არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
საქართველოში სანახევროდაა დაცული ადვოკატის პროფესია, მართლმსაჯულება არასაკმარისად ჯანსაღია, რაც არსებითად ზღუდავს ადვოკატზე მოთხოვნას
10:15 04-11-2017
საქართველოში სანახევროდაა დაცული ადვოკატის პროფესია, მართლმსაჯულება არასაკმარისად ჯანსაღია, რაც არსებითად ზღუდავს ადვოკატზე მოთხოვნას ადვოკატურასა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის სავარაუდო გზებზე ”ინტერპრესნიუსი” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ყოფილ ენერგოომბუდსმენს, საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროსს, საქართველოს თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ყოფილ მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული "შვიდკაცას" ექსპერტს ფინანსურ საკითხებში, დავით ებრალიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, თქვენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრძოლას აპირებთ. ვიდრე ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საარჩევნო პროგრამა აშკარად სისტემის რადიკალურ რეფორმაზეა ორიენტირებული.
საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. რეფორმის რამდენიმე ტალღა შეეხო სასამართლო სისტემას, ცვლილებები ასევე შეეხო პოლიციისა და პროკურატურის სტრუქტურებს, მაგრამ ნაკლებად გვსმენია რეფორმებზე ადვოკატურაში. არადა, ადვოკატების მისამართით არცთუ იშვიათად გვესმის პრეტენზიები.
როგორ შეაფასებდით დღევანდელ საადვოკატო სისტემას, რა პრობლემებია ადვოკატურაში?
- მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატურას ფლაგმანად მივიჩნევ, თუმცა მის განვითარებას სერიოზული ხარვეზები აფერხებს. ადვოკატის პროფესია მაღალშემოსავლიანად ითვლება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ადვოკატთა ძირითად კორპუსზე.
საქართველოში სანახევროდაა დაცული ადვოკატის პროფესია, მართლმსაჯულება არასაკმარისად ჯანსაღია, რაც არსებითად ზღუდავს ადვოკატზე მოთხოვნას და შესაბამისად, ადვოკატის შემოსავლებს. ექიმის პროფესიის მსგავსად, ადვოკატის პროფესიაც სერთიფიცირებას ექვემდებარება, თუმცა არასრულყოფილად.
ყველგან აღიარებულია ადვოკატის პროფესიის სირთულე, მნიშვნელობა და შესაბამისად ხარისხის სტატუსის აუცილებლობა... სერთიფიკატი ნიშნავს, რომ განვლილი გაქვს ტესტირება... ეს ყველას უნდა მოეთხოვოს, ყველას ვინც იურიდიული მომსახურებით იღებს შემოსავალს, ხელფასს

რა არის ადვოკატის პროფესია რეალურად? ეს არის დავაში პროფესიული იურიდიული წარმომადგენლობა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ეს პროფესია ყველასთვის სერთიფიცირებადი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენელს, ასევე კერძო და საჯარო ორგანიზაციის თანამშრომლებს არ მოეთხოვებათ პროფესიულად წარმომადგენლობის უნარების დამადასტურებელი სერთიფიკატი. არავინ ითხოვს ადვოკატის სერთიფიკატს, ასევე საჯარო დაწესებულებებში წარმოებულ დავებში.
ექიმი ყველგან ექიმია, მას ყველგან ლიცენზია მოეთხოვება და მის გარეშე იგი თავისი პროფესიით ვერც კერძო პრაქტიკით იმუშავებს, ვერც კლინიკაში და ვერც საჯარო დაწესებულებაში.
მაშ რატომ არის განსხვავებულად ჩვენს პროფესიაში? რატომ მოგვეთხოვება სერთიფიცირება მხოლოდ ჩვენ? რატომ არ მოეთხოვება ეს საჯარო მოხელეს, თუ კომპანიის წარმომადგენელს, რომლის დანიშნულება იგივეა, წარმოადგინოს მისი ორგანიზაცია დავაში.
ყველგან აღიარებულია ადვოკატის პროფესიის სირთულე, მნიშვნელობა და შესაბამისად, ხარისხის სტატუსის აუცილებლობა. მაგალითად, ინგლისში თუ ადამიანი ადვოკატის სერთიფიკატის გარეშე წარმოადგენს ვინმეს დავაში, მას ორწლიანი ციხე ელის. ჩვენი ქვეყანაც აღიარებს ამ პროფესიის ხარისხის სტანდარტის აუცილებლობას. სწორედ ამის დასტურია ასოციაციის სერთიფიკატის ქონა. სერთიფიკატი ნიშნავს, რომ გავლილი გაქვს ტესტირება, იღებ განგრძობით განათლებას, მოქმედებ პროფესიული ეთიკით და რომ წარმოდგენილი პირის წინაშე დაცვის არასწორად წარმართვისას სამართლებრივად ვალდებული ხარ. ეს ყველას უნდა მოეთხოვოს, ყველას ვინც იურიდიული მომსახურებით იღებს შემოსავალს, ხელფასს. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ეს არათანმიმდევრულობა.
- როგორც ვხდები, თვლით, რომ სისტემა მთლიანად საჭიროებს რეფორმას. უფრო კონკრეტულად რა არის შესაცვლელი?
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა შეეცვალოს სახელი და მას პროფესიონალ იურისტთა ასოციაცია უნდა ეწოდოს, როგორც ინგლისურად ქვია. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონიც პროფესიონალ იურისტთა შესახებ კანონად უნდა გარდაიქმნას.
ყველა იმ პირს, ვინც პროფესიულად წარმოადგენს სხვას ან ასრულებს სხვა იურიდიულ მომსახურებას, უნდა მოეთხოვოს ასოციაციის წევრობა და ამ ასოციაციის შესაბამისი სერთიფიკატი. იურიდიული მომსახურების განმარტებას უნდა დაემატოს იურიდიული ექსპერტიზაც

ყველა იმ პირს, ვინც პროფესიულად წარმოადგენს სხვას ან ასრულებს სხვა იურიდიულ მომსახურებას, უნდა მოეთხოვოს ასოციაციის წევრობა და ამ ასოციაციის შესაბამისი სერთიფიკატი. იურიდიული მომსახურების განმარტებას უნდა დაემატოს იურიდიული ექსპერტიზაც.
- სასამართლოში წარმომადგენლების არსებობას ის გამართლება აქვს, რომ ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები განთავისუფლდნენ ადვოკატებისთვის სავალდებულო გადასახადისგან და ანაზღაურების გარეშე შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა...
- არამართებულია ამდაგვარი გამართლება პირველი ინსტანციის სასამართლოში არაადვოკატის წარმომადგენლად დაშვების თაობაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არავის, არც ერთ ინსტანციაში არ ეზღუდება საკუთრივ დაიცვას თავი დავაში. წარმომადგენლად არაადვოკატის არჩევის შესაძლებლობა წარმოსადგენი პირის ინტერესებს არ იცავს, იგი პროფესიული ველის ამღვრევას ახდენს მხოლოდ.
არაკვალიფიციური წარმოდგენა პირველ ინსტანციაში, როგორც წესი, ვერ სწორდება შემდეგ ინსტანციაში. მაგალითად, მტკიცებულებათა შემდგომ ინსტანციებში წარმოდგენა იზღუდება. ადვოკატი პასუხს აგებს თავისი მოქმედებებით წარმოდგენილი პირის წინაშე. არაადვოკატს ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნია და შესაბამისად დასაცავი არაუზრუნველყოფილია კვალიფიციურ მომსახურებაზე.
- თქვენ ეხებით არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, გამოდის, ცვლილება უნდა მოხდეს საჯარო სამსახურების იურიდიულ საქმიანობაშიც?
- როგორც ექიმისთვის, იურისტისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს როგორ მსახურობს და ვის ემსახურება, კერძო პრაქტიკა აქვს, თუ მუშაობს დაწესებულებაში. მთავარია ის, რას აკეთებს. თუ ეს არის კანონით განმარტებული იურიდიული მომსახურება, მაგალითად, იურიდიული მომსახურების ერთ-ერთი სახეობა - წარმომადგენლობა დავაში, იგი ერთნაირ მიდგომას საჭიროებს, საჭიროებს ხარისხის სტანდარტს: ტესტირებას, განგრძობით განათლებას, პროფესიული ეთიკით მოქცევას, არასწორ მომსახურებაზე პირად პასუხისმგებლობას.
არაკვალიფიციური წარმოდგენა პირველ ინსტანციაში, როგორც წესი, ვერ სწორდება შემდეგ ინსტანციაში

ეს ყველაფერი მიიღწევა ასოციაციის წევრობით და მისი ლიცენზიით. საჯარო სამსახურში თანამდებობის ვაკანსიაზე, რომელიც სასამართლოში წარმომადგენლობას გულისხმობს, აუცილებლად უნდა მოითხოვებოდეს ასოციაციის სერთიფიკატი.
- როგორც აღნიშნავთ, არა მარტო საადვოკატო-იურიდიული საქმიანობის რეგულაცია უნდა შეიცვალოს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს რეფორმას?
- როგორც უკვე ვთქვი, ადვოკატურისთვის ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორია მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება მრავალი კუთხით დასახვეწია, თუნდაც საპროცესო შეთანხმების არსებული ინსტიტუტი, თუმცა, ჩემის აზრით, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იურიდიული კვალიფიკაციის მოთხოვნილების გაზრდის, ადვოკატურაში პროფესიული კონკურენციის ამაღლებისთვის, პრეცედენტულ სისტემაზე გადასვლა იქნება.
- განგვიმარტეთ თუ შეიძლება?
- ჩვენ გვეჩვენება, რომ კანონის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მეტნაკლებად მოწესრიგებულია. თუმცა, რომ შევადაროთ მთლიანობაში ჩვენი კანონმდებლობა-რეგულაციები ადმინისტრაციის-სასამართლოს სამოქმედო არეალს, დავინახავთ, რომ თურმე იგი ძალზე მცირე ნაწილს, შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთს არეგულირებს მოხელის-მოსამართლის ქმედებების თავისუფლების ხარისხთან შედარებით.
მართლმსაჯულება მრავალი კუთხით დასახვეწია, თუნდაც საპროცესო შეთანხმების არსებული ინსტიტუტი, თუმცა, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იურიდიული კვალიფიკაციის მოთხოვნილების გაზრდის, ადვოკატურაში პროფესიული კონკურენციის ამაღლებისთვის, პრეცედენტულ სისტემაზე გადასვლა იქნება

მაგალითად, უზენაეს სასამართლოში ერთმა და იმავე შემადგენლობამ, ექვსი თვის პერიოდში, ანალოგიურ საკითხზე, წილის გასხვისების შემდეგ წილზე გაუცემელი დივიდენდი ძველ თუ ახალ მესაკუთრეს ეკუთვნის, საპირისპირო პოზიცია გამოხატა და მეორე გადაწყვეტილებაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია (რადგან კანონი არ თხოვს), ექვსი თვის წინ ანალოგიურ საკითხზე რატომ მიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება.
ასევე ხდება ადმინისტრაციაში. მაგალითად, მერმა, რომელსაც მშენებლობის კოეფიციენტის გაცემის უფლება ჰქონდა, ერთსა და იმავე მშენებლობაზე ორჯერ თქვა კოეფიციენტის გაცემაზე უარი, ხოლო შემდეგ იგივე მშენებლობაზე გასცა კოეფიციენტი და ერთი სიტყვა, მცირე განმარტება არ გაუკეთებია (კანონი არ ავალდებულებს), რატომ ამბობდა მანამდე უარს და ბოლოს რატომ თქვა თანხმობა.
ვინ უნდა გაარკვიოს ამ შემთხვევებში კორუფციას ჰქონდა ადგილი თუ სხვა რამეს? ასე უსასრულოდ შეიძლება მაგალითების მოყვანა. შესაბამისად, დავასკვნით, რომ ჩვენ გვყავს უზომო ძალაუფლებით აღჭურვილი, ნაკლებად რეგულირებული მოხელე-მოსამართლეები.
განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ ამ კუთხით ძალზე ჩამოვრჩებით (მაგალითად, საქართველოს მთავარი აუდიტორული ოფისის-კანონი სულ რამდენიმე ფურცელზე ეტევა, მაშინ, როდესაც აშშ-ისა ოთხას გვერდზე მეტია. რეგულაციების მოცულობას კი ვერც შეადარებთ. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, თუ კანონი, რეგულაცია და მათი მიდევნების კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ გაგაჩნია?
შესაბამისად, რჩება „ძალოვანი მმართველობის“ აუცილებლობა. სხვა რა ბერკეტი არსებობს გარკვეულ წესრიგში იყოლიო ძალაუფლებით აღჭურვილი, ნაკლებად რეგულირებული მოხელეები? როგორ უნდა მიხვდე ამ ზღვა მოხელეებში, რომელი როგორ (სწორად თუ არასწორად) იქცევა? ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პრეტენზიას გამოთქვამს - ძალოვანი სტრუქტურები თვითმართველობების საქმიანობაში ერევიან და ეს არ უნდა მოხდესო. თუმცა, იმას აღარ ამბობენ, სხვა რა ალტერნატივა არსებობს ნაკლებ კვალიფიციურ, გამოცდილებისა და რეგულაციების არმქონე თვითმმართელობების პირობებში?
მართვის ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია პირველ რიგში იგი მარტივად ადმინისტრირებადი იყოს. მარტივი ადმინისტრირება გულისხმობს მარტივ წესებს და ამ წესების შესაბამისად მოქმედების მონიტორინგისა და ანალიზის მარტივ მექანიზმს

მართვის ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია პირველ რიგში იგი მარტივად ადმინისტრირებადი იყოს. მარტივად ადმინისტრირება გულისხმობს მარტივ წესებს და ამ წესების შესაბამისად მოქმედების მონიტორინგისა და ანალიზის მარტივ მექანიზმს. თუმცა კანონები, რეგულაციები მალე ვერ დაიწერება და დაიხვეწება. ვისაც ამის ილუზია აქვს, ის ვერ აფასებს რა მოცულობის რეგულაციებს ვსაჭიროებთ.
წესების ყველაზე მარტივად დანერგვის მექანიზმია პრეცედენტული/ერთგვაროვანი სამართლის პრაქტიკის უზრუნველყოფა. გადაუდებელი აუცილებლობაა პრეცედენტული/ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა. ეს, როგორც ჟანგბადი, ისე ესაჭიროება ჩვენს სახელმწიფოს.
- ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ პრეცედენტული სამართალი მოსამართლის არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს და არ იქნება სწორი მოსამართლეებს თავისუფლება შევუზღუდოთ.
- პრეცედენტულ და კონტინენტურ სამართალში არსებითი განსხვავება საბოლოო ჯამში ის კი არ არის, რომ ერთი მოსამართლის თავისუფლებას ზღუდავს და მეორე არა, არამედ ის, თუ როგორი მექანიზმით იხვეწება რეგულაციები და პრაქტიკა.
პრეცედენტულ სამართალში კანონის თანახმად მოითხოვება, რომ სასამართლო დაეყრდნოს ზედა და იმავე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუმცა პრეცედეტული სამართალი იმავდროულად უშვებს შესაძლებლობას და აძლევს მოსამართლეს უფლებას, თუ იგი დასაბუთებულად ჩათვლის, გადაუხვიოს ამ ოქროს წესს.
იმავდროულად, კონტინენტურ სამართალში არის ე.წ. სარეკომენდაციო ხასიათის „გაიდლაინები“, რომელზე დაყრდნობაც მიზანშეწონილია მოსამართლისთვის. ე.ი. განსხვავება იმაშია, რომ ერთ შეთხვევაში არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, რომ დაეყრდნოს მოსამართლე, თუმცა მას შეუძლია განსაკუთრებულად დასაბუთების შემთხვევაში გადაუხვიოს ამ ოქროს წესს, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არის იმპერატიული ნორმა, რომლითაც სამართლებრივად სავალდებულოა მოსამართლე სარეკომენდაციო გაიდლაინს დაეყრდნოს. თუმცა მითითებაა და ამ წესიდან გადახვევისას მოსამართლეს სერიოზული არგუმენტაციის მოხმობა ევალება.
სტატისტიკურად გადახვევები ამ ე.წ. ჩარჩოებიდან ორივე სამართალში დიდად არ განსხვავდება. ამ ორ მიმართულებას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრეცედენტულ სამართალში დაყრდნობა ხდება კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ხოლო კონტინენტურ სამართალში „გაიდლაინებზე“, რომელსაც მეცნიერი იურისტები ქმნიან უზენაესი სასამართლოს მეშვეობით.
რაც უფრო დიდი ისტორია გააჩნია ქვეყნის სასამართლოს (თუ ადმინისტრაციას) მით ნაკლები არჩევანის თავისუფლება რჩება მოსამართლეს (მოხელეს), რამდენადაც ქვეყანაში მეტი სასამართლო პრაქტიკა დაგროვდა

ორივე შემთხვევაში მოსამართლეს წინ უდევს არა მხოლოდ კანონმდებლობა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო იღებს, არამედ ამასთან ერთად ამ კანონმდებლობის განმარტებები (პრეცედენტული სამართლის შემთხვევაში წინა სასამართლო გადაწყვეტილებები, ხოლო კონტინენტურ სამართალში მეცნიერი იურისტების მიერ შედგენილი „გაიდლაინები“) და რაც უფრო მეტია წინა სასამართლო გადაწყვეტილებები პრეცედენტულ სამართალში ან „გაიდლაინები“ კონტინენტურში, მით უფრო უმცირდება არჩევანის თავისუფლების არეალი მოსამართლეს (თუ საჯარო მოხელეს).
შესაბამისად, რაც უფრო დიდი ისტორია გააჩნია ქვეყნის სასამართლოს (თუ ადმინისტრაციას) მით ნაკლები არჩევანის თავისუფლება რჩება მოსამართლეს (მოხელეს), რამდენადაც ქვეყანაში მეტი სასამართლო პრაქტიკა დაგროვდა ან მეტი გაიდლაინი დაიწერა. რა დასკვნა გამოდის აქედან? გამოდის, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ - რომელიც სასამართლო პრაქტიკას ეხლა ქმნის, ყველაზე თავისუფალი მოსამართლეები ჰყავს დედამიწის ზურგზე (გააჩნია ამ თავისუფლებას რაში იყენებენ. შევარდნაძის დროს - კორუფციისთვის, სააკაშვილის დროს - ხელისუფლების საამებლად).
ე.ი. ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაც სწორედ ეს არის - სიცარიელით განპირობებული თავისუფლება.
ჩვენ კონტინენტური სამართლის ნიშნები გვაქვს - მხოლოდ ნიშნები. შეიქმნა რაღაც ტიპის სარეკომენდაციო ხასიათის გაიდლაინები, რომელიც ზღვაში წვეთია.
- რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა პრეცედენტულს „გაიდლაინებთან“ მიმართებაში?
- მეცნიერი იურისტები კი არა, ნორმალური პრაქტიკოსი ადვოკატები და მოსამართლეებიც თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში. ჩვენ არ გაგვაჩნია მეცნიერი-იურისტების საკმარისი რაოდენობა, რომელთაც უმოკლეს ვადაში შეეძლებათ ამ უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს შესრულება. ამის დასტურია შექმნილი გაიდლაინების სიმწირე.
გაცილებით ადვილია პრაქტიკული თვალსაზრისით კონკრეტული სასამართლო პრაქტიკით დავაგროვოთ რეგულაციები, მიდგომები და თანაც ძალზე მნიშვნელოვანი: როდესაც თითოეულ სასამართლო გადაწყვეტილებას პრეცედენტის ძალა შეეძინება (ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ქვედა ინსტანციაზე და ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ჰორიზონტში) ეს ძალზე სერიოზულ ტვირთად დააწვება ყოველ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას.
გაცილებით ადვილია პრაქტიკული თვალსაზრისით კონკრეტული სასამართლო პრაქტიკით დავაგროვოთ რეგულაციები, მიდგომები თანაც ძალზე მნიშვნელოვანი

სად ის, როდესაც მოსამართლემ იცის, რომ მისი გადაწყვეტილება დღეის ამას იქით ყველა, ამ სფეროში მომუშავე ადვოკატის, მოსამართლის, თუ მკვლევარის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება და სად ეს დღევანდელი სიტუაცია, როდესაც მოსამართლეები ძირითად შემთხვევაში მხარეებთან ერთად მარტონი რჩებიან თავიანთ გადაწყვეტილებებთან.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს პასუხისმგერბლობა არსებითად დადებითად იმოქმედებს გადაწყვეტილებებზე. დადებითი ეფექტი გამოიკვეთება მყისიერად, ამ წესის შემოღებისთანავე და არა პრაქტიკის დაგროვების, დიდი ხნის მერე.
- როგორია ევროპის გამოცდილება ამ საკითხზე?
- შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის სასამართლო სწორედ პრეცედენტულ პრაქტიკას მისდევს. იგულისხმება არა მხოლოდ მისი გადაწყვეტილებების პრეცედენტულება, არამედ თვით ისიც ეროვნული უმაღლესი სასამართლოების პრაქტიკას ეყრდნობა.
ევროგაერთიანება ახალი შექმნილია და მათ სწორედ პრეცედენტული პრაქტიკა არჩიეს, იმავდროულად ისინი ეყრდნობიან ნაციონალური სასამართლოების პრაქტიკას. მათაც ხომ შეეძლოთ გაიდლაინების წერა დაეწყოთ, მაგრამ ერთადერთი სწორი, პრაგმატული გზა აირჩიეს. კონტინენტური სამართლის ძირძველი ქვეყნებიც კი რეალურად პრეცედენტულ პრაქტიკას მისდევენ. გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებებს ქვედა დონის სასამართლოები გამონაკლისის გარეშე ატარებენ პრაქტიკაში.
ჩვენ შეგვიძლია სასამართლოს არსებითად ნახტომისებურად გაუმჯობესება და არა მარტო სასამართლოს. პრეცედენტული პრაქტიკის დანერგვა ავტომატურად გამოიწვევს ადმინისტრაციაზე ჯანსაღ ზეგავლენას, რამდენადაც ისინიც ერთიანი და პროგნოზირებადი თამაშის წესს დაექვემდებარებიან

ჩვენ შეგვიძლია სასამართლოს არსებითად ნახტომისებურად გაუმჯობესება და არა მარტო სასამართლოს. პრეცედენტული პრაქტიკის დანერგვა ავტომატურად გამოიწვევს ადმინისტრაციაზე ჯანსაღ ზეგავლენას, რამდენადაც ისინიც ერთიანი და პროგნოზირებადი თამაშის წესს დაექვემდებარებიან.
- და როგორ უნდა გადავიდეთ პრეცედენტულ პრაქტიკაზე?
- პრეცედენტულ პრაქტიკაზე გადასვლა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დღეს არსებული სამართლის შეცვლა საჭირო არ არის. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი ამ ვალდებულებას კარგა ხანია აწესებს, უბრალოდ კანონის ამ დანაწესს არავინ იცავს.
საჭიროა ამ ნორმის განუხრელად დაცვის პრაქტიკის დამკვიდრება. სასამართლო ხელისუფლებაში პრეცედენტული/ერთგვაროვანი სამართლის ელემენტების დასამკვიდრებლად საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები.
პრეცედენტული/ერთგვაროვანი პრაქტიკა მარტივად გამოყენებადი რომ იყოს საჭიროა ასევე გადაწყვეტილებათა ელექტრონული რეგისტრირება-მოძიების კარგი სისტემის შექმნა. პრეცედენტული პრაქტიკის დამკვიდრება შეიძლება მოხდეს თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ. მაგალითად, ჯერ უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებები გახდეს პრეცედენტული, შემდგომ აპელაციას და ასე შემდეგ.
- უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებები პრეცედენტულია?
- პრეცედენტულია, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. სულ ორმოცდაათამდე ასეთი გადაწყვეტილებაა მთელი არსებობის მანძილზე.
- ანალოგიის პრაქტიკასაც ხო იყენებენ მოსამართლეები?
- იყენებენ, თუმცა მას არათანმიმდევრული და არარეგულირებადი ხასიათი აქვს და მოსამართლეთა ნებაზეა მხოლოდ დამოკიდებული. ეს ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს პრეცედენტის განხილვაზე და თუ იგი არ ეთანხმება მას, მან აუცილებლად უნდა განმარტოს, თუ რატომ გადაუხვია და არა ისე, როგორც ეხლაა, როცა უნდათ მიუთითებენ პრეცედენტს, და როცა არ უნდათ საერთოდ არ ახსენებენ.
- რა რისკ-ფაქტორებზე შეიძლება იფიქროს კრიტიკოსმა?
- პირველი, მაგალითად, თუ არასწორი პრაქტიკა დაწესდა ერთი გადაწყვეტილებით და შემდეგ კოლეგიალური სუბიექტური მოსაზრებებით შემდგომმა მოსამართლეებმა რევიზია არ ისურვეს და ავტომატურად გადაიტანეს.
პრეცედენტული-ერთგვაროვანი პრაქტიკა მარტივად გამოყენებადი რომ იყოს, საჭიროა გადაწყვეტილებათა ელექტრონული რეგისტრირება-მოძიების კარგი სისტემის შექმნა. პრეცედენტული პრაქტიკის დამკვიდრება შეიძლება მოხდეს თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს პრეცედენტის განხილვაზე და თუ იგი არ ეთანხმება მას, მან აუცილებლად უნდა განმარტოს, თუ რატომ გადაუხვია და არა ისე, როგორც ეხლაა, როცა უნდათ მიუთითებენ პრეცედენტს და როცა არ უნდათ საერთოდ არ ახსენებენ

ასეთ შემთხვევაზე შემიძლია შემდეგი არგუმენტის თქმა: წესრიგის საერთოდ არარსებობას ისევ არასწორი, თუმცა რაღაც პროგნოზირებადი არასწორი წესრიგი სჯობს. მეორეც, მოსამართლეთა ჯანსაღი ამბიცია დიდხანს არ დატოვებს არასწორ პრაქტიკას ძალაში და ყოველთვის ექნება მისწრაფება უფრო სწორი პრაქტიკის დამკვიდრების (ახალი პრაქტიკის დამამკვიდრებელი დაინტერესების საგანი გახდება);
- არსებობს რისკი, რომ რაღაც პრაქტიკის დამკვიდრება-განზოგადებამ პრობლემა შეუქმნას მაგალითად ხელისუფლებას?
- თუმცა ეს იქნება მოკლევადიანი და დიდი ეფექტის მატარებელი არ იქნება, რამდენადაც პრობლემა უმალ იჩენს თავს, ხელისუფლებას ექნება როგორც რეგულაციების შეცვლის, ასევე ოქროს წესის გამოყენების უფლებაც (პრაქტიკის არგუმენტირებულად გადახედვა).
მოსამართლეთა, მოხელეთა და ადვოკატთა დაბალი კვალიფიციურობა პროცედენტული პრაქტიკის ყველა ეფექტის ერთბაშად ამუშავებას შეუძლებელს გახდის, თუმცა თანდათანობით ყველა დაიხვეწება: როგორ უნდა დაწერო გადაწყვეტილება და ასე შემდეგ.
- რამდენადაც ვხდები, თქვენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებთ პროგრამით, რომელიც რადიკალურ რეფორმას გულისხმობს. რამდენად შეძლებთ ადვოკატთა კორპუსში ნდობის და სიმპათიის მოპოვებას?
- ჩემს მთავარ გამოწვევად ადვოკატებისთვის ამ იდეების გაზიარებისთვის დარჩენილი მცირე დრო მეჩვენება და არა ის, რომ ადვოკატები ამ პროგრამაში მათთვის მნიშვნელოვან სარგებელს ვერ ამოიცნობენ. ამ პროექტით ხომ მათი სერთიფიკატი ერთიორად ფასეული ხდება.
დროა, ცოტა დაგვიანებულიცაა, დავიწყოთ ფიქრი ჩვენს ქვეყანაში სრულყოფილ, პროფესიონალ იურისტთა გაერთიანების შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც არა მარტო ადოკატების, არამედ ზოგადად სხვადასხვა სტუქტურებში დასაქმებული იურისტების მისამართით გაისმის

- თქვენ იყავით ფინანსთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რატომ გადაწყვიტეთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლა?
- მართალი გითხრათ, პრეცედენტული სისტემის შემოღებაა ის, რასაც საჯარო ინტერესისთვის ვესწრაფვოდი და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობისას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობაზე ფიქრი, ერთის მხრივ ამ კონტექსტმაც განაპირობა და მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, დროა, ცოტა დაგვიანებულიცაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყანაში სრულყოფილ, პროფესიონალ იურისტთა გაერთიანების შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც არამატრო ადოკატების, არამედ ზოგადად სხვადასხვა სტუქტურებში დასაქმებული იურისტების მისამართით გაისმის.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები