არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ჩვენი ხელისუფლებისათვის დიდი პრობლემა იქნება თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდა
16:37 11-09-2017
ჩვენი ხელისუფლებისათვის დიდი პრობლემა იქნება თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდა საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ისტორიის ლაივში ცქერას კი შევეჩვიეთ, მაგრამ ის რაც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის აქტიუროს უკავშირდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახეთ, რომ აკრძალვის, პრობლემების შექმნის მიუხედავად სააკაშვილი უკრაინაში შევიდა.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ტელევიზიით ვიხილეთ? თქვენი აზრით, სავარაუდო, როგორ აისახება მომხდარი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე?
- პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მართლაც ექსტრაორდინალური სიტუაცია იყო. ევროპის უახლეს ისტორია არ ახსოვს, რომ დევნილი პოლიტიკური ფიგურა ჯერ აანონსებდეს, იწვევდეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტს და შემდეგ ასრულებდეს მუქარას. სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგობის მიუხედავად შედიოდეს სახელმწიფოში საზღვრის გავლით. მომხდარი აშკარად მიუთითებს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების სისუსტეებზე. შესაძლოა. მომხდარმა, უკრაინის ხელისუფლებას მდგრადობის თვალსაზრისით საფრთხები გაუჩინოს.
სააკაშვილის მხრიდან თავზეხელაღებული ბონაპარტიზმი უკრაინის საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის აწევისა და იმის მცდელობაა, რომ ხალხს „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდი მოაგონოს

შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა უკრაინაში რევოლუციური სიტუაციაა მომწიფებული და მომხდარმა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ, სააკაშვილის მხრიდან თავზეხელაღებული ბონაპარტიზმი უკრაინის საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის აწევისა და იმის მცდელობაა, რომ ხალხს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი მოაგონოს.
სააკაშვილი თავისი მოქმედებით ცდილობს დაადგინოს რამდენად არის უკრაინული საზოგადოება მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის მზად. ჩემი აზრით, უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენა ძალიან გაჭირდება იმიტომ რომ უკრაინა საქართველო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრია ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე სააკაშვილის მხარდამჭერები.
უკანასკნელ მოვლენებამდე სააკაშვილის რეიტინგი არ იყო ისეთი, რაც მას მისცემდა საშუალებას შეესრულებინა საერთო უკრაინული ლიდერის როლი. სააკაშვილი ვაბანკზე წასვლით ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად შექმნას გარკვეული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს.
უკრაინაში ძალიან ბევრია ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე სააკაშვილის მხარდამჭერები
- ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აქტიურობით პრეზიდენტ პოროშენკოს შეცდომები დააშვებინა, მაქსიმალურად მოახდინა მისი დისკრედიტაცია. მაგრამ, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მომხდარში პრეზიდენტი პოროშენკოც მონაწილეობდა. თუ იგი მომხდარში არ მონაწილეობდა, მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო უარესია.
თქვენი აზრით, პოროშენკოს მოქმედება კარგა ხნის წინ დაწერილი სცენარის ნაწილი იყო თუ მხოლოდ სააკაშვილის იმპროვიზირებულად მაგრამ თანმიმდევრულად მოქმედების შედეგი?
- ჩემთვის ამაზე საუბარი რთულია, ვინაიდან ამგვარი მსჯელობა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ეყრდნობა. არა მგონია მომხდარი თამაში იყოს, ვინაიდან უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებული პროცესებს სერიოზული გაგრძელებები შეიძლება მოჰყვეს. პოროშენკოს ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და ახლა მას სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა. პოროშენკოსთვის სერიოზული საკითხია თუ რა უყოს სააკაშვილს. მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარზე საუბრობენ.
ფაქტია, რომ სააკაშვილის ჩათვლით უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოსა და მისი ხელისუფლებისათვის სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა თემა წამგებიანია, ისინი რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ საზღვრის უკანონოდ მასობრივად გადაკვეთის ფაქტს.
შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. რამდენად შეძლებს სააკაშვილი და უკრაინული ოპოზიცია მომხდარის თავისი სასარგებლოდ გამოყენებას, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლება საკმაოდ წამგებიან სიტუაციაშია. პოროშენკოს რეიტინგი არასდროს არ ყოფილა მაღალი, მაგრამ იგი ახლა მომხდარის გამო კიდევ უფრო შეილახა.
- უკრაინელ დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარი არა უკრაინის ხელისუფლების ან პრეზიდენტის, არამედ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ გვახსოვს ციხიდან გამოსული იულია ტიმოშენკო მაიდნის რევოლუციის ორგანიზატორებმა ტრიბუნაზე ასვლის საშუალება რომ არ მისცეს. დღეს კი სააკაშვილის ერთერთი მთავარი პოლიტიკური პარტნიორი სწორედ იულია ტიმოშენკოა.
გასაგებია, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს უჭირს ქვეყანაში წარმატებული და ეფექტური რეფორმების გატარება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინა და მისი ხელისუფლება ისეთი პროდასავლური პოლიტიკის გამტარებელი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა. ბატონი ვახტანგ ძაბირაზე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესები თანხვედრაშია...
- როცა ასეთი რთული პოლიტიკური პროცესი ხდება, ბუნებრივია რომ უკრაინის არასტაბილურობა სწორედ მოსკოვს აწყობს. უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გაღმავება კიდევ უფრო გაართულებს უკრაინის მდგომარეობას.
შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. რამდენად შეძლებს სააკაშვილი და უკრაინული ოპოზიცია მომხდარის თავისი სასარგებლოდ გამოყენებას, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლება საკმაოდ წამგებიან სიტუაციაშია

მართალია იულია ტიმოშენკო უკრაინის ოპოზიციის ერთერთი ლიდერია, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შელახულია. რამოდენიმე დღეში გამოჩნდება რა რეაქცია ექნება უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინული ოპოზიციის დანარჩენ სპექტრს სააკაშვილის აქტიურობაზე და რამდენად შეუწყობს ეს ხელს უკრაინაში რევოლუციური სიტუაციის შექმნას.
- გამორიცხულია, რომ უკრაინაში სააკაშვილის მოქმედება არ აისახოს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება უკრაინის პოლიტიკურ მოედანზე სააკაშვილის სერიზული გააქტიურება ქართულ პოლიტიკაზე?
- მოვლენები, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარდა, ჩვენთვის ნაცნობია, საქართველოში პროცესების განვითარების რევოლუციური სცენარები ჩვენ გვახსოვს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება დიდ სიამოვნებას არ განიცდიდა ტელევიზიით იმის ყურებისას, რაც სააკაშვილის აქტიურობით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ის, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება. ეს გარკვეულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას.
სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ნელი მოქმედების ბომბის არსებობას შეიძლება შევადაროთ. თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. ამას დაემატება წამებულის იმიჯის ხარჯზე საქართველოში მისი რეიტინგის ზრდა. მოგეხსენებათ სააკაშვილი პიარის დიდოსტატია.
რამოდენიმე დღეში გამოჩნდება რა რეაქცია ექნება უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინული ოპოზიციის დანარჩენ სპექტრს სააკაშვილის აქტიურობაზე და რამდენად შეუწყობს ეს ხელს უკრაინაში რევოლუციური სიტუაციის შექმნას
- როცა გავრცელდა ცნობა, რომ თბილისი კიევისაგან სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს, მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, კიევი და თბილისი სააკაშვილს შეშინებას ცდილობდა რომ მას საზღვრის გადაკვეთა გადაეფიქრებინა. როგორც ვნახეთ ამან არ გაჭრა. თქვენი აზრით, ახლა როცა სააკაშვილი უკრაინაშია, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც მოითხოვს კიევისაგან სააკაშვილის თბილისში ექსტრადირებას?
- შესაძლოა, ამის გაკეთების სურვილი ჩვენს ხელისუფლებას არც ჰქონდეს, მაგრამ მან სააკაშვილთან მიმართებაში თავისი აქტიურობით თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, რომ ახლა მას სხვა გზა არც დარჩა გარდა იმისა, რომ კიევს სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება მოსთხოვოს.
არა მგონია პოროშენკოს ინტერესებში იყოს უკრაინულ საპყრობილეში სააკაშვილის ყოფნა. ახლა სააკაშვილს უფრო აწყობს უკრაინაში დარჩნა, ვინაიდან მას უკრაინაში მორალური თვალსაზრისით უფრო მომგებიანი და მდგრადი პოზიცია აქვს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, მას აქვს უფლება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლებრივად გააპროტესტოს და მის დასაბრუნებლადაც იბრძოლოს.
სააკაშვილისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნება თუ მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული სასამართლო დავა დროში მაქსიმალურად გაიწელება. სააკაშვილისთვის უკრაინული ხელისუფლებისა და მართმსაჯულების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის აგორება უფრი იოლია. მას რომ საქართველოში ჩამოსვლა ნდომოდა, ამას აქამდე თავადაც გააკეთებდა. ფაქტია, რომ მას ამის საშუალება ბევრჯერაც ჰქონდა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება დიდ სიამოვნებას არ განიცდიდა ტელევიზიით იმის ყურებისას, რაც სააკაშვილის აქტიურობით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ხდებოდა

შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა წინასაარჩევო კამპანიას უკავშირდებოდა, მაგარამ ახლა როცა სააკაშვილი უკრაინაშია საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის თბილისში ექსტრადირების მოთხოვნას უკან ვეღარ წაიღებს. სააკაშვილის ექსტრადირების შემთხვევაში თავსატეხი, რომელიც ახლა სააკაშვილის სახით უკრაინის ხელისუფლება აქვს, ჩვენს ხელისუფლებას გადმოეცემა. არა მგონია მოვლეთანა განვითარების ეს სცენარი საქართველოს ხელისუფლებას აწყობდეს.
- წინასარჩევნო პერიოდი გვაქვს. პოლიტიკური პარტიები აქტიურად არციან ჩართული წინასაარჩევნო კაპმანიებში. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესს?
- ჩვენ შეჩვეულები ვართ რომ საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით ადგილობრივი არჩევნებისადმი დიდი ინტერესი არაა, მაგრამ წლევანდელი არჩევნები ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამოირჩევა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის მოლოდინი, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი და მისი პარტია გახდება შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ალტერნატივა, ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.
მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე გაირკვევა რამდენად დაცემული აქვს რეიტინგი ”ქართულ ოცნებას” და სხვა პოლიტიკური ძალები რა მხარდაჭერით სარგებლობენ.
შესაძლოა, ამის გაკეთების სურვილი ჩვენს ხელისუფლებას არც ჰქონდეს, მაგრამ მან სააკაშვილთან მიმართებაში თავისი აქტიურობით თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, რომ ახლა მას სხვა გზა არც დარჩა გარდა იმისა, რომ კიევს სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება მოსთხოვოს
- ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ვგულისხმობ თითქმის ყოველ დღე ხალხმრავალ შეხვედრებს, რომლებშიც საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან ჩართული.
მაგრამ, თვალშისაცემია კალაძის სასარგებლოდ იმ ადამაინების აქტიურობა, რომლებიც თავის დროზე ჯერ შევარდნაძის ”მოქალაქეთა კავშირს”, შემდეგ სააკაშვილის ”ნაცმოძრაობას”, ან ჟვანია-ბურჯანაძეს რომ უჭერდნენ მხარს.
პოლიტიკაში კალაძე ახალი თაობა კია, მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მას მხარს ე.წ. ძველი გვარდია გულმხურვალედ უჭერს?
- კალაძის მხრიდან ეს მისი პიარის ერთრთი ნაწილია. ალბათ, მან და მისმა გუნდმა საკამოდ კარგად გაიაზრეს თბილისის მერად მუშაობისას დავით ნარმანიასთან დაკავშირებული პრობლემები.
იმის გამო რომ ნარმანია თბილისელი არ იყო, მას ამას ხშირად ახსენებდნენ. ვინაიდან კალაძეს იგივე პრობლემა აქვს, მოგეხსენებათ იგი ცდილობს თბილისული ელიტა და თბილისის კოლორიტული ადამიანები იყვნენ მისი მხარდამჭერები და საყოველთაოდ მისაღები თბილისის მერობის კანდიდატის იმიჯი შეიქმნას.
მოახლოებულ არჩევნებზე გაირკვევა რამდენად დაცემული აქვს რეიტინგი ”ქართულ ოცნებას” და სხვა პოლიტიკური ძალები რა მხარდაჭერით სარგებლობენ
- მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური არჩევნებია, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები სააგიტაციო კლიპებში საზოგადოებას ლიბერალიზმსა და პატრიოტიზმს შორის არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებენ. მეტიც, პრორუსულად მიჩნეული პარტიები დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებისაკენ მოუწოდებენ.
თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს, ან რაზე შეიძლება მიანიშნებდეს თავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მუნიციპალური პრობლემების ნაცვლად საგარეოპოლიტიკრ საკითხებზე ყურადღების გამახვილება?
- ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მოახლოებულ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ. ამიტომ, ზოგ ნაკლებად გავლენიანი პარტიას, რომელსაც მქუხარე ლოზუნგები აქვს, იციან რა, რომ მათ კანდიდატებს არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ, მიზნად აქვთ დასახული ამომრჩეველს თავი დაამახსოვრონ იმ მესიჯ-ბოქსებით, რომელიც მათ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე გამოადგეთ.
კალაძე ცდილობს თბილისული ელიტა და თბილისის კოლორიტული ადამიანები იყვნენ მისი მხარდამჭერები და საყოველთაოდ მისაღები თბილისის მერობის კანდიდატის იმიჯი შეიქმნას

სიტყვა ”ლიბერალისათვის” უარყოფითი კონოტაციისმიემა სწორედ ამით აიხსნება. ეს პარტიები ცდილობენ ამ არჩევნებზე შეუქმნა ამომრჩევლებს გამყოფი ხაზები. დრო გვიჩვენებს მათი ეს ტაქტიკა რამდენად წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ამ პარტიებს სურთ ქვეყნის საგარეო ვექტორის თემა ჩვენი შიდა პოლიტიკის აქტუალური საკითხი იყოს. ამგვარი ლოზუნგებით ძირიტადად გამოდიან რუსეთთან მეზობლური ურთიერთობების სურვილის მქონე პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები.
- პრორუსულ ძალებად აღქმულ ”პატრიოტთა ალიანსს” და ”ქართულ მარშს” მაშტაბური ქუჩის აქციები აქვთ დაანონსებული. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ეს ორივე პოლიტიკური ძალა ქუჩაში გავლების მოსაპოვებლად ერთმანეთის კონკურენტები არიან?
- ჯერ გარკვეული არაა თუ ვინ დაიკავებს ქუჩის ოპოზიციის ნიშას. ჩვენ გვახსოვს, რომ ამის წარუმატებელი მცდელობა სხვა პარტიებს ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამის გაკეთებას ახლა ”პატრიოტთა ალიანსი” და ”ქართული მარში” შეეცდებიან. ქუჩის აქციებით მათ სურთ მოიპოვონ ლიდერის პოზიცია.
თუ ე.წ. პრორუსული ძალები შეძლებენ გაერთიანებას, არაა გამორიცხული ისინი საკმაოდ ძლიერ ძალად იქცნენ და შემდეგ საპარლამენტო არჩევნეზე ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენონ ვიდრე მათ 2016 წლის არჩევნებზე ჰქონდათ.
ამ ტიპის პარტიების გაერთიანების მცდელობა ბევრი კი იყო, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ”პატრიოტთა ალიანსი” ქუჩის აქციებით გახდეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ხელისუფლების ალტერნატივა. ფაქტია, რომ მას ა, საქმეში საკმაოდ ბევრი კონკურენტები ჰყავს.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მოახლოებულ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ.... მათ მიზნად აქვთ დასახული ამომრჩეველს თავი დაამახსოვრონ იმ მესიჯ-ბოქსებით, რომელიც მათ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე გამოადგეთ
- ნაცმოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. გარდა ამისა, მან კეზერაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებში ”ევროპელ დემოკრატებს” აფინანსებს.
რას შეიძლება ნიშნავდეს მელიას ეს განცხადება? ძნელი დასაჯერებელია, რომ მელიამ ეს განცხადება სააკაშვილთან შეუთანხმლებლად გააკეთა. გამოდის რომ სააკაშვილს და კეზერაშვილს შორის შავმა კატამ, ან სულაც დათვმა გაირბინა?
- აშკარაა, რომ მათ შორის მართლაც შავმა კატამ ჩაიარა. ზოგადად, კეზერაშვილი ცნობილია როგორც ”ნაცმოძრაობის” მოლარე, რომელიც პარტიის ფინანსებს განაგებდა. როცა ”ნაცმოძრაობა” გაიყო, მაშინვე დაისვა კითხვა თუ ვის მხარეს იქნებოდა კეზერაშვილი და ის ფინანსები, რომელსაც იგი განაგებს.
სააკაშვილთან კეზერაშვილის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვგულიხმობ იმას, რომ სააკაშვილი მას რამოდენიმეჯერ დაეხმარა როცა ის დაკავებული იყო, ყველა ფიქრობდა, რომ ”ნაცმოძრაობის” ფინასები სააკაშვილის ხელში იქნებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია აშკარად შეიცვალა. აქ ორი ვარიანტია - ერთი ის, რომ კეზერაშვილმა გადაწყვიტა ორივე პარტია დაეფინასებინა, მაგრამ ”ნაცმოძრაობას” მოეჩვენა რომ ეს არასწორია და მათ ნაკლები გამოუყვეს.
ნაკლებად დასაჯერებელია, რომ კეზერაშვილმა საერთოდ თქვა უარი ”ნაცმოძრაობის” დაფინანსებაზე და ”ევროპულ საქართველოზე” გადაერთო, ვინაიდან მან თამაშის წესები კარგად იცის

შესაძლოა, მაგრამ ნაკლებადდასაჯერებელია, რომ კეზერაშვილმა საერთოდ თქვა უარი ”ნაცმოძრაობის” დაფინანსებაზე და ”ევროპულ საქართველოზე” გადაერთო და ”ნაციონალები” ამით არიან უკმაყოფილოები. ეს ვარიანტი არა მგონია, ვინაიდან კეზერაშვილმა თამაშის წესები კარგად იცის.
ალბათ, უფრო სხვა სცენარია რეალური, ვგულისხმობ იმას, რომ თანხები რომელიც კეზერაშვილმა ”ნაცმოძრაობისთვის” გამოყო, ”ნაციონალებს” აშკარად ეცოტავათ. ფაქტია, რომ სავარაუდოდ, დაახლოებით ამ ტიპის რეალობასთან გვაქვს საქმე.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები