არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული
13:00 16-11-2017
თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ. ახალი შემადგენლობით მთავრობის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ამ თემას თქვენ სოციალურ ქსელში კი გამოეხმაურეთ, მაგრამ ამავე თემაზე მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და თქვენს მიერ გამოთქმული ზოგიერთი პოზიციის დაზუსტება. საკადრო ცვლილებეთან დაკავშირებით ჭარბობს შეფასებები - „გაუაზრებელი ცვლილებები“, „საჭიროა ბევრი რამის დაზუსტება”, მაგრამ თქვენეული - ხდება „პოლიტიკის დეპოლიტაზაცია“, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არავის უთქვამს.
თუ თქვენც თვლით, რომ ცვლილებები არ არის სისტემური და კარგად გააზრებული”, რატომ მიგაჩნიათ რომ ასეა?

- ცვლილებები ნამდვილად კარგადაა გააზრებული და მისმა ინიციატორებმა ზედმიწევნით იციან, რა მიზანს ემსახურება მთავრობის ახალი კონფიგურაცია. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უზადოდ შესრულდა. სხვა მხრივ, საბოლოო მიზანთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია სპონტანურია და ყოველგვარ სისტემურობას არის მოკლებული.
რეორგანიზაცია სპონტანურია და ყოველგვარ სისტემურობას არის მოკლებული

ძნელი გასაგებია კონკრეტული პერსონალიების მოსვლაც პოლიტიკაში. არავინ შეიწუხა თავი და მათ შორის პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომ კონკრეტულად ამ სახელების და გვარების მოსვლა მთავრობაში განემარტა, მიზანი დაეზუსტებინა, ეთქვა, რატომ მამუკა ბახტაძე და არა, ვთქვათ, თაბუაშვილი, ან კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები. და საერთოდ, რა კავშირშია ეს გადაადგილებები მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან, ან ვთქვათ სტრატეგიულ მიზნებთან. რამდენად შეესატყვისება ახალი სტრუქტურის სქემა, დღევანდელ ეტაპზე, მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს.
თუ პრიორიტეტებზე გავაკეთებთ აქცენტს, ცვლილებებიდან გამომდინარეობს, რომ ენერგეტიკა და ახალგაზრდობის პრობლემები პრიორიტეტები არ არის, ისინი ხომ სხვა სამინისტროებს მიუერთეს, აი, ინფრასტრუქტურა კი მნიშვნელოვანია. რატომ? რატომ არ შეიძლებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოქცევა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მერე რა, რომ იქ ბევრი ფული იხარჯება და ბევრის პიროვნული და ბიზნეს ინტერესები იკვეთება.
გაუგებარი ბევრი რამეა, მათ შორის ისიც, რა საერთო აქვს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან . ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, ორ სამინისტროზე გადაანაწილეს პროექტში. თუ სახალისოდ ვიტყვით, საერთოა მხოლოდ ის, რომ სოფელიც გარემოს ნაწილია.
თუ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტებიდან ამოვალთ, უფრო უპრიანი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმება და მისი კომპეტენციების მოქცევა ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცალკე არსებობის პირობებში, სოფლის მეურნეობა სათანადოდ არ ვითარდება, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი უნდა სოფლის მეურნეობის აღორძინება, მაგრამ ამ დროს არ აქვს სოფლის განვითარების რეალისტური და კარგად გააზრებული კონცეფცია.
არავინ დავობს, რომ ქვეყანას ძლიერი უსაფრთხოების სტრუქტურა და კონტრდაზვერვა სჭირდება, თუმცა საკამათოა აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის შიგნით გამსხვილებული სტრუქტურის არსებობა, პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებშიც კი, ასეთ სტრუქტურას პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ჰიპოთეტურად მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უფრო რეალური ხდება. ამაზეც სათანადო განმარტება იყო საჭირო. თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე საინფორმაციო-სადაზვერვო უწყება როცა ჩამოყალიბდა ირაკლი ბათიაშვილის ხელმძღვანელობით, ის დასავლური სტანდარტების შესაბამისად მთავრობის გარეთ იქნა გატანილი.
რეორგანიზაცია საკმაოდ რთული და ბევრი ასპექტის შემცველი მოვლენაა და სასურველი იყო მისი უფრო გულმოდგინედ გააზრება

ცვლილებები ყოველთვის კარგია, ოპტიმიზაცია გულდასმით და თანმიმდევრულად გასატარებელი, ხოლო თუნდაც სამთავრობო უწყებებიდან ხალხის მექანიკური დათხოვნა, ჩემი აზრით, მიუღებელია. ისედაც, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებში სამთავრობო-სამოხელეო თანამდებობებზე მუშაობა პრესტიჟული არ არის. კომპეტენტური კადრების მიყვანა სახელისუფლო სტრუქტურებში საკმაოდ რთულია - იგივე ადამიანები გაცილებით მეტს იღებენ კერძო კომპანიებში, იქ ანაზღაურებაც მაღალია და პერსპექტივაც საიმედო.
ასე რომ, რაგინდარა საჭირო რეორგანიზაცია საკმაოდ რთული და ბევრი ასპექტის შემცველი მოვლენაა და სასურველი იყო მისი უფრო გულმოდგინედ გააზრება. ახლა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დროთა განმავლობაში, სრულყოფილად გავიაზროთ მომხდარის დეტალები.
- იქნებ დააზუსტოთ - რას ნიშნავს მოსალოდნელი ცვლილებების კონტექსტში თქვენეული შეფასება „პოლიტიკის დეპოლიტიზაცია“?
- ეს უკვე პროცესის სხვა კონტექსტის შემცველი ასპექტია. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებთან მიმართებაშიც იგრძნობა პოლიტიკის დეპოლიტიზაციის შედეგები. თუმცა, ეს ტენდენცია ქართულ სინამდვილეში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იღებს სათავეს და სულ უფრო და უფრო ძლიერდება. თუ იგი ლოგიკური იყო ეროვნული მოძრაობის ხანაში, რადგან ინტელექტუალური ელიტა ძირითადად ნომენკლატურულ სისტემებში იყო გადანაწილებული, აბსოლუტურად გაუგებარია მისი არსებობა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25–26 წლის შემდეგ.
თითქოსდა ჩამოყალიბებულია პოლიტიკური კლასი, თითქოს არ ვუჩივით პარტიების სიმცირეს, მაგრამ პროფესიონალ პოლიტიკოსებს, ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ფაქტობრივი მმართველი, ახალბედა და გამოუცდელ დებიუტანტებს ამჯობინებენ. და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ასეთი მიდგომები გარკვეულწილად ეხმიანება ხალხის განწყობას.
თითქოს ჩამოყალიბებულია პოლიტიკური კლასი, თითქოს არ ვუჩივით პარტიების სიმცირეს, მაგრამ ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ფაქტობრივი მმართველი პროფესიონალ პოლიტიკოსებს ახალბედა და გამოუცდელ დებიუტანტებს ამჯობინებენ

ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, გარკვეულწილად, დისკრედიტაცია განიცადა მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელთა შორის, ჩემი აზრით, ორ მთავარს გამოვყოფდი. ეს არის, მოჭარბებული უნიადაგო პოპულიზმი და კორუფციასთან წილნაყარობა. ხალხი ამას არ პატიობს პოლიტიკურ ელიტას და შესაბამისად, ჩნდება ინდიფერენტული, ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი.
ამასთან, პოლიტიკაში ახალბედების შემოყვანა მოსწონთ ქვეყნის დღევანდელ მესვეურებს - თუ კაცს პოლიტიკაში არაფერი უკეთებია, ბუნებრივია, პოლიტიკური შეცდომებიც არ ექნება დაშვებული, თუ ის ახალგაზრდაა, შესაბამისად კომპრომეტირებულიც არ იქნება - ვერ მოასწრებდა. ამ მიდგომებით ხელმძღვანელობენ დღევანდელი ფაქტობრივი მმართველი და მის მიერ პოლიტიკოსებად დანიშნული ელიტა და გარშემო იკრებენ პოლიტიკის დებიუტანტებს მინისტრის ამპლუაში. არ მგონია, გონივრული იყოს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმა მინისტრის პოსტზე ან პარლამენტარის პოზიციაზე.
პოლიტიკის დეპოლიტიზაცია შედეგია კონკურენციის გაქრობისა პოლიტიკის სფეროდან, ბიზნესის სფეროდან და თქვენ წარმოიდგინეთ სახელოვნებო სფეროდანაც კი.
პოლიტიკის დეპოლიტიზაცია შედეგია კონკურენციის გაქრობისა პოლიტიკის სფეროდან, ბიზნესის სფეროდან და თქვენ წარმოიდგინეთ სახელოვნებო სფეროდანაც კი

თუ პოლიტიკოსები და მათი პარტიები არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ახალგაზრდა ეკონომისტს რა უნდა ჰქონდეს საკამათო გამოუცდელ ექიმთან, რომელიც პარლამენტში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მმართველი ძალისადმი ლოიალურად არის განწყობილი და პოლიტიკური შეხედულებები არ გააჩნია. ასეთი მიდგომა შორს მიმამავალი უარყოფითი შედეგების საკმაოდ მასშტაბურ პერსპექტივას რეალურს ხდის.
- ბატონი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „სამთავრობო ცვლილებებმა პრემიერის პოზიციები შეასუსტა“. სხვათა აზრით, თუ მანამდე მხოლოდ კალაძე მოიაზრებოდა პრემიერ კვირიკაშვილის კონკურენტად, ახლა სახელდებიან ბატონები გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე.
სხვათა შორის, ბევრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ შსს-ს მინისტრად არაპოლიტიკური წარსულის მქონე გიორგი გახარიას დანიშვნაც გაუგებარია, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის კანდიდატურის დასახელება, რომელსაც ახლა ხშირად ახსენებენ 2012 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობისთვის“ 20 ათასი ლარის გადარიცხვას.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ბატონ გია ხუხაშვილის მტკიცება და რას შეიძლება ნიშნავდეს მთავრობაში არაპოლიტიკური წარსულის მქონე გახარია-ბახტაძის გამოჩენა?

- სხვათა შორის, ასეთი მოსაზრება მეც გამოვთქვი და ამდენად ვიზიარებ მას. ამავე დროს, ნაადრევია კვირიკაშვილის კონკურენტებზე საუბარი, მისი მთავარი კონკურენტი სადღეისოდ ისევ თავად გიორგი კვირიკაშვილია. თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცენტრისტულ-ლიბერალური შეხედულებები ჩვენ დასავლეთელ პარტნიორებს და ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის ნაწილს მოსწონთ.
თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული

კვირიკაშვილი, კულუარული ინფორმაციის თანახმად, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მოიაზრება სახელისუფლო პოლიტიკური ძალის მხრიდან, ისევე როგორც თავად გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
რაც შეეხება მომავალი პრემიერის კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილის ხედვების და ტაქტიკური სვლების გათვალისწინებით, ეს უდავოდ გიორგი გახარიაა. ამიტომ მიანდეს მას შინაგან საქმეთა მინისტრის მაღალი და ამავე დროს საპასუხისმგებლო პოსტი და ვიცე-პრემიერადაც გაამწესეს. ანუ მას რთული ამოცანის ამოხსნა და საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება მოუწევს, რომ ის მთავრობის მეთაურობის რეალური კანდიდატია.
რაც შეეხება მომავალი პრემიერის კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილის ხედვების და ტაქტიკური სვლების გათვალისწინებით, ეს უდავოდ გიორგი გახარიაა

„ნაცმოძრაობისთვის“ 20 ათასი ლარის შეწირვა მე ტექნიკური დეტალი მგონია და მეტი არაფერი. უფრო ის არის საყურადღებო, რომ ფინანსთა მინისტრი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი ხდება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მის წარმატებულ საქმიანობას ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
- თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ჯერ მოადგილეები, შემდეგ გამგებლები და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაასახელა. გარდა ამისა, მან მერიის თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭირვალეობა მოითხოვა.
თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს კახი კალაძის მერობა?

- პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, ისე როგორც მჩხიბავობა და მუცლითმეზღაპრეობა, მაგრამ რახან წინასწარმეტყველის მანტია შემომთავაზეთ, გეტყვით, რომ კახა კალაძე დღევანდელი ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი გამოცანაა. არავინ ელოდა, მათ შორის პირადად მეც, რომ ის მოკლე დროში ამდენად საფუძვლიანი ხედვების და თანმიმდევრული ნაბიჯების პოლიტიკოსად ჩამოყალიბდებოდა. შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება და ფეხბურთის ვარსკვლავობა ერთი პლანეტაა, ხოლო პოლიტიკა სულ სხვა.
ჯერჯერობით კალაძის ზრდის ტემპი ჩემთვის სიურპრიზია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ 2-3 წლის შემდეგ მას გაუჩნდეს დასაბუთებული პრეტენზია სამოქმედო არეალის გაფართოებასა და სხვა სიმაღლეზე. გავრისკავ და ვიტყვი, რომ კალაძე, ვფიქრობ, წარმატებული მერი იქნება. ოღონდ დავაყოლებ, თუ მან არა მარტო მოიარა დედაქალაქი, არამედ გააგებინა კიდეც თბილისელებს, რას აკეთებს და რა უნდა.
კალაძის ზრდის ტემპი ჩემთვის სიურპრიზია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ 2–3 წლის შემდეგ მას გაუჩნდეს დასაბუთებული პრეტენზია სამოქმედო არეალის გაფართოებასა და სხვა სიმაღლეზე

თუ მას არ ეყოლება გარემოცვასა და გარშემო მხოლოდ თავისი ტოლი ან თინეიჯერი თანამებრძოლები, თუ ის მოახერხებს დიალოგის გამართვას იმათთან, ვისაც დამსახურება აქვს ქალაქისა და ქვეყნის წინაშე და ურთულეს დროში უზიდია მაღალი პოსტის თუ ერისკაცის ჭაპანი, თუ შეძლებს თაობებს შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენას, თუ მოეთათბირება ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან გიგა ბათიაშვილი, ნიკო ლეკიშვილი, სხვები. კარგი იქნება თუ ჩამოაყალიბებს საპატიო თბილისელთა საკრებულოს, ან გონიერი და გამოცდილი ადამიანებისგან შემდგარ 30–50 კაციან მრჩეველთა საბჭოს.
იმედი მაქვს, სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც თბილისის წინაშე ბევრი დგას, დაწყებული საშინელი საცობებიდან, დამთავრებული იმით, რომ თბილისი საპირფარეშოების არარსებობის გამო ერთ დიდ ტუალეტადაა ქცეული ღია ცის ქვეშ, რაც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, იმედი მაქვს, კალაძე ყველა ამ პრობლემას ღირსეულად გაუმკლავდება.
- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი აცხადებს, რომ „სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით“, მაგრამ თუ თქვენს ლოგიკას გავყვებით, ვგულისხმობ პოლიტიკის მიზანმიმართულ დეპოლიტიზაციას, რომლის პირობებშიც კონკურენცია უამრავ სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში გამორიცხულია, ასეთ ვითარებაში უპრიანია დაისვას კითხვა - მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი რა შეიძლება იყოს და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით?
- პრემიერი, რომელიც ავტორია ცვლილებების, ცხადია ოპტიმისტი უნდა იყოს. მე ვუსურვებ მას, რომ მოლოდინები გამართლებოდეს, თუმცა, პირადად ამის რეალური მოლოდინი არ მაქვს და მისი ოპტიმიზმიც გადაჭარბებული მგონია.
ვერ ვხედავ ამ ცვლილებების ვექტორს და არ ჩანს, რა ასაზრდოებს პრემიერის ოპტიმიზმს. ახლებს მთავრობაში დასამტკიცებელი აქვთ, რომ ისინი მართლა იმსახურებენ ასეთ პატივს და რეალურად შეუძლიათ საქმის კეთება და რომ ისინი პოლიტიკოსები არიან

უბრალოდ, მარტივი მიზეზით - ვერ ვხედავ ამ ცვლილებების ვექტორს და არ ჩანს რა ასაზრდოებს ასეთ ოპტიმიზმს. ახლებს მთავრობაში დასამტკიცებელი აქვთ, ჯერ ერთი, რომ ისინი მართლა იმსახურებენ ასეთ პატივს და რეალურად შეუძლიათ საქმის კეთება და მეორე, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან. ეს კი არაა ადრე, მალე და იოლად დასამტკიცებელი ამოცანა. ეს უფრო მრავალუცნობიან განტოლებას ჰგავს.
- ამ თემაზე პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისხმევა და სიფრთხილე დასჭირდება, რათა ერთპარტიული მმართველობა მართვის ერთპარტიულ სისტემად არ ჩამოყალიბდეს, ხოლო მოსახლეობასთან გაუცხოების პროცესი - მასთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს“
გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებაზე“, როგორც ერთ პარტიაზე საუბარი ხშირად ჭირს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რაზეც ბატონი ვახტანგ ძაბირაძე ამახვილებს ყურადღებას, ქართული შიდა პოლიტიკის აქტუალური თემა გახდეს?

- სავსებით შესაძლებელია ასეთ რეალობამდე მისვლა. თუმცა, ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს, მმართველობის ერთპარტიულობაში ვერ დავეთანხმები. ერთპარტიულ მმართველობას ერთი პარტიის არსებობა სჭირდება. მე უფრო კაკი წერეთელს შევეხმიანები და ვიტყვი, რომ არ არსებობს ასეთი პარტია – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ხოლო ვინც ლენინივით წამოიძახებს არისო, „უმრავლესობის - ბოლშევიკების პარტია“, მის გასაგონად ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებაზე“, როგორც ერთ პარტიაზე, რეგიონულ ჭრილში სტრუქტურირებულზე, ადმინისტრაციულ ერთეულებზე მიუბმელზე, მკაფიო იდეურ მსოფლმხედველობრივი კონცეფციის ძალაზე, ევროსოციალისტების ქართველ პარტნიორზე, დემოკრატიულ ერთობაზე, შინაპარტიული დემოკრატიის მქონე გაერთიანებაზე, ევროპული ტიპის პარტიაზე ან თუნდაც პარტია-მოძრაობაზე საუბარი ძალიან ძნელია.
რაც შეეხება მოსახლეობასთან, მე ვიტყოდი საზოგადოებასთან, გაუცხოებას და მოქალაქეებთან დაპირისპირების პერსპექტივას, დავეთანხმები ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს.
უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებლებამ ერთხელ უკვე გაიარა ბეწვის ხიდზე, გაგახსენებთ ბათუმის ამბებს, როცა აღელვებულმა ბრბომ პოლიციის შენობა და ქუჩებში მანქანები, მათ შორის პატრულის მანქანები, დაარბია და ქალაქში ქაოტური მდგომარეობა შექმნა.
,,ქართულ ოცნებაზე”, როგორც ევროპული ტიპის ერთ პარტიაზე, ან თუნდაც პარტია-მოძრაობაზე საუბარი ძალიან ძნელია

პოლიციამ ფილიგრანულად იმუშავა, თუმცა ბეწვის ხიდზეც გადაიარა, იმ არეულობასა და შეხლა-შემოხლაში ერთი ადამიანიც, რომ დაღუპულიყო, მით უმეტეს ჩვენდა სავალალოდ ანალოგიური აქციები დაიწყებოდა რამდენიმე საათში დედაქალაქში. თბილისში ელოდა კიდეც პოლიტიკოსების ნაწილი ხალხს მთავრობის სახლთან, იგივე განმეორდებოდა ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ეს კი სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო.
მერე კი ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული,რაოდენ კეთილგონიერებას გამოიჩენდა ქართველი ხალხი, რა რეაგირება ექნებოდათ საქართველოში არეულობაზე რუსებს, თურქებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებს, ვინ შევიდოდა პირველი ბათუმში რუსები, თურქები თუ ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ასე შემდეგ. არ გვინდა, ბეწვის ხიდზე არ უნდა გავიაროთ, ამ ხიდზე ქართული სახელმწიფოს მომავალი დევს და ემანდ არ ჩაგვიწყდეს ეს ბეწვის ხიდი.
- ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ ცვლილებების, თუ შეიძლება ასე ითქვას, თეორიულ ნაწილზე. ახლა თქვენი ნებართვით რამდენიმე აქტუალურ და კონკრეტულ თემას შევეხოთ.
კერძოდ, სუს-ისა და დაზვერვის გაერთიანების უვარგისობაზე. ასევე იმაზე, თუ რატომ დაინიშნება საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსად შსს-ს ყოფილი მინისტრი მღებრიშვილი და სხვა.
ამ თემებზე თქვენი მოსაზრება სავარაუდოდ როგორი იქნება?

- სუს–ის და დაზვერვის გაერთიანება შეიძლება, ოღონდ ეს უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი, კარგად დაფინანსებული უწყება პარლამენტის ან პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში, უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და ასე შემდეგ. ამ მსჯელობას, როგორც თავად ამჩნევთ, მივყავართ სისტემური ცვლილებების აუცილებლობამდე მომავალში. დღეს კი რაც არის, არის. ჩვენ ამ უწყებას ზიანი არ უნდა მივაყენოთ, რადგან მიზერული რესურსებით ურთულესი ამოცანების წინაშე დგას, დღევანდელ ურთულეს საერთაშორისო ვითარებასა და რეგიონულ გარემოცვასთან მიმართებაში.
ბატონი მღებრიშვილი ურიგო მინისტრი არ იყო. მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ცალკეული შეცდომები, მაგრამ არა ისეთი, რომ მისი სამთავრობო კარიერა დასრულებულიყო. ამდენად, ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს მის სხვა პოზიციაზე გადაყვანაში.
- ვინაიდან ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე არ გვისაუბრია, ამ თემას უნდა შევეხოთ. ამ თემაზე საუბრისას ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ ასეთი აზრი გამოთქვა - „ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმოშვას“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას? და კიდევ, რადგან თვლით რომ კონკურენცია, მათ შორის პოლიტიკური კონკურენცია გაუქმებულია, არსებულ ახალი პოლიტიკურ რეალობაში მოვლენათა განვითარების რა სავარაუდო სცენარებია შესაძლებელი?

- ამ კითხვაზე, ეპიკური ჟანრი რომ გახდება მოდური ქართულ ჟურნალისტიკაში მერე გიპასუხებთ. ვხუმრობ, რასაკვირველია. სავარაუდო სცენარები ბევრია და აბსოლუტურად სხვადასხვა. ზოგზე საჯაროდ საუბარი არც მსურს და არც ეგების. მინიშნებით მიგანიშნებთ.
არ ვისურვებდი პრორუსულად მონათლული პარტიების გამარჯვებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რასაც ქვეყანასთან მიმართებაში ტექტონიკური ძვრები მოჰყვება. არ ვისურვებდი დასავლური ფონდებისგან დაფრთიანებული თუთიყუშების მიერ ხელისუფლების უზურპაციას, არ ვისურვებდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მხრიდან საქმეში ჩაუხედავ პოზიციას ქართულ და რეგიონულ პრობლემებთან მიმართებაში. მათ ან არასწორ ინფორმაციას და დასკვნებს აწვდიან მათივე დაპურებული პროპაგანდისტები ან არ სურთ სინამდვილის ადეკვატურად დანახვა.
რეალობა კი მართლაც ისეთია, როგორიც არის, ანუ სიმშვიდე ქარიშხლის წინ. სინამდვილიდან კონკურენციის განდევნას პრობლემების გაქრობა არ მოჰყვება. პოლიტიკური დუღილის მაღალი ტემპერატურა მძაფრი პროცესების თავიდან აცილების აუცილებელი წინაპირობაა.
რეალობა კი მართლაც ისეთია, როგორიც არის, ანუ სიმშვიდე ქარიშხლის წინ. სინამდვილიდან კონკურენციის განდევნას პრობლემების გაქრობა არ მოჰყვება. პოლიტიკური დუღილის მაღალი ტემპერატურა მძაფრი პროცესების თავიდან აცილების აუცილებელი წინაპირობაა

ერთადერთი გამონათქვამი მომწონდა მიხეილ სააკაშვილის - პოლიტიკა ცხელი ოთახია და ვისაც ამ ცხელ ოთახში არსებობა არ შეუძლია, ის არც უნდა იყოსო პოლიტიკაში. დანარჩენი მისი სენტენციებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს კი სწორია და ჭეშმარიტი. უპრეტენზიო ნუვორიშების დაწინაურება მაღალ თანამდებობებზე კი არ სპობს წინააღმდეგობას და დაპირისპირებას, მხოლოდ მიჩქმალავს მას, რაც წლების შემდეგ უფრო მწვავედ იჩენს თავს და სერიოზულ კატაკლიზმებამდე მიგვიყვანს.
ამიტომ, იქნებ დიალექტიკოსები გადავიკითხოთ, ძველი ბერძნებიდან დაწყებული და განვითარების მთავარი მასტიმულირებელი - კონკურენცია დავაბრუნოთ პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, ყველგან, ყველა დონეზე დავამკვიდროთ მერიტოკრატია - ადამიანებმა ადგილი დაიკავონ საზოგადოებრივ იერარქიაში ნიჭის, უნარებისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად და არა ამა თუ იმ პიროვნებისადმი თუ პარტიისადმი ლოიალობის გამო. „ქართულ ოცნებად“ წოდებული დაჯგუფების დღევანდელი დომინირება ქვეყანაში, უნდა გადაიზარდოს ჯანსაღი კონკურენციის რეჟიმით ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიის გაღრმავებაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი რესურსი ქვეყნის განვითარებისათვის - ჩვენი ადამიანების ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა და ინტელექტი, სხვა რესურსი ამ ქვეყანას არ გააჩნია. ამ რესურსის გამოყენება კი მხოლოდ დემოკრატიისა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები