არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4839
EUR
1 EUR
2.9223
RUB
100 RUB
4.3318
18-10-2017
სოსო ცინცაძე - პუტინი თბილისს გზავნილებით მეთოდურად ბომბავს
09:55 20-03-2017
სოსო ცინცაძე - პუტინი თბილისს გზავნილებით მეთოდურად ბომბავს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პროფესორ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში იქნენ შეყვანილი. მისივე განკარგულებით სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, რუსეთის გმირი, გენერალ-ლეინტენანტი მიხეილ ტეპლინსკი დაინიშნა. გარდა ამისა, რუსეთმა გუდაუთის სამხედრო ბაზაზე C-300-ის შეყვანა. C -300-ის ტიპის სამხედრო ტექნიკა აფხაზეთში მანამდეც იყო შეყვანილი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა კრემლი ოკუპირებული აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორაიზე თავის სამხედრო ბაზებს კიდევ უფრო აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი იმედს გამოვთქვამს, რომ ”ანკარასთან მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა და კოოპერაცია წაადგება მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში”... თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის გააქტიურება? ამ ნაბიჯებით კრემლი თბილისისათვის რის დემონსტრირებას ცდილობს?
- რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, საქმე მიდის იქამდე, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიერთებს. ჩვენთან 2008 წლის შემდეგ, პრეზიდენტიც კი და ბევრი სხვა კისინჯერის თავდაჯერებით ამბობდა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა, ვინაიდან მას თავად ჰქონდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის პრობლემები, მაგრამ აღიარა. დღესაც ბევრი გამორიცხავს, რომ რუსეთი მიიერთებს სამხრეთ ოსეთს.
პუტინმა ყირიმით დაამტკიცა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, მისთვის პოლიტიკური თუ მორალური ბარიერები არ არსებობს და თავად რასაც საჭიროდ ჩათვლის, იმას გააკეთებს. გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის მისაერთებლად. პუტინი ოფიციალურ თბილისს მეთოდურად ბომბავს პოლიტიკური გზავნილებით. როგორც ჩანს, იგი ჩვენ გვატყობინებს შემდეგს - ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
დღეს, ისევე როგორც აშშ-სთან მიმართებაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაშიც პუტინი იმედგაცრუებულია. ეტყობა, არ გამართლდა მისი მოლოდინები. არა მაქვს არავითარი ინფორმაცია ვამტკიცო, რამდენად რეალური იყო ეს მოლოდინები. ან რას ეფუძნებოდა ეს მოლოდინები

არ ვიცი, რისი იმედები ჰქონდა პუტინს საქართველოსთან მიმართებაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რა ედო საფუძვლად ჩვენი პოლიტიკოსების კურსსა და განცხადებებს, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით... ამ განცხადებების მეორე ნაწილი არანაირ დიპლომატიურ ფორმულაში არ ჯდებოდა -მხედველობაში მაქვს თეზისი ”საქართველო არ უნდა იქცეს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების პრობლემურ საკითხად”.
ეს თეზისი საერთოდ ამოვარდნილი იყო დიპლომატიური კონსტრუქციიდან და თარგიდან. თუ შენ აცხადებ, რომ რუსეთი შენი ოკუპანტია, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვარაუდობ დასავლეთის მხარდაჭერით, ამ დროს თუ დასავლეთი და რუსეთი შეხმატკბილდნენ, მაშინ როგორღა აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა? მაშინ გამოდის, რომ დასავლეთმა რუსეთიც უნდა გადაიბიროს თავის მხარეზე, რაც წარმოუდგენელია.
ერთი რამ ფაქტია, დღეს ისევე როგორც აშშ-სთან მიმართებაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაშიც პუტინი იმედგაცრუებულია. ეტყობა, არ გამართლდა მისი მოლოდინები. მე არა მაქვს არავითარი ინფორმაცია ვამტკიცო, რამდენად რეალური იყო ეს მოლოდინები. ან რას ეფუძნებოდა ეს მოლოდინები. ტრამპი პუტინის მიმართ პოზიციებს არ მალავდა. ჩვენგან კი რა იყო - ჩვენგან იყო მხოლოდ საუბარი ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, მაგრამ აქ მთავარი იყო ის, რომ ურთიერთობების ნორმალიზაციას არ შეწირვოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესები, ანუ წითელი ხაზები არ დაგვერღვია.
- თქვენი აზრით, როგორ აღიქვამს პუტინის გზავნილებს საქართველოს ხელისუფლება?
- სიმართლე რომ გითხრათ, მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი და დღესაც ვარ, რომ რუსეთთან გაბუტვას მასთან ლაპარაკი სჯობია. ვინაიდან, არასოდეს არ არის გვიან საუბარი. დიალოგი მაშინაც სასარგებლოა, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ტყუილად კი არ წერს რიშელიე თავის პოლიტიკურ ანდერძში - უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებაც კი კარგია იმიტომ, რომ შენ უკეთესად გებულობ შენივე მოწინააღმდეგის სურვილებს.
ტყუილად კი არ წერს რიშელიე თავის პოლიტიკურ ანდერძში - უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებიც კი კარგია იმიტომ, რომ შენ უკეთესად გებულობ შენივე მოწინააღმდეგის სურვილებს

დღეს ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა უნდა რუსეთს. თეორიულად ვიცით, რომ საქართველო დასავლეთისკენ არ წავიდეს, მისი გავლენის სფეროში დარჩეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ ვითარებაში არსებობს ფართო სპექტრი, დაწყებული იმით, თუ რა მდგომარეობაში სომხეთი და დამთავრებული თუ გნებავთ კომუნისტების დროინდელი ”ფინლანდიზაციით”. ხედავთ რა ფართო სპექტრია?
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში ბოლო ორი თვეა ისეთი აქტიურია, რომ „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების პირველი პირების საგარეო აქტიურობის ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და განაცხადა მზაობა ამ მიზნით ნატომ გამოიყენოს ჩვენი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინსფრასტრუქტურა. ამა წლის მაისში დაიგეგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა. ფაქტია, რომ მოსკოვი თბილისის საგარეოპოლიტიკურ აქტივობებსა და დასავლეთისა თუ ნატოს ნაბიჯებზე რეაგირებს. ვითარებაში, როცა ვაშინგტონსა და მოსკოვს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ჯერ გარკვეული აშკარად არაა, რამდენად სახიფათოა ჩვენი უსაფრთხოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისა და ნატოს პრაქტიკულად ორ ნაბიჯში ყოფნა?
- პოლიტიკაში, დიპლომატიაში, მთავარია შედეგები და არა ვთქვათ ცალკეული გადადგმული ნაბიჯები. შედეგზე გათვლილი კურსია საჭირო. ჩემთვის, რასაკვირველია, ნატოს წევრობა იდეალური არჩევანია. მაგრამ, ამავე დროს, მე როგორც რეალისტი და საქმეში ჩახედული ადამიანი ვხედავ იმას, რომ ნატოში ჩვენი მიღება, შესაძლოა, დროში საკმაოდ ხანგძლივად გაიჭიმოს. ჩვენ ცაიტნოტში ვართ. ცაიტნოტში დიდხანს ყოფნა რისკის შემცველია. ცაიტნოტი იმიტომაა ცაიტნოტი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნით არ შეიძლება.
ჩვენ ცაიტნოტში ვართ. ცაიტნოტში დიდხანს ყოფნა რისკის შემცველია. ცაიტნოტი იმიტომაა ცაიტნოტი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნით არ შეიძლება

ამ თვალსაზრისით, იგივე ჩერნოგორიის მაგალითი ჩვენთვის საკმაოდ ცუდია. მიკვირს იმათი, ვინც აცხადებს, რომ ჩერნოგორიას ნატოში ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. ამ დროს, ჩერნოგორიის ნატოს წევრობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ 24 ქვეყნის პარლამენტს აქვს რატიფიცირებული. ამ საკითხზე თავისი საბოლო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს აშშ-ს, ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და კანადის საკანონმდებლო ორგანოებს.
სულ ახლახან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სადღაც ლიფტთან დაიჭირა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პენსი და პირდაპირ უთხრა - რას გვიშვებით? ამ საკითხზე ჩვენ რეფერენდუმიც ჩავატარეთ, რუსეთი შეთქმულებას გვიწყობს, ერთხელ კი გადავრჩით, მაგრამ თქვენს კონგრესში როდის განიხილავთ ჩვენს საკითხსო? პენსის პასუხი ასეთი იყო - უახლოეს მომავალში ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვა არ იგეგმება. ჩერნოგორია თან არის ნატოში, თან არც არის. ჩერნოგორიის წინააღმდეგ ვინმემ აგრესია რომ განახორციელოს, რუსეთი ხელებს გაშლის და იტყვის - ჩერნოგორია ჯერ არ არის ნატოს წევრი.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს ირგვლივ მოვლენათა განვითარების დინამიკა იმგვარია, რომ საქართველოსთვის საფრთხეები აშკარად გაზრდილია, საფრთხე რეალური და დიდია. მხედველობა მაქვს არა მხოლოდ თურქეთის მოქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არ გაგვიმართლა, ვინაიდან ისტორიის ეს მონაკვეთი, როცა ჩვენ მართლაც ცაიტნოტში აღმოვჩდით, დაემთხვა ევროპის ძალზე მწვავე კრიზისს და აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტებას.
ჩვენს ირგვლივ მოვლენათა განვითარების დინამიკა იმგვარია, რომ საქართველოსთვის საფრთხეები აშკარად გაზრდილია, საფრთხე რეალური და დიდია

ჩვენ ძალიან ბევრი დრო გავფლანგეთ. ნატოში გაწევრიანების შანსები ჩვენ გვქონდა კლინტონისა და ბუში უმცროსის პირველ ვადაში პრეზიდენტობის დროს. მაშინ, რუსეთი ჯერ კიდევ ელცინის დროში იყო და მაშინ მას პრაქტიკულად ანგარიშს არავინ არ უწევდა. ჩვენ მაშინ დრო შიდა კონფლიქტებს მოვანდომეთ და ბევრი დრო დავკარგეთ.
- თურქეთის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ან დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული კონსენსუსია საქართველოსა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თაობაზე, ან რუსეთი მოცდის რეჟიმშია. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი მის გამოყენებას არ შეეცდება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- არა მგონია, რომ საქართველოს თემაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის რაიმე კონსენსუსი იყოს მიღწეული. კონსენსუსს სჭირდება ურთიერთნდობის გარკვეული დონე, დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ნდობა საერთოდ არ არსებობს. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინტერესების უსიტყვო დროებით დამთხვევებს საქართველოსთან მიმართებაში. ეს ისეთივე დროებითი შეიძლება იყოს, როგორც ახლა რუსეთ-თურქეთის დროებითი ფლირტია. მაგრამ, ხანგრძლივ ჭვრეტაში, თანაც თუ გავითვალისწინებთ ტენდენციას, ამგვარ კონსენსუსზე საუბარი უადგილოც კია.
კი, ტრამპი მოვიდა სულ სხვა რიტორიკით, მაგრამ ტრამპის მიერ გაეროში სპეციალურად შერჩეულმა ელჩმა თავის პირველსავე გამოსვლაში განაცხადა - გამორიცხულია ჩვენ როდისმე რუსეთს ვენდოთ. მაიკლ ფლინი, პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯერ გადააყენეს, ახლა კი გაირკვა, რომ მას რუსეთის ლობირებისთვის ფული აქვს აღებული ტელეკომპანია ”რაშენ თუდეიდან”. არ არის გამორიცხული, რომ მან ამის გამო ციხეშიც კი ამოჰყოს თავი.
არა მგონია რომ საქართველოს თემაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის რაიმე კონსენსუსი იყოს მიღწეული. კონსენსუსს სჭირდება ურთიერთნდობის გარკვეული დონე. დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ნდობა საერთოდ არ არსებობს

რაც შეეხება იმას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ შექმნილ სიტუაციას. როგორადაც არ უნდა იყოს, არსებული ვითარება სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ რუსეთთან მთელი სიცოცხლე გაბუტული პოზიცია უნდა გვქონდეს.
- ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში თურქეთი და რუსეთი უცნაური თანამშრომლობის რეჟიმს ინარჩუნებენ. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი საშინაო საქმეებში ძალიან ემსაგავსება მის რუს კოლეგას. მსგავსება მათ შორის სულ უფრო ხელშესახები ხდება საერთაშორისო ურთიერთობებშიც. თუ ევროპაში მიგრანტების კანონსაწინააღმდეგო აქტიურობას რიგი ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურები რუსეთს აბრალებდნენ, ახლა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპულ ქვეყნებს ემიგრანტების ხელით არეულობების მოწყობაში ღიად ემუქრება. გასაგებია, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი საგარეო ასპარეზზე ქცევით უფრო რუსეთთანაა თანხვედრაში, ვიდრე ბრიუსელთან ანაც ვაშინგტონთან. მოსკოვი-ანკარის დაახლოების ფონზე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ანკარამ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში დასავლეთისაგან, ანაც ვაშინგტონისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს?
- ანკარა დღეს უკვე ატარებს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას. მე ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ცუდი სიტყვებით იხსენიებს 50-იანი წლების თურქეთის ლიდერებს, რომლებმაც თურქეთი ნატოში შეიყვანეს.
გარდა ამისა, ერდოღანის მმართველობის პერიოდში ანკარა უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას არ მიიღებენ ევროკავშირში, რომ მას მთელი 40-50 წელი მას აბრიყვებდნენ და ატყუებდნენ. ერთი ხელით არწმუნებდნენ, რომ თითქმის ევროკავშირის წევრია, მაგრამ მეორე ხელით კი არ იღებდნენ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი აცხადებდა, რომ თურქეთი აზიაა და ევროპაში არ უნდა მივიღოთო. დაახლოებით იგივე ხდება ახლაც. ამიტომ, როგორც ჩანს, ანკარამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ევროკავშირზე.
ანკარა დღეს უკვე ატარებს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას...თურქეთმა რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ ის მზადა ნატოსთან შეუთანხმებლადაც იმოქმედოს

რაც შეეხება ნატოს, შინაგან, იმანენტურად არსებულ აგრესიად უნდა ჩაითვალოს ერდოღანის დამოკიდებულება თურქეთის სამხედროების მიმართ. მე მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ზაფხულის შეთქმულება. ერდოღანმა თურქეთის გენერლებისა და სამხედრო ელიტის წმენდა ხუთჯერ ჩაატარა. რატომ? იმიტომ, რომ თურქეთის გენერალიტეტი თურქეთში ნატოს დასაყრდენია. ყოველ შემთხვევაში ადრე იყო. თურქეთის სამხედრო ელიტა ეს არის ნატო თავის შეიარაღებით, სტანდარტებით, სამხედრო წესებით.
მეორე მხრივ, თურქეთმა რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ ის მზადა ნატოსთან შეუთანხმებლადაც იმოქმედოს. იგივე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება, შემდეგ ერდოღანის ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები იმაზე, რომ მას უთხრეს - არ გაბედო რუსეთთან დაპირისპირება, თუ მასთან ომს დაიწყებ, ჩვენი იმედი არ უნდა გქონდეს. ბრიუსელმა თავის პოზიციას მოუძებნა ფორმულა - რადგან რუსეთი შენ არ გესხმის თავს, შენ აგრესიის მსხვერპლი ვერ იქნები. ფაქტია, რომ თურქეთი ნატოზეც იმედაგცრუებულია.
- ასეთ ვითარებაში თურქეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ერთობლივად ხომ არ იმოქმედებენ?
- გამორიცხულია. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად შეუთავსებელია. არა მარტო სრუტეების გამო, შავ ზღვაში დომინირებაზე პრეტენზიის გამო. როცა აცხადებენ, რომ ერდოღანმა შესაძლოა ჯარები ბათუმში შემოიყვანოს, ზღაპარია ეს ყველაფერი. პუტინი და პუტინის შემდგომი არც ერთი რუსეთის მმართველი არ დაუშვებს ნატოს შემოშვებას შავ ზღვაში, თურქეთი კი, ასე თუ ისე, მაინც ნატოს წევრია. პუტინმა ყირიმის ანექსია სევასტოპოლისა და ყირიმში სამხედრო-საზღვაო ბაზების გამო მოახდინა.
სხვათა შორის, ბათუმი თავისი ბუნებრივი მონაცემებით სევასტოპოლზე უფრო სტრატეგიულია. ამას წინათ წავაწყდი მასალას - 1878 წელს ბერლინის კონგრესზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე გორჩაკოვის მოხსენებით ბარათს იმპერატორ ალექსანდრე მეორისათვის. იგი მასში აღწერს აღწერს ბათუმის ბუნებრივ მონაცემებს და საუბრობს ბათუმის პორტის უპირატესობებზე სევასტოპოლთან მიმართებაში. მაშინ ალბათ ასეც იყო, ვინაიდან რუსეთ-თურქეთის ყირიმის ომი ახალი დასრულებული იყო და სევასტოპოლი იმხანად გაპარტახებული ყოფილა ყველა თვალსაზრისით. გორჩაკოვი ბერლინის კონფერენციის უდიდეს მიღწევად მიიჩნევდა იმას, რომ მასზე რუსეთმა ბათუმზე კონტროლი დაიბრუნა.
- ახლა როცა ნატოს აქვს გეგმები შავ ზღვაში გააქტიურების თაობაზე, რომელშიც საქართველოც უნდა ჩაერთოს, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ შავი ზღვა აღმოჩნდეს ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არენად?
- პოტენციურად კი. თურქეთს ჩვენ რეგიონში ჰყავს ყველაზე დიდი არმია თავისი შეიარაღებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები ტყვია-წამლიდან დაწყებული, ფეხსაცმელებით, წინდებითა და ჯარისკაცებით დამთავრებული ნატოს სტანდარტებით მოქმედი და ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული არმიაა. თურქეთმა უცებ რომ თქვას, ნატო აღარ მინდა, ცოტა ხანში თურქეთი იარაღის გარეშე დარჩება. თურქეთს იარაღს მისი ისტორიული მოწინააღმდეგე რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ მიაწვდის.
რუსეთსა და თურქეთს შორის პოტენციური წინააღმდეგობები ქართული დიპლომატიისთვის შანს იძლევა, მაგრამ არა იმ დიპლომატიისთვის, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს

შავი ზღვა ძალიან პატარაა იმისათვის, რომ აქ ორი ქვეყნის საზღვაო ძალა იყოს გაბატონებული. დომინანტი ან ერთი უნდა იყოს ან მეორე. ორი ქვეყნის ძლევამოსილი სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში ვერ დაეტევა.
რუსეთსა და თურქეთს შორის პოტენციური წინააღმდეგობები ქართული დიპლომატიისთვის შანს იძლევა, მაგრამ არა იმ დიპლომატიისთვის, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს.
- ერთი კითხვა საშინაო პოლიტიკაზეც მინდა გკითხოთ. მოგეხსენებათ, ახლა აქტუალურად განიხილება ის საკითხები, რაზეც საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის ახალ რეადაქციაზე მუშაობს. უამრავ საკითხზეა კონსტიტუციურ საკითხებზე საჯარო სივრცეში კამათი, რაც კარგია. მაგრამ, ამას წინათ თქვენ პრესაში დააფიქსირეთ პოზიცია ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის შენარჩუნების შესახებ. გითხრათ სიმართლე, ვითარებაში, როცა ქვეყანაში რეალურად არ არსებობენ კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტიები, გაუგებარია საპარლამენტო რესპუბლიკაზე იმ ტიპის მსჯელობები, რასაც ვადევნებთ თვალს. თქვენ რატომ ანიჭებთ უპირატესობას საქართველოსთვის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს?
- მე ჩვენთვის შედარებით იდეალურად ვთვლი მმართველობის შერეულ საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელს. არც ულტრასაპრეზიდენტოს, როგორიც სააკაშვილის დროს გვქონდა და არც პრეზიდენტის ისეთი შეზღუდული უფლებამოსილებები, როგორიც დღეს გვაქვს. დაახლოებით ისეთი მოდელი იქნებოდა ჩვენთვის კარგი, როგორიც ფრანგული სისტემაა დე გოლის ზოგიერთი შესწორებებით.
ვიდრე საქართველოში ორი-სამი ძლიერი პარტია არ იქნება, რომლებიც ერთმანეთს ორჯერ მაინც შეცვლიან, მანამდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე საუბარი ნაჩქარევი მგონია.
ვიდრე საქართველოში ორი-სამი ძლიერი პარტია არ იქნება, რომლებიც ერთმანეთს ორჯერ მაინც შეცვლიან, მანამდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე საუბარი ნაჩქარევი მგონია

”ნაცმოძრაობა” მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იგი თავისი პლიუსებითა და მინუსებით არის პირველი პარტია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან არ გამქრალა. ვთვლი რომ, ეს ჩვენი ქართული დემოკრატიისთვის მიღწევაა. კარგი იქნებოდა, ”ნაციონალების” ნაცვლად გვყავდეს დემოკრატიული წარსულის მქონე პარტია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ამგვარი პარტია არ გვყავს.
რაც შეეხება მოდელს, ვიმეორებ - ისევ შერეული საპრეზიდენტო-საპარლამენტო ჯობია. იდეალური საპარტლამენტო რესპუბლიკა იქაა, სადაც სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ვგულისხმობ ნიდერლანდებს. ამ ქვეყანაში 104 წელი არ ყოფილა ერთპარტიული მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში 104 წელი არ ყოფილა არც ერთი მთავრობა, რომელიც ერთი პარტიის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ამ ქვეყანაში 104 წელია არსებობს კოალიციური მთავრობის შერჩევის, დამტკიცებისა და საქმიანობის ტრადიცია. იქ ასეა იმიტომ, რომ არჩევნებში ერთი პარტია არ არის დომინანტი. ჩვენს შემთხვევაში ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. თავის დროზე დომინანტი პარტია ჰყავდა გამსახურდიას, შემდეგ შევარდნაძეს, ახლა ივანიშვილს.
ახლა ჰოლანდიაში რუტეს პარტიამ კი გაიმარჯვა, მაგრამ იგი უკვე მართავს მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. იქ ისეთი კოალიცია კი არაა, ივანიშვილმა რომ დანიშნა კოალიციის წევრებად პარტიები. ახლა პარტიები ღამეებს ათენებენ რომ კარგი გაგებით პოლიტიკურ ვაჭრობაში, კომპრომისებსა და შეთანხმებებს მიაღწიონ. საბოლოო ჯამში, 4-5 პარტია ერთი საერთო მიზნით ერთიანდება.
ასე იქმნება და ყალიბდება პოლიტიკური კულტურა. ესე ეჩვევიან დათმობებს, კომპრომისებს, საერთო ენის გამოძენის გზებს. ისე კი არ ხდება როგორც ჩვენთანაა, ჩვენ ბევრნი ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ და ისე გადავწყვეტთ. მერე რა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უმრავლესობა შეიკრიბება და დაძლევს. ზოგმა არც იცის რას აძლევს ხმას. იმაზე კი არ ფიქრობენ, რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო?
საფრანგეთში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში არისტიდ ბრიანი 11-ჯერ იყო (უკანასკნელად 1929 წელს) საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი. ეს არ ნიშნავს რომ 11-ჯერ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები. სამთავრობო კრიზისის დროს იქმნებოდა კოალიციები. აი როგორი უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო რესპუბლიკას.
ჩვენ რომ ახლა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდეთ, ხელისუფლებაში სულ ”ქართული ოცნება” იქნება

ჩვენ რომ ახლა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდეთ ხელისუფლებაში სულ ”ქართული ოცნება” იქნება. მმართველმა გუნდმა მაჟორიტარულ სისტემას გავაუქმებთო, მაგრამ უპატრონოდ დარჩენილი ყველა ხმა გამარჯვებულს, ანუ მე მქონდესო.
- უკვე დაანონსდა, რომ 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საკონსტიტუციო საკითხებზე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირების გათვალისწინებით თქვენ რა მოლოდინი გაქვს 7 აპრილთან დაკავშირებით?
- მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციას გააჟღერებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მმართველი პარტიის პოზიციისაგან. რასაკვირველია, პრეზიდენტი არ გაუშვებს შანსს, რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ გაატაროს დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
სამწუხაროდ, ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას სოლიდურობა აკლია. მეტი სოლიდურობა მართებს თუ გნებავთ სპიკერს, რომელიც ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ჭკუაზე არ მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის შესახებ. ჩემი აზრით, უმრავლესობაში სერიოზულობის, სოლიდურობისა და საფუძვლიანობის დეფიციტია. ამას ემატება საკადრო პოლიტიკაში არსებული შეცდომები. იმას, რასაც ამ სფეროში ვხედავთ, ძნელია კადრების სელექცია უწოდო ან დაარქვა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები