არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
სააკაშვილს არც ერთ ოპოზიციურ ჯგუფთან არ სურს კოლექტიურად მოქმედება, თან უკრაინული საზოგადოება ახლა არ არის მზად მესამე მაიდანზე გასასვლელად
09:39 14-12-2017
სააკაშვილს არც ერთ ოპოზიციურ ჯგუფთან არ სურს კოლექტიურად მოქმედება, თან უკრაინული საზოგადოება ახლა არ არის მზად მესამე მაიდანზე გასასვლელად უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე "ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვიაჩესლავ, სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა. როგორ შეაფასებდით სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობას და ყველაფერ იმას, რაც სააკაშვილის ირგვლივ ახლა კიევში ხდება?
- რაც ახლა კიევში ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება. უკრაინული ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც მკვეთრად გამოხატულ ანტიპრეზიდენტულ ბრძოლაშია ჩაბმული, ამწვავებს ვითარებას. ისინი პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ. ეს ბრძოლა ძალიან ჰგავს ორი პიროვნების, პოროშენკოსა და სააკაშვილის პირად კონფლიქტს.
რაც ახლა კიევში ხდება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება... ფაქტია, სააკაშვილის გააქტიურებაზე პრეზიდენტის გუნდის რეაქციაც მყისიერი იყო და დაუშვა შეცდომები, რითაც სააკაშვილს მიეცა საშუალება მისი პერსონის მიმართ ყურადღება მედიას მიექცია

ფაქტია, რომ სააკაშვილმა მოახერხა გამოეყენებინა საზოგადოებაში არსებული განწყობები. მხედველობაში მაქვს საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი, კერძოდ კი პირადად პოროშენკოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. სააკაშვილის გააქტიურებაზე პრეზიდენტის გუნდის რეაქციაც მყისიერი იყო. გაზაფხულიდან მოყოლებული კონფლიქტი მწვავდებოდა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილს ჯერ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიმაჩნია, რომ ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის მიმართ დაშვებული პირველი შეცდომა. მომხდარმა პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა. სააკაშვილს მიეცა საშუალება მისი პიროვნებისადმი ყურადღება მედიას მიექცია.
მეორე შეცდომა პოროშენკომ და მისმა გუნდმა მაშინ დაუშვა, როცა გადაწყვიტეს იგი არ შეეშვათ უკრაინაში. რასაც მოჰყვა სააკაშვილის მიერ საზღვრის გარღვევა. ამან სააკაშვილს მისცა საშუალება და საბაბი გააქტიურებულიყო. იგი გახდა პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ მებრძოლთა სიმბოლო და იმათი ლიდერი, ვინც ოპოზიციურ ფლანგზე რადიკალური განწყობებით გამოირჩევა. 17 ოქტომბერს რადასთან დაიწყო აქციები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით.
- თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სააკაშვილის დაჭერის მცდელობა, შემდეგ დაიჭირეს და ისევ გაუშვეს და შემდეგ კი ამ თემაზე სასამართლომ იმსჯელა და სააკაშვილი გაათავისუფლა?
- დაიჭირეს იმიტომ, რომ ამით ხელისუფლებას უნდოდა სააკაშვილის მომხრეებისთვის ეჩვენებინა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ მზადაა მკვეთრი დაბიჯები გადადგას და მკაცრად იმოქმედოს. ამით ხელისუფლებას უნდოდა ლოკალიზება მოეხდინა იმ ჯგუფის, ვინც მისგან პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს. შემდგომ გაირკვა, რომ სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილება შეცდომა იყო. სააკაშვილის დაკავების მესამე მცდელობას უნდა ეჩვენებინა, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები არც ისე სუსტები არიან და მათ შესწევთ მათ წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა.
სააკაშვილი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ხელისუფლება მიხვდა - ბევრად ჯობდა იგი გათავისუფლებულიყო, რათა არ გაგრძელებულიყო საზოგადოების ნაწილის მის ირგვლივ კონსოლიდაცია

ახლა რაც შეეხება სასამართლოდან გათავისუფლებას. ჩემი აზრით, სააკაშვილი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და ხელისუფლებას არ უნდოდა ვითარების კიდევ უფრო გამწვავება. მეტიც, მიხვდნენ, რომ ბევრად ჯობდა სააკაშვილი გათავისუფლებულიყო, რომ არ გაგრძელებულიყო საზოგადოების ნაწილის მის ირგვლივ კონსოლიდაცია.
რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი გააგრძელებს თავის ოპოზიციურ საქმიანობას, მაგრამ ახლა როცა იგი თავისუფალია, მასთან დაკავშირებული ემოციური ფონი ისეთი მაღალი არაა, ვიდრე მაშინ იყო, როცა ის დაკავებული ჰყავდათ.
- იმთავითვე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან გარკვეული ძალები ეხმარებოდნენ, ან უკრაინაში სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად სუსტია, რომ სასაცილოდაც კი გამოიყურებიან...
- ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებში მას ჰყავს გულშემატკივრები, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი დააკავეს უკრაინის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, კერძოდ, ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში.
შესაძლოა, მის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებში სიმპათიები ჰქონდათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებია სუსტი. ამის პირველი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უწყებებს შორის წინააღმდეგობებია, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შორის გარკვეული პოლიტიკური შეუთანხმებლობის შედეგია. მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხშიც.
სააკაშვილთან მიმართებაში პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდს მკაცრი ზომების გატარება უნდოდა, სააკაშვილის მეორე ოპენენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი კი მხარს უჭერდა სააკაშვილის წინააღმდეგ უფრო ზომიერი ნაბიჯების გადადგმას. იგი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის დაკავებისა და დაპატიმრების.
ეს იყო მიზეზი, რომ სააკაშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოები შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად მოქმედებდნენ. შეუთანხმებლობა იყო უშიშროების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. შს სამინისტრო ავაკოვს ექვემდებარება, უშიშროების სამსახური კი პრეზიდენტსა და მის გუნდს. მათ შორის შეუთახმებლობამ ნეგატიური როლი ითამაშა იმ ისტორიაში, რაც სააკაშვილის დაკავებას უკავშირდებოდა.
სააკაშვილის მიმართ სამართალდამცავები შეუთანხმლებლად და არაკოორდინირებულად მოქმედებდნენ. შეუთანხმებლობა იყო უშიშროების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. შს სამინისტრო ავაკოვს ექვემდებარება, უშიშროების სამსახური კი პრეზიდენტსა და მის გუნდს

კიდევ არსებობს სამართალდამცავთა ფრთხილი მოქმედების მიზეზი. 2013 წლის მაიდნის შემდეგ რიგითი სამართალდამცავები ცდილობენ ძალიან ფრთხილად იმოქმედონ. არ გამოიყენონ ძალა, ვინაიდან მათ აქვთ შიში, რომ შემდეგ ამა თუ იმ კანონის დარღვევაში სწორედ მათ დაადანაშაულებენ. ეს ეხება როგორც რიგით სამართალდამცავებს, ისე, მათ ხელმძღვანელებს.
- მას შემდეგ რაც სააკაშვილი გათავისუფლდა, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?
- სააკაშვილი დაინტერესებულია გააგრძელოს საპროტესტო მოძრაობა. უახლოეს კვირას დაგეგმილია მისი მომხრეების აქცია. მომავალ კვირას ამ წელიწადში უმაღლესი რადას უკანასკნელი პლენარული სხდომა გაიმართება. სააკაშვილი შეეცდება ზეწოლა მოახდინოს რადაზე და მიაღწიოს გენპროკურორ იური ლუცენკოს გადადგომა.
თუ სააკაშვილი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, იგი სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩდება. ჯერ არაოფიციალურად და შემდეგ ოფიციალურად ქვეყანა მთელი თვით დაიწყებს წინასაახალწო და საახალწლო დასვენებას.
უკრაინაში წელიწადში ორჯერ - აგვისტოს პირველი ნახევარში და დეკემბერ-იანვარში დგება პერიოდი, როცა პოლიტიკური ცხოვრება პრაქტიკულად კვდება. ამ პერიოდში ხალხის გააქტიურება პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძნელია. მით უმეტეს, აქციაზე გამოყვანა. ამიტომ მას ამ პერიოდში გაუჭირდება საპროტესტო მუხტის შენარჩუნება.
- ახლა ალბათ ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, უკრაინის პოლიტიკური ელიტებიდან ვინ დაუჭერს მხარს სააკაშვილსა და მის მოძრაობას.
თვალი მოვკარი, რომ სააკაშვილს უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა დაუჭირა მხარი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობს...

- სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერაზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა არ ღირს. მით უმეტეს, პრეზიდენტ კრავჩუკის მხრიდან. კი, მას ჰქონდა იმ პროცესებზე რაც სააკაშვილს უკავშირდებოდა ემოციური რეაქცია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი კრავჩუკი სააკაშვილის მხარდამჭერი არ გახლავთ.
სააკაშვილი შეეცდება ზეწოლა მოახდინოს რადაზე და მიაღწიოს გენპროკურორ ლუცენკოს გადადგომას. თუ სააკაშვილი ამის გაკეთებას წინასაახალწლო დღესასწაულების დაწყებამდე ვერ შეძლებს, იგი სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდან არდადაგების პერიოდში საპროტესო მუხტის შენარჩუნება ძნელია

ის, რომ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკო მივიდა, ეს მისი მხრიდან საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებზე ელექტორალური თვალსაზრისით ტიმოშენკო გახლავთ პრეზიდენტ პოროშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე და კონკურენტი. ტიმოშენკომ კარგად გამოიყენა სააკაშვილის სასამართლოს სხდომა თავის სასარგებლოდ.
მაგრამ, საქმე იმაშია, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ არც ერთ აქციაში, რომელიც 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, არც ერთ წამყვან ოპოზიციურ ძალას არ მიუღია მონაწილეობა. ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას. ვიმეორებ, არც ერთს. სააკაშვილის აქციაზე კი იმყოფებოდნენ ცალკეული დეპუტატები, მაგრამ ამ აქციებზე სააკაშვილის გარდა არც ერთი ლიდერი არც ყოფილა და არც გამოსულა სიტყვით.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სურს იყოს ოპოზიციის ერთპიროვნული ლიდერი. მისი ასეთი სურვილი მიუღებელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის.
სხვადასხვა წყაროები საუბრობენ, რომ ლიდერობისა და გუნდურად მოქმედების საკითხებში სააკაშვილს არავისთან არ უნდა მოლაპარაკება და კოლექტიურად მოქმედება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ 17 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო აქციებისა ოპოზიციური ჯგუფების არანაირი გაერთიანება და კონსოლიდაცია არ მომხდარა.
- ცნობილი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა მან განაცხადა - ”ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ვერ ხედავს - მას იყენებენ და ატყუებენ.”
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დაიჯერა საზოგადოებამ ის ბრალდებები, რომელიც გენპროკურორმა ლუცენკომ სააკაშვილს წაუყენა? მხედველობაში მაქვს სააკაშვილის კავშირი იანუკოვიჩის მეგობარ ოლიგარქ კურჩენკოსთან, რომელიც ახლა მოსკოვს აფარებს თავს...

- ამ ინფორმაციის მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არაა. მართალია ირიბად, მაგრამ იგი არც სასამართლომ გაიზიარა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სასამართლოს სააკაშვილის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
შესაძლოა, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკური კონტექსტი იყო. სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. მიუხედავად ამისა, ბევრს გაუჩნდა ეჭვები, რომ სააკაშვილი ფინანსებს რუსეთიდან იღებს. იმ აქციებს, რომელიც ტარდება, ფინანსები სჭირდება. მხედველობაში მაქვს რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, კარვების ქალაქის შენახვა. კითხვა - საიდან იღებს სააკაშვილი ფულს, მართლაც აქტუალურია.
ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის კავშირი ოლიგარქ კურჩენკოსთან რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ ეფ-ეს-ბეს ეშმაკური თამაშია და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ

ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის ოლიგარქ კურჩენკოსთან კავშირი რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ ეფ-ეს-ბეს ეშმაკური თამაშია და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ჩემი აზრით, რუსულმა სპეცსამსახურებემა პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთოებების დაძაბვის პროვოცირება მოახდინეს. ნამდვილად არ არის გამორიცხული, რპომ ჩენკო დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან. სწორედ რუსული სპეცსამსახურების შემოგდებული თემაა სააკაშვილის მიერ ფულის მოსკოვიდან მიღება. შემდეგ მოხდა ამ სკანდალის საჯარო სივრცეში მოხვედრა და მასზე მსჯელობის დაწყება. საქმე ისაა, რომ ეს სკანდალი პოროშენკოსა და სააკაშვილის წინააღმდეგ ერთნაირად მუშაობს.
სხვათა მსგავსად, არც მე არ ვიცი, მართლა მიიღო სააკაშვილმა ფული კურჩენკოსაგან თუ არა. არ გამოვრიცხავ, რომ ფული მართლაც გადაირიცხებოდა სააკაშვილისთვის გადასაცემად. სააკაშვილი კი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს, ანუ ფულს იღებს ნებისმიერისაგან. როგორც უკრაინელი ოლიგარქებისაგან, რომლებსაც რთული ურთიერთობა აქვთ პოროშენკოსთან, ისე სხვებისაგან. სულაც არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილმა ფული კურჩენკოსაგანაც მიიღო.
რადას დეპუტატებმა სააკაშვილს მიმართეს მოთხოვნით, ეთქვა მას თუ საიდან იღებს იგი დაფინანსებას. დეპუტატების მოთხოვნაზე სააკაშვილი არ რეაგირებს და ამ თემაზე არც კომენტარებს აკეთებს. შესაძლოა, მას მის დაკავებასთან და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ამბების გამო არ ჰქონდა დრო ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ ახლა, როცა ის თავისუფალია, იმედია ამ თემაზე საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს.
სააკაშვილი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს, ანუ ფულს იღებს ნებისმიერისაგან. როგორც უკრაინელი ოლიგარქებისაგან, რომლებსაც რთული ურთიერთობა აქვთ პოროშენკოსთან, ისე სხვებისაგან

ფაქტია, რომ ამ საქმეზე დაკავებული დანგაძე აშკარად არაერთმნიშვნელოვანი პიროვნებაა და საკმაოდ ბევრ ეჭვებს იწვევს. სააკაშვილის გარემოცვა მას მანამდეც ადანაშაულებდა იმაში, რომ სწორედ იგი ვაჭრობდა სააკაშვილის მოძრაობაში თანამდებობებით.
- თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ სადღესასწაულო დღეების გამო სააკაშვილს გაუჭირდება საპროტესო მუხტის შენარჩუნება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გკითხავთ - თქვენი დაკვირვებით, უახლოეს მომავალში პოროშენკოს ელოდება თუ არა იმპიჩმენტი?
- ჩემი აზრით, სადღესასწაულო დღეების გამო პოლიტიკური პაუზა გარდაუვალია. 2013 წელს როცა მაიდანზე დიდი აქციები დაიწყო, წინასაახალწლოდ ხალხის მოედანზე გაყვანა პრობლემა იყო და აქციები იმდენად მასობრივი არ იყო.
- ახლა ყველაზე აქტუალური თემაა იქნება თუ არა კიევში მესამე მაიდანი?
- სააკაშვილს სურს მესამე მაიდნის ორგანიზება. სხვათა შორის, 2014 წლის შემოდგომის შემდეგ კიევში მესამე მაიდნის ორგანიზების მცდელობები ბევრი იყო. აქამდე ყველა ამგვარი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა.
ჩემი აზრით, უკრაინული საზოგადოება ახლა არ არის მზად მესამე მაიდანზე გასასვლელად. უკრაინის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არც ხელისუფლებას ენდობა და არც ოპოზიციას.
სხვათა შორის, სააკაშვილის მხარდაჭერის რეიტინგი პოროშენკოს მხარდაჭერის რეიტინგზე მაღალი არაა. ხოლო სააკაშვილის პარტიის რეიტინგი 2-3%-ს არ აღემატება. ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, სააკაშვილის მოძრაობა პარლემენტში ვერ მოხვდებოდა.
პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტი შესაძლებელია მხოლოდ ქუჩის ზეწოლით. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ პარლამენტი თავისი სურვილით გამოუცხადებს პოროშენკოს იმპიჩმენტს.
საფრთხის შემცველია ის გარემოება, რომ სააკაშვილის მხარდამჭერმა საბრძოლო გამოცდილების ადამიანებმა ძალისმიერი მეთოდებით არ მოისურვონ პროცესების გამწვავება და ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად ბრძოლის დაწყება

ჩემი აზრით, ახლა პრობლემა სხვა რამეშია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის აქციებზე რამდენიმე ათასი მომხრე გამოდის, მას არც ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერებში არიან ყველაზე აქტიურები, რომლებიც ამ მოძრაობის ბირთვს წარმოადგენენ. მათ უმრავლესობას აქვს საბრძოლო გამოცდილება და საკმაოდ სერიოზულად არიან განწყობილი იმოქმედონ გაბედულად.
გარდა ამისა, პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართ საზოგადოებაში არის ნეგატიური განწყობები. საფრთხის შემცველია ის გარემოება, რომ საზოგადოებაში პოროშენკოს მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების ფონზე სააკაშვილის მხარდამჭერმა საბრძოლო გამოცდილების ადამიანებმა ძალისმიერი მეთოდებით არ მოისურვონ პროცესების გამწვავება და ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად ბრძოლის დაწყება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები