანის ბაზაზე ნატოელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო სწავლება ტარდება. ასევე სამხედრო სწავლება ტარდება სამხრეთ ოსეთში რუსეთის შენაერთების მონაწილეობით. თუ ფიქრობთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტურები რეალურად უკვე არსებობს?

- სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ ჩემთვის ძნელია საუბარი, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციაა - გულწრფელად გეტყვით, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე ჯერ ვერ ვხედავ რუსეთის გარშემო ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მაგრამ ვხედავ მოსკოვის სრულ დაბნეულობას და იმას, რომ იგი არაა მზად ტრამპის ზიგზაგული საგარეო პოლიტიკის პირობებში იმოქმედოს.
ჯერ ვერ ვხედავ რუსეთის გარშემო ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მაგრამ, ვხედავ მოსკოვის სრულ დაბნეულობას და იმას, რომ იგი არაა მზად ტრამპის ზიგზაგული საგარეო პოლიტიკის პირობებში იმოქმედოს

სახეზე გვაქვს 2014 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის სრული კრახი. ვფიქრობ, ეს მოსკოვში უკვე ესმით, მაგრამ სიტუაციაში, როცა ვაშინგტონი ატარებს პოლიტიკას ლოზუნგით - ამერიკის ინტერესები უპირველეს ყოვლისა, რომლის დროსაც ამერიკა ყურადღებას არ მიაქცევს არაფერს და მას არ იქნება შეზღუდვები, მოსკოვმა უბრალოდ არ იცის რა უნდა აკეთოს.
და ეს ხდება მაშინ, როცა მანამდე უკვე დაგეგმილი იყო გარკვეული გეოპოლიტიკური მანევრები. ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე რუსეთი ნატოს ქვეყნების საზღვართან სამხედრო თვითმფრინავების ფრენებს ახორციელებდა. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთი ნატოს საზღვართან 100 000 ჯარისკაცის დისლოცირებას განახორციელებს, არავის იცის ეს რას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამ ჟესტს ნატო მის წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯად შეაფასებს.
თუ სიმეტრიაზე ვისაუბრებთ, არ არის გამორიცხული, რომ ნატომ ნიადაგის მოსინჯვის ტაქტიკის ფარგლებში რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან სიახლოვეს იგივე გააკეთოს, ანუ თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიეროს. მათი მხრიდან ეს რაციონალური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად თქვენთან საუბრის წინ ვკითხულობდი ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ პუტინს დასავლეთთან კონფრონტაცია სურს.
ღმერთო ჩემო, სულ ახლახანს ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტ სოლოვიოვთან პუტინის ინტერვიუ, სადაც პუტინი საკუთარ თავს არ ჰგავდა. იგი ცდილობდა სანქციების პაკეტის გათვალისწინებით თავისი პასუხების ფორმულირებას. მან არ იცოდა რა ეთქვა. მეტიც, მისი პოზიციები საკმაოზე უფრო მერყევად გამოიყურებოდა და მასზე მეტად დაბნეული ადამიანი არც კი მინახავს.
არ არის გამორიცხული, რომ ნატომ ნიადაგის მოსინჯვის ტაქტიკის ფარგლებში რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან სიახლოვეს იგივე გააკეთოს, ანუ თავისი სამხედრო ყოფნა გააძლოეროს

პუტინის მთელი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ მან არ იცის რა უნდა აკეთოს. მას არ სურს კონფრონტაცია, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - მან კონფრონტაციული რესურსი სრულად ამოწურა. ამერიკასთან და დანარჩენ სამყაროსთან კონფრონტაციის გაგრძელების შედეგი იქნება რუსეთის სრული ეკონომიკური და ფინანსური ბლოკადა. ასე იქნება იმის გამო, რომ სანქციათა პაკეტი ამოაგდებს რუსეთს გლობალიზაციის პროცესისაგან. არავინ იცის, რა უნდა მოუხერხოს რუსეთმა ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან რუსეთი კარგავს ფინანსებს, ბაზრებს, ტექნოლოგიებს. ასეთ სიტუაციაში რუსეთის მხრიდან კბილების გამოჩენა რუსეთისავე მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
- ფაქტია, რომ კრემლი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მეორე მხრივ, პოსტსაბჭოთა სივცეში აშშ-ც დგას გამოწვევების წინაშე. მხედველობაში მაქვს როგორც უკრაინა, ისე საქართველო. იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, მხედველობაში მაქვს პოსტსაბჭოთა სივცეში აშშ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები, კრემლში გარკვეული დაბნეულობის მიუხედავად, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი მოსკოვის მხრიდან?
- მე გავბედავ და შემდეგ ვარაუდს გამოვთქვამ - ვფიქრობ, ახლა, როცა კრემლში ყველაზე მეტად იმაზე ფიქრობენ თუ რა მოდელის ფარგლებში ააგონ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის საარჩევნო კამპანია, ამის განმსაზღვრელი კრემლის შიდაპოლიტიკური მოთხოვნები იქნება. როცა ამას ვამბობ, ვითვალისწინებ შიდაპოლიტიკური პროცესების ლოგიკასა და იმ განწყობებს, რომელიც კრემლში ძალოვანებს აქვთ.
ჩემი აზრით, კრემლი შეეცდება ძალიან მოუხერხებლად განახორციელოს ქცევის დაახლოებით ასეთი მოდელი - მარხილში ჩაბმული ცხენებზე რბოლა, როდესაც ცხენები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ.
ერთის მხრივ, პუტინისთვის აუცილებელია მოირგოს მებრძოლი მაჩოს ნიღაბი, რადგან ამას მოითხოვს მისი ელექტორატი. ამისათვის საჭირო იქნება რუსული თვითმფრინავების ნატოს საზღვრებთან კურსირება, მეორე მხრივ, ის მოსინჯავს ნიადაგს გამოიყენოს ყველა დიპლომატიური, ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ აღადგინოს კონტაქტები ამერიკელებთან და ევროპელებთან. უპირველესად ამერიკელებთან. ბუნებრივია, ეს წინააღმდეგობრივი პოლიტიკაა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი მოქმედებებიც არაა გამორიცხული.
ვთქვათ ისეთი, როგორიც ამას წინათ ვიცე-პრემიერ როგოზინის ფრენა იყო. მხედველობაში მაქვს მოლდოვაში მოსახვედრად მისი სამგზავრო თვითმფრინავით რუმინეთში ჩაფრენა, საიდანაც იგი უკან მოაბრუნეს. ეს ხომ პროვოკაცია იყო. მომხდარის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროვოკაციებს კიდევ ექნება ადგილი.
როგორც ჩანს, მოსკოვი გააგრძელებს პროვოკაციული პოლიტიკის გატარებას. მაგრამ, უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვი სასოწარკვეთილი ცდილობს დასავლეთთან მოძებნოს ნორმალური ურთიერთოებების აღდგენის შესაძლებლობები და როგორმე შეამსუბუქოს სანციების პაკეტი. დაახლოებით ისე, როგორც ეს გერმანული კომპანია ”სიმენსის” ტურბინების ყირიმში მიწოდების შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, ”სიმენსმა” წინასწარ იცოდა, რომ ეს ტურბინები ყირიმისთვის იყო განკუთვნილი. მოსკოვი გააგრძელებს რამდენიმე დონეზე თამაშის პოლიტიკის გატარებას - კონფრონტაციისა და დაყოლიების დონეებზე.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი 8 აგვისტოს შესაძლოა სოხუმს ეწვიოს. იმ ვითარებაში, რომელიც თქვენ აღწერეთ, თუ პუტინს მართლაც გაუჩნდა სოხუმში ჩაფრენის სურვილი, ხომ არ ტოვებს ეს შთაბეჭდილებას, რომ კრემლს ვაშინგტონისთვის სხვა პასუხი არ აქვს... თქვენი აზრით, მისი მხრიდან ეს ნაბიჯი თბილისმა როგორ უნდა წაიკითხოს?
- არ მაქვს ინფორმაცია თუ როგორ მიიღება კრემლში გადაწყვეტილებები, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმში პუტინის სავარაუდო ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნებოდა მიღებული.
კრემლი შეეცდება ძალიან მოუხერხებლად განახორციელოს ქცევის დაახლოებით ასეთი მოდელი - მარხილში ჩაბმულ ცხენებზე რბოლა, როდესაც ცხენები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ

ბოლო 6 თვე პუტინი კრემლში თავის გუნდთან ერთად იჯდა და ელოდებოდა რუსეთთან მიმართებაში ამერიკის მხრიდან ურთიერთოებების გაუმჯობესებას, ანუ სანქციების შერბილებას. ამიტომ იყო, რომ იგი დონბასში კონფრონტაციის შესუსტებაზეც კი წავიდა. დარწმუნებული ვარ, პუტინის სოხუმში სავარაუდო ჩასვლის შესახებ გადაწყვეტილება თბილისში პენსის განცხადებებს უკავშირდება. უდავოა, რომ კრემლის ეს გადაწყვეტილება და დონბასშიც ვითარების გამწვავება გახლავთ დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებისათვის შესაძლებლობებათა ტესტირება.
- რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილს მიიღებს თბილისი?
- უდავოა, თბილისისთვის ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რესურსები და მზადაა ისინი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს სამაგიეროს მიზღვის პოლიტიკის გასატარებლად.
პუტინის სავარაუდო ვიზიტი სოხუმში გაფრთხილებაა იმაზე, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის რეგიონიდან გასვლას, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გაძლიერების შემთხვევაში არ აპირებს უკან დახევას. პუტინის სოხუმში სავარაუდო ჩასვლის შესახებ ინფორმაციამ იმის გამო გამაკვირვა, რომ უკანასკნელი 6 თვე პუტინი ცდილობდა არსად არ დაეძაბა ვითარება.
- უკანასკნელ თვეებში ცხინვალის რეგიონში არაერთი ბანერი იქნა დადგმული. მათ შორის გორი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სულ რაღაც 400-500 მეტრში...
- რამდენადაც ვიცი, ტერიტორიების მიტაცების პროცესი იმ ადგილებში მუდმივად ხდებოდა მანამდეც. მაშინ, როცა ახლა უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე მიდის კამათი, პუტინი ცდილობდა არ გაემწვავებინა ვითარება. მე მაინც მგონია, რომ რაღაც საკითხები პუტინთან არ თანხმდება. არა მგონია, როგოზინის პროვოკაციული მგზავრობა, რომლითაც გართულდა ურთიერთობები როგორც მოლდავეთთან, ისე რუმინეთთან, პუტინთან იყო შეთანხმებული.
პუტინის სავარაუდო ვიზიტი სოხუმში გაფრთხილებაა, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის რეგიონიდან გასვლას, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გაძლიერების შემთხვევაში არ აპირებს უკან დახევას

დარწმუნებული ვარ, ასეთი კერძო შემთხვევები პუტინის გარეშე ხდება. ეს შეიძლება იყოს ძალოვნების ანდაც კრემლში გარკვეული პოლიტიკური ლობისტური ჯგუფების ინიციატივა, რომლებიც თავისი საგარეო-პოლიტიკური შესაძლებლობების ტესტირებას ახდენენ. უდავოა, ბევრი რამ ისეთიც ხდება, რაც უკვე კრემლის კონტროლს აღარ ექვემდებარება.
- შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში თავის დროზე კრემლმა ფსონი აფხაზ და სამხრეთელ ოს სეპარატისტებზე გააკეთა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მოსკოვმა თავად მოისპო თბილისთან მანევრირების საშუალება...
- მე ვხედავ, რომ საქართველო იყო და რჩება კრემლის ერთ-ერთი განსაკუთრებული ალერგიის ფაქტორად. ეს არაა დაკავშირებული სააკაშვილის მმართველობასთან. ფაქტია, რომ საქართველო კარგა ხანია კრემლის ალერგიული ფაქტორების სიაში.
იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში რუსეთს დაძაბულობის ამდენი ურთულესი კერა შეექმნა, მეჩვენება, რომ საქართველო მოსკოვის პოლიტიკის დღის წესრიგიდანაა გამქრალი. ახლა მთავარი თემები უკრაინა და ტრამპია. მიუხედავად ამისა, საქართველო რჩება რუსეთის ერთ-ერთ ალერგენად.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”







მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები