არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უხეში ან გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი - ასეთი არ მქონია
17:21 27-10-2017
ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უხეში ან გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი - ასეთი არ მქონია დავით ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე 3-წლიან მუშაობას აჯამებს. ნარმანია ირწმუნება, რომ საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შეასრულა და ახალ მერსა და ადმინისტრაციას თბილისში გაცილებით უკეთესს მდგომარეობას უტოვებს, ვიდრე პირადად მას, მერის თანამდებობაზე არჩევისას დახვდა.

წამსვლელი მერი იმასაც ამბობს, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებში თბილისის ამომრჩეველმა მკაფიო პასუხი გასცა ბრალდებას, იყო თუ არა დედაქალაქის ხელმძღვანელი უნიათო.

რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ შეძლო, რა გამოწვევებს უტოვებს ახალ მერს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ”ინტერპრესნიუსს” დავით ნარმანია ესაუბრა.

- ბატონო დავით, თავდაპირველად ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ მერის პოსტზე თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორ მემკვიდრეობას უტოვებთ კახი კალაძეს თბილისის მერიაში? რა სირთულეები დახვდება ახალ მერს და მის გუნდს და რა დახვდებათ მათ გაკეთებული?
- მნიშვნელოვანია, რომ ახალ გუნდს თბილისში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა დახვდება, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როცა ჩავიბარეთ თბილისი. კარგად მახსოვს, თავის დროზე საკმაოდ ბევრი საბოტაჟი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები და მათი გულშემატკივრები გვიწყობდნენ. მახსოვს, დეფიციტური ბიუჯეტი 300-მილიონ ლარამდე, რომელიც ჩვენ დავძლიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. დღეს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობაა. ქალაქში განხორციელებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ბევრი პრობლემა მოიხსნა. მაგალითად, პირველი, ეს არის ქალაქის ისტორიულ ნაწილში საცობებისგან განტვირთვისთვის პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელმაც ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილი განტვირთა საცობებისგან. მეორე მხრივ, ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი, სადაც ადრე აბსოლუტურად უძრაობა იყო და დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. პეკინის გამზირზე მუდმივად დაზიანებული ინფრასტრუქტურა და საცობები არსებობდა და დღეს აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე ქუჩა გვაქვს, თავისუფალი მოძრაობითა და საველოსიპედე ბილიკით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები იყო საბავშვო ბაღებში. ჩვენ 12 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, 13 ბაღი მშენებლობის სტადიაზეა, რომელსაც ახალი გუნდი გააგრძელებს. ეს ბაღები მომდევნო წლის სექტემბერში გაიხსნება, მიიღებს დამატებით ბავშვებს და ამით მეტი კმაყოფილი ოჯახი დარჩება. მნიშვნელოვანია ახალი ავტობუსები - ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა დაგვხვდა, როცა ავტობუსების პარკი აბსოლუტურად მოძველებული იყო და დღეს ავტობუსების ¼ განახლებულია თანამედროვე ევროპული ავტობუსებით. ამ თვალსაზრისითაც ახალ მერს უკეთესი მდგომარეობა დახვდება. ასევე მოდერნიზებულია მეტროს ვაგონების 1/3, მაშინ როდესაც მათ აბსოლუტურ უმეტესობას მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. გარემონტდა ორი მეტროსადგური, სამი - რემონტის სტადიაზეა. ასე რომ, ქალაქში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ სამი წლის წინ ჩავიბარეთ.

InterPressNews.Ge- რომელია ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისს თქვენი სახელით დარჩება და რომელზეც წლების შემდეგ იტყვიან, რომ ეს ნარმანიას მერობის დროს გაკეთდა...
- ეს არის განახლებული აღმაშენებლის გამზირი, განახლებული პეკინის გამზირი, ქალაქში დარგული უამრავი ხე, ახალაშენებული საბავშვო ბაღები და ახალი ავტობუსების პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია.

- თქვენი წინასაარჩევნო დაპირებები და საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფას, ტრანსპორტის ეფექტური სისტემის შექმნას, პარკირების პრობლემების მოგვარებას, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს ფორმირებას, ინფრასტრუქტურის ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და დედაქალაქისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ქალაქში კვლავ რჩება პრობლემები საცობების, პარკირების, ეკოლოგიური მდგომარეობის და ყველა სხვა მიმართულებით. რატომ ვერ შეძელით საარჩევნო პროგრამისა და დაპირებების რეალიზება?
- მაგიდაზე მიდევს ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა. შეგიძლიათ თქვენც ნახოთ და ჩავყვეთ პუნქტების მიხედვით ჩემს საარჩევნო დაპირებებს. მე ამას მუდმივად ვუყურებდი, რათა რაიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი არ გამომრჩენოდა. ჩემი საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შესრულებულია. მე ძალიან ამბიციური დაპირებები არ გამიცია. გავეცი ყველაზე რეალური და განხორციელებადი დაპირებები. გარდა ორი-სამი დაპირებისა, დანარჩენი დაპირებების უმეტესობა შესრულებულია. ქალაქში პრობლემები ახლაც არის, მანამდეც იყო და მომავალშიც იქნება. ქალაქი ისეთი ორგანიზმია, რომ რაც არ უნდა ბევრი რესურსი გქონდეს და ბევრი აკეთო, მაინც ყოველთვის სადღაც რაღაც საჭიროება იქნება.

- ძალიან საჭირო პროექტი იყო, მაგალითად, თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მხრივ არსებული პრობლემა მერიამ მაინც ვერ მოაგვარა...
- ამაზე უკეთესი კლასის ავტობუსები მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ დადის. ეს არის ევრო-6 - CNG-ი, რაც ეკოლოგიის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე დაბალი Co2-ის ემისიის მქონე ძრავზე მომუშავე ავტობუსი, რომლის გამონაბოლქვი ძალიან მინიმალურია. გარდა იმისა, რომ ეს ავტობუსები არის კომფორტული, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით და გარდა იმისა, რომ ამ პროექტზე დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მოვიპოვეთ, დამატებით 7-მილიონი ევრო ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი ფონდიდან მივიღეთ, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ენერგოეფექტური პროექტი. EBRD-ის 2017 წლის დაჯილდოებაზე ჩვენი ავტობუსების პროექტი 38 პროექტს შორის პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ჩვენ ასევე გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გერმანიის იულიხის ცენტრთან ერთად, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამონტაჟდა. ეს ლაბორატორია გვაძლევს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ჰაერის მდგომარეობის, მტვრის კონცენტრაციის შეფასებისა და ანალიზის საშუალებას.
გამწვანების პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქში 700 ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგო, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არის გახარებული. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქში იმაზე მეტი ხე დაირგო, ვიდრე მანამდე, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი კრიტიკა იყო დარგული ხეების გახარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვერეს ხეობაში ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექსპერტები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ და ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენი დარგული ხეები ხმებოდა. მე მათ ვამშვიდებდი და მოვუწოდებდი, რომ ყოფილიყვნენ წყნარად და მშვიდად, რადგან თუკი სადმე რამე შეხმებოდა, რაც ბუნებრივი პროცესიც არის, აბსოლუტურად ყველა გაცოცხლდებოდა და ჩანაცვლდებოდა. დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთლიანად თამარაშვილი - გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის გაყოლებაზე ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული გამწვანებაა.

InterPressNews.Ge- თქვენი მერობის პირობებში ხდებოდა ისიც, როცა ქალაქში მწვანე ნარგავები გაიჩეხა და მერიის მხრიდან დეველოპერთა ინტერესების სასარგებლოდ შესაბამისი ნებართვები გაიცა...
- ჯამში, სამი წლის განმავლობაში, ქალაქში 1 000-მდე ხეც არ არის მოჭრილი, მაშინ როცა დარგულია 700 000. ცალკეულ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებია, მათი განხორციელების დროს, შესაძლებელია მიღებულ იქნას ასეთი გადაწყვეტილება და დეველოპერებს ხეების მოჭრის უფლება მივცეთ, მაგრამ პირწმინდად, საკომპენსაციო რგვების ან გარკვეული თანხის გადახდის გარეშე, ხეების მოჭრის უფლებას არავის ვაძლევდით. ის ვინც მოჭრის ხეს, მან სანაცვლოდ უფრო მეტი ხე უნდა დარგოს და გაახაროს, ან ბიუჯეტში გადაიხადოს ფული იმისთვის, რომ გამწვანებაზე მუნიციპალიტეტმა იზრუნოს.
რა დროც არ უნდა დადგეს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის იქნება საჭირო, რადგან ქალაქი არის ურბანული ტიპის დასახლება და მისთვის დამახასიათებელია მშენებლობები და განვითარება. ამას ქალაქი ვერასდროს გაექცევა. სხვა შემთხვევაში, ქალაქი უნდა გაჩერდეს და არ განვითარდეს.

- თბილისის მერიამ ვერ შეძლო არა თუ წინა ხელისუფლების პერიოდის ოდიოზური სამშენებლო პროექტების შეჩერება, ამას ახალი პროექტებიც დაემატა. რატომ ვერ აღკვეთეთ უადგილო მშენებლობები?
- წინა ხელისუფლების დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების შეჩერება შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს დეველოპერებისთვის ბიუჯეტიდან ზიანი უნდა აენაზღაურებინა. როდესაც ჩვენ მოვედით, განაშენიანების ინტენსივობის K2-კოეფიციენტს გადავხედეთ. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, როგორიც არის: - ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ისნისა და კრწანისის ნაწილი, დიდუბის ნაწილი, აქ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების გაზრდა შევაჩერეთ. ამის შემდეგ ინტენსიური განაშენიანების ნებართვები გაცემული არ ყოფილა. რასაც მოვუსწარით, იქ მჭიდრო, მაღალი და ინტენსიური განაშენიანებები შევზღუდეთ. გამონაკლისია მხოლოდ სასტუმროები ან ერთიანი ტერიტორიის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.
ამის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ ქალაქის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის მომზადება, რომელიც დასრულების სტადიაზეა. სამუშაო ჯგუფის მიერ ბოლო ჩასწორებები ხდება, რათა მომავალში სწორად განვითარდეს ქალაქი.
ამ თვალსაზრისით, ის რომ ჩვენ არაფერი გავაკეთეთ, შევაჩერეთ და ასე შემდეგ, მხოლოდ ცალსახა შეფასებაა. თუ ერთიანობაში გადავხედავთ, მიღებული გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ერთი, როცა შეიზღუდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი და მეორე - პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ გენერალური გეგმის მომზადება და ეს პროცესი დასრულების სტადიაზეა.

- ბატონო დავით, თქვენი სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდანაც ძალიან კარგად ჩანს, ქალაქისთვის როგორი დამაზიანებელი სამშენებლო ნებართვებია გაცემული მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ და როგორ მახინჯდება დღითიდღე თბილისის იერ-სახე...
- ეს რაც ჩანს, ამ სამი წლის განმავლობაში მოხდა? გადავიხედოთ ერთად - სულ სათითაოდ შემიძლია გითხრათ, რომელია ჩვენს დროს გაცემული მშენებლობის ნებართვა და რომელია მანამდე გაცემული ნებართვები. მშენებლობის ნებართვებს ჩვენ კარგად ვუყურებთ, კარგად ვაკეთებთ ანალიზს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საპროტესტო აქციები არ გვქონია. არის ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მოსახლეობა აპროტესტებს მშენებლობას მის სიახლოვეს. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მმართველობა და ყველა გამოთქვამს თავის აზრს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად რაღაც არის დარღვეული. ჩვენ კანონსა და პროცედურებს მაქსიმალურად ვიცავთ, როცა ნებართვას გავცემთ. შეიძლება კანონი უფრო გასამკაცრებელია, მაგრამ მეტი გამკაცრება სხვა რამეზე აისახება. ნორმალურ ქალაქებში ეს ყველაფერი გენერალური გეგმით რეგულირდება და ამისთვის გენერალური გეგმა მომზადდა.

- ამავე კონტექსტში მინდა გკითხოთ პროექტ ”პანორამა თბილისის” შესახებ. თბილისს ისეთი მასშტაბის პროექტი, როგორიც არის ”პანორამა თბილისი“, ალბათ, არ ახსოვს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი ძველი თბილისისათვის შეუსაბამოა და მისი განხორციელება დაუშვებელი იყო. ამასთან, იმ ვითარებაში, როცა ”პანორამა თბილისის“ მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გადაწყვეტილებების მიღება არასაჯაროდ, სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გარეშე მოხდა. რას უპასუხებთ პროტესტს, რომელიც ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით არსებობს?
- მე ამ ყველაფერზე ჩემს მოსაზრებას გეტყვით. ინტერვიუს ეს ნაწილი შეინახეთ და ათი წლის შემდეგ გამოაქვეყნეთ, თუ რა თქვა ქალაქის მერმა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გასცა, თან საზოგადოების განწყობაც გამოიკითხეთ.
დღემდე ვისმენთ თითზე დახვეულ, ძალიან ზოგად მოსაზრებებს, რომ თითქოს ”პანორამა თბილისის” მშენებლობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება. რომელიმე ძეგლი დაინგრა? რომელიმე ძეგლს ”პანორამა თბილისი” ამოეფარა? რომელიმე ძეგლთან მიმართებაში უხეში ჩარევა მოხდა? ამის გაკეთებამ სადმე ტრანსპორტის ნაკადი შეაფერხა? რა მოხდა ამისთანა, რომ რამდენიმე ექსპერტი მუდმივად ამბობს, რომ ჩვენი ქალაქისათვის ”პანორამა თბილისი” არის ცუდი. არც არაფერი მომხდარა! არც ერთი ძეგლი არ დანგრეულა! არც ერთ ძეგლს არ ამოფარებულა! ძალიან ბევრ ქალაქში კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მშენებლობები ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ამ სინთეზით ხდება საინტერესო და ცოცხლდება ქალაქის ასეთი უბნები, როცა ძველი არის შენარჩუნებული - ტურისტები მიდიან, ათვალიერებენ, სურათებს იღებენ და ასევე, საქმიანი ადამიანები საქმეს აკეთებენ. როცა საუბარია იმაზე, რომ ”ცეკავშირის” საბჭოთა შენობის ტერიტორიაზე თანამედროვე სასტუმრო დაიდგას და მეორე მხრივ, სოლოლაკის მაღლობზე ქედის იქეთ შენობა აშენდეს, ხოლო ქედს აქეთ იქნება ამ ნაგებობის გამწვანებული და ძალიან კარგი ხედი, როცა ჩვენს რეგიონში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტისა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ცენტრი, სადაც უამრავი საერთაშორისო, მაღალი კლასის ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს, სადაც მშენებლობის პროცესში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა და ერთი ამდენი მომავალში დასაქმდება, სადაც 500-მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდება, რაც ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბიძგია, რატომ არ უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა და ასეთი პროექტი რატომ არ უნდა განვითარებულიყო? თუ არც არაფერი ირღვევა, თუ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი გვაქვს და საბოლოო ჯამში, დასაქმებული ადამიანები კმაყოფილი იქნებიან, რატომ უნდა გვეთქვა უარი? კიდევ ერთხელ გთხოვთ, ინტერვიუს ეს ნაწილი ათი წლის შემდეგ უცვლელად გამოაქვეყნოთ - ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ სწორს ვამბობდით და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ ეს ასე არ იქნება, მზად ვარ, ჩემს სიტყვებზე 10-წლის მერე ვაგო პასუხი.

- პრობლემაა ის, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ხორციელდება. მაგალითად, თავისუფლების მოედანზე ვხედავთ, რომ რუსთაველის #1-ში მდგარ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, ”ცეკავშირის” ადგილას აშენებული სასტუმროს შენობა სიმაღლეში ბევრად ასცდა. გარდა ამისა, აღნიშნულ სახლს, ეზოს მხარეს, ფასადთან ძალიან ახლოს ყრუ კედელიც მიუშენეს ... ეს არ არის დარღვევა?
- თავის დროზე, აღნიშნული შენობის უკანა ნაწილზე იყო მიშენებები, დამახინჯებული იყო აივნები და ასე შემდეგ. თუკი ძეგლი იყო, რატომ არ მიექცა სათანადო ყურადღება? გარდა იმისა, რომ ეს ორი შენობა ერთმანეთთან ახლოს არის, არ მგონია, შენობას სხვა რამე უშავდებოდეს. ყველაფერი კანონის ნორმებში ზის. სხვა შემთხვევაში, სასამართლოში გაასაჩივრებდნენ და სასამართლოს წავაგებდით.

- კორუფცია, ნეპოტიზმი, უუნარობა - ეს ეპითეტები, ალბათ, თქვენც ძალიან ხშირად მოგისმენიათ თბილისის მერიის მისამართით. ჯოკია ბოდოკიას საქმით დაწყებული ოთარ აბასაძის დაკავებით დასრულებული, არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა მერიის სამსახურებში ქრთამის აღების სავარაუდო შემთხვევების თაობაზე. ნეპოტიზმის კონტექსტში შეიძლება აღინიშნოს იგივე კახი კალაძის ცოლის ძმის მერიის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშვნის ფაქტი... ამ ფაქტებმა თქვენს სახელს ჩრდილი მიაყენა. დღეს, როცა მერის თანამდებობის დატოვება გიწევთ, რა შეგიძლიათ თქვათ ამ ყველაფერზე?

- თუკი სადმე რაიმე გადაცდომა მოხდება, რეაგირება უნდა იყოს მყისიერი. კარგი და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ასეთ შემთხვევებზე მყისიერად რეაგირებდნენ. თბილისის მერიის მთელ სისტემაში 25 ათასამდე ადამიანი მუშაობს. შეუძლებელია ყველა აკონტროლო. ამიტომ თუკი ვინმეს რაღაც სურვილი გაუჩნდა და კონკრეტული ქმედებები დაიწყო, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო გაეკეთებინა, ყველა ასეთი ქმედება იქნა აღკვეთილი. სხვანაირად ანტიკორუფციული პოლიტიკა ქვეყნაში ვერ განვითარდება. ასეთი რაღაცეები ჩვენი წინამორბედების დროსაც ხდებოდა. მაშინ რაღაც ნაწილი იყო ღია, ხოლო რაღაც ნაწილი - დაფარული. არანაკლები ადამიანი დააკავეს მერიის სისტემაში და არა მხოლოდ მერიის სისტემაში... მე არავის ხელს არ ვაფარებდი. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის ჯანსაღი იყო, რომ თუკი ვინმეს ხელი წასცდებოდა - იქნებოდა ჩვენს პერიოდში მოყვანილი ადამიანი, თუ მანამდე მომუშავე ადამიანი, რეაგირება ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ეს ასეც იყო.

რაც შეეხება ჩემს უუნარობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ხშირ გამოძახილებს, ჩვენ მათ ჩვენი გაკეთებული საქმეები დავანახეთ. უახლოეს პერიოდში სამი წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარმოვადგენ, სადაც ხაზს გავუსვამთ იმ უამრავ საქმეს, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ.

ჩემს უუნარობასთან დაკავშირებით მათ გამოძახილებზე შემდეგ ჩამონათვალს გავაკეთებ: - პირველი, ეს არის 12 აშენებული ახალი საბავშვო ბაღი და 13 მშენებარე ბაღი; მეორე - ”ნაციონალური მოძრაობისთვის” წართმეული საბავშვო ბაღის სამი შენობა, სადაც მათი პარტიის ოფისები იყო განთავსებული. დღეს იქ საბავშვო ბაღებია გახსნილი და ბავშვები სწავლობენ; მესამე - გაუმჯობესებული კვების რაციონი საბავშვო ბაღებში და ასევე, ფსიქოლოგი და ლოგოპედი ყველა ბაღში, რაც პატარების სწორად აღზრდისა და განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამი წლის განმავლობაში 80-მდე საბავშვო ბაღში მოწესრიგდა შიდა ეზოები, სპორტული სათამაშოები, კეთილმოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჯამში, ამ აქტივობების შედეგად, საბავშვო ბაღებში 7 500-ზე მეტი ბავშვი მივიღეთ.

ჩვენი მეორე პრიორიტეტი ქალაქის გამწვანება იყო. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სამი წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში დარგულა. ამასთან ერთად, განახლდა უამრავი სკვერი და პარკი, მათ შორის გაკეთდა ახლები. ჩვენ დიღმის ტყე-პარკში 2.5 ჰექტარი გამწვანებული სივრცე დავიბრუნეთ, რომელიც ჩვენი წინამორბედების მიერ იყო გაყიდული. გაკეთდა და განახლდა 1-კილომეტრიანი „ალეა“ ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ახალგახსნილ მეტრო ”უნივერსიტეტამდე”. „ალეა“ ასევე განახლდა თამარაშვილის გამზირზე, რომელიც 1964 წელს გაკეთდა და ამის შემდეგ არავის ხელი აღარ უხლია. გამწვანების თვალსაზრისით ასეთი უამრავი მაგალითის დასახელება შემიძლია.

მესამე პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია იყო. თუკი ჩვენი წინამორბედები წლიურად, საშუალოდ ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრ გზას აგებდნენ და შემდეგ მას ყველა მხრიდან - თავში, შუაში, ბოლოში ხსნიდნენ, ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამაზე სამჯერ მეტი გავაკეთეთ. გავაკეთეთ ისეთი ახალი გზა, როგორიცაა, შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა. გვახსოვს ძალიან ბევრი პროტესტი ამ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინც აპროტესტებდა, ახლა ამ გზაზე მშვენივრად დადიან და როგორც ჩანს, სინდის-ნამუსიც არ აწუხებთ. გაკეთდა სრულიად ახალი სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ორმხრივი მოძრაობა აღდგა პუშკინის ქუჩაზე. მთლიანად მოწესრიგდა გზა თბილისის ზღვის გარშემო. გაკეთდა სრულიად ახალი ბაგები-წყნეთის გზა და ასე შემდეგ.

ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით ქალაქში არსებული ყველა - 21-ვე ხიდის მდგომარეობა შევისწავლეთ. აქედან რამდენიმე ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ხიდების აღდგენა მყისიერად დავიწყეთ. ეს არის ბარათაშვილის ხიდი, გულიას ხიდი, რომელიც ძალინ მძიმე მდგომარეობაში იყო, ასევე, თბილისის შემოსასვლეთან არსებული ხიდი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და სრულიად ახალი ავაშენეთ. ამასთან ერთად, ყოველწლიურად 100-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს ვამაგრებდით, როცა კორპუსების ავარიულობის ხარისხი მაღალი იყო.

ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ისტორიული ძეგლების აღდგენა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა აღმაშენებლების გამზირი - მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე, სადაც 45 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურებას გადაურჩა. თავიდან ბოლომდე გაკეთდა ღვინის აღმართი. წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო გუდიაშვილის მოედანზე. 15-ზე მეტი ცალკე არსებული, ინდივიდუალური, ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა აღდგა თბილისის განვითარების ფონდის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, ქალაქში არსებული მდგომარეობა მთლიანად შევისწავლეთ და გვაქვს 1700-ვე ძეგლის ერთიანი კვლევა - თავისი ისტორიით, მდგომარეობით და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი ამოსავალი დოკუმენტი, როდესაც ქალაქის ერთიანი ტურისტული მარშუტის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე ვმუშაობთ.

ჩვენი პრიორიტეტი იყო მუნიციპალური ტრასპორტის მოდერნიზაცია. ქალაქში უკვე 143 ახალი ავტობუსი დადის. განახლა მეტროს 50-მდე ვაგონი, რაც მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე კომფორტულად მგზავრობის თვალსაზრისით. ჩვენი და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით მეტროს ახალი სადგური გაიხსნა, რომლითაც ყოვედღიურად უკვე 12 000-ზე მეტი მგზავრი სარგებლობს. გარემონტდა ორი მეტროსადგური - ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურები, ხოლო სამი ამ ეტაპზე რემონტდება - ეს არის გურამიშვილის გამზირი, ავლაბრისა და სამგორის მეტროსადგურები.

აშენდა ახალი ავტობაზა, რომელიც ახალ ავტობუსებს ემსახურება. მომავალშიც, როცა სხვა ყვითელი ავტობუსები ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება, მათაც მოემსახურება. ავტობაზა 370 ავტობუსზეა გათვლილი. აღდგა შვიდი-რვა წლის განმავლობაში გაჩერებული ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

კიდევ ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამოქალაქეებს ცხრა ახალ პროგრამას დავპირდით. ცხრავე დაიწერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს თანამოქალაქეებს ცხრავე ახალი პროგრამა ემსახურებოდა. ჩვენ ჯამში 30 მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით ვემსახურებოდით ქალაქს და უკმაყოფილო მოქალაქეები, რომელთაც ჩვენგან სერვისი ვერ მიიღეს, პრაქტიკულად არ გვყოლია. ჯანდაცისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ყველა დაპირება შესრულებული გვაქვს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წელში გამართული არ ვიყავით, ქალაქში ჩვენი მმართველობის ერთი წელი არ იყო გასული, როცა დამანგრეველი სტიქია მოხდა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანური და ფინანსური რესურსი მოითხოვა. რამდენიმე თვე ჩვენ მთლიანად სტიქისს შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ვიყავით ჩართული. ამ ყველაფრის მიუხედავად, სულ რაღაც ერთ თვეში ევროპის ახალგაზრდული ოლომპიური ფესტივალი ჩავატარეთ. ამისთვის ხუთი ახალი სპორტული ობიექტი აშენდა. კიდევ რამდენიმე დღეში ”დინამოს” სტადიონზე ევროპის ”სუპერ თასი” ჩავატარეთ, რისთვისაც ”დინამოს” სტადიონი მნიშვნელოვნად განახლდა და ევროპის სტანდარტებს დაუახლოვდა. ჩვენ მუხიანში ახალი სარაგბო და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ავაშენეთ. განვაახლეთ რამდენიმე სპორტული დაწესებულება, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს პარასპორტული ოლიმპიური ცენტრი, სადაც ვარჯიში და მომზადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუძლიათ. აღარაფერს ვამბობ კულტურასა და სხვა მიმართულებებზე, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით.

თუ ეს ყველაფერი ჩვენს პერიოდში არ არის გაკეთებული, ვინმე შემეწინააღმდეგოს, ხოლო თუ ეს ყველაფერი ჩვენს პერიოდშია გაკეთებული და ნამდვილად ჩვენი გაკეთებულია და ყველაფერში პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ რანაირად ვართ უნიათოები, რასაც გვიწოდებდნენ?! ბუნებრივია, ამას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი და გასცა კიდევ პასუხი თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ხალხს, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ნეგატივზე იყვნენ ორიენტირებული. კარგია, რომ ამ ყველაფერს პასუხი ასე დემოკრატიულად გაეცა.

- იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რა არგუმენტაციის საფუძველზე გადაწყვიტა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით თქვენ აღარ გეყარათ კენჭი? თქვენი აზრით, რით გაჯობებთ და რა უპირატოსებები ექნება კახა კალაძეს თბილისის მერის თანამდებობაზე?
- პოლიტიკური გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავის დროზეც ჩემი დაჟინებული პოზიცია არასდროს ყოფილა, რომ მაინცა და მაინც მე ვყოფილიყავი მერი და არც მერე, რომ მეორე ვადით მე ვყოფილიყავი წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს და კარგი გადაწყვეტილების კარგი შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვმჯელობდით და როცა კახას კანდიდატურა წამოიწია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, მისი კანდიდატუსათვის დამეჭირა მხარი. მე კახა კალაძის ძალიან დიდი მხარდაჭერა მახსოვს ჩემს არჩევნებზე. მაინცა და მაინც ჩემი დიდი სურვილი არ იყო, რომ კენჭი მეორე ვადით მეყარა. თან სიჯიუტეც არ მჩვევია. ეს ჩემი ერთ-ერთი ადამიანური თვისებაა - შეიძლება ცუდი, შეიძლება კარგიც.

- კალაძეს საარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა კრიტიკული გამოსვლები, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საუბრობდა არა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან. ფიქრობთ თუ არა, რომ თუკი რაიმე არ გამოვიდა, ვერ გაკეთდა, ამაზე პასუხისმგებლობის აღება მათ შორის კალაძესაც ეკუთვნის?
- პასუხისმგებლობა ყოველთვის არის გუნდური, როდესაც საუბარია გუნდზე. როცა საუბარია იმაზე, თუ რა პრობლემებია ქალაქში და რეალობას თვალს ვუსწორებთ, დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევაა. ასე რომ, ყველას აქვს თავისი ხედვა, თავისი ამოცანები და პროგრამა. მე მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, ვერ მოვახერხე ახალგაზრდული ცენტრის აშენება, რაც ახალგაზრდებს დავპირდი, თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გაკეთდება.

მთავარია ის, რომ ჩვენი ხედვები და მიდგომები არის ერთი და იგივე. ბევრი რამ, რაც დაწყებულია და ქალაქისათვის სასიკეთოა, გაგრძელდება. ახალი გუნდი ახალი ენერგიითა და შემართებით, თავისი პროექტებით მოდის. დარწმუნებული ვარ, კიდევ უკეთესს ქალაქში ვიცხოვრებთ.

- თბილისის მერის თანამდებობაზე თქვენს მთავარ შეცდომად რას თვლით? რა არის ის, რაზეც დღევანდელი გადასახედიდან ფიქრობთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული?
- უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ. მით უფრო, როცა უამრავი მიმართულება გაბარია, იქ ბუნებრივია, შეცდომა და ხარვეზები არის. რაღაცას ალბათ, სხვანაირად გადავალაგებდი სტრუქტურულად და პასუხისმგებლობების თვალსაზრისით, რომ სისტემის ცალკეულ თანამშრომლებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეგრძნოთ, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაც უხეში ან გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. ასეთი არ გვქონია. საერთო ჯამში, სულისკვეთება ყველას მხრიდან იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი გაგვეკეთებინა. ძალიან ბევრი გულანთებული თანამშრომელი მახსოვს და მინახავს, იგივე სტიქიის დროს. შემთხვევით ღამით გამივლია და ღამით მიმდინარე სამუშაოები მინახავს. ჩვენი თანამშრომლებისგან, მათ შორის რიგითი თანამშრომლებისაგან ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა მომისმენია, ეს ყველაფერი გაგვიანალიზებია და გზაზე დაგვიყენებია. მინდა ჩვენი სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელმაც თავი არ დაზოგა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

- რამდენად ახერხებდით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას? იყო შემთხვევები, როდესაც თქვენს საქმეებსა და თქვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში ისეთი პირები ერეოდნენ, ვისაც ჩარევის უფლება არ ჰქონდათ, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებების მიმარულებით?
- თბილისის მერის მიერ დღეში მინიმუმ 200 საშუალო და რთული ტიპის გადაწყვეტილება მიიღება. შესაბამისად, ძნელია ამდენი გადაწყვეტილება ვიღაცას უთანხმო. სულ რომ ვალდებული იყო, ვერ შეუთანხმებ. ამიტომ გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა დამოუკიდებლად მიიღებოდა ან შინგით მერიაში, მოადგილეებთან კონსულტაციებით, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის საკრებულოსთან კონსულტაციით. იყო რამდენიმე ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თანხმდებოდა. ასეთი იყო ძალიან მინიმალური. ასეთი მახსენდება იგივე ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მხოლოდ მერიის საკითხი არ იყო. იყო სხვა ისეთი საკითხები, რომელიც მერიას და ცენტრალურ მთავრობას ერთად უნდა გაეკეთებინა.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს, აქ ძირითადად დამოუკიდებლები ვიყავით. როცა მოვედი, მე თვითონ შევარჩიე ძირითადი გუნდი. ამ თვალსაზრისით, თავიდან მქონდა დამოუკიდებლობა, რითაც შევძელით მუშაობა ძალიან სწრაფად და აქტიურად დაგვეწყო.

- თვლით თუ არა, რომ თბილისის მთავრობის შემადგენლობა - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები საჭიროებს სრულად გადახედვას და შეცვლას?
- თბილისის მთავრობის შემადგენლობა საკმაოდ აქტიური და გამოცდილია, თუმცა როცა ახალი ხელმძღვანელი მოდის, მას აქვს სხვა ხედვები, შეიძლება სხვა ადამიანები ჰყავდეს, ვინც ამა თუ იმ საქმეს გაუძღვება და არის კვალიფიციური ამა თუ იმ მიმარულებით. ამიტომ ასეთ დროს ცვლილებები არ გამოირიცხება და ბუნებრივად, ხდება ხოლმე. გუნდის რაღაც ნაწილი, ალბათ, შენარჩუნებული იქნება და ეს ბუნებრივიც არის. მერიის სისტემაში ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ადამიანები მუშაობას გააგრძელებენ.

- თქვენი შეფასებით, რამდენად არსებობს მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციისა და რეფორმირების საჭიროება, რაზეც ახალარჩეული მერი საუბრობს?
- თავის დროზე ჩვენ გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები გავაკეთეთ, თუმცა ერთიანი დიდი რეორგანიზაცია არ ჩაგვიტარებია. ასეთი რეორგანიზაციის საჭიროება არსებობს. გაკეთებული გვაქვს სტრუქტურისა და საჭიროებების კვლევა. კარგია, რომ ახალი მერი და ახალი ადმინისტრაცია სტრუქტურის გაჯანსაღების პროგრამით შემოდის. ეს პერიოდულად საჭიროა, რადგან ქალაქში პერიოდულად საჭიროებები იცვლება. სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული განახლებებია საჭირო. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

- სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, რამდენად ხედავთ საკადრო ოპტიმიზაციის აუცილებლობას?
- საკადრო შემცირებები ნაკლებად არის საჭირო. ჩვენ თავის დროს გარკვეული ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, როცა სხვადასხვა სამსახურების შერწყმა, ადმინისტრაციების გათავისუფლება მოხდა. პირიქით, ვიტყოდი, რომ ზედამხედველობის სამსახურს გაძლიერება სჭირდება, ვინაიდან მომდევნო წლის აპრილიდან ხმაურის კონტროლთან დაკავშირებით ახალი ფუნქციები ემატება. ჩვენ გარე ვაჭრობაზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ. ის, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა მასიური არ არის, ამის შენარჩუნებას ზედამხედველობის სამსახურში უფრო მეტი რესურსი სჭირდება. ამიტომ პირიქით, მერიის ზედამხედველობის სამსახური გასაძლიერებელია.

- არსებული ინფორმაციით, თქვენ თბილისის მერის პოსტზე პრემია-დანამატები არ აგიღიათ. რა დამსახურებისთვის დაენიშნა საკმაოდ სოლიდური პრემია-დანამატები თქვენს მოადგილეებს?
- თბილისის მერიაში, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს გარდა იმისა, რომ აქვთ ხელფასი, აქვთ დანამატი. რაც შეეხება მათ მიერ პრემიების აღებას, ეს არასწორია. მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები იღებენ შრომის ანაზღაურებასა და დანამატს. მერიის სხვა თანამშრომლებისთვის არის კვარტალური პრემიის სისტემა. ამას თვითონ სამსახურის ხელმძღვანელი განსაზღვრავს და ანაწილებს, რასაც დამსახურების მიხედვით მეტ-ნაკლებად ყველა იღებს. სამწუხაროდ, როცა რაღაც ინფორმაცია ვრცელდება, ვრცელდება ცალმხრივად. არავის უსაუბრია იმაზე, რომ ჩვენ რამდენჯერმე ქამრები მოვიჭირეთ და იგივე შრომის ანაზღაურების, დანამატებისა თუ პრემიების თანხა შევკვეცეთ და პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისკენ გადავამისამართეთ. დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები. მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 12-მილიონით შევამცირეთ. ეს არის რეალური ციფრი. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ჩემი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების შრომის ანაზღაურება და დანამატები, ჩვენი წინამორბედების შრომის ანაზღაურებასა და დანამატებს. როცა მე თბილისის საკრებულოში მივედი და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ძალიან ცხარედ მიტევდნენ, მათ იქვე გამოვუცხადე თავიანთი მმართველობის დროს აღებული პრემია-დანამატები. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩერდნენ. რატომღაც ეს შედარებებიც არ კეთდება. ადამიანები, რომლებიც ამხელა პასუხისმგებლობის ქვეშ არიან, უნდა აიღონ კვალიფიციური ანაზღაურება. ხელფასი და დანამატი არის ის, რაც ჩემს მოადგილეებს ნამდვილად ეკუთვნით და ამართლებენ.

- თქვენ რატომ არ აიღეთ, არ გეკუთვნოდათ სახელფასო დანამატი?
- მე ორი პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე არ ავიღე. პირველი არის ის, რომ ეს მუდმივად, მთელი სამი წლის განმავლობაში საყვირალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნოდა. მეორე - გარდა იმისა, რომ ვარ თბილისის მერი, ვარ უნივერსიტეტის პროფესორი. უნივერსიტეტიდან ნახევარ განაკვეთზე მაქვს დაახლოებით 1 500 ლარი, რაც ჩემთვის დამატებითი შემოსავალი იყო. სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, დანამატის აღებაზე უარი ვთქვი.

- არის თუ არა გადაწყვეტილი, სად გადაინაცვლებთ თბილისი მერის თანმდებობიდან? გიხილავთ ახალ თანამდებობაზე უახლოეს მომავალში თუ მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობით დაკავდებით? პოლიტიკურ კულუარებში საუბარია სემეკში თქვენს შესაძლო დანიშვნაზე...
- სამეცნიერო-საუნივერსიტეტო საქმიანობა ჩემი ძალიან საყვარელი საქმიანობაა. ამ საქმიანობას გავაგრძელებ, თუმცა მომავალში მხოლოდ ამ საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული. ჯერჯერობით ვიდრე ახალი მერისა და ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად გადაბარება არ მოხდება, ვრჩები მერიაში. ამასობაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ამ ყველაფერს აუცილებლად გაიგებთ.

ნათია ინაური
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები