არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
აშშ-ს სურს საქართველო იყოს ძლიერი, რათა თავის ხალხს ცხოვრების უკეთესი პირობები შესთავაზოს და უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს
10:50 18-09-2017
აშშ-ს სურს საქართველო იყოს ძლიერი, რათა თავის ხალხს ცხოვრების უკეთესი პირობები შესთავაზოს და უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს მაკკეინის ინსტიტუტის ინიციატივით თბილისში 12-13 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ამ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” აშშ-ს დიპლომატიურ სამსახურში 40-წლიანი გამოცდილების დიპლომატს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს, ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრს, დანიელ ფრიდს ესაუბრა.

- ბატონო დანიელ, დასავლეთი რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკას კი ახორციელებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში ჯერ, კრემლზე აშკარად არ მოქმედებს.
თქვენ რას ჩათვლიდით რუსეთის მიმართ წარმოებული შეკავების პოლიტიკის წარმატებად და წარუმატებლობად?
- სანქციებმა ერთის მხრივ იმუშავა, ხოლო მეორე მხრივ არის სფეროები, სადაც არ იმუშავა. სანქციების შედეგია ის, რომ რომ მათ მნიშვნელოვნად შეზღუდეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ. უკრაინელები იმის გამო იმსახურებენ ქებას, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მათ მართლაც ბევრი რამ გააკეთეს. გარდა ამისა, ეკონომიკურმა სანქციებმა აიძულა რუსეთი დამჯდარიყვნენ კიევთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და შესულიყვნენ შეთანხმებაში, რომელსაც დღეს მინსკის შეთანხმება ჰქვია.
ეკონომიკურმა სანქციებმა შეზღუდა დონბასში რუსეთის აგრესია აიძულა დამჯდარიყვნენ კიევთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და შესულიყვნენ შეთანხმებაში, რომელსაც დღეს მინსკის შეთანხმება ჰქვია

რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავისი მინუსებიც აქვს, მაგრამ მინსკის შეთანხმება ბევრად უკეთესია, ვიდრე 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმება.
რაც სანქციებმა ვერ გააკეთა ის გახლავთ, რუსები ვერ დარწმუნდნენ იმაში, რომ რუსეთი უნდა გასულიყო დონბასიდან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლა რუსეთი დონბასთან მიმართებაში თავისი პოზიციის შეცვლაზე ფიქრობს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა.
- უკრაინის თემას ჩვენ კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით.
როგორ შეაფასებდით რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ? იგულისხმება რუსული ”რბილი ძალის” გააქტიურება, რაზეც ჩვენში ბევრს საუბრობენ და ასევე კრემლის მოთხოვნა, რომ თბილისი უნდა შეეგუოს 2008 წლის ომის შედეგად ჩამოყალიბებულ ”ახალ რეალობას”, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას...
- ჩემი აზრით, რუსეთი ცდილობს საქართველოს მისი გავლენის სფეროში მოქცევას და მასზე თავისი დომინირების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, მაგრამ მას სურს, რომ ჰქონდეს საქართველზე კონტროლი და იგი მის ფარვატერში იყოს.
რუსეთს სურს, რომ საქართველო სუსტი იყოს როგორც სახელმწიფო თავისი სუსტი ინსტიტუტებით. აშშ-ს სურს საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ასეთი საქართველო შეძლებს თავის ხალხს ცხოვრების უკეთესი პირობები შესთავაზოს და უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს.
- თქვენი აზრით, დღეს რამდენად ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება რუსულ გამოწვევებს?
- მე საქართველოში არ ვყოფილვარ 2009 წლის შემდეგ და შესაბამისად, ვერ ვისაუბრებ კომპეტენტურად საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. მაგრამ, შემიძლია ერთი რამ პირდაპირ ვთქვა - საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორია სუვერენული სახელმწიფოა.
საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი ან ბაზისი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ რეფორმების გატარებაშიცაა

ახლა რუსეთი საქართველოზე ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებით ზეწოლას ახორციელებს. საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი ან ბაზისი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ რეფორმების გატარებაშიცაა.
- 2009 წელს თქვენ აშშ-ს მრჩევლის რანგში თბილისში შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. სახელმწიფო კანცელარიაში გამართული ეს შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და გვიან დასრულდა, რომლის შემდეგაც თქვენ ქართველი ჟურნალიტების კითხვებსაც უპასუხეთ.
თქვენი პასუხები ჩემთვის იმდენად დამაბნეველი იყო, რომ ვიდრე კითხვას დავსვამდი, ასეთი ხუმრობანარევი კომეტარი დავურთე - ბატონო ფრიდ, თქვენმა პასუხებმა იმდენად ჩამაფიქრა, შესაძლოა, ამაღამ არც კი დამეძინოს.
ჩემს რეპლიკაზე თქვენი პასუხი დიპლომატიურობის კლასიკური ნიმუში გახლდათ. თქვენ, ხუმრობით ბოდიშიც კი მოიხადეთ, თუ იმ ღამით არ დამეძინებოდა.
როგორც ჩანს, მაშინ, 2009 წელს ვაშინგტონს არ ჰქონდა კონკრეტული პასუხები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
დღეს გარეთ 2017 წელია, შეგიძლიათ თქვათ, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა და შესაბამისად, პასუხები იმ გამოწვევებზე, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს წინაშე რეალურად დგას? ვგულისხმობ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, თუნდაც იმას, რომ კრემლს სურს საქართველო თავის გავლენის სფეროში მოაქციოს...
- რამდენიმე ხნის წინ თბილისში იყო ვიცე-პრეზიდენტი პენსი, მე წავიკითხე მისი გამოსვლა და ძალიან მომეწონა. პრეზიდენტ ტრამპს თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკა კარგი და გონივრულია. ის მოიცავს რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას

წინასარჩევნო კამპანიისას მან ძალიან ბევრი ისეთი რამ თქვა, რასაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკა კარგი და გონივრულია. ის მოიცავს რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევას და საქართველოსთვის დახმარებას.
- კონფერენციის ფარგლებში ერთ-ერთ პანელზე საკმაოდ საინტერესო გახლდათ უკრაინელი დიპლომატის გამოსვლა . უკრაინა სავსე ჭიქაა თუ ნახევრადსავსე, მან ამ თემაზე მსჯელობისას საკმაოდ მრავლისმეტყველი პასუხი გასცა - პუტინს სურს, რომ უკრაინული ჭიქა სავსე და ნახევრად სავსე კი არა, საერთოდ დამსხვრეული იყოს.
მისივე თქმით, ვინაიდან მხოლოდ წარმატებულ და ეკონომიკურად ძლიერ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჩერება, კარგი იქნებოდა თუ აშშ უკრაინისთვის მარშალის გეგმის მსგავს გეგმას შეიმუშავებდა. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას საქართველო.
თქვენი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა ვაშინგტონი ბევრი თვალსაზისით უკრაინელი დიპლომატის ამ მეტად საინტერესო მოსაზრებას არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც?
- ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში, რომელიც ასევე იყო პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ტარდება რეფორმები და ქვეყანა მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს თავისი პრობლემების მოგვარებას.
უკრაინამ და საქართველომ უნდა განაგრძონ რეფორმების გზა. რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებთ, უფრო მეტად დაუახლოვდებით ევროპას. ამასობაში ჩვენ, - არა მხოლოდ უკრაინამ და საქართველომ, - არამედ ამერიკამ უნდა გამოვძებნოთ გზა, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას.
ჩვენ, - არა მხოლოდ უკრაინამ და საქართველომ, - არამედ ამერიკამ უნდა გამოვძებნოთ გზა, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას

მე არ ვამბობ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, იმიტომ რომ ამის თქმა სასაცილო იქნებოდა. მაგრამ, იმავდროულად უნდა გაიზარდოს საქართველოს ურთიერთოებები დასავლეთთან. ეს კი იმას გარანტია იქნება, რომ საქართველო ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე და საქართველოს არ ექნება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის საფრთხე.
მე ბევრი არ ვიცი საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ვიცი თუ რა მოხდა როცა რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაადო. საქართველომ გააუმჯობესა ღვინის ხარისხი. დარწმუნებული ვარ საქართველო გაცილებით მეტ ღვინოს გაყიდის ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და იმაზე მეტ ფულს გააკეთებთ, ვიდრე რუსეთში. რაც უფრო განვითარდება თქვენი ეკონომიკა, მით მეტად იქნებით თქვენ დაცულები რუსეთის ზეწოლისაგან.
- ჩემი კითხვა ”პასუხგაუცემელი” რომ არ დარჩეს, რას დაამატებდით? ვგულისხმობ ვაშინგტონის მიერ უკრაინისა და საქართველოსთვის მარშალის გეგმის მსგავსი გეგმის შემუშავებას...
- დიახ, რუსეთს სურს, რომ უკრაინული და ქართული ჭიქა გატეხილი იყოს. რუსეთი ამის გაკეთებას ყველა დონეზე შეეცდება. ჩვენი ამოცანაა თქვენ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ რეფორმების გატარებაში. ასევე დაგეხმაროთ, რომ პუტინმა გაიგოს - უკრაინა და საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანი არ გახდება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმაზე, თუ რას მიიღებს ის იგი ამერიკისგან

ჩვენ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის მარშალის გეგმა არ შეგვითავაზებია, მაგრამ ჩვენ მათ გავუწიეთ დახმარება. საქართველომ ევროკავშირთან დადო ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ასევე უვიზო მიმოსვლაზე. ასევე გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთოების შეთანხმება. საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დამოკიდებულია საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე და იმაზე, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს თქვენი მთავრობა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმაზე, თუ რას მიიღებს ის იგი ამერიკისგან. ვიმეორებ, მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ თბილისში ვიცე-პრეზიდენტი პენსი იყო. მისი ვიზიტი გახლდათ ნათელი მაგალითი, რომ ამერიკას ახსოვს საქართველო.
- თქვენი აზრით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ პირობითმა დასავლეთმა უარი თქვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე? თუ იგი მომავალში კვლავაც გაგრძელდება, სავარაუდოდ, რამდენ ხანს გასტანს?
- ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში ბევრი ჩვენთაგანი შეშფოთებული იყო იმით, რომ აშშ-ს რუსეთისთვის სანქციები მოეხსნა. ეს პუტინისთვის დიდი საჩუქარი იქნებოდა.
პუტინმა უნდა გაიგოს - უკრაინა და საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანი არ გახდება

თუმცა, კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ამგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს. როგორც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე უკრაინაში ვითარება არ დარეგულირდება. სწორია, რომ თქვენ ამ კითხვას სვამთ. სანქციები მოხნის პრობლემა არსებობდა, მაგრამ იგი დღეისათვის უკვე აღარ არსებობს.
- უკანასკნელ დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. უკრაინელ ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ შესაძლოა, უკრაინამ წააგოს ბრძოლა დონბასში რუსული სცენარით სამშვიდობო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. ასევე ხომ არ გადაიფიქრებს ვაშინგტონი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას და ხომ არ შეასუსტებს ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას.
ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით.
კითხვას კი ასეთს დავსვამდი - როგორადაც არ უნდა განვითარდეს უკრაინაში შიდაპოლიტიკური პროცესები, სააკაშვილის მიმართ თუ ზოგადად, მართლაც გადაიფიქრებს თუ არა აშშ უკრაინსითვის იარაღის მიწოდებას და მოხდება თუ არა რუსეთის სცენარით დონბასში სამშვიდობების განლაგება?
- მადლობა ამ კითხვებისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია სწავლობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს. ვერ გეტყვით, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
რუსეთის სურს სამშვიდობო ძალები დონბასში განლაგდნენ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებული ხაზების გასწვრივ. ამგვარი სცენარი კიევს პუტინმა შესთავაზა. არ არსებობს არანაირი შანსი რომ დონბასში სამშვიდობოები რუსული სცენარით განლაგდნენ. ეს სულელური იდეაა. უფრო სწორად, უკრაინელები და ჩვენ ვიქნებით სულელები თუ ამ წინადადებას დავთანხმდებით.
არ არსებობს არანაირი შანსი რომ დონბასში სამშვიდობოები რუსული სცენარით განლაგდნენ. ეს სულელური იდეაა. უფრო სწორად, უკრაინელები და ჩვენ ვიქნებით სულელები თუ ამ წინადადებას დავთანხმდებით

ახლა რასაც ჩვენ ვაკვირდებით ისაა, რომ რუსეთი არბილებს თავის პოზიციას. თუ დონბასში ჩადგებიან მშვიდობისმყოფელები, ისინი გაეროს მშვიდობისმყოფელები იქნებიან გაეროსვე ეგიდით. ისინი განლაგდებიან არა მხოლოდ მთლიანად დონბასის რეგიონში, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რომელიც ახლა არ კონტროლდება.
მიუხედავად იმისა, მე არ მესმის თუ რატომ უნდა განიხილოს ამერიკამ რუსეთთან დონბასში სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხი, ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს საშუალება, რომ დონბასში გაეროს სამშვიდობოების საქმიანობა შეზღუდოს. ეს ხომ უკრაინის და არა რუსეთის ტერიტორიაა.
ჩვენ ახლა უნდა დავინახოთ, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან რუსები ამ საკითხს. ამ თემაზე პუტინის პირველი შემოთავაზება არ იყო სერიოზული. ახლა კი იმის დროა, დავაკვირდეთ, შემდეგ რა წინადადებები ექნება რუსეთს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები