არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
თუ რუსეთი ან საქართველოში ან უკრაინაში ღია სამხედრო კონფლიქტს გაბედავს, ეს მისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება
11:41 05-08-2017
თუ რუსეთი ან საქართველოში ან უკრაინაში ღია სამხედრო კონფლიქტს გაბედავს, ეს მისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუმკაცრა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა ბრძანა, რომ კონგრესისა და სენატის გადაწყვეტილებებზე პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯოიბესების პერსპექტივას წერტილი დაესვა. რუსი პოლიტოლოგის ანდრეი პიონტკოვსკის შეფასებით კი - ”ყველამ ვერ გაიგო, რომ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებით რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა დამნაშავეთა დაჯგუფებადაა გამოცხადებული”.
აშკარაა, რომ ეკონომიკურ სფეროში ვაშინგტონ-მოსკოვის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაშია შესული. თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ეკონომიკურ სფეროში აშშ-რუსეთის დაპირისპირება?

- ასეთი „გადამწყვეტი ფაზები“ ბევრი იყო აშშ-სა და რუსეთის, უფრო სწორად კი საბჭოთა კავშირის, ურთიერთობებში. გავიხსენოთ, თუნდაც, 1962 წლის „კარიბის სარაკეტო კრიზისი“, რომელმაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის კინაღამ ბირთვული ომი გამოიწვია, ან კიდევ 1982 წელი, როცა პრეზიდენტმა რეიგანმა სსრკ-ს „ბოროტების იმპერია“ უწოდა. ასე რომ, ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტალღისებრად ვითარდება და დაპირისპირების პერიოდებს დათბობის პერიოდები ცვლის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ეს მთლიანად პუტინის ადმინისტრაციის სინდისზეა

მაგრამ ისიც მართალია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობები არასდროს ყოფილა. ეს მთლიანად პუტინის ადმინისტრაციის სინდისზეა. აშშ საგარეო ურთიერთობებში ძალიან ხისტი და მდგრადი პრინციპებით ხელმძღვანელობს, ხოლო პრეზიდენტი პუტინი პოლიტიკურ ფერს ქამელეონივით იცვლის.
ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბატონ პუტინს თავისი ეკონომიკური „შამათი“ სურს გაამართლოს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებით და ამ თვალსაზრისით დღეს მისთვის აშშ-სთან ურთიერღობების დათბობა წამგებიანია.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ პრინციპებზე გადაყვანა მხოლოდ „პოსტ-პუტინური“ რუსეთის პირობებში იქნება შესაძლებელი

არაერთხელ მითქვამს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ პრინციპებზე გადაყვანა მხოლოდ „პოსტ-პუტინური“ რუსეთის პირობებში იქნება შესაძლებელი.
- რუსეთის მიმართ აშშ-ს მიერ გადადმულ ნაბიჯებს რომ კრემლი უპასუხოდ არ დატოვებდა, წინასწარ იყო ცნობილი. პრეზიდენტმა პუტინმა უკვე განაცხადა - ”ჩვენ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ”. შეიძლება ითქვას, რომ 9 აგვისტოსათვის პუტინის სოხუმში დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონისათვის მოსკოვის პასუხის ნაწილია. პოლიტიკოსთა და დამკვირვებელთა ერთი ნაწილი პუტინის სოხუმში ვიზიტს ”ძალიან ცუდ სიგნალად” მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან ღია აგრესია მოსალოდნელი არაა და იგი გააგრძელებს ჩვენს მიმართ ”რბილი ძალის” გამოყენებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გართულებული ურთიერთობების ფონზე პუტინს კბილების გამოჩენის სურვილი გაუმძაფრდება, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ კრემლი თბილისის მიმართულებაზე გააქტიურდეს.
თქვენი აზრით, საქართველოს მიმართულებაზე სავარაუდოდ როგორი იქნება ამერიკულ გამოწვევაზე კრემლისა და პუტინის მოქმედების სავარაუდო სცენარი?

- ეს პუტინის სოხუმში პირველი ვიზიტი ხომ არ არის, იგი 2013 წელსაც სტუმრობდა აფხაზეთს და მაშინაც დაშინებული ექსპერტების შეძახილები ისმოდა, - „არიქა, ომი კარს მიგვადგაო“.
მართალია, რუსეთთან მიმართებაში რაიმე სახის ლოგიკური პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ღია სამხედრო კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის. ამაზე რამდენიმე გარემოება მეტყველებს.
პირველი - მედვედევის კომენტარში გაიჟღერა იდეამ, რომ რუსეთი აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს შორის შექმნილი უთანხმოების გაღრმავებას შეეცდება და ამ თვალსაზრისით მისთვის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა წამგებიანი იქნება.
მეორე - მოსკოვმა ხმა არ ამოიღო ანაკლიის ღრმა პორტის მშენებლობის დაწყებაზე, ანუ იგი შეეგუა შავ ზღვაში სამხედრო ჰეგემონის პოზიციის დაკარგვას.
რუსეთთან მიმართებაში რაიმე სახის ლოგიკური პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ღია სამხედრო კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის

მესამე - ბატონი პესკოვის თქმით, მოსკოვი პატივისცემით ეკიდება აშშ-სა და რუსეთის მეზობლებს შორის თუნდაც სამხედრო ურთიერთობებს. შესაძლებელია, ეს თვალში ნაცარის შეყრაა, მაგრამ თუ რუსეთი ან საქართველოში ან უკრაინაში ღია სამხედრო კონფლიქტს გაბედავს, ეს მისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება.
- ვითარებაში, როცა პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს - ”ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე სახიფათო დონეზეა - ამისათვის მადლობა კონგრესს ეკუთნის” - ანუ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საგარეო პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ტრამპის განცხადებების გათვალისწინებით ბოლომდე მთლად ცხადი არაა, როგორ იმოქმედებს თეთრი სახლი რუსეთის მიმართ, ჩვენს ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალობაში, თქვენი ვარაუდით, საქართველოს მთავრობისათვის ერთის მხრივ, რა საგარეო და მეორე მხრივ, რა საშინაო გამოწვევებია ყველაზე მნიშვნელოვანი?
- გამოწვევები „იგივეა მარად და მარად“ - ეს ჩვენი სამეზობლო და, პირველ რიგში, რუსეთია. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მთავრობა სწორად იქცევა, არავითარ შემთხვევაში იგი არ უნდა აყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას და რუსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკა არ უნდა გაახისტოს.
ეს სტრიქონებს შორის ჩანდა თუნდაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლაში, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა დააიმედა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოიწონა.
ჩვენი მთავრობა სწორად იქცევა, არავითარ შემთხვევაში იგი არ უნდა აყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას და რუსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკა არ უნდა გაახისტოს

ჩვენ იგივე პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სინამდვილეში ცივილიზებული მსოფლიოსა და დიდი შვიდეულის ქვეყნების ეროვნული ღირსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.
- არსებულ მოცემულობაში საქართველოს მთავრობისთვის მოქმედების საუკეთესო დღის წესრიგი სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს?
- მე რატომ მეკითხებით, მე პრემიერ-მინისტრი არა ვარ. პრინციპები, სტრატეგია დაგისახელეთ, ხოლო ტაქტიკის შესამუშავებლად გაცილებით უფრო დიდი ინფორმირებულობა, - მათ შორის, კონფიდენციურ საკითხებზე, არის საჭირო.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თქვენ როგორ დაახასიათებდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას? იგულისხმება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დისკურსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის საჯარო სივრცეში ღია დაპირისპირებაც..
- ამ თემაზე წინა ინტერვიუში დეტალური პასუხი გაგეცით. მას შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. გაგახსენებთ, რომ ჩემი აზრით, მხოლოდ თბილისის მერობის ირგვლივ გაჩაღდება მწვავე კონკურეცია, დანარჩენ საქართველოში, შესაძლოა, აჭარის გამოკლებით, მეტ-ნაკლები სიმშვიდე იქნება.
- ენ-დი-აი-ს კველევებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი კია, მაგრამ თუ მის უკანასკნელ გამოკითხვებს ყურადღებით დავუკვირდებით, მრავალმხრივ საინტერესო და იმავდროულად საგანგაშო საინტერესო სურათს დავინახავთ. კერძოდ, იმას, რომ ამომრჩეველთა 62% არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას მოახლოებულ არჩევნებზე. ასევე იმას, რომ გამოკითხულთა 37%-ს არც ერთი პარტია არ მოსწონს.
თუ ამავე თემაზე ექს-სპიკერის დავით უსუფაშვილის შეფასებას - ”ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაც არ შეინიშნება” გავიხსენებთ, საკმაოდ არასახარბიელო სურათის დანახვა არ გაგვიჭირდება... თქვენ ასე არ თვლით?

- დავით უსუფაშვილმა ეს სიტყვები საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა. ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული გადაჭარბებაა, მაგრამ ყოველ ხუმრობაში არის ჭეშმარიტების დიდი ნაწილი.
თუ ახალი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა, ადგილობრივი არჩევნები რეკორდულად მცირე ამომრჩეველთა მონაწილეობას დააფიქსირებს. ვიმორებ, ეს თბილისს არ ეხება. ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა კი ფსონი საპრეზიდენტო და ახალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა დადონ

მეჩვენება, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა, ადგილობრივი არჩევნები რეკორდულად მცირე ამომრჩეველთა მონაწილეობას დააფიქსირებს. ვიმორებ, ეს თბილისს არ ეხება. ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა კი ფსონი საპრეზიდენტო და ახალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა დადონ. დარჩენილ რამდენიმე თვეში საარჩევნო გარემოს შეცვლა შეუძლებელია.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ”ქართული ოცნების” მმართველობის მეხუთე წლისთავისათვის ქართული პოლიტიკური მოედანი გარკვეულწილად ცარიელიც კია... ყველაზე აქტიურ ძირითად მოთამაშეებს ნდობისა თუ რეიტინგის პრობლემა აქვთ... ასპარეზზე დამოუკიდებელი ფიგურები კი ჩანან, მაგრამ საზოგადოებაში მათ რეალურ წონაზე საუბარი ჯერ ჭირს... არა პოლიტიკური კაპიტალის, არამედ რესურსების გათვალისწინებით პოლიტიკურ ველზე ყველაზე მეტად შესამჩნევი თუ წონიანი ფიგურა კახა კალაძეა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგაა ვინ გახდება თბილისის მერი, რა გამოდის? - ქართული პოლიტიკა კალაძის იმედზეა?
- რა ვქნათ, პოლიტიკურ „ბ“ კლასში გადავედით. ახალი პოლიტიკური ფიგურების გაჩენა ადვილია, ახალი პოლიტიკური იდეების შემუშავებაა ძნელი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთად სიტუაცია კომიკურად მარტივია: დღეს საქართველოში მხოლოდ ორი პარტია არსებობს მკვეთრად საპირისპირო იდეოლოგიით. ეს არის „ქართული ოცნება“ ადამიანის თავისუფლების პატივისცემის დედააზრით და ”ნაციონალური მოძრაობა” მისგან გამოქცეულ ახალშობილებთან ერთად ეტატისტური მისწრაფებებით. მათ შორის გადაულახავი რღვევაა.
ჩვენთან ოპოზიცია ისევ ძველი იდეებით საზრდოობს და არ ესმის, რომ ახალ სინამდვილეში ძველი სამოსით შესვლა შეუძლებელია

ახალ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც პოლიტიკურ ალტერნატივას შესთავაზებს მოსახლეობას, ამ სიცარიელის დაკავება შეუძლია. ჩვენთან კი ოპოზიცია ისევ ძველი იდეებით საზრდოობს და არ ესმის, რომ ახალ სინამდვილეში ძველი სამოსებით შესვლა შეუძლებელია.
- ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მერობის კანდიდატებს ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას, ელეკო ელისაშვილს გაერთიანებისკენ და პრაიმერის საშუალებით მერობის ყველაზე ძლიერი კანდიდატის შერჩევისკენ მოუწოდა. თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ისინი გაერთიანებას და დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?
- ეს პროცესი წინა კითხვაზე ჩემს მიერ აღწერილი სინამდვილეს ვერ შეცვლის. პარტიები შეიძლება გაერთიანდნენ და დაშორდნენ ერთმანეთს, ამით მოსახლეობის გულს ვერ მოიგებენ. გიორგი ვაშაძის მოწოდება კი მხოლოდ პოლიტიკური, არც ისე ღრმად გააზრებული დემარშია და სხვა არაფერი.
თუ ბატონი ელისაშვილი გაუაზრებლად ”ნაციონალებთან” ან ყოფილ ”ნაციონალებთან” ალიანსზე წავა, იგი მაშინვე დაკარგავს თავისი მხარდამჭერების ნდობას

როგორ გესახებათ ბატონი ალეკო ელისაშვილის მოლაპარაკება ყოფილ თუ აქტიურ „ნაციონალებთან“, ის ხომ მთელი შეგნებული ცხოვრება მათ უპირისპირდებოდა? ხოლო თუ ბატონი ელისაშვილი გაუაზრებლად ”ნაციონალებთან” თუ ყოფილ ”ნაციონალებთან” ალიანსზე წავა, იგი მაშინვე დაკარგავს თავისი მხარდამჭერების ნდობას.
- ”შენების მოძრაობამ” მერობის თავის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი დაასახელა, რომელიც ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. შერგელაშვილის კვალიფიციურობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მმართველმა გუნდმა მასთან თანამშრომლობა რატომღაც არ ისურვა...
- ბატონი თენგიზი იდეოლოგიურად ყოველთვის დავით უსუფაშვილის თანამოაზრე იყო. ობიექტურად ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ, ვინაიდან კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ და მომწონს ბატონი თენგიზი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები