არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ვაჟა ბერიძე - „ოცნება „და „ნაციონალები“ ერთმანეთის უხეშ შეცდომას ელოდებიან, რომ ინიციატივა ხელთ იგდონ და წინ გაიჭრან
12:20 13-02-2017
ვაჟა ბერიძე - „ოცნება „და „ნაციონალები“ ერთმანეთის უხეშ შეცდომას ელოდებიან, რომ ინიციატივა ხელთ იგდონ და წინ გაიჭრან საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, გასულ კვირას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექ ტილერსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. მინისტრ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრამ დაადასტურა, რომ საქართველოსთან აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. აშშ-ს აქვს სურვილი მაქსიმალურად დაუდგეს მხარში საქართველოს ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიძლიერეს. საგარეო პოლიტიკაზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექ ტილერსონის თანამდებობაზე დამტკიცების პირველივე სამუშაო კვირაში საქართველოს საგარეო უწყების შეფთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის უდავო წარმატება რომაა, ფაქტია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხითაც წინ წავიწიეთ, უსაფუძვლოდ გამოიყურება ოპოზიციის მტკიცება, რომ ” ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის ”რადარებიდან გამქრალია.” თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონში ტილერსონ-ჯანელიძის შეხვედრის შედეგებსა და საგარეო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის პრეტენზიებს?
- ტრამპის ეფექტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მთავარი ფაქტორი გახდა. ცხადია, ტრამპი არჩევამდე და ტრამპი პრეზიდენტის სავარძელში, ერთი და იგივე პიროვნება არ იქნება. როგორც კი იგი იგრძნობს რეალური პოლიტიკის სიმძიმეს და თავისებურებებს, უფრო პრაგმატული და ადეკვატური გახდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ისეთივე ვეღარ იქნება, როგორიც პრეზიდენტად ტრამპის არჩევამდე იყო.
ძნელი სათქმელია, რამდენად მოათვინიერებს ამერიკის პოლიტიკური კლასი არაორდინალურ ტრამპს, რამდენად შესაძლებელი გახდება ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ტრამპის ინტერესების შეჯერება, გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი რა კონფიგურაციას მოგვცემს ძალთა განლაგების თვალსაზრისით, მაგრამ ნათელია, რომ ახალი მსოფლიო უფრო პროგნოზირებადი და შეიძლება ითქვას, უსაფრთხოც იქნება.
ვერაფერს გეტყვით ტილერსონ–ჯანელიძის შეხვედრის შედეგებზე. ვიდეოსიუჟეტიდან მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი სახელმწიფო მდივნის ხალისიანი და ღიმილიანი განწყობა დამაიმედებელია, და ეს არ იყო გამოწვეული ახალგაზრდა, გამოუცდელ კოლეგასთან შეხვედრის ეფექტით. უეჭველია და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ადეკვატურობის კიდევ ერთი დასტურია, რომ ტილერსონმა თავის პირველივე სამუშაო კვირაში გამონახა დრო ქართველი მინისტრის მისაღებად.
საქართველო–ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის ჩვენი მთავრობა მზადაა და მას ამაში ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს. თუმცა, მთავარი ამ პროცესში გლობალური კონიუნქტურა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიაა

რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება კარებს არ უმტვრევდა ახალარჩეულ ტრამპსა და მის გუნდს, ეს ქართული გულუბრყვილობისა და პრიმიტიულობის გამოვლინებად მიმაჩნია. სწორი იყო, რომ კვირიკაშვილი და მისი კოლეგები არ შეეცადნენ პოლიტიკური მატრაკვეცობით თავის გამოჩენას, ამერიკელებს აცალეს ელდის შემდეგ გონს მოსვლა და პოზიციური მანევრებითა და აბეზარი მიძალებებით არ შეაწუხეს. ამ ეტაპზე შედეგიც მიღწეულია. თუმცა, მე ამ ფაქტს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად მაინც ვერ ჩავთვლი. საქართველოთი ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაინტერესება ჩვენი წინაპრების ისტორიული დამსახურებაა. გარდა ამისა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობის შეუფასებლობა ამერიკელებს ძვირად დაუჯდებოდათ. არადა, ისინი ყოველთვის პრაგმატულობით გამოირჩევიან.
ეს კარგად ესმოდათ და ესმით ჩვენს დიდ მეზობლებსაც – ირანს, თურქეთს, რუსეთს. საქართველო–ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება თუ არა, ეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავრობა ამისთვის მზადაა და მას ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს. თუმცა, მთავარი ამ პროცესში გლობალური კონიუნქტურა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიაა.
- არჩევნების დასრულებიდან თითქმის ხუთი თვეა გასული. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დინამიკას... იმ თავისებურებებს, რომლითაც ხასიათდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკა?
- დინამიკაზე საუბარი რთულია, უფრო პოლიტიკური ”სურპლასის” მოწმე ვართ. ეს რეპლიკების გაცვლა–გამოცვლა პროცესს არ მოასწავებს. ორი მთავარი მხარე – „ოცნება „და „ნაციონალები“ ერთმანეთის უხეშ შეცდომას ელიან, რომ ინიციატივა ხელთ იგდონ და წინ გაიჭრან.
პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო დასუსტდნენ. ”ოცნება,” როგორც პარტია, რადარებიდან გამქრალია, ხოლო მიშა სააკაშვილის „ნაცმოძრაობიდან“ არენაზე ოთხი პატარა დაჯგუფებაა, რომელთაგან ერთს – „ევროპული საქართველო“ წარმომადგენლობითი ფრაქცია ჰყავს პარლამენტში, მაგრამ, სავარაუდოდ, ჯერ–ჯერობით, მათი რეიტინგი არ იზომება.
„პატრიოტთა ალიანსი“ თვითგამორკვევის პროცესშია, არასაპარლამენტო ოპოზიცია გადაჯგუფებას ცდილობს. პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ „აუდიტორია 115“ აქტიურობს, ფაქტობრივად დომინირებს და ერთი მეორის მიყოლებით ახალ „ცხელ წერტილებს“ ქმნის. მთავრობას სწრაფი ეკონომიკური ზრდის მახასიათებლები ჯერ კიდევ არ დაუზუსტებია. თუმცა, აქციზის გადასახადით გამოწვეული ინფლაციის ზრდა სახეზეა და ხელისუფლებამაც ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ზრდის თაობაზეც გვიპატაკა. პოლიტიკისთვის ხალხს კი არა, პოლიტიკოსებსაც აღარ სცალიათ - ყველა თვითგადარჩენის რეჟიმშია.
ამ ფონზე, ოდნავ სარკასტული იერი დაჰკრავს მსჯელობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტის არჩევა-არარჩევაზე. ვინაიდან გაუგებარია, - დღევანდელი საკონსტიტუციო რეალობით პრეზიდენტი აღმასრულებელი შტოს ნაწილია, თუ არბიტრი და ხელისუფლებათა დამბალანსებელი.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიღვიძა, ბიძინა ივანიშვილმა სიტუაციის სირთულე ადეკვატურად არ შეაფასა და დროულად არ დაიწყო მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მასში დამარცხებული მმართველი პარტია უნდა შეეგუოს 2018 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის რეალურობას

სიტუაციის გამოცოცხლებას ცდილობს კარგად დაგრანტული არასამთავრობოების ჯგუფი, რომელთაც დასავლეთიდან მესიჯები აშკარად შემოაკლდათ და ინერციით მოძრაობენ. ჩრდილოეთის სიო კი ისევ ძალიან სუსტად უბერავს, რაც მის მოიმედე სუბიექტებს გულს სერიოზულად წყვეტს. ასეთ პირობებში პოლიტიკური პროცესის დინამიკას განსაზღვრავს ახალი, გავლენიანი, პერსპექტიული, პოლიტიკური ძალის გამოჩენის მოლოდინი, რომელიც იქნება, ვფიქრობ, ახალი ძალა და რომელსაც სერიოზულ კონკურენციას, ჩემი აზრით, ვერავინ გაუწევს გადაჯგუფებული არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა, რადგან პოლიტიკური პროცესების ლოგიკით, ოთხი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ თამაშიდან გავა, ხოლო ოთხსუბიექტიან ”ნაცმოძრაობას” (”ნაციონალები,” ”ევროპული საქართველო,” გირჩი, ვაშაძე) გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიღვიძა, ბიძინა ივანიშვილმა სიტუაციის სირთულე ადეკვატურად არ შეაფასა და დროულად არ დაიწყო მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მასში დამარცხებული მმართველი პარტია უნდა შეეგუოს 2018 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის რეალურობას. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, ქვეყნის მართვა ძალიან გაუჭირდება.
- პოლიტოლოგ ზვიად აბაშიძის აზრით, ”საკანონმდებლო პროცესის განხორციელებისას ხელისუფლება არ საჭიროებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სწორედ ამის გამო ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე, პრეზიდენტი და მმართველი გუნდი მართმსაჯულების მესამე ტალღის განსახორციელებლად მიღებულ კანონზე?
- მმართველი ძალა. რომელსაც ხალხმა ანდო ქვეყნის მართვა, ბუნებრივია, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისას, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, მათგან მხარდაჭერის მიღების მიზნით, ვერ აწარმოებს. ოპოზიციასთან თანამშრომლობის ფორმა საპარლამენტო პროცედურებია, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირებისას, საჯარო განხილვები, არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამ მიმართებით, თითქოსდა პრობლემა ფორმალურად არ არსებობს. თუმცა, ხალხის ხმა სათანადოდ არ ისმის. ეს იმის ბრალიცაა, რომ ხალხი, საზოგადოება, სათანადოდ არ არის ინფორმირებული მისაღები კანონების შესახებ. ეს „ქართული ოცნების“ ძველი სენია.
ბიძინა ივანიშვილს არ მიაჩნია მნიშვნელოვნად ამა თუ იმ საყურადღებო კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება, მართვისას საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პიარ–ტექნოლოგიების ჯეროვანი გამოყენება. ჩანს, ამ მიდგომას, დღევანდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც იზიარებს. მთავრობის მიერ ბოლო დროს ინიცირებული კანონპროექტებიდან თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან ფაქტობრივად, არც ერთს არ უჭერენ მხარს ექსპერტები, ანალიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთის მიმართ გაუცხოებულია.
მთავრობის მიერ ბოლო დროს ინიცირებული კანონპროექტებიდან თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, ფაქტობრივად, არც ერთს არ უჭერენ მხარს ექსპერტები, ანალიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთის მიმართ გაუცხოებულია

იგივე შეიძლება ითქვას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით თუ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებულ ცვლილებებზე. ტერორიზმის საფრთხიდან გამომდინარე, ფარული მოსმენების თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, ყველგან გაგებით ეკიდებიან ამ თვალსაზრისით გადასადგმელ სპეციფიკურ ნაბიჯებს. ყველგან, საქართველოს გარდა.
სასამართლო რეფორმის ახალი ტალღის პერიპეტიების განხილვისას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წინა ხელისუფლების დროს დამოუკიდებელ შტოს დღეს ცდილობენ უღელი დაადგან. სასამართლო არც მაშინ იყო თავისუფალი და არც დღესაა სრულად გათავისუფლებული. ამ რეალობიდან გამომდინარეა მისაღები ყველა გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ჯერ არსმენილი და ჯერ არნახული შედეგი მივიღოთ - სასამართლო რეალურად გახდეს დამოუკიდებელი.
- პოლიტოლოგ ზვიად აბაშიძის მტკიცებით - ”ოთხი წლის განმავლობაში ერთი პოლიტიკური ძალა არაპროპორციულად ძლიერი იქნება სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში”. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან არასაკმარისად მუშაობს?
- ოპოზიციასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან საკმარისად „ნაცმოძრაობა“ მუშაობდა. მიზანი ერთი იყო, დიადი და ნათელი - მართვადი ოპოზიციის შექმნა, რაც მაინც არ გამოვიდა. არც არასდროს გამოვა - 2007, 2009, 2011 წლები ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხს და ოპოზიციას და გაითვალისწინოს მათი განწყობა და მოთხოვნები.
რაც შეეხება მმართველი ძალის „არაპროპორციულ ძლიერებას“, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. ეს მოქმედმა კანონმდებლობამ და საზოგადოების განწყობამ დაადგინა. ახლა ამის თანამდევი უარყოფითი ტენდენციები რომ არ გახდეს რეალობა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა უნდა იყოჩაღოს, არ მისცეს მოსვენება მმართველ ძალას, ხოლო თუ კრიტიკული აზრისადმი ხელისუფლება ყრუ აღმჩნდება, ხალხს ქუჩაში უნდა უხმონ. ასე იქცევიან ცივილიზებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. ფაქტია, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაში ხელისუფლება მთლად წარმატებულად ვერ გამოიყურება. ამ მიმართულებით ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს კი დგამს, მაგრამ საერთო სურათი არც იცვლება და სრულად არც ის ვიცით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ვითარების გამოსასწორებლად. თქვენი დაკვირვებით, ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ხელშესახებ რა ნაბიჯებს დგამს?
- ბუნებრივია, ყოველგვარი პოლიტიკის მიზანი მოქალაქე, ადამიანი, მისი უკეთესი ცხოვრება, მეტი კეთილდღეობა და დაცულობაა. როცა ამ მიმართულებით მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებზე და წარმოებულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ რა ვითარებაა ქვეყნის შიგნით და სამეზობლოში, საერთაშორისო არენაზე.
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და 11-პუნქტიანი ჩამონათვალი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს

არსებული რეალიების გათვალისწინებით მეტი ეკონომიკური ზრდა, ამ ეტაპზე, ძნელად მისაღწევი მიზანი იქნებოდა. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და 11-პუნქტიანი ჩამონათვალი ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად არის მთავრობის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. ბუნებრივია, ამის იქით სხვას ვერც მე ვხედავ. ისინი ცნობილია და მათ ჩამოთვლას არ შევუდგები. სხვა საკითხია, რამდენად საკმარისია ეს ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად. ჩემი აზრით, არა. მეტიც, ეს ნაბიჯები ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.
- ვინაიდან და რადგანაც ხელისუფლების ქმედებები ამ თვალსაზრისით აშკარად არასაკმარისია, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული ეკონომიკისა და სოციალური ფონის გაუმჯობესება, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ურჩევდით ხელისუფლებას?
- არ ვისურვებდი, რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური ფონის გაუმჯობესება. ვფიქრობ, ეს ჩემთვის დაუძლეველი ტვირთი იქნებოდა. ამიტომ, არც ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი და არც ვაპირებ. რჩევას მთავრობას და პრემიერ კვირიკაშვილს მაინც მივცემ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი.
ქვეყანას სჭირდება განვითარების მკაფიო კონცეფცია და განვითარების უფრო რეალისტური, გასაგები ვექტორები. მთავრობის ბევრ წევრს დასავლური განათლებაც აქვს. მათ უნდა იცოდნენ, რომ დასავლეთში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას ჰპოვებს რეინდუსტრიალიზაციის კონცეფცია. იგი დეინდუსტრალიზაციის თითქოსდა საპირისპირო განვითარების მიმართულებაა.
მთელი რიგი ავტორიტეტული ეკონომისტები, მათ შორის, დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი, ჰარვარდიდან და კოლუმბიიდან, მიიჩნევენ, რომ ჩვენნაირი და უფრო მეტიც, განვითარებული დასავლური ქვეყნებისთვის, აქცენტის გაკეთება ტურიზმზე და მომსახურების ეკონომიკაზე არ იყო მთლად სწორი და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ტრამპი რამდენად უსმენს მათ და რამდენად იზიარებს აღნიშნულ ხედვებს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკიდან გატანილი წარმოებების ქვეყანაში დაბრუნების კურსი აქვს აღებული.
ქვეყანას სჭირდება განვითარების მკაფიო კონცეფცია და განვითარების უფრო რეალისტური, გასაგები ვექტორები... მთავრობას ვურჩევ ყურადღებით მოეკიდოს რეინდუსტრიალიზაციას, ანუ ინდუსტრიული პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს

თბილისში სტუმრად მყოფმა როდრიკმა და სეიბლმა ჩვენც იგივე გვირჩიეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე. მთავრობას ვურჩევ, ამ ხედვებს ყურადღებით მოეკიდოს და რეინდუსტრიალიზაცია, ანუ ინდუსტრიული პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს.
ამას წინათ გადავაწყდი ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩვენთან „ტესლას“ ერთ-ერთი რეგიონული ქარხნის აშენებას მოითხოვდა და საამისოდ ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. ცხადია, ასეთი პროექტების ბედი ხელმოწერების შეგროვებით არ წყდება. აქ ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა და ყველა გავლენიანმა ადამიანმა უნდა გამოიჩენოს სათანადო ფხა და სურვილი.
- თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა საზ.მაუწყებელში ხდება? თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რომელსაც რადიკალური ცვლილებები არც ერთ სფეროში არ გაუტარებია, საზ.მაუწყებელში რეფორმის გატარება ”სუფთა ფურცლიდან” დაწყება გადაწყვიტა და არხის ერთი წლით დახურვას გეგმავს?
- ცხადია, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმის განხორციელება აუცილებელია. ამაზე არავინ დავობს. არც იმას მიიჩნევს არავინ სათუოდ, რომ თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმაზაციაც საჭიროა. აუცილებელია ტექნიკური და მატერიალური ბაზის განახლებაც. ამ ყველაფერში სადავო არაფერია. აბა რაზე ვდავობთ?
ერთადერთ რამეში არ დავეთანხმებოდი ვასილ მაღლაფერიძეს, - როცა მან შესთავაზა სამეურვეო საბჭოს, „მოამბის“ გარდა ყველა გადაცემის 1 წლით შეჩერება, ანუ დახურვა. ამის მიღწევა, არც ერთი თვალსაზრისით რეალურად არ მესახება. არც ორგანიზაციული, არც საკადრო და არც თუნდაც პოლიტიკური კუთხით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხებზე, აგრეთვე საზოგადოებრივ რადიოში, არის როგორც კარგი, ისე ცუდი გადაცემები. არ მგონია, რომ ოპტიმიზაცია შეეხებათ კარგ და წარმატებულ ჟურნალისტებს, არც ძველი და არც ახალი თაობიდან. ისიც ცხადია, რომ ფუტკარივით მშრომელი და გონიერი ჟურნალისტები მიზერულ ხელფასებს არ უნდა იღებდნენ. ისიც ყველასთვის გასაგებია, რომ 45 მილიონი ეფექტიანად არ იხარჯებოდა და მთლიანობაში საზ.მაუწყებლის პროდუქტი და რეიტინგი 45 მილიონიანი მაუწყებლისას არ შეესაბამება. ბუნებრივია, ახალმა მენეჯმენტმა ცვლილებები თანდათან, შრომის კოდექსის სრული დაცვით და შოკური თერაპიის გარეშე უნდა განახორციელოს.
საზმაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ცვლილებები თანდათან, შრომის კოდექსის სრული დაცვით და შოკური თერაპიის გარეშე უნდა განახორციელოს

- ახლა საზმაუწყებელთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ისმის ორი კითხვა - რატომ სურს ხელისუფლებას საზ.მაუს. სრულად დაქვემდებარება და რატომ არ თხოვს პასუხს ”ქართული ოცნების” ხელისუფლება საზ.მაუწყებლისთვის გამოყოფილი თანხების არასწორ ხარჯვაზე პასუხისმგებელ პირებს. ამ ორივე კითხვაზე თქვენი პასუხი როგორი იქნებოდა?
- ვერ დავეთანხმები მტკიცებას, რომ ხელისუფლებას საზ.მაუწყებლის სრულად დაქვემდებარება სურს. საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც სურს ცვლილებები მაუწყებელზე.
ბუნებრივია, „რუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესი და პარალელურად რადიკალური ცვლილებები საზ.მაუწყებელზე კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგრამ, სამართლებრივი პროცედურებისგან თავისუფალი არ უნდა იყოს არც ერთი ბიზნეს-სტრუქტურა, მათ შორის, არც მედია-სტრუქტურა. ასევე ბუნებრივია, რომ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა შესწავლილ უნდა იქნას შესაბამისი ორგანოების მიერ.
რამდენადაც ვიცი, არსებობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მაუწყებლის შესწავლის შედეგები, გამოვლენილია სერიოზული დარღვევები, მაგრამ გაუგებარია ის რომ, ამ შედეგების გასაჯაროებას რატომღაც არავინ ჩქარობს...
- ”ნაცმოძრაობამ” ტელეკომპანია ”რუსთავის-2”-ის დასაცავად საკოორდინაციო საბჭო შექმნა, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია და მოძრაობები გაერთიანდნენ. გასულ კვირას ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამავე აქციაზე ითქვა, რომ ოპოზიცია ”არ აპირებს თავდაცვის რეჟიმში ყოფნას”. მათივე მტკიცებით, ”დამთავრდა ის დრო, როცა ივანიშვილს მშვიდად ეძინა”. თქვენი დაკვირვებით, რა სავარაუდო შედეგები შეიძლება ჰქონდეს დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ტრაექტორიას როგორც ქვეყნისთვის, ისე პოლიტიკურ ველზე არსებული პოლიტიკური ძალებისთვის?
- მედია უნდა იყოს თავისუფალი. ვისურვებდი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს დღევანდელი მენეჯმენტის მართვაში, მიუხედავად იმისა, მწამს და მჯერა, რომ ეს არხი იმართება მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ და ეს ქართული თავისუფალი პრესისთვის მიუღებელი მგონია.
ვისურვებდი, „რუსთავი 2“ დარჩეს დღევანდელი მენეჯმენტის მართვაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არხი იმართება მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ და ეს ქართული თავისუფალი პრესისთვის მიუღებელი მგონია

პარტიული ტელევიზიების საქართველოში დამკვიდრებული რეალობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველა წამყვან ტელევიზიას რომელიმე პოლიტიკური ძალა აკონტროლებს. თუმცა, ეს უკეთესია, ვიდრე იმ „9 წლიან ავადასახსენებელ“ პერიოდში იყო, როცა ყველა წამყვან ტელევიზიას ერთი პარტია, უფრო ზუსტად, ერთი კაცი სრულად აკონტროლებდა. სამწუხაროდ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, არ მახსოვს მაშინ მედია–ექსპერტების საპროტესტო განცხადებები.
- იმაზე, რომ ”ნაციონალები” სიტყვის თავისუფალებას იცავენ, მათი ოპონენტები ბევრს კი ქილიკობენ, მაგრამ გასულ კვირას პარლამენტში ე.წ. ”ბანერების ომის” მიმდინარეობისას ყოფილმა ”ნაციონალმა”, ახლა კი ”ევროპული საქართველოს” წევრმა და დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ საკმაოდ საინტერესო აზრი გაახმოვანა. ”ქართული ოცნების” დეპუტატების შენიშვნებზე, რომ ”ნაციონალებს” სიტყვის თავისუფლების დაცვასა და ტელევიზიების დახურვასთან დაკავშირებით ხმა არ აქვთ ამოსაღები, ბობოხიძის რეპლიკა ასეთი იყო - ”დიახ, ჩვენ ვჭამეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც ასე უნდა მოიქცეთ”. როგორც ჩანს, ყოფილი ”ნაციონალები” დაშვებულ შეცდომებს აღიარებენ და მათი შეცდომების გამეორებისაგან ხელისუფლებასაც თავის შეკავებას ურჩევენ და მეტი წინდახედულებისაკენ მოუწოდებენ. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- რას ვიზამთ. საქართველოში პოლიტიკა ისევ არის ბრძოლა წესების გარეშე, ისევ პოპულარულია ქართული ხალხური სიბრძნე – ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.
„ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავად „ნაციონალები“ იბრძვიან, რომელთა დროსაც მხოლოდ ერთი თავისუფალი ტელევიზია არსებობდა - „კავკასია“, რომლის დაფარვის არეალიც შეზღუდული იყო და მას „ნაციონალები“ იმისთვის ითმენდნენ, რომ მისი გადაცემები ჩაეწერათ, ინგლისური თარგმანი დაედოთ და უცხოელი კონტროლიორებისთვის ეჩვენებინათ - ა, ბატონო, თუ არ არის პრესა ჩვენთან თავისუფალიო.
დღეს არსებული ვითარება სახელისუფლო ძალასაც აწყობს და ოთხ „ნაციონალურ“ პარტიასაც - ხელისუფლებას მათი ოპონირება ვერაფერს დააკლებს, ხოლო „ნაც.ერთობა“ კი შეინარჩუნებს „რუსთავი 2“–ს, როგორც პარტიული პროპაგანდის საკმაოდ ძლიერ და ეფექტურ იარაღს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები