არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებამ გვითხრა, რომ 2020 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ოთხწლიანი ყოფნით კიდევ უნდა დატკბეს
10:43 28-09-2017
საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებამ გვითხრა, რომ 2020 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ოთხწლიანი ყოფნით კიდევ უნდა დატკბეს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მმართველმა გუნდმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის დამტკიცებით საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესი დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელიც პრაქტიკულად დასრულდა?
- ჩემი აზრით, პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხარისხო იყო. თუ ამ პროცესის ქრონოლოგიას გადავხედავთ, როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა, ამას აშკარად დავინახავთ.
პირველ ეტაპზე ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა საერთო-სახალხო განხილვით, საერთო კონსენსუსის ბაზაზე მიეღო ნამდვილად პროგრესული გადაწყვეტილებები. მთლიანად კონსტიტუციაზე საუბარს არ გავაგრძელებ, მასში რაღაც კარგია, რაღაც საკამათოა, მაგრამ თავიდანვე იყო ორი ფუნდამენტური საკითხი, რის გამოც ძირითადი პოლიტიკური პერიპეტიები მიდიოდა. ეს გახლდათ პროპორციული სისტემით არჩევნებზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი თუ ირიბი არჩევნები.
ამ თემებზე ხელისუფლება ძალიან უცნაურად თამაშობდა და ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავად მოახდინა იმ პრობლემის პროვოცირება, რომელიც დღეს წარმოიშვა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი უცნაურად მიმდინარეობდა - ერთი მხრივ ხელისუფლება თითქოს მოწოდებული იყო შეთანხმებაზე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ორ ძირითად სადაო საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე არ მიდიოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი უცნაურად მიმდინარეობდა - ერთი მხრივ ხელისუფლება თითქოს მოწოდებული იყო შეთანხმებაზე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ორ ძირითად სადაო საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე არ მიდიოდა

საბოლოო ჯამში მოიფიქრა, შეიძლება ითქვას, თეთრი ძაფით ნაკერი მექანიზმი, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდოდა, მაგრამ ყველა ნაშთი მას უნდა წაეღო. როცა ცხადი გახდა, რომ ამას არავინ დათანხმდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიასაც შეუთახმდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი, განხილვის პროცესის დასრულებიდან ორ დღეში მიიღო გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე. ეს გახლდათ ის ფატალური, დრამატული შეცდომა, რის შემდეგაც ესკალაცია და მთელი ამ გაწეული შრომის წყალში გადაყრა უკვე გახდა გარდაუვალი.
ფაქტობრივად, მმართველმა გუნდმა დატოვა მახინჯი, მანკიერი სისტემა, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებამ გვითხრა - 2020 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ოთხწლიანი ყოფნით კიდევ უნდა დავტკბეო.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა დასკვნას გაითვალისწინებდნენ, მაგრამ, მათ სადაო საკითხებზე ვენეციის კომისიის დასკვნა-რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებიათ...
- ვენეციის კომისიას არ გამოაქვს ვერდიქტი, ვენეციის კომისია ქვეყნებს მხოლოდ რეკომენდაციებს აწვდის. ამას აქვს ძალიან რბილი დიპლომატიური სახე. პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მათ ბოლო დასკვნაში უწერიათ - სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. დიპლომატიურ ენით ვენეციის კომისიამ გვითხრა - ცუდია, რომ არ გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაცია და ჩვენ ამას ჩავინიშნავთ, როგორც თქვენ მინუსს.
დიპლომატიური ენით ვენეციის კომისიამ გვითხრა - ცუდია, რომ არ გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაცია და ჩვენ ამას ჩავინიშნავთ როგორც თქვენ მინუსს

ხელისუფლებამ თავად მოიჭრა გზა - მათ იცოდნენ, რომ ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ექნებოდა, იქნებოდა კრიტიკა ბუკიკიოს მხრიდან, თუ გახსოვთ, ბუკიკიოს ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე მმართველმა გუნდმა ფორსმაჟორულ ვითარებაში, ნაჩქარევად მიიღო ცვლილებები ისე, რომ უკან დასახევი გზა მოიჭრა.
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გახლდათ გაგრძელება სრულიად აბსურდული, კატასტროფული პროცესისა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს.
- კონსტიტუციის სადავო საკითხებზე მსჯელობისას დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა - მალე გამოჩნდება მაჟორიტართა ბუნტი ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად ინიცირებული. თქვენი დაკვირვებით, რეალურად რა გამოჩნდა?
- ვფიქრობ, არც ერთია სწორი და არც მეორე. უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ ერთგვარი სიმბიოზური გარიგება ”ქართულ ოცნებას” და მაჟორიტარებს შორის, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის გათვალისწინებით თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, პრინციპით - ხელი ხელს ბანს და ორივე პირს, - მათ შორის მოხდა ბუნებრივი გარიგება და მოხდა სრული შეზრდა.
”კოლექტიური მურუსიძე” მთლიანად შეეზარდა ხელისუფლებას. სააკაშვილის მიერ შექმნილი მაჟორიტარების გამოყენების მახინჯი სისტემა შეეზარდა ”ქართულ ოცნებას”

”კოლექტიური მურუსიძე” მთლიანად შეეზარდა ხელისუფლებას. სააკაშვილის მიერ შექმნილი მაჟორიტარების გამოყენების მახინჯი სისტემა შეეზარდა ”ქართულ ოცნებას”. ეს იმაზე უარესია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. სააკაშვილი ახერხებდა მის მიერ გენერირებული მახინჯი სისტემის მართვას. ის იყენებდა ამ სისტემას საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისათვის. ამ სისტემას კი დღევანდელი ხელისუფლება მძევლად ჰყავს აყვანილი - ის აღარ კმაყოფილდება იმით, რომ შეასრულოს ”ქართული ოცნების” პოლიტიკური დაკვეთა, ახლა ხშირ შემთხვევაში სწორედ ის კარნახობს ხელისუფლებას პოლიტიკურ დღის წესრიგს.
მაჟორიტარების მახინჯი სტატუსი კი არ შესუსტდა, არამედ პირიქით, გაიზარდა და კიდევ უფრო ამბიციური გახდა. ეს კი ნამდვილად არის პრობლემა. მაჟორიტარები სათავისოდ იყენებენ ხელისუფლების სისუსტეს. თუ მაჟორიტარებს ურჩხულად წარმოვიდგენთ, სააკაშვილი ამ ურჩხულს მართავდა. ვიმეორებ, ამ ურჩხულმა დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა და მას ეთამაშება.
დღეს მაჟორიტარები ანუ ”კოლექტიური მურუსიძე” არაა ხელისუფლების მონა-მორჩილი როგორც სააკაშვილის დროს, როდესაც პულტებს ისე აჭერდნენ, როგორც ”ნაციონალებს” უნდოდათ თავისი ბიზნესების დაკრიშვის სანაცვლოდ. ახლა ისინი მარტო ამით აღარ კმაყოფილდებიან და იმის ამბიციაც აქვთ, რომ ქვეყანაში ვითარება მართონ და სრულად აკონტროლონ პოლიტიკა.
დღეს მაჟორიტარები, ანუ ”კოლექტიური მურუსიძე” არაა ხელისუფლების მონა-მორჩილი, ახლა მათ იმის ამბიციაც აქვთ, რომ ქვეყანაში ვითარება მართონ და სრულად აკონტროლონ პოლიტიკა

ერთი პრობლემაა, როდესაც ფული მუშაობს პოლიტიკაზე, მაგრამ როგორც კი პოლიტიკა იწყებს ფულზე მუშაობას, იქ მთავრდება სახელმწიფოებრიობა. დღეს ჩვენ ამ ზღვარზე ვდგავართ. როდესაც ფული კარნახობს ქვეყნის განვითარების ვექტორს, ეს კარგად არასდროს მთავრდება.
ამის პირველი პრეცედეტი იყო, როდესაც ყოფილმა გენპროკურორმა ხელი გაარტყა აუდიტის სააგენტოს უფროს თორდიას, მან ამით ხელი სახელმწიფო ინსტიტუტს გაარტყა. მეორე პრეცედენტია ახლა - თუ მანამდე მაჟორიტარები ყველა ხელისუფლების წინაშე თავწახრილები იყვნენ და კეთილდღეობისთვის ხელისუფლების ყველა დავალებას ასრულებდნენ, ახლა ისინი პოლიტიკურ დღის წესრიგსაც კი აყალიბებენ. ახლა ისინი მარტო ფულის შოვნით არ კმაყოფილდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტოს გამოყენების შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების ინიციატივა. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში გათვლა რაზეა?
- ვფიქრობ, რომ ეს ზღვარგადასული არაადეკვატურობაა. პრეზიდენტმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ქუჩაში თოფით ხომ არ გამოვიდოდა ან შიმშილობას ხომ არ დაიწყებდა? მან თავისი პროტესტი გამოთქვა იმით, რომ სესია არ დანიშნა. მისი პოლიტიკური განწყობა გასაგებია - ის ბოლომდე გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი პროტესტი. მან იცის, რომ იგი პროცესს ვერ შეაჩერებს, მას ერთადერთი ინსტრუმენტი რაც აქვს დარჩენილი, იმას გამოიყენებს.
გასაკვირია კობახიძის ცინიზმის დონე. პრაქტიკულად ის პრეზიდენტს ეუბნება - შემოიტანე ვეტოს სახით ის, რისი გაკეთების პრობლემა მე მაქვს და შენ გამიადვილე ჩემი პრობლემის გადაწყვეტა

გასაკვირია კობახიძის ცინიზმის დონე. პრაქტიკულად ის პრეზიდენტს ეუბნება - შემოიტანე ვეტოს სახით ის, რისი გაკეთების პრობლემა მე მაქვს და შენ გამიადვილე ჩემი პრობლემის გადაწყვეტა. მე ვიტყოდი ეს უკვე არის პოლიტიკური უტიფრობა და მეტი არაფერი.
- კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით - ”კონსტიტუციის მიღებით პროცესი სრულად არ დასრულებულა”. გარკვეულ საფრთხეებზე თქვენ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ ”დაუსრულებელი პროცესი” სხვა ტიპის საფრთხეებს ხომ არ შეიცავს?
- კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც ცხოვრობს სახელმწიფო. ფორმალური საკანონმდებლო გაგებით, რა თქმა უნდა, განხორციელებული ცვლილებები კანონის სახეს ატარებს და ჩვენ ყველა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული ვართ იგი შევასრულოთ. მაგრამ ამ დოკუმენტს დაკარგული აქვს პოლიტიკური ლეგიტიმურობა იმის გამო, რომ იგი აბსოლუტურად ცალმხრივად იქნა მიღებული იზოლირებული პოლიტიკური ძალის მიერ. ის იზოლირებულია არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორს, ფაქტია, რომ მათ საკონსტიტუციო პროცესში პარტნიორი არ ჰყოლიათ.
ჩვენ ვნახეთ რომ დაახლოებით 120 კაცი გამოიკვეთა პოლიტიკურ ბუნკერში, გამოიყენა თავისი უფლებამოსილება ბოროტად და მიიღო გადაწყვეტილებები - სამართლებრივად ლეგიტიმური, მაგრამ ძალიან სუსტი პოლიტიკური ლეგიტიმაციით.
ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით 120 კაცი გამოიკვეტა პოლიტიკურ ბუნკერში, გამოიყენა თავისი უფლებამოსილება ბოროტად და მიიღო გადაწყვეტილებები - სამართლებრივად ლეგიტიმური, მაგრამ ძალიან სუსტი პოლიტიკური ლეგიტიმაციით

ეს ქმნის პლატფორმას, რომ თუ მოხდა საზოგადოების კონსოლიდაცია და ლიდერები გამოჩდნენ, სხვადასხვა კონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება 2020 წლამდე შეაცვლევინონ. ამ ხელისუფლებისთვის შესაძლებელია ისეთი ტალღის აგორება, რომ მათ თავად შეიტანონ შესწორება - პროპორციული არჩევნები იქნება არა 2024-ში, არამედ 2020 წელს.
- ბრძანეთ, რომ შესაძლებელია უკმაყოფილების ტალღა ძლიერმა ლიდერმა ააგოროს. მმართველი გუნდი ხშირად ხელს პრეზიდენტ მარგველაშვილისკენ იშვერს. მეტიც, მათი აზრით, პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვერ შეძლებს ხელისუფლებისთვის არასასურველი ფონის შექმნას. არადა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ, არ ჩანს, რომ პრეზიდენტს ასეთი გეგმები აქვს. პრეზიდენტი ცდილობდა კონსტიტუცია უფრო სრულფასოვანი ყოფილიყო. თქვენი აზრით, რატომ სურს მმართველ გუნდს პრეზიდენტი მათ პოლიტიკურად დაუპირისპირდეს?
- საერთოდ, ხელისუფლებისთვის სახელისუფლებო პარანოია დამახასიათებელია. ხელისუფლება ვერ ხვდება მარტივ რაღაცას - დღეის მდგომარეობით პრეზიდენტს პირადი პოლიტიკური ამოცანები არ აქვს. ისინი ცდილობენ პრეზიდენტის მოქმედებაში პოლიტიკური გათვლები დაინახონ. არადა, პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ცდილობს რომ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
მმართველი გუნდის პარანოიდალური შიშები პრეზიდენტის მიმართ ნაწილობრივ სიბრიყვეა, ნაწილობრივ სპეკულირება და მეტი არაფერი

მე არა მგონია გონიერი, არაპარტიული და არადისკრედიტებული პოლიტიკოსი თავის ირგვლივ პარტიების შემოკრებაზე ფიქრობდეს. დღევანდელი პარტიული ელიტა რაც არ უნდა შეკრიბო, მათგან მაინც არაფერი გამოვა. ნული რაზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნულია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის პარანოიდალური შიშები პრეზიდენტის მიმართ ნაწილობრივ სიბრიყვეა, ნაწილობრივ სპეკულირება და მეტი არაფერი.
- 21 ოქტომბრის არჩევნების თემას გვერდს ვერ ავუვლით. ბატონი ვახტანგ ძაბირაძის აზრით - ”ოპოზიცია დღეს უფრო მეტადაა ფრაგმენირებული და სუსტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.” პიარტექნოლოგი სოსო გალიმაშვილი კი მიიჩნევს - ”ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა”. თქვენს მიერ დანახული საარჩევნო პროცესი როგორ გამოიყურება?
- მე ზოგადად ვიტყვი. პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით საკმაოდ რთული ვითარებაა. დღეს საშუალო სტატისტიკური ქართველი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მას აქვს ნეგატიური არჩევანი. მას აქვს არჩევანი ”ცუდსა” და ”უარესს” შორის. ამომრჩეველს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მთლიანად პარტიული პოლიტიკური ელიტის მიმართ. ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ამ ტიპის ნეგატიური განწყობების პირობებში ამომრჩეველი, რომელიც მაინც მიდის არჩევნებზე, ის მზად არის ერთჯერადად გაიყიდოს. ის ამბობს - მე არ მჯერა თქვენი დაპირებების, წინასწარ გადაიხადეთ და ხმას გადმოგიგდებთ. დაახლოებით ასეთი ვითარებაა.
შესაბამისად, არჩევნები არის რესურსების არჩევნები. ვინც მეტს გადაიხდის, არჩევნებსაც ის მოიგებს. ეს არ არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველს იმედი აქვს, რომ ვინმეს კარგს აირჩევს, რომელსაც კარგი იდეები აქვს.
მოახლოებულ არჩევნებში ხელისუფლებას ოპოზიციასთან შედარებით განუსაზღვრელად დიდი რესურსი აქვს და შესაბამისად, აქვს დიდი უპირატესობაც

ახლა არც ახალი იდეები აქვს ვინმეს და ამომრჩეველიც არავის ენდობა. მის თვალში ყველა პარტია დისკრედიტებულია. გადაიხადე ნიშნავს - გაზი შემოიყვანე, სკვერი გააკეთე, სოციალური პაკეტი გააუმჯობესე და ხმას მოგიგდებ. ბუნებრივია, ამ ვითარებაში მოახლოებულ არჩევნებში ხელისუფლებას ოპოზიციასთან შედარებით განუსაზღვრელად დიდი რესურსი აქვს და შესაბამისად, აქვს დიდი უპირატესობაც.
- გასაგებია, რომ ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს. მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც აქვთ თავისი დღის წესრიგი - ”ნაცმოძრაობას” სურს შეინარჩუნოს პირველი ოპოზიციური პარტიის როლი, ”ევროპელმა დემოკრატებმა” ახლა სააკაშვილისაგან დამოუკიდებლად უნდა დაიმკვიდრონ ადგილი ქართულ პოლიტიკაში, არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები ეცდებიან თავისი პოზიციების განმტკიცებას. რანჟირების თვალსაზრისით თუ ელით ამ არჩევნებიდან სერიოზულ ცვლილებებს?
- თუ საარჩევნო პროცესს მივადევნებთ თვალს ეს არის პირველი არჩევნები, როცა ხელისუფლებას ორპოლუსიანობა, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგია არ გამოუვიდა. მხედველობაში მაქვს ”ნაცმოძრაობა” მტრის ხატი და პოლიტიკური პროცესის ამაზე აგება, რომელიც გარანტირებული მოგებით სრულდებოდა. თბილისის მერის არჩევნები რომ ავიღოთ, ყველა შეეგუა იმას, რომ იგივე ალეკო ელისაშვილი არის ცალკე პოლუსი და არც ისე სუსტი. ეს უკვე კარგია. პოლიტიკურმა პროცესმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ორპოლუსიანი პოლიტტექნოლოგიური სიმახინჯე, რომელსაც აქამდე ქმნიდნენ, დასრულდა. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ შემდეგ არჩევნებზე გარკვეული ხარისხის კონკურენციას ვადევნოთ თვალი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები