არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ვაჟა ბერიძე - როცა აჭარაში ჯაჯგურს ვუკეთებთ პროვოცირებას, ამ დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ
12:04 16-03-2017
ვაჟა ბერიძე - როცა აჭარაში ჯაჯგურს ვუკეთებთ პროვოცირებას, ამ დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, საუბრის დაწყება ყველაზე განხილვადი ბათუმის თემით მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენ აუცილებლად შევეხებით აჭარის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკის თემას. მაგრამ, ახლა ალბათ ყველაზე აქტუალურია 11-12 მარტის არეულობაში მონაწილეთა მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ 11-12 მარტს ბათუმში ვანდალური აქტების ჩამდენი მოქალაქეები უმკაცრესად დაისჯებიან, მაგრამ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი და კიდევ რამდენიმე 250-250 ლარით დაჯარიმდა. თუ წინა ხელისუფლებას ძალის ზედმეტად გამოყენებას საყვედურობდნენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორედ მას აქვს უფლება მთელი სიმკაცრით გამოიყენოს ძალა. თქვენი აზრით, რატომ არ სჯის კანონის შესაბამისად ხელისუფლება მათ, ვინც 11-12 მარტს ბათუმის ქუჩებში არეულობა მოაწყო და პოლიციის მანქანებიც კი დაწვა?
- მსჯელობას იმაზე, რაც ზედაპირზე დევს აზრი არ აქვს იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა შრეების შემცველია ზედაპირის განმაპირობებელი სინამდვილე.
ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს – აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა, არა ფორმალურად, არამედ რეალურად და ეს განაპირობებს ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულებას აჭარის მოსახლეობისადმი, მისი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსადმი.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ – აჭარის ავტონომია გასაუქმებელია, რადგან ქართველებს, მათ შორის აჭარის ქართველობას, საქართველოში ავტონომია არ სჭირდება.
90–იანი წლების დასაწყისში იყო აჭარის საზოგადოებიდან წამოსული მოძრაობა ავტონომიის გასაუქმებლად, რასაც შიდა და გარე მტრული ძალების მხრიდან გაუგებრობების ინსპირირება მოჰყვა. ზვიად გამსახურდია მხარს უჭერდა ავტონომიის გაუქმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება აჭარის მოსახლეობის ნება, გამოხატული რეფერენდუმზე. მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო ეს საკითხი მაშინ მოიხსნა დღის წესრიგიდან.
რეალურად ვითარება ასეთია – აჭარის მოსახლეობის ნების გარდა ამას დასჭირდება მინიმუმ ორი ქვეყნის – თურქეთისა და რუსეთის თანხმობა, რადგან ისინი ფაქტობრივად არიან ყარსის ხელშეკრულების გარანტორები. ყარსის ხელშეკრულება უვადოა, მისი ვადიანობისა და საიდუმლო მუხლების შესახებ ბევრი მითქმა–მოთქმის მიუხედავად, არანაირი მონაცემები დღემდე არ გასაჯაროებულა. ის კი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად ფართო ავტონომიის უზრუნველყოფას მკვიდრი მოსახლეობისთვის რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით.
ამ ყველაფერს, ჩემო ბატონებო, გათვალისწინება უნდა, როცა როტაციის პრინციპით აჭარაში პოლიციის უფროსის დანიშვნაზე ვსაუბრობთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმში არეულობების მეორე დღეს რუსეთმა შეამოწმა სამხრეთის ჯარების დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნა, ხოლო მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ბათუმს თურქეთის პრემიერ–მინისტრი ილდირიმი ეწვია, რომელმაც არაოფიციალური სადილი გამართა პრემიერ კვირიკაშვილთან.
ბათუმში არეულობების მეორე დღეს რუსეთმა შეამოწმა სამხრეთის ჯარების დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნა, ხოლო მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ბათუმს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ილდირიმი ეწვია, რომელმაც არაოფიციალური სადილი გამართა პრემიერ კვირიკაშვილთან

პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, პირველად ფრანგების მიერ მიგნებულ ამ სიბრძნეს დღეს ყველა იზიარებს. და როცა, აჭარაში ჯაჯგურს ვუკეთებთ პროვოცირებას, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს, თუნდაც გარკვეული ობიექტური წანამძღვრების არსებობისას – კლანურ–ავტორიტარული რეჟიმი და სხვა, ამ დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ.
არც იმის გახსენება გვაწყენდა, რა პინგ–პონგისა და წარმოუდგენელი დამთხვევა–შემთხვევითობების შედეგია ის, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია დღეს, სხვა ტერიტორიები კი არა.
არც 1918 წლის მაისში აჭარაში რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის დავიწყება გვმართებს - ის გერმანელების ზედამხედველობით თურქებმა ჩაატარეს, რომელიც ქობულეთში აშკარად ჩაიშალა... იქ ხასან თხილაიშვილი, რომელმაც საჯაროდ, დემონსტრაციულად ყუთში შავი კენჭი ჩააგდო, - ხალხმა მაშინ წერა–კითხვა არ იცოდა და კენჭისყრა ასე ტარდებოდა, - თურქებმა ზარბაზანს მიაბეს და ზღვისკენ უნდა ესროლათ, მაგრამ გერმანელმა დამკვირვებელმა იხსნა – ეს ძალადობა იქნება და რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს ერთა ლიგაო.
არც ის უნდა დავივიწყოთ, დედე ნიჟარაძემ, ხუსეინ ბეჟანიძემ, მემედ აბაშიძემ, შერიფ ხიმშიაშვილმა, გულო კაიკაციშვილმა და სხვებმა რამდენი ჯაფა გასწიეს, რომ აჭარა მუჰაჯირობის შედეგად მოსახლეობისგან არ დაცლილიყო და საქართველოსკენ მობრუნებულიყო.
გულო კაიკაციშვილმა თავდგირიძეებისგან შესყიდული მიწის ნაკვეთი პირველი ქართული სკოლისათვის გადასცა და ისიც გაითვალისწინეთ, რომ არც ამ სკოლაში და არც ქობულეთში მისი ბიუსტიც კი არ დგას არსად.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 4 ივნისს ოსმალეთთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ჩოლოქის გაღმა ტერიტორიები ოსმალეთს დარჩა. ეს გაკეთდა გერმანელების რჩევით – სხვა შემთხვევაში ოსმალეთი საქართველოს არ აღიარებსო.
არ არის, ბატონებო, აჭარაში არანაირი სეპარატიზმის ნიშანწყალი. არც არავის, მათ შორის მუსლიმან ქართველებს, თავი თათრები არ ჰგონიათ. ისტორიაც კარგად იციან და პოლიტიკაც

1918 წლის ოქტომბერში, მალევე ამ ხელშეკრულებიდან თურქეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და მუდროსის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ანტანტასთან, რომლის ძალითაც ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის, აჭარა და ართვინი. დეკემბერში ბათუმში ინგლისელები შემოვიდნენ, რადგან მუდროსის ზავით, ამ ზავის პირობების კონტროლი მათ დაევალათ და ისინი აქ იქვნენ 1920 წლის ივლისამდე. აჭარა და ართვინი ამ დროს საქართველოს შემადგენლობაშია, თუმცა ამას ოსმალეთი არ ცნობს. მერე იყო საქართველოს ოკუპაცია მეთერთმეტე წითელი არმიის მიერ, რუსეთ–ოსმალეთის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც ტაო–კლარჯეთი თურქეთს დარჩა. ყარსის ხელშეკრულებამ თურქეთსა და საქართველოს შორის დღევანდელი საზღვარი დაადგინა.
ჯერ ეს და სხვა მრავალი რამ უნდა გავითვალისწინოთ და მერე ვილაპარაკოთ, რომელმა უბირმა დაუძახა აჭარის მკვიდრს თათარი და არის თუ არა ამ მხარეში სეპარატიზმის ნიშნები.
არ არის ბატონებო, აჭარაში არანაირი სეპარატიზმის ნიშანწყალი. არც არავის, მათ შორის მუსლიმან ქართველებს, თავი თათრები არ ჰგონიათ. ისტორიაც კარგად იციან და პოლიტიკაც. ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჭარის მოსახლეობა ერთიანად შედგება ყოფილი კომუნისტების, ზვიადის მომხრეების, შევარდნაძის მომხრეების, მიშისტებისაგან და ა.შ. და თუ ამათ არ ვენდობით და თანამდებობებზე არ დავნიშნავთ, მაშინ გორი არ იკმარებს და შეიძლება ვარშავიდან ან ჰამბურგიდან ჩამოვიყვნოთ მმართველები აქაურობის სამართავად. მათ ხომ აჭარაში ნათესავები არ ეყოლებათ?!
ხელისუფლებას - ვერც ცენტრალურს, ვერც აჭარის, ვერც სამართალდამცავებს ვერ გავაკრიტიკებ, მათ გაიარეს ბეწვის ხიდზე და დადგა შედეგი, რომელიც საქართველოს ყველა ჭეშმარიტ გულშემაკივარს ხელს აძლევს

კრიმინალის ალაგმვა აუცილებელია, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების გორელი, თბილისელი თუ თელაველი კადრებით გაძლიერება შეიძლება, მაგრამ ამ პრინციპის უზენაესი იმპერატივის რანგში აყვანა აბსურდამდე მიგვიყვანს – მაშინ გამგებლებადაც როტაციით უნდა დავნიშნოთ, საკრებულოების თავჯდომარეებადაც – აქაც ხომ ბევრია კორუფციის ფაქტები, გაყიდული ტენდერები და ასე შემდეგ.
მე მიყვარს ,,ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკა, ეს მიმაჩნია მათდამი ჩემი კეთილგანწყობის დადასტურებად, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, ვერც ცენტრალურს, ვერც აჭარის, ვერც სამართალდამცავებს ვერ გავაკრიტიკებ, მათ გაიარეს ბეწვის ხიდზე და დადგა შედეგი, რომელიც საქართველოს ყველა ჭეშმარიტ გულშემაკივარს ხელს აძლევს.
საუბარი იმაზე, როდის უნდა დაეწყო სპეცრაზმს აქტიური მოქმედება და არეულობების აღკვეთა, ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია, უბრალოდ ბელეტრისტიკაა. გაავებულ და გავეშებულ ბრბოსგან, როგორადაც იქცა თანდათან ეს მშვიდობიანი აქცია, ყველაფერია მოსალოდნელი. არც მსხვერპლი გამოირიცხება. ამიტომ შესაბამისმა პირებმა, პოლიციელებმა და სპეცრაზმმა გამოამჟღავნა დიდი მედეგობა და პროფესიონალიზმი, რამაც ბათუმის მოვლენებს არ მისცა ტრაგედიაში გადაზრდის საშუალება, რაც მოსალოდნელი იყო.
თქვენ მეკითხებით, რატომ არ სჯის კანონი არეულობის მონაწილეებს მკაცრად? იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ასეთი ადეკვატური მოქმედების და სასჯელის მომხრეა.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ვერსიას, თითქოს ბათუმის მოვლენები ადგილობრივ ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირებით იყო გამოწვეული. ხელისუფლება ხელს ხან ”ნაციონალებისკენ”, ხანაც დაუდგენელი დესტრუქციული ძალებისკენ იშვერს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან არაკანონიერ მოქმედებაზე საკმაოდ სუსტმა და გაუგებარმა მოქმედებამ შესაძლოა, წაახალისოს კიდეც ქვეყანაში ძალადობა. თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ ექსპერტთა ნაწილი ბათუმში მომხდარს უფრო დიდი და სერიოზული არეულობის რეპეტიციად მიიჩნევს, მომხდარზე ხელისუფლების რეაქციამ და შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ რა კითხვები გაგიჩნდათ ხელისუფლების მოქმედებასა თუ მომხდარზე, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარის რეაგირებაზე?
რატომ არ სჯის კანონი არეულობის მონაწილეებს მკაცრად? იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა ასეთი ადეკვატური მოქმედების და სასჯელის მომხრეა

- ხელისუფლების რეაგირებას მე ვაფასებ როგორც ადეკვატურს. მართალია, როცა აჭარის პირველი პირი ვიზიტით იმყოფება სტამბულში, არიან მეორე, მესამე და მეოთხე პირები და მათი როლი უფრო ეფექტური და უფრო რეალური უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში რეგიონებს, როგორც ავტონომიას, ისე ნებისმიერ სხვა მხარეს, თბილისის მოიმედეობა არას არგებს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია, სხვადასხვა სცენარები მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაწერილი, ეს ერთი.
მეორე – კიდევ ერთხელ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას ახალ რეალიებს მსოფლიოში - ტრამპის ეფექტს, რომელმაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარება შესაძლებელი გახადა, დიპლომატიურ ომს თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რუსეთისა და თურქეთის დაახლოებას, ირანის მყარი და თანდათანობითი შემოსვლას საერთაშორისო არენაზე, სირიის კრიზისს, 2,7 მილიონ სირიელ დევნილს ჩვენს მეზობელ თურქეთში, ,,ისლამური სახელმწიფოს“, ქურთების ფაქტორს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დროდადრო მინავლებულ ომს, ქართული ტერიტორიების 20%–ის ოკუპირებას რუსეთის მიერ, საუბარს ნატოს საწვრთნელ ცენტრზე საქართველოში და ამერიკის საზღვაო ძალების შესაძლო მუდმივი ბაზირების პერსპექტივაზე ჩვენი შავი ზღვის სანაპიროზე და ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის თურქეთის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში და აჭარაში...
მხოლოდ ამის შემდეგ, ამის გააზრების კვალობაზე უნდა ვისუბროთ საიდან გაჩნდა აგრესიული ბრბო ბათუმის ქუჩებში. რა თქმა უნდა, გარკვეული ძალა იდგა ამის უკან. ეს ძალა ქვეყნის შიგნითაც არის და ქვეყნის გარეთაც. ეს ძალა ამზადებდა მასობრივ ამბოხს და მღელვარებას, მაგრამ უკმაყოფილების მუხტი საზოგადოების ერთ ნაწილში იმდენად დიდი იყო, რომ ოპერატიულად მოუხდათ გადაწყობა, სტრატეგიის და ტაქტიკის შეცვლა, რამაც უხეში შეცდომები დააშვებინა. ადეკვატურად იმოქმედა არა მარტო ჩვენმა ხელისუფლებამ, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურმა კორპუსმაც. ამის შედეგს მე ვხედავ მეორე დღეს 6 საათზე დანიშნული ,,ნაციონალების“ მიტინგის გადადებაში და აქციის მონაწილის, ხელისუფლებისადმი ულტიმატუმების ავტორის ჩხვირკიას ოპერატიულ გარიცხვაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ჩვენ გამოძიების გარეშე არც ერთ პიროვნებას და პარტიას არ უნდა დავაბრალოთ ამ ამბოხების ორგანიზების მცდელობა, მაგრამ გულახდილები თუ ვიქნებით, ოპოზიციურ ფლანგზე ამ მასშტაბის აქციების ორგანიზება მხოლოდ ,,ერთიან ნაცმოძრაობას“ შეუძლია.
მეჩვენება, რომ დღევანდელი ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების შესაძლებლობებსმორჩეს

მე მეჩვენება, რომ დღევანდელი ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების შესაძლებლობებს. მას ისევ აქვს საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის გავლენიანი წრეებიდან, არის რუსეთთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე. თუმცა, არც რუსეთში აკლია მხარდამჭერები, აქვს სერიოზული ფინანსური რესურსი და საკმაოდ კოორდინირებული ლეგალური და არალეგალური ქსელი საქართველოში, როგორც ღია, ისე ფარული მხარდამჭერები ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში,
- ვიდრე სხვა, ასევე მნიშვნელოვან თემებს შევეხებით, ალბათ აჯობებს ცენტრალური ხელისუფლების აჭარულ პოლიტიკაზე გავაგრძელოთ საუბარი. ცხადია, რომ აჭარაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ბევრად არ განსხვავდება სხვა რეგიონებში არსებული ვითარებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბათუმსა და აჭარაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, სოციალური ბუნტის ნიშნებით მოქალაქეთა აქტიურობა სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. თქვენი დაკვირვებით, რა რეალური პრობლემებია დღეს ბათუმსა და აჭარაში და რა თავისებურებები აქვთ მათ?
- ისევ მინდა ამ ქვეყნის ყველა მოკეთე გავაფრთხილო – აჭარა რთული და ფაქიზი თემაა. პრობლემის ისტორიულ ასპექტზე ცოტა რამ აღვნიშნე, შორს ჩვენგან კუთხურობის მავნე და პრიმიტიული ბაცილა, მაგრამ პოლიტიკა რეგიონთან მიმართებაში აშკარად შესაცვლელია.
დღეს აჭარის მოსახლეობა გარკვეული თვალსაზრისით სამ დაახლოებით თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი მესამედი მუსლიმური მრწამსის აღმსარებელია, მეორე ნაწილია ღვთის და უწმინდესის ნებით გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც წინაპართა სარწმუნოებას დაუბრუნდა და ერთი ამდენივე აჭარის საქართველოსთან შემოერთების შემდგომ პერიოდში აქ გადმოსახლებული გურულები, იმერლები, მეგრელები და ასე შემდეგ. არანაირი გამიჯვნა მათ შორის არ არსებობს.
ამის დასტურია სხვადასხვა აღმსარებლობის პირების მიერ შექმნილი უამრავი ოჯახი, გულმხურვალე და მეგობრული დამოკიდებულება ადამიანებს შორის. აჭარაში არ არსებობს არანაირი ნიადაგი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, არ არსებობს რომელიმე უცხო სახელმწიფოს დასაყრდენი ანტიქართული ქმედებებისთვის. თუმცა, ამ ხალხთან სადღეგრძელოების ტონით ლაპარაკი უნდა მორჩეს. ვიღაცას ჰგონია, რომ აჭარლებს სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ისინი ქართველები არიან. არ გირჩევთ. არც იმათ ვურჩევ ფანტაზიების დაძაბვას, ვისაც გარკვეული პრობლემები აჭარაში ეთნიკური საფანელის მქონე ჰგონია.
აჭარაში არ არსებობს არანაირი ნიადაგი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, არ არსებობს რომელიმე უცხო სახელმწიფოს დასაყრდენი ანტიქართული ქმედებებისთვის. თუმცა, ამ ხალხთან სადღეგრძელოების ტონით ლაპარაკი უნდა მორჩეს

ბოლოს და ბოლოს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქართველი ერის – ეთნოსის ცალკეული თემებია (პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის განმარტებით): აჭარლები, გურულები, ჩაღმათუშები, წოვათუშები, იმერლები, ჰერები (ინგილოები), სამცხელები, შავშელები, მეგრელები, ლაზები, სვანები, კახელები, რაჭველები და ასე შემდეგ. თუმცა, ეს საკითხი საკვლევად დავუტოვოთ შესაბამისი პროფილის მეცნიერებს.
აჭარაში უმწვავესია სოციალური პრობლემები, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში. აჭარას აწუხებს ეკომიგრანტების პრობლემა, უმუშევრობა, ,,ბულვარის ეკონომიკა“ სამ სანაპირო ქუჩას არ სცდება, ქობულეთში კი ”კოიკების ეკონომიკა” კი მხოლოდ სამი თვე გრძელდება. ბულვარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული ლამაზი შენობა-ნაგებობები კი სანახევროდაც არ არის ხშირად დატვირთული. ჩაის პლანტაციები ამორტიზებული და გავერანებულია, ციტრუსის ბაღები დაუმუშავებელი და ჯაგებად ქცეული.
თითქოსდა ადგილობრივი ხელისუფლება ახალი პლანტაციების, ახალი ჯიშების დანერგვას ცდილობს – ლურჯი მოცვი, თხილი და ასე შემდეგ. მაგრამ გლეხური ფუძე მოიშალა – საკარმიდამო ნაკვეთზე მოყვანილი მანდარინი და ფორთოხალი აჭარელ გლეხს წლიდან–წლამდე თავის გასატანად არ ჰყოფნის, ამიტომ აღარც ამუშავებენ. აზრი დაკარგა ფრინველის და საქონლის მოშენებამ – ძვირი ჯდება, საძოვრებიც აღარ არის. ამიტომ, თანდათან იცლება აჭარის სოფლები. ზოგი რა და ზოგიც რა მიზეზით. არის ჯგუფი, რომელსაც ციტრუსის პლანტაციების რეაბილიტაციის და ახალ ბაზრებზე ბრენდის შექმნის იდეა აქვს. ოპონენტები ხელისუფლებიდან არსებულ ციტრუსის პლანტაციებს უპერსპექტივოდ მიიჩნევენ და ახლის გაშენებას აპირებენ კოოპერატივების მეშვეობით.
ამასობაში, ხალხი მშიერი და უპერსპექტივოა. ნაწილი უცხოელებზე მიწის გაყიდვის დაკანონებას ელის, რათა მამაპაპისეული სახლ-კარი სარფიანად გაყიდოს და სხვაგან გადასახლდეს უკეთესი მომავლის საძებნელად. არადა, აჭარა ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრების დონის მიხედვით ერთ–ერთ წამყვან ადგილზე იყო. აქედანაა მოსახლეობის ნაწილის ნოსტალგია წარსულისა და რუსეთის მიმართ. მოკლედ, თქვენი თითოეული კითხვა იმდენ კონკრეტულ თემას მოიცავს, რომ მათზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება.
- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომ დაიძლიოს ის პრობლემები რაზეც თქვენ საუბრობთ და თუნდაც უახლოეს მომავალში გამოირიცხოს იმ ტიპის გაუგებრობები, რომლებიც 11-12 მარტის მოვლენებისას შეუმჩნეველი არავის დარჩენია?
- ცენტრალურმა ხელისუფლებამ უფრო გასაგები უნდა გახადოს ხალხისთვის, რას აპირებს, რას აკეთებს, როგორია მისი ეკონომიკური პოლიტიკა. ხელისუფლება უფრო ახლოს უნდა მივიდეს ხალხთან. აჭარლები უაღრესად მშრომელი, კანონმორჩილი და მოამაგე ადამიანები არიან, უბრალოდ, მათთან ურთიერთობაა საჭირო. საუბარი, გვერდით დგომა. ასეთია მოსახლეობის როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმანური ნაწილი.
რელიგიური გამყოფი ხაზი დღემდე არ არსებობს, ჰოდა ჩვენც ნუ შევქმნით. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ აჭარელ მუსლიმანებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც ისინი იცნობენ, რომლებსაც ისინი ენდობიან.
საერთოდ, მთელ მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგის ორგანიზებაა საჭირო. თუმცა, ბათუმის არეულობების თაობაზე საზოგადოების პოზიცია მარწმუნებს, რომ არავინაა მოწადინებული პრობლემის არსში გაერკვეს, რაც მომავალში უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანი არეულობების მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ბათუმის არეულობების თაობაზე საზოგადოების პოზიცია მარწმუნებს, რომ არავინაა მოწადინებული პრობლემის არსში გაერკვეს, რაც მომავალში უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანი არეულობების მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

- საკონსტიტუციო თემებზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ერთმანეთის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის არა თუ თანამშრომლობის რეჟიმი არ არსებობს, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემაც კია. გასაგებია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტისა და მმართველი გუნდის მისაღებია და ეს პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ გაუგებარია, თავიდანვე რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა ამ პროცესში პრეზიდენტი სრულფასოვნად ყოფილიყო ჩართული. თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო თემებზე სახელისუფლებო შტოებს შორის იწილო-ბიწილოს? თქვენი აზრით, რატომ ცდილობს მმართველი გუნდი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები მაქსიმალურად იყოს შეკვეცილი?
- საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე მიეთ–მოეთი მაგონებს ყრუთა დიალოგს ბრმებთან. გაუგებარია, რომელი მხარე რაზე საუბრობს და რას ისახავს მიზნად. პრეზიდენტმა რეგიონებში განხილვები დაიწყო მაშინ, როცა ცვლილებების პროექტი არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში თავისუფალ თემაზე საუბარი, ყველა შემთხვევაში, უსაგნო იქნება.
პრეზიდენტი სახელისუფლო შტო არ არის, ის უფრორე მედიატორია, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი მთავარსარდალია და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ინსტიტუციურად უცნაური ჰიბრიდის ნაწილია, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული უცნაური საკონსტიტუციო მოცემულობა ითვალისწინებს.
არის საკითხები, რომლებზეც ხალხს, მოქალაქეებს, მხოლოდ მზამზარეული და დამთავრებული პროექტის სახით უნდა შევთავაზოთ დოკუმენტი მოსაწონებლად ან უარსაყოფად. საუბარი მოქალაქეებთან იმის თაობაზე, თუ რომელი საკონსტიტუციო მოდელი სჯობს ან მაღალი უნდა იყოს გადასახადები თუ დაბალი, არაფრის მომცემია.
კიდევ უფრო სასაცილოა, როცა ადამიანებს ეკითხებიან რომელიმე ტელევიზიით ინტერაქტივისას: პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული თუ დანიშნული. ყველა ჭკუათმყოფელი უნდა ამბობდეს რომ, რა თქმა უნდა, არჩევითი, მაგრამ აქ იკარგება მთავარი – რომელ საკონსტიტუციო მოცემულობაში, საპარლამენტო მმართველობის პირობებში. რა საჭიროა არჩევითი პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები არ აქვს და მხოლოდ ცერემონიალური საკითხებით შემოიფარგლება.
ჯერ კონსტიტუციონალისტებმა უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკოსებთან მოთათბირებით მმართველობის რომელი მოდელია საქართველოსთვის უფრო მისაღები და მერე მთავარი პრინციპების გამოკვეთით შევთავაზოთ მოსახლეობას შესაფასებლად და აზრის გამოსათქმელად, თუნდაც რეფერენდუმის გზით

ამიტომ, ჯერ კონსტიტუციონალისტებმა უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკოსებთან მოთათბირებით, მმართველობის რომელი მოდელია საქართველოსთვის უფრო მისაღები და მერე მთავარი პრინციპების გამოკვეთით შევთავაზოთ მოსახლეობას შესაფასებლად და აზრის გამოსათქმელად, თუნდაც რეფერენდუმის გზით.
- თქვენი დაკვირვებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მეტად ლოიალური რომ ყოფილიყო, მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხებზე ასე აქტიურად იმუშავებდა? ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია იმაში, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს და სწორედ მას უკვეცავენ უფლებამოსილებებს...
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შესაძლოა მმართველი გუნდი ასე აქტიური არ ყოფილიყო. ან სულაც საერთოდ არ დაესვა ეს საკიხი. მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა, პოლიტიკოსები ადამიანები არიან, ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირდებიან, ზოგჯერ მათი გზები იყრება.
თქვენ გემახსოვრებათ პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება პოლონეთში ამ რამდენიმე წლის წინ, ავიაკატასტროფაში დაღუპულ ლეხ კაჩინსკისა და მაშინდელ პრემიერ დონალდ დუსკს შორის, რასაც პოლონეთის სახელმწიფოსთვის ბევრი უხერხულობა შეუქმნია, მაგრამ რას ვიზამთ, დემოკრატიას აქვს თავისი ნაკლი და თავისებურებები.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მეც ვფიქრობ, რომ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ გაიმართა, მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, ჩემი აზრით, მარგველაშვილს თავის გარშემო კარგი გუნდი ჰყავს შემოკრებილი და უფრო გონივრული იქნება მის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება. მითუმეტეს მაშინ, როცა ეგრეთწოდებულ პროდასავლურ ფლანგზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტია თითქმის არ არის.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ არჩევნების შემდეგ საკმაოდ დაჩქარებული ტემპებით ვითარდება პროცესები პოლიტიკურ ასპარეზზე. ფაქტია ისიც, რომ ჩვენში პოლიტიკური პროცესი ძირითადად მაინც მმართველ გუნდსა და ”ნაცმოძრაობასა” და ”ევროპელ დემოკრატებს” შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ბრძანეთ - „ოცნება „და „ნაციონალები“ ერთმანეთის უხეშ შეცდომას ელოდებიან, რომ ინიციატივა ხელთ იგდონ და წინ გაიჭრან”. თქვენი აზრით, უკანასკნელ პერიოდში რა შეცდომები დაუშვა ერთი მხრივ ხელისუფლებამ, ხოლო მეორე მხრივ მისმა ოპონენტებმა? და კიდევ, თქვენი აზრით, დღეის მონაცემებით ვის უფრო მეტად აქვს ხელთ ინიციატივა და პოლიტიკური თვალსაზრისით ვისი პოზიციაა უფრო კომფორტული?
- პოლიტიკური პროცესი ჩვენთან ჩიხშია. ფაქტობრივად ის დაყვანილია ერთი მხრივ ”ქართულ ოცნებასა” და მეორე მხრივ ”ერთიან ნაციმოძრაობას” შორის უაზრობამდე მისულ დაპირისპირებამდე. მომიტევოს ”ნაციონალებიდან“ წარმოშობილი პარტიების ყველა პოლიტიკოსმა, მაგრამ მგონია, რომ ისინი ყველანი შეთანხმებულ თამაშს, სპექტაკლს თამაშობენ, რომელიც ზოგჯერ აბსურდის თეატრს მოგაგონებთ თავისი გოდოს მოლოდინით.
ყველაფერი, ყველა ნაბიჯი მე მაინც ორ მთავარ აქტორთან შეთანხმებული მგონია, ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის ორი მსოფლმხედველობა, ორი მიდგომა, ორი სტრატეგია, ორი ტაქტიკა, ორი ფული დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე.
დანარჩენი პარტიები და მათი ლიდერები, საინტერესო იდეებით, ხედვებით, ხალხის სიმპათია–ანტიპატიით მაინც მეორე პლანის როლებს ასრულებენ. მე არ მჯერა, რომ ეგრეთწოდებული კვალიფიციური სუბიექტები სახელმწიფო დაფინანსებით ისეთ პოლიტიკურ ძალას შექმნიან, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება.
პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო კომფორტული ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, იგი არცთუ გამჭრიახი პოლიტიკოსების მეშვეობით სიტუაციას სრულად აკონტროლებს

თუმცა, პოპულიზმის ეპოქაში არაფერია გამორიცხული. უხეში შეცდომა ,,ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში კინაღამ დაუშვა, მაგრამ გადარჩა. ექსცესები რომ გაგრძელებულიყო, სამართალდამცავები პროვოკაციას რომ წამოგებოდნენ, რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები რომ გამართულიყო ხოლო თბილისში მთავრობის სახლთან ღამე 20 ათასი კაცი მოვარდნილიყო, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
მაგრამ, არ უნდა დაავიწყდეთ ოპოზიციის ლიდერებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აზარტული და ვირტუოზი მოთამაშეა. თუმცა, შეცდომებს ვირტუოზებიც უშვებენ და ასეთად მე მიმაჩნია კონკურენციის ჩაკვლა, ერთფეროვანი ტელესივრცის და მედიაგარემოს შექმნის მცდელობა, საზოგადოებასთან უკუკავშირის დაკარგვა, სამოქალაქო სექტორთან და ექსპერტ–ანალიტიკოსებთან კონტაქტის გაწყვეტა და მათი არენიდან გარიდების სურვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის იგნორირება, ხელისუფლების გეგმების ბუნდოვანი ხასიათი და რეფორმებისათვის საზოგადოების მხარდაჭერის არარსებობა.
ხარვეზი და ნაკლი უამრავია, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო კომფორტული ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, იგი არცთუ გამჭრიახი პოლიტიკოსების მეშვეობით სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ახლა იგი ევროკავშირსა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას შორის, ტრამპსა და პუტინს შორის, ურთიერთობების უმძიმეს ლაბირინთში გარკვევას და სარგებლის მიღებას შეეცდება. ვნახოთ რა გამოუვა, ეს მისი თამაშია, მაგრამ ბეწვის ხიდზე გავლაც იმავდროულად.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების