არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
უჩა ნანუაშვილი - გამორიცხული არაა, არასამთავრობო სექტორს ფარული მოსმენების კანონზე სასამართლოსთვის მიმართვის კუთხით მეორე წრეზე წასვლა მოუწიოს
10:33 18-02-2017
უჩა ნანუაშვილი - გამორიცხული არაა, არასამთავრობო სექტორს ფარული მოსმენების კანონზე სასამართლოსთვის მიმართვის კუთხით მეორე წრეზე წასვლა მოუწიოს სახალხო დამცველი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში მოინახულა. იმის გამო, რომ ბრალდებულსა და მის დამცველებს პროკურატურის მხრიდან საქმესთან დაკავშირებული დეტალების გაუთქმელობის პირობა აქვთ ჩამორთმეული, მამა გიორგის პოზიცია საზოგადოებამ სწორედ უჩა ნანუაშვილისგან შეიტყო. სახალხო დამცველმა დეკანოზის დაკავებისას დაფიქსირებულ გარკვეულ პროცესუალურ დარღვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სახელმწიფო ბრალდებისა და დაცვის მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
კონკრეტულად რა დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი და ხედავს თუ არა რაიმე სახის რისკებს მამა გიორგის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ”ინტერპრესნიუსის” კითხვებს უჩა ნანუაშვილმა უპასუხა..

- თქვენ შეხვდით მამა გიორგი მამალაძეს. როგორ პირობებში იმყოფება ის? როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არ უსაუბრია რაიმე დარღვევაზე, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა პენიტენციურ დაწესებულებაში?
- პირობები დამაკმაყოფილებელია, ისევე როგორც მისი ფიზიკური მდგომარეობა. რაიმე საჩივარი პრობლემის შესახებ შეხვედრის დროს არ დასმულა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები უშუალოდ დაკავების დროს და შემდგომ პერიოდში, რაზეც ვისაუბრეთ. დაფიქსირდა პროცესუალური დარღვევები, მათ შორის ის, რომ 4-5 საათის განმავლობაში არ მისცეს ზარის განხორციელების შესაძლებლობა ოჯახთან, ადვოკატთან და ა.შ. დაახლოებით დღენახევრის განმავლობაში იმყოფებოდა მოდულის შენობაში, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა მე-6 დაწესებულებაში და იმ პერიოდში საუბრობს იმაზე, რომ მას გარკვეული უფლებები შეეზღუდა.
- მამა გიორგის და მის დამცველებს გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი და საქმის გარკვეულ დეტალებზე ვერ საუბრობენ იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა და უშუალოდ მთავარი პროკურორი აკეთებენ განცხადებებს საქმის გარემოებებსა და დეტალებზე. ეს უკვე შეფასდა, როგორც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა, თუმცა პროკურატურას პოზიცია, რომ დაცვის მხარემ არაფერი თქვას, არ შეუცვლია...
- მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე თუ ვსაუბრობთ, ეს, რა თქმა უნდა, დარღვეულია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, რომელმაც წალეკა რეალურად მედიასივრცე. არაერთი საჯარო პირის მხრიდან - როგორც პროკურატურის, ასევე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის მინისტრების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის და პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია, კონკრეტულად ვის მიმართ იგეგმებოდა დანაშაული, პოლიტიკოსებმა პირადად პატრიარქზე გააკეთეს აპელირება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა გარკვეულწილად საზოგადოებაში გაჩენილი ექო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები არსებობს, რომ ამან იქონიოს გამოძახილი თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ბრალდებულის უსაფრთხოება დაცული.
ამ ყველაფერის მიუხედავად, მამა გიორგი საკმაოდ მშვიდი იყო. გამოამჟღავნა ბრძოლისუნარიანობა. ამბობს, რომ აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას და სჭირდება ყველა ადამიანის დახმარება, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. გარეშე პირები შესაძლოა ფიქრობდნენ საკითხის პოლიტიზებაზე, მაგრამ მას სურს, რომ ეს აირიდოს თავიდან. ხაზს გავუსვამ, რომ თქვა ასეთი რამ: ”ეს არის აბსურდული ბრალდება და სავარაუდოდ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ჩემს წინააღმდეგ”.
- რაც შეეხება სხვა თემებს, მაგალითად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და მის მიერ განსახილველ საკითხებს: ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კომისია განიხილავს, სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მისი არჩევის წესის ცვლილებას, ასევე უფლებამოსილების ვადის შემცირებას შეეხება. წარმოდგენილი ინიციატივით სახალხო დამცველს არჩევისას არამხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭერაც უნდა ჰქონდეს. არის თუ არა რეალურად სახალხო დამცველის არჩევის წესი შესაცვლელი?
- რა თქმა უნდა, სასურველია და იდეალური იქნება, თუ ასეთი მოდელი იარსებებს ქვეყანაში, რომ სახალხო დამცველს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავიხსენოთ, რამდენ შემთხვევაში მოხდა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსესუსის მიღწევა?! - ასეთი შემთხვევები ძალიან მცირე იყო. მე აქ უფრო მეტ რისკებს ვხედავ, ვინაიდან შესაძლოა წლების განმავლობაში, ამ მოდელის გამო, ვერ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა და ამით უფრო დაზარალდეს როგორც ომბუდსმენის ინსტიტუტი, ისე ქვეყანა. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, როდესაც, იმის გამო, რომ გარკვეულწილად თემის პოლიტიზება ხდებოდა, მთელი რიგი პოზიციები ვაკანტური იყო. არ გამოვრიცხავ ვინმეს აწყობდეს კიდეც, რომ სახალხო დამცველის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში იყოს ვაკანტური.
რაც შეეხება არჩევის ვადას, ჩემამდე საქართველოში 4 ომბუდსმენი იყო და სოზარ სუბარის გარდა, ბოლომდე ერთი ვადა ვერც ერთმა დაასრულა. პრობლემა არის სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, ამიტომ, როდესაც რაღაც საკითხი დღის წესრიგში დგება და მის საჭიროებაზეა საუბარი, ამოვიდეთ იქიდან, რამდენად არის ამის საჭიროება და არის თუ არა საკითხი პრობლემური.
- ერთი ვადით არჩევაზე არგუმენტი არის ის, რომ მოქმედმა, კონკრეტულ თანამდებობაზე მყოფმა პირმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მაამებლური იქნება იმ ორგანოს მიმართ, რომელიც მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს...
- იგივე სხვა ქვეყნებში, სადაც ერთი ვადითაა განსაზღვრული სახალხო დამცველის არჩევა, გაცილებით უფრო ხანგრძლივ ვადაზეა საუბარი - ზოგიერთ ქვეყანაში 10 წლიანი ვადაც კი არის. ქვეყანაში არსებობს სხვა ბევრი ინსტიტუცია, სადაც შესაძლებელია ერთი ადამიანის რამდენიმე ვადით არჩევა და მხოლოდ სახალხო დამცველზე ასეთი ჩანაწერის გაკეთება აჩენს კითხვებს - რატომ მაინც და მაინც სახალხო დამცველი?!
- ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტზეც რომ ვისაუბროთ. ახალი ვერსიით, იქმნება ახალი სააგენტო სუს-ში, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მოსმენებზე. ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, მას არაკონსტიტუციურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის არ არის ადეკვატური პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. იზიარებთ თუ არა იმ შენიშვნებს, რომელიც გამოთქმულია ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით?
- ზოგადად ჩვენ ამ კანონპროექტს და იმ ნაწილს, რომელიც ე.წ. გასაღებს ეხება, უარყოფითად ვაფასებთ. აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს, რომელიც მოიცავს, არამხოლოდ ფიზიკურად გამოყოფას მოსმენების ინსტიტუტის და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებას, არამედ რეალური დამოუკიდებლობის შექმნას. საზოგადოების მხრიდან არსებობს ლეგიტიმური უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ვინაიდან შსს და უშიშროება იდგა ამ უკანონო მოსმენების უკან წლების განმავლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტით ხელი შეეწყოს ამ უნდობლობის გაქარწყლებას. თუმცა ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს. არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა ახალ უწყებას, თუ ეს სსიპ-ი დარჩება უსაფრთხოების სისტემაში, ამით შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეგვეცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მწირი დამოუკიდებლობის ელემენტები ჩნდება, როცა საუბარია ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაზე. როცა არსებობს ძლიერი უშიშროების სამსახური, მის კონტროლქვეშ ძალიან მინიმალურია ეს დამოუკიდებლობის ხარისხი და შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან სსიპ-ები ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ხელმძღვანელობას ემორჩილებიან.
კანონპროექტით შემოთავაზებული სააგენტოს უფროსის კანდიდატურის არჩევის წესიც ხარვეზიანია, როდესაც კომისიის მანდატი თავიდანვე შეზღუდულია ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომისიას წარუდგენს უკვე სამ შერჩეულ კანდიდატს. რატომ მაინცდამაინც სამს? ღია წესით არ ხდება შერჩევის პროცესი, არაა განსაზღვრული კრიტერიუმები - ვინ შეიძლება იყოს ეს სამი პირი, რომლებიც უნდა შეთავაზოს კომისიას სუს-ის უფროსმა. რეალურად კომისიის წევრები შეზღუდული იქნებიან არჩევანის გაკეთებაში.
- ხომ არ ელოდებით პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ ამ კანონზე ვეტოს დადებას და ხომ არ გასაჩივრდება უკვე მიღებული ახალი კანონი ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში?
- ჯერ არც არის შეთანხმებული, რა ფორმით მოხდება ამ კანონის მიღება. შესაძლებელია, მართლაც რაღაც კონსესუსი გამოიძებნოს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამ ფორმით რომ იქნას მიღებული კანონი, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს. მეორე მომენტია საკონსტიტუციო სასამართლო და მისი დღევანდელი შემადგენლობა, რომელიც ცოტა განსხვავებულია, თუმცა გამორიცხული არაა ორგანიზაციებს მეორე წრეზე მოუწიოთ წასვლა, თუკი არ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა.
- ევროსაბჭოს მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის სამი კანდიდატის დაწუნებასაც შევეხები. ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილმა ამ კანდიდატების დაუმტკიცებლობა თქვენ და არასამთავრობო სექტორს დაგაბრალათ. რას ურჩევთ ამ მიმართულებით ხელისუფლებას და თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყვნენ ახალი კანდიდატები, ასევე რა პროცედურებს გაივლიან ახლა ისინი?
- არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ, თუ რა დასკვნები გამოიტანეს ამ პროცესიდან, რომელიც იყო თავიდანვე ხარვეზიანი. სწორედ ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შეცდომები და ნაცვლად ვინმესკენ თითის გაშვერისა, უკეთესი იქნება, საკუთარ პროცედურებს და სისტემას დავუკვირდეთ, რამდენად ღია და გამჭვირვალეა პროცესი. არის თუ არა დახვეწილი შეფასების სისტემა? - სისტემა არის ნახევრადგამჭვირვალე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აღძრავს, მათ შორის უცხოეთში და სახალხო დამცველს ყველგან ეკითხებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აზრს, მათ შორის ევროსაბჭოში და ბუნებრივია, კიდევ შეეკითხებიან.
- ამ ბრალდებების ფონზე, რაც წამოვიდა თქვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, ხომ არ ელოდებით, რომ ახალი კანდიდატების შერჩევა კომისიის გვერდის ავლით მოხდეს?
- გასაგებია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა წარვუდგინოთ ევროსაბჭოს რეალური კანდიდატები. ეს ის მოცემულობაა, რომელსაც ქვეყანა ვერ გაექცევა თუ ევროსაბჭოს წევრობა სურს. გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი დაგვაზღვევს იმ კითხვის ნიშნებისგან, რაც გასულ წელს დაისვა. ამ პროცესში თუ არ იქნება რაიმე ხარვეზები, სახალხო დამცველმა რაც არ უნდა თქვას, მას არ დაუჯერებენ, თუკი არ გვექნება კონკრეტული არგუმენტები და ფაქტები.
- კიდევ ერთ ბრალდებას შევეხები, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ გაისმა ბოლო პერიოდში. საქალაქო სასამართლომ დაგადანაშაულათ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა, თუმცა მანამდე იყო თქვენი კრიტიკული და მწვავე შეფასებები, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციებში წაგებულ შრომით დავას მოჰყვა. რამ გამოიწვია თქვენი ასეთი რეაქცია და რა დარღვევები დაინახეთ სასამართლო დავაში?
- შეიძლება ითქვას, რომ სახლახო დამცველისგან ბევრი არც ელოდა ასეთ მკვეთრ განცხადებებს, მაგრამ ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო და ეს ფორმა შეიძლება ითქვას, ჩემთვისაც არ ყოფილა მისაღები, როცა სასამართლოსთან ამ ტიპის განცხადებებით გვიწევს ურთიერთობა. მაგრამ ეს განცხადება, სამწუხაროდ, იყო დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე. სასამართლო პროცესი ორივე ინსტანციაში წარიმართა დარღვევებით, არაკომპეტენტურად და არასწორად, რამაც მოგვცა საშუალება ასეთი განცხადების გაკეთების.
საუბარია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის გათავისუფლებაზე, რომლის მიმართაც დადგინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ვალდებულებების უხეში დარღვევა, მათ შორის სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება, კანონით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ. დაფიქსირდა ასევე სახალხო დამცველის საქმისწარმოების პროგრამიდან რეგისტრირებული დოკუმენტის წაშლა და მის ნაცვლად სხვა დოკუმენტის რეგისტრაცია, რაც არის დისციპლინური გადაცდომა. სახალხო დამცველის აპარატში არის პატიმრებისა და სხვა მოქალაქეების ათასობით განცხადება, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელმა პირმა დაარღვია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას ევალება, რომ ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა იყოს დაცული. სასამართლომ ფაქტობრივად წაახალისა აღნიშნული ქმედება, არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატისთვის, არამედ ყველა საჯარო სამსახურის სისტემისათვის, სადაც საქმისწარმოება ელექტრონული პროგრამების გამოყენებით მიმდინარეობს და ამით საჯარო მმართველობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
ჩვენს განცხადებაზე სასამართლოს პასუხი იყო საკმაოდ ზედაპირული. მათ მხოლოდ ბრალი დაგვდეს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში, თუმცა ამ ბრალდების უკან არაფერი კონკრეტული არ იდგა. ჩვენს კონკრეტულ კრიტიკულ მოსაზრებებზე სასამართლო ვერაფერს პასუხობდა.
პრობლემა იყო ასევე საქმის განაწილების წესში. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და მივიღეთ პასუხი, რომ თურმე საქალაქო სასამართლო არ ამუშავებს საქმეთა განაწილების მონაცემებს.
- ანუ სახალხო დამცველს აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული საქმე საქმეთა განაწილების წესის დარღვევით მივიდა დაინტერესებულ მოსამართლემდე?
- სავარაუდოდ ამაზეა საუბარი, რადგან საქმე წარმოებაში მიიღო სხვა მოსამართლემ, მაგრამ განიხილა სხვამ. ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ერთი მოსამართლიდან მეორეზე საქმის გადაწერა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი დიდი ხნის შესული იყო, სასამართლომ მისი განხილვა რეალურად დაიწყო და დაასრულა ერთ დღეში. ჩვენ ასევე შევისწავლეთ ამ მხრივ არსებული პრაქტიკაც და იმის პრეცედენტი, რომ ასეთი დაჩქარებული წესით მომხდარიყო ნებისმიერი სხვა შრომითი დავის განხილვა, ვერ აღმოვაჩინეთ. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ არის ასეულობით საქმე, რომელიც იწელება თვეებისა და წლების განმავლობაში.
- დაინტერესება რა იყო ამ შემთხვევაში სასამართლოსი, რომ ეს დავა გადაწყვეტილიყო მომჩივანის სასარგებლოდ?
- რომ ჩავყვეთ გადაწყვეტილებას, რომლიც ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო, ჩვენ ვნახავთ, რომ დასაბუთებულობის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ გადაწყვეტილებაში არის სამართლებრივი ნონსენსებიც. მაგალითად, გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახალხო დამცველი არაა უფლებამოსილი დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი საქმე განხილული არ აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოქმედი კანონმდებლობით, კი ინსპექტორის კომპეტენცია არის მხოლოდ სამართალდარღვევის საკითხის შესწავლა და არა ნებისმიერი დისციპლინური დარღვევა, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და ა.შ. როდესაც სასამართლო ასეთი ტიპის სამართლებრივ შეცდომებს უშვებს გადაწყვეტილებაში, ეს, მე ვფიქრობ, არის ის პრობლემა, რომელიც მთლიანობაში მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული მოსამართლეების ქმედებებში იკვეთება გარკვეული ინტერესი, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის, ვინაიდან სახალხო დამცველის საქმიანობისა და კრიტიკული შენიშვნების გამო, მის მიმართ არსებობს უკმაყოფილება.
- თქვენი მისამართით ასევე ისმის ბრალდებები იმაზე, რომ არ დაიცავით იგივე ”აზოტის” გათავისუფლებული თანამშრომლების, ასევე ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული აქციონერებისა და დაზარალებული მოვაჭრეების უფლებები. რას აკეთებს ამ მხრივ სახალხო დამცველი და როგორ ეხმარება ამ ადამიანებს?
- ბევრია შემთხვევა, როდესაც საუბარია კერძო დავაზე და მანდატიდან გამომდინარე ჩვენ, კერძო სექტორში მუშაობის საშუალება არ გვაქვს ანუ სახალხო დამცველი მხოლოდ საჯარო სფეროში არსებულ დარღვევებზე რეაგირებს, კერძო სექტორში კი მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში, დისკრიმინაციის საკითხებში გაგვაჩნია მუშაობის მანდატი. ამის მიუხედავად საზოგადოებაში არის წარმოდგენა, რომ სახალხო დამცველი ყველა საკითხზე უნდა რეაგირებდეს და ვალდებულია, ყველა ასეთ შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება. სამწუხაროდ, მანდატის გაცნობიერება, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მხრიდან არ ხდება. აქედან გამომდინარე არსებობს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ სახლახო დამცველი უნდა იყოს ყველგან და დაიცვას ყველა ადამიანის უფლება. თქვენს მიერ ჩამოთვლილი საკითხების უმეტესობა ჩვენს მანდატში არ შედის, თუმცა ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ დავაკვირდეთ ასეთ პროცესებს, გავაანალიზოთ და გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს არავის უფლებების დარღვევა.
დასმული პრობლემები ზოგადად სოციალური პოლიტიკის ნაწილია, როდესაც მაგალითად არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება და გარკვეული პირობები. აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ჩვენთვის მთავარია, რომ შევისწავლოთ ასეთი საკითხები, სადაც სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდება და მაქსიმალურად მეტი რეკომენდაციებით მივმართოთ ხელისუფლებას, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უშუალოდ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მან აიღოს პასუხისმგებლობა.
- რეკომენდაციები ახსენეთ და რამდენად ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებები თქვენ რეკომენდაციებს და თუ არიან ისეთი უწყებები, რომლებსაც სახალხო დამცველმა შეიძლება ურჩი უწოდოს?
- ამ კითხვაზე პასუხი ადვილი არაა. ჩვენი რეკომენდაციების შესრულება ბევრ რამეს მოიცავს. ჩვენ შევაჯამეთ გასული წელი და ჩვენი რეკომენდაციების 39% იყო შესრულებული, ხოლო 10% ნაწილობრივ შესრულებული ანუ ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახევარი ნაწილობრივ ან სრულად შესრულდა. არ შესრულდა 17%, 4%-ზე მივიღეთ შუალედური პასუხი, 12%-ზე მივიღეთ დაპირება შესრულებაზე და ჩვენი რეკომენდაციების 18%-ზე კი საერთოდ არ მიგვიღია პასუხი. ზოგადად თუ შევაფასებთ, ტენდენცია დადებითია. ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისას იკვეთება ის უწყებები, რომლებიც უფრო მეტად გამოირჩევიან სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებით და ასევე ისინიც, რომლებიც არ გამოირჩევიან ამით. მაინც ალბათ ყველაზე მეტად სამართალდამცავი უწყებები არიან, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
როდესაც განვიხილავთ რეკომენდაციების შესრულების საკითხს, მნიშვნელოვანია ერთი საკითხიც: მაგალითად, ჩვენ არაერთხელ გვქონდა რეკომენდაცია პროკურატურის მიმართ, რომ მათ გამოძიება დაეწყოთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მათ მართლაც დაიწყეს ამის გაკეთება და ამით შეიძლება ითქვას, რომ რეკომენდაცია შესრულდა, მაგრამ ეს გამოძიება ხშირად თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობს. აქ შეიძლება ვიდავოთ იმაზე, თუ რა ითვლება რეკომენდაციის შესრულებად, მხოლოდ ის, რომ გამოძიება იწყება, თუ ის, როცა საქმე ბოლომდე მივა. ამ კუთხით გამოწვევები არსებობს. ასევე არის რეკომენდაციები, რომლებიც მეორდება, რადგან წლების განმავლობაში არ მოხდა მათი გათვალისწინება.

თორნიკე კოშკაძე
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების