არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები
16:52 26-08-2017
რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- თქვენ როგორ დაახასიათებდით ადგილობრივ არჩვნებამდე ქვეყანაში არსებული ვითარებას?
- მთავარ პროცესებს, ალბათ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდეთ. წინასაარჩევნო ბრძოლას თან დაერთვის ქართველთა მარში და “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა მიერ დაანონსებული აქციები. ეს გარკვეულად მაინც მოახდენს გავლენას წინასაარჩევნო ბატალიების ხასიათზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ აქციებმა, ერთის მხრივ, “ქართული ოცნებისა” და მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფების ამომრჩეველთა აქტიურობა გამოიწვიოს. თავად ორგანიზატორები, ჩემი აზრით, ამ აქციებით განსაკუთრებულ დივიდენდებს ვერ მოიპოვებენ.
რუსეთის ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს. ასეთ დროს მასთან დიალოგი ისტორიული კაპიტულაციის თანაზომადია

ძალზე ძნელია საარჩევნო ყუთთან არჩევანი გააკეთო იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც რუსეთის ჩვენს მიმართ დღევანდელი დამოკიდებულების პირობებში პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას ხედავს.
რუსეთის ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს. ასეთ დროს მასთან დიალოგი ისტორიული კაპიტულაციის თანაზომადია. ამ ლოგიკით, უნდა შევეგუოთ ტერიტორიულ დანაკარგებს, უარი ვთქვათ იმ საერთაშორისო კავშირებზე, რომლებიც დღესდღეობით იმის ერთადერთ გარანტიას წარმოადგენს, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ გაუარესდება მაინც და ასე შემდეგ.
ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ. ამ ვითარებაში, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქის ჯანსაღი ინსტიქტის იმედი უნდა გვქონდეს, რომელსაც კარგად ესმის, რომ ის, რისკენაც მივდივართ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ჩვენი შვილებისათვის, ვიდრე საკუთარი თავის ჩრდილოელი ველიკოდერჟავნიკების “სკარომოხებად” ქცევა და, სულ მცირე, უხერხული საჩვენებელი „ქართული“ წარმოდგენების გამართვა.
საქმე იქამდე მივიდა, პრორუსები იმასაც კი მოგვიწოდებენ, რომ რუსებთან მიმართებაში ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა აღარ ვახსენოთ და ნათესავზე უკეთეს მეზობლად მივიღოთ ის, რომლის დანაშაულიც ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს წინაშე ძნელია, გადაჭარბებით შეფასდეს. ხოლო რუსების მსგავსად ამერიკელების ოკუპანტებად წოდება, სულ მცირე, გაუგებრობაა და რეალურ ვითარებაში სადისკუსიო თეზის მდგომარეობასაც არ იმსახურებს.
ყველაფრიდან ჩანს, რომ პუტინისტური ძალები სექტემბერში ნავის დარწევის სტრატეგიის განხორციელებას აპირებენ

დააკვირდით: რაც უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გავხდებით, მით უფრო აქტიურდებიან პრორუსული ძალები.
და მაინც, დარწმუნებული ვარ, ვერც მედასავლეთეების დაშვებული შეცდომები, ვერც შეცდომები სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში, ვერც რუსული ჩექმის მუდმივი ჭრაჭუნი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვერც პუტინისტების ისტერიული აგრესია და „ამერიკა ოკუპანტიას“ ძახილი და ვერც დასავლური მსოფლმხედველობრივი პარადიგმების ალტერნატივის შექმნის მცდელობა დუგინიზმის ქართული ვარიანტის სახით ვერ გადასძალავს ახალ, თავისუფალ გარემოებებში დაბადებულ და გაზრდილ თაობას. მით უმეტეს ვერ აიძულებს, რომ გაჰყვნენ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხიც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგად გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში.
- უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების თანახმად 62%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, ხოლო 37%-ს არც ერთი პარტიის მიმართ არ აქვს სიმპათიები. იმედია, არჩევნების მოახლოების კვალობაზე საზოგადობის გამწყობები შეიცვლება, მაგრამ დღეის მონაცემებით რეალურად რასთან გვაქვს საქმე - ამომრჩეველმა დაკარგა ინტერესი პოლიტიკური პარტიებისა და ამ პარტიების ლიდერების მიმართ, რაც ართულებს მათ პოლიტიკურ არჩევანს, თუ პოლიტიკური კლასი ვერ უწყობს ფეხს პოლიტიკური პროცესების დინამიკას და ვერ ახერხებს ამომრჩევლის სიმპათიებისა და ნდობის მოპოვებას?
- ადგილობრივ არჩევნებს ზოგადად ახასიათებს ამომრჩეველთა პასიურობა. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიც ვერ ახერხებს, რომ ამომრჩეველი მისი არჩევანის ქმედითობაში დაარწმუნოს. ამ ვითარებაში ამომრჩევლის აქტიურობა შეიძლება გამოიწვიოს იმდენად არა ვინმეს მიმართ პოზიტიური მოლოდინის არსებობამ, არამედ უარესისაგან თავის დაცვის სურვილმა. ასეთი რამ ხშირად მომხდარა უახლესი ისტორიის განმავლობაში.
ამომრჩევლის აქტიურობა შეიძლება გამოიწვიოს იმდენად არა ვინმეს მიმართ პოზიტიური მოლოდინის არსებობამ, არამედ უარესისაგან თავის დაცვის სურვილმა. ასეთი რამ ხშირად მომხდარა უახლესი ისტორიის განმავლობაში

თანაც ნუ გამორიცხავთ ბატონი ალიკო ელისაშვილის ფაქტორს. მართალია, მის გამარჯვებას არ ველი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სულ მცირე სერიოზული შფოთის შეტანა შეუძლია წინასაარჩევნო ბატალიებში. მას საკმაო პოლიტიკური ტექნიკა აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ მუდმივად ახერხებდეს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში ყოფნას. გამარჯვებისათვის ეს არ არის საკმარისი, თუმცა კი აუცილებელია.
- ვიდრე არჩევნების წინ პოლიტიკური ძალების ”სპორტულ-პოლიტიკურ” ფორმაში ყოფნის საკითხს შევეხებოდეთ, შესაძლოა ადგილობრივი არჩევნებისთვის არადამახასიათებელ, მაგრამ მაინც უკვე გაჟღერებულ თემაზე გავამახვილოთ ყურაღება. ”დემოკრატიული მოძრაობისა” და პარტია ”თავისუფლების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კუკავას მტკიცებით, მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ლიბერალურ და პატრიოტულ მსოფლმხედველობებს შორის მოუწევს.
ვინაიდან ჩვენში ”ლიბერალებად” პროდასავლური პარტიები მიიჩნევიან, ხოლო ”პატრიოტებად” აშკარად პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი პარტიები თუ მოძრაობები, თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები სწორედ მსოფმლხედველური ნიშნით ჩატარებული არჩევნები აღმოჩნდეს, რომლის შედეგებითაც ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ძალა არა ”ლიბერალ-პროდასავლური” ძალები, არამედ ”პატრიოტები” იქნებიან?

- ეს ბატონი კახას აზრია. ალბათ, მხოლოდ ჩვენში შეიძლება ეგონოთ, რომ პატრიოტიზმი თავისუფლების ანტონიმია და პირიქით. რასაც ბატონი კახა ამბობს, ამის მსგავსს, ოღონდ, საპირისპირო ნიშნით, ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენი ლიბერალებიც, როგორღაც რომ ეუხერხულებათ პატრიოტიზმსა და ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკი. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ გახლავთ.
პატრიოტიზმის ის ფორმები, რომელსაც ე.წ. პატრიოტული ძალები (იმედი მაქვს, უნებურად) გვთავაზობენ, რუსული აგრესიის პირობებში, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
პრორუსული სენტიმენტებისა და ქართული პატრიოტიზმის ერთმანეთთან დაკავშირება მას შემდეგ, რაც რუსეთი ამდენი წელია გამოუცხადებელ ომს ეწეოდა და ეწევა ჩვენს წინააღმდეგ თავისი სატელიტების მეშვეობით თუ უშუალოდ, თავისი სამხედრო შენაერთებით დევნიდა ქართულ მოსახლეობას და იკავებდა ჩვენს ტერიტორიებს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
პრორუსული სენტიმენტებისა და ქართული პატრიოტიზმის ერთმანეთთან დაკავშირება მას შემდეგ, რაც რუსეთი ამდენი წელია გამოუცხადებელ ომს ეწეოდა და ეწევა ჩვენს წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია

მეორეა ის, რომ საქართველოში ამომრჩეველი იშვიათად, თითქმის არასოდეს აკეთებს არჩევანს მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის თუ პროგრამის საფუძველზე. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმ მიზეზით, რომ მას აბსტრაქტულ იდეოლოგიაზე მეტად ის პიროვნება აინტერესებს, ვინც მის განხორციელებას გვპირდება.
ჰოდა, სწორედ ამ ინტერესის გამო განუცდია მარცხი არაერთ ზედმიწევნით მომხიბვლელი იდეოლოგით აღჭურვილ პოლიტიკოსს. გაგახსენებთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“ იმდენად ჭრელი წარმონაქმნი იყო, რომ მის იდეოლოგიურ პლატფორმაზე ლაპარაკი შეუძლებელიც გახლდათ. ამომრჩეველმა არჩევანი ერთი პიროვნების საწინააღმდეგოდ და მეორე პიროვნების სასარგებლოდ გააკეთა.
მე დღეს არ მეგულება ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია ისეთივე შფოთი შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2003 წელს ან - ივანიშვილმა 2011-ში. მუხტი მანამდეც არსებობდა, მაგრამ მისი პოლიტიკურ ფაქტად ქცევა მხოლოდ ამ ორმა მოახერხა.
ისევ იდეოლოგიურ ბატალიებს დავუბრუნდები. ჩვენს პოლიტიკოსებს უჭირთ ორი დიდი იდეა - ადამიანის თავისუფლება და პატრიოტიზმი შეათავსონ. ჩვენი იდეოლოგიური ცხოვრება ზოგადად ინდოქტრინიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
აბა, ჰკითხეთ ამერიკელ ან ფრანგ ლიბერალს, უყვარს თუ არა თავისი ხალხი და ამაყობს თუ არა თავისი კულტურით? ან ჰკითხეთ ფრანგ ან ამერიკელ კონსერვატორს, პატივს სცემს თუ არა ადამიანის თავისუფლების იდეას? როგორც ვთქვი, ბევრ ჩვენებურ ლიბერალს კი როგორღაც ეუხერხულება პატრიოტიზმი, ხოლო კონსერვატორს კი თავისუფლება ყველა უბედურების წყაროდ მიაჩნია.
ჩვენს იდეოლოგებსაც მოუწევთ აღიარება, რომ აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრინა ისევე მოძველდა, როგორც კონსერვატიზმის მეოცე საუკუნის ფორმები და ამომრჩეველს უკვე კარგა ხანია მოსწყინდა მავანთა მიერ ყოველი არჩევნების მიმართ აპოკალიპსური მოლოდინების გაღვივება

ასეთი იდეოლოგიური პროვინციალიზმი და ექსტრემიზმი ჩვენ დიდი ხანია მოგვდევს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჩვენებური ბოლშევიკები პროგრესის სახელით ისტორიულ ძეგლებს ანადგურებდნენ და ტერიტორიებს არიგებდნენ.
ადრე თუ გვიან ჩვენს იდეოლოგებსაც მოუწევთ აღიარება, რომ აგრესიული ლიბერალიზმის დოქტრინა ისევე მოძველდა, როგორც კონსერვატიზმის მეოცე საუკუნის ფორმები და რომ ამომრჩეველს უკვე კარგა ხანია, მოსწყინდა მავანთა მიერ ყოველი არჩევნების მიმართ აპოკალიპსური მოლოდინების გაღვივება.
დასავლეთი არ არის მხოლოდ პოლიტკორექტული ექსტრემიზმით შეპყრობილი მხარე. დასავლეთი მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნებაშია მისი იდენტობა და არა ამ იდენტობის რომელიმე ერთ იდეოლოგიურ მნიშვნელზე დაყვანაში. ოდნავ განზე დავდგეთ და ისე შევხედოთ დღევანდელ დასავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ძნელი არ იქნება დავინახოთ, რომ აქ, ქვეყნიერების ამ მხარეში კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი მუდმივად აწონასწორებენ ერთმანეთს. საკმარისია, იმძლავროს ერთმა და მისმა მდგომარეობამ იდეოლოგიური დიქტატის სახე მიიღოს, რომ მოძრაობას იწყებს მისი ალტერნატივა.
ჩვენში კი იდეოლოგიური ომი ჯერაც ერთგვარი ცივი სამოქალაქო ომის ნაწილია, რასაც ხელს ყველანაირად უწყობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და მათი ჩვენებური მომხრეები

საბოლოოდ, ამ პოლარული იდეების დიალექტიკაში ჩანს ყველაზე კარგად უმთავრესი დასავლური ღირებულება: პიროვნებისა და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.
როგორც არ უნდა გვეჯავრებოდეს ტრამპი ერთი რამ აშკარაა: ამერიკელმა ამომრჩეველმა ის შვა, როგორც ჩიხში შესული მემარცხენე ლიბერალიზმის ალტერნატივა. ამით ეს უკანასკნელი კი არ განადგურებულა, არამედ თვითგამჟღავნების ახალ ფორმებს შემუშავების შანსი მიეცა.
ჩვენში კი იდეოლოგიური ომი ჯერაც ერთგვარი ცივი სამოქალაქო ომის ნაწილია, რასაც ხელს ყველანაირად უწყობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და მათი ჩვენებური მომხრეები.
- მიუხედავად იმისა, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე არ მალავს, რომ ”ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო, ახლა მიიჩნევს - ”ასეთი პარტია - ”ქართული ოცნება”-დემოკრატიული საქართველო”, არ არსებობს”. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მტკიცებით, - "ოცნების" ყველაზე დიდი ტრაგედია: ივანიშვილის სახით დაკარგა გამარჯვების გარანტია". თქვენი აზრით, როგორ ”სპორტულ-პოლიტიკურ” ფორმაში ხვდება მოახლოებულ არჩევნებს ”ქართული ოცნება”?
- ბატონი ვაჟა, ალბათ, ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობს. ჩემი, როგორც გარე დამკვირებლის აზრით, ”ქართული ოცნების” დასამარებაზე საუბარი ნაადრევია. ვფიქრობ, ზოგ მომენტს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ივანიშვილი ჯერ მხოლოდ ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი იყო, როდესაც პოლიტიკისათვის თავის დანებების სურვილს გამოთქვამდა. გეხსომებათ, რამდენჯერმე განაცხადა, პოლიტიკაში თავს არაკომფორტულად ვგრძნობო. პოლიტიკური სამყარო ძალზე რთულია. ნებისმიერ სხვა სფეროში ზეწარმატებული ადამიანები აქ ხშირად უმწეოდ გამოიყურებიან. ივანიშვილი თავადაც ხედავდა, რომ მისი ავტორიტეტისა და კაპიტალის ექსპლუატაციით ბევრი ვინმე იღებდა დივიდენდებს.
გარდა ამისა, ხელისუფლების სათავეში ყოფნა მას ათასგვარი მითქმა-მოთქმისა და გაკილვის სამიზნედ აქცევდა, რაც მისთვის გაუგებარიც იყო და მიუღებელიც. რამდენიმე ხნის განმავლობაში აშკარა იყო ე.წ. კულუარული მმართველობა, რომლის ავტორიც არ იყო მხოლოდ ივანიშვილი.
”ქართულ ოცნებაში” ძალზე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისთვისაც მისი პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის გარანტია მხოლოდ ეს ადამიანი იყო და კულუარული მმართველობის პროვოცირებას ისინიც ახდენდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ივანიშვილი პირადი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალება იყო.
დასავლური კურსი არ გახლავთ მხოლოდ ”ნაციონალების” სტრატეგია, როგორც ამის დახატვას რუსები, ჩვენებური პუტინისტები და ზოგი გულუბრყვილო ”ნაციონალი” ცდილობს. ეს ჩვენი ნებაა. მართალია, ეს ნება მუდმივად არ ყვირის, მაგრამ სასაზღვრო სიტუაციაში თავის საქმეს აკეთებს

ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტიც. საქართველოში ივანიშვილის გამარჯვების გამო ბევრი რუსი პოლიტოლოგი ისეთივე სიხარულს გამოხატავდა, როგორსაც - მოგვიანებით ტრამპის გამარჯვების შემდეგ. თუნდაც ივანიშვილს სურვილი ჰქონოდა გაეკეთებინა ის, რასაც რუსები ელოდნენ, დღევანდელ საქართველოში ეს მას მარგინალის მდგომარეობაში ჩააყენებდა.
დასავლური კურსი არ გახლავთ მხოლოდ ”ნაციონალების” სტრატეგია, როგორც ამის დახატვას რუსები, ჩვენებური პუტინისტები და ზოგი გულუბრყვილო ”ნაციონალი” ცდილობს. ეს ჩვენი ნებაა. მართალია, ეს ნება მუდმივად არ ყვირის, მაგრამ სასაზღვრო სიტუაციაში თავის საქმეს აკეთებს.
განვლილი ორი საუკუნის, მით უმეტეს, განვლილი ოცდაათი წლის ხსოვნა ზედმეტად ცოცხალია, რომ ამ ძირეულ განწყობასთან დაპირისპირება ვინმე სერიოზულმა, თუნდაც უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა გადაწყვიტოს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ივანიშვილის ბიზნესის რუსული წარმომავლობით ცდილობდნენ მანიპულირებას და არაკომფორტულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ესეც იქნებოდა. ამას დაუმატეთ ისიც, თუ საერთაშორისო არენაზე როგორ უხერხულობას აჩენდა ის ფაქტი, რომ ქვეყანას მისი უმდიდრესი ადამიანი მართავდა - როგორი კრისტალურად სუფთაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.
დასავლეთში უკვე დიდი ხანია იციან თუ როგორი საფრთხეა ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ძალაუფლების ყველა შტოს თავმოყრა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ხელში. ეს იმთავითვე იცოდა ივანიშვილმაც, ამიტომაც, მისი სურვილი, პოლიტიკას გარიდებოდა, სრულიად ლოგიკურიც არის და გამართლებულიც.
ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდა თუ არა, თვალსაჩინოდ გაიზარდა ამერიკელების მხარდაჭერა. მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა

ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდა თუ არა, თვალსაჩინოდ გაიზარდა ამერიკელების მხარდაჭერა. მან გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა. არსებობს მითქმა-მოთქმა, რომ ჩრდილოური დაწოლით იგი იძულებული გახდება თავისი რესურსები ე.წ. პუტინისტური ძალების სასარგებლოდ მიმართოს. თუნდაც დავუშვათ ამის შესაძლებლობა, ძნელი წარმოსადგენია ისეთი ფინანსური რესურსი, რომელიც მათ სერიოზულ ძალად ჩამოაყალიბებს.
პოლიტიკაში, მიუხედავად მისი პრაგმატულობისა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ირაციონალური განწყობები მართავენ, მორალური და ფსიქოლოგიური რესურსი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას” - ყოველივე ნათქვამის შესაბამისად იქაც მიმდინარეობს მისი ახალი რაობის შემუშავების პროცესი. გარკვეული აქტორები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ - განსაკუთრებით ისინი, ვისაც პრორუსული სენტიმენტები გააჩნიათ. ისინი შეიძლება მალე სხვა რუსოფილურ წარმონაქმნებში ვიხილოთ.
მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ბევრი რამ დალაგდება. ვფიქრობ, ნაწილობრივ გამოიკვეთნენ და კვლავაც გამოიკვეთებიან ახალი ლედერები, რომლებიც თანამიმდევრულად შეძლებენ იმისგან გათავისუფლებას, რაც ”ქართული ოცნების” სოციალურ პორტრეტს ამახინჯებს.
ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერაც ვერ გარკვეულა, რომ არსებობს რაღაც, რაც ყველა მხარის ზრუნვისა და თანამშრომლობის საგანია...”ნაცმოძრაობას” აშკარად, პოლიტიკური ტექნოლოგიების კრიზისი აქვს

იზრდება გიორგი კვირიკაშვილის დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი პოლიტიკური ქცევა უფრო გაბედული და რელიეფური ხდება. თუ ადრე სერიოზულად გამოიყურებოდა ბრალდება, რომ იგი მხოლოდ ფასადური ფიგურაა, დღეს ის ახერხებს ამ ბრალდებისაგან გათავისუფლებას. ცხადია, ამის შესაბამისად მატულობს მის მიმართ აგრესიაც. მნიშვნელოვნად იზრდება კახი კალაძის როლი.
მოკლედ, ჩემი აზრით, ”ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს სერიოზული რესურსი. თანაც, ”ქართული ოცნების” გასვლა პოლიტიკური სცენიდან გააჩენდა ვაკუუმს, რომლის შემვსებიც დღეს არავინ ჩანს და რომლის დაკავებასაც ვინმე მხოლოდ რევოლუციური ვნებათაღელვის შედეგად თუ შეძლებდა. ასეთი ვნებათაღელვა კი, როგორც არაერთხელ გამოვცადეთ, მრავალ შემთხვევით ადამიანს უხსნის გზას. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ”ნაცმოძრაობა” ან ”ევროპული საქართველო,” არამედ მათი ანტიპოდებიც, რომლებიც, როგორც ვთქვი, ნავის დარწევისა და ზღვრული დაძაბულობის გაჩენის სტრატეგიას დაადგნენ.
- ოქტომბრის არჩევნებში რა შედეგის მიღების შანსები აქვთ ”ნაციონალებს” და მათ განაყოფ -”ევროპელ დემოკრატებს”?
- ძნელია წინასწარმეტყველება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ალბათ, მათი ჯამური მაჩვენებელი ახლოს იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგებთან.
თუ სოციალურ ქსელებს მიადევნებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ მეტის მოლოდინი არსებობდა ელენე ხოშტარიას მიმართ. იგი საქმიანი და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე მისი წინასაარჩევნო ქცევა ზედმეტად აკადემიურია, მოკლებულია რელიეფურობას და ზედმეტად არის დამოკიდებული პიარის ტრადიციულ ფორმებზე. ჯერჯერობით მას არაფერი გაუკეთებია მის მიმართ მოლოდინის გასაძლიერებლად, თუმცა დრო ჯერ კიდევ აქვს.
რაც შეეხება ”ნაცმოძრაობას,” სამწუხაროა, რომ მის ბევრ წარმომადგენელში არ განელდა ხისტი რევანშისტული განწყობა და „რაც უარესია, მით უკეთესიას“ პრინციპით მოქმედებენ.
იზრდება გიორგი კვირიკაშვილის დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი პოლიტიკური ქცევა უფრო გაბედული და რელიეფური ხდება... შესაბამისად, მატულობს მის მიმართ აგრესიაც. მნიშვნელოვნად იზრდება კახი კალაძის როლი

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერაც ვერ გარკვეულა, რომ არსებობს რაღაც, რაც ყველა მხარის ზრუნვისა და თანამშრომლობის საგანია. იმდენი ნიშნისმოგებით გაკეთებული განცხადებები ვრცელდებოდა ხანძრებთან დაკავშირებით მასმედიაში, თითქოს საქმე მტრულ ქვეყანაში მიმდინარე ამბავს შეეხებოდეს. ამ დროს, როდესაც საქმე კრიზისულ სიტუაციას ეხება, ჩვენი მოქალაქე სწორედ რომ ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობას მოითხოვს.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ”ნაცმოძრაობას” ავნებდა თუ არგებდა, ხანძრის ჩაქრობის საქმეში ხელისუფლებისათვის რაღაც ფორმით მაინც თანადგომა რომ გამოეცხადებინათ? ამის ნაცვლად, ”ნაცმოძრაობის” ზოგი წარმომადგენლის თუ მომხრის განცხადებამ პუტინისტურ ძალებს საბაბი მისცა, ხანძრის გაჩენაში მათთვის დაედო ბრალი. მოკლედ, ”ნაცმოძრაობას” აშკარად, პოლიტიკური ტექნოლოგიების კრიზისი აქვს.
- პოლიტიკოსთა და დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩიხშია შესული. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა აცხადებს - ”თუ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემაზე უარს არ იტყვის, ისინი საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრას დატოვებენ და კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩაიშლება.”
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება და სავარაუდოდ, მოქმედების რა სცენარს აირჩევს მმართველი გუნდი, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს? დამოუკიდებელ ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის აზრით, -”მალე გამოჩნდება მაჟორიტართა ბუნტი ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად ინიცირებული”...

- ვერ გეტყვით, მმართველ გუნდში როგორი გადაწყვეტილება მომწიფდება, მაგრამ ვფიქრობ, ორივე მხარე საბოლოოდ იძულებული იქნება რამეზე შეთანხმდნენ, თუმცა კი შეეცდებიან ეს ისე გააკეთონ, რომ მოლაპარაკებებსა და კონსესუსზე წასვლა მარცხად არ ჩაეთვალოთ. ჯერჯერობით, ორივე მხარე მეორისგან მკვეთრ დათმობებს ელის.
- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გააღიზიანა გავრცელებულმა ცნობამ, რომ 166-ე სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ბანაკ ”არტეკში” დასასვენებლად და რუსული ენის უკეთ შესასწავლად იმყოფებიან. განათლების მინისტრმა ჯეჯელავამ ამ თემაზე საუბრისას კი განაცხადა რომ მის უწყებას დაქვემდებარებული ვინცაა, ”ყველანი დაისჯებიან”.
როცა საქართველოს მოქალაქეებს დარღვეული აქვთ უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის ნორმები, მინისტრის ნათქვამიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ალბათ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა - თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რამაც განაპირობა საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და ამავე ბავშვების მშობლებს წაეხალისებინათ თავიანთი ბავშვები, რომ მათ პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯი გადაედგათ?

- ახალს ვერაფერს ვიტყვი: სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ვიღაცას არ ესმის ან არ სურს გაიაზროს, თუ როგორ კავშირშია მათი საქციელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან და დევნილების ბედთან და რომ მათ მხოლოდ უკრაინელთა კი არა, ჩვენი დევნილების მიმართაც მორალური დანაშაული ჩაიდინეს. ეს იმასა ჰგავს, უკრაინელ მასწავლებლებს თავისი ბავშვები დასასვენებლად აფხაზეთში ჩაეყვანათ.
არავინ ლაპარაკობს, რომ რუსული ენის სწავლა არ არის საჭირო. ლაპარაკი პოლიტიკურ აქციაზეა. ნებსით თუ უნებლიეთ, მავან მასწავლებელთა ნაბიჯი სრულიადაც არ აღმოჩნდა საგანმანათლებლო მიზნებისა და ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყანას, რომელიც უკვე დამოუკიდებლობის პირველი დღიდან გამოუცხადებელ ომს აწარმოებს ჩვენთან. ცუდია, როცა პედაგოგები „ერთმორწმუნე რუსეთის“ თუ „უახლოესი მეზობლის“ ფანტომურ იდეათა ტყვეობაში ექცევიან.
ცდება, თუ ვინმეს მსგავსი ნაბიჯები რუსეთთან დიალოგის დაწყების მცდელობად მიაჩნია. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობათა მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ თუ ამ ფორმის გზით წავალთ, ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა შექმნილი ვითარების დაკანონება.
უკვე ვთქვი, რომ დღევანდელი რუსული პოლიტიკა არც კი განიხილავს ჩვენთან მიმართებაში რამეს შეცვლის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ის ჩვენგან არსებითად უარის თქმას მოითხოვს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობებისათვის შესაძლებლობების გასახსნელად, ქართველის - საბჭოთა ადამიანისაგან გათავისუფლებისათვის გაღებულ ძალისხმევაზე.
იმის გარანტია, რომ ეს არ მოხდება, მხოლოდ ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერაში თუ შეიძლება ვეძიოთ და არა მასზე უარის თქმაში. ერთი ძველი იგავი არსებობს. მგლებმა ცხვრებს შერიგების პირობად ნაგაზებზე უარის თქმა დაუდეს. ჰოდა, ცხვრებმაც განდევნეს ნაგაზები. შედეგი ნათელია.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ კონგრესის მიერ დაწესებულ სანქციებს და აშშ ვიცე-პრეზიდენტის მიერ გახმაურებელ პოზიციას. ყოველივე ამის მიმართ არც გადაჭარბებული მოლოდინები უნდა გვქონდეს და არც ნიჰილისტური დამოკიდებულება. დღეს ეს ყველაფერი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია, პირველ რიგში, სწორედ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გზაზე. მოგეხსენებათ, პოლიტიკა პროცესია.
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვს ქართული სახელმწიფოს მიმართ მგრძნობელობა, მას ერთგვარ ეფემერად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ძველი რეალიების მობრუნება შესაძლებელია

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვს ქართული სახელმწიფოს მიმართ მგრძნობელობა, მას ერთგვარ ეფემერად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ძველი რეალიების მობრუნება შესაძლებელია. ასეთებს სინდისის ქეჯნის გარეშე შეუძლიათ მოგვიწოდონ იმისკენ, რაც, არსებითად, სხვა არაფერი იქნება, თუ არა ისტორიული კაპიტულაცია და სულ მცირე, რამდენიმე საუკუნით ქართული სახელმწიფოს იდეის დასამარება.
საბოლოოდ, ეს ადამიანები მოგვიწოდებენ იმ სამყაროში მიბრუნებისაკენ, რომელიც, მიუხედავად მორალისტური პოზისა, არავის უთმობს პირველობას პროსტიტუციის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულთა, ოჯახების ნგრევის, უსახლკაროთა და სხვა მრავალი სტატისტიკით.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ამგვართა კაპიტულანტური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად მართულხლართების გადმოწევა, ადამიანთა გატაცება, ადამიანთა დარწმუნება, რომ დამოუკიდებლობის წლებს უზნეობისა და გაჭირვების მეტი არაფერი მოუტანია ჩვენთვის და ა.შ.
სულ ორიოდე წლის წინ ჯერ კიდევ გვიკვირდა, როდესაც ვინმე პირად საუბარშიც კი ბედავდა პრორუსული სენტიმენტების გამოხატვას. დღეს ეს უკვე აღარ გვიკვირს. სამწუხაროა, რომ ამდენმა ადამიანმა თავი არცთუ სახარბიელო როლისათვის გაიმეტა.
როგორც ჩანს, ჯერაც არ გამოლეულან იმ ყაიდის ქართველები, ვინც მავან ველიკოდერჟავნიკს თავს დიდი, მარად უმწიფარი, მხიარული და თავქარიანი არსების როლში სთავაზობს. ესაა მათი ბიზნესი. ამის ტრადიცია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.
მისი წყალობით ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ წოდებებს, ორდენებს, მიწებს, პრემიებს, ბინებს, აბინავებდნენ შვილებს, იხვეჭდნენ სახელს და ა.შ. მთავარია, თავქარიანი ოპტიმიზმის გამომხატველი სახით გამოუცხადონ ჩრდილოელ ბატონებს - აი, ზუსტად ისეთები ვართ, თქვენ რომ გინდათო.
ჰოდა, რუს ველიკოდერჟავნიკსაც სწორედ ასეთი ქართველები უნდა: მის გასართობად მომართული ეგზოტიკური არსება, რომელიც მისთვის კარგ ღვინოსაც დააყენებს და მწვადსაც შეწვავს. მავანებმა დღეს სამი ათწლეულის განმავლობაში თავშეკავების შემდეგ მიიჩნიეს, რომ უკვე დადგა ჟამი, როდესაც შეიძლება უკან გაგვრეკონ იმ სამყაროში.
მავანებმა დღეს, სამი ათწლეულის განმავლობაში თავშეკავების შემდეგ, მიიჩნიეს, რომ უკვე დადგა ჟამი, როდესაც შეიძლება უკან გაგვრეკონ იმ სამყაროში

ბევრს ბოლომდე ვერ დაუჯერებია, რომ საქართველო, მიუხედავად მისი სიმცირისა და სიღარიბისა, სახელმწიფოა, რომ საერთაშორისო ქცევაში მან ისეთივე პირობითობები უნდა დაიცვას, როგორსაც სხვები იცავენ, მას ისევე მოეთხოვება თავისი სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვა და პირველივე გასაჭირისას უკან არ უნდა მიეახლოს მოძალადეს.
სახელმწიფოებრივი ღირსება და თავის მონობაში ჩამტკბარი ლუკაია ლაბახუას ფსიქოლოგია შეუთავსებლებია. ჰოდა, სწორედ ამ ორი კონფლიქტის დროს შეიძლება ლუკაია ლაბახუამ ჩამოაგდოს ლაპარაკი ქართული სახელმწიფოს არსებობის მართლზომიერებაზე. ბედად, ამგვარი ადამიანების ოდენობა არც ისე დიდია, მათი ოდენობა ყოველდღიურად კლებულობს, თუმცა დარჩენილები თავისი აგრესიული ხმაურით ცდილობენ ვითარების შეცვლას.
- გახშირდა საუბრები, რომ ხანძარი საქართველოს ტყეებში შემთხვევით არ გაჩენილა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავარმა პოლიციელმაც არ გამორიცხეს ხანძრების ხელოვნულად გაჩენის ალბათობა.
სამწუხაროდ, ხანძრების გაჩენაში რუსეთის კვალსა და ოფიციალური თბილისის მიმართ კრემლის მოთხოვნებზე ძირითადად, ის პოლიტიკური ჯგუფები აქტიურობდნენ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში რუსული ინტერესების გატარებაში არიან შემჩნეულნი.
ამგვარი ეჭვები მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც პოლიციელებმა ბორჯომის ტყეში ბენზინის ბიდონი იპოვეს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტყეებში ხანძრების გაჩენი უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ?

- ეჭვს ბევრი გარემოება აჩენს. პირველ რიგში საეჭვოა ის ფაქტი, რომ სწორედ ხანძრის თუ ხანძრების გაჩენის წინა დღეებში სამაჩაბლოში ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ზედიზედ ხანძრის რამდენიმე ეპიცენტრი გაჩნდა ერთმანეთისაგან საკმაოდ შორს. ცუდად ჩანს კიევის ცენტრში განხორციელებული ტერაქტიც. თუ ეს ვერსია მართალია, ის სრულიად ჯდება ჩვენს მიმართ რუსული პოლიტიკის ქცევის კონტურებში.
ლაპარაკი არა მაქვს მატერიალურ ზარალზე. ბედად, ეს ზარალი არ არის დიდი მასშტაბების - მით უმეტეს თუ პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ხორვატიაში გაჩენილ ხანძრებს გავიხსენებთ.
პორტუგალიაში ხანძარს ექვსი ათეული ადამიანი შეეწირა, ხოლო ტერიტორიულად ჩვენზე მცირე ხორვატიაში 83 000 ჰექტარი ტყე განადგურდა. არადა, მავანი წრეები შეეცადნენ აპოკალიპსური სურათი დაეხატათ და კრიზისი ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის თემასთან დაეკავშირებინათ.
მთავარი საეჭვო გარემოება კი თქვენ თავად ახსენეთ: პრორუსული სენტიმენტების ადამიანებისა და ჯგუფების მოწოდება, რომ რუსული დახმარებით გვესარგებლა, რასაც, ცხადია, ქართულ-რუსული საუკუნივანი ერთობის შესახებ სპეკულაციები მოჰყვებოდა.
ყველაფერი ეს მხოლოდ ეჭვებია, თუმცა კი სრულიად ექცევა რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოყენებული პოლიტტექნოლოგიების კონტექსტში. ხანძრების გამო აპოკალიპსური განწყობების შექმნით, საზღვრების ყოველდღიური გადმოწევით თუ მუსლიმებთან საუკუნოვანი დაპირისპირებისა და ახალი „დიდი თურქობის“ თემის პედალირებით, ჩვენი შინნაზარდი პოლიტკორექტულების შეცდომათა გამოყენებით და ა.შ. არ ამოიწურება იმ ხერხთა ერთობლიობა, რომლითაც ჩვენს უბრალო ადამიანს შიშის, პანიკის, უიმედოობისა და ა.შ. განწყობა უნდა დაეუფლოს.
რუსეთის მმართველები ცდილობენ ირონიულად ილაპარაკონ ახალ სანქციებზე, მაგრამ, როგორც გაირკვა ეს, სანქციები არც ისე უსაფრთხო ყოფილა და ჩვენი შინნაზარდი პუტინისტების მცდელობებს რეალურ შედეგად მათთვისვე ცუდი მორალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს

მოგვიწოდებენ, რუსულ ოკუპაციასთან და ასიათასობით დევნილთან ერთად მოსკებისა და ხალიბების განსახლების ადგილებიც გვახსოვდეს. საკმარისია, საზღვრების გადმოწევა ახსენო, რომ მაშინვე ტაო-კლარჯეთსაც აღარ სჯერდებიან და ქვეყანას ამერიკის მიერ ოკუპირებულად აცხადებენ. ან ძალიან არაადექვატურნი არიან ან ძალიან არ უნდა გვცემდნენ პატივს თუ ფიქრობენ, რომ ყველაფერი ეს იმუშავებს და მაშველ რგოლად ისევ მართლმადიდებელ რუსეთთან „საუკუნოვან მეგობრობას“ მოვუხმობთ.
მე მხოლოდ რამდენიმე გავიხსენე და კიდევ ბევრი ხერხი არსებობს და არ ვიცი, რამდენად არიან ჩვენი უშიშროების ორგანოები ამისთვის მზად. ის, ვინც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ნონსენსად მიიჩნევს - ასეთები შინაც გვყოლია - ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე იყენებს ფსიქოლოგიური ტერორის ხერხებს და ამაში თავად ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი.
საბედნიეროდ, ყოველივე ამას დასასრული უწერია ისევ და ისევ საერთაშორისო კონტექსტის წყალობით. მართალია, რუსეთის მმართველები ცდილობენ, ირონიულად ილაპარაკონ ახალ სანქციებზე, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გამოცხადების შემდეგ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: ე.წ. კრიპტოვალუტაში დაბანდებული ფულის ოდენობა ოცი დღის განმავლობაში დღეში საშუალოდ ერთი მილიარდით იზრდებოდა. ანუ ხდებოდა თანხების მოხსნა და მათი გადანაცვლება შედარებით უსაფრთხო ადგილას და ამერიკელები სერიოზულად არკვევენ ამ თანხების წარმომავლობას. არაფერი დაიმალება.
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს სანქციები არც ისე უსაფრთხო ყოფილა და ჩვენი შინნაზარდი პუტინისტების მცდელობებს რეალურ შედეგად მათთვისვე ცუდი მორალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები