არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს არ გამოვრიცხავ, თუმცა, ეს ახლო მომავლის საქმე არ უნდა იყოს
13:28 11-11-2017
საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს არ გამოვრიცხავ, თუმცა, ეს ახლო მომავლის საქმე არ უნდა იყოს გასულ კვირას აქტუალურად განიხილებოდა ერთი წლის წინ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის თემა. აშშ-სა და მსოფლიოსათვის ტრამპის გაპრეზიდენტების შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, ამჟამად ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ გეგეშიძეს ესაუბრა.

- ბატონო არჩილ, ერთი წლის წინ აშშ-მ თავის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.
ჩვენ გვახსოვს, თუ რა აჟიოტაჟი, ხმაური და ლამის აპოკალიფსური პროგნოზების კორიანტელი მოჰყვა თავად აშშ-ში და შემდეგ ევროპაში აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის იანვარში შეუდგა, ახლა, როცა ტრამპის არჩევიდან ერთი წელია გასული, უპრიანიც კია იმაზე საუბარი, თუ როგორი არჩევანი გააკეთეს ერთი წლის წინ ამერიკის მოქალაქეებმა.
თქვენი აზრით, რამდენად გამართლდა იმ ამერიკელთა მოლოდინი, ვინც ერთი წლის წინ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტად აირჩია?

- თუ თქვენ გულისხმობთ მხოლოდ იმათ, ვინც ხმა მისცა ტრამპს, არა მგონია, მათი დიდი უმრავლესობა სერიოზულად იყოს იმედგაცრუებული თავისი არჩევანით. ალბათ, უფრო პირიქით.
ტრამპის პრეზიდენტობის თითქმის ერთი წლის თავზე ვითარება არათუ არ გაუარესებულა, ცალკეული მიმართულებებით სახეზეა წინსვლა: გაიზარდა სამრეწველო წარმოება, დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, გაიზარდა საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო ხარჯვა, გაიზარდა პოზიტიური დინამიკა საფონდო ბირჟებზე

საქმე იმაშია, რომ ამერიკელ ამომრჩეველს, სულ ერთია „დემოკრატების“ მხარდამჭერია თუ „რესპუბლიკელების“, პირველ რიგში საკუთარი კეთილდღეობა და პირადი უსაფრთხოება ადარდებს. ამ მხრივ ტრამპის პრეზიდენტობის თითქმის ერთი წლის თავზე ვითარება არათუ არ გაუარესებულა, ცალკეული მიმართულებებით სახეზეა წინსვლა: გაიზარდა სამრეწველო წარმოება, დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, გაიზარდა საცალო ვაჭრობა, სამომხმარებლო ხარჯვა, გაიზარდა პოზიტიური დინამიკა საფონდო ბირჟებზე და სხვ.
რა თქმა უნდა, რჩება უამრავი პრობლემა, მათ შორის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ხასიათის, მაგრამ ჯერ მხოლოდ პრეზიდენტობის ერთ წელზე ვსაუბრობთ და ამდენად ტრამპისადმი მიცემული ნდობის კრედიტი ჯერ კიდევ შორს არის ამოწურვისგან.
რაც შეეხება ელექტორატის დანარჩენ ნაწილს, ტრამპისადმი უკმაყოფილება ოდნავ გაზრდილია. სხვადასხვა გამოკითხვები ამას ადასტურებს. განსაკუთრებული პრობლემა ტრამპს აქვს ე.წ. ისტებლიშმენტთან და არა მარტო მის მხოლოდ „დემოკრატიულ“ ნაწილთან. ასე მაგალითად, ტრამპმა ვერ მოახერხა „რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფ კონგრესში სათანადო მხარდაჭერის მობილიზება ობამასდროინდელი ჯანდაცვის პროგრამის ჩანაცვლების მიზნით.
აგრეთვე, სახეზეა ძლიერი სამაუწყებლო კომპანიებისა და ბეჭდური მედიის მხრიდან უპრეცედენტო დაპირისპირება, რასაც ტრამპი, ასევე უპრეცედენტოდ, ტვიტებით ცდილობს გაუმკლავდეს.
სახეზეა ძლიერი სამაუწყებლო კომპანიებისა და ბეჭდური მედიის მხრიდან უპრეცედენტო დაპირისპირება, რასაც ტრამპი, ასევე უპრეცედენტოდ, ტვიტებით ცდილობს გაუმკლავდეს

საგარეო ურთიერთობების კუთხით „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება ტრამპს პოზიტივში ეთვლება, თუმცა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ჯერ კიდევ შორს არის მოწესრიგებისგან და როგორც ჩანს, ტრამპის საპრეზიდენტო ვადაში ეს ვერ მოესწრება.
ამერიკელების უფრო სერიოზულ საფიქრალს ჩრდილოეთ კორეის ფაქტორი წარმოადგენს, რაც ამ დროისთვის ანთროპოგენულ საფრთხეებს შორის ერთ-ერთი ძლიერი საფრთხეა და ეგზისტენციალური ხასიათისაა.
თუმცა, ყველას ესმის, რომ ამ საფრთხის წარმოშობა ტრამპის ბრალი არ არის. მთავარია, როგორ მოახერხებს იგი მის განეიტრალებას. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ეს ამოცანა ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი იქნება.
- ტრამპის არჩევისთანავე ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები მოხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ოპონენტები დღემდე გამოთქვამენ ვარაუდებს ტრამპის კრემლთან ურთიერთობებზე, ამერიკული პრესა ამ თემაზე საკმაოდ წარმატებულადაც ხმაურობს.
მეტიც, უკვე ვიცით, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის არაერთი წევრი და ტრამპთან დაახლოებული ასევე არა ერთი პირი მართლაც ყოფილა კავშირში რუს ოლიგარქებთან თუ სხვა მაღალჩინოსნებთან,
თქვენ როგორ შეაფასებდით ტრამპის არჩევის შემდეგ ვაშინგტონისა და თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკას?

- გეთანხმებით. თავიდან მართლაც იყო იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იზოლაციონიზმისკენ შებრუნდებოდა. ასევე ელოდნენ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია რუსეთთან გარიგებაში შევიდოდა და ეს, პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის არალეგიტიმური ინტერესების სასარგებლოდ მოხდებოდა.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ იზოლაციონიზმი და ეკონომიკური ნაციონალიზმი. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ჯერჯერობით ამ უკანასკნელის ნიშნებს უფრო ატარებს, ვიდრე პირველის

პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ იზოლაციონიზმი და ეკონომიკური ნაციონალიზმი. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ჯერჯერობით ამ უკანასკნელის ნიშნებს უფრო ატარებს, ვიდრე პირველის.
რაც შეეხება რუსეთთან კავშირებს, მართლაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ კონტაქტებს ადგილი ჰქონდა. ვერ გეტყვით, სადამდე შეიძლება მისულიყო საქმე მთელი რიგი გაწონასწორებისა და შეკავების მექანიზმების არსებობა რომ არა აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში.
ფაქტია, რომ ტრამპის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობები არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესდა. პირველ რიგში, ეს რუსეთის მიმართ სანქციების მეთოდურ გამკაცრებაში გამოიხატა, რომ არაფერი ვთქვათ დიპლომატიურ დემარშებზე.
ტრამპის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობები არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესდა... თუმცა, ტრამპსა და პუტინს შორის პირადი ურთიერთობები ერთგვარად ფრჩხილებს გარეთ რჩება და ამით ნარჩუნდება ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვანი არხი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროს

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრამპსა და პუტინს შორის პირადი ურთიერთობები ერთგვარად ფრჩხილებს გარეთ რჩება და ამით ნარჩუნდება ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვანი არხი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროს.
- ვიცით, რომ ტრამპის ინაუგურაციიდან ძალიან მალე ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივანი ტილერსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შემდეგ გვახსოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებშიც მას, მართალია მოკლევადიანი, მაგრამ მაინც ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. შთამბეჭდავი იყო ვიცე-პრეზიდენტის პენსის ვიზიტი საქართველოში. არადა, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკულ-ქართული ურთიერთობების მიმართ ბევრი სკეპტიკურ პროგნოზებს აკეთებდა, მაგრამ, სინამდვილეში ასე სულაც არ აღმოჩნდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით, რა გაკეთდა კონკრეტულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და, თქვენი ინფორმაციით, ამავე კუთხით უახლოეს მომავალში რას უნდა ველოდოთ?

- მართლაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ბედი გაურკვეველი ჩანდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ბევრი ფიქრობდა, რომ საგარეო პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ტრამპი თავისდაუნებურად შეცდომებს დაუშვებდა პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის განსაზღვრაში და რუსეთის საამებლად ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც დააზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საბედნიეროდ, ეს შიში არ გამართლდა.
ყველას გასაკვირად, მან გარშემო უაღრესად გამოცდილი და საგარეო ურთიერთობებში ღრმად ჩახედული ადამიანები შემოიკრიბა, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს, ზოგადად რეგიონს.
პირველ რიგში მხედველობაში მყავს თავად ვიცე-პრეზიდენტი, ასევე თავდაცვის მდივანი, უშიშროების საბჭოს მდივანი, გაერთიანებული შტაბების უფროსი და სხვ. რაც მთავარია, ტრამპმა ბევრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამ ხალხის მოსმენა და აზრის გაზიარება დაიწყო. ასევე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ობამას ადმინისტრაციისგან, ახალი შემადგენლობის „თეთრი სახლი“ უფრო გახსნილი იყო გარე კონტაქტებისთვის. ამან გააადვილა მაღალი დონის კავშირების დამყარება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა.
ვვარაუდობ, რომ ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენმა საელჩომაც შეიტანა. შედეგად მივიღეთ მოკლე დროში მაღალი დონის შეხვედრების და ვიზიტების გაცვლა, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ასე მარტივად არ მოხდებოდა.
ბევრი ფიქrობდა, რომ საგარეო პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ტრამპი თავისდა უნებურად შეცდომებს დაუშვებდა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის განსაზღვრაში და რუსეთის საამებლად ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც დააზიანებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საბედნიეროდ, ეს შიში არ გამართლდა

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას წინა პერიოდიდან დახვდა ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მუშა და ქმედითი მექანიზმი „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის“ სახით და, შესაბამისად, თანამშრომლობის უაღრესად მრავალფეროვანი დღის წესრიგი. პრაქტიკულად, საქართველოს ყველა სამთავრობო უწყებაში ხორციელდებოდა ტექნიკური დახმარების პროგრამები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა, რაც არაერთ რეზოლუციასა თუ კანონში იქნა ასახული.
განსაკუთრებით გამოვყოფდი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის აქტიურ მუშაობას. ჩვენდა სასიხარულოდ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს თანამშრომლობა ღირსეულად გრძელდება, ღრმავდება და ახალი მიჯნებიც ჩნდება.
კერძოდ, უკვე დაანონსებულია ადრე შეთანხმებული „საქართველოს მზაობის“ სახელით წოდებული სამხედრო წვრთნების პროგრამის დაწყება მომავალი წლის გაზაფხულზე, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის არსებით განმტკიცებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ტრამპის მიერ საგარეო დახმარების შეკვეცის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე.
ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი იმედს აჩენს, რომ სხვა ამბიციური მიზნების დასახვაც შეიძლება, მაგალითად ისეთის, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ საკითხის დაძვრა და მოლაპარაკებების დაწყება. არ გამოვრიცხავ საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტსაც, თუმცა ეს ახლო მომავლის საქმე არ უნდა იყოს.
- დავუბრუნდეთ კვლავ რუსეთთან ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამში ტრამპი-პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ვგულისხმობ იმას, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ტილერსონი აცხადებდა რომ ვიეტნამში ტრამპი-პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არაა, პუტინის მრჩეველი, აშშ-ში რუსეთის ყოფილი ელჩი, უშაკოვი ამტკიცებდა რომ ამგვარი შეხვედრა მაინც შედგებოდა.
დამკვირვებელთა უმეტესობა გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ თუ ამგვარი შეხვედრა შედგებოდა, შესაძლოა საუბარი ისეთ აქტუალურ თემებზე ყოფილიყო, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, სირია და ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ერთობლივ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები. 10 ნოემბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მჭიდრო გრაფიკის გამო ტრამპი-პუტინის ორმხრივი შეხვედრა არ შედგებოდა.
თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად ”ვერ მოიცალა”? არადა, მოსკოვში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავლისმეტყველი პროგნოზები კეთდებოდა...

- როგორც ვიცით, ფრომალური შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ერთ-ერთ საერთო ღონისძიებაზე. თავად ის ფაქტი, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრისთვის „ვერ მოიცალა“, სინამდვილეში ნიშნავს, რომ არ არსებობდა ხელსაყრელი ფონი.
ერთი მხრივ, მხედველობაში მაქვს მიმდინარე გამოძიების პროცესში ახალად აღმოჩენილი გარემოებები წინასაარჩევნოდ ტრამპის გუნდის ცალკეული წევრების რუსულ მხარესთან კონტაქტებთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ რუსეთს ბრალდება არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით ჰაკერული ქმედებები.
თავად ის ფაქტი, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრისთვის „ვერ მოიცალა“, სინამდვილეში ნიშნავს, რომ არ არსებობდა ხელსაყრელი ფონი

კიდევ ერთ ხელშემშლელ მიზეზად ე.წ. „მინსკის შეთანხმების“ განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციის მოდალობებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა სახელდება.
- რადგანაც უკრაინა ახსენეთ, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში, ”ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის” 4,6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. იმავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობასაც მოხმარდება.
ცნობილია ასევე, რომ ტრამპს ჯერ ხელი არ მოუწერია აშშ-ს მიერ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ და ამ იარაღს კიევი მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულზე მიიღებს.
ვინაიდან, კრემლის გეგმები და ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ ზოგადად აქტუალურია, თქვენ როგორ შეაფასებდით, ტრამპის მმართველობის პირობებში ვაშინგტონის პოლიტიკას უკრაინის მიმართ?

- თქვენს მიერ ხსენებული თანხის გამოყოფა ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ში უკვე მყარად ჩამოყალიბდა აზრი რუსეთზე, როგორც სერიოზულ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე, რაც ”ცივი ომის” დამთავრების მერე პირველად ხდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაც მიანიშნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი რეგიონის მიმართ აშშ-ის მთავრობა ყურადღებას არ მოადუნებს.
რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინისთვის მომაკვდინებელი იარაღის გადაცემას, ვფიქრობ, ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება, მოხერხდება თუ არა რუსეთის დაყოლიება „მინსკის შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი რეგიონის მიმართ აშშ-ის მთავრობა ყურადღებას არ მოადუნებს... მიმდინარეობს ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტური კერის სტატუსზე. არავის სურს რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა „გაყინოს“ კონფლიქტი ისე, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოახერხა

მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარეობს ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტური კერის სტატუსზე. არავის სურს რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა „გაყინოს“ კონფლიქტი ისე, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოახერხა.
- პრეზიდენტ ტრამპს საკმაოდ გრძელვადიანი ვიზიტი ჰქონდა ჩინეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებში. მისი ვიზიტი პეკინში დროში დაემთხვა ჩინეთში დასრულებულ კომუმნისტთა მე-19 ყრილობას, რომელზეც ქვეყნის პირველმა პირმა სი ძინპინმა საკმაოდ გაიმყარა პოზიციები.
” ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ თითქმის ყველა პრობლემების გადაჭარას, შესაძლოა, ყველა პრობლემის”. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა არსებობს. მანამდე The New York Times წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხში ტრამპს ჩინეთის დახმარებას ვერ მიიღებს.
თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდა ტრამპის ჩინურ-აზიური ტურნე და თქვენი დაკვირვებით ჩრდილოეთ კორეის საკითხში რამდენად გამართლდა The New York Times პროგნოზი?

- მართლაც, ეს ვიზიტი გამოირჩევა თავისი ხანგრძლივობით. ამავდროულად უფრო მნიშვნელოვანია ის დილემა, რის წინაშეც ტრამპი იდგა აზიის ხუთ სახელმწიფოში მოგზაურობისას.
საქმე იმაშია, რომ მას უნდა მოეხერხებინა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის ერთდროული რეალიზაცია. პირველი უკავშირდება მის სურვილს, უარი თქვას ვაჭრობის მრავალმხრივ პლატფორმაზე და ამის ნაცვლად თითოეულ ქვეყანასთან იქონიოს თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი რეჟიმი. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში უკვე არსებული ორმხრივი რეჟიმები, ტრამპის წარმოდგენით, კაბალურია აშშ-სთვის და ამიტომ უნდა გადაიხედოს „ხარვეზების გამოსწორების“ მიზნით.
დრო გვიჩვენებს, რამდენად მოახერხა ტრამპმა ვიზიტის დროს ამ რთული დიპლომატიური ამოცანის გადაჭრა. პირადად მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. მიმაჩნია, რომ აშშ არ უნდა ელოდოს ჩინეთის მხრიდან არსებით ხელშეწყობას ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში

ბუნებრივია, ამგვარი „რევიზია“ უკმაყოფილებას იწვევს რეგიონის ქვეყანებში, რაც, სავარაუდოდ, ხელს უშლის მეორე პრიორიტეტის რეალიზაციას, ეს მეორე პრიორიტეტი აზიური სახელმწიფოების მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ერთობლივი მკაცრი პოზიციის შემუშავებას გულისხმობს.
როგორც ამ სახელმწიფოების სტუმრობისას გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, ტრამპი თითოეული ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სიმწვავით ახდენდა სავაჭრო ურთიერთობების რევიზიის საკითხის აქტუალიზაციას, რათა არ დაზიანებულიყო მეორე პრიორიტეტი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეგზისტენციალურ საფრთხეს უკავშირდება და შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანია პირველთან შედარებით.
ეს დილემა განსაკუთრებული დელიკატურობით სამხრეთ კორეის შემთხვევაში დგას, რომლის პრეზიდენტიც ისედაც წინააღმდეგია ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების და მოლაპარაკებების დაწყებისკენ იხრება.
დრო გვიჩვენებს, რამდენად მოახერხა ტრამპმა ვიზიტის დროს ამ რთული დიპლომატიური ამოცანის გადაჭრა. პირადად მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. მიმაჩნია, რომ აშშ არ უნდა ელოდოს ჩინეთის მხრიდან არსებით ხელშეწყობას ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში.
ჩინეთს საკუთარი გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ძალზე სჭირდება ბუფერული სახელმწიფო, ასევე არ სურს მასიური მიგრაციული ნაკადების მიღება ჩრდილოეთ კორეაში სერიოზული კრიზისის შემთხვევაში.
ერთი სიტყვით, ტრამპს გაუჭირდება ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან გამკლავება და, როგორც ჩანს, ეს საკითხი მის საპრეზიდენტო ვადაში მთავარ გამოწვევად დარჩება

თავის მხრივ, არც ჩრდილოეთ კორეაა „მორჩილი“ მეზობელი. ჯერ კიდევ „კორეის ომიდან“ მოყოლებული ეს სახელმწიფო თავს არ უხრიდა არც ჩინეთს და არც საბჭოთა კავშირს.
ეხლა, როდესაც იგი ბირთვული სახელმწიფო გახდა, მისი „ურჩობა“ კიდევ უფრო ძლიერ საფუძველს ემყარება. აქედან გამომდინარე, ჩინეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებლად გამოიწვევს ორმხრივი ურთიერთობების სერიოზულ ეროზიას, რაც, პრინციპში, არც აშშ-ის ინტერესებში შედის. ერთი სიტყვით, ტრამპს გაუჭირდება ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან გამკლავება და, როგორც ჩანს, ეს საკითხი მის საპრეზიდენტო ვადაში მთავარ გამოწვევად დარჩება.

კობა ბენდელიანი
”ინტრეპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები