არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5773
EUR
1 EUR
2.9299
RUB
100 RUB
3.8499
17-08-2018
ჩვენ გვჭირდება გლობალური ხედვა, არაორდინარული მიდგომები და ფუნდამენტალური ცვლილებები
14:32 17-03-2018
 ჩვენ გვჭირდება გლობალური ხედვა, არაორდინარული მიდგომები და ფუნდამენტალური ცვლილებები ეკონომიკის სფეროში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და დღევანდელ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, იქნებ საუბარი იმით დაგვეწყო თუ როგორი იყო 2017 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის? რა ეკონომიკური მიღწევები და გამოწვევები ჰქონდა გასულ წელს ქვეყანას?
- შეიძლება ითქვას რომ, საქართველომ 2017 წელი არც თუ ურიგო ეკონომიკური შედეგებით დაასრულა. მოდით გადავხედოთ მონაცემებს:
• მშპ-ს რეალური ზრდა, თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 4%-ის ნაცვლად, წინასწარი მონაცემებით 4.8% გვაქვს;
• მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12%-დან 7%-მდე შემცირდა;
• ტურიზმი გაიზარდა 28%-ით;
• ექსპორტი გაიზარდა 29%-ით;
• ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 3%-მდე;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 101%-ით (131 მლნ. ლარის გადაჭარბებით), მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 100.1%-ით (11.3 მლნ. ლარის გადაჭარბებით);
• ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 100%-ით
ცუდი შედეგები ნამდვილად არაა, თუმცა მმართველ გუნდს მთლიანობაში ამ მიმართულებით მეტი ამბიცია გვაქვს.
ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენს ეკონომიკას 2017 წლის მანძილზე ახასიათებდა, იყო ინფლაცია, 6.7%, ნაცვლად გეგმიური 4%-ისა, და ლარის კურსი, რომელიც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რყევებით ხასიათდებოდა.
ასევე სერიოზული პრობლემაა უმუშევრობის დონე, მოსახლეობის შემოსავლების სიმწირე და ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია. მერწმუნეთ, რომ არა დოლარიზაციის ასეთი მაღალი დონე, საქართველოს მოსახლეობისათვის ლარის დევალვაციაც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული.
- თქვენ როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებიდან რომელს გამოყოფდით?
- ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით 2017 წელი მნიშვნელოვანი იყო რამოდენიმე მიმართულებით.
• მოგების გადავადებული გადასახადი, ანუ ე.წ. ,,ესტონური მოდელი“ – ხელისუფლების მიერ ინიცირებული ეს რეფორმა ბიზნესის ხელშეწყობას და სტიმულირებას ემსახურება. მან უკვე გამოიღო შედეგი, სამი კვარტლის მონაცემებით (წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტირების კომპონენტში ზრდა დაახლოებით 500 მლნ. ლარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი, რეფორმის ეფექტი და სიკეთე სრულად რომ დავინახოთ, კიდევ დაახლოებით 2 წელი იქნება საჭირო.
• დეპოზიტების დაზღვევის სისტემა - მინდა ავღნიშნო, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების ინიციატივით მე ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში გამოვდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ეტაპზე კანონპროექტი სუბიექტური მიზეზების გამო არ იქნა მხარდაჭერილი. 2017 წლისათვის საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპასა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევა არ გააჩნდა. 2018 წლიდან ეს სისტემა ჩვენთანაც ამოქმედდა, თუმცა თავის დროზე რომ მომხდარიყო მისი იმპლემენტაცია, დღეს დაზღვეული გვექნებოდა არა მხოლოდ 5 000 ლარამდე დეპოზიტები, არამედ ეს ნიშნული გაცილებით მაღალი იქნებოდა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მეანაბრეთა დანაზოგების უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს ბანკების მიმართ ნდობას, იცავს მათ რყევებისაგან და ზრდის საბანკო სექტორის (და შესაბამისად მთლიანად საფინანსო სისტემის) სტაბილურობას, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ეფექტებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ადექვატური ფულად-საკრედიტო (მონეტარული) პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის სამი უმნიშვნელოვანესი მდგენელია.
• სადაზღვევო ბაზარი - ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის გაძლიერების, ასევე სავალდებულო დაზღვევის რიგი მიმართულებების ამოქმედების კუთხით (მაგალითად, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების, ასევე მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა). მსგავსი მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც სადაზღვევო ბაზრის განვითარების, ასევე რისკების მინიმიზაციის და გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსების შექმნის მიმართულებით. ეს მიმართულება რეალურად ეხლა იწყებს განვითარებას.
• საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სისტემის ზედამხედველობის გამკაცრება - საზოგადოებაში წლებია გამოითქმებოდა უკმაყოფილებები კომერციულ ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის, ე.წ. ,,საბანკო ჰოლდინგების“ საქმიანობის და ,,პირამიდის“ პრინციპით მომუშავე სხვადასხვა კომპანიების კუთხით. 2017 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო დონეზე, უშუალოდ კომერციული ბანკების ზედამხედველობის გარდა, მიეცა სრული უფლებამოსილება კიდევ სამი მიმართულებით, ე.წ. ,,საბანკო ჰოლდინგების“ (მ.შ. მენეჯმენტის გადაწყვეტილებების ეფექტიანობის), ფინანსური ჯგუფების და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების რეგულირება-ზედამხედველობის კუთხით. სებ-ს მიეცა ყველა ბერკეტები და დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად და ეს პროცესი უკვე დაიწყო.
• კაპიტალის ბაზარი - კაპიტალის ბაზრის რეფორმის, უფრო სწორედ კი კაპიტალის ბაზრის ფორმირების მიმართულებით ძირითადი ღონისძიებები 2018 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუმცა გასულ 2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა წილობრივი (ანუ აქციები) და სასესხო (ანუ სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო თუ კორპორატიული ობლიგაციები) ფასიან ქაღალდებით მიღებული შემოსავლები გაათავისუფლა დაბეგვრისაგან. ამ ცვლილებით მოხდა ფასიანი ქაღალდების დაბეგვრის რეჟიმის გათანაბრება საბანკო დეპოზიტებთან, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
- მიუხედავად იმ შედეგებისა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, საქართველოს მოსახლეობა საკუთარ თავზე, ჯიბეზე ვერ გრძნობს უკეთესობას. რისი ბრალია ეს? რატომ არ აისახება მოსახლეობის ყოფაზე სტატისტიკურად პოზიტიური ეს შედეგები?
- ეკონომიკური ზრდა მიზანია იმდენად, რამდენადაც მისი შედეგები უნდა აისახოს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე. ანუ ჩვენი მიზანი ინკლუზიური ზრდაა. აღნიშნულს გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა არის კონკრეტული ფაქტორები რის გამოც არსებული ეკონომიკური ზრდა პირდაპირ, მყისიერ და ადექვატურ ასახვას ვერ პოულობს ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლებზე.
ერთია, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციაა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა, იგი მაინც მაღალი რჩება (2017 წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 71%-დან 66%-მდე, სესხების დოლარიზაცია კი - 65%-დან 57%-მდე).
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირების სესხების დაახლოებით ნახევარი უცხოურ ვალუტაშია, შემოსავალი კი აქვთ ლარში. ეს ნიშნავს რომ ბოლო წლების განმავლობაში ლარის დაახლოებით 70%-იანი დევალვაციის პირობებში მათ სესხების მომსახურეობის ხარჯი 70%-ით გაეზარდათ.
მაგალითად, თუ პიროვნებას აქვს 1 700 ლარი შემოსავალი და აქვს სესხი უცხოურ ვალუტაში, ვთქვათ აშშ დოლარში, რომლის მომსახურეობაც მას ყოველთვიურად 500 დოლარი უჯდება, ამ 500 აშშ დოლარის შესაძენად მას დევალვაციამდე სჭირდებოდა 850 ლარი, დარჩენილ 850 ლარს კი საკუთარი საჭიროებებისათვის ხარჯავდა. დევალვაციის შემდეგ მისი შემოსავალი ლარში უცვლელი დარჩა, ხოლო იგივე სესხის ყოველთვიური 500 დოლარით მომსახურება მას უკვე 1 300 ლარის ფარგლებში უჯდება.
მას არ შეუძლია სესხს არ მოემსახუროს, იპოთეკაში აქვს ბინა, უძრავი ქონება ან რაიმე სხვა აქტივი. შესაბამისად, იძულებულია შეამციროს საკუთარი მოხმარება, ანუ ხარჯები კვებაზე, ტანსაცმელზე, სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე, გართობაზე და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მძიმე ტვირთად აწვება მას. მეორე მხრივ კი ეს მთლიანობაში ამცირებს გადახდისუნარიან მოთხოვნას და ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.
- რა ძირითადი პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს 2018 წელს საფინანსო-ეკონომიკური კუთხით და რა გამოწვევებთან შეიძლება გვქონდეს საქმე 2018 წელს?
მმართველი გუნდის და მთავრობის პრიორიტეტები ეკონომიკური კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დავაჯგუფოთ:
• სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურული განვითარების და ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით 2018 წელს სახელმწიფო დახარჯავს დაახლოებით 4 მლრდ. ლარს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ გაუმჯობესებულ ინრასტრუქტურას და ქალაქსა და რეგიონებს შორის განსხვავების აღმოფხვრას, არამედ რამდენიმე ათეულ ათას დამატებით სამუშაო ადგილს და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელსეწყობას.
• საპენსიო რეფორმა - ,,დაგროვებითი პენსიის“ შემოღება საქართველოში გათვალისწინებულია 2018 წლის მესამე კვარტლიდან და იგი ითვალისწინებს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მონაწილეობას საპენსიო შენატანის განხორციელების სქემაში. ეს არ არის მარტივი რეფორმა. მოკლედ ვიტყვი, მთავრობის პროგნოზით, დაგროვებითი პენსიის იმპლემენტაცია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40 მლნ. ლარით შეამცირებს, საბიუჯეტო ხარჯებს კი გაზრდის დაახლოებით 150 მლნ. ლარით. თუმცა ეს აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი აქტი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილების და გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთის მხრივ პენსიონერთა უზრუნველყოფის, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში საინვესტიციო რესურსის ახალი წყაროს ფორმირების და კაპიტალის ბაზრის გააქტიურების მიმართულებით;
• კაპიტალის ბაზრის რეფორმა - ამ მიმართულებითაც გარკვეული სიახლეების დანერვა იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებები თანხვედრაში იქნება მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებასა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან. კაპიტალის ბაზრის რეფორმების მდგენელი, ასევე იქნება საპენსიო რეფორმა და სადაზღვევო ბაზრის სრულყოფა, რაზეც მე ზემოთ ვისაუბრე. შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ დინამიური საფონდო და კაპიტალის ბაზარი, რომელიც თავისი მასშტაბებით და თამაშის წესებით იქნება საბანკო სისტემის კონკურენტი, როგორც ფინანსური რესურსების მოზიდვის, ასევე დანაზოგების განთავსების მიმართულებით. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, დღეს თუ ფინანსური რესურსი გვჭირდება - ძირითადი წყარო კომერციული ბანკებია, თუ გვაქვს ფინანსური რესურსი - მისი განთავსების ძირითადი წყარო ასევე საბანკო სიტემაა. კაპიტალის ბაზრის რეფორმის შედეგად კი იქმნება დივერსიფიკაციის შესაძლებლობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი მის ჯანსაღ ალტერნატივად იქცევა.
• დღგ-ს ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება - ასევე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის დაახლოებით 500-600 მლნ. ლარი წელიწადში, რომელიც კომპანიებისათვის პრაქტიკულად ,,გაყინული“ და გარკვეული პერიოდი ბრუნვიდან ამოვარდნილი იყო. ავტომატურ რეჟიმში მისი ბიზნესისათვის დაბრუნება ხელს შეუწყობს მათი აქტივობის ზრდას და გაფართოებას.
რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, 2018 წლის ძირითად საფინანსო-ეკონომიკურ გამოწვევებს, აქ მე პირველ რიგში კვლავ დასაქმებას, ლარის კურსის რყევას და ჩვენი ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას დავასახელებდი.
მთლიანობაში ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე კონცენტრირება, არამედ არაორდინარული მიდგომები, ეკონომიკის ძირეული რესტრუქტურიზაცია და ინსტიტუციონალური ცვლილებები, რათა შევქმნათ ფუნდამენტი მომავალი ათწლეულების განმავლობაში სწრაფი და მდგრადი განვითარებისათვის, იმისათვის რომ საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
- თქვენ ახსენეთ არაორდინარული მიდგომები, დარგობრივი რესტრუქტურიზაცია, ძირეული ინსტიტუციონალური ცვლილებები. თუ შეიძლება უფრო ფართოდ რომ გვითხრათ თქვენი ხედვების შესახებ ამ მიმართულებით?
მე ვფიქრობ, რომ პრობლემები რომლებიც აფერხებს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ, მდგრად და რაც მთავარია ინკლუზიურ განვითარებას უფრო ღრმა, გლობალური, ფუნდამენტალური და ინსტიტუციონალური ხასიათისაა ვიდრე ყოველდღიური, ამწუთიერი პრობლემები. მე რამოდენიმეს გამოვყოფ. ესენია:
• ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა - დღეს საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა დაბალკონკურენტულია და ვერ პასუხობს სახელმწიფოს და საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 3/4-ით დამოკიდებულია იმპორტზე, საზღვარგარეთულ საქონელზე, შესაბამისად ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგი არის ვაჭრობა (მშპ-ს დაახლოებით 16%), არასაკმარისადაა წარმოდგენილი მრეწველობა (მშპ-ს დაახლოებით 17%) და მომსახურეობის სექტორი. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, უფრო მეტიც ასე საქართველოს ეკონომიკა ვერასოდეს დაძლევს იმ ჩამორჩენას რომელიც დღეს გვაქვს ევროპის ქვეყნებთან. დღეს ხელისუფლება ცდილობს წაახალისოს ექსპორტი, გვაქვს ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამები, იგეგმება რიგი ღონისძიებები, მაგრამ უფრო მარტივი და ამავდროულად უფრო იაფი იქნებოდა იმპორტის ჩანაცვლების მხარდაჭერა, მაკროეკონომიკური ეფექტი კი იგივე გვექნებოდა და თანაც ჩემის, აზრით უფრო სწრაფად.
• სოფლის მეურნეობა და მიწის რეფორმა - უმნიშვნელოვანესი საკითხია. სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 45%, იქმნება მშპ-ს მხოლოდ დაახლოებით 9% და მიუხედავად უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგის უპრეცენდენტო ფინანსური მხარდაჭერისა, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში მცირდება. თავისთავად ხვედრითი წილის შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს, გერმანიაში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში დახლოებით 0.8%-ია, აშშ-ში - 1.2%, საფრანგეთში - 1.8%, თურქეთში- 28%, ბულგარეთში - 30%. მთავარია გამოშვება, ანუ სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქციის მოცულობა. ჩვენ თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები პრაქტიკულად არ გვაქვს ამ სექტორში, შრომის ნაყოფიერება ძალიან დაბალია. კიდევ ერთი მიზეზი, დღეისათვის ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ფართობია 1.2 ჰექტარი, ხოლო სავარგულების უდიდესი ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს ხელშია და ამოვარდნილია კვლავწარმოების პროცესიდან. ასეთ ვითარებაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. მიწა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს კერძო მესაკუთრის ხელში (ცალკეული გამონაკლისების გარდა), ფერმერული მეურნეობები კი უნდა გამსხვილდეს. სხვანაირად სოფლის-მეურნეობა საქართველოში ვერასოდეს გახდება სიცოცხლისუნარიანი, მზარდი და წარმატებული.
• რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა - რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით? ჩვენ გვაქვს ერთი თავკომბალა თბილისი, სადაც კონცენტრირებულია მოსახლეობის დაახლოებით 35% და ბიზნეს სექტორის დაახლოებით 75% (შედარებისთვის ვიტყვი: ნიუ-იორკის წილი აშშ-ს ეკონომკაში 9%-ია, ლონდონის წილი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში - 22%, ტოკიოს წილი იაპონიის ეკონომიკაში - 32%, ერევანზე სომხეთის ეკონომიკის 41% მოდის). კიდევ ერთი პარადოქსი, თბილისში უმუშევრობის დონე ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად დაახლოებით 21%-ია, სოფლად კი - 5%(!), თუმცა რეალურად ხომ ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების და შემოსავლების დონე მკვეთრად დაბალია და სწორედ ამიტომ თითქმის ყველა ცდილობს ჩამოვიდეს და რამენაირად დასაქმდეს თბილისში.
• ურბანიზაცია - ისევ თავკომბალა თბილისი. არის ასევე ბათუმი, სადაც ადგილი აქვს მოსახლეობის და ეკონომიკური აქტივობის ზრდას. აქტივობის მცირედი ზრდა შეიმჩნევა ქუთაისშიც. ეს ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ამავდროულად ეს კომპლექსური და გრძელვადიანი საკითხია. მოგვწონს თუ არა ჩვენ, პერსპექტივაში საქართველო ვერ გაექცევა სოფლის მოსახლეობის შემცირების და ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტენდენციას. სხვანაირად ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება არა თუ გლობალურ, არამედ რეგიონალურ დონეზეც კი. ასეა მთელს მსოფლიოში (მაგ. აშშ-ში სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 18%, ევროკავშირის ფარგლებში - 25%, შვეიცარიაში - 26%, თურქეთში 26%, ჩვენს მეზობელ სომხეთში - 37%, საქართველოში კი - დაახლოებით 45%). ამ კუთხით სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია და ჩამოაყალიბოს ტაქტიკა. უნდა მოხდეს მდგომარეობის და პერსპექტივის შესწავლა ეკონომიკური, სოციალური, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით და ა.შ. რათა მოხდეს იდენტიფიკაცია იმ ქალაქების (მაგალითად ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, თელავი, გურჯაანი, გორი, ახალქალაქი) სადაც შესაძლებელია შეიქმნას სათანადო პირობები და გადანაწილდეს ბიზნესი და სამუშაო ძალა. ამ მიმართულებით შესაძლებელია, მაგალითად, მუნიციპალური სახლების/ბინების მშენებლობა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემა, გარკვეული შეღავათების და სტიმულირების ფორმების შემოღება (მაგალითად, მხოლოდ ამ ქალაქებში განხორციელებულ ბიზნეს პროექტებზე მიწა 1 ლარად) და სხვ.
• თანამედროვე ტენდენციებიდან და რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე აქტიურად უნდა ვიფიქროთ (და არა მხოლოდ ვიფიქროთ), რომ საქართველო იქცეს ახალი ტექნოლოგიების, ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსური ტექნოლოგიების, გნებავთ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კლასტერად. ამ დარგის ცალკეულ მიმართულებებს ყავს როგორც მეხოტბეები ასევე მოწინააღმდეგეები, საქართველოს კი აქვს როგორც გარკვეული უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც. თუმცა მთლიანობაში, ვფიქრობ, ეს მომავალია, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებია, ჯერ კიდევ ,,ყამირია“ და აქ საქართველომ საკუთარი ნიშა, ადგილი დროულად უნდა დაიმკვიდროს.
• საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც სატრანსპორტო ჰაბი. გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. მომავალში, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის, ანაკლიის პორტის, თბილისის და ქუთაისის აეროპორტების პერსპექტივის გათვალისწინებით შესაძლებლობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. თუმცა არის ერთი მიმართულება, რომელიც ვფიქრობ, ჯერ კიდევ ყურადღების მიღმაა. ეს არის საბორნე-სატვირთო კავშირი შავი ზღვის გავლით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან (რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა). საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირები და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როგორც სატრანსპორტო ჰაბის როლს და ადგილს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონალური მასშტაბით. აი ასეთი მიმართულებები ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას.
• კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მიუხედავად იმისა რომ ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით საქართველო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში (პოლიტიკური სტაბილურობა, კორუფციის და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესის დაწყების სიმარტივე, დაბალი გადასახადები და სხვ.) მაინც შეზღუდულია იმით, რომ ცალკე აღებული არის ძალიან პატარა ბაზარი როგორც მოსახლეობის (დაახლოებით 3.5 მლნ.), ასევე შრომითი ძალის (დაახლოებით 1.2 მლნ.), ეკონომიკის მოცულობის, ერთობლივი მოთხოვნის და ა.შ. თვალსაზრისით. ბოლო წლებია, საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმა ე.წ. ,,თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები“ ევროკავშირთან და ჩინეთთან, მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან. ეს ბევრად მეტ პერსპექტივებს ქმნის ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ იგი ეხება საქონლის, მომსახურეობის და კაპიტალის თავისუფალ ექსპორტს და იმპორტს და არა სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას. მიმაჩნია, რომ დასაწყებია მუშაობა ზოგიერთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანასთან ერთიანი ბაზრის შექმნის პერსპექტივებთან, შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ეს ჩემი მოსაზრებებია. მე როგორც პროფესიონალს, მწამს, რომ ჩვენ გვჭირდება გლობალური ხედვა, რადიკალური, ფუნდამენტალური, ძირეული ცვლილებები, სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიტრიალებთ წრეზე და მუდმივად ვისაუბრებთ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 180 ლარი პენსია თუ 220 ლარი პენსია, ლარის კურსი 2.6 თუ 2.4 და ა.შ.. ეს დეტალებია, ჩვენ თვისობრივად ახალ დონეზე გასვლა გვჭირდება.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები