არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
სოსო ცისკარიშვილი - ევროპული და ამერიკული რეაქცია ”რუსთავი-2”-ის მიჭირხვნის პრიმიტიულ მცდელობაზე კმაყოფილების მომგვრელიც არის და გულის გასახეთქიც
13:55 06-03-2017
სოსო ცისკარიშვილი - ევროპული და ამერიკული რეაქცია ”რუსთავი-2”-ის მიჭირხვნის პრიმიტიულ მცდელობაზე კმაყოფილების მომგვრელიც არის და გულის გასახეთქიც საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ჯერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გაგვაკვირვა ”რუსთავი-2”თან დაკავშირებით 8-ტომიან საქმეზე ერთ დღეში გამოტანილი განაჩენით, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ამ ფაქტზე მომხდარმა ოპერატიულმა რეაგირებამ. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთის მხრივ, ”რუსთავი-2”-ის საქმეზე დიდი პალატის მიერ 2 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას, სტრასბურგის სასამართლოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მყისიერ რეაგირებას, ხოლო მეორე მხრივ - მათ გადაწყვეტილებებსა და პოზიციებზე ჩვენი ხელისუფლების რეაქციას?
- ევროპული და ამერიკული ცალსახა რეაქცია ”რუსთავი-2”-ის „მიჭირხვნის“ პრიმიტიულ მცდელობაზე კმაყოფილების მომგვრელიც არის და გულის გასახეთქიც. რასაკვირველია, გვსიამოვნებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ინდეფერენტული არ არიან დასავლური დემოკრატიის ფლაგმანი ორგანიზაციები. ამავე დროს, როდესაც ვეცნობით მათ მკაცრ, სამართლიან
და დღემდე არნახულ ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩვენი ხელისუფლების მიერ უკანასკნელ დროს გადადგმული ზოგიერთი უმეცარი ნაბიჯის მიმართ, რასაკვირველია, საგონებელში ვვარდებით.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უცხოა რაიმე სახის თვითკრიტიკა

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უცხოა რაიმე სახის თვითკრიტიკა. ამდენად, გასაკვირი არ იქნება არც რამე არაადექვატური რეაქცია მათ მიმართ კრიტიკულ შეფასებებზე და არც ქვეყნის დამამცირებელი დუმილი.
- ახლა ბევრი საუბრობს ”რუსთავი-2”-ის საქმეზე ყველა მხარის მიერ სახის შენარჩუნების სხვადასხვა ვერსიებზე, მაგრამ ვერსიები, რომელიც საჯარო სივრცეში გამოითქმის, ან ზომაზე მეტად ოპტიმისტურად, ანაც ზედმეტად არარეალისტურად გამოიყურება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ”რუსთავი-2”-ის საქმეზე? მოსალოდნელია მხარეებს შორის გარკვეულ გარიგებსა და მოლაპარაკებებზე წასვლა, თუ ყველაფერი იმ მოცემულობაში დარჩება, რა გადაწყვეტილებაც დიდმა პალატამ მიიღო?
- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წლის მანძილზე, 2007 წლის 7 ნოემბრიდან ა.წ. 3 მარტამდე, „რუსთავი-2“-ის რეალური მფლობელების მიერ მე ვეტო მქონდა დადებული ამ ტელეკომპანიის ღია ეთერში გამოჩენაზე, ვიყავი და ვრჩები მის აქტიურ მაყურებლად, ნიჭიერი ჟურნალისტების, პროდიუსერების და წარმატებული სატელევიზიო პროექტების გულშემატკივრად.
თუ სიღრმეში ჩავწვდებით ამ კონფლიქტის ანატომიას, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ „რუსთავი-2“-ის მართვის უფლების მოპოვებისთვის შეუპოვარი ბრძოლა სხვა არაფერია, გარდა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტების უსასრულო პოლიტიკური კორიდა, რომელშიც ისინი რიგრიგობით იცვლიან ხარის და ტორეადორის როლებს. ამგვარ ბრძოლებში კი მუდმივად დამარცხებულია ახალფეხადგმული ქართული დემოკრატია, რომელიც იძულებულია მოისხას ხან წარსული „მიშაკრატიის“, ხან კი ამჟამინდელი „ბიძინაკრატიის“ მანტია...
„რუსთავი-2“-ისთვის ბრძოლა სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილისა და ივანიშვილის ფავორიტების უსასრულო პოლიტიკური კორიდა, რომელშიც ისინი რიგრიგობით იცვლიან ხარის და ტორეადორის როლებს. მუდმივად კი დამარცხებულია ახალფეხადგმული ქართული დემოკრატია, რომელიც იძულებულია მოისხას ხან წარსული „მიშაკრატიის“, ხან კი ამჟამინდელი „ბიძინაკრატიის“ მანტია

ამჟამად ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა „ნებისმიერკრატიის“ პირობებში ზეწოლის რეჟიმს შეჩვეული ქართული მართლმსაჯულებაც. ამდენად, კვლავ შერცხვენილმა სასამართლომ, თავისი „დიდი პალატის“ უნისონში მომღერალი ცხრა მოსამართლიანად, დაკარგა რაიმე რეალური ფუნქცია არსებული პრობლემის მოგვარების პროცესში.
ფაქტია, რომ დღემდე „რუსთავი 2“-ის დაპირისპირების თემა, უპირატესად, პოლიტიკური ჭიდილის ფორმატში განიხილებოდა. სიტუაციის დაბალანსების შესაძლებლობა კი მხოლოდ ამ ჭიდილის ბიზნეს-ფორმატში გამჭვირვალე განხილვას ძალუძს. ფორმატის ასეთ ცვლილებას მიესალმება იმ ეჭვიან პოლიტიკოსთა ამალაც, რომელსაც არ აქვს საკმარისი არგუმენტი „რუსთავი2“-ის რეალური მფლობელების სურვილის დასაბუთებისა, რომ მათ სურთ მხოლოდ ტელეკომპანიის კეთილდღეობა და არა მისი გამოყენება ქვეყანაში მუდმივი შფოთის დასამყარებლად, შორს მიმავალ
ოცნებათა ასახდენად.
- ”რუსთავი-2”-ის ოპონენტები ტელეკომპანიას და მათ მხარდამჭერებს იმაში სდებენ ბრალს, რომ ისინი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გეგმავენ. არა მგონია ”რუსთავი-2”-ის მხარდამჭერებს არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, დღეს ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არაა და მისი ხელოვნურად შექმნა რეალურად აზარალებდა როგორც ზოგადად პოლიტიკურ პროცესს , ვერც რეალურ სარგებელს მოუტანდა ”რუსთავი-2”-”ისათვის ბრძოლას. 8 მარტიც მალე მოვა და ახლა მთავარია თუ როგორ განვითარდება მოვლენები 8 მარტის შემდეგ. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”რუსთავი-2”-ის საქმე აღმოჩნდეს ქვეყანაში თუ რევოლუციის არა, ქვეყანაში დიდი დესტაბილიზაციის მიზეზიცა და საფუძველიც?
- შესაძლოა, რომელიმე ხელმოცარული პოლიტიკური სუბიექტისთვის სანატრელი იყოს რევოლუცია - არცთუ სასურველი ხელისუფლების არსებობის გამო, მაგრამ, ჯერჯერობით, საბედნიეროდ, რაიმე რევოლუციის მოლოდინი მხოლოდ სულსწრაფთა ნატვრაა.
შესაძლო დესტაბილიზაციის მოლოდინი კი უფრო რეალურია, რადგან „რუსთავი-2“-ის გარდა, სხვა უფრო წონადი მიზეზებიც არსებობს უკმაყოფილებისთვის. კერძოდ, მზარდი სიღარიბე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი პარლამენტის და მთავრობის მიერ საკუთარ ამომრჩეველთა იმედების გაცრუება, პოლიტიკური სუბიექტის „ქართული ოცნების“ ტრანსფორმაციის საფრთხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „შპს ქართული ოცნებად“ მისი მფლობელის შეცვლის გარეშე.
შესაძლო დესტაბილიზაციის მოლოდინი კი უფრო რეალურია, რადგან „რუსთავი-2“-ის გარდა, სხვა უფრო წონადი მიზეზებიც არსებობს უკმაყოფილებისთვის

- გასაგებია, რომ ახლა მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ვარიანტებზეა საუბარი, მაგრამ თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად აღმოჩდება შეკვეცილი, გაუგებარია ასეთ ვითარებაში რაღა საჭიროა პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების წესით არჩევა?
- პრეზიდენტი სიკეთის და სამართლიანობის სიმბოლოა ყოველი სახელმწიფოსთვის, ეს დღევანდელი საქართველოა, რომელსაც გაუჩნდა სურვილი, რომ იყოლიოს მდუმარე, უფუნქციო პრეზიდენტი, რომლის “პრივატიზაცია” აღარ იქნება ხელმიუწვდომელი რომელიმე არაფორმალური ბელადისთვის.
- ფაქტია, რომ მმართველ გუნდში, რომლის მისაღებიცაა ცვლილებები კონსტიტუციაში, აქტიურად საუბრობენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, საუბარია რეგიონალურ-პროპორციულ სიებზე, ოღონდ ვერ აზუსტებენ , ეს შემდეგი არჩევნებისთვის უნდა ამოქმედდეს თუ სამომავლოდ გადაიდოს. ასევე იმაზე, რომ პარტიები მომავალ არჩევნებში ბლოკებად მონაწილეობას ვერ მიიღებენ. და ეს მაშინ, როცა 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ”ქართული ოცნებაც” კოალიცია, ანუ პარტიათა ბლოკი იყო . მიუხედავად იმისა, რომ საუბარია მხოლოდ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ცალკეულ ნაწილების სხვადასხვა ვარიანტებზე, თქვენი აზრით, რაზე შეიძლება მიუთითებდეს მმართველი გუნდის მხრიდან ზემოთჩამოთვლილ თემებზე მოსაზრებების საჯარო სივრცეში აქტიურად გაჟღერება?
- სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, რადგან, როგორც სჩანს, ”ქართულ ოცნებას” ”ნაცმოძრაობისგან გადაედო კიდევ ერთი ავად სახსენებელი სენი - „მე ვარ და ჩემი ნაბადი!“ ასეთი უმეცარი, წინდაუხედავი ნაბიჯი მხოლოდ დაგვაშორებს საჯაროდ გაჟღერებული ევროპული პერსპექტივის სიკეთეს და მხოლოდ გაახალისებს ჩვენზე „მზრუნველ“ კრემლს.
- საკონსტიტუციო საკითხებში ჩახედული არაერთი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი, იქნება სიმბოლური და ნომინალური ფიგურა. გარდა ამისა, სუსტდება პარლამენტი და ძლიერდება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. მმართველი გუნდის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულების მიზეზის გამო მათი გეგმები გასაგებია, მაგრამ გაუგებარია პარლამენტარებს რატომ გაუჩნდათ სურვილი მომავალი პარლამენტი უფრო სუსტი იყოს. თქვენი აზრით, რატომ?
- პარლამენტის უმრავლესობის ასეთი განწყობა ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, აღტაცებული მეოცნებენი, უპირველეს ყოვლისა, საჯაროდ ხარობდნენ შემდეგი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევანის გზით. ოდნავ მოგვიანებით, ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ ქართველ პოლიტიკოს-თეორეტიკოსებისგან, რომელ ევროპულ ქვეყნებს გააჩნია ასეთი კანონმდებობა, რომელიც საქართველომაც უნდა გადმოიღოს, მაგრამ მიუხედავად დიდი ინტერესისა, მათგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - რომელ ევროპულ სახელმწიფოს მართავს არაფორმალური მმართველი მილიარდერი, რომელიც ოცნებობს ქვეყნის დაუმორჩილებელი პრეზიდენტის სასწრაფო გადაყენებაზე?
”ქართულ ოცნებას” ”ნაცმოძრაობისგან” გადაედო ერთი ავად სახსენებელი სენი - „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. ასეთი უმეცარი, წინდაუხედავი ნაბიჯი მხოლოდ დაგვაშორებს საჯაროდ გაჟღერებული ევროპული პერსპექტივის სიკეთეს და მხოლოდ გაახალისებს ჩვენზე „მზრუნველ“ კრემლს

რაც შეეხება პარლამენტის როლის შესაძლო შემცირებას, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ ალბათ, შპს „ქართული ოცნების“ ბუღალტერიის გათვლების შედეგად, დადგინდა, რომ მთავრობის 30 წევრისგან ერთგულების და სიყვარულის მოხვეჭა უფრო ნაკლებად ხარჯიანია, ვიდრე 130 მეოცნებეში შეყვარებული პარლამენტარის.
- ”ციანიდის საქმე” ორ კვირაზე მეტ ხანს არის ჩვენში ყველაზე განხილვადი თემა. ისიც ფაქტია, რომ რაც მეტს ვიგებდით ამ საქმეზე, მით მეტი პასუხგაუცემელი კითხვები გაუჩნდა საზოგადოებას. სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, ახლა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე ეს ”ციანიდის საქმის” გახსნამდე იყო. ეს მიუხედავად იმისა, რომ დღემდე გაურკვეველია თუ რა საქმე გახსნა პროკურატურამ. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება საპატრიარქოსთან დაკავშირებით სკანდალით დაწყებული ”ციანიდის საქმე”?
- როგორიც არ უნდა იყოს ამ მტკივნეული თემის დასასრული, ფაქტია, რომ ჯერჯერობით კვლავ მხოლოდ პროკურატურაა სამართალდამრღვევი სუბიექტი. სრულიად დაბნეული, საკუთარ დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პროკურატურის მიერ ბრალდებულის და მისი ადვოკატების უფლებების, აგრეთვე, საზოგადოების მაღალი ინტერესის ხანგრძლივი იგნორირებიდან გამომდინარე, როგორც ველოდით, სამართლის სანდო გზამკვლევი და ნანატრი სიმშვიდის მომგვრელი აღმოჩნდება საქართველოს საპატრიარქო და ქართული საზოგადოების საყოველთაო ნდობის ერთადერთი მფლობელი კათალიკოს პატრიარქი.
- ბატონო სოსო, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოში დევნილთა ბანაკების შესაძლო მშენებლობაზე მოსაზრება გამოთქვა. ავსტრია ამჟამად ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბატონი კურცი სულ ცოტა ხნის წინ იყო ვიზიტად თბილისში, საინტერესოა ამ თემაზე მას ჰქონდა თუ არა საუბარი საქართველოს ხელისუფლებასთან?
ავსტრიელ მინისტრს მყისიერი, ამომწურავი, დამაჯერებელი და დამამშვიდებელი პასუხი გასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა

- ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ სებასტიან კურცის მოულოდნელ განცხადებაზე, შეიქმნას ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, მათ შორის საქართველოში, ეგვიპტესა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, მყისიერი, ამომწურავი, დამაჯერებელი და დამამშვიდებელი პასუხი გასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა
ჩვენისთანა ქვეყანას, რომელსაც არსებული შიდა ტერიტორიული პრობლემების გამო ჯერ ვერ შეუსრულებია ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულება გასული საუკუნის საკუთარ მიგრანტთა მისაღებად. რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გააჩნია ბატონი მინისტრის მოსაზრების რეალიზაციისთვის.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები