არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
მოსკოვს სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე
13:25 16-08-2017
მოსკოვს სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელს, რუსეთის სათათბიროს არაერთი მოწვევის ყოფილ დეპუტატსა და რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ალექსეი არბატოვს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, საქართველოს უახლეს ისტორიაში აგვისტო საკმაოდ დრამატული თვეა. სწორედ აგვისტოში დაიწყო 2008 წელს ომი ცხინვალის რეგიონში, 1992 წლის 14 აგვისტოს - ომი აფხაზეთში. ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი.

თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო პოლიტიკაში 2017 წლის აგვისტოსთვის ჩამოყალიბებულ და ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ვითარებას?
- მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს სტატიკა. რაღაც ყოველთვის იცვლება. ჩემი აზრით, ახლა საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო მცოცავი ცვლილებების დროა. მაგრამ, არა ისეთის, როგორიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, ანდა 2013 წლის დეკემბერში უკრაინაში რომ იყო. ახლა შეიმჩნევა დინამიკური უძრაობა. თუმცა, მას არ შეიძლება ეწოდოს არც პოზიტიური და არც მდგრადი.
ახლა საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო მცოცავი ცვლილებების დროა... შეიმჩნევა დინამიკური უძრაობა. თუმცა, მას არ შეიძლება ეწოდოს არც პოზიტიური და არც მდგრადი

- ამ თემაზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ცუდი, როგორც ახლაა. მეტიც, საუბრობენ იმაზე, რომ ”ცივი ომი-2” დიდი ხანია მიმდინარეობს, დაპირისპირება და კონკურენცია სულ ახალ ფორმებს იძენს ეკონომიკისა და ფინანსურ სფეროებში. მხედველობაში მაქვს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ერთის მხრივ აშშ-სა და რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ ევროპასა და რუსეთს შორის ხდება და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- დიახ, როგორც აშშ-სა და რუსეთს, ისე ევროპასა და რუსეთს შორის ახლა ძალიან ცუდი ურთიერთობებია. სულ რამდენიმე თვის წინ კიდევ იყო მოლოდინი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა. ამგვარი მოლოდინი უკავშირდებოდა აშშ-ს ხელმძღვანელობაში მომხდარ ცვლილებებს.
თუ ისტორიულ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ იმაზეც, რომ ეს ურთიერთობები, 1980 წლებიდან მოყოლებული, ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. მე აღარაფერს ვამბობ ”ცივი ომის” დასრულების პერიოდზე, რომელიც 80-იანი წლებისა და 90-იან წლების მიჯნაზე იყო.
პრაქტიკულად, 30 წელი აშშ-სა და რუსეთს და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთოებები არასდროს არ ყოფილა ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც ახლა

მართალია, 1983 წელს იყო ცოტა გართულებული ვითარება, მაგრამ სსრკ-ს ხელმძღვანელობაში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ სიტუაციამ დაიწყო გაუმჯობესება. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ურთიერთობები ზოგჯერ პაუზებით უმჯობესდებოდა და ასე იყო 2013 წლამდე. პრაქტიკულად, 30 წელი აშშ-სა და რუსეთს და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთოებები არასდროს არ ყოფილა ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც ახლა.
- ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მტკიცებით, ისინი რუსეთის მიმართ ”შეკავების პოლიტიკას” ატარებენ. თავის მხრივ, კრემლის პროპაგანდა ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ”რუსეთი ციხე-სიმაგრეა” და ეკონომიკურ სანქციებთან გასამკლავებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.
ვიდრე თქვენ შეგეხმიანდებოდით, გავრცელდა ცნობა, რომ რუსულ ”ტემპბანკს” საერთაშორისო მონაცემებზე ინფორმაციული წვდომის SWIFT სისტემა გაუთიშეს. თქვენი დაკვირვებით, რა პერსპექტივა აქვს ერთის მხივ რუსეთის მიმართ დასავლეთის ”შეკავების პოლიტიკას”, ხოლო მეორე მხრივ კრემლის პოლიტიკას -”რუსეთი ციხე-სიმაგრეა”?

- პერსპექტივები საკმაოდ მუქ ფერებშია. მადლობა ღმერთს, ახლა მწვავე კრიზისი არაა, მაგრამ სიტუაციას აქვს გაუარესებისა და დეგრადაციის ტენდენცია. SWIFT სისტემის გათიშვა, რაც თქვენ ახსენეთ, ეს საბანკო სისტემისთვის მხოლოდ ”პირველი მერცხალია” - ეს სიგნალია და არა მხოლოდ ერთჯერადი აქცია. იგი რუსეთის მიმართ ახალი სახის სანქციების დაწყებას ნიშნავს. ამიტომ, ჯერ სიტუაცია გაუარესების და არა გაუმჯობესების ან დასტაბილურების მიმართულებით ვითარდება. ურთიერთობებში დინამიური სტაგნაცია ეხება ყველა საკითხს.
სიტუაციას აქვს გაუარესებისა და დეგრადაციის ტენდენცია. SWIFT -ის სისტემის გათიშვა, საბანკო სისტემისთვის ეს მხოლოდ ”პირველი მერცხალია”...

მაგალითად, უკრაინაში არსებულ სიტუაციას, სადაც ვითარება არც იცვლება და შესაბამისად, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. პოზიტიური ცვლილებების მოლოდინიც არ არსებობს. უკრაინაში არც დიდი ომია მოსალოდნელი, მაგრამ არც გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს.
ასეთივე ვითარებაა მოლდოვასა და დნესტრისპირეთში. ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთთან რუსეთის ურთიერთობებშიც ნარჩუნდება სიმწვავე და არასახარბიელო დინამიკა. იგივე ითქმის სირიაზე. სირიის საკითხებში გარკვეული შთანხმებები კია მიღწეული, მაგრამ პრობლემა ხომ გადაუჭრელი რჩება. ისტორიაში პირველად აშშ და რუსეთი სირიაში ღიად ატარებენ საკმაოდ დიდ სამხედრო ოპერაციებს ისე, რომ არ არიან ერთმანეთის მოკავშირეები. მეტიც, აქვთ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხებზე, თუ ვინაა მათი მტერი და ვინაა მათივე პარტნიორი.
გარდა ამისა, ძლიერდება გამალებული შეიარაღება. შეიარაღებაზე კონტროლის სისტემა ირღვევა. განსაკუთრებით ეს ეხება ბირთვულ იარაღზე კონტროლს. კორეის ნახევარკუნძულზე და საერთოდ შორეულ აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება...
- დაახლოებით ათი დღის წინ რუსეთმა ჩინეთის საზღვართან საზენიტო სისტემები გადაიტანა...
- დიახ, რუსეთმა ჩინეთის საზღვართან საზენიტო სისტემების გადატანით გააძლიერა შორეულ აღმოსავლეთში თავისი შეიარაღებული ძალები. თუ ამ რეგიონში რაკეტებმა დაიწყეს ფრენა, რუსეთს იმის საშუალება მაინც ექნება, რომ თავისი ტერიტორია დაიცვას.
ისტორიაში პირველად აშშ და რუსეთი სირიაში ღიად ატარებენ საკმაოდ დიდ სამხედრო ოპერაციებს ისე, რომ არ არიან ერთმანეთის მოკავშირეები

თუ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, ისინი იქ კიდევ უფრო საჭირო აღმოჩდებიან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის დასაცავად დამატებითი ძალების გადასროლის აუცილებლობაც დადგეს დღის წესრიგში. ჩინეთის საზღვართან რუსეთის გააქტიურება პასუხია იმაზე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ხდება.
- ფაქტობრივად, მსოფლიო დაუბრუნდა პერესტროიკამდე არსებულ ვითარებას. წარსულს ჩაბარდა ”გადატვირთვის” პოლიტიკა და თანამშრომლობა ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”. მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი არაა სსრკ, მხედველობაში მაქვს სსრკ-ს დაშლამდე მისი რესურსები. გასაგებია, რომ კრემლის დევიზია - ”არც ერთი ნაბიჯი უკან” , მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, კრემლის ასეთი პოლიტიკა სანამდე შეიძლება გაგრძელდეს?
- ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. თუ მანამდე, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 25-წლიანი ტურბულენტური პერიოდი იყო და რუსი ხალხი ამ 25-წლიან პერიოდს განიხილავდა მუდმივი უკანდახევისა და დამარცხების პერიოდად, ახლა ხალხში მომწიფდა ამ პროცესის შეჩერებისა და ამავე პროცესის უკან დაბრუნების სურვილი.
ამას ეფუძნება რუსულ საზოგადოებაში პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა 90%-იანი არაა, როგორც ეს სსრკ-ს დროს იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს პუტინს რუსეთის მოსახლეობის 70-80% უჭერს მხარს. ვიდრე პუტინი ქვეყანაში მოსახლეობის ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, პრეზიდენტი პუტინი საგარეო ასპარეზზე გააგრძელებს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ატარებს.
თუმცა, არც რუსეთს, არც დასავლეთს არ სურთ ერთმანეთთან კონფრონტაცია. მით უმეტეს შეიარაღებული კონფლიქტი. აღარაფერს ვამბობ ბირთვულ ომზე. არც დასავლეთს და არც რუსეთს არ უნდათ გამალებული შეიარაღება, მაგრამ ისინი ერთვებიან ამგვარ პროცესებში. დასავლეთი და რუსეთი დაპირისპირების გამომწვევ კონფლიქტებში იმიტომ ერთვებიან, რომ არც დასავლეთს და არც რუსეთს არ სურთ არაფრის დათმობა.
ჩინეთის საზღვართან რუსეთის გააქტიურება პასუხია იმაზე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ხდება

დასავლეთს სურს რუსეთს აჩვენოს, რომ მისთვის მიუღებელია კრემლის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა, მაგრამ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიმართული არაა რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე. დასავლეთს ეშინია რუსეთში რეჟიმის ცვლილების. მაგრამ, მას უნდა აიძულოს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება შეცვალოს თავის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და მეტ-ნაკლებად დაუბრუნდეს იმგვარ მდგომარეობას, რომელიც იყო 90-იან წლებში და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში, როცა რუსეთი იმყოფებოდა დასავლეთის ფარვატერში და ეგუებოდა იმას, რასაც დღეს აღარ ეგუება.
რუსეთს, პირიქით, უნდა შეცვალოს ეს ურთიერთობები. რუსეთს უნდა დაამტკიცოს, რომ უკანმოუბრუნებლად წავიდა ის დრო, როცა რუსეთი დასავლეთის ფარვატერში იყო და არაფერში წინააღმდეგობას არ უწევდა. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი ეკონომიკურად დღეს ძალიან სუსტი ქვეყანაა.
ჩინეთი კი ჩინური სიბრძნით მოქმედებდა და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ გაძლიერდა - მას შემდეგ, რაც ჩინეთის მმართველობაში დენ სიაოპინი მოვიდა, ქვეყანა 30 წლის განმავლობაში აგვარებდა საშინაო პრობლემებსა და თავისი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ახლა ჩინეთი ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ამჟამად ჩინეთი ეტაპობრივად აძლიერებს სამხედრო ძალებს და გლობალური მასშტაბით აცხადებს თავისი სამხედრო-პოლიტიკურ პრეტენზიების შესახებ. ეს უკმაყოფილებასა და წინააღმდეგობას იწვევს, მაგრამ არავინ უარყოფს ჩინეთის უფლებას, ვინაიდან მან შეძლო თავისი ეკონომიკა მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ექცია.
დასავლეთი და რუსეთი დაპირისპირების გამომწვევ კონფლიქტებში იმიტომ ერთვებიან, რომ არც დასავლეთს და არც რუსეთს არ სურთ არაფრის დათმობა

რუსეთს ამგვარი ფუნდამენტი არ აქვს და ამის კომპენსირებას სამხედრო ძალის ხარჯზე, უკრაინისა და სირიის საკითხებში მკაცრი პოზიციების ქონით ცდილობს. ასევე ცდილობს აქტიური დიპლომატიით, რომელიც უმეტეს წილად დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული. ვიმეორებ, ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნების ეკონომიკებს და ამ თვალსაზრისით მისი მდგომარეობა მთლად სახარბიელო არა.
- მიუხედავად ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, საკმაოზე ბევრად მეტი ინფორმაცია არსებობს, რომლის თანახმადაც რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას უკრაინულ დონბასში, უკრაინის საზღვრებთან აგრძელებს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრირებას და აგვისტოს ბოლოსა თუ სექტემბერში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება.
ახლა, როცა კრემლი რეალურად ატარებს პოლიტიკას რომლის ლოზუნგია - ”არც ერთი ნაბიჯი უკან”, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა არა მარტო დონბასზე კონტროლის დასამყარებლად, არამედ უკრაინაში ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყოს?

- არ ვაპირებ რუსეთის პოლიტიკის წინასწარმეტყველებაზე საუბარს, თუნდაც იმიტომ, როცა წინა წლებში ამის გაკეთებას ვცდილობდი, ხშირად ვცდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ მე ცუდი წინასწარმეტყველი ვარ. ყოველთვის არ მესმის როგორ მუშავდება, რას ეყრდნობა და ეფუძნება ესე თუ ის გადაწყვეტილება.
მაგრამ, ახლა უკრაინაში ფართომასშტაბიანი მოქმედებების დაწყება მე უცნაურად მომეჩვენებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს პუტინს საშინაო პოლიტიკაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად არ სჭირდება. მეტიც, პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-სთან და დასავლეთთან თანამშრომლობისთვის.
ახლა რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყოს, ეს კიდევ უფრო გაამწვავებდა რუსეთის ურთიერთობას ვაშინგტონთან და ევროპასთან, რასაც მოჰყვება რუსეთის სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა. მათ შორის ბანკებს შორის ურთიერთობების SWIFT სისტემის სრულად გათიშვა.
ეს კიდევ უფრო გააღრმავებდა დასავლეთთან ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთკავშირების წყვეტას. არ მესმის, უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომზე რუსეთი რატომ უნდა წავიდეს? რას მოიგებს ან პუტინი, ან რუსეთი? პუტინის რეიტინგი რუსეთში ისედაც მაღალია, მას დაწყებული აქვს თავისი საარჩევნო კამპანია, არჩევნებზე მხარდაჭერა მას გარანტირებული აქვს.
რუსეთს უნდა დაამტკიცოს, რომ უკან მოუბრუნებლად წავიდა ის დრო, როცა რუსეთი დასავლეთის ფარვატერში იყო და არაფერში წინააღმდეგობას არ უწევდა. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი ეკონომიკურად დღეს ძალიან სუსტი ქვეყანაა

ახლა ომი უკრაინასთან არც პუტინს სჭირდება და არც რუსეთს. პუტინისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა ეფუძნება მუხლებიდან რუსეთის ადგომის იდეოლოგიას, რაც რუსეთის საზოგადოებას მოსწონს. რუსეთის მოქალაქეებს არ მოსწონთ, როცა რუსეთს დასავლეთი რაღაცეებს ახვევს თავს, მაგრამ ახლა რუსეთის მოქალაქეები სულ მეტად აქცევენ ყურადღებას თუ რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში.
შექმნილ ვითარებაში უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება არც ლოგიკური იქნებოდა და არც თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება, მაგრამ ვიმეორებ, როგორც გითხარით, მე კრემლის პოლიტიკის განჭვრეტაში ცუდი წინასწარმეტყველი ვარ.
- თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაიწყებს, ეს უკვე აღარ იქნება კრემლის გაცხადებული პოლიტიკა - ”არც ერთი ნაბიჯი უკან”...
- მე უკრაინის საკითხში არანაირ უკანდახევაზე არაფერი მითქვამს. ”არც ერთი ნაჯიბი უკან!” სულაც არ ნიშნავს ნაბიჯებს წინ. დიახ, პუტინს არ შეუძლია უკრაინის საკითხში უკანდახევა. რუსეთის საზოგადოებას არ სურს, რომ მან უკან დაიხიოს. რუსეთი არ მიატოვებს დონბასისა და ლუგანსკის მოსახლეობას და არ გამოვა ყირიმიდან. ეს ნამდვილად იქნებოდა უკრაინის საკითხში უკან დახევა. ამ საკითხებში უკანდახევა რომ არ იქნება, შეიძლება სანაძლეოს დადება.
ახლა ომი უკრაინასთან არც პუტინს სჭირდება და არც რუსეთს... შექმნილ ვითარებაში უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება არც ლოგიკური იქნებოდა და არც თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება

თუ საუბარია შეტევაზე მარიუპოლზე, ან ოდესასა თუ ნიკოლაევზე, ეს რა თქმა უნდა, მოძმე ერთან დიდი ომია. უკრაინელები ჩვენი მოძმე ერია. რუსები და უკრაინელები ისტორიითა და ნათესაური კავშირებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. არა მგონია, რომ ახლა უკრაინასთან ომი რუსი ნეორადიკალების გარდა ვინმეს თავში მოუვიდეს. გარწმუნებთ, ნეორადიკალები ჩვენში უმრავლესობაში ნამდვილად არ არიან.
- ვიცით, რომ რუსები და უკრაინელები ერთმანეთისთვის შორეული ერები არ არიან, მაგრამ ერთი ერი არ არიან, როგორც ამას უკრაინელებისადმი მიმართვისას პრეზიდენტი პუტინი აცხადებს...
- ამ თემაზე მე შემიძლია გითხრათ შემდეგი - დიახ, რუსეთი და უკრაინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა, რომლებიც საერთაშორისო სამართლითა და გაეროს მიერაა აღიარებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სიამის ტყუპებივით არიან - სინამდვილეში ორივეს აქვს ცალ-ცალკე თავი და სხვადასხვა აზრები, მაგრამ მეორეცაა, - ისინი, როგორც სიამის ტყუპები, ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებენ. ერთი მეორეს ისე ვერ მოკლავს, თავად თუ არ მოკვდა.
რუს და უკრაინელ მოქალაქეებს შორის განსხვავება ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსეთის კარელიაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სათათრეთსა და ბურიატიაში მცხოვრებ რუს მოქალაქეებს შორის.
- რუსეთი ცდილობს დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის სფეროა, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ თუ რა ხდება ამ და არ მარტო ამ საკითხის გამო მსოფლიო პოლიტიკაში.
თქვენი დაკვირვებით, არსებული ვითარება სავარაუდოდ როგორ აისახება საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკაზე?

- რამდენადაც მესმის, რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერის შეწყვეტის ხარჯზე. ეს საკითხები ხომ ჩვენს შორის ურთიერთობების ყველაზე პრობლემური თემებია. ეს საკითხები ჩვენი დღის წესრიგის ზედა ყუთში ჯერ არაა, სადღაც მეორე-მესამე ყუთშია, მაგრამ დარჩენილია ჭრილობა, საიდანაც სისხლი არ მოდის, მაგრამ გვტკივა. თუ აღდგება ყველა კავშირები, კულტურული, ადამიანური და ეკონომიკური, მოსკოვი მხოლოდ ბედნიერი იქნებოდა.
- ლოზუნგი - ”არც ერთი ნაბიჯი უკან”, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც ეხება?
- ეს ხომ უმთავრესი საკითხია. თუ თბილისი იტყვის, რომ იგი მზადაა სრულად აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვებთ გადასაწყვეტად, ვფიქრობ, მოსკოვი ძალიან გაიხარებდა.
რუსეთი არ მიატოვებს დონბასისა და ლუგანსკის მოსახლეობას და არ გამოვა ყირიმიდან თუ თბილისი იტყვის, რომ იგი მზადაა სრულად აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დავუტოვებთ გადასაწყვეტად, ვფიქრობ, მოსკოვი ძალიან გაიხარებდა

მოსკოვს საქართველოსგან სხვა მეტი არც შეიძლება რომ უნდოდეს. რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები უნდა. რუსეთს უნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტები ჰქონდეს. რომ იგი არ გაწევრიანდეს ნატოში.
- 1918-1921 წლებში საქართველოს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული და მაშინ ყველაფერი საქართველოს ოკუპაციითა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით დასრულდა და ეს საქართველოში ახსოვთ, თანაც საკმაოდ კარგად...
- ისტორია საკმაოდ მდიდარი სკივრია სპეკულაციებისთვის. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მათ შორის იმისაც, თუ როგორ თანამშრომლობდა სტალინი ჰიტლერთან და გერმანია და სსრკ მოკავშირეებიც კი იყვნენ. ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ისტორიული ანალოგიები ყოველთვის პირობითი და საკამათოა.
- საქართველო პატარა ქვეყანაა, საქართველოსთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკმაოდ მტკივნეული თემებია და ამ რეგიონებთან დაკავშირებული ტრაგედიები ხალხს საკმაოდ კარგად ახსოვს...
- მოდით, უარი ვთქვათ ისტორიის საკითხებით აპელირებაზე. 200 წელი უკრაინა, პოლონეთი და ფინეთი რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ. რუსეთის იმპერიაში შედიოდა მთელი შუა აზია და რა, ამის საფუძველზე ახლა ჩვენ ისინი უნდა დავიპყროთ? კი, ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ნეოიმპერიული იდეები და ამბიციები აწუხებთ. სწორედ ისინი პროვოცირებენ ამ თემებით. ამ თემებით აპელირება აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია.
- თუ სწორად გავიგე, თქვენ საქართველოს სთავაზობთ დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და იფიქროს რუსეთთან კარგ ურთიერთობებზე...

- ჩემი აზრით, მოსკოვი სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმის ხარჯზე. საქართველო არავის წინაშე არაა ვალდებული, მაგრამ თავად უნდა განსაზღვროს როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს.
- რაც ეხება ქართულ პოლიტიკას. ”ინტერპრესნიუსთან” წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - ”თუ საქართველო გააგრძელებს ნატოს მიმართულებით მოძრაობას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება.”
ფაქტია, რომ ოფიციალური თბილისი რამდენადაც შესაძლებელია თანმიმდევრულად ახორციელებს ევროკავშირთან და ნატოსთან თავსებადობის პოლიტიკას. ამგვარ ფონზე რა შეიძლება მოხდეს?

- იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი აღარ იქნება. მაგრამ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება. ჩვენს შორის ურთიერთობების ისტორიამ იცის მაგალითები, როცა ათწლეულების მანძილზე ურთიერთობები არ უმჯობესდებოდა. ეს ცუდია, მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე დაძაბულობის ზრდა და მით უმეტეს, შეიარაღებული დაპირისპირება.
- იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთან ”ინტერპრესნიუსის” ინტერვიუებს მკითხველი აშკარად არ აკლია, ახლა როცა საერთაშორისო ურთიერთობებში რეალურადაა ჩამოყალიბებული არაორდინალური, საკმაოდ გართულებული და ტურბულენტურ გარემო, თუ ქართველი მკითხველისთვის რამე კიდევ გაქვთ სათქმელი, თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ. გისმენთ...
ვუსურვებდი საქართველოს ნატოში შეუსვლელად გააძლიეროს თავისი ეკონომიკა, გახდეს რეგიონში მნიშვნელოვანი ფაქტორი და რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მიუხედავად უმჯობესდებოდეს

- როგორც ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ შევთანხმდით, მე თქვენს ზარს კი ველოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ დღეს დამიკავშირდებოდით. რომ მცოდნოდა, ამ კითხვაზე საპასუხოდ ბევრს ვიფიქრებდი და განსაკუთრებულადაც კი მოვემზადებოდი.
მე ძალიან განვიცდი, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა კონფლიქტი. ორივე მხრიდან დაიღუპა ხალხი, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. მიმაჩნია, რომ რუსებსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ნათესაური ურთიერთობები აკავშირებთ. შესაძლოა, ეს ისეთი არა, როგორც რუსებსა და ბელორუსებს, რუსებსა და უკრაინელებს შორის, მაგრამ საკმაოდ, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთოები რომ გვაკავშირებს, ფაქტია. ეს ეხება არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობებს, არამედ ქვეყნების ინტერესებს.
ვუსურვებდი საქართველოს ნატოში შეუსვლელად გააძლიეროს თავისი ეკონომიკა, გახდეს რეგიონში მნიშვნელოვანი ფაქტორი და რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მიუხედავად უმჯობესდებოდეს. ისტორიამ იცის იმის მაგალითები, რომ ისეთი მტკივნეული პრობლემები, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებია, სწრაფად არ გვარდება. ორივე მხარის პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს თემები რჩება ჩვენს შორის შეუთანხმებელ საკითხებად, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს ჩვენს შორის ურთიერთობებში მუდმივად დაძაბულობისა და კონფლიქტების საფუძველი. მოდით გადავდოთ სამომავლოდ ამ პრობლემების მოგვარება. სიტუაცია იცვლება რუსეთში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსოფლიოში დინამიურად მწვავდება ვითარება. მოდით, ჩვენ ამ აგიზგიზებულ კოცონებში არ მივასხათ ნავთი! როგორც მინიმუმ, ჩვენს ქვეყნებს ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთოებები და გვქონდეს იმის იმედი, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ პრობლემურ საკითხებზე გარკვეული გარღვევების მიღწევას.
- ბატონო ალექსეი, ყურადღებით კი გისმენდით, მაგრამ თქვენს მიერ დახატული ვითარებიდან, როგორც ტელევიზიის მუშაკები იტყვიან, აშკარად ამოვარდნილია, აფხაზეთში პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდალი ვიზიტის სურათი და მის მიერ იქ გაკეთებული განცხადებები...
- ალბათ აჯობებს, ამ კითხვების ადრესატი თავად ის იყოს, ვინ აფხაზეთს სტუმრობდა. მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ და არც არანაირი განცხადებები არ გამიკეთებია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები