არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
მომავალი წლიდან საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი დაიწყება
16:04 03-10-2017
მომავალი წლიდან საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი დაიწყება ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში 2023 წლიდან საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სალიცენზიო გამოცდებზე მიიღებენ მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასწავლებლების კურსდამთავრებულები არიან. ასეთი გადაწყვეტილება ერთობლივად „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ“, „სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფედერაციამ“, „სამედიცინო განათლებისა და კვლევის საერთაშორისო ფონდმა“ და „უცხოეთში განათლებამიღებულ კურსდამთავრებულ ექიმთა შეფასების საგამოცდო საერთაშორისო კომისიამ“ მიიღეს. მომავალში ასეთი აკრედიტაცია კი საქართველოში სამედიცინო სასწავლებლებისთვის „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა“ უნდა განახორციელოს. ცენტრმა აკრედიტაციის პროცესისთვის მზადება უკვე დაიწყო.

რას ითვალისწინებს ეს პროცესი „ინტერპრესნიუსი“ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორს თამარ სანიკიძეს ესაუბრა.

– ქალბატონო თამარ, საქართველოში სულ 30–მდე სამედიცინო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელია. საინტერესოა, რამდენმა სასწავლებელმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში? როგორია მათი ბაზები და ზოგადად, რა პრობლემები გამოიკვეთა ამ კუთხით?
– „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ კონტრაქტორ „სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფედერაციას“ შემუშავებული აქვს ის საერთო სტანდარტი, რომელიც როგორც ევროპის, ასევე ამერიკის უმაღლესმა სამედიცინო სასწავლებლებმა უნდა გაიზიარონ, რადგან მათ შორისაც არის გარკვეული განსხვავება. სხვადასხვა მიდგომა აფერხებს სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალ მობილობასა და დასაქმების პერსპექტივას. საერთო სტანდარტმა ეს ჩიხი უნდა აღმოფხვრას და განათლების ხარისხი უზრუნველყოს. საერთო სტანდარტებთან შესაბამისობისაში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტებისათვის შესაბამისობა ნიშნავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდას. ხარისხის ეროვნული ცენტრისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტანდარტების მიხედვით უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკრედიტაციის პროცესის განხორციელების უფლების მოპოვება. ჩვენი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ისეთ დაწესებულებად, რომელიც მსგავს მომსახურებას გასწევს, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში არსებულ სასწავლებლებზე. რეგიონში მსგავსი აკრედიტაციის ჩატარების უფლება განათლების ხარისხის სააგენტოებს არ აქვთ მოპოვებული. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიონერები ვიქნებით, ვინც ამ საქმეს წამოიწყებს. ის, თუ რას ნიშნავს ასეთი აკრედიტაცია სასწავლო დაწესებულებებისთვის, რა უნდა გააკეთონ, რომ ასეთი აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობაში მოვიდნენ, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ და დავინახოთ, როგორც პროგრამების შინაარსობრივი, ასევე მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვილობის ჭრილში. ამ თვალსაზრისით მე მაინც ხაზს გავუსვამდი ისეთ საკითხებს როგორებიაა, სწავლების მეთოდოლოგიები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, შეფასების მექანიზმები, პერსონალთან დაკავშირებით მოთხოვნები და სხვა. ეს არის ძირითადი საკვანძო თემები.
რაც შეეხება, აღჭურვილობას და მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, რა თქმა უნდა, საქართველოში ამის სიმწირე არის, მაგრამ უკეთესი შედეგებისათვის რესურსების კონსოლიდაცია შესაძლებელია. ვგულისხმობ, როგორც სასწავლებლებს შორის, ასევე სამედიცინო სასწავლებლებისა და კლინიკების ურთიერთთანამშრომლობას. საავადმყოფოებისა და პრაქტიკის სხვა ობიექტებთან თანამშრომლობის კარგად დაგეგმვით შესაძლებელია იმ ძარითადი–მატერიალური ბაზის უზრუნველყოფა, რომელიც სტუდენტებს სასწავლო შედეგების სრულფასოვნად დაძლევაში დაეხმარება.

– როგორც ცნობილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის საპილოტე შეფასება უკვე განახორციელა. ამის შესახებ რომ მოგვითხროთ...
– დიახ, დაახლოებით, თვენახევრის წინ ახალი სტანდარტების მიხედვით ჩვენ უკვე განვახორციელეთ ასეთი შეფასება. უფრო ზუსტად, ეს შეფასება ხარისხის ეროვნული ცენტრის მზაობის დასადგენად განხორციელდა. ამ მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში მოვიწვიეთ შემფასებელი, რომელიც დაესწრო სამედიცინო უნივერსიტეტის განმავითარებელი შეფასების პროცესს. მათთვის ამ ეტაპზე საინტერესო იყო ის წესები, სტანდარტები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც ჩვენ სამედიცინო დაწესებულება შევაფასეთ. მათი პირველადი ანგარიში ძალიან დამაიმედებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ჩვენ ამ ორგანიზაციასთან მუშობას დავიწყებდით, მანამდე ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პირდაპირი მნიშვნელობით ეს ძალიან დაგვეხმარა, რადგან შემფასებელთა ვიზიტისათვის ეს პროცესი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ახალი სისტემა ჯერ საპილოტე რეჟიმშიც კი არ გვქონდა ამოქმედებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, ახალი მიდგომებით როგორ ვაპირებთ ჩვენ შეფასებების პროცესის განხორციელებას. აი, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მათ ჩაიხედეს ჩვენს წესებსა და პროცედურებში, ექსპერტთა ახალ კორპუსში, შეამოწმეს ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებაში ჩართვის შესაძლებლობები. ბუნებრივია, შეფასების ფარგლებში მოხდა დაწესებულების შიდა მექანიზმების შემოწმებაც, რადგან ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურად განხორციელების შედეგად ხდება შესაძლებელი გარე შეფასების მოთხოვნების დაკმაყოფილება. შიდა და გარე შეფასების მექანიზმები უნდა იყოს თანხვედრაში. შეფასებაზე დაკვირვების შედეგად მივიღეთ ანგარიში. მასში გარკვეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე მიგვითითებენ. უფრო კონკრეტულად, შენიშვნები სტანდარტების, პროცედურებისა და ექსპერტთა მუშაობის წესთან თავსებადობაზე არ იკვეთება, რაც ძალიან კარგია. როგორც წესი, ქვეყნებს გადაწყვეტილებების მიღება უფრო ამ ნაწილში უჭირთ. ჩვენ ეს მოვახერხეთ, შევთანხმდით და დავამტკიცეთ.
რეკომენდაციები ძირითადად ეხება გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შემადგენლობას. საჭირო იქნება საბჭოში სამედიცინო პროფილის მქონე ადამიანების რაოდენობის გაზრდა, ექსპერტთა ჯგუფების შემადგენლობაში სამედიცინო კვალიფიკაციის მქონე პირების დამატება, რაც, ვფიქრობ, გაკეთებადია, თანაც საკმაოდ მოკლე დროში. გვაქვს განხსვავება პროცედურულ ნაწილში. სხვაობა იმაშია, რომ მათი შეფასება გულისხმობს ინსტიტუციისა და პროგრამების ერთად შეფასებას. ჩვენ კი ეს პროცესი ორად გვაქვს გაყოფილი. ჯერ გვაქვს ინსტიტუციური შეფასება და შემდეგ პროგრამული. თუმცა, ეს განხვავება არ ჩაითვალა ხარვეზად.
შემფასებელის რეკომენდაციების მიხედვით მოვახდინეთ შესაბამის კანონებში ცვლილებების ინიცირება და განათლების სამინისტროში გადავაგზავნეთ. კანონპროექტი, რომელიც ამ ცვლილებებს ითვალისწინებს, უკვე პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.

– რა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი და რომელ კანონში?
– როდესაც სასწავლებელი არის მხოლოდ სამედიცინო პროფილის, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მისი შეფასება მოხდება ახალი სტანდარტებითა და პროცედურებით, რომელიც თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან. შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფი წმინდა სამედიცინო პროფილის მქონე პირებით დაკომპლექტდება, დამსაქმებელიც და სტუდენტიც შესაბამისი იქნება. რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, კანონის მიხედვით ამ საბჭოში შეგვეძლება ერთი მესამედი სამედიცინო მიმართულების, შესაბამისი კვალიფიკაციის პირები მოვიწვიოთ.
ცოტა განსხვავებულად მოხდება ისეთი სასწავლებლის შემოწმება, რომელიც შერეული ტიპისაა. მაგ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათ აქვთ სამედიცინო ფაკულტეტი და თავად სასწავლებელი არ არის სამედიცინო პროფილის. აქ მიდგომას ვცვლით და ინსტუტუცია თავისი სამედიცინო კომპონენტით მთლიანად უნდა შეფასდეს. ამ მიზნით შემფასებელთა ჯგუფიდან გამოიყოფა სპეციალისტების ის რაოდენობა, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტის შეფასებაზე იმუშვებენ. ამ ნაწილში კიდევ ერთი, სამედიცინო პროფილის, საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება. შემფასებელთა ჯგუფის სხვა წევრები კი მთლიანი ინსტიტუციის შეფასებას მოახდენენ. მათ მიერ შემუშვებულ დასკვნას ავტორიზაციის საბჭო განიხილავს. შესაბამისად, ამ საბჭოზეც გადაწყვეტილების მისაღებად ხმის უფლებით მოვიწვევთ იმ დამატებით წევრებს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო. ანუ პროცედურული ცვლილებები, რომლებიც საბჭოში გადაწყვეტილების მიღებას და ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ეხება, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების სახით ავსახეთ. ამასთან, ჩვენ ადრე აკრძალული გვქონდა და კანონი არ ითვალისწინებდა ამ საქმისწარმოებაში ჩართული ყოფილიყო საჯარო მოხელე. ამ ეტაპზე დაგვჭირდა, რომ ასევე ეს შეზღუდვა მოგვეხსნა კონკრეტულად სამედიცინო მიმართულებით. კერძოდ, სტანდარტი გადაწყვეტილების მიღების დროს მარეგულირებლის ჩართვას ითხოვს. სამედიცინო განათლება რეგულირებადია და ამიტომ, მარეგულირებლის მოწვევა გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება. ეს შეზღუდვაც ამ ნაწილში მოიხსნება და შევძლებთ, რომ შესაბამისი მარგულირებელიც კვოტის 1/3–ში გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩავრთოთ.

– უფრო კონკრეტულად, კიდევ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტორიზაციის საბჭოში?
– ავტორიზაციის საბჭოსა და აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობას განათლების სამინისტროს წარდგინებით პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. რეალურად, ეს არის დამოუკიდებელი საბჭო, რომლის მუშაობასაც ჩვენი ცენტრი ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს. ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშოს საფუძველზე შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს. საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭოებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია. მაგალითისთვის, ამ დრომდე საბჭო 11 წევრისგან შედგებოდა. საბჭოში მოწვეული წევრები, როგორც წესი, აკადემიური წრის წარმომადგენლები, შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არიან. ასევე, მასში ჩართულია დამსაქმებელი და სტუდენტი. ამის გარდა, საბჭოს წევრთა კიდევ ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს უშუალოდ სამედიცინო მიმართულებით სპეციალისტები, რომელშიც ასევე მოიაზრება წარმომადგენელი შესაბამისი მარეგულირებლიდან. ამიტომ, ეს სიახლე გვაქვს სწორედაც ამ საბჭოებთან მიმართებაში. რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფს, იგი 2–3 ადამიანისგან შედგებოდა, ცენტრის მიერ სტანდარტებისა და პროცედურების შეცვლამ მოითხოვა ექსპერტთა საქმიანობის წესის შეცვლაც. ამ წესისა და ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მთელი ექსპერტთა კორპუსი გამოვცვალეთ და თავიდან დავაკომპლექტეთ.
ევროპული სტანდარტების მიხედვით, შემფასებელთა ჯგუფში დამსაქმებელიც უნდა იყოს და სტუდენტიც. აქედან გამომდინარე, შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფები 2–3 კაციანი ვეღარ იქნება, რადგან სხვა რომ არაფერი, ჩვენ უკვე შვიდი სტანდარტით ვაფასებთ და არა სამი სტანდარტით. შვიდი სტანდარტის მიხედვით კი ამ ადამიანებზე განაწილებულია ყველა ის ძირითად კომპეტენციები, რომლითაც სასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ექსპერტთა ჯგუფები მინიმუმ ხუთკაციანი იქნება. მათი მაქსიმალური რაოდენობა სასწავლო დაწესებულების სიდიდეზე და წარმოდგენილი პროგრამების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, ამ ჯგუფში 8-9 ადამიანი უნდა შედიოდეს იმისთვის, რომ ყველა სტანდარტის მიხედვით დაწესებულება საფუძვლიანად შეაფასონ. ხოლო თუ შესაფასებელი დაწესებულება იქნება სამედიცინო პროფილის, ასეთ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფში ჩვენ გავითვალისწინებთ კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტებს. ვფიქრობთ, რომ თუ შერეული ტიპის დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო ფაკულტეტიც შესაფასებელია და ყველა დანარჩენი, ქვე-ჯგუფი მინიმუმ სამი ადამიანისგან იქნება შემდგარი. ჯგუფის თავმჯდომარე სამედიცინო მიმართულების საერთაშორისო ექსპერტი იქნება. მასში შევლენ დამსაქმებლისა და სტუდენტის წამომადგენელები. თუ სამედიცინო ფაკულტეტი იქნება დიდი, შესაძლებელია ჯგუფის წევრთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდოს. გააჩნია, რა იქნება შესაფასებელი. რაც შეეხება წმინდა სამედიცინო მიმართულების სკოლებს, ჩვეულებრივად ექსპერტთა ერთი ჯგუფი სამედიცინო მიმართულების პირებით დაკომპლექტდება და მასში შევა დამსაქმებელი, სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ხოლო ჯგუფს საერთაშორისო ექსპერტი უხელმძღვანელებს.
როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ჯგუფითა და ასეთი პროცედურებით ჩვენ საპილოტე შეფასება უკვე ჩავატარეთ და მივიღეთ საინტერესო შედეგები. გვაქვს შესასრულებელი რეკომენდაციებიც. ამ პროცესისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ სამედიცინო უნივერსიტეტს, რადგან ყველაფერი მათი თანხმობით და ძალიან შემჭიდროებულ ვადებში გაკეთდა. მართლაც ძალიან მოინდომეს და ამით ხელი შეგვიწყვეს. ვფიქრობ, სამედიცინო სასწავლებლების ინტერესში უნდა შედიოდეს, საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისმა სააგენტომ, ანუ ჩვენმა ცენტრმა, შეძლოს და საერთაშორისო აკრედიტაცია განახორციელოს. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის გასავლელად სხვა ქვეყნის მაკრედიტებლებთან მუშობა არ უნდა მოუწიოს.

– რა სიახლეებს მოუტანს ეს პროცესი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს?
– სწავლის ხარისხს უდავოდ გაზრდის. სტუდენტებს შესთავაზებენ გაუმჯობესებულ პროგრამებს, რომლებიც სწავლის საჭირო შედეგზე გაიყვანს. სტუდენტის შეფასების მეთოდოლოგიაც დაიხვეწება და უფრო კარგად დადგინდება სტუდენტების მზაობა. მკაფიოდ იქნება განსაზღვრული პრაქტიკის ობიექტებზე მისაღწევი შედეგები და თვითონ პრაქტიკის ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები. აბიტურიენტებისთვის უმაღლესში დაშვების წინაპირობა არ შეიცვლება. თუმცა, დაწესებულებას მოუწევს დაფიქრდეს და განსაზღვროს პროგრამაზე დაშვების ადეკვატური წინაპირობები. ეს რას ნიშნავს? შესაძლებელია ეს იყოს უნიფიცირებული გამოცდა, როგორიც გვაქვს ეროვნული გამოცდების სახით, მაგრამ სასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა დონეზე მომზადებულ სტუდენტს ელოდოს და სტუდენტებს მის კომპეტენციასთან თავსებადი პროგრამა შესთავაზონ. შემფასებელმა უნდა დაინახოს, რომ სტუდენტს, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, შეუძლია პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგის დაძლევა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი უფრო უკეთესი უნდა გახდეს და დაიხვეწოს. ამიტომ, სტუდენტისთვის ეს ცვლილებები მხოლოდ მომგებიანი იქნება.
მართალია დღეს, ასე თუ ისე, აღიარების საკითხები ჩვენ მოწესრიგებული გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, იმ ქვეყნის სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება ავტომატურად იქნება შესაძლებელი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება აკრედიტებული. უფრო მარტივი იქნება მობილობა როგორც სტუდენტებისა, ასევე სამედიცინო პერსონალის. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას“ დადგენილი აქვს თარიღი, რომ 2023 წელს ის სამედიცინო სასწავლებლები და სკოლები, რომლებიც ასეთი წესით არ გაივლიან აკრედიტაციას, მათ საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდაზე აღარ დაუშვებენ, არც სტუდენტს და არც სამედიცინო პერსონალს დასაქმების თვალსაზრისით. ასე, რომ სერიოზული შემაფერხებელი იქნება, თუ ამას არ გავაკეთებთ. ეს ყველაფერი გვჭირდება ჩვენ სამედიცინო სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობა ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ და წარმატებით დავასრულოთ.

- თქვენს ცენტრს რომ დავუბრუნდეთ, როდის დასრულდება ცენტრის აკრედიტაციის პროცესი და შემდგომ თქვენ როდის დაიწყებთ საერთაშორისო აკრედიტაციის განხორციელებას?
- ჩვენი გეგმა არის ასეთი: როდესაც კანონში ცვლილებები განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ პროცედურები და შიდა წესები კანონთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენი ცენტრის თვითშეფასების შევსებას „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერ შემოწმებისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ პროცედურას ცენტრი 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რადგან თებერვლიდან უკვე უმაღლესი სასწავლებლებიდან ავტორიზაციის გასავლელად განაცხადები შემოვა. მათ შორის არის სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიც და ასე შემდეგ, რომელთაც ავტორიზაციის ვადა ეწურებათ. ჩვენი ცენტრის შემოწმება ნიშნავს, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა სწორედ ავტორიზაციის განხორციელების პროცესში უნდა შეგვამოწმონ. ამიტომ, ჩვენ განაცხადს ისე გავაკეთებთ, რომ შემმოწმებელთა ჯგუფი საქართველოში ცენტრის შესაფასებლად იმ პერიოდში ჩამოვიდეს, როდესაც საავტორიზაციო პროცესები დაიწყება. სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესები კი მომავალი წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ჩვენი ცენტრის შემოწმებაც თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში მოხდება. შემდეგ კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაახლოებით 8 თვის ვადა აქვს, რომ ცენტრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ჩვენ აკრედიტაციას მივიღებთ, ის დაწესებულებები, რომლებიც ავტორიზაციასა და აკრედიტაციას ახალი წესებისა და სტანდარტების მიხედვით გაივლიან, ავტორიზებულად ჩაითვლებიან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამიტომ, 2023 წელს ჩვენ დაწესებულებების თავიდან შეფასება აღარ მოგვიწევს.

ეკატერინე ბახუტაშვილი
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები