არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
კატალონიელებისა და ქურთების გააქტიურება არანაირად არ ზრდის სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შანსებს, ამგვარი შანსები ნულის ტოლია
15:32 05-10-2017
კატალონიელებისა და ქურთების გააქტიურება არანაირად არ ზრდის სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების შანსებს, ამგვარი შანსები ნულის ტოლია ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელი ქურთისტანის გაჩენის ალბათობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და კატალონიური სეპარატიზმის პერსპექტივაზე ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნეს, მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან სპეციალისტს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, მას შემდეგ, რაც ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმი ჩატარდა და ერაყელმა ქურთებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილის შესახებ განაცხადი გააკეთეს, როგორ დაახასიათებდით ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და საკუთრივ ქურთული საკითხის მიმართ დამოკიდებულებას?
- სიტუაცია გამწვავებულია, მაგრამ, მაინც არ მგონია, რომ საქმე დიდ სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. ქურთების ბიზნესწრეების პარტნიორები იღებენ ზომებს, რომელიც ითვალისწინებს ერაყელი ქურთებისათვის ფინანსური ოპერაციების განხორციელების შეზღუდვას, ნავთობის ექსპორტისათვის პრობლემების შექმნას, თურქები ერაყის ქურთისტანიდან კირკუკი-ჯეიხანის ნავთობსადენის გადაკეტვით იმუქრებიან. ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში ფრენები ჯერ თურქებმა შეწყვიტეს, შემდეგ იორდანელებმა და შემდეგ კიდევ სხვებმა.
ვითარება საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ, მაინც არ მგონია, რომ საქმე დიდ სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს... არსებობს გათვლა, რომ ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმს არ მოჰყვება შემდგომი გაგრძელება

ვითარება საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ არსებობს გათვლა, რომ ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმს არ მოჰყვება შემდგომი გაგრძელება. ამგვარი რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში 2005 წელსაც ჩატარდა, მაგრამ ვითარება მას შემდეგ რეალურად არც შეცვლილა. ახლანდელი რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი ერაყელმა ქურთებმა 2014 წელს დაიწყეს. მართალია, ვითარება მარტივი სულაც არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულ რეფერენდუმს მხარი არავინ დაუჭირა, ომი ჯერჯერობით არ დაწყებულა.
- სხვადასხვა მონაცემებით, თურქეთში 17 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ირანში 7,5 მილიონი, ერაყში 7 მილიონი, სირიაში 2,5 მილიონი, ანუ დამოუკიდებელი დიდი ქურთისტანი ოთხი ქვეყნის იმ ტერიტორიების ხარჯზე უნდა შეიქმნას, სადაც ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ.
ბრძანეთ, მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ჯერჯერობით ომი არ დაწყებულაო, მაგრამ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ერბილი გააქტიურდა და მკვეთრი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დეკლარირებული დამოუკიდებლობა იქნას აღიარებული, დღეის მდგომარეობით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქურთულმა საკითხმა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის გამოიწვიოს?

- ჩვენ კი არა, ქურთების ზუსტი რაოდენობა არც არავინ იცის. თქვენ რასაც ამბობთ, ეს მათი რაოდენობის შესახებ მხოლოდ ვარაუდებია. რაც შეეხება დიდი ომის ალბათობას, მიჭირს ამის თქმა.
დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის შემთხვევაში საზღვრები უნდა შეიცვალოს. ამაში კი არავინაა დაინტერესებული და ამაზე ნებით არავინ დათანხმდება. ყველას კარგად ესმის, რომ დამოუკიდებელი ქურთისტანი ”ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი რამ იქნება. ამიტომ, დიდ ქურთისტანზე საუბარი, რომლის რუკები მრავლად არსებობს, გამორიცხულია. ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისედაც ურთულესია, ვგულისხმობ იმას, რომ დე-ფაქტო აღარ არსებობენ ერაყისა და სირიის სახელმწიფოები.
ყველას კარგად ესმის, რომ დამოუკიდებელი ქურთისტანი “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი რამ იქნება. ამიტომ, დიდ ქურთისტანზე საუბარი, რომლის რუკები მრავლად არსებობს, გამორიცხულია

ასეთ ვითარებაში ქურთული სახელმწიფოს შექმნა ამ რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდისათვის დიდი რისკების შემცველია. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ არც ერთ სახელმწიფოს ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი არ უღიარებია.
- თურქეთის პრეზიდენტმა ერაყელ ქურთებს მოუწოდა უკან წაიღონ დეკლარირებული დამოუკიდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა მართლაც გადაკეტავს კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომლიდანაც ყოველდღიურად მსოფლიო ბაზარზე 500.000 ბარელი ნავთობი ხვდება და რომლითაც ერაყის ქურთისტანის ბიუჯეტი 95%-ით ივსება...
- ჯერჯერობით გრძელდება ერთმანეთის დაშინება. ღმერთმა არ ქნას, რომ მათ შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდეს. ქურთებმა ”ისლამურ სახელმწიფოს” წაართვეს კირკუკის უმდიდრესი ნავთობსაბადოები და ახლა ისინი აკონტროლებენ. მათ ინტერესშია ნავთობის ექსპორტირება.
სხვათა შორის, როგორც მანამდე ისე ახლაც ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ნავთობსაბადოების ზონაში აგრძელებენ საქმიანობას მსოფლიოს წამყვანი ნავთობკომპანიები, მათ შორის რუსული ”გაზპრომნეფტი”. ახლა მანდ რუსული კომპანიების გარდა არიან ამერიკული, იტალიური, ნორვეგიული და ჩინური კომპანიები.
- იყო მოლოდინი, პრეზიდენტი ერდოღანი იმის სანაცვლოდ, რომ ერაყელ ქურთებს პრეტენზიები არ ჰქონოდათ იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც თურქეთში ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ, მხარს დაუჭერდა ერაყელ ქურთებს, მაგრამ ასე არ მოხდა.
თუ ერბილმა გააგრძელა აღიარების პოლიტიკის სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმა, დანარჩენ ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების მომავალი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
ქურთებში არ არის ერთიანობა, მათ თავისი პოლიტიკური ერთიანი პროექტები არ აქვთ. ოთხივე ქვეყანაში მცხოვრები ქურთები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ქურთები შიიტებიც არიან, სუნიტებიც, მაგრამ ძნელად თუ იტყვი, რომ მათი უმრავლესობა მუსლიმანია. შეიძლება ითქვას, რომ ქურთების უდიდესი ნაწილი რეალურად ნახევრად წარმართები არიან

- საქმე ისაა, რომ თავად ქურთებში არ არის ერთიანობა, მათ თავისი პოლიტიკური ერთიანი პროექტები არ აქვთ. ოთხივე ქვეყანაში მცხოვრები ქურთები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ქურთები შიიტებიც არიან, სუნიტებიც, მაგრამ ძნელად თუ იტყვი, რომ მათი უმრავლესობა მუსლიმანია. შეიძლება ითქვას, რომ ქურთების უდიდესი ნაწილი რეალურად ნახევრად წარმართები არიან.
შექმნილ ვითარებაში ქურთულ საკითხში საუკეთესო გამოსავალია გაგრძელდეს ის ვითარება, რაც სადღეისოდ არის ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, რომ ერაყელ ქურთებს უკვე აქვთ რეალური ავტონომია ერაყის ფარგლებში. მათ ერაყის მთავრობასთან მიღწეული აქვთ ჩუმი თანხმობა-კონსენსუსი რიგ საკითხებზე, რაც ქურთების ინტერესებშია. ერაყელებს იმის გამო არ სურთ ქურთებთან დაპირისპირება, რომ ერაყის არმია ქურთულზე სუსტია.
ერაყში მოპოვებული ნავთობის მესამედი ერაყის ქურთისტანზე მოდის და ბაღდადი არ ერევა მათი ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს კი უზარმაზარი ფინანსებია, მით უმეტეს ახლა, როცა კირკუკის ნავთობსაბადოები ქურთებმა ”ისლამურ სახელმწიფოს” წაართვეს.
შექმნილ ვითარებაში ქურთულ საკითხში საუკეთესო გამოსავალია გაგრძელდეს ის ვითარება, რაც სადღეისოდ არის ჩამოყალიბებული

თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ნავთობის ექსპორტიდან ქურთები შემოსავლებს ვერ მიიღებენ. როგორც მოჭადრაკეები ამბობენ, ახლა ქურთულ საკითხში პატური სიტუაციაა.
- შეიძლება ითქვას ისეთი სიტუაციაა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს ვითარება...
- ამისათვის საჭიროა დიდი პროვოკაცია. ხალხის მასობრივი ჟლეტა ან რაღაც ამის მსგავსი. ჩემი აზრით, ახლა მთავარი ამოცანაა ქურთების იძულება დარჩნენ იმ რეალობაში, რაც სადღეისოდაა ჩამოყალიბებული. საზღვრების გადახედვა არ მოხდება. ოპტიმალური გამოსავალია ერაყის ქურთისტანსა და ერაყს შორის შენარჩუნდეს ის ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც აქამდე არსებობდა.
- ამას წინათ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. დიდი ალბათობით, მათ ქურთულ საკითხზეც ისაუბრეს. თქვენი აზრით, ქურთულ საკითხში ერთობლივი მოქმედების რა გეგმაზე შეიძლება ანკარა და მოსკოვი შეთანხმებულიყო?
- რამდენადაც ვიცი, ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქურთული საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ დამოუკიდებელი ქურთისტანი არავის არ სჭირდება. მათ შორის, არც ანკარას და არც მოსკოვს.
რუსეთს იმიტომ არ შეიძლება სჭირდებოდეს დამოუკიდებელი ქურთისტანი, რომ მოსკოვი მას როგორც ბერკეტს ვერავის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს

რუსეთს იმიტომ არ შეიძლება სჭირდებოდეს დამოუკიდებელი ქურთისტანი, რომ მოსკოვი მას როგორც ბერკეტს ვერავის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს და დამოუკიდებელი ქურთისტანი მხოლოდ ზედმეტი თავის ტკივილი იქნება.
- ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, გავრცელდა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობა, რომ რუსეთი თურქეთიდან შეზღუდავს 50 ათასი ტონა პომიდვრის შეძენას. და ეს მაშინ, როცა ანკარა საკმაოდ ძვირადღირებულ ახალ სამხედრო ტექნიკას არა ნატოს ქვეყნებიდან, არამედ მოსკოვისაგან იძენს. რა გაუგებარი თამაშებია რუსეთსა და თურქეთს შორის?
- ანკარასა და მოსკოვს შორის ახლა ისეთი მჭიდრო ურთიერთობებია, რომ ახლა მათ შორის პრობლემები რეალურად აღარ არსებობს და თუ რამე პრობლემატურია, მე მაინც მგონია, რომ უპრობლემოდ შეთახმდებიან.
- სირიაში 2,5 მილიონი ქურთი ცხოვრობს. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიაში ყველაზე ეფექტურად და წარმატებულად სწორედ სირიაში მცხოვრები ქურთები იბრძოდნენ. სავარაუდოდ, ბაშარ ასადი როგორ გადაწყვეტს სირიაში მცხოვრები ქურთების საკითხს?
- ასადს სირიელი ქურთებისთვის მიცემული აქვს დიდი უფლებები. კარგა ხანია ცნობილია, რომ ერაყელ ქურთებს სირიელი ქურთები არ შეუერთდებიან. მათ სირიის შემადგენლობაში ისედაც აქვთ საკმად დიდი ავტონომია. ჩემი აზრით, სირიელი ქურთები იმას დაელოდებიან თავად სირიაში როგორ განვითარდება პროცესები.
ასადს სირიელი ქურთებისთვის მიცემული აქვს დიდი უფლებები. კარგა ხანია ცნობილია, რომ ერაყელ ქურთებს სირიელი ქურთები არ შეუერთდებიან

ვისთან ექნებათ მათ საქმე უმცროსი ასადის პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ. დღეს, ისევე როგორც არავინ იცის, არც სირიელმა ქურთებმა არ იციან რით დასრულდება ის პროცესი, რომელიც კარგა ხანია სირიაში მიმდინარეობს.
- სირიაში პრაქტიკულად ყოველდღე ხდება ისეთი რამ, რაც მსოფლიო მედიაში ხვდება. თქვენ როგორ შეაფასებდით სადღეისოდ სირიაში არსებულ ვითარებას?
- სირიაში ნარჩუნდება ის ვითარება, რაც კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა. პრინციპულად ახალი არც არაფერი ხდება. გრძელდება სხვადასხვა რეგიონებში სისხლიანი დაპირისპირება. ხან ერთი მხარე აღწევს წარმატებას ხან მეორე, მაგრამ ამ მოქმედებების შედეგად პრაქტიკულად არც არაფერი იცვლება.
შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობა გრძელდება და როგორც ჩანს, იგი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. გავლენის ზონები, რომლებზეც დაახლოებით ერთი წლის წინ შეთანხმდნენ რეგიონში ძირითადი მოთამაშეები ძალაში კი რჩება, მაგრამ სადღაც ირღვევა ძალის გამოყენებით, ხშირად ძალის გამოყენების გარეშეც.
მიუხედავად იმისა, რომ ერთნი ამბობენ ყველაფერი კარგადაა, მეორენი საპირისპიროს ამტკიცებენ, ცხადია, რომ რეალობა ადგილზე ბევრად რთულია და ამ ქვეყანაში სტაბილური მშვიდობა კარგა ხანს არ იქნება. რა იქნება, ამის თქმა ახლა ძალიან ძნელია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაც ქურთულ საკითხს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე სირიელ ქურთებს არც არანაირი კავშირი აქვს და სავარაუდოდ, არც ექნებათ.
- ამას წინათ სირიის სამთავრობო დელეგაცია სოხუმში ვიზიტად იმყოფებოდა. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა დიდია სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ალბათობა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ასადის სამთავრობო ძალები გარკვეულ ფრონტებზე წარმატებას აღწევენ, არავინ იცის რა შედეგით დასრულდება სამოქალაქო ომი სირიაში, რომელშიც ადგილობრივების გარდა სხვა ძალებიც არიან ჩართული. სირიულ კონფლიქტში ასადის მხარეს რუსეთის მონაწილეობამ ასადის ხელისუფლება კი გააძლიერა, მაგრამ სირიის ერთიანობის საკითხი ისეთივე აქტუალურია ახლა, როგორც ამ კონფლიქტში რუსეთის ჩაბმამდე იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის სირია, როგორც სახელმწიფოს ერთიანობა პრაქტიკულად დაშლილია, ბაშარ ასადის ხელისუფლება თავისივე ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილზე ვერ ვრცელდება, და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. არა მგონია რომ დამასკოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ან ბაშარ ასადისთვის, ან მოსკოვისთვის იყოს მომგებიანი ნაბიჯი.
სირიაში ნარჩუნდება ის ვითარება, რაც კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა. პრინციპულად ახალი არც არაფერი ხდება... რაც არის ფიქცია და დროებითი რომაა, ამას ყველა ხვდება

შესაძლოა, ეს დამასკოში ბოლომდე არ ესმოდეთ, მაგრამ იმის ფონზე, რა ვითარებაც არსებობს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მიმართ, არა მგონია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოსკოვმა ასადს ეს ნაბიჯი გადაადგმევინოს.
- კატალონიამ დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა. უკვე ცნობილია, რომ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კატალონიის მთავრობა დამოუკიდებლობის დეკლარაციას გამოაქვეყნებს. ესპანეთის მეფემ ფილიპ მე-6 კატალონიაში მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ არ დაუშვებს ესპანეთის მოქმედი კონსტიტუციის არც ერთი მუხლის დარღვევას. თქვენი დაკვირვებით, კატალონიასთან მიმართებაში სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ესპანეთში?
- რა თქმა უნდა, ვადევნებ თვალს რაც მსოფლიოში ხდება, მაგრამ ევროპული პრობლემატიკა არ გახლავთ ჩემი თემები. რადგან მეკითხებით, ჩემი აზრით, დაწყებული პროცესი კატალონიელებისთვის არაფრის მომტანი არ იქნება.
კატალონიის მთავრობა და ხალხი ბევრს იხმაურებენ, მაგრამ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება. ევროპულ სცენაზე არსებული თამაშები სულ სხვა ტიპის თამაშებია იმასთან შედარებით, ვიდრე ქურთთა საკითხი.
- ამ თემაზე ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორმა ვლადიმერ ლეპეხინმა განაცხადა - ”კატალონიელები და ქურთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შანსებს ზრდიან”. თქვენც ასე თვლით?
- კატალონიელებისა და ქურთების გააქტიურება არანაირად არ ზრდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შანსებს. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი შანსები ნულის ტოლია.
არა მგონია, რომ დამასკოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ან ბაშარ ასადისთვის ანდა მოსკოვისთვის იყოს მომგებიანი ნაბიჯი

ის რაც კატალონიასა და ქურთისტანში ხდება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. პირადად მე ამგვარ პირდაპირ კავშირს აბსოლუტურად ვერ ვხედავ. ისე, თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქურთისტანის აღიარებას არავინ აპირებს და ასეთ ვითარებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე საუბარი სასაცილოა.
- კატალონიასთან დაკავშირებით არაერთმა თქვენმა რუსმა კოლეგამ გამოთქვა იმედი, რომ კატალონია გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთოდ მალე ესპანეთიც და ევროკავშირიც დაიშლება...
- ასეთი იმედები მხოლოდ სულელებს შეიძლება ჰქონდეთ. უკაცრავად, დავაზუსტებ - ასეთი იმედები შესაძლოა, ჰქონდეთ მხოლოდ სულელებს და პროპაგანდისტებს.

”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები