არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
გერმანიის კანცლერი, ჰელმუტ კოლის მსგავსად, მეოთხეჯერ ანგელა მერკელი გახდება, მაგრამ...
12:18 23-09-2017
გერმანიის კანცლერი, ჰელმუტ კოლის მსგავსად, მეოთხეჯერ ანგელა მერკელი გახდება, მაგრამ... გერმანიაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება არჩევნები და როგორ აისახება მისი შედეგები საქართველოს მიმართ გერმანიის დამოკიდებულებასა და ევროკავშირის, ასევე რუსეთის მიმართ ბერლინის პოლიტიკაზე, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ფრაიბერგის უნივერსიტეტის ლექტორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, 24 სექტემბერს გერმანიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თქვენი დაკვირვებით, გერმანიაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ როგორია ძალთა ბალანსი გერმანიის პოლიტიკური სცენის ძირითად პოლიტიკურ აქტორებს შორის და სავარაუდოდ, რა გახლავთ 24 სეტემბრის არჩევნების მთავარი ინტრიგა?
- წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავეყრდნობით, კანცლერის კანდიდატის ბედი დიდი ვარაუდით გადაწყვეტილია: ანგელა მერკელის პარტია ”ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” (CDU) სავარაუდოდ, კვლავ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და ანგელა მერკელი გაიმეორებს ჰელმუტ კოლის რეკორდს გახდება რა ზედიზედ მეოთხედ გერმანიის კანცლერი.
თუმცა, გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და ასევე სპეციფიკური საარჩევნო სისტემის გამო, როგორც წესი, გამარჯვებული პარტია ვერასდროს ახერხებს ერთპარტიული მთავრობის შექმნას.
არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ ვინ იქნება ქრისტიან-დემოკრატების უმცროსი პარტნიორი მთავრობაში და რამდენად შეიცვლება გერმანიის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ახალი სამთავრობო კოალიციის და ასევე ზოგადად პარლამენტში ძალთა ახლებური გადანაწილების შედეგად

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას მუდმივად კოალიციური მთავრობები მართავდნენ. მთავარი ინტრიგა წლევანდელი არჩევნებისაც სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ ვინ იქნება ქრისტიან-დემოკრატების უმცროსი პარტნიორი მთავრობაში და რამდენად შეიცვლება გერმანიის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ახალი სამთავრობო კოალიციის და ასევე ზოგადად პარლამენტში ძალთა ახლებური გადანაწილების შედეგად.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს გერმანიას ე.წ. "დიდი კოალიცია" მართავს, რომელიც ორი ყველაზე დიდი და გამოცდილი პარტიისგან შედგება - ქრისტიან დემოკრატებისგან (CDU) და სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან (SPD), და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არჩევნების შემდეგაც ხელისუფლებაში სწორედ იგი დარჩება.
- თუ ქრიასტიან-დემოკრატებმა (CDU) „დიდი კოალიციის“ დაკომპლექტება სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) შეძლეს, ეს რისი მაჩვენებელი იქნება და თუ ვერ შეძლეს და პარტნიორებად ”მწვანეები” და ”ლიბერალები” აირჩიეს, ეს რისი ნიშანი იქნება?
- ზოგადად, დიდი კოალიცია მაშინ იქმნება ხოლმე, როდესაც ყველა სხვა ვარიანტი ამა თუ იმ მიზეზის გამო გამოირიცხება და ქვეყნის ორი ყველაზე დიდი პარტია იძულებულია ერთად მართონ ქვეყანა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოხდა ორ პარტიას შორის იდეოლოგიური დაახლოება. მერკელმა CDU მემარჯვენე სპექტრიდან ცოტა ცენტრისკენ შეწია და ამით SPD -ს ბევრ სოციალურ თემაზე ექსკლუზივი წაართვა.
თავის მხრივ SPD -ც არ არის იმ კალიბრის მემარცხენე პარტია, როგორებიც თუნდაც საფრანგეთის შემთხვევაში მეინსტრიმული მემარცხენე პარტიები არიან. ამიტომ, თავიანთი გაწონასწორებული მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკის გამო, ბოლო წლებში SPD ერთგვარად ორ ცეცხლს შუაა მოქცეული - მარცხნიდან გერმანელი მემარცხენეები ეცილებიან იდეებში, ხოლო ცენტრიდან მერკელის CDU უტევს.
აქ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ მერკელის მნიშვნელოვან როლს, რომელიც ძალიან პრაგმატულ მაკიაველისტურ ლიდერად ჩამოყალიბდა და არ მიჰყვება საკუთარი პარტიის იდეოლოგიურ ხაზებს. CDU-გან განსხვავებით, იგი ხშირად ლავირებს, არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციებს და ნადირობს სხვა პარტიების პოპულარულ იდეებზე, რისი მსხვერპლიც ყველაზე მეტად სწორედ სოციალ- დემოკრატები ხდებიან.
ალბათ, სწორედ ამის გამოც, დიდ კოალიციაში ყოფნა SPD-ს რეიტინგზე უარყოფითად ისახება ხოლმე. შესაძლოა, სწორედ ამის გამო SPD-მ აღარ მოისურვოს მერკელის პარტიასთან კოალიციაში კიდევ ოთხი წელი ყოფნა და ოპოზიციიდან სცადოს რეიტინგის აღდგენა რათა შემდეგ არჩევნებზე მათი გამარჯვების შანსები გაიზარდოს.
თვით CDU-სთვის ტრადიციულად ყველაზე მისაღები პარტნიორი თავისუფალი ლიბერალური პარტია (FDP) ანუ ლიბერალები არიან. თუ ლიბერალები და CDU საკმარის ხმებს დააგროვებენ ალბათ მათ კოალიციას ვიხილავთ.
ასევე არის საუბრები CDU-სა და მწვანეების კოალიციაზე. მართალია, ბუნდესტაგში ასეთი კოალიცია ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რეგიონალურ დონეზე ამ ორ პარტიას აქვს თანამშრომლობის გამოცდილება.
კიდევ ერთი ალტერნატივაა CDU-ის, მწვანეებისა და ლიბერალების სამპარტიული ე.წ. „იამაიკის კოალიცია“ (პარტიების შავ-ყვითელ-მწვანე ფერების გამო), თუმცა, ”იამაიკის” შექმნა გაჭირდება მწვანეებსა და ლიბერალებს შორის ბევრ პრინციპულ საკითზე აზრთა სხვადასხვაობის გამო.
ისიც საკითხავია, რამდენად შეთანხმდებიან CDU და ლიბერალერები, ვინაიდან ევროზონის შესახებ ამ ორ პარტიას ასევე კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
- ”მწვანეებისა” და ”ლიბერალების” გარდა, არჩევნების შედეგად ბუნდესტაგში მოხვედრის შანსი კიდევ რომელ პარტიებს აქვთ?
ვიცით, რომ გერმანიაში საკმაოდ აქტიურები არიან ულტრამემარცხენეებიც და ულტრამემარჯვენეებიც. გერმანიაში მარი ლეპენის როლს ყველაზე მეტად ვინ ასრულებს?

- გერმანიაში მარი ლეპენის წონის ფიგურა ულტრამემარჯვენე სპექტრში ჯერჯერობით არ გამოჩენილა, რაც გერმანიის სპეციფიური წარსული გამოცდილებითაც არის განპირობებული.
„ალტერნატივა გერმანიისთვის,“ (AFD) რომელიც ულტრამემარჯვენე სპექტრის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია, სავარაუდოდ, ხმების მნიშვნელოვან პროცენტებს მიიღებს და ზოგიერთი გათვლით შეიძლება სიძლიერით მესამე პარტიადაც მოგვევლინოს. თუმცა, ფრანგულ ”ფრონტ ნასიონალამდე” გერმანელ ულტრამემარჯვენეებს ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ.
მერკელი პრაგმატულ მაკიაველისტურ ლიდერად ჩამოყალიბდა და არ მიჰყვება საკუთარი პარტიის იდეოლოგიურ ხაზებს. ”ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან” (CDU) განსხვავებით, იგი ხშირად ლავირებს, არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციებს და ნადირობს სხვა პარტიების პოპულარულ იდეებზე, რისი მსხვერპლიც ყველაზე მეტად სწორედ სოციალ- დემოკრატები ხდებიან

რაც შეეხება მემარცხენეებს, რომლებიც აღმოსავლეთ გერმანიის „ერთიანი სოციალისტური პარტიის“ იდეური შთამომავლები არიან, მათ ჰყავთ სტაბილური ამომრჩეველი 10 პროცენტის ფარგლებში და სავარაუდოდ, ბუნდესტაგში კვლავ შევლენ. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ამ ეტაპზე არ აქვთ, მათ შორის კოლეგა სოციალ-დემოკრატებთან პიროვნული კონფლიქტების გამო.
- მოგეხსენებათ, გერმანიაში, გერმანიისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას არაერთი ულტრამემარცხენე ძალა აპროტესტებს.
თუ მერკელმა გაიმარჯვა იგი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნის შემთხვევაში კრემლის მიმართ მკაცრი პოლიტიკის წარმოებას უფრო შეძლებს თუ დემოკრატები რომ ოპოზიციაში წავიდნენ, მერკელს საერთო ენის გამოძებნა მწვანეებთან და ლიბერალებთან მოუწევს? გერმანიის ”მთავრობის შრედერიზაციის” პერსპექტივა რომელ შემთხვევაშია მეტი?

- რთული პოლიტიკის გატარებას, თვითონ თუ მოისურვა, ალბათ უფრო ”მწვანეებთან” და ”ლიბერალებთან” კოალიციის შემთხვევაში შეძლებს, ორი მიზეზის გამო.
პირველი - ”მწვანეები” ერთადერთი პარტიაა გერმანიის დიდ პარტიებს შორის, რომელსაც ცალსახად კრიტიკული პოზიცია აქვს რუსეთის და კერძოდ, პუტინის რეჟიმის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას არ ითხოვს.
მეორე მიზეზი კი ის არის, მართალია, დღეს სოციალ-დემოკრატები კრიზისში არიან, რაც მათ რეიტინგზეც აისახება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ”მწვანეებისა” და ”ლიბერალებისგან” განსხვავებით, მათ გაცილებით განვითარებული აქვთ პარტიული კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის სფეროში და ჰყავთ ბევრი გავლენიანი ფიგურა, თუნდაც იგივე გერჰარდ შრედერი.
მიუხედავად კრიზისისა, SPD, CDU-ს მსგავსად ერთადერთი პარტიაა, რომელსაც სახალხო პარტიის სტატუსი აქვს, ანუ პარტიისა, რომელიც საზოგადების ყველა ფენას წარმოადგენს და ამ მხრივაც CDU-ს მთავარ კონკურენტად რჩება.
შესაბამისად, მერკელს, როდესაც ასეთი კალიბრის პარტია ეყოლება კოალიციურ პარტნიორად, მისი აზრის გათვალისწინება უფრო მეტად მოუწევს, ვიდრე ორი შედარებით პატარა პარტიისა, რომლებსაც არც იმხელა პარტიული რესურსი აქვთ, კომპეტენციაშიც მოიკოჭლებენ და თან ერთმანეთთან არიან კონკურენციაში.
მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, არც ოპოზიციაში გადასული SPD იქნება საჩუქარი მერკელის მთავრობისთვის. სოციალ-დემოკრატები ოპოზიციიდან შეეცდებიან კიდევ უფრო მეტად გააკრიტიკონ CDU-ს ხისტი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და ამით ქულები დაიწერონ. ამას დაემატება AFD-ც თავისი ანტიიმიგრაციული რიტორიკით. მერკელს იოლი ოთხი წელი ნამდვილად არ ელის.
გერმანიაში მარი ლეპენის წონის ფიგურა ულტრამემარჯვენე სპექტრში ჯერჯერობით არ გამოჩენილა... „ალტერნატივა გერმანიისთვის,“ (AFD) რომელიც ულტრამემარჯვენე სპექტრის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია, სავარაუდოდ, ხმების მნიშვნელოვან პროცენტებს მიიღებს, შეიძლება სიძლიერით მესამე პარტიადაც მოგვევლინოს. თუმცა, ფრანგულ ”ფრონტ ნასიონალამდე” გერმანელ ულტრამემარჯვენეებს ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ

რომ შევაჯამოთ, დღეს ბუნდესტაგში შესვლის რეალური შანსი 6 პარტიას აქვს. აქედან კრემლის მიმართ ერთმნიშვნელოვნად კრიტიკული პოზიცია აქვთ მხოლოდ ორს - CDU-ს და ”მწვანეებს,” ამიტომ ამ პარტიების მონაწილეობით ნებისმიერი კოალიცია რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული იქნება. დანარჩენი ოთხი პარტია კი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მოთხოვნით გამოდის.
ამ ოთხიდან, AFD-ს და მემარცხენეებს მთავრობაში მოსვლის შანსი არ აქვთ, რჩებიან SPD და ”ლიბერალები.” ამ ორიდან ნაკლებ სახიფათონი კი მაინც ”ლიბერალები” არიან, მათი მცირე ზომისა და შეზღუდული პარტიული რესურსის გამო.
- იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანაა და რუსეთისადმი მისი დამოკიდებულება ბევრწილად განსაზღვრავს რუსეთის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებას, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რა ადგილი უკავია საგარეო პოლიტიკას?
რამდენად აქტუალურია გაერთიანებული ევროპის შესახებ დისკურსი ანაც დისკურსი იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ დამოკიდებულების თემა? ახლა ჩვენთვის ყველაზე აქტუალური უკრაინისა და საქართველოს თემები?

- ზოგადად, საგარეო პოლიტიკა გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად ფიგურირებს. კიდევ უფრო მინიმალურია ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. თუმცა, გერმანიის არჩევნების შედეგები საქართველოსთვის და აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან გერმანიის პოზიცია დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ.
ამ უკანასკნელ რეგიონთან დაკავშირებული ალბათ ერთადერთი თემა, რომელიც შედარებით აქტიურად განიხილება, არის ყირიმის ანექსიის ფონზე გერმანიის რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები და მისი გამოსწორების გზები.
გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების უპირობო დათბობა უარყოფითად აისახება საქართველოზე და პირიქით. ამიტომ, და იმის ფონზე, რომ საქართველო გერმანიის არჩევნებში ფაქტობრივად არ ფიგურირებს, ის, თუ რომელი პარტიის გამარჯვება იქნება საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური, არჩევნებში მონაწილე პარტიების რუსეთის მიმართ დამოკიდებულებით შეიძლება განისაზღვროს.
ამ მხრივ, როგორც წინა კითხვაზე პასუხისას აღვნიშნეთ, ”მწვანეების” და ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია იდეალური იქნებოდა მაგრამ მცირე შანსია, შედგეს.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის და საქართველოს თემებს, სწორედ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება ასახავს კარგად თითოეული პარტიის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მაგალითად სოციალ-დემოკრატები და ”ლიბერალები” წინასაარჩევნოდ მოითხოვენ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მათ შორის უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გზით.
ბუნდესტაგში შესვლის რეალური შანსი 6 პარტიას აქვს. აქედან კრემლის მიმართ ერთმნიშვნელოვნად კრიტიკული პოზიცია აქვს მხოლოდ ორს - CDU-ს და ”მწვანეებს”. ამიტომ ამ პარტიების მონაწილეობით ნებისმიერი კოალიცია რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული იქნება. დანარჩენი ოთხი პარტია კი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მოთხოვნით გამოდის

გერჰარდ შრედერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად, SPD-ს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ასევე ღიად ითხოვს რუსეთთან მიმართებაში „ახალი განტვირთვის პოლიტიკის“ წამოწყებას და მის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას უკვე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ზავი არსებულ დონეზე შენარჩუნდებოდა და მხარეები ფრონტის ხაზიდან მძიმე არტილერიას გაიყვანდნენ - ანუ კრემლისთვის გაცილებით უფრო მისაღები პირობებით, ვიდრე ეს მინსკის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
იგივე პოზიციაზე არიან ლიბერალებიც. AFD-ზე და მემარცხენეებზე საუბარიც ზედმეტია. AFD სხვა ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების მსგავსად, რუსეთს ბუნებრივ მოკავშირედ განიხილავს, მემარცხენეები კი საერთოდ ნატოს გაუქმებას და რუსეთთან ერთად ახალი ალიანსის შექმნას ითხოვენ.
თავის მხრივ, მერკელიც ხშირად გამოირჩევა თავისი ამბივალენტური დამოკიდებულებით რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ, მაგრამ სხვებთან შედარებით მას და მწვანეთა ლიდერებს მაინც ყველაზე კრიტიკული პოზიცია უჭირავთ და არც უკრაინის ერთიანობას აყენებენ ეჭვქვეშ რუსეთთან დათბობის სანაცვლოდ.
- საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის ერთ-ერთი მრჩეველი სერგეი კარაგანოვის შეფასებით - გერმანია კი ცდილობს ევროპაში ლიდერის როლის შესრულებას, მაგრამ ევროპა იშლება.
უცნაურია, იგი ევროპას იმაში სდებს ბრალს, რა პოლიტიკასაც მოსკოვი არა მარტო პუტინის მმართველობისას, არამედ, როგორც მინიმუმ, 300 წელია ატარებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი მეზობლებისგან, მათ შორის ევროპისა და ამერიკისაგან მტრის ხატის შექმნით ყოველთვის ატარებდა და დღესაც ატარებს შესაბამის საშინაო პოლიტიკას.
საფრანგეთის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში ერთიანი ევროპის წინააღმდეგ არცთუ ისე ცოტა ხალხია განწყობილი. ამ თვალსაზრისით, რა ვითარებაა გერმანიაში?
რამდენად საფუძვლიანია კარაგანოვის მტკიცება და თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებულად შეძლებს გერმანია მერკელის მეოთხედ კანცლერობისას გერმანიისა და ევროპის ლიდერობას?

- ევროპა არ დაიშლება. თუ დასაშლელი იყო, აქამდე უნდა დაშლილიყო. ლტოლვილებზე გაცილებით უფრო მძიმე ევროკავშირისთვის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი იყო, რომელიც ავად თუ კარგად გადაიტანეს. „ბრექსიტიც“ ამ შემთხვევაში განცალკევებული ფენომენი უფროა, რომელმაც დანარჩენი ევროპა პირიქით უფრო შეაკავშირა ერთმანეთთან - დაანახა რა ევროკავშირის მოსახლეობას რეალური საფრთხეები, რაც ევროკავშირის დაშლამ შეიძლება გამოწვიოს. ამ პროცესმა პირიქით, დადებითად იმოქმედა ევროკავშირის პოპულარობაზე. მეტიც, ბრექსიტის შოკი ევროკავშირმა ფსიქოლოგიურადაც გადალახა, დღეს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების პრესას თუ გაეცნობით ნახავთ, რომ ბრექსიტის მოლაპარაკებები, თვით ბრიტანელების გარდა სხვას არავის აინტერესებს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი დღვანდელი ფორმით უსასრულოდ შენარჩუნდება. ეროკავშირის მთავარი პრობლემა მისი ინსტიტუტების არაეფექტურობა და უუნარობაა, რაც ლოგიკურიცაა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება 28 წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსის საფუძველზე ხდება.
ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ „მრავალსიჩქარიანი ევროპის“ აუცილებლობაზე, რომელშიც მეტი ინტეგრაციის მომხრე ქვეყნები კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირდებიან ერთმანეთთან, ხოლო ევროსკეპტიკურ ქვეყნებს ექნებათ არჩევანის თავისუფლება, გადგნენ განზე და არ მიიღონ მონაწილეობა შემდგომ ინტეგრაციაში, მაგრამ არც ხელი შეუშალონ სხვებს.
გერმანია-რუსეთს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების უპირობო დათბობა უარყოფითად აისახება საქართველოზე

მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ევროკავშირი გარდაიქმნას და სულ სხვა სახის ორგანიზაცია მივიღოთ, თუმცა დაშლით არ დაიშლება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ შედის ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის ინტერესში. ამას მოწმობს ის მარტივი ფაქტი, თუ რა თანხა დაუჯდათ ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ათმილიონიანი საბერძნეთი ევროზონაში დაეტოვებინათ.
რაც შეეხება მერკელის და ზოგადად გერმანიის ლიდერობას, კურიოზულ ვითარებას აქვს აქ ადგილი. ერთის მხრივ, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას და პრინციპში არც მოსახლეობას არანაირი სურვილი არ აქვთ, ლიდერის როლი იტვირთონ და კმაყოფილი არიან თავისი როლით, როგორც ეკონომიკურად დომინანტი სახელმწიფოსი, რომელსაც უსაფრთხოების და სამხედრო საკითხები ნატოსა და აშშ-ზე ჰქონდა დელეგირებული.
მაგრამ, მეორე მხრივ, სწრაფად ცვალებადი გარემო სულ უფრო მეტად აიძულებს ბერლინს, რომ მთელ რიგ საკითხებში, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, ლიდერის როლი იტვირთოს. გერმანიის ლიდერობას დღეს მოითხოვენ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი სახელმწიფოებიც კი როგორიცაა, მაგალითად, პოლონეთი.
პოლონეთის ყოფილმა საგარეო მინისტრმა ჯერ კიდევ 2011 წელს ხატოვნად გამოხატა გერმანიის, როგორც ევროპის ჭირვეული ჰეგემონის პრობლემა. მისი თქმით, ევროპისთვის უმოქმედო გერმანია უფრო საშიშია, ვიდრე ძლიერი და აქტიური გერმანია. ასე რომ ბატონი კარაგანოვი თავისი გამოთქმული აზრის ორივე ნაწილში ცდება - არა, გერმანია არ ცდილობს ლიდერობას, პირიქით ყველანაირად გაურბის მას, და არც ევროპა იშლება, არამედ იცვლება.
- გერმანიაში 4 მილიონი ემიგრანტია, ისინი მოსახლეობის 5%-ს პროცენტს შეადგენენ. ფაქტია, რომ ევროპაში უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდნენ ემიგრანტები და მათი შთამომავლები. ისინი მათი უფლებების დაცვას ითხოვენ სულ უფრო ხმამაღლა და დაჟინებით. ხელისუფლება დათმობების გზას დაადგა, მაგრამ დათმობები რომ მათი ინტეგრაცია-სოციალიზაციის გზა არაა, დრომ გვანახა. ემიგრანტების შთამომავლები მათ მშობლებზე გაცილებით აგრესიულები არიან. ”ბებერი ევროპა” რომ მუსლიმურ შემოტევას ვერ პასუხობს, ფაქტია.
მოახლოებულ არჩევნებზე ვის დაუჭერენ მხარს მუსლიმი ემიგრანტები?

- მუსლიმ მიგრანტებში ალბათ ძირითადად თურქებს გულისხსმობთ, ვინაიდან სხვა უმცირესობებს მასობრივად გერმანული პასპორტები არ აქვთ. გერმანიაში სხვადასხვა გათვლებით დაახლოებით მილიონი თურქი წარმოშობის ამომრჩეველია და როგორც წესი მათი უმრავლესობა SPD-ს აძლევს ხმას, მცირე ნაწილი მწვანეებს და მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტი CDU-ს.
თურქ გერმანელთა მემარცხენეობა ორი მიზეზითაა გამოწვეული. პირველი, გერმანელი თურქები ძირითადად დასაქმებულთა კლასს განეკუთვნებიან, რომელთა ინტერესების დამცველად სწორედ SPD მოიაზრება. მეორე, - არსებობს წარმოდგენა, რომ SPD და მწვანეები უფრო მეტს აკეთებენ მულტიკულტურული კულტურის დასამკვიდრებლად და უმცირესობათა ინტეგრაციისთვის, ვიდრე CDU. ამას ემატება ბევრი სხვა საკითხი რომელიც ასოცირდება CDU-თან და არაპოპულარობით სარგებლობს თურქ გერმანელებში. მაგალითად, ე.წ. გერმანიის ლაითკულტურის წამოწევა CDU-ს მიერ, რომელიც მულტიკულტურალიზმის ერთგვარი საპირწონეა და CDU-ს ნეგატიური დამოკიდებულება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
ბატონი კარაგანოვი თავისი გამოთქმული აზრის ორივე ნაწილში ცდება - არა, გერმანია არ ცდილობს ლიდერობას, პირიქით ყველანაირად გაურბის მას, და არც ევროპა იშლება, არამედ იცვლება

ამას წინათ, გერმანელი თურქების გამოყენებით გერმანიის არჩევნებში ჩარევა სცადა ასევე თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა, რომელმაც მოუწოდა თავის თანამემამულეებს არ მისცენ ხმა CDU-ს, SPD-ს მწვანეებს, ანუ იმ პარტიებს, რომლებიც ერდოღანს ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქები ძირითადად SPD-ს ირჩევენ, ერდოღანის მიმართვა ძირითადად სოციალ-დემოკრატებზე იმოქმედებს ნეგატიურად და ნაკლებად CDU-ზე.
რაც შეეხება ზოგადად მიგრანტთა მოზღვავებას, ეს კი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ორი მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ ევროკავშირი რამდენიმე წლის წინ ობიექტურად არ იყო მზად ლტოლვილთა ასეთ ნაკადთან გასამკლავებლად. ამიტომ მთლად ევროკავშირის „სტუმართმოყვარეობას“ ნუ დავაბრალებთ ლტოლვილთა კრიზისს.
ევროკავშირს, უბრალოდ, არ ჰქონდა ინფრასტრუქტურა და არც გაწერილი სტრატეგია მიგრაციული ნაკადების შესაჩერებლად. თუმცა, ბოლო წლებში ვითარება გამოსწორებისკენ წავიდა, თურქეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, საბერძნეთის უკონტროლო ხვრელი დახურეს. თუმცა, მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ლიბია, რომელსაც ფუნქცირებადი მთავრობა არ ჰყავს და შესაბამისად საკუთარ სანაპიროს ვერ აკონტროლებს.
თუმცა, ევროკავშირის ბოლომდე არცთუ ადექვატურ პასუხს ლტოლვილთა კრიზისზე და მისგან გამოწვეულ ულტრამემარჯვენე ძალების მოძლიერებას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიურ-ნორმატიული საფუძველიც.
გაგიკვირდებათ და დასავლეთში საზოგადოებრივი ან გნებავთ ზნეობრივი ცენზურა გაცილებით უფრო მასშტაბურია და არც კი შეედრება, მაგალითად, ჩვენს რეგიონს, სადაც ცენზურა თუ არსებობს, ძირითადად პოლიტიკური სახისაა. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ფაქტობრივად ტაბუიზირებულია ისეთ თემებზე უარყოფით ჭრილში მსჯელობა, როგორიცაა მულტიკულტურალუზმის ნაკლოვანებები, ნებისმიერი სახის უმცირესობის კრიტიკა, და ზოგადად ნორმატიული მსჯელობა ბევრ საკითხზე დაუშვებლად მიიჩნევა პოლიტიკური კორექტულობის დარღვევის შიშით.
გერმანიის არჩევნებში ჩარევა სცადა ასევე თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა, რომელმაც მოუწოდა თავის თანამემამულეებს არ მისცენ ხმა CDU-ს, SPD-ს (”სოციალ-დემოკრატიული პარტია”), ”მწვანეებს”, ანუ იმ პარტიებს, რომლებიც ერდოღანს ყველაზე მეტად აკრიტიკებენ

სწორედ ამის გამო, ხშირად იზღუდება სიტყვის თავისუფლება და თავს იჩენს თვითცენზურა. მაგალითად, თუ ვინმე მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამს, შეიძლება ძალიან ადვილად ულტრამემარჯვენე ძალებთან გააიგივონ და ქსენოფობის იარლიყი მიაკრან.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ აირჩიეს ამერიკაში პრეზიდენტად დონალდ ტრამპი და რატომ მოძლიერდნენ უტრამემარჯვენე პარტიები ევროპაში. ტრადიციულმა პოლიტიკურმა ელიტებმა ხალხის ფართო ფენებზე წვდომა დაკარგეს და საკუთარ წვენში იხარშებიან, რაც საბოლოოდ სწორედ ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობაზე ასხამს წყალს.
- ნიდერლანდების პარლამენტში ემიგრანტებმა შეძლეს თავისი კანდიდატების გაყვანა. რამდენადაც ვიცით, გერმანიაში პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურები არიან ეროვნებით თურქი ემიგრანტები, რომლებიც პრეზიდენტ ერდოღანს უჭერენ მხარს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტებს ბუნდესტაგში თავისი დეპუტატები, ან მათი ინტერესების ლობისტები ჰყავდეთ?

- რა თქმა უნდა, ეყოლებათ. არ დაგვავიწყდეს, რომ ”მწვანეთა” პარტიის ლიდერიც ეროვნებით თურქია და სხვათა შორის ერთ ერთი ყველაზე პროგრესული პოლიტიკოსია გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში.
თუმცა. ლობიზმის სერიოზულ რესურსს ემიგრანტ პარლამენტარებში ვერ ვხედავ. წინა პარლამენტში სულ 11 თურქი იყო წარმოდგენილი. მათი უმეტესობა SPD-ს და ”მწვანეების” მანდატებით. 11 დეპუტატის ლობირების პოტენციალი 630-ადგილიან ორგანოში ნამდვილად შეზღუდული იქნება.
- გერმანიის არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების კვალზე გერმანული მედია არაერთხელ მიანიშნებდა. არაერთი მასალა დაიბეჭდა იმაზე, თუ როგორ ხრწნიან რუსი ჩეკისტები დასავლეთს და კერძოდ, გერმანიას. ასევე იმაზე, თუ როგორ ცდილობდა კრემლი მერკელის შანტაჟირებას, თავის მხრივ კი როგორ ცდილობდა მერკელი მეტ-ნაკლები წარმატებით რუსეთის იგნორირებას.
თუ მანამდე ვაშინგტონი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების ჩარევაში მხოლოდ ადანაშაულებდა, უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში ამოქმედდა პროექტი, რომლის სახელწოდებაა - ”რუსეთის შესახებ გამოძიების კომიტეტი”.
თქვენი დაკვირვებით, მართლაც მონაწილეობენ თუ არა რუსული სპეცსამსახურები გერმანიის არჩევნებში? თუ - კი, რაში ვლინდება მათი მონაწილეობა?
და კიდევ, რამდენად საფუძვლიანია რუსული მედიის მტკიცება, რომ გერმანიაში მცხოვრები რუსი ემიგრანტები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია, ”რუსულ საქმეს” აკეთებენ?

- პარადოქსულია, მაგრამ დიდი მოლოდინის მიუხედავად, რუსული სადეზინფორმაციო და ჰაკერული მანქანის კვალი გერმანიის წინასაარჩევნო პერიოდში ამ დრომდე არ ჩანს. იყო ცალკეულ შემთხვევაში დეზინფორმაციის შემთხვევები, მაგრამ აშშ-ს და საფრანგეთის მასშტაბის ჩარევა არ მომხდარა, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა „ბილდ“-თან ინტერვიუში.
ევროკავშირს არ ჰქონდა ინფრასტრუქტურა და არც გაწერილი სტრატეგია მიგრაციული ნაკადების შესაჩერებლად. თუმცა, ბოლო წლებში ვითარება გამოსწორებისკენ წავიდა

ამის მიზეზს ბოლომდე ვერავინ ხსნის. აქ ხშირად ხუმრობენ კიდეც, რომ გერმანული პოლიტიკა და გერმანელი პოლიტიკოსები იმდენად მოსაწყენები არიან, რომ რუსმა ჰაკერებმა ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს და შეეშვნენო. სერიოზულად კი, შესაძლოა, რუსეთის პასიურობის ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ აშშ-სა და საფრანგეთისგან განსხვავებით, გერმანიის არჩევნები უფრო პროგნოზირებადია, მნიშვნელოვან რყევებს ამ არჩევნების შედეგად არავინ მოელის და არც რუსებს ჰყავთ გამოკვეთილი ფავორიტი.
AFD და მემარცხენეები, რაც არ უნდა სასათბურე პირობები შეუქმნან, ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვლენ და სოციალ-დემოკრატები, სავარაუდოდ, ისედაც გავლენ მეორე პარტიად და ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციაში შესვლის ყველაზე მეტი შანსიც ექნებათ. ამიტომ, შესაძლოა, რუსეთის პასიურობის მიზეზი სიფრთხილეც იყოს, რათა არაფრის მომცემი ჩარევით გერმანიის პოლიტიკური ელიტა არ გააღიზიანონ.
- თქვენთან დაკავშირებამდე წავიკითხე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს კონგრესს გადასცემს მონაცემებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
მისივე თქმით, ფეისბუქი ახლა აქტიურად მუშაობს გერმანიის ხელისუფლებასთან გერმანიის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაზე. კერძოდ, იბლოკება ათასობით ”ფეიკი”, მყარდება სპეციალური კავშირი საარჩევნო კომისიებთან. თქვენი აზრით, ამ გზით, შეძლებს გერმანიის ხელისუფლება არჩევნებში რუსეთის ჩარევის მინიმიზირებას?
პარადოქსულია, მაგრამ დიდი მოლოდინის მიუხედავად, რუსული სადეზინფორმაციო და ჰაკერული მანქანის კვალი გერმანიის წინასაარჩევნო პერიოდში ამ დრომდე არ ჩანს... შესაძლოა, რუსეთის პასიურობის მიზეზი სიფრთხილეც იყოს, რათა არაფრისმომცემი ჩარევით გერმანიის პოლიტიკური ელიტა არ გააღიზიანონ

- ბუნებრივია, ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, მაგრამ ნამდვილად დაეხმარება. ზოგადად, ონლაინ-მედია ჩვეულებრივ მედიაზე არანაკლებ ეფექტურ იარაღად იქცა პოლიტიკური ბრძოლისთვის და მას რუსეთიც ჩინებულად იყენებს.
თუმცა, თუ სწორად მახსოვს, ცუკერბერგმაც საბოლოოდ იგივე თქვა, რომ მართალია აღმოაჩინეს უამრავი გაყალბებული პროფილი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებდა, მაგრამ აშშ-ს მსგავსი ჩარევა გერმანიის არჩევნებში ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული ნუ ვიქნებით, რომ არაფერი მოხდება. დაველოდოთ არჩევნების დღეს.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები