არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული
11:22 13-03-2017
ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. დაუჯერებელია ჯარიმების გამოწერას ამ მასშტაბის არეულობა და მასიური ვანდალიზმის ფაქტების დემონსტრირება გამოეწვია. მესმის რომ, ვიდრე გამოძიება დასრულებული არაა, არ არიან გამოვლენილი მასიური არეულობის ორგანიზატორები, მომხდარზე კომენტარის გაკეთება ძნელია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - თქვენი აზრით, რა მოხდა 11-12 მარტს ბათუმში? რამ გამოიწვია ბათუმის კრიზისი? ახლა როცა ყველა მომხდარის მიზეზების სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობაზე საუბრობს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობდა მომხდარის პრევენციისა და მეტიც, თავიდან აცილების შესაძლებლობა?

- ბათუმში განვითარებული პროცესების მიზეზები კომპლექსურია და აუცილებელია ყველა მათგანი გავითვალისწინოთ მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.
საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ეგონა, რომ რადგან მას მეტ-ნაკლებად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპოზიცია აღარ ჰყავს, სოციალური უკმაყოფილებით ვერავინ ისარგებლებდა

უნდა დავიწყოთ მძიმე სოციალური ფონით და საზოგადოებაში არსებული შესაბამისი საპროტესტო განწყობით. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ეგონა, რომ რადგან მას მეტ-ნაკლებად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპოზიცია აღარ ჰყავს, სოციალური უკმაყოფილებით ვერავინ ისარგებლებდა ანუ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თუ არ არის პოპულარული ლიდერი, არ არის პრობლემა, თუმცა შეცდა - ჩვენ ყველამ ერთად და ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული.

ავტორიტეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერების დეფიციტმა გამოიწვია ისიც, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ მოსახლეობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან სწორი და დამაჯერებელი კომუნიკაცია ვერ შეძლეს: პატარიძის აჭარაში არყოფნის პირობებში, აჭარის ხელისუფლების სხვა ლიდერებიდან ვერავინ მოახერხა პროტესტის მონაწილეთა ნდობის მოპოვება და იმგვარი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, რომ სიტუაციის ესკალაცია აეცილებინათ თავიდან.

მივადექით კიდევ ერთ მწვავე პრობლემას: აჭარაში არასწორ საკადრო პოლიტიკას, შესაბამისად, უავტორიტეტო მთავრობას და რეალურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარის დეფიციტს. ამ ფონზე, თავად აჭარის მთავრობის მეთაური პატარიძე უდავოდ გამოირჩეოდა განვითარებული მოვლენების სწორი და გაწონასწორებული შეფასებით და ჩანს, რომ მისმა არყოფნამ ბათუმში პროცესი ნამდვილად აზარალა, რადგან ის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ავტორიტეტული ფიგურაა აჭარის დღევანდელ ხელისუფლებაში.

არ უნდა მივაჩუმათოთ ის საკითხიც, რომელიც ამ სოციალური აფეთქების რეალურ წინაპირობად იქცა. კერძოდ, პარკირების პრობლემა ბათუმში, რომელიც ამ ზღაპრული ქალაქის მოსახლეობის უდიდესი თავისტკივილია და ამ პრობლემასთან მიბმული, ბოლო სამი კვირის მანძილზე გახშირებული ჯარიმები და შესაბამისი, პატრულის საქმიანობით მზარდი უკმაყოფილება.

და კიდევ ერთი და ყველაზე შემაშფოთებელი - ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა თავისი რესურსი ამოწურა, რადგან ხელისუფლება მასზე აღარ რეაგირებს, ამიტომ პროტესტის, 90-იანი წლების მერე დავიწყებულ, აგრესიულ ფორმებს მიმართა. ეს ყველაზე სახიფათო სიმპტომია.
ხელისუფლების შესწავლის უპირველესი ობიექტი უნდა იყოს - ვინ ჩააგონა ამ ახალგაზრდებს, რომ ჩამოსული პატრული მათ თათრებს უწოდებდა, ვინ ამზადებდა ამ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული პატრულის თანამშრომლებში მტერი დაენახათ


რაც უფრო მეტი ადამიანი ჩათვლის, რომ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი დიალოგის რესურსი ამოიწურა და არც იმგვარი ალტერნატიული პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებსაც საზოგადოება საკუთარი ინტერესების მშვიდობიან დაცვას ანდობს, მით უფრო გაიზრდება საზოგადოებაში პროტესტის აგრესიული ფორმით გამოხატვის მუხტი.

- ის, რომ არეულობაში მონაწილე ახალგაზრდების ჯგფუფები საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათ აღმოაჩნდათ ქვები და ”მოლოტოვის კოქტეილებიც” კი, ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ მოვლენები ბათუმში სპონტანურად არ განვითარებულა და გარკვეული ძალები ცდილობდნენ არეულ ვითარებაში ხელის მოთბობას. თქვენი დაკვირვებით, ვინ ცდილობდა აჭარაში არეულობის ორგანიზებას და რა იყო ამ ტიპის არეულობის მიზანი? ადგილობრივთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „გულწრფელი სამოქალაქო პროტესტი ნაძირლობაში დახელოვნებულმა ავანტიურისადმი მიდრეკილმა პოლიტიკოსებმა გამოიყენეს“, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ან რომელმა პოლიტიკოსებმა, ამის დაზუსტებისაგან ყველა თავს იკავებს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვინ ცდილობდა ბათუმის არეულობაზე ხელის მოთბობას?

- ვფიქრობ, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ორ ეტაპად უნდა დავყოთ - პირველი, როცა რეალურ, ყოფით პრობლემაზე განაწყენებული ადამიანთა მცირე ჯგუფი, პატრულის მოქმედებაზე თავის გულისტკენას გამოხატავდა და რომლის ლოკალიზებაც სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების უავტორიტეტობის და ნაკლები კვალიფიკაციის გამო ვერ მოხერხდა და მეორე ეტაპი, როცა პროცესების განვითარებამ აგრესიული და მასობრივი ხასიათი მიიღო.

სწორედ ამ ეტაპზე ერთვებიან პროცესში ეგზალტირებული და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი და ადგილი ეთმობა ლოზუნგებს თუ ფრაზებს - გორელი რატომ უნდა მიწყვეტდეს ჩემს ქალაქში როგორ მოვიქცე, აჭარლებს ავტონომიას გვართმევენ... და ა.შ. ხელისუფლების შესწავლის უპირველესი ობიექტი სწორედ ეს უნდა იყოს - ვინ ჩააგონა ამ ახალგაზრდებს, რომ ჩამოსული პატრული მათ თათრებს უწოდებდა, ვინ ამზადებდა ამ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული პატრულის თანამშრომლებში მტერი დაენახათ. ვინ შეეცადა, ე.წ. თათრების თემით ნაღმის აგორებას?! ხელისუფლებამ უსწრაფესად უნდა მოიკვლიოს, მოხდა თუ არა პატრულის რომელიმე თანამშრომლის მხრიდან ასეთი რამ და თუ ეს მიზანმიმართული ცილისწამებაა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნაღმის შექმნაში მონაწილეობდა
ხელისუფლებამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს გავრცელებული ინფორმაციებიც იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ღოღობერიძე ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილის დაკვეთებს ასრულებდა
და აქ აუცილებლად შემოდის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და კერძოდ, სოციალური ქსელების როლი საზოგადოების მართვის პროცესში. ვიღაცამ, ბათუმელი აქტივისტის, ღოღობერიძის ხელით, უკვე მოსინჯა „ფეისბუქის“ საშუალებით აჭარის ახალგაზრდებში უკმაყოფილების ტალღის გაღვივება. საუბარი მაქვს ადამიანზე, რომელიც მარტის დასაწყისიდან „ფეისბუქ“-ის საკუთარი გვერდის საშუალებით, მიზანმიმართულად აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს, სხვადასხვა მითის მეშვეობით, აჭარის მოსახლეობას შორის. მათ შორის იყო სწორედ ის მამალი ტყუილი, თითქოსდა ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ავტონომიის შეზღუდვის სურვილი და გეგმა აქვს.

აუცილებელია, ყურსმიღმა არ დარჩეს ღოღობერიძის დამკვეთების ეს მცდელობა, რადგან ეს ერთი კერძო ადამიანის პირადი სიმპათია-ანტიპათიის საქმე არ გახლავთ, ეს არის სოციალური ქსელების მეშვეობით სეპარატიზმის გაღვივების და ამ მიზნით საჭირო მითების გავრცელების პირველი მოთელვა ქართულ სივრცეში და საფუძველშივე აღსაკვეთი. ვინც ეს გააკეთა, ის ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის უკან ჩაბრუნებაც ძალზედ რთული იქნება.

ზოგადად, სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანთა და მთელი საზოგადოებების მართვის უახლესი ტექნოლოგიები ცალკე საუბრის, უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში ასაყვანი საკითხია, მაგრამ ამაზე შემდგომ.

აქვე, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს გავრცელებული ინფორმაციებიც იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ღოღობერიძე ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილის დაკვეთებს ასრულებდა, რომელიც უკმაყოფილი იყო აჭარის პოლიციაში განხორციელებული, მათთან შეუთანხმებელი ცვლილებებით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს დგას, აქაც სასწრაფო ზომებია მისაღები.
ხელისუფლებამ შეძლო და ძალადობაზე არაძალადობრივი პასუხის გაცემა მოახერხა


რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცადა თუ არა ბათუმის მოვლენებით ხელის მოთბობას, „ნაციონალების“ მხრიდან ბათუმის პროტესტის მონაწილეთა სოლიდარობის აქციების დაანონსება და ზოგიერთის აჟიტირებული „ფეისბუქ“ პოსტები, სულ მცირე, უპასუხისმგებლობისა და პოლიტიკური ახლომხედველობის ნიშანი იყო.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ მოქმედებდა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში? ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით შსს-მ ბათუმში არეულობისას შეძლო მაქსიმალურად პროპორციულად გამოეყენებინა ძალა. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ შეასრულა ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზატორთა ულტიმატუმი დაკავებულთა გამოშვების შესახებ და რატომ არ შეწყვიტეს არეულობის ორგანიზატორებმა ქალაქის ვანდალურად რბევა მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა. თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებაში, ერთი მხრივ, ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, არეულობის ორგანიზატორთა ქმედებებს?

- ხელისუფლებამ, აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელების წყალობით, პროცესების ლოკალიზების და სწრაფად დარეგულირების შანსი გაუშვა მაშინ, როცა აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრულის მიერ დაჯარიმებული ჭირისუფლის განაწყენებულ მომხრეებთან მოლაპარაკება ვერ შეძლეს, რის შედეგადაც პროცესების მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ.
ჩემი თხოვნაა, ნუ წავაქეზებთ ამ ხელისუფლებას იქცეს მონსტრად, თორემ ის მონსტრი ისევ ჩვენ შეგვჭამს. ესეც უახლოესმა ისტორიამ გვასწავლა
თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც ხელისუფლებამ შეძლო და ძალადობაზე არაძალადობრივი პასუხის გაცემა მოახერხა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როცა იმ სპეციალური დანიშნულების რაზმებს, რომლებმაც გამთენიისას ბათუმის ქუჩები აგრესიული პროტესტანტებისგან მშვიდობიანად გაწმინდეს, უსუსურობას და ძალის გამოუყენებლობას საყვედურობენ.

უკმაყოფილებას ძირითადად იწვევს ის, რომ ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყვანა და ვანდალიზმის აღკვეთა დააგვიანა - სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა მაშინ, როცა ქუჩებში უკვე პროტესტანტთა შედარებით მცირე რაოდენობა იყო დარჩენილი. მე გეკითხებით, ვის ჰქონდა გარანტია, რომ დაძაბულობის პიკში, გამძვინვარებული და ემოციებს აყოლილი ასეულობით ახალგაზრდის წინააღმდეგ შეიარაღებული რაზმების გამოყვანას მსხვერპლი არ მოჰყვებოდა?! თუ ასეთ დროს მსხვერპლი ანგარიშში ჩასაგდები არ არის?! ჩვენ ეს დრო უკვე გავიარეთ და უკან დაბრუნების სურვილი არავის აქვს. რომ ქილიკობენ, ბათუმის ქუჩების გაწმენდისას სპეცრაზმის შეძახილები: „არ დაარტყათ“, პიარი იყოო, ძალიანაც კარგი თუ პიარი იყო. ესე იგი, პოლიცია ახალი იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს.

ჩემი თხოვნაა, ნუ წავაქეზებთ ამ ხელისუფლებას იქცეს მონსტრად, თორემ ის მონსტრი ისევ ჩვენ შეგვჭამს. ესეც უახლოესმა ისტორიამ გვასწავლა.

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: ”არეულობის ორგანიზატორები და შემსრულებლები უმკაცრეს პასუხს მიიღებენ.” 11-12 მარტს ბათუმში არეულობისა და ქალაქის ვანდალური დარბევის ორგანიზატორები და შემსრულებლები რომ არ დაისაჯონ, მართლაც გაუგებარი იქნება, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლება მკაცრად, ეფექტურად და რაც მთავარია სამართლიანად იმოქმედებს?

- პირველი და აუცილებელი, რაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს: ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ძალადობა და ხელისუფლებასთან ძალისმიერი გზით საუბარი მიზნის მიღწევის ფორმა და საშუალება არ არის, თორემ ეს ცდუნება ხვალ და ზეგ სხვასაც გაუჩნდება;

მეორე, ხელისუფლებამ ეს პროცესები კუდიანებზე ნადირობისთვის არ უნდა გამოიყენოს ანუ მონახოს რეალური მიზეზები და დამნაშავეები და არა, პოლიტიკურ ოპონენტებს შეახოცოს ხელი. თორემ, პროცესების ესკალაციის „ნაციონალებისთვის“ გადაბრალებაზე იოლი რა არის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამით რეალურ მიზეზებს არ მოვუხუჭოთ თვალი, რამაც ხვალ და ზეგ, შესაძლოა, უფრო მძიმე ფორმით იჩინოს თავი.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ სიამის ტყუპებივით განაგრძობენ თანაარსებობას. ისინი ხომ ერთმანეთისთვის ჟანგბადის ბალიშის და მაშველი რგოლის როლს წარმატებით ასრულებენ? - „ოცნებას“ „ნაციონალების“ სახით საზოგადოებისთვის მუდმივად შეყენებული მტრის ხატი ჰყავს, „ნაციონალები“ კი, „ოცნების“ წყალობით, არავის უთმობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შემქნელი მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშას.
ხელისუფლებას მაქსიმალური კეთილგონიერება მართებს, რადგან ამ დღეებში თავჩენილმა სახიფათო ტენდენციებმა - აგრესიულმა ქმედებებმა, სეპარატისტული იდეების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენებამ და სხვამ, ღრმად არ გაიდგას ფესვები საზოგადოებაში, რასთან გამკლავებაც მერე გაცილებით რთული იქნება


ხელისუფლებას მაქსიმალური კეთილგონიერება მართებს, რადგან ამ დღეებში თავჩენილმა სახიფათო ტენდენციებმა: აგრესიულმა ქმედებებმა, სეპარატისტული იდეების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენებამ და სხვამ, ღრმად არ გაიდგას ფესვები საზოგადოებაში, რასთან გამკლავებაც მერე გაცილებით რთული იქნება. და რაც მთავარია, იმედია, ხელისუფლებას არ გაუჩნდება სამომავლოდ, უკვე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ცდუნება.

- ჩვენი მთავრობის მხრიდან საგარეო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო ხელშესახები ხდება. უცნაური ისაა, რომ მათზე კრემლი პრაქტიკულად არც რეაგირებს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბათუმის მოვლენებში ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლების ხელი ერიოს?

- ჩვენი ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში ბოლო ორი თვეა ისეთი აქტიურია, რომ „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო. მოკლედ ჩამოთვლით შემოვიფარგლები: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მისი დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის დაანონსება, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მოპატიჟება საქართველოში და ჩვენი პრემიერის - ამერიკაში, საქართველოს ჩართვა "ნატო"-ს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და ამ მიზნით ჩვენი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინსფრასტრუქტურის გამოყენებაზე მზაობის გაცხადება, ნატოს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა თბილისში და ამა წლის მაისში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება - და ეს სულ რაღაც 2 თვის მონაგარია.
ჩვენი ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში ბოლო ორი თვეა ისეთი აქტიურია, რომ „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო

თქვენ მართალი ბრძანდებით, საყურადღებოა, რომ რუსეთის მხრიდან, მიუხედავად საქართველოს ასეთი აქტივობისა, მაღალი რანგის არც ერთი ოფიციალური პირის, ტრადიციული, მუქარის შემცველი განცხადება არ მოგვისმენია და ეს იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა შავი ზღვა საკუთარი ინტერების სფეროდ გამოაცხადა და ამ რეგიონში „ნატო“-ს გავლენის ზრდა კატეგორიულად გამორიცხა.

ფაქტია, რომ რაღაც ხდება, რაც ზედპირზე არ ჩანს: ან დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული კონსენსუსია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თაობაზე, ან რუსეთი დაცდის რეჟიმშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი მის გამოყენებას არ ეცდება.

ბათუმში განვითარებული მოვლენები იმიტომაც იყო განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი, რომ საქმე ეხება რეგიონს, სადაც რუსეთის და თურქეთის ინტერესები და შესაბამისად, მათი სპეცსამსახურების აქტივობა, განსაკუთრებით მაღალია, მით უფრო, მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოთქვა მზადყოფა, აქტიურად ჩაერთოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ნატო“-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის განხორციელებაში.

- ვინც ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ პოლიტიკური კრიზისი თითქოს არ გვაქვს, ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაში საკმარისზე მეტი პრობლემებია, მაგრამ მთავრობა მათ დასაძლევად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. საგარეო ასპარეზეც გვაქვს წარმატებები, პოლიციაც და მაშველებიც მუშაობენ, მაგრამ მაინც არის განცდა, რომ ”ჩვენს სამეფოში” საქმე მთლად კარგად არ უნდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების შემდეგ 6 თვეში საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? რა თავისებურებებით ხასიათდება არჩევნების შემდგომი პერიოდი?
ბათუმში განვითრებული მოვლენები იმიტომაც იყო განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი, რომ საქმე ეხება რეგიონს, სადაც რუსეთის და თურქეთის ინტერესები და შესაბამისად, მათი სპეცსამსახურების აქტივობა, განსაკუთრებით მაღალია

- დღევანდელობის და თვალსაწიერი მომავლის მთავარი პრობლემა მოცარიელებული პოლიტიკური ველი, მსხვილი კალიბრის, ავტორიტეტული ლიდერების არარსებობა და საერთო ეროვნული, გამაერთიანებელი მიზნის და იდეის დეფიციტია. ეს, ერთი შეხედვით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი სიტუაციაა, როცა საზოგადოება შემკვრელი ლიდერების და იდეების გარეშეა დარჩენილი, ძალზედ მაღალი რისკის შემცველია, რადგან თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების გამოყენებით ნებისმიერს შეუძლია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ორგანიზება და ისეთი და უფრო მასშტაბური დესტრუქციული ქმედებებისკენ მიმართვა, როგორიც ჩვენ ბათუმში ვიხილეთ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამედროვე სამყაროში და ბუნებრივია, ჩვენთვისაც, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

მოსუფთავებული და უკონკურენტო პოლიტიკური ველი და ხელჩაქნეული საზოგადოება, ხელისუფლებაში თვითდაჯერების და ყოვლისშემძლეობის განცდასაც აჩენს, რაც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობის დეფიციტს იწვევს, რადგან არ ჩანს ანგარიშგასაწევი ობიექტი, რომლის არსებობაც ხელისუფლებას მეტ მობილიზებას და შესაბამისად, ნაკლები შეცდომების დაშვებას აიძულებდა და ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სრულიად მოულოდნელ გამოწვევებს, ხელისუფლება შესაძლოა მოუმზადებელი შეხვდეს.
მოსუფთავებული და უკონკურენტო პოლიტიკური ველი და ხელჩაქნეული საზოგადოება, ხელისუფლებაში თვითდაჯერების და ყოვლისშემძლეობის განცდასაც აჩენს, რაც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობის დეფიციტს იწვევს

აგრეთვე, პრობლემაა ისიც, რომ საკუთრივ ხელისუფლების შიგნითაც არ მიესალმებიან ახალი ლიდერების შექმნასა და წარმოჩენას.

- ფაქტია, რომ შიდა პოლიტიკაში უამრავი პრობლემა არსებობს. თქვენი აზრით, რომელი მათგანია უმნიშვნელოვანესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ მათ დასაძლევად, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და განვითარების პირობები?

- ახალი გამოწვევების დასაძლევად ხელისუფლებამ პარტნიორად უნდა გაიხადოს საზოგადოება, განსაკუთრებით მისი აქტიური ნაწილი. ბათუმის მოვლენებმა და ამ დღეებში სოციალური ქსელების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდებიან, აბსოლუტურად სწორი და საღი სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და პირველებმა დაგმეს, იგივე, „ნაციონალების“ სოლიდარობის აქციები.

ბათუმის დღეებში ისინი ხელისუფლების ობიექტური მოკავშირე და დასაყრდენი იყვნენ. ხელისუფლებას მათთან სწორი კომუნიკაციისთვის მცირე რამ სჭირდება. ნუ დაიწყებს წინასწარმომარჯვებული მტრული კლიშეებით მათთან ურთიერთობას - აღიაროს ისინი პარტნიორებად საზოგადოების კიდევ უფრო ფართო ფენებთან ურთიერთობის პროცესში და სამომავლო გამოწვევებთან ბრძოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმის მსგავსი, მართული თუ უმართავი აფეთქებებისგან, მას ვერაფერი დააზღვევს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები