არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეძლებს მისი მინუსების პლუსებად ქცევას და მისივე პლუსების პლუსებადვე შენარჩუნებას
12:04 14-08-2017
ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეძლებს მისი მინუსების პლუსებად ქცევას და მისივე პლუსების პლუსებადვე შენარჩუნებას საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, მიუხედავად იმისა, რომ სიცხისაგან ყველანი დაზაფრულნი ვართ, ჩვენში არც პოლიტიკურ პროცესს ეტყობა საზაფხულო არდადეგები, არც პოლიტიკოსებს და არც მათ ქმედებებზე საზოგადოების რეაქციებს.
მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სივრცეში უამრავი რამ ხდება,რეალურად თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული სურათის დანახვა ხშირად მაინც ჭირს.
ვინაიდან ქართული პოლიტიკის სამივე ძირითად აქტორებს - ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას სხვადასხვა კოორდინატთა სისტემებში მოქმედება აშკარად ეტყობათ, მათზე ცალ-ცალკე საუბარი მინდა შემოგთავაზოთ. დავიწყოთ ხელისუფლებით. ”ქართული ოცნება” მეხუთე წელია მართავს ქვეყანას. თქვენი დაკვირვებით, რას მიიჩნევდით ”ქართული ოცნების” მმართველობის ყველაზე დიდ პლუსად და ყველაზე დიდ მინუსად?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლების საქმიანობის პლუსებისა და მინუსების ჩამონათვლის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ, შესაძლოა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ რაც ხელისუფლების პლიუსია, ის გარკვეულ წილად მათი მინუსიცაა.
ხელისუფლების ერთ-ერთი პლუსი არის ქვეყანაში თავისუფლების ხარისხის მატება. მაგრამ, ეს პლუსი, ამავე ხელისუფლების მინუსია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ”თავისუფლება” ძალიან ჰგავს იმას, რაზეც ფრანგები ამბობენ - მიდი მიუშვი! მხედველობაში მაქვს პროცესებში არ ჩარევის ვითარება, რომლის დროსაც ერთგვარი უძრაობის სიტუაცია ყალიბდება.

”თავისუფლება,” რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპასუხისმგებლო თავისუფლებას უფრო ჰგავს

”თავისუფლება” მაშინ არის ღირებული, როცა ის ეფუძნება პასუხისმგებლობას და მოქალაქეს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ სპინოზამ თქვა და შემდეგ ჰეგელმა აიტაცა - ”თავისუფლება არის გაცნობიერებული აუცილებლობა.”
”თავისუფლება,” რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპასუხისმგებლო თავისუფლებას უფრო ჰგავს. ასეთ ვითარებაში საზოგადოება უფრო მოშვებულია და მობილიზებული არაა.
თავისუფლების ვითარებაში ადამიანი აკეთებს თავისუფალ არჩევანს, მაგრამ მეორე მხრივ იგი თავის არჩევანზე პასუხისმგებლობას იღებს და თავისუფლებას ახორციელებს თავისი პასუხისმგებლობის საფუძველზე. ეს აკლია როგორც ამ ხელისუფლებას, ისე ჩვენს საზოგადოებას.
საზოგადოება პასიურ მოლოდინშია. არადა ”თავისუფლება” უფრო აქტიური პროცესია. როცა საზოგადოება პასიურ მოლოდინშია, ჩვენივე ”თავისუფლება” თავის მინუსებს შეიცავს. მეტიც, ამგვარი ”თავისუფლება” ხელისუფლებისთვისვე არის დამანგრეველი.
როცა საზოგადოება პასიურ მოლოდინშია, ჩვენივე ”თავისუფლება” თავის მინუსებს შეიცავს. მეტიც, ამგვარი ”თავისუფლება” ხელისუფლებისთვისვე არის დამანგრეველი

ხელისუფლებამ განახორციელა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ”ნაციონალების” ინიცირებული იყო. მათ გააგრძელეს გზის მშენებლობა გორის იქეთ და ამ პროექტებს ბევრი რამაც დაამატეს, მაგრამ ოპოზიცია მათ ხშირად საყვედურობს უზრუნველობას სხვა პროექტებზე, რომელიც ასევე გასაკეთებელია და საშური საქმე იქნებოდა გაკეთებულიყო.
ასეთ მაგალითსაც მოვიყვან - ხელისუფლებამ გააგრძელა იუსტიციის სახლების მშენებლობა რეგიონებში. ეს თვისობრივად იმის გაგრძელება იყო, რაც მანამდე იქნა დაწყებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ეს ხელისუფლების მხრიდან ინერციით მოქმედებას უფრო ჰგავს.
ხელისუფლებამ განახორციელა ისეთი პროექტი, რომელიც მართლაც მათი ინიციატივა იყო. მხედველობაში მაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი. როგორც ჩანს, ეს პროექტი ნელ-ნელა ჩიხში შედის, ვინაიდან იგი საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. უნდა ეს ხელისუფლებას თუ არა, მას მოუწევს ამ პროექტის მასშტაბების შემცირება. ახლა ალბათ მთავარია, იგი სრულად არ ჩავარდეს და ამ სფეროში ვითარება ფეთქებადსაშიში არ გახდეს.
საყოველთაო ჯანდაცვა ხელისუფლების პლუსი იყო, მაგრამ თუ ისე გაგრძელდა, ახლა რა ვითარებაცაა ამ სფეროში, ვგულისხმობ ამ პროექტზე გამუდმებით თანხების ნაკლებობას, იგი ალბათ მალე ამავე ხელისუფლების მინუსი გახდება.
იგივე ეხება სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებს. ისინი მართლაც ამ ხელისუფლების ინიციატივა იყო. გვახსოვს თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ”ნაციონალების” მთავრობას სოფლის მეურნეობისადმი.
”ნაციონალებისაგან” განსხვავებით ”ქართულმა ოცნებამ” სოფლის მეურნეობაში საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მათი ხელისუფლების პლუსად მაინც ვერ აქციეს. ამ სფეროში ხელისუფლების ნაკლი ის აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობაში დაკავებული ადამიანი როგორიც იყო, ისეთივე დარჩა - მათ არ იმუშავეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების მენტალობის შეცვლაზე.
საყოველთაო ჯანდაცვა ხელისუფლების პლუსი იყო, მაგრამ თუ ისე გაგრძელდა ახლა რა ვითარებაცაა ამ სფეროში, იგი ალბათ მალე ამავე ხელისუფლების მინუსი გახდება

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების პლუსია დაუნდობელი ბრძოლა ნიკოტინთან. თუ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კარგს იზამენ და ეს ხელისუფლების დიდი პლუსი იქნება, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ცხოვრების არაჯანსაღ წესს უკავშირდება.
როგორც ვთქვი, ”თავისუფლება” კარგია, მაგრამ ხელისუფლების მინუსადაა ქცეული. ინფრსტრუქტურის პროექტებიც კარგია, მაგრამ ძველის გაგრძელებაა. საყოველთაო ჯანდაცვა პლუსია, მაგრამ დიდია ალბათობა იგი ხელისუფლებისვე მინუსად იქცეს, როგორც სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები. ხელისუფლების მინუსია ასევე ის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, კორუფციის ნიშნები სახეზეა და ფეხს იკიდებს ნეპოტიზმი. ანუ, თავი იჩინა ისეთმა პრობლემებმა, რაც თითქოს დაძლეული იყო.
ეკოლოგიურ კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანია ტყვიის შემცველობა. არც ხელისუფლება და არც ”ნაციონალები” არაფერს ამბობენ ბენზინის ხარისხის გაუარესებაზე. ევროპა ტყვიისგან დაცლილ ბენზინს მოიხმარს, ჩვენ კი ამაზე არც ვფიქრობთ. მეტიც, აშშ-ში გაგზავნილ ჩვენს სუნელებში ტყვიის შემცველობა მაღალი აღმოჩნდა.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს მმართველ გუნდს იმის რესურსი, რომ თავისი პლუსები კიდევ უფრო გააძლიეროს, ხოლო მინუსები პლუსებად აქციოს?
- ნაკლებად ჩანს იმის რესურსი, რომ ხელისუფლებამ თავისი მინუსები პლიუსებად აქციოს. ეტყობა, მიდი-მიუშვის პოლიტიკა არ არის სწორი. საჭიროა მკაცრი დემოკრატიის შემოღება. დემოკრატია მკაცრი რეჟიმია და არა გაუგებრობა და განუკითხაობა. ასეთი ვითარებაში ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება შეძლებს მისი მინუსების პლუსებად ქცევას და მისივე პლუსების პლუსებადვე შენარჩუნებას.
დემოკრატია მკაცრი რეჟიმია და არა გაუგებრობა და განუკითხაობა

ამას იმიტომ ვამბობ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებსა და იგივე სოფლის მეურნეობაში პროექტებს ამავე სფეროებში ვითარების გაუარესების ტენდენცია უფრო აქვთ ვიდრე გაუმჯობესების. უკაცრავად, რომ ტრაგიკულ სურათს ვხატავ, მაგრამ სამწუხაროდ, მე ჯერ ასე ვხედავ.
- თქვენი დაკვირვებით რა პროცესები შეინიშნება ოპოზიციურ ფლანგზე. ვინაიდან ჩვენი ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია ალბათ მათზეც ცალ-ცალკე ღირს საუბარი.
დავიწყოთ ორად გაყოფილი წინა ხელისუფლებით - ”ნაციონალებითა” და ”ევროპელი დემოკრატებით”. დამკვირვებელთა ნაწილი მათზე საუბრისას იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ არ შეიმჩნევა მათი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა. რამაზ საყვარელიძის განცხადებით - ”ოპოზიცია არ აღმოჩნდა კომპეტენტური, რითაც მმართველი პარტია დატოვა კონკურენციის გარეშე და ეს მიმაჩნია შიდა პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემად”.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად ასრულებენ ისინი ხელისუფლების ძირითადი კონკურენტის როლს? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ოპოზიციის არაკომპეტენტურობა არის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა?

- ”ნაციონალები” და ”ევროპელი დემოკრატები” ხელისუფლების ძირითადი ოპონენტები და კონკურენტები არიან. ”შუას გაკრეფის” თეზისი, რომელიც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, უკვე გულისხმობდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე უნდა ყოფილიყო ორი ძალა - ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალები”. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთის კონკურენტები და სპარინგ-პარტნიორები.
”ქართული ოცნება” და ”ნაციონალები” და მათი განაყოფი ”ევროპული დემოკრატები” ერთმანეთის სპარინგ-პარტნიორებად რჩებიან

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სააკაშვილის თემაზეა ჩაციკლული, ხშირად გაიგონებთ რომ სააკაშვილი უნდა ჩამოიყვანონ და იგი დაისაჯოს, ეს უკვე არსებულ მოცემულობას არ ცვლის. ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალები” და მათი განაყოფი ”ევროპელი დემოკრატები” ერთმანეთის სპარინგ-პარტნიორებად რჩებიან. მათ შორის გრძელდება თანამშრომლობა, იგივე სახის ურთიერთობაა, რაზეც ბევრჯერ იყო ნათქვამი. ისეთი ტიპის კონკურენტები, რომლებიც იმავდროულად თანამშრომლობაში არიან, ტოვებს შთაბეჭდილებას რომ არც ”ნაციონალები” და არც ”ევროპელი დემოკრატები” ქართული ოცნების” ნამდვილი ოპოზიცია არ არის.
კი ისინი ხელისუფლებას ხმამაღლა და სხვაზე მეტად აკრიტიკებენ, მაგრამ ”ნაციონალები” და ”ევროპელი დემოკრატები” ძირითადად ჩვენში ცხოვრების დაბალ სტანდარტებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ნამდვილად გახლავთ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი. მხედველობაში მაქვს დაბალი საარსებო მინიმუმი. ეს თემა მათ მართლაც მოუტანს გარკვეულ დივიდენდებს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ არც ”ნაციონალები” და არც ”ევროპელი დემოკრატები” ”ქართული ოცნების” ნამდვილი ოპოზიცია არ არის

ყველა კი ლაპარაკობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ ევროკავშირში არავინ შეუშვებს ქვეყანას, რომელსაც საკმაოზე მეტად დაბალი ცხოვრების სტანდარტები აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ღატაკი ადამიანი გყავს. მათხოვარი არავის არსად არ სჭირდება. არ ჩანს, რომ ხელისუფლებას ცხოვრების დონის დაბალი სტანდარტები დიდად ადარდებს.
- ე.წ. პროდასავლურ-ლებერალურ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი კონკურენცია რომაა, აშკარაა. ფაქტია, რომ პროდასავლურ-ლიბერალური არასაპარლამენტო ოპოზიციური ფლანგი კვალიფიციურობით ნამდვილად გამოირჩევა, მაგრამ არა საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ ნდობითა და რეიტინგით. ალბათ სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ამ პარტიათა ნაწილმა საერთოდ თქვა უარი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.
თქვენ რას დაუკავშირებდით იმ პროცესებს, რაც პროდასავლურ-ლიბერალურ არასაპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებში ხდება? თუ ადრე პროდასავლურ-ლიბერალური დისკურსი მეინსტრიმული იყო, ახლა რატომ აღარ არიან ამ პარტიების ლიდერები ისე პოპულარულები, როგორც წინა წლებში?

- მე ამას დავუკავშირებდი მარტივ მიზეზს - ფულის უქონლობას. ალასანიას გუნდი ივანიშვილთან რომ იყო, მხარდამჭერებიც ჰყავდათ და ისინი მეინსტრიმულებიც იყვნენ. მაშინ მათ ივანიშვილი აფინანსებდა. მახსოვს ივანიშვილის სასახლეში ალასანიას მისვლის კადრები. მას იქედან გამოსულს დარდიმანდული სიარული ჰქონდა, მისი სხეულის ენა გვეუბნებოდა - ახლა ჩემი დრო მოვიდა! პოლიტიკურ აქტივობას და საარჩევნო კამპანიას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. ეტყობა ისინი ვერც რესურსების მოზიდვას ვერ ახერხებენ.
თუ ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს რამეს შანსი, ქვეყანაში პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ მეინსტრიმული

თუ ჩვენს ქვეყანას უნდა რამეს შანსი ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში პროდასავლური ძალები უნდა იყვნენ მეინსტრიმული. ჩემი აზრით, საქართველო სახელმწიფოდ შედგა. სააკაშვილის დროს ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მოხდა. პრინციპში ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ქვეყანა ძლიერდება, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა მოსახლეობის ერთ ნაწილში საკმაოდ ფესვგადგმული პრორუსული ორიენტაცია.
- რას იტყოდით ”პატრიოტთა ალიანსზე”, რომელიც პარლამენტში ფრაქციითაა წარმოდგენილი?
- ჩემი აზრით, ამ პარტიასა და ფრაქციაში ძალიან ბევრი ოდიოზური ფიგურაა. ამ ფრაქციაში არიან პიროვნებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ პარლამენტარის სტანდარტებს, განათლების დონეს და ასე შემდეგ. მრცხვენია, რომ ქართულ პოლიტიკაში ისეთი პოლიტიკური ძალა არსებობს, როგორიც ”პატრიოტთა ალიანსია” და ისინი პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი. მე არავის ვახვევ თავზე საკუთარ აზრს. ყველას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ აუცილებელი არაა ყველა პარლამენტში იყოს.
მრცხვენია, რომ ქართულ პოლიტიკაში ისეთი პოლიტიკური ძალა არსებობს, როგორიც ”პატრიოტთა ალიანსია” და ისინი პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი

ჩემი დაკვირვებით, მათი საპარლამენტო საქმიანობა არ არის პროფესიონალური. მათ წვრილმანი ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, მაგრამ აქტიური საპარლამენტო საქმიანობისთვის ეს საკმარისი არ არის.
- ”პატრიოტთა ალიანსმა” შემოდგომაზე აქციები დაანონსა, რომელთა მოთხოვნა იქნება - ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნა, პირდაპირი დიალოგი კრემლთან და ”ოკუპაციის შესახებ” კანონის გაუქმება.
თქვენმა კოლეგამ, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ამ თემაზე საუბრისას ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა - ”იმედია, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფიქრდება და არ მოისურვებს გახდეს რუსული პროპაგანდის ბრმა იარაღი”. ამ ფრაქციის ლიდერებს არაერთხელ უარუყვიათ, თან კატეგორიულად, რომ პრორუსული ძალა არ არიან, მაგრამ, უკვე ნახსენები აქციებისთვის მზადება რომ მიმდინარეობს, ვხედავთ.
თქვენ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” არ მოისურვებს გახდეს რუსული პროპაგანდის ბრმა იარაღი”?

- მაქვს შთაბეჭდილება, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” უკვეა რუსული პროპაგანდისტული მანქანის ბრმა იარაღი. მათი რიტორიკა, მსჯელობის სტილი და საერთოდ საკითხებისადმი დამოკიდებულება სწორედ ამაზე მეტყველებს.
მაქვს შთაბეჭდილება, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” უკვეა რუსული პროპაგანდისტული მანქანის ბრმა იარაღი

- ე.წ. პრორუსულ ფრონტზეც რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ეგეც ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ”ქართული მარშის” ზოგი მოთხოვნა ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგები იყო, პროტესტის გამოხატვის ფორმამ კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. მეტიც, იგი ”რუსული მარშის” ანალოგადაც კი იქნა აღქმული.
საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შემდეგ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასევე რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.
თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკაში პრორუსული განწყობების მიზეზი რა შეიძლება იყოს? რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მარტო ”რბილი რუსული” ძალის შედეგი არაა...

- რუსული სპეცსამსახურები და დაზვერვა მთელ მსოფლიოში მოწინავეა. რუსებს საქართველოში შექმნილი ჰყავთ თავისი მხარდამჭერების მთელი გვარდია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ლიდერები რუსეთში ცხოვრობენ, ისინი საქართველოში წლების განმავლობაში ამინდს ქმნიან. ეს ძალები არსებობენ და ცოცხალია მათივე იდეები.
ესენი კი არა, ახლა მსოფლიოში ფაშისტებიც კი არსებობენ. ფსიქოლოგებმა გარკვეული მეთოდოლოგიით გამოიკვლიეს ადამიანების განწყობები, რომლებიც ფაშისტურთან ახლოს არის და აღმოჩნდა, რომ კაცობრიობის 33% ფაშისტურადაა განწყობილი.
რუსებს საქართველოში შექმნილი ჰყავთ თავისი მხარდამჭერების მთელი გვარდია... სულაც არ არის გასაკვირი რომ ჩვენთან ადამიანებს, რომლებიც რუსების დომინირებულ სივრცეში არიან გაზრდილი, პრორუსული განწყობები ჰქონდეთ

როცა მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთან ადამიანებს, რომლებიც რუსების დომინირებულ სივრცეში არიან გაზრდილი, პრორუსული განწყობები ჰქონდეთ. ეს ძალები არსებობენ ქართული საზოგადოების შიგნითაც და ქართული საზოგადოების გარეთაც. ეს პროცესი რომ იმართება, ფაქტია.
ათასობით ადამიანი იკვებება რუსეთში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისა და მათ მიერ ნაშოვნი გამოგზავნილი ფულით. რუსეთში წასული უამრავი ადამიანი არჩენს აქ ახლობლებს. ამ ფულს მოჰყვება ასეთი დამოკიდებულება - ჩვენი მამა-მარჩენალი არის რუსეთი. ამიტომ, სულაც არ მიკვირს, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მკაფიოდ გამოხატული პრორუსული განწყობებია.
- მთავრობისა და ოპოზიციის პრობლემებზე საკმაოდ ვისაუბრეთ. ახლა ჯერი ჩვენში მიმდინარე პროცესების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებზეა.
უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევებით, 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს, 37%-ს არც ერთი პარტიის სიმპათიები არ აქვს. ”ქართული ოცნება” მხარდამჭერებს კარგავს, მაგრამ ფაქტია, მხარდამჭერები არც მის ძირითად ოპონენტებად მიჩნეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ემატება. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, საზოგადოება როგორ აღიქვამს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს?

- ახლა საზოგადოებაზე საუბრისას ხშირად ხმარობენ სიტყვას - ნიჰილიზმი. ანუ საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობებია. ნიჰილიზმი სულაც არ არის ცუდი რამ, ნიჰილიზმი კრიტიკული დამოკიდებულებაცაა. საქმე ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ნიჰილიზმიც არ აქვს. ჩემი დაკვირვებით ჩვენს საზოგადოებას ბევრი რამის მიმართ უფრო ”ფეხებზე მკიდია” დამოკიდებულება აქვს.
კარგ ცხოვრებას პასუხისმგებლობა და აქტიურობა სჭირდება. ჩვენთან კი ნაცარქექიობა ურჩევნიათ

ჩვენი საზოგადობა უპასუხისმგებლო ადამიანთა საზოგადოება უფროა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ინდივიდები საკუთარ თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. მე ხშირად ვესაუბრები ადამიანებს როგორც ფსიქოლოგი და ასეთ დასკვნამდე მივედი - ჩვენი საშუალო ადამიანი იმდენად დაბეჩავებულია და თავის თავს ისე იბეჩავებს, რომ მას გულის სიღმეში არ უნდა კარგი ცხოვრება.
კარგ ცხოვრებას პასუხისმგებლობა და აქტიურობა სჭირდება. ჩვენთან კი ნაცარქექიობა ურჩევნიათ. რომ ამბობენ ქართველს კარგი ცხოვრება უნდაო, მე უკვე ლამისაა აღარ მჯერა. ჩემი აზრით, ქართველ ადამიანს ნაცარქექიობის გარდა არც არაფერი უნდა. ძნელია თქმა, საზოგადოების რა ნაწილს აქვს ასეთი დამოკიდებულება.
- რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხებს ახასიათებთ თუ იგი მხოლოდ ”ქართულია”?
- ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ნაწილობრივ პოსტსაბჭოურია. ამგვარი რამ ბალტიის ქვეყნებში არ შეიმჩნება, უფრო მართლმადიდებელ ქვეყნებს ახასიათებთ -უკრაინას, საქართველოს. სხვათა შორის, ამგვარი რამ სსრკ-ს ყოფილ მუსლიმურ ქვეყნებშიც შეიმჩნევა. ანუ იქ, სადაც დასავლური მენტალიტეტის არარსებობის პრობლემაა.
დასავლური მენტალიტეტი აგებულია ინდივიდის პასუხისმგებლობაზე. სწორედ აქედან მოდის ე.წ. ბურჟუაზიული ინდივიდუალიზმი, რომელსაც კომუნისტები ლანძღავდნენ. სინამდვილეში, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც თავისი ცხოვრების კაპიტნები არიან. სხვისი მომლოდინე კი არ არიან, არამედ თავის თავს თავად მართავენ.
დასავლური მენტალიტეტი აგებულია ინდივიდის პასუხისმგებლობაზე. სწორედ აქედან მოდის ე.წ. ბურჟუაზიული ინდივიდუალიზმი, რომელსაც კომუნისტები ლანძღავდნენ. სინამდვილეში, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც თავისი ცხოვრების კაპიტნები არიან

ჩვენი საზოგადოება არ არის თვითმართავზე არაორიენტირებული საზოგადოება. ოღონდ საკუთარი საქმე არ აკეთებინო და ცხოვრების ტალღებზე უნდა ყველას ბანაობა.
ამიტომაცაა ჩვენში ხშირად გაიგონებთ - საქართველო გაბრწყინდება!, უფალი მოგვცემს! ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰარი-ჰარალე დამოკიდებულება. ჰარი-ჰარალე ურარტულ ენაზე ნიშნავს - ღმერთო მომეცი!
ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვინც საუკუნეებია მღერის ჰარი-ჰარალე, ჰარი-ჰარალე! მთავარი უბედურება მაინც ისაა, რომ ჰარი-ჰარალეს ხმამაღლა სიმღერა არ გვწყინდება. სამწუხაროდ, ღმერთო მომეცის ძახილი რატომღაც რელიგიურობა ჰგონიათ. არადა, ღმერთი გვეუბნება - ხელი გაანძრიე და გექნება!

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები