არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ჩინეთის ისტორიული არაექსპანსიური პოლიტიკა დაძლეულია და ჩინეთი ნელ-ნელა მსოფლიო ლიდერის მანტიის მორგებისთვის ემზადება
12:37 31-10-2017
ჩინეთის ისტორიული არაექსპანსიური პოლიტიკა დაძლეულია და ჩინეთი ნელ-ნელა მსოფლიო ლიდერის მანტიის მორგებისთვის ემზადება ჩინეთში მომხდარ ცვლილებებზე და იმაზე, თუ როგორ აისახება მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაზე, ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთის რესპუბლიკაში, მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი კომუნისტური პარტიის რიგით მე-19 ყრილობა ჩატარდა, რომელსაც უნდა განესაზღვრა დღევანდელი ჩინეთის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანაა საკმაოდ საინტერესო ისტორიით, ტრადიციებით, მზარდი ეკონომიკით და იგი დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ცოტა რამ იცის თანამედროვე ჩინეთში არსებულ ვითარებაზე.
ვიდრე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის შედეგებს შეაფასებდეთ, ალბათ, ჯერ უმჯობესი იქნებოდა გთხოვოთ იმაზე ესაუბროთ ჩვენს მკითხველებს თუ რას წარმოადგენს რეალურად დღევანდელი ჩინეთი როგორც სახელმწიფო, რომელშიც, მიუხედავად უკანასკნელ წლებში მომხდარი დიდი ცვლილებებისა, ქვეყნის წარმართველ ძალად, ისე როგორც სსრკ-ში იყო, რჩება კომუნისტური პარტია?

- დიახ, დაგეთანხმებით, რომ საქართველოს მოსახლეობას ჩინეთზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს. მე შევეცდები ძალიან მოკლედ აღვწერო ჩინეთის სახელისუფლებო სტრუქტურა. პირველ რიგში, უნდა ავითვალისწინოთ, რომ ჩინური კულტურა აგებულია კონფუცის ფილოსოფიაზე და ამდენად მართვის ვერტიკალური ღერძი, მყარი სახელისუფლებო პირამიდა, მისთვის სრულიად ორგანული და ბუნებრივია.
ჩინეთი გახლავთ ავტორიტარულ-ბიუროკრატიული სახელმწიფო. მისი მართვის სისტემაში შეიძლება გამოვყოთ პარტიული და სახელისუფლებო ვერტიკალები. გარდა ამისა, არის სამხედრო ვერტიკალიც, რომლის სათავეშია ცენტრალური სამხედრო საბჭო, მაგრამ ის მყარად ემორჩილება პარტიას, უფრო სწორად უშუალოდ გენერალურ მდივანს და ეს განსაკუთრებით გამოჩნდა უკანასკნელ ხანებში განვითარებული სახელისუფლებო ცვლილებების ფონზე.
ჩინური კულტურა აგებულია კონფუცის ფილოსოფიაზე და ამდენად მართვის ვერტიკალური ღერძი, მყარი სახელისუფლებო პირამიდა, მისთვის სრულიად ორგანული და ბუნებრივია... ჩინეთი გახლავთ ავტორიტარულ-ბიუროკრატიული სახელმწიფო

კიდევ არის ერთი ორგანო, სახელმწიფო უშიშროების საბჭო, რომელიც სი ძინპინის ინიციატივით შეიქმნა 2013 წელს, დგას ვერტიკალიდან დამოუკიდებლად და უშუალოდ პარტიის გენერალურ მდივანს ექვემდებარება.
თავად პარტიის სტრუქტურა ასევე ვერტიკალურია. მის სათავეში დგას გენერალური მდივანი სი ძინპინი და პოლიტბიუროს შვიდკაციანი, მუდმივი კომიტეტი. შემდეგ მოდის 25-კაციანი პოლიტბიურო. შემდეგ პარტიის ცენტრალური კომიტეტი. ვერტიკალს აგრძელებენ კანცელარია და სხვადასხვა განყოფილებები.
მათში ცალკე უნდა აღინიშნოს ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო - დისციპლინის კონტროლის ცენტრალური კომისია, რომელიც ისედაც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა, მაგრამ სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ის პარტიის მართვისა და სადამსჯელო ფუნქციების ზემძლავრ იარაღად იქცა.
სწორედ ამ კომისიის და მისი, უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ვან ციშანის დახმარებით, სი ძინპინმა მოახერხა ყველა კონკურენტის განეიტრალება, პარტიული ველის მოსუფთავება და მისი ერთგული კადრებით პოლიტბიუროს დაკომპლექტება.
აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთში კომპარტიის გარდა არსებობს კიდევ 8 პოლიტიკური პარტია, მაგრამ მათ წესდებაში უწერიათ, რომ უნდა მიყვებოდნენ კომპარტიის ხაზს, რაც მთლიანად ართმევს მათ დამოუკიდებელ შინაარსს.
მეორე, სახელისუფლებო ვერტიკალის სათავეში დგას სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება. ეს გახლავთ პარლამენტის ანალოგი. მას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ჯან დეძიანი. კრებას ექვემდებარება სახელმწიფო საბჭო, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ანალოგია და მას ხელმძღვანელობს პრემიერი ლი კეციანი, რომელიც ამავე დროს პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრია და გავლენით მეორე პერსონა ჩინეთში.
პარტიის სათავეში დგას გენერალური მდივანი სი ძინპინი და პოლიტბიუროს შვიდკაციანი, მუდმივი კომიტეტი. შემდეგ მოდის 25-კაციანი პოლიტბიურო. შემდეგ პარტიის ცენტრალური კომიტეტი. ვერტიკალს აგრძელებენ კანცელარია და სხვადასხვა განყოფილებები

სახელმწიფო საბჭოში შედის 20 სამინისტრო და 36 სამინისტროს დონის სტრუქტურა. მიუხედავად ასეთი მყარი ვერტიკალისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი დეცენტრალიზებული სახელმწიფოა. ის შედგება 22 პროვინციის, 5 ავტონომიური რაიონისა და 2 მუნიციპალური წარმონაქმნისგან, რომლებსაც კონტინენტურ ჩინეთს უწოდებენ. გარდა ამისა არის ორი სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჰონგკონგი და მაკაუ და კიდევ ტაივანი, რომელსაც ჩინეთში 23-ე პროვინციად თვლიან.
ჩინეთის რეგიონებს საკმაოდ ფართო ეკონომიკური დამოუკიდებლობა აქვთ. თავად ამტკიცებენ საკუთარ ბიუჯეტს და გადასახადების 76%-ს იტოვებენ საკუთარი მოხმარებისთვის.
როგორც ვხედავთ, ჩინეთის ოფიციალური სახელისუფლებო სისტემა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში მოუხეშავიცაა. მართვის გასაადვილებლად ხელისუფლებაში იქმნება ე.წ. მცირე სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც ნახევრად ოფიციალური სტატუსი აქვთ და მათ შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები. ასეთი ჯგუფები დღეს ათეულობითაა და ისინი სხვადასხვა საკითხების ადმინისტრირებას ახდენენ. არის პარტიული და სახელსუფლებო, ასევე მუდმივმოქმედი და დროებითი ჯგუფები. შვიდ მათგანს თავად სი ძინპინი ხელმძღვანელობს.
ქვეყნის ბიუროკრატიული ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში სი ძინპინი მაქსიმალურად ერევა ამ ჯგუფების მართვაში და ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია. ჩინეთის მართვის სისტემაში არის კიდევ ერთი, არაოფიციალური პლასტი. ჩინეთში ოდითგანვე გავრცელებულია ეგრეთ წოდებული გუანსი - ურთიერთობები. მათ საფუძველზე იქმნება სხვადასხვა არაოფიციალური დაჯგუფებები და კლანები, რომლებიც კულუარულად მართავენ ჩინეთს.
მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის პერიოდში ასეთი კლანები ძირითადად ლიდერების დაბადების ადგილების მიხედვით იქმნებოდა - სანათესაო და სამეგობრო წრეებიდან. ძიან ძემინის და შემდეგ უკვე ხუ ძინტაოს დროს მყარად ჩამოყალიბდა ორი ძირითადი კლანი, ”შანხაელებისა” და ”კომკავშირლების” კლანები, რომლებიც კომპარტიის პოლიტბიუროს ბირთვს წარმოადგენდნენ.
ჩინეთში ოდითგანვე გავრცელებულია ე.წ. გუანსი - ურთიერთობები. მათ საფუძველზე იქმნება სხვადასხვა არაოფიციალური დაჯგუფებები და კლანები, რომლებიც კულუარულად მართავენ ჩინეთს.... ძიან ძემინის და შემდეგ უკვე ხუ ძინტაოს დროს მყარად ჩამოყალიბდა ორი ძირითადი - ”შანხაელებისა” და ”კომკავშირლების” კლანები, რომლებიც კომპარტიის პოლიტბიუროს ბირთვს წარმოადგენდნენ

”შანხაელებს” უწოდებდნენ იმ პარტიულ მუშაკებს, რომლებიც სხვადასხვა დროს შანხაის კომპარტიის ორგანოებში მოღვაწეობდნენ და ძიან ძემინის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ”კომკავშირლები” კი ხუ ძინტაოს ემორჩილებოდნენ და მოდიოდნენ ჩინეთის კომკავშირის 80-იანების პერიოდიდან, როცა მას ხუ ხელმძღვანელობდა.
ცალკე იდგა სამხედროების კლანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში დენ სიაოპინის შემდეგ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვით ჩინეთის ლიდერი ორი 5-წლიანი ვადით აირჩევა. შემდეგ ის ტოვებს პოლიტბიუროს. მეორე ვადის დროს ის ირჩევს მომდევნო ლიდერს და ვადის გასვლის შემდეგ ხდება ხელისუფლების გადაბარება ახალ ლიდერზე. ძველი ლიდერები შორს არსად მიდიან, სათავეში უდგანან საკუთარ კლანებს და აქვთ დიდი გავლენა პარტიის ლიდერშიფზე. ასე იყო მე-19 ყრილობამდე. ბოლო ყრილობამ ეს სტრუქტურა და სტატუს-ქვო მთლიანად დაარღვია.
- ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩინეთი რჩება ერთ-ერთ უდიდეს ზესახელმწიფოდ, რომელშიც პრაქტიკულად მმართველობის ერთპარტიული სისტემაა, მაგრამ, რომელიც იმავდროულად ცდილობს არ ჩამორჩეს გლობალიზაციის პროცესით გამოწვეულ ტენდენციებს. ვიცით, რომ ეს პროცესი ჩინეთის მმართველობაში დენ სიაოპინის მოსვლის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
მაგრამ, ახლა ალბათ უპრიანიცაა გთხოვოთ, რამდენადაც ჩვენი ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, ვისაუბროთ ჩინეთის დღევანდელ ლიდერ სი ძინპინიზე, თუ რა ვითარება იყო ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობის წინ ქვეყნის მმართველ პარტიაში...

- სი ძინპინი ე.წ. “პრინცების” (ჩინურად ტაიძიდანი) კლანიდანაა. ტაიძიდანი ”შანხაელების კლანის” ერთ ერთი ნაწილია. “პრინცებს” უწოდებენ იმ პარტიულ მუშაკებს, რომლებიც მოდიან მაო ძედუნთან დაახლოებული მაღალი პარტიული თანამდებობების მქონე პირების ოჯახებიდან. სის მამაც სი ჯუნსიუნი გახლდათ მაოს თანამებრძოლი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი.
კულტურული რევოლუციის პერიოდში ის რეპრესირებული იყო, ხოლო თავად სი გადაასახლეს ღრმა პროვინციაში, სადაც მან ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. შემდეგ მოდის კომკავშირული წლები, სხვადასხვა პარტიული დანიშვნები, სადაც სიმ თავი გამოიჩინა როგორც ბრწყინვალე ორგანიზატორმა. მაგალითად, ის ხელმძღვანელობდა იმ მცირე სამუშაო ჯგუფს, რომელსაც პეკინის ოლიმპიადის ჩატარება ევალებოდა. გარდა ამისა, მან დაამტკიცა, რომ არის საკმაოდ პატიოსანი და მტკიცე ადამიანი. ასე თუ ისე, ”შანხაელებისა” და ”კომკავშირლებისათვის” სი ძინპინი იყო კომპრომისული ფიგურა და ძიან ძემინის დიდი მონდომების შემდეგ, მან აჯობა ხუ ძინტაოს პროტეჟე ლი კეციანს და 2012 წელს გენერალური მდივნის პოსტი ჩაიბარა.
სი ძინპინი ძალიან კარგად განათლებული ადამიანია. მან ღრმად შეისწავლა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ისტორია და გაანალიზა მისი ყველა შეცდომა, რომელმაც სსრკ-ს დაშლა გამოიწვია. სი თვლის, რომ მან უნდა გააძლიეროს ჩინეთის კომპარტიის მმართველი როლი რათა არ მოხდეს ხელისუფლების ისეთი კოლაპსი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სსრკ-ში.
ამის გამომწვევ მთავარ პრობლემად სი განიხილავს კორუფციას - მისი მთავარი სამიზნე გახდნენ კორუფციონერი პარტიული მუშაკები და კორუმპირებული ბიუროკრატიული სისტემა. მის დასანგრევად სიმ გამოიყენა კომპარტიის დისციპლინის კონტროლის ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელად დანიშნა მისი უახლოესი თანამებრძოლი ვან ციშანი. ვანი არა უბრალოდ პარტმუშაკი, არამედ ბრწყინვალე მენეჯერი, ეკონომისტი და უცხოელ პარტნიორებთან გამოცდილი მომლაპარაკებელი გახლავთ. ის გახდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა სის მთავრობაში და სწორედ მან მოახერხა კლანური სისტემის მმართველობის მნიშვნელოვანი შერყევა, როცა დაპატიმრა პოლიტიკურ-სამართლებრივი კომისიის (კომისია კურირებს ყველა ძალოვან სტრუქტურას) თავმჯდომარე ჯოუ იუნკანი, რომელიც შანხაელების პროტეჟე იყო და შემდეგ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის ხელმძღვანელი, ხუ ძინტაოს მარჯვენა ხელი ლინ ძიხუა.
2013 წლიდან ვან ციშანის კომისიამ შეამოწმა 1 340 000 პარტიული მუშაკი, მათგან დააპატიმრეს 278 ათასი ადამიანი. პარტიულ წმენდას შეეწირა 440 მაღალი თანამდებობის პირი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის 35 წევრი, 60 გენერალი. სულ რამდენიმე დღის წინ, მე-19 ყრილობის წინ გამართულ პლენუმზე გამოაცხადეს, რომ პარტიიდან გარიცხეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი უ აიინი.
სი ძინპინი ე.წ. “პრინცების” (ჩინურად ტაიძიდანი) კლანიდანაა. ტაიძიდანი ”შანხაელების კლანის” ერთ ერთი ნაწილია. “პრინცებს” უწოდებენ იმ პარტიულ მუშაკებს, რომლებიც მოდიან მაო ძედუნთან დაახლოებული მაღალი პარტიული თანამდებობების მქონე პირების ოჯახებიდან. სის მამაც სი ჯუნსიუნი გახლდათ მაოს თანამებრძოლი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი

ვან ციშანის კომისიის მსხვერპლი გახდა ჩინეთის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სადაზღვევო კომპანია “ანბანგი”, რომლის მფლობელის მეუღლე დენ სიაოპინის შვილიშვილი დენ ჯოჟუი გახლავთ, თავად კომპანია კი დენის ოჯახის ე.წ. საფულე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სიმ და ვანმა მოახერხეს პარტიის მნიშვნელოვნად გაწმენდა და სისთვის პარტიული ველის გასუფთავება, მედიაში წარმოებულმა ომებმა და აგორებულმა სკანდალებმა მოახერხა ვანის ფიგურის დასუსტება და ყრილობაზე სი იძულებული გახდა უკვე 68 წლის ასაკს გადაცილებული ვანი (68 წელი ასაკის დაუწერელი ზედა ზღვარია ჩინეთში, რომლის შემდეგ აღარ შეიძლება თანამდებობაზე ყოფნა) შეეცვალა ვანის მოადგილე ჯაო ლეძითი, რომელიც სის ასევე დაახლოებული პირია.
მე-19 ყრილობამდე ცოტათი ადრე ვანმა გაანეიტრალა სის ყველაზე სერიოზული კონკურენტი, ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქის ჩუნცინის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სუნ ჯენცაი. ასევე საჯარო სივრციდან გაქრა და სავარაუდოდ დაპატიმრებულია ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენშტაბის უფროსი ფან ფენხუეი. შეიძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ ბრწყინვალე მენეჯერმა ვან ციშანმა სი ძინპინს სრულიად გაუთავისუფლა სივრცე და სის ისღა დარჩენოდა სელისუფლება ბოლომდე ხელში აეღო.
- ვინაიდან ყრილობა არც ისე დიდი ხანია რაც დასრულებულია, მესმის, საკმაოდ ძნელია, მაგრამ იქნებ შეეცადოთ გვითხრათ ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობის მთავარი შედეგი რაა და სავარაუდოდ, სიტუაცია როგორ გამოიყურება?
- მე-19 ყრილობა სი ძინპინის სრული და უპირობო გამარჯვებით დასრულდა. ჯერ კიდევ ყრილობამდე სი პარტიულ წრეებში მოიხსენიებოდა როგორც “პარტიის ბირთვი” და ეს ტიტული მას უკვე ოფიციალურად შერჩა. სი გახდა მესამე ჩინელი ლიდერი, რომლის სახელი ჩაიწერა კომპარტიის წესდებაში. მაო ძედუნის იდეებთან და დენ სიაოპინის თეორიასთან ერთად წესდებაში სი ძინპინის “ახალი ერის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის” იდეაც მოიხსენიება.
ჩინეთის სინამდვილეში კი კომპარტიის წესდება სტატუსით კონსტიტუციაზე მაღლა დგას. სი “უკვდავთა” სიაში მოხვდა. სიმ მოახერხა და პოლიტბიუროში არ შეიყვანა ე.წ. “მომავალი ლიდერი” და ამით ხაზი გაუსვა, რომ ის მზადაა დაარღვიოს დაუწერელი კანონი და დარჩეს პარტიის ლიდერად კიდევ რამდენიმე ვადით.
მე-19 ყრილობა სი ძინპინის სრული და უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სი გახდა მესამე ჩინელი ლიდერი, რომლის სახელი ჩაიწერა კომპარტიის წესდებაში. მაო ძედუნის იდეებთან და დენ სიაოპინის თეორიასთან ერთად წესდებაში სი ძინპინის “ახალი ერის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის” იდეაც მოიხსენიება

თავად პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში მან შეიყვანა პრემიერი ლი კეციანი, რომელიც “კომკავშირლების” კლანიდანაა. თუმცა მაქსიმალურად შეუზღუდა გავლენა სამუშო ჯგუფებზე. ასევე შეიყვანა ოთხი საკუთარი პროტეჟე და სიმბოლურად თითო წევრი “კომკავშირლებიდან” და “შანხაელებიდან”.
პოლიტბიუროს 25-კაციანი ჯგუფი კი თითქმის მთლიანად სის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ბიუროკრატიულ-ავტოკრატიული მმართველობიდან ავტორიტარულ ქვეყანად გადაიქცა.
- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ საშინაო პოლიტიკას გაატარებს ჩინეთის რიგით მესამე გამორჩეული ლიდერი სი?
- რაც შეეხება ჩინეთის საშინაო პოლიტიკას, ის გაგრძლდება იგივე მიმართულებით რაც გასული 5 წლის განმავლობაში, რათა ჩინეთმა 2022 წელს მიაღწიოს სის მიერ გაჟღერებულ “საშუალო სიმდიდრის ქვეყნის” სტატუსს. კვლავ გაგრძელდება შიდა ბაზრის განვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს, კოსმოსურ, ბიო და რობოტექნოლოგიებს.
ცალკე უნდა ითქვას ჩინეთის არმიაზე. ყრილობაზე მიიღეს ჩანაწერი, რომ ჩინეთის არმია მეცნიერებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით უნდა გახდეს მსოფლიოს წამყვანი არმია. ეს გახლავთ პირდაპირი განაცხადი მსოფლიო ლიდერობაზე.
ყრილობაზე მიიღეს ჩანაწერი, რომ ჩინეთის არმია მეცნიერებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით უნდა გახდეს მსოფლიოს წამყვანი არმია. ეს გახლავთ პირდაპირი განაცხადი მსოფლიო ლიდერობაზე

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკაში, სავარაუდოდ როგორი იქნება ჩინეთის საგარეო პოლიტიკა პარტიის მე-19 ყრილობის შემდეგ?
- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის იან ძეჩის პოლიტბიუროს წევრად შეყვანა. 2003 წლის შემდეგ არც ერთი დიპლომატი პოლიტბიუროში არ შეუყვანიათ. უახლოეს ხანებში გაგრძელდება დანიშვნების კასკადი და იანს ვიცე-პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ. იან ძეჩის, როგორც უძლიერესი ამერიკანისტის ეს დანიშვნა კიდევ ერთი ნიშანი იქნება ჩინეთის საგარეო პრიორიტეტების ხაზგასმისა.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ყრილობის რეზოლუციებში არის ხაზგასმული ”რბილი ძალის” პოლიტიკის გამოყენების აუცილებლობა. ანუ ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში გაიზრდება და ჩინეთი კვლავ გააგრძელებს კულტურულ ექსპანსიას.
როგორც სიმ თავის სიტყვაში განაცხადა, აუცილებელია ჩინეთმა მიიღოს მონაწილეობა კაცობრიობის საერთო ბედის მშენებლობაში. ანუ, პირველად ჩინეთის ისტორიაში ჩინეთის ლიდერი ღიად აცხადებს საკუთარ ხედვებს მსოფლიო წესრიგის მოწყობის კონტექსტში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დენ სიაოპინის თეორიას ”ჩინეთმა საქმე ჩუმად აკეთოს.” სი უკვე დღეს მოიხსენიება როგორც მაოზე უფრო დიდი ლიდერი, რომელმაც ჩინეთი ძლევამოსილი გახადა.
როცა ვსაუბრობთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე, უნდა გავიხსენოთ ჩინეთის დიდი მცოდნის, ჰენრი კისინჯერის სიტყვები, რომ ჩინეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს განიხილავს როგორც ახლო და შორეულ ბარბაროსებს და ცდილობს შორი ბარბაროსების ხელით ახლო ბარბაროსების დამარცხებას. შორებში ის ამერიკას განიხილავს, ახლოში კი რუსეთს.
სიმ თავის სიტყვაში განაცხადა - აუცილებელია ჩინეთმა მიიღოს მონაწილეობა კაცობრიობის საერთო ბედის მშენებლობაში. ანუ, პირველად ჩინეთის ისტორიაში, ჩინეთის ლიდერი ღიად აცხადებს საკუთარ ხედვებს მსოფლიო წესრიგის მოწყობის კონტექსტში რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დენ სიაოპინის თეორიას ”ჩინეთმა საქმე ჩუმად აკეთოს.”

ჩემი გამოცდილებით უნდა მოგახსენოთ, რომ ეს აზრი ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სულ უფრო სუსტდება როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო და პოლიტიკური ნიშნით, ჩვენ დავინახავთ ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთას ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად ამ ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობისა, მათ შორის შანხაის ორგანიზაციაშიც, ეს დაპირისპირება გარდაუვალად მეჩვენება.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველად ჩინეთის ისტორიაში ჩინეთმა ააშენა სამხედრო ბაზა საკუთარი ტერიტორიის გარეთ - ჯიბუტიში. ახლა კი გაჰყავს რკინიგზა ჯიბუტიდან ეთიოპიის პორტ ლიმამდე, სადაც დიდ ჰაბს აშენებენ.
ჩინეთი სულ უფრო აფართოებს საკუთარი ინტერესების სფეროს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ დაძაბულობის ახალ ცენტრს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მოხდება აშშ-სა და ჩინეთის ინტერესების გადაკვეთა. შესაძლებელია ამ მომენტამდე ჩინეთი უკვე მოგვევლინოს სუპერსახელმწიფოდ, რადგან, როგორც ვხედავთ, მთავარი წინააღმდეგობა ამ მიმართულებით - ჩინეთის ისტორიული არაექსპანსიური პოლიტიკა დაძლეულია და ჩინეთი ნელ-ნელა მსოფლიო ლიდერის მანტიის მორგებისთვის ემზადება.
- რა შეიძლება ითქვას ჩინეთი-საქართველო ურთიერთობების პერსპექტივაზე?
- ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით. ჩინეთისათვის საქართველო არ წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. საქართველოს ბაზარი უმნიშვნელოა მისთვის, ინვესტიციები ნაკლებად მომგებიანი ვიდრე აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში.
ერთადერთი ინტერესი გახლავთ სი ძინპინის მიერ დეკლარირებული აბრეშუმის ახალი გზის იდეაში ერთგვარი დამატებითი კორიდორის როლის შესრულება. აქაც ბევრად მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის აქტიურობა ამ მიმართულებით და რკინიგზის სწრაფი მშენებლობა ბაქოდან თურქეთის ევროპულ ნაწილამდე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
რაც შეეხება ჩვენი ღვინის ექსპორტს, კვლავ მასშტაბები უნდა გავითვალისწინოთ და დავინახავთ, რომ ქართული ღვინის მთლიანი მოცულობის წარმოების სრულად ათვისება შუძლია ჩინეთის ერთ რომელიმე საშუალო ზომის ქალაქს. თავად ჩინეთი კი საკუთარი ღვინის წარმოებაში უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში და ღვინის მოხმარება იქ სულ უფრო იზრდება.
ჩინეთისათვის საქართველო არ წარმოადგენს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. საქართველოს ბაზარი უმნიშვნელოა მისთვის, ინვესტიციები ნაკლებად მომგებიანი ვიდრე აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში…. ერთადერთი ინტერესი გახლავთ სი ძინპინის მიერ დეკლარირებული აბრეშუმის ახალი გზის იდეაში ერთგვარი დამატებითი კორიდორის როლის შესრულება

ასე, რომ არავითარი საშიშროება ჩვენს ღვინოზე მოთხოვნილებას არ ემუქრება და შესაბამისი აქტიურობისა და პრომოუშენის საშუალებით ჩვენ შევძლებთ ჩინურ ბაზარზე წარმატების მიღწევას. მით უმეტეს უკვე ამოქმედდა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ახალზელანდიურ და ჩილეს ღვინოებთან თანაბარ პირობებში გვაყენებს.
- უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში აფხაზურ მედიაში არაერთხელ მოხვდა ცნობა, რომ ჩინური კომპანია აპირებდა კოდორის ხეობაზე გამავალი აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაფინანსებას. საქართველოსგან მაქსიმალურად დისტანცირების მომხრე აფხაზური პოლიტელიტის ნაწილი ამ პროექტს მიესალმა. მეორე ნაწილი კი მის განხორციელებას დღემდე მიუღებლად მიიჩნევს.
ხომ არა გაქვთ ინფორმაცია რომელი ჩინური კომპანია გეგმავდა აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას?
თუ შანხაის ჯგუფი ძიან ძემინის ხელმძღვანელობით ძველი პარტნომენკლატურის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, სულაც არაა გამორიცხული, რომ ხსენებული პროექტის განხორციელება მათ კრემლის რომელიმე ფრთამ სთხოვა.
თუ ასეა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩინეთი ჩრდილოეთ და სამხრეთ და კავკასიაში რუსული გეგმების განხორციელებაში მონაწილე გამოდის, ვინაიდან ამ გზის აშენებით რუსეთს ისედაც მიბმული აფხაზეთი ჩრდილოეთ კავკასიას კიდევ უფრო მიებმება, ხოლო საქართველოს კიდევ უფრო მეტად მოწყდება...

- რაც შეეხება აფხაზეთში რკინიგზაზე ჩინური კომპანიის მონაწილეობას. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთის ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს არც პირდაპირ არც ირიბ მონაწილეობას ისეთ საკითხებში, რომლებიც არღვევენ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობენ სეპარატიზმს. ეს სრულიად გამორიცხულია.
ჩინური კომპანიის მუშაობა აფხაზეთში შესაძლებელია იყო ამ კომპანიის კერძო კომერციული ინტერესი. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიუხედავად რუსეთთან ახლო მეგობრობისა, არ სცნო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამიტომ ამ საკითხის წამოწევა ასეთ კონტექსტში არასწორია.

კობა ბენდელიანი
”ინტრეპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები