არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ჩვენი ხელისუფლების მიკვირს - მხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში
17:28 06-09-2017
ჩვენი ხელისუფლების მიკვირს - მხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, სოსო სინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ თბილისმა უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იგი კვლავაც აპირებს 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას. თუ კიევსა და თბილისს სურდათ სააკაშვილის შეშინება, ფაქტია, რომ მუქარამ არ გაჭრა. თუ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, ამით არც უკრაინის ხელისუფლება მოიგებს და არც საქართველოსი.
გია ხუხაშვილის აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ ოფიციალური კიევი და თბილისი სააკაშვილის გეგმებში ჩაეწერნენ. თქვენც ასე ფიქრობთ? და კიდევ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?
- როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ბატონი გია ამჯერადაც სწორია. სააკაშვილს აქვს თავისი გეგმა, ის აიძულებს თავის მოწინააღმდეგეებს შეცდომების დაშვებას. როდესაც სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, დადიოდა სახურავებზე, ტყეების ჭრას აპროტესტებდა, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სულ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, მისი რეპუტაცია სულ ყოფილიყო სათანადო სიმაღლეზე, მისი პოლიტიკური ოპონენტები სულ იმით ყოფილიყვნენ დაკავებული, როგორ გაენეიტრალებინათ მისი სვლები, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ.
მთელი ეს ისტორია დამთავრდება იმით, რომ სააკაშვილს არ შეუშვებენ უკრაინაში და იგი დასავლეთის გარკვეულ წრეებში კიდევ უფრო პოპულარული გახდება

ამჯერად მე ჩვენი ხელისუფლების მიკვირს - მხედველობაში მაქვს ის, თუ რატომ ჩაერთვნენ სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ საეჭვო ისტორიაში. შედეგით საეჭვო ისტორიაში. რასაკვირველია, პოროშენკოსათვის უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლა დივანში ლურსმნის არსებობაა. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლებისათვის სააკაშვილის დაკავება, გადმოცემა და თბილისში სასამართლო პროცესი ყველა შემთხვევაში მომგებიანი ვერანაირად ვერ იქნება. სააკაშვილის პროცესი ”ციანიდის საქმესავით” დახურული ვერანაირად ვერ იქნება - 21-ე საუკუნეში კი არა, სტალინსაც კი არ ჰქონია. სწორედ მის დროს იმართებოდა სვეტებიან დარბაზში ღია პროცესები.
ვფიქრობ, თბილისმა, კიევმა და თავად მიშამაც იცის, რომ უკრაინაში არ შეუშვებენ. ყველაზე ნაკლები იმიჯური დანაკარგი პორიშენკოსათვის იქნება თუ სააკაშვილს არ შეუშვებს უკრაინაში. მაგრამ, არც ეს არის გამოსავალი, ვინაიდან სააკაშვილი არსენა მარაბდელივით მარტო არ მიდის. მას მიჰყვებიან პოლიტიკოსები, პრესა, მთელი ევროპის ტელევიზიები, ალბათ საქართველოსიც, აჩვენებენ სცენებს თუ როგორ არ შეუშვეს კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინაში.
სააკაშვილის აქტივი ის არის, რომ იგი ყოველთვის ახერხებდა მომგებიანი, მიმზიდველი და პოპულარული თემების პოვნას როგორც ევროპისთვის, ისე პირველ რიგში ამერიკისათვის. ის იმეორებს იმას, რასაც თბილისში აკეთებდა. დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მომგებიანი თემა, როგორც კორუფციასთან ბრძოლაა. ამის საბაბს შევარდნაძის ხელისუფლებაც იძლეოდა და პოროშენკოს ხელისუფლებაც იძლევა. შევადნაძე ოლიგარქი არ იყო, უკრაინას ახლა ოლიგარქია მართავს.
არა მგონია, რომ დონბასთან დაკავშირებულ საკითხებში დასავლეთი რუსეთის დამყოლი აღმოჩნდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პუტინმა დიდი ხანია დასავლეთის მიერ დადგენილი ყველა წითელი ხაზი გადალახა

ამიტომ, ვფიქრობ, მთელი ეს ისტორია დამთავრდება იმით, რომ სააკაშვილს არ შეუშვებენ უკრაინაში და იგი დასავლეთის გარკვეულ წრეებში კიდევ უფრო პოპულარული გახდება. და ეს მაშინ, როცა ვაშინგტონი და ევროპა პოროშენკოსგან კორუფციასთან ბრძოლას და ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოითხოვენ. სააკაშვილმა მოახერხა აზრის დამკვიდრება, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ პირველი მებრძოლი სწორედ ისაა.
- კრემლი დონბასში გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელების შეყვანის იდეით გამოვიდა. თუ ჩვენ გასული საუკუნის 90-იან წლებს, ჩვენს კონფლიქტებსა და მასში რუსეთის მონაწილეობას და მოქმედებას გავიხსენებთ იოლად დავასკვნით, რომ კრემლს მის მიერვე გაღვივებულ კონფლიქტებში თავისი მოქმედების სცენარში კორექტივებიც კი არ შეაქვს.
მოსკოვის წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა კიევმა და კვლავ ასევე კატეგორიულად მოითხოვს რუსეთ-უკრაინის 400 კილომეტრიან საზღვარზე უკრაინის კონტროლის აღდგენას.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებში მოსკოვი მოქმედების სქემას არ ცვლის? თქვენი აზრით, ამჯერად რამდენად დამყოლი შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთი დონბასთან დაკავშირებით კრემლის ”სამშვიდობო” გეგმებთან მიმართებაში?
- არა მგონია, რომ დონბასთან დაკავშირებულ საკითხებში დასავლეთი რუსეთის დამყოლი აღმოჩნდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პუტინმა დიდი ხანია დასავლეთის მიერ დადგენილი ყველა წითელი ხაზი გადალახა. რაც შეეხება მშვიდობისმყოფელებს. ჩვენ ამ თვალსაზრისით ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. სადაც გინდ რუსი და გინდა სხვა ქვეყნის, თუნდაც გაეროს მშვიდობისმყოფელები შევიდნენ, ყველგან სტატუს-კვო დამყარდა. გაეროს მშვიდობისმყოფელები დგანან კვიპროსზე და ეს ქვეყანა 50 წელია გაყოფილია. პოროშეკომ იცის, დონბასში როგორც კი შევლენ მშვიდობისმყოფელები, გინდ რუსეთის, გინდ გაეროს, პუტინი ყოველთვის მოახერხებს დონბასში ისეთი ფეთქებადი სიტუაცია იყოს, რომ იქიდან გაერო თავის ”ცისფერჩაფხუტიანებს” არასოდეს გამოიყვანს.
შევარდნაძის შეცდომა ის იყო, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დათანხმდა რუსებისათვის მშვიდობისმყოფელის სტატუსის მინიჭებას. პრაქტიკულად, ეს კაპიტულაცია გახლდათ

თავის დროზე, გასული საუკუნის 50-წლების მიწურულსა და 60-იან წლებში ნასერმა სუეციდან გაეროს გააყვანინა მშვიდობისმყოფელები, მაგრამ ამით ეგვიპტემ ვერაფერი მოიგო, პრაქტიკულად ნახევარი ტერიტორიები დაკარგა. გამორიცხულია, რომ კიევის თანხმობით დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელები შევიდნენ. ასე რომ მოხდეს, კიევისთვის ეს ამ რეგიონის დაკარგვის ტოლფასი იქნება.
შევარდნაძის შეცდომა ის იყო, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დათანხმდა რუსებისათვის მშვიდობისმყოფელის სტატუსის მინიჭებას. პრაქტიკულად, ეს კაპიტულაცია გახლდათ.
- მახსოვს, ”იმელის პარლამენტში” ამას ყველაზე დიდი შემართებით ბატონი ნოდარ ნათაძე აპროტესტებდა. მისი არგუმენტი ასეთი იყო - გაეროს წესდება იძლევა საშუალებას, მშვიდობისმყოფელის სტატუსი არ მიენიჭოს მეზობელ ქვეყანას, ვინაიდან მას შესაძლოა, თავისი ინტერესები ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული...
- მახსოვს ჩვენს მაშინდელ პარლამენტში ამ თემაზე ცხარე კამათი. მშვიდობისმყოფელი გინდა მეზობელი ქვეყნის იყოს გინდა არა, მაინც წამგებიანია იმ ქვეყნისთვის, სადაც კონფლიქტია გაჩაღებული. გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში შესვლა იმ ქვეყნის მოთხოვნით უნდა მოხდეს, სდაც კონფლიქტია. ამ შემთხვევაში უკრაინის. კიევი კი ამას გაეროსაგან არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვს.
შემოდგომაზე უფრო მოსალოდნელია ამერიკელების მიერ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ”ჯაველინის” გადაცემა, მაგრამ, იმავდროულად, ვაშინგტონი პოროშენკოსაგან მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმების გატარებას

რასაც მე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდები, იქ ალბათ შემოდგომაზე უფრო მოსალოდნელია ის, რასაც უკრაინის მიერ აშშ-საგან იარაღის მიღება ჰქვია და რასაც კიევი კარგა ხანია ვაშინგტონისგან ითხოვს. საუბარია ამერიკელების მიერ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ”ჯაველინის” გადაცემაზე. მაგრამ, იმავდროულად, ვაშინგტონი პოროშენკოსაგან მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმების გატარებას. აქ უკვე სააკაშვილი არ აძლევს მას იმის თქმის საშუალებას, რომ იგი კორუფციას ებრძვის, თან ეფექტურად.
- ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის საკონტინეტთაშორისო ბომბის გამოცდით ყველა გააკვირვა. ჯერ იყო ტრამპმა მერკელთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ”მოქმედების ყველა სცენარს განიხილავს”. მაგრამ, გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილებოდა, ჩინეთის წარმომადგენელმა განაცხადა - ”პეკინი არავის მისცემს უფლებას კორეაში ომი დაიწყოსო”.
გასაგებია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში აშშ-ს სეფე სიტყვა კი ეკუთვნის, მაგრამ ამავე საკითხებში პასუხიმგებლობა პეკინსა და მოსკოვსაც ეკისებათ. როგორც ვნახეთ, მათი პოზიცია საფხენიანო უფროა. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში?
- ლოგიკის მიხედვით, ერთი შედეგი ეს არის ჩრდილოეთ კორეაზე სამხედრო დარტყმა, რასაც იგივე ვაშინგტონის ჩუმი თანხმობით ყოველთვის იყენებდა ისრაელი. ისრაელმა ოთხი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაარღვია როცა ერაყის ბირთვული რეაქტორები დაბომბა და საფრანგეთის პორტებიდან მოიპარა უკვე ნაყიდი ბირთვული რეაქტორები.
არავინ, მათ შორის არც ამერიკაში არ ელოდა ბირთვული იარაღის წარმოების საქმეში ჩრდილოეთ კორეის ასეთ სწრაფ წარმატებას. ჩრდილოეთ კორეის მიერ რიგით მეექვსე აფეთქების გამოცდა საკმაოდ სერიოზული იყო. საუბრობენ იმაზე, რომ უკანასკნელი აფეთქება სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავის დროზე ხიროსიმასზე განხორციელებული აფეთქება.
ფხენიანი უნიკალური შემთხვევაა იმ თვალსაზრისით, რომ იგი არანაირ თამაშის წესებს არ ცნობს და არ აღიარებს

ამერიკელებმა როგორც იქნა მოინელეს რუსეთის სტრატეგიული რაკეტები, ვინაიდან ჯერ სსრკ და შემდეგ რუსეთი თამაშის წესებს აღიარებდა. ფხენიანი უნიკალური შემთხვევაა იმ თვალსაზრისით, რომ იგი არანაირ თამაშის წესებს არ ცნობს და არ აღიარებს.
- ყველა თანხმდება, რომ ფხენიანის წარმატებები ბირთვული იარაღის შექმნაში საკმაოდ შთამბეჭდავია. იგი ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა - ან პეკინი დაეხმარა ან მოსკოვი. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სწორედ მოსკოვს აწყობს ჩრდილოეთ კორეის კრიზისში ვაშინგტონის იმ დოზით ჩართვა, როგორც თავის დროზე ვიეტნამში ჩაება ომში ამერიკა. თუ ჩრდილოეთ კორეის საკითხში პეკინის პოზიციას გავითვალისწუნებთ, ტრამპმა კიდეც რომ გადაწყვიტოს ფხენიანზე დარტყმის განხორციელება, არა მხოლოდ მსოფლიოს ამ რეგიონში საკმაოზე მეტად დაიძაბება ვითარება...
- თუ ფხენიანმა ვაშინგტონს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, მაშინ ტრამპს სხვა გზა არ ექნება. პეკინს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სხვა ”კუჭის ტკივილი” აქვს. პეკინს კიმ ჩენ ინი მხოლოდ ერთ განზომილებაში ადარდებს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში მილიონობით ლტოლვილი მიაწყდება ჩინეთს.
რუსეთი თან გმობს ფხენიანის მოქმედებას, თან ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ დიპლომატია ჩაერთოს. კრემლმა მშვენივრად იცის, რომ კიმ ჩე ინთან დიპლომატია უძლურია და არ ჭრის. კიმ ჩე ინი კი ამბობს, თქვენ უნდა შემინახოთ მე - არც მეტი, არც ნაკლები. ტრამპის ბოლო განცხადება იყო საინტერესო - ჩვენ ყოველგვარ ვაჭრობას ჩრდილოეთ კორეასთან გამოვრიცხავთ. ყადაღას დავადებთ იმ ქვეყნებს, ვინც არაპირდაპირ ეხმარება ფხენიანს. აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ დაბალია. აქ იგულისხმება ის, რომ 200 თუ 300 ათასი კორეელი მუშაობს რუსეთში და ფულს აგზავნის ჩრდილოეთ კორეაში.
მაგრამ, ჩინეთ-ამერიკის ვაჭრობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ტრამპი წავა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მკვეთრად შემცირებაზე თუ დაინახა, რომ პეკინი ჩრდილოეთ კორეას რამე ფორმით ეხმარება. ამერიკაში ჩინური პროდუქცია ბევრი იყიდება, ისევე როგორც ჩინეთში ამერიკული. საქმე ისაა, რომ ამერიკას სხვა ბაზრების ათვისება შეუძლია, ამ მხრივ ჩინეთს ასეთი შანსები არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩინეთს არ უხარია კიდევ ერთი ბირთვული ქვეყნის გაჩენა, ეს არც რუსეთს უხარია. ყველას უნდა რომ ბირთვული იარაღი რაც შეიძლება ცოტას ჰქონდეს.
ჩინეთ-ამერიკის ვაჭრობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ტრამპი წავა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მკვეთრად შემცირებაზე თუ დაინახა, რომ პეკინი ჩრდილოეთ კორეას რამე ფორმით ეხმარება

სხვათა შორის, პაკისტანმა ბირთვული ბომბი თავისით შექმნა. აშს-ს სახელმწიფო მდივანი კისინჯერი პაკისტანის პრემიერ ბენაზირ ბჰუტოს რომ შეხვდა, პირდაპირ უთხრა - კაპიკს არ მოგცემთ თუ არ შეწყვეტთ ბირთვულ იარაღზე მუშაობასო. ბჰუტოს პასუხი ასეთი იყო - ბალახს შევჭამთ, მაგრამ ბომბს მაინც შევქმნით. პაკისტანს არავინ არ დახმარებია, თავად შექმნეს ბირთვული იარაღი.
- ანუ არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოეთ კორეას არავინ არ დახმარებია და თავად შექმნა ბირთვული იარაღი?
- არ არის გამორიცხული, რომ ცალკეული მეცნიერები ევროპიდან, ამერიკიდან ფულის გულისთვის წავიდნენ ფხენიანში და ჩუმად დაიწყონ იქ მუშაობა.
- ახლა კი საშინაო პოლიტიკას დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ახლა ჩვენთან საარჩევნო პერიოდია და თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- შიდა პოლიტიკაში შეიმჩნევა გარკვეული დაბნეულობა. ”ქართული ოცნება” ვერ გამოვიდა პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლით გამოწვეული შოკიდან. ოფიციალურად წასვლას ვგულისხმობ, თორემ იგი არაოფიციალურად არსად არ წასულა. როგორც ჩანს, ივანიშვილს რამდენიმე, 2-3 სამინისტრო აინტერესებს.
კალაძე ”ქართული ოცნების” არანაირი გუნდის მერობის კანდიდატი არ ყოფილა. კალაძე გახლავთ კალაძის კანდიდატი. რაც სიამოვნებით მიიღო იგივე პრემიერმა, ვინაიდან, მას სულაც არ აწყობდა მის გვერდით გავლენიანი ვიცე-პრემიერი

ეს ნათლად გამოჩნდა ხანძრებისას, საერთოდ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შოკიდან ”ოცნება” ვერ გამოვიდა, ეს კლასიკაა და გასაკვირი არაა. მაო რომ გარდაიცვალა, კიდევ კარგი ჩინელებს დენსიაოპინი ჰყავდათ, თორემ ჩინეთში რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. ივანიშვილმა ყველა მიაჩვია ასეთ დამოკიდებულებას - თქვენ ფიქრი არ გინდათ არაფერზე, თქვენს მაგივრად ყველაფერზე მე ვფიქრობ. თქვენ კი იცხოვრეთ, მე ფულს გაძლევთ, სახლები გიყიდეთ, ხელფასები დაგინიშნეთ, იყავით და რასაც გეტყვით, ის აკეთეთ.
როგორც ჩანს, კვირიკაშვილი ვერ გამოდგა ძლიერი პიროვნება. თანაც შეცდომები მოსდის. ევროპაში რომ მომხდარიყო ის, რაც ”ციანიდის საქმეთან” მოხდა, მას საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხების გაცემა. ”ციანიდის საქმეთან” დაკავშირებით სასამართლომ თქვა- არავითარი ანგარება, დეკანოზი მამალაძე შურისძიების გამო მოქმედებდაო. და ეს მაშინ, როცა პრემიერმა კვირიკაშვილმა ოთხი დღე გვატირა - აქაოდა ქვეყანა ტრაგედიას გადავურჩა, პატრიარქს კლავდნენო. პრემიერი ხომ ვიღაცა არაა, რომ ყალბი ინფორმაცია მიაწოდოს.
რაც შეეხება არჩევნებს. რასაკვირველია, კალაძე ”ქართული ოცნების” არანაირი გუნდის მერობის კანდიდატი არ ყოფილა. კალაძე გახლავთ კალაძის კანდიდატი. რაც სიამოვნებით მიიღო იგივე პრემიერმა, ვინაიდან, მას სულაც არ აწყობდა მის გვერდით გავლენიანი ვიცე-პრემიერი. ვუსმინე კალაძეს ენერგეტიკის სფეროში მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე. ეტყობა, კალაძეს პირში არავინ ეუბნება, რომ დიასახლისი ქსენია და მევენახე მიხო იმას კი არ იტყვიან, რამდენი დიდი თუ პატარა ჰესი აშენდა ქვეყანაში, არამედ იმას, შემცირდა თუ არა და რამდენით ელექტროენერგიაზე გადასახადი.
გარდა ამისა, ეს არჩევნები საინტერესოა იმით, რომ პირველად გამოჩნდა რეალურად თავისუფალი მოთამაშე, ”მოხეტიალე ფორვარდი” ელისაშვილის სახით. მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს, ის კი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ბევრი რამ, რაც დღეს ცუდადაა, გამოსწორდება.
ეს არჩევნები საინტერესოა იმით, რომ პირველად გამოჩნდა რეალურად თავისუფალი მოთამაშე, ”მოხეტიალე ფორვარდი” ელისაშვილის სახით. მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს

სხვათა შორის, ირანის პრეზიდენტი მანამდე თეირანის მერი იყო. იგი უცხო იყო ყველასთვის - თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის არაფრით გამორჩეული ლექტორი იყო. სწორედ ის ამბობდა - მე არც ერთ პარტიას არ ვეკუთნი, არავის წინაშე ვალდებული არ ვარ და იგი ჯერ მერი გახდა, შემდეგ პრეზიდენტი.
ეს იმიტომ გავიხსენე, რომ არჩევნების წინ ჩვენში შიდაპოლიტიკური ვითარება აჭრილია და საკმაოდ ფინთადაც. კალაძის აქილევსის ქუსლი იცით რაა? - ნარმანია. როცა მას ნარმანიაზე ეკითხებიან, იგი მასზე ცუდს ვერაფერს ამბობს. ვერც იმას იტყვის, ნარმანია რომ აკეთებდა, იმაზე უკეთესად გააკეთებს. ასეა იმიტომ, რომ კალაძემ იცის, რომ ”ოცნებას” ნარმანია გამზადებული ჰყავთ თანამდებობაზე დასანიშნად.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ შიდა პოლიტიკაში პრორუსული ფლანგის აღზევება მიმდინარეობს. თქვენც ასე ფიქრობთ? თუ - კი, ეს რაში გამოიხატება?
- ჩემი აზრით, საქართველოში პრორუსულ მიმართულებას პერსპექტივა არც ერთ ვარიანტში არ აქვს. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოების მარგინალიზაცია კი ხდება, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად არაფერს თმობს და არც აპირებს.
ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრე მეცა ვარ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები არ მინდა იყოს ქუჩა, რომელზეც მხოლოდ ერთი მიმართულებითაა მოძრაობა. სამკუთხედი თბილისი-მოსკოვი-ვაშინგტონი ორიგინალური იდეა არაა. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, ამ იდეას ლობირებდა აწ განსვენებული ვახტანგ რჩეულიშვილი. მე მთხოვდა ამ თემაზე მემუშავა. მაშინ ვცემდი ჟურნალს ”პოლიტიკა” და იმ ჟურნალში ორი სტატიაც კი დამაწერინა. ეს იდეა როგორც მაშინ იყო მკვდრადშობილი თემა, იგი დღსაც ასეთივე მკვდრადშობილ თემად რჩება.
საქართველოში პრორუსულ მიმართულებას პერსპექტივა არც ერთ ვარიანტში არ აქვს. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოების მარგინალიზაცია კი ხდება, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად არაფერს თმობს და არც აპირებს

მეც ვარ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე, მაგრამ მოლაპარაკებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მოლაპარაკებას აწარმოებენ პირველი პირები და ორივე მხარე მზადაა გარკვეულ კომპრომისებზე. სხვანაირად ეს მოლაპარაკებები ძლიერი მხარის ულტიმატუმებზე საუბარი იქნება. ნაპოლეონიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ავსტრიასთან, პრუსიასთან, იტალიასთან, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ ამარცხებდა, მათთან მიჰქონდა დოკუმენტი, თავზე გადაახევდა, მაგრამ გამოდიოდა თითქოს მოლაპარაკებების შედეგად დაიდო შეთანხმება.
როდესაც რუსეთი გვეუბნება, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობაა და ჩვენ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს. სანამ რუსეთი მზად არ არის საქართველოსთან რაღაც დათმოს, რაც მას სხვათა შორის, უკანონოდ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით აქვს მიღებული, ასეთ სიტუაციაში მასთან არც მოლაპარაკებას აქვს აზრი და არც დელეგაციების გაგზავნას. დიპლომატიაში ყალბ გზავნილებზე უარესი არც არაფერია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები