არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
არჩევნების მთავარი ინტრიგა ის იქნება, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, „ნაცმოძრაობა“ თუ მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველო“
14:00 30-09-2017
არჩევნების მთავარი ინტრიგა ის იქნება, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, „ნაცმოძრაობა“ თუ მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველო“ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, კარგა ხანია ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია, შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტებისაგან არც წინასაარჩევნო აქტიურობა გვიკვირს და არც არჩევნებთან დაკავშირებული ადამიანურ სისუსტეებზე გათვლილი პოლიტიკური რიტორიკა და პოლიტიკური ძალების მხრიდან სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯები.
ბატონი ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლებას დღეს პარტიის სახით სტრუქტურირებული ოპონენტი არ ჰყავს. ამავე დროს გასულ კვირას თბილისის საკრებულოში მომხდარმა მოვლენებმა, ის პროცესები გაგვახსენა, რაც თითქოსდა წარსულს ჩავაბარეთ.
თქვენი დაკვირვებით, 2017 წლის საარჩევნო პროცესი რა თავისებურებებით ხასიათდება და სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება თქვენს მიერ დანახული საარჩევნო კამპანია?

- სამწუხაროდ, ჩვენთან დამკვიდრებული პოლიტიკური კულტურა პოლიტიკურ სუბიექტებს უჩენს განცდას, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნა მათ ყველაფრის უფლებას აძლევს მათ შორის დესტრუქციული ქმედებებისაც. ამის მკაფიო დემონსტრირება იყო, სწორედ თბილისის საკრებულოში ახლახანს მომხდარი შეხლა -შემოხლა. ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასწარ უნდა გაეთვალათ, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხების გატანა ხმაურიანი ოპონირების გარეშე არ ჩაივლიდა, თანაც კარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნების წინ. ამიტომაც კეთილი უნდა ინებონ და მომზადებულნი მოვიდნენ ყველა სათანადო დოკუმენტაციით. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, წინასაარჩევნო რეჟიმში მყოფი პარტიები მაინც შეეცდებოდნენ სკანდალის აგორებას.
ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასწარ უნდა გაეთვალათ, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხების გატანა ხმაურიანი ოპონირების გარეშე არ ჩაივლიდა, თანაც კარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნების წინ

მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საკრებულოში მომხდარმა. რამდენად საჭირო იყო პოლიციის მობილიზება, გარედან მაყურებლისათვის შეფასება რთულია. სიტუაცია რომ კონტროლიდან გამოსულიყო და ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულიყო, მაინც ხელისუფლებას დაბრალდებოდა.
ეხლა კი ისე გამოვიდა, რომ საზოგადოება ტელეეკრანებიდან დანახულით მსჯელობს მომხდარზე, რაც მას უარყოფით განწყობებს უმძაფრებს, მათ შორის ხელისუფლების მიმართაც. აღარავის აინტერესებს ის საკითხები, რაც ამ სხდომაზე განიხილეს, მათ შორის ადგილის მოწყობა ავტოპარკირებისთვის, რაც ბევრი თბილისელი ავტომფლობელისათვის ნამდვილ პრობლემად გადაიქცა.
რაც შეეხება მთლიანობაში საარჩევნო კამპანიას, ის ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს, თუ საკრებულოს ამ ინციდენტს და დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ გამოვლენილ ცალკეულ დარღვევებს არ ჩავთვლით. თუმცა, მთლიანობაში სწორედ ასეთი ერთ შეხედვით წვრილ წვრილი დარღვევები ახდენს ზეგავლენას საბოლოო შედეგზე. დამკვირვებელთა ანგარიშებში ხშირად მხვდება თვალში სიტყვა „სავარაუდო.“ ბოლომდე დაუდასტურებელ ფაქტზე რეაგირება კი რთულია.
ტერმინი „სტრუქტურირებული ოპონენტი“ მრავალნაირად შეიძლება გაიგო. თუ ამაში იგულისხმება ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ვფიქრობ, მმართველი პარტიის ძირითადი ოპონენტი პარტიები საკმაოდ სტრუქტურირებულნი არიან. თუ ეს გულისხმობს სტრუქტურირებულ ერთიან ოპოზიციას, მაშინ ასეთ შეფასებას შეიძლება დაეთანხმო. ამჟამინდელი ადგილობრივი არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ თბილისის მერის არჩევნები არასოდეს ყოფილა ასეთი კონკურენტული.
საინტერესოა ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტია საარჩევნო კამპანიას არა არჩევნების მოსაგებად, არამედ თავისი ულტრალიბერალური და ერთგვარად ქართული მეინსტრიმის საპირისპირო დღის წესრიგის და ხედვების კულტივაციისათვის იყენებს. როგორც ჩანს იმის იმედით, რომ ეს პროდუქტი კარგად იყიდება დასავლეთის გარკვეულ წრეებში აქედან გამომდინარე შედეგებით.
მმართველი პარტიის ძირითადი ოპონენტი პარტიები საკმაოდ სტრუქტურირებულნი არიან… ამჟამინდელი ადგილობრივი არჩევნები გამოირჩევა იმით, რომ თბილისის მერის არჩევნები არასოდეს ყოფილა ასეთი კონკურენტული

რეგიონებში საარჩევნო კამპანია მიდის ზუსტად იმ სცენარით, რაც წინა არჩევნების დროს. თუმცა საგულისხმოა, რომ მმართველმა პარტიამ, მერებისა და გამგებლების კანდიდატებად თითქმის მთლიანად ახალი სახეები წარადგინა.
სამწუხაროა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე იგრძნობა ახალი და საინტერესო იდეების ნაკლებობა ან არსებული პრობლემების ახლებურად და რაც მთავარია ეფექტურად მოგვარების გზების შეთავაზება.
სამაგიეროდ უხვად არის პოპულისტური და ხშირად რეალობას მოწყვეტილი დაპირებები. ეს განსაკუთრებით კარგად თბილისის მერის არჩევნებზე ჩანს. მაგალითად, მეტროპოლიტენის შემადგენლობისთვის თუნდაც ვაგონების დამატებამ და ინტერვალების შემცირებამ, რატომ და როგორ უნდა აიძულოს ავტომობილს მიჩვეული ადამიანი, მითუმეტეს თბილისელი, მეტროში გადაჯდეს და ავტომობილი გააჩეროს?
- მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე თვითმმართველობების გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თვისობრივად ახალი იდეების ნაკლებობა აშკარაა,არავინ დავობს, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს, შესაბამისად, მას გამარჯვების შანსი მეტი აქვს. პიარტექნოლოგი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს - ”ოპოზიცია შეგუებულია არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას, თუმცა, არ არის შეგუებული რანჟირების იმ სისტემას, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა”.
რანჟირების თვალსაზრისით თუ ელით ამ არჩევნებიდან სერიოზულ ცვლილებებს?

- თუ არჩევნებში მონაწილე პარტიების რესურსებსა და სადღეისოდ არსებულ პოლიტიკურ რეიტინგებს გავითვალისწინებთ, რანჟირების კუთხით რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ასპარეზზე ჯერ არ გამოჩენილა ისეთი პოლიტიკური ძალა და ლიდერი, რომელიც მოქმედ ძირითად მოთამაშეებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით გააქტიურებით, ბურჯანაძეს თუ შეიძლება ითქვას „კოზირი“ წაართვა

მთავარი ინტრიგა ალბათ ის იქნება, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველო.“
- მოგეხსენებათ, ქართველი ამომრჩევლის რაიმეთი გაკვირვება, განსაკუთრებით არჩევნების წინ, საკმაოდ ძნელია, მაგრამ სულ ახლახანს მაინც დაფიქსირდა ორი შემთხვევა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს.
კერძოდ, ჯერ ”რესპუბლიკული” პარტიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ხათუნა სამნიძემ მის წინამორბედსა და პარლამენტის ექსსპიკერს, ამჟამად მოძრაობა ”შენების” ლიდერ დავით უსუფაშვილს დასდო ბრალი იმაში, რომ იგი ”ივანიშვილთან და ”ქართულ ოცნებასთან” გარიგებულია.” შემდეგ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ირმა ინაშვილსა და ”პატრიოტთა ალიანსს” ”ქართული ოცნების” სატელიტობაში სასდო ბრალი.” თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ბრალდებები? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ბატონი ბ.ივანიშვილი არ ჩანს, ახლა შიდა პოლიტიკაში ივანიშვილის მონაწილეობით თუ მხოლოდ ”ქართული ოცნების” ხელით ”შუას გაკრეფის” პოლიტიკა გრძელდება? თუ - კი, ახლა, როცა ”ქართული ოცნების” პოზიციები საკმაოდ მყარად გამოიყურება, მისი მიზანი რა შეიძლება იყოს?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ქ-ნ სამნიძის ეს ბრალდება ეფუძნებოდა ძირითადად იმ ფაქტებს, რომ უსუფაშვილის ახლადშექმნილ პარტიაში საკმაო რაოდენობით გადავიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
პარტიიდან პარტიაში ხშირი პორტირება ქართული პოლიტიკური რეალობისათვის უკვე იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ხალხი შეეჩვია კიდეც ამას. თუმცა, რამდენად არის აღნიშნული პროცესი იმის მადასტურებელი, რომ უსუფაშვილის პარტია ხელისუფლებასთან არის გარიგებული, ეს არჩევნების შედეგებით გამოჩნდება.
ივანიშვილს აღარაფერში სჭირდება ‘შუას გაკრეფა“ რადგანაც მან ეს პროცესი უკვე დაასრულა 2012 წელს

ისე კი, თავისთავად ფაქტი საყურადღებოა. ის ფაქტი, რაზეც ბურჯანაძე აპელირებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის ხმა დაფიქსირდა ახალი კონსტიტუციის მხარდამჭერთა შორის, გარკვევას საჭიროებს. უფრო სერიოზულია მეორე მიზეზი, რამაც ამ ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის ურთიერთობები დაძაბა. ეს დაკავშირებულია თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის დაყენებაზე „პატრიოტთა ალიანსის“ უართან, და ინაშვილის კანდიდატურის დაყენებასთან, მაშინ როდესაც მანამდე ბურჯანაძის პარტიასთან წინასაარჩევნო გაერთიანებაზე მიდიოდა თითქოს კონსულტაციები. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით გააქტიურებით, ბურჯანაძეს თუ შეიძლება ითქვას „კოზირი“ წაართვა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი ის ხაზგასმულად დისტანცირებულია როგორც პოლიტიკური პროცესებისგან, ისე საზოგადოებრივი აქტიურობისგან, ინერციით ყველაფერი ისევ მასზე პროეცირდება, და მას მიიჩნევენ ქვეყნის რეალურ მმართველად.
ივანიშვილს აღარაფერში სჭირდება ‘შუას გაკრეფა“ რადგანაც მან ეს პროცესი უკვე დაასრულა 2012 წელს. მისი ეს ხაზგასმული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პასიურობა შესაძლოა ნიშნავდეს ორ რამეს.
სწორედ მერის ამპლუაში კალაძის მიერ დადებული შედეგი აჩვენებს უპირველესად თავად მას, თუ რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მისი ამბიცია უფრო მაღალ თანამდებობაზე
პირველი - მას სურს შეძლებისდაგვარად გაანეიტრალოს როგორც ქვეყანაში ისე საერთაშორისო დონეზე მისთვის მიკერებული არაფორმალური მმართველის იარლიყი, რაც მის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას ნამდვილად არ არგია. მეორე, ის ერთგვარ გამოცდას უწყობს მის მიერვე შექმნილ „ქართულ ოცნებას,“ აჩვენოს თუ რა შეუძლია ივანიშვილის გარეშე.
- პიარტექნოლოგიაში გარკვეული ფსიქოლოგების დაკვირვებით, თუ საჯარო სივრცეში თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძის, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის სხვა წევრების ე.წ. სხეულის ენაზე ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს და შეუძლებელიცაა მმართველ გუნდში კახი კალაძეს მხოლოდ თბილისის მერობის ამბიცია ჰქონდეს.
თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ კ.კალაძემ ”გაზპრომთან” ურთიერთობები, როგორც მინიმუმ, უცნაურად ”დაალაგა”, სულაც არაა გამორიცხული, რომ მას პრემიერ-მინისტრობის ამბიციებიც ჰქონდეს. ამაზე, ირიბად ფეხბურთში მსოფლიო ვარსკვლავთა მონაწილეობით ჩატარებული საქველმოქმედო მატჩიც მეტყველებს.
თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ვარაუდები?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში შორმსმიმავალი ვარაუდები კალაძის გეგმებზე, მითუმეტეს არაფერი კონკრეტულით გამყარებული, უმადური საქმე იქნებოდა. რეალობა არის ის, რომ დღეს კალაძეს აქვს ამბიცია და მე ვიტყოდი საკმაოდ რეალური ამბიცია, გახდეს თბილისის მერი.
როგორც ჩანს, „მაჟორიტართა“ ბუნტი თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, მაინც ბუნებრივი იყო... იგი დაემთხვა მმართველ გუნდში იმ გავლენიანი დაჯგუფების ინტერესს... მაჟორიტართა ამ დემარშმა მათი პოზიციები გააძლიერა

სწორედ თბილისის მერის ამპლუაში მის მიერ დადებული შედეგი აჩვენებს უპირველეს ყოვლისა თავად კალაძეს, თუ რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მისი ამბიცია უფრო მაღალ თანამდებობაზე.
- მმართველმა გუნდმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ამ თემაზე პოლიტიკურ სპექტრში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ბრძანეთ - ”მალე გამოჩნდება მაჟორიტართა ბუნტი ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად ინიცირებული.
ახლა როცა საკონსტიტუციო პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია, თქვენი პასუხი ამავე კითხვაზე დღეს როგორია?

- როგორც ჩანს, „მაჟორიტართა“ ეს ბუნტი თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, მაინც ბუნებრივი იყო. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მოხდა ისე, რომ ეს ბუნებრივი ბუნტი, რომელიც მომდინარეობდა იმ საფრთხის განცდიდან, რასაც მაჟორიტართა მდგომარეობას უქმნიდა სრულიად პროპორციული სისტემა, დაემთხვა მმართველ გუნდში იმ გავლენიანი დაჯგუფების ინტერესს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,
საქმის ისე წარმოჩენა, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებდა მაჟორიტარებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს და ლამის მაჟორიტართა მძევალია, საკითხის მეტისმეტად გამარტივება იქნებოდა
მაგრამ პარტიული დისციპლინის გამო, როგორც ჩანს, ემორჩილებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას. მაჟორიტართა ამ დემარშმა კი ამ დაჯგუფების პოზიციები გააძლიერა და მეტი არგუმენტები მისცა.
- გასაგებია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართული დემოკრატიისათვის პანაცეა არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ ადრე სააკაშვილი მაჟორიტარებს აკონტროლებდა, ახლა, როგორც ბატონი გია ხუხაშვილი ამბობს - ”კოლექტიური მურუსიძე” მთლიანად შეეზარდა ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას.” მეტიც, გია ხუხაშვილის მტკიცებით, - ”განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებამ გვითხრა - 2020 წლის შემდეგ ხელისუფლებაში 4 წლიანი ყოფნით კიდევ უნდა დატკბეს”.
გამოდის, ”ქართულმა ოცნებამ” მართლაც იმგვარი კონსტიტუცია მიიღო, რომ არჩევნების გზით მისი შეცვლა მაჟორიტარების თანამონაწილოებით შეუძლებელი იქნება?

- მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად უპირატესობას მაჟორიტარულ სისტემას ვანიჭებ, რადგანაც ის უფრო დემოკრატიულია და ჯანსაღი, მაჟორიტარული არჩევნების ის მანკიერი სისტემა რაც ჩვენთან ჩამოყალიბდა და რომლის წინაშეც ჯერჯერობით ვერაფერს გახდა ვერც ერთი ხელისუფლება, სერიოზულ ექსპერტულ ანალიზს საჭიროებს, ვიდრე ზოგად შეფასებებს.
შევეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა რას ვგულიხმობ. საქმის ისე წარმოჩენა, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებდა მაჟორიტარებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს და ლამის მაჟორიტართა მძევალია, საკითხის მეტისმეტად გამარტივება იქნებოდა.
მაჟორიტარი დეპუტატები ფინანსური რესურსების გარდა, ფლობენ გავლენებს, მათი აზრის ხელაღებით იგნორირება, არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია... ყველა ხელისუფლებასთან მათ შეთანხმებული აქვთ თამაშის წესები, ორმხრივი ინტერსების გათვალისწინებით

საქმე იმაშია, რომ ეს არის ერთგვარი კასტა, ან თუ გენებავთ ინტერესთა ჯგუფი ფინანსურად და საზოგადოებრივად გავლენიანი ადამიანებისა. ისე როგორც მაჟორიტარებს სჭირდებათ მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირი, ზუსტად ისევე მმართველობაში მყოფ ნებისმიერ პარტიას დასჭირდება „მაჟორიტართა“ დახმარება რეგიონებში სიტუაციის „დასალაგებლად“ და რეგიონეულ ელიტებთან საერთო ენის გამოსანახავად, განსაკუთრებით არჩევნების წინ, და არა მხოლოდ.
ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მაჟორიტარ დეპუტატებად გვევლინებოდნენ ფინანსური რესურსების გარდა ფლობენ გავლენებს და ურთიერთობათა იმ რესურსს, რაც მათ საშუალებას აძლევთ რეგიონებში ქალაქის, თემის და სოფლების დონეზეც კი სიტუაცია მეტნაკლებად აკონტროლონ.
ვინც ქართული რეგიონების და იქაური ყოფის სპეციფიკას იცნობს, მიხვდება თუ რას ვგულისხმობ. შესაბამისად, ამ ხალხის აზრის ასე ხელაღებით იგნორირება, არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია. ყველა ხელისუფლებასთან ამ ხალხს შეთანხმებული აქვთ თამაშის წესები, ორმხრივი ინტერსების გათვალისწინებით, და არც სააკაშვილი იყო ამ მხრივ გამონაკლისი.
ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტისათვის ვეტოს დადების წინადადება, ტაქტიკურად არასწორი სვლა იყო

2020 წლის არჩევნებამდე კი ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა, დიდი ალბათობით „მაჟორიტარები“ დააფასებენ „ქართული ოცნების“ ამ საჩუქარს, რომლის გამოც მან ლამის ვენეციის კომისია გადაიკიდა, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ პოლიტიკურ წრეებზე.
- ფაქტია, რომ ახლა მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოსა და შენიშვნებს ელოდება. ამის სურვილი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა იმ იმედით, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი მარგველაშვილი ”კონსტრუქციულ როლს” შეიტანდა.
კობახიძის ამ განცხადების ფონზე უცნაურად გაიჟღერა ქალბატონ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მტკიცებამ, რომ ვეტო არა მმართველ გუნდს, არამედ პრეზიდენტს სჭირდება. არადა, ჩანს, რომ მმართველ გუნდს მართლაც სურს ვენეციის კომისიის რეკონედაციის გათვალისწინება ისეთ საკითხებში როგორიცაა 2020 წელს ერთჯერადად ბლოკების დაშვება და გადაუნაწილებელი ხმების უფრო სამართლიანად გადანაწილება.
თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და სავარაუდოდ, როგორი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები?

- რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის გაკეთებულ შეთავაზებას ვეტოს დადებაზე, საზოგადოების უმეტესობამ ეს არ აღიქვა ისე, როგორც ამას საპარლამენტო უმრავლესობა მოელოდა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სათავისოდ განმარტა და ისევ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისათვის გამოიყენა. ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტისათვის ვეტოს დადების წინადადება, ტაქტიკურად არასწორი სვლა იყო.
პრეზიდენტი დაადებს ვეტოს და სავარაუდოდ მისი მოტივირებული შენიშვნები ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე აფიქსირებდნენ თავად პრეზიდენტი, პოლიტიკური ოპოზიცია და ამ პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორი. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესი წარიმართა ისე, როგორც წარიმართა და ვენეციის კომისიის შეფასებებშიც აისახა ეს წუხილი.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები