არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
თუ გვინდა განვავითაროთ ”აბრეშუმის გზის” სატრანზიტო სისტემა, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებთან ყოველდღიური კოორდინაცია უნდა გვქონდეს
12:35 01-12-2017
 თუ გვინდა განვავითაროთ ”აბრეშუმის გზის” სატრანზიტო სისტემა, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებთან ყოველდღიური კოორდინაცია უნდა გვქონდეს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი კი იცვლება, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს საქართველოში იმპორტირებულ საწვავზე ასახულიყო. არადა, ბენზინზე ჩვენთან ფასი 20 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ჩვენთან ბენზინზე ფასის ზრდა?
- ჯერ ერთი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა, იყო ბარელი 40 დოლარი, ახლა 60 დოლარს ასცდა. მაგრამ, აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ლარის დევალვაცია, ანუ ლარის გაუფასურება.
ნავთობზე ფასების ზრდა და ლარის გაუფასურება გახლავთ ბენზინზე ფასის ზრდის მიზეზი
მოგეხსენებათ, ჩვენთან საწვავი იმპორტირებულია დოლარში, ლარის ვარდნა პირდაპირ აისახება ბენზინის თვითღირებულებაზე. ნავთობზე ფასების ზრდა და ლარის გაუფასურება გახლავთ ბევზინზე ფასის ზრდის მიზეზი.
- ხელისუფლებისაგან ლარის გაუფასურებაზე დამაჯერებელი განმარტებები არ მოგვისმენია. რამდენიმე დღეა ლარი 2-3 პუნქტით კი მყარდება თითქოს, მაგრამ დამკვირვებელთა ერთი ნაწილი ამას იმას უკავშირებს, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მივიდეს და მას სათქმელი რაღაც მაინც ჰქონდეს. თქვენ რას მიიჩნევთ უკანასკნელ პერიოდში ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების მიზეზად?
- ლარის კურსის სტაბილურობის გრძელვადიანი ფაქტორი არის მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ეკონომიკის რეალური სექტორი. სხვა ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს. ძლიერი რეალური სექტორი ნიშნავს იმას, რომ ექსპორტ-იმპორტის სალდო თუ დადებითი არა, ყოველ შემთხვევაში მკვეთრად უარყოფითი არ უნდა იყოს. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, ანუ, იმპორტ-ექპორტის სალდო შეიძლება ითქვას კატასტროფული გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარზე მოთხოვნა ბევრად აღემატება ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს. ის, რაც ლართან მიმართებაში ხდება, გარდაუვალი პროცესებია. ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება.
ყველა სხვა ფაქტორი ზოგი სეზონურია, მხედველობაში მაქვს ზაფხულში ტურისტების რაოდენობის ზრდა, რაც ზაფხულის პერიოდში ასტაბილურებს ლარის კურსს, ზამთარში ინდაურის გაყიდვა დაასტაბილურებს. სხვადასხვა პერიოდებში მხოლოდ ამგვარი სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის სტაბილურობას.
იმპორტ-ექპორტის სალდო შეიძლება ითქვას კატასტროფული გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარზე მოთხოვნა ბევრად აღემატება ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს. ის, რაც ლართან მიმართებაში ხდება, გარდაუვალი პროცესებია
რაც შეეხება პროგნოზს. ვფიქრობ, რომ იანვრის 15 რიცხვამდე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული დაძაბულობა გაიზრდება იქედან გამომდინარე, რომ წინასაახალწლოდ კომპანიები დიდ შესყიდვებს ახორციელებენ. ამის შემდეგ შედარებით ამოვისუნთქებთ. ამას მთავრობა თავის თავზე დაიბრალებს, მაგრამ ეს არ იქნება მთავრობის დამსახურება, ეს იქნება საახალწლოდ გაყიდული ინდაურების დამსახურება.
- თბილისში ”აბრეშუმის გზის” ფორუმი ჩატარდა. ფორუმზე მეტად საინტერესო მოსაზრებები იქნა გამოთქმული საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებზე.
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არის ბუნებრივი ლოგისტიკური ცენტრი მათთვის, ვინც ევროპიდან იყურება აღმოსავლეთით, ასევე მათთვის, ვინც ევროპიდან აზიის ბაზრების ათვისებას ცდილობს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ” საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის” . მისივე თქმითვე, საქართველოს ”შუალედუ რი დერეფნის” ფუნქცია დაეკისრება.
თქვენ რამდენად პერსპექტიულად უყურებთ საქართველოს ამგვარ პერსპექტივას?

- ბუნებრივია, სტრატეგიულად მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ საქართველოს ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია არის ზუსტად ის, რომ იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი და გლობალიზაციის პროცესში მოვახდინოთ საკუთარი ფუნქციის რეალიზება. ასეთი ტიპის ფორუმები და ამ მიმართულებით სერიოზული ფიქრი რა თქმა უნდა, სტრატეგიულად სწორია.
მაგრამ, ზედმეტი ოპტიმიზმიც არ ვარგა. მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. გვესმოდეს ის სირთულეები, რაც ამ გზაზე გვაქვს და უნდა ვფიქრობდეთ კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ გადავლახოთ ეს სირთულეები.
”აბრეშუმის გზის” დერეფნის განვითარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე. იმისათვის, რომ ჩვენი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზება მოვახდინოთ, კონკურენცია უნდა გავუწიოთ ძალიან ძლიერ კონკურენტს - ჩინეთიდან რუსეთის გავლით ევროპასთან დამაკავშირებელ გზას. ეს კონკურენტი ძლიერია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ იმით, რომ ამ მეორე გზაზე ტვირთის გადაზიდვის თვითღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება იმაზე, რაც შესაძლოა ჩვენ გზაზე გავლა დაჯდეს.
რუსეთის გზა პრაქტიკულად ერთკომპონენტიანი, ანუ ერთტარიფიანი გადაზიდვაა, მაშინ როცა ”აბრეშუმის გზის” დერეფანში ტვირთმა მრავალი ქვეყანა უნდა გამოიროს, რომლებსაც სხვადასხვა ტარიფები აქვთ. გარდა ამისა, უნდა გამოიაროს კასპიის ზღვა.
ჩვენ თუ რეალურად გვინდა განვავითაროთ ”აბრეშუმის გზის” სატრანზიტო სისტემა, ამისათვის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გვქონდეს კოორდინაცია აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან იმისათვის რომ ”აბრეშუმის გზის” მთელ მონაკვეთზე ერთიანი სატარიფო პოლიტიკა იყოს მიღწეული
ამ საქმეში ჩვენ გვაქვს ორი მთავარი პრობლემა - პირველი პრობლემა ტექნიკური, ანუ ინფრასტრუქტურული ხასიათის გახლავთ. ჩვენ რაც არ უნდა განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, გავზარდოთ ტვირთების გამტარუნარიანობა, ჩრდილოეთის გზას იგი კონკურენციას ვერ გაუწევს. ასე იქნება თუ იგივე არ გაკეთდა აზერბაიჯანში, სიმძლავრეები არ გაიზარდა კასპიის ზღვაში, დაემატა გემები და ე.წ. საბორნე გადამზიდავები და იგივე არ გაკეთდა შუა აზიის ქვეყნებში. ეს უნდა იყოს ძალიან ბევრი ქვეყნის ერთიანი პოლიტიკა.
გარდა ამისა, არის სატარიფო პოლიტიკის პრობლემა. ამ თვალსაზრისით ჩვენზე გამავალი გზა ტარიფების კუთხით ჩრდილოეთის გზასთან მიმართებაში არაკონკურენტულია. ასეა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩვენზე გამავალ გზაზე მუშაობას კოორდინაცია აკლია.
შესაბამისად, ჩვენ თუ რეალურად გვინდა განვავითაროთ ”აბრეშუმის გზის” სატრანზიტო სისტემა, ამისათვის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გვქონდეს კოორდინაცია აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან იმისათვის, რომ ”აბრეშუმის გზის” მთელ მონაკვეთზე ერთიანი სატარიფო პოლიტიკა იქნას მიღწეული.
- ”აბრეშუმის გზის” ფორუმზე გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა განაცხადა - ”საქართველოს მიღწევები რეფორმების და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით შთამბეჭდავია”.
შეფასებები კარგია, მაგრამ მიღწევები რეფორმებში და ეკონომიკის განვითარებაში არანაირად რომ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, თუნდაც მათი დასაქმების ხარისხზე, ეს რით შეიძლება აიხსნას?

- როგორც ჩანს, ბატონ ჟანგს აქვს თავისი მოკლევადიანი ინტერესები. იგი საქართველოში 2-3 დღე იმყოფებოდა, კარგი ჭამა, კარგი სვა და წავიდა. მისთვის ჩვენი მისამართით ერთი-ორი ტკბილი სიტყვის თქმა პრობლემა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ იგი ამით ჩვენს კეთილგანწყობას იმსახურებს და თავის მიზნებს ახორციელებს.
მისი განცხადებები აბსოლუტურად ფორმალურ შინაარს მოკლებულ სადღეგრძელოებს გავს და ამდენად არც არაფერს ნიშნავს. ამგვარ განცხადებებს ჩვენი ხელისფლება იყენებს თავის სასარგებლოდ. რაც მან თქვა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენს საქმეებში ღრმად არის ჩახედული, ან შესაძლოა იგი სულაც ასე ფიქრობდეს.
- შესაძლოა, მაგრამ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საკმაოდ ბევრ და საინტერესო პროექტებს ახორციელებს...

- აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები სულაც არ არის დიდი. ეტყობა, ამგვარი განცხადებების გაკეთება მასაც სჭირდება, ვინაიდან ალბათ ამ საკითხებზე მისგანაც ითხოვენ პასუხებს თუნდაც იმ პროექტების განხორციელებაზე, რაზეც იგი თავად იქნება პასუხისმგებელი.
- ისანში ჩეჩნურ ჯგუფთან დაკავშირებით განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში უამრავი სპეციალისტი გვყოლია. ამ თემაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - ”როცა საქმე ტერორიზმს ეხება, ყველა კითხვას საჯარო პასუხები ვერ გაეცემა”. გასაგებია, რომ ყველაფერი საჯაროდ არ ითქმის, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომ არ აქვს საზოგადოებას პასუხები ამ საქმესთან დაკავშირებულ უმარტივეს კითხვებზე.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ოპერაციიდან კარგა ხნის გასვლის შემდეგაც კი საზოგადოებას მკაფი წარმოდგენა არ აქვს თუ რა მოხდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე?

- ყველასაგან ვისმენთ ნახევარსიმართლეს ან შეთქმულების თეორიებს. ეს კი ნამდვილად ინფორმაციის დეფიციტითაა გამოწვეული. საინფორმაციო ვაკუუმი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ექსპერტი გამოჩნდება. ინფორმაციის არარსებობის ვითარებაში ყველა შეთქმულების თეორიის კატეგორიებით მსჯელობს. ეს გასაგებია და ამაში გასაკვირი არაფერია.
არაჯანსაღი სიტუაციის დეტონაცია თავად ხელისუფლებამ მოახდინა იმით, რომ დღემდე არ უთქვამთ ღიად და გახსნილად თუ ვინ იყო ლიკვიდირებული და რა საფრთხეები ავიცილეთ
ხელისუფლების მხრიდან ამაზე უკმაყოფილების გამოთქმა, სრული აბსურდია. როცა ხედავ, რომ შეთქმულების თეორიებით საუბრობს ყველა, გამოდი და თქვი, რისი თქმაც შეიძლება. ფსევდოექსპერტიზისა და შეთქმულების თეორიებით აპელირების პროვოცირებას თავად ხელისუფლება ახდენს.
რაც შეეხება თალაკვაძის კომენტარს. ბუნებრივია, ყველაფერი ვერ ითქმება, მაგრამ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენ არაერთი ტერაქტი ვნახეთ ევროპაში და სხვაგანაც, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში კონცენტრირებულია მოსახლეობისთვის ორი მთავარი ინფორმაციის მიწოდებაზე - 1. ვინ იყვნენ და 2. რა იგეგმებოდა და რა საფრთხე არსებობდა. თუ ეს არ ითქვა, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ საზოგადოება თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.
არაჯანსაღი სიტუაციის დეტონაცია თავად ხელისუფლებამ მოახდინა იმით, რომ დღემდე არ უთქვამთ ღიად და გახსნილად თუ ვინ იყო ლიკვიდირებული და რა საფრთხეები ავიცილეთ. შეთქმულებების თეორიებით აპელირება მაინც რომ ჩამცხრალიყო, ეს ხელისუფლებას ნამდვილად უნდა გაეკეთებინა.
თუ ამ საქმეში ნამდვილად ჩატაევი მონაწილეობდა, ასეთი დონის ტერორისტები გარანტიების გარეშე რომ არ გადაადგილდებიან, ცხადია. სხვისი პასპორტით შემობლაყუნდა და მერე სადღაც ცხოვრობდა - ასე არ ხდება. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ მისცა ვინმეს გარანტიები, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ მისცა გარკვეული გარანტიები. ახლა მთავარია ძიება სწორედ ამ მიმართულებით წავიდეს.
მთავარი მე მაინც სხვა რამე მგონია. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ”ისლამური სახელმწიფო” პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ ახლა უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა მინიმუმ რამდენიმე ათასი კაცი ცდილობს რუსეთში შეღწევას. საქართველო რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, ფაქტია. აქ ისმის კითხვა - თუ ჩატაევმა, როგორც ცნობილმა პირმა, შეძლო საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა, მაშინ ნაკლებად ცნობილები ხომ უფრო შეძლებენ იგივეს გაკეთებას. აქ დგება ამ თვალსაზრისით რუსეთთან დაკავშირებული საფრთხეების წინა პლანზე გაჩენა.
ჩვენმა სპეცსამსახურებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჩვენ მათგან მივიღოთ მონაცემები რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც ახლო აღმოსავლეთში ”ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში იბრძოდა და პოტენციურად ვინ შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში
ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ძალიან მძიმე და რთული დამოკიდებულებები გვაქვს, ჩვენმა სპეცსამსახურებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჩვენ მათგან მივიღოთ მონაცემები რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც ახლო აღმოსავლეთში ”ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში იბრძოდა და პოტენციურად ვინ შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში.
საზღვრების კონტროლის დროს ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც ტერორისტებთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი და იბრძოდნენ ახლო აღმოსავლეთში. ამით ჩვენ რუსეთის მხრიდან ავიცილებდით ბრალდებებს ჩვენსავე ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნის შესახებ. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ და ზეგ რუსეთმა საქართველოს მიმართ ამგვარი ბრალდებები გააჟღეროს და ტერორისტების მფარველობაში დაგვადანაშაულოს.
- გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ აქ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია. პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში 4 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა. ექსპერტთა ვარაუდით, მათგან ნახევარი დანარჩენი ნახევრის საკონტროლებლად რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტურა იქნება. ასეთ ვითარებაში იმედი იმისა, რომ რუსული მხარე ქართულს ”ისლამურ სახელმწიფოში” თავისი აგენტურულ ქსელში ჩაბმული ადამიანების სიას გადასცემს ნულის ტოლია...
- მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ რუსებს ამ სფეროში თანამშრომლობა რომ უკეთ დავიცვათ საზღვარი და შეგვეძლოს დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდან აცილება.
ჩვენ უნდა მოვახდინოთ ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლის საკითხში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სურვილის დემონსტრირება. ეს რას მოგვცემს და რას არა, ეს სხვა საკითხია. თუ ისინი უარს იტყვიან ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებაზე, მაშინ ჩვენი მისამართით მათი ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებელი იქნება.
- თბილისის მერმა კახი კალაძემ მერიაში მოქმედი 19 კომისია გააუქმა, მათ შორის არქიტექტურის სამსახურთან არსებული ორგანო - ზონირების საბჭო. ასევე დაადგინა, რომ ნაგავი და ნარჩენები თბილისში გატანილ იქნას არა შუადღისას, არამედ შუაღამისას. როგორ შეაფასებდით კალაძის, როგორც მერის სტარტს?
- კალაძის ინიციატივებს აქვს ორი ასპექტი - წმინდა მენეჯერული ასპექტი და პოლიტიკური ასპექტი. რაც შეეხება მენეჯერულ ასპექტს, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს. რასაც კალაძე დღეს აკეთებს, არ შეიძლება ადამიანი ამას არ მიესალმო. ეს პრობლემები ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებობდა და მან ახლა დაიწყო მთელი სისტემის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია. კარგია, რომ ნაგვის მანქანები დღისით არ იმოძრავებენ და საცობებს არ შექმნიან განსაკუთრებით ძველ უბნებში.
კალაძის პირველი ნაბიჯების გასაკრიტიკებელი ბევრი არაფერი მაქვს. სხვა საკითხია, შედეგად რას მივიღებთ. ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს ასეთი რამ - როცა ერთ სისტემას მეორეთი ანაცვლებდნენ. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაღაცებს აუქმებ, რომ ერთი ინტერეს-ჯგუფი მოიშორო და ახალი ინტერეს-ჯგუფი შემოიყვანო. ასეთი რისკი არსებობს. არ მინდა ზედმეტად სკეპტიკური ვიყო, მაგრამ ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.
თუ შედეგად მივიღეთ უფრო ეფექტური სისტემა, კარგი იქნება, მაგრამ თუ ზონალურ საბჭოს გააუქმებენ და ხვალ სხვა ქუდის ქვეშ თუნდაც დაფარულად ანალოგიური რამ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში სხვა შედეგი იქნება.
რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, კალაძეს ნაბიჯებში ჩანს, რომ იგი არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს წყვეტს, არამედ გარკვეულ წილად თავის კამპანიას აგრძელებს. მის გზავნილებს პოლიტიკური კონტექსტები იგრძნობა. კარგად ჩანს, რომ კალაძეს აქვს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და ამაში დასაძრახი არაფერია.
კალაძის პირველი ნაბიჯების გასაკრიტიკებელი ბევრი არაფერი მაქვს... თუ შედეგად მივიღეთ უფრო ეფექტური სისტემა, კარგი იქნება, მაგრამ თუ ზონალურ საბჭოს გააუქმებენ და ხვალ სხვა ქუდის ქვეშ თუნდაც დაფარულად ანალოგიური რამ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში სხვა შედეგი იქნება
ის პოლიტიკოსია და მერის ფუნქციების შესრულებისას მასში მხოლოდ მენეჯერული ფუნქციების შესრულება არ იგრძნობა. იგრძნობა გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით თუ როგორ განვითარდება პროცესები.
- ამერიკაში მყოფი სინოდის წევრები აშშ-ს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მეტიც, თუ აქამდე მეუფე იაკობი რუსეთის სასარგებლო განცხადებებს აკეთებდა, დღეს აცხადებს - ”ამერიკას ჩვენთვის არ უღალატია, რუსეთი კი ღიად გვეომება”. თან ამატებს - ”ვაშინგტონში ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ”.
რას უნდა ნიშნავდეს სინოდის წევრთა უცნაური ფერისცვალება? თქვენი აზრით, მათი განცხადებები რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- ვერ გეტყვით. ჩემთვის ეს ღიმილისმომრგველია. მოსმენილი მაქვს ზოგიერთი მათგანისაგან იმ ტიპის მოსაზრებები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორსაა ფასეულობათა იმ სისტემიდან, რასაც ამკვიდრებს ვაშინგტონი.
თუ სინოდის წევრები გამოვლენ და იტყვიან - ”გაუმარჯოს ამერიკას!” მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. თუ მათთვის დასავლური ფასეულობათა სისტემა აგრეთვე მისაღებია, ანუ არა მარტო ვაშინგტონი მოეწონათ, არამედ ამერიკის ფასეულობათა სისტემა მოეწონათ, მე მათ ორივე ხელით ტაშს დავუკრავ, მაგრამ მათ ფასეულობათა სისტემაში სერიოზული აცდენა აქვთ.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები