არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა
15:38 25-09-2017
ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პიარ-ტექნოლოგს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრას” უფროს-კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ალტერნატივის გარეშეა დარჩენილი. ამ მოსაზრებას იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან უფრო არკვევენ ურთიერთობას, ვიდრე ხელისუფლებასთან, მმართველ გუნდს ამ არჩევნებზე ”რეალური და სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით, არ ჰყავს”.
თქვენ როგორ შეაფასებდით ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას, წინასაარჩევნო აქტივობას, აგიტაციის ფორმებს, სლოგანებსა და საარჩევნო რგოლებს?
- მთელი წინასაარჩევნო პროცესი ჩვენ ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ - საარჩევნო ციებ-ცხელება თბილისში და სრული შტილი რეგიონებში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს 2 პარალელურ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც თბილისის აქტიურობა სარკისებურად აღიბეჭდება რეგიონების პასიურობაში.
ბატონ ვახტანგს დავეთანხმები, რომ „ქართულ ოცნებას” სტრუქტურული ძლიერი მოწინააღმდეგე არ ყავს, თუმცა მცირე დათქმით, რომ ეს ვითარება მხოლოდ თვითმართველობის ამ არჩევნებისთვის არის შესაბამისი. ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის ეს არჩევნები პარტიის მშენებლობისა და საარჩევნო ციკლის მზადების სატესტო რეჟიმია. ბევრი მათგანი არც მალავს ამას და 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება.
„ქართული ოცნება“ თვითმართველობის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. ასეთი დასკვნის გაკეთებას არც დიდი გამოცდილება ჭირდება და არც პოლიტიკური ალღო... კონკურენცია პარტიებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს თითქოს მომგებიანი უნდა იყოს “ოცნებისთვის,” მაგრამ რეალობაში საქმე უფრო რთულადაა

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. ასეთი დასკვნის გაკეთებას არც დიდი გამოცდილება ჭირდება და არც პოლიტიკური ალღო. როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურენცია პარტიებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს თითქოს მომგებიანი უნდა იყოს “ოცნებისთვის,” მაგრამ რეალობაში საქმე უფრო რთულადაა.
პოლიტიკურ ველზე კონკურენციის არარსებობა კონკურენციის სხვა ფორმების გაჩენას იწვევს. ერთ-ერთ ფორმას უკვე ჩვენ ჩამოყალიბებული სახით ვხვდებით - სახელისუფლებო პარტიას კონკურენცია საზოგადოებასთან მოუწევს. ეს არის სინამდვილე, რომლის საფრთხის შემცველ მდგომარეობაზეც ბატონი ვახტანგ ძაბირაძე აკეთებს აქცენტს.
წინასაარჩევნო ბრძოლის მეთოდებისა და პარტიების მარკეტინგული აქტივობების შეფასებისთვის შექმნილი სიტუაცია უნდა მივიღოთ ამოსავალ წერტილად. აქაც განსხვავება თვალსაჩინო და თვალშისაცემია. თბილისი ცალკე მდგომი სუბიექტია, რომლისთვისაც ბრძოლა ყველა პარტიას გენერალურ მიზნად აქვს გადაქცეული. “ოცნების” წინასაარჩევნო აქტივობის 85-90%-ზე მეტი დედაქალაქზე მოდის. მარკეტინგული კომუნიკაციების თვალსაზრისით, თბილისის მერობის კანდიდატის კამპანია არ ჩამოუვარდება კამპანიებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ინტეგრირებული ტექნოლოგიური თუ მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, ჯობნის კიდეც მათ.
პოლიტიკურ ველზე კონკურენციის არარსებობა კონკურენციის სხვა ფორმების გაჩენას იწვევს. ერთ-ერთ ფორმას უკვე ჩვენ ჩამოყალიბებული სახით ვხვდებით - სახელისუფლებო პარტიას კონკურენცია საზოგადოებასთან მოუწევს

კალაძის კამპანია მომზადებულია სამიზნე აუდიტორიების მიხედვით და მოიცავს ყველა ასაკობრივ და გეოგრაფიულ ჯგუფს. ამის მიხედვით შეცვლილია დაპირებების სტრუქტურა - ზოგადი წინასაარჩევნო დაპირებების ნაცვლად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის დაპირებები საუბნო ჭრილში განიხილება, რაც მისი კამპანიის ნოუ-ჰაუდ შეიძლება ჩაითვალოს.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა იქნება მოსახლეობის რეკორდულად დაბალი აქტიურობა, რაც ბევრ რაიონსა და ქალაქში, მათ შორის თბილისში, გამოიწვევს მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობას.
თქვენი დაკვირვებით, მმართველი გუნდის წინასარჩევნო აქტივობებიდან რომელს გამოჰყოფდით, რომელმაც ამომრჩევლის აქტიურობა უნდა გამოიწვიოს?

- გამიჭირდება დაგეთანხმოთ, რომ მეორე ტურის ალბათობას დაბალი აქტივობა განაპირობებს. მეორე ტურის ჩატარების მიზეზი ძირითადად კონკურენციის მაღალი ხარისხია.
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში მიმდინარე კამპანიის რეგიონებში მოდიფიცირებული სახით გადატანა ხელს შეუწყობდა აქტივობის ზრდას. თუმცა, ვადები იმდენად მცირეა, რომ ამის გაკეთება უკვე დაგვიანებულია.
თბილისში მეორე ტურის ჩატარების გამომწვევი მიზეზი კონკურენციის მაღალი ხარისხია

- გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება მტკიცება, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიზიდოს ამომრჩეველი და არად დაგიდევს იმას, არჩეული თემა რამდენად შეესაბამება თვითმმართველობის კომპეტენციას.
მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ არც ”ქართული ოცნება” არ საუბრობს თვითმმართველი ორგანოების გაძლიერებაზე, არც იმაზე, რაც ამავე ორგანოების გაძლიერების საფუძველია, მხედველობაში მაქვს თვითმმართველი ორგანოების ქონების განსაზღვრა და მათი უფლებამოსილებების გაზრდა. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გარდა ამისა, მმართველი გუნდის კანდიდატები ხმამაღალ დაპირებებს კი იძლევიან, მაგრამ მორცხვად საუბრობენ მათივე ხელისუფლების მმართველობისას გაუკეთებელ საქმეებზე...

- ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თვითმართველობის როლზე და ადგილზე ქვეყნის მოწყობის ერთიან ჭრილში. ის მოდელი, რაც დღეს გვაქვს, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარია. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები მოხდება, მაგრამ რა მოდელზე მოხდება შეჯერება, ჩემთვის უცნობია.
პრობლემა რეალურია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლენასთან დაკავშირებულ პრობლემას დავასახელებდი. არ არსებობს ერთიანი ხედვა, ხოლო საექსპერტო ჯგუფები თუ კონცეფციების განმახორციელებელი ერთეულები ვერც საქართველოს რეალობაზე მორგებულ სტრატეგიას და ვერც მისი განხორციელების ოპტიმალურ გზებს გვთავაზობენ.
ყველა რეფორმა რომელიც ჩატარდა, ჩვენთან კვაზირეფორმის სახეს იძენდა, რადგან ნაკლიანი და გაუთვლელი იყო, ხოლო ხელისუფლების ცვლილების თუ ხელისუფლების შიგნით წამყვანი ჯგუფების ჩანაცვლებით რეფორმების ვექტორი საპირისპიროდ იცვლებოდა.
საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თვითმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის როლი დღემდე გაურკვეველი და გაუგებარია... პოლიტიკური პარტიების დაპირებების შინაარსობრივი აღრევაც მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც პოლიტიკოსები მოხერხებულად იყენებენ გაუთვითცნობიერებელი ამომრჩევლების გულის მოსაგებად

საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თვითმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის როლი დღემდე გაურკვეველი და გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ელექტორატისთვის კომპეტენციის გამიჯვნასაც ფორმალური ხასიათი აქვს.
პოლიტიკური პარტიების დაპირებების შინაარსობრივი აღრევაც მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც პოლიტიკოსები მოხერხებულად იყენებენ გაუთვითცნობიერებელი ამომრჩევლების გულის მოსაგებად.
- იმის მიუხედავად, რომ ექსპერტთა ნაწილი თვლის, - ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებში დამარცხებას შეგუებულია, საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს ”ნაცმოძრაობა”. ფაქტია, რომ მათი ტაქტიკა ხელისუფლების აგრესიული კრიტიკით, სკანდალური განცხადებებით, სხვადასხვა სახით ბრალდებებით და ხელისუფლების თანმიმდევრულად დისკრედიტაციით გამოირჩევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ”ნაცმოძრაობის” რეიტინგი ბევრადაა დამოკიდებული უკრაინაში სამართლებრივ ბრძოლაში ჩართულ სააკაშვილის წარმატებაზე, თქვენ როგორ შეაფასებდით, წინასაარჩევნოდ ”ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ აქტიურობას, მოქმედების ტაქტიკას, დაპირებებს, გეგმებსა და სლოგანებს?

- ოპოზიცია შეგუებულია გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სიის ზედა ნაწილში, სამეულში, ან თუნდაც ხუთეულში მოხვედრა.
ახალი სასტარტო პირობების ჩამოყალიბებისთვის თვითმართველობის არჩევნები, ერთი მხრივ, გამოცდაცაა და, მეორე მხრივ, განაცხადის გაკეთების იდეალური საშუალებაა. სასწორის პინებზე დევს პოლიტიკური შანსები პოლიტიკური წონის განმსაზღვრელი გირებით. მსუბუქები, სავარაუდოდ, წუნდებულების კატეგორიაში გადავლენ, გაცილებით მძიმენი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გააგრძელებენ სვლას.
”ნაცმოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „საპატიო“ მეორე ადგილი შეინარჩუნოს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში

“ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო მოქმედებებიც გარდამავალი ეტაპის ნაკლები დანაკარგებით გავლის სურვილის შესაბამისია. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „საპატიო“ მეორე ადგილი შეინარჩუნოს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში. მიხეილ სააკაშვილისა თუ ”ნაცმოძრაობის” სხვა ლიდერების ერთ-ერთი ამოცანაა, დააზარალოს და დააზიანოს არა მარტო მმართველი, არამედ სხვა პარტიების რეპუტაციაც, რათა გზიდან ჩამოიცილოს ყველა შესაძლო კონკურენტი.
- პოლიტიკურ ტექნოლოგიებში გარკვეულ დამკვირვებელთა აზრით, ”ევროპელი დემოკრატების” საარჩევნო კამპანია იმიჯმეიქინგის თვალსაზრისით საკმაოდ მოიკოჭლებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ”ევროპელი დემოკრატების ”წინასაარჩევნო კამპანიას, სლოგანებს, დაპირებებს? ”ნაცებისაგან” რა განსხვავებული გეგმები აქვთ სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს...

- ამ თემაზე კოლეგებისაგან განსხვავებული აღქმა მაქვს „ევროპული დემოკრატების“ წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ”ევროდემოკრატები” გამორჩეულები არიან პარტიული სტრუქტურების მართვისა და დისციპლინის თვალსაზრისით, ორგანიზებული და მწყობრია მათი საკომუნიკაციო აქტივობაც და მარკეტინგული საშუალებების განთავსების ვადებიცა და ხარისხიც.
პოლიტიკურ ლანდშაფტზე ”ევროდემოკრატები” გამორჩეულები არიან პარტიული სტრუქტურების მართვისა და დისციპლინის თვალსაზრისით... რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ პარტიას სერიოზული მიზნების შესრულების პოტენციალი გააჩნია

რამდენიმე თვის წინ შექმნილი და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პარტიისგან ასეთი მაღალი ხარისხის ლოჯისტიკის სისტემას, მე პირადად არ ველოდი. პარტიის შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ის, რაც ღია წყაროებით მოგვეწოდება, ის რაც ჩანს, გვესმის და ვხედავთ, რაც კომუნიკაციის საშუალებების სახით ვრცელდება, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტიას სერიოზული მიზნების შესრულების პოტენციალი გააჩნია.
- დამოუკიდებელი ექსპერტის გია ხუხაშვილის მტკიცებით, თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ინაშვილის ჩართვამ თბილისში მეორე ტურის აუცილებლობა გარდაუვალი გახადა.
”პატრიოტთა ალიანსი” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვს და პარალელურად რუსეთის მიმართულებით გააქტიურდა.
როგორ შეაფასებდით ”პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიას, სლოგანებს, რგოლებს? ხმების წართმევის თვალსაზრისით რამდენად საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მათი აქტიურობა ”ქართული ოცნებისთვის” სახიფათოა?

- თვითმმართველობის მიმდინარე არჩევნების პროცესს ზიარჭურჭლის მოქმედებას შევადარებდი. ერთ მხარეს, ვთქვათ, ოპოზიციის მხარეს ახალი ფაქტორის ან ფიგურანტის დამატება ზიარჭურჭლის დონეს ანუ კონკურენციის ხარისხს ისე ზრდის, რომ წონასწორობა საბოლოო ჯამში ნარჩუნდება. ამ ეტაპზე ვერც მარკეტინგული, ვერც იდეური ან იდეოლოგიური გარღვევის ნიშნებს ვერ ვხედავ. ყველა ოპოზიციური პარტია გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული.
საერთო ფერხულში ჩართულ პარტიას ვერ ექნება პრეტენზია ლიდერობაზე. ჩამონათვალში უკეთესი ადგილის დაკავებისთვის ”პატრიოტთა ალიანსს” საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე მეტი არჩევანი არ რჩება

”პატრიოტთა ალიანსიც” ამ საერთო სახარში ქვაბის ერთ-ერთი ელემენტია, არადიფერენცირებული, არაგანსხვავებული, ჩარჩოებს შორის ჩაკეტილი მოქმედებებით. ასეთი სტრატეგიები ვერ ქმნის ისეთ ღირებულებებს, რომელიც ბრძოლის შედეგზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებდა. საერთო ფერხულში ჩართულ პარტიას ვერ ექნება პრეტენზია ლიდერობაზე. ჩამონათვალში უკეთესი ადგილის დაკავებისთვის ”პატრიოტთა ალიანსს” საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე მეტი არჩევანი არ რჩება.
- ”ლეიბორისტების” ლიდერის შალვა ნათელაშვილის გზავნილზე - გუგავა მოვა! - საზოგადოებამ რამდენიმე დღე კი იხალისა, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, ელექტორატის დაბალი აქტიურობის პირობებში ამ სლოგანმა სერიოზულად იმუშაოს. ”ლეიბორისტების” ულტრამემარცხენე ლოზუნგებს მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები ისე იყენებენ, რომ ნათელაშვილი ახლა ძირითადად ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციით უფროა დაკავებული, ვიდრე საარჩევნო აგიტაციით.
მიუხედავად ამისა, თქვენ როგორ შეაფასებდით ”ლეობორისტების” წინასაარჩევნო კამპანიას, დაპირებებს, რგოლებს, სლოგანებს?

- „გუგავა-მოვას“ კამპანია შალვა ნათელაშვილის მხრიდან იმ სტერეოტიპების გათამაშების მცდელობაა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად არის ჩაბეჭდილი.
ეს კონცეფცია ეხმიანება მუდმივად პატრონის ძიებაში მყოფი ადამიანების სურვილებს, იმ ამომრჩევლის ხედვას, რომლისთვისაც ხელისუფლებაში მყოფი პირები დაქირავებული მუშაკები კი არ არიან, არამედ არიან ზეადამიანები, რომლებიც ყველაფერს მოაგვარებენ მათ მაგივრად. ამ ამომრჩევლის კატეგორიაში გადაწყვეტილების მიღებისას ემოციური ფაქტორი რაციონალურ არჩევანს ჩრდილავს.
- არაერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, ეს არჩევნები საინტერესოა იმით, რომ პირველად გამოჩნდა რეალურად თავისუფალი მოთამაშე, ”მოხეტიალე ფორვარდი” ელისაშვილის სახით და იგი იმითაა საინტერესო, რომ მას ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ელისაშვილის საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო რგოლებს, სლოგანებს? და კიდევ, თქვენი აზრით, თბილისის პოლიტიკურ ველზე ელისაშვილის გამოჩენა რით შეიძლება აიხსნას?

- ალეკო ელისაშვილის გამოჩენა არ იყო მოულოდნელი. ზევით ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლიტიკური სიტუაციის ავკარგიანობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში. ალეკო არის ამ სისტემის გამოწვევაც და პასუხიც დაგროვილ პრობლემებზე.
ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი მისი მოქმედებების ანალიზისგან, რადგან ალეკოს კანდიდატურის წამოყენება თბილისის მერის პოსტზე არაორდინალური მოვლენაა და განსჯისთვის მეტი დრო დაგვჭირდება.
ალეკო ელისაშვილის შემდგომი მოქმედებები განსაზღვრავს რამდენად შეძლებს ის გახდეს თბილისელებისთვის მისაღები, მოსაწონი და ერთადერთი არჩევანი

ალეკო ელისაშვილის შემდგომი მოქმედებები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ის გახდეს თბილისელებისთვის მისაღები, მოსაწონი და ერთადერთი არჩევანი და რამდენად შეძლებს უშეცდომოდ გაიაროს წინასაარჩევნო ეტაპი.
- არჩევნებში მონაწილე სხვა რომელი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანიას გამოჰყოფდით?
- ჩემთვის ძალზედ საინტერესოა გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია. გამოვყოფდი მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინოვაციურობას, კონტენტის ორიგინალურობას, კრეატიულ მიდგომებს.
ნათელია, რომ ზედნაშენის თვალსაზრისით ამ პარტიასა და ბლოკს პოტენციალი აქვს. თუმცა, ასევე თვალსაჩინოა, რომ სერიოზული სამუშაო აქვთ პარტიული მშენებლობის კუთხით.
- რადგან დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე აქტივობა რეკორდულად დაბალი იქნება, თქვენი აზრით, ადმინისტრაციული რესურსის გარეშე შეძლებს თუ არა ”ქართული ოცნება” დაძლიოს ამომრჩეველთა გულგრილობა და დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები?
- ”ქართული ოცნების” გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მთავარი ამ ეტაპზე, ეს არ არის - მთავარია, რა გაკვეთილს გამოიტანს მმართველი პარტია ამ შედეგებიდან.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები